Saturday, September 25, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (1 - 5)

  1. აუდი ბოდი!!!
(ეს აქაური სალამია)

უკვე მეექვსე წელია აფრიკაში ვარ, საოცარ ქალაქში, ფრიტაუნში (როგორც გინდა ისე გაიგეთ - თავილუფალ ქალაქში, გაფრენილების ქალაქში...) ვცხოვრობ და საქართველოს ინტერნეტით ვადევნებ თვალს... ასე რომ - აუდი ბოდი!

ამ რამდენიმე თვის წინ 24 საათისა და ბლოგერების ბელადმა ბ-ნმა მამუკა ფაჩუაშვილმა ფეისბუკზე (აი კიდევ ერთი საოცრება) მომწერა - ბლოგებს (ნეტა ეს ბლოგები რა არის გამაგებინა ბოლომდე?!) ვიწყებთ და იქნებ შენი აფრიკული აზრებით შემოგვიერთდეო! ამ წლების განმავლობაში იმდენი სათქმელი და მოსაყოლი დამიგროვდა, ისე მომენატრა საუბარი და ამ ყველაფრის გაზიარება, რომ სიხარულით ავიტაცე ეს აზრი. ამას წინათ ისევ შემომეხმიანა აბა სადა ხარ, ბლოგერობა რომ გინდა, ჰა ბურთი და ჰა მოედანიო. ჰოდა გავშალე ჩემი ნოუტბუკი, მოვკაკვე თითები და გავშეშდი! ესე კი არ ყოფილა ბლოგერობა!

დაგვიანება და საქმის გადადება აქაური (აფრიკული) წესია, და მე, როგორც ნამდვილი აფრიკელი მივდევ ამ ადათს... რისი გაკეთებაც შეიძლება ხვალ, რატომ უნდა გააკეთო დღეს? აქ ჩვენთან, აფრიკაში ერთი გადასარევი სიტყვაა, ყველა  კითხვაზე უნივერსალური პასუხია,  აქაურ განუმეურებელ ინგლისურზე - კრიოზე - გადასარევად ჯღერს - თუმარა!!! ანუ ხვალ, ანუ გაურკვეველ მომავალში... მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მეტი, აღმატებითი ხარისხი, განსაკუთრებით იმედიანი - ნექსტ თუმარა!!! ეს თუ გაიგეთ შეგიძლიათ დამშვიდდეთ - თქვენი საქმე აღარასოდეს გაკეთდება! ჰოდა ვიფიქრე - ხო არ ვუთხრა ბ-ნ მამუკას ჯადო სიტყვა - თუმარა!

ჩამოვედი თუ არა ვერაფრით ვერ მოვიშორე განცდა რომ ბევრი რამ ნაცნობია და ძალაუნებურად ვადარებდი ქართველებს და აფრიკელებს: მცირე სხვაობები და უამრავი საერთო!

ძალიან ვგავართ - ყალთაბანდობით, აფერისტობით, გაუნათლებლობით, უპასუხისმგებლობით, დროის შეგრძნებით, კორუმპირებულიბით ... თუ დაგვცალდა ყველაფერ ამაზე კიდევ ცალ ცალკე მინდა მოგითხოთ.

სხვაობა კი - ჩვენი აფრიკელი ძმები გაბოროტებულები არ არიან (რუსები არა ჰყავთ მეზობლად), ცხოვრება უხარიათ, სულ სიცილ კისკისით გატყუებენ... აგრესიულად არ იქცევიან და ერთმანეთს არ უბღვერენ... არც ჩვენი ამპარტავნობა აქვთ და კუდის ჩამოსადები ყავარიც ვერ უშოვნიათ...

აქ, ამ მშვენიერ მწვანე აფრიკაში ცხადად გამოჩნდა თუ როგორი ხელოვნურია აქაურებისათვის დასავლური ცივილიზაციის ბევრი წესი, ნივთი თუ სტილი. თითქოს ევროპულად აცვია, ევროპულად საუბრობს და იქცევა... მაგრამ თუ კარგად დაუკვირდები, მიხვდები რომ ეს ყველაფერი გარეგნული ფორმაა, იმიტაციაა და მის უკან ან საერთოდ შინაარსი არ არის ან კი სულ სხვა რამ აზრი დევს რომელსაც ვერ სწვდები... მივხვდი რომ ქართველებიც ზუსტად ესეთი, ცოტა მეტად დახელოვნებული ”ტინგიცები” ვართ. პროფესიონალურად ”ვაბოლებთ” ყველას და ვერა ვხვდებით, რომ საკუთარ თავს ვატყუებთ.

ინტერნეტიდან ვიცი საქართველოს ამბები. მალე საქართველოში არჩევნები იქნება. აქ სიერა ლეონეში ჩემს თვალ წინ ჩაიარა რამდენიმე არჩევნებმა... ნეტავ ვინ და რატომ გადაწყვიტა რომ ან საქართველოში, ან სიერა ლეონეში არჩევნები უნდა ჩატარდეს და საერთოთ ასეთი ქვეყნებისათვის დემოკრატიაა საჭირო??? დასავლეთი საკუთარ თარგზე ცდილობს სამყაროს მოწყობას. პოლიტკორექტულობა ზღვარგადასულ სისულელეში გადადის, უფრო მეტიც, შეცდომების და ტრაგედიების მიზეზი ხდება. სიმართლე გამრუდებულ სარკეში ჩნდება. ავადმყოფს თუ სწორი დიაგნოზი არ დაუსვი, განა მკურნალობა შედეგიანი იქნება?! ... სიერა ლეონესა და საქართველოს ნაირ გაუნათლებელ, განუვითარებელ და უკულტურო ქვეყნებს არ სჭირდებათ დემოკრატია, მეტსაც გეტყვით ეს მავნებელია! გული რომ არ გაგისკდეთ ბოღმით ამ ქვეყნების რიგის გაგრძელება შეიძლება  - რუსეთი, განა, ლიბერია, ავღანეთი და ა.შ... კიდევ უნდა გავიმეორო - ასეთი ქვეყნებისათვის დემოკრატია არ არის საჭირო, მავნეა. აქ უნდა შემოვიღოთ რამე მოსამზადებელი კლასების მზგავსი, როდესაც მკაცრი სასწავლო ნაწილის (დირექტორის მოადგილე სწავლის დარგში) ზედამხედველობით ვიმეცადინებთ... და როდესაც გამოცდას ჩავაბარებთ და სიმწიფის ატესტატს ავიღებთ, მხოლოდ მაშინ უნდა მიგვიშვან არჩევნებზე. აქ სიერა ლეონეში ჩვენზე უფრო გონიერი ხალხია. უნდათ შემოიღონ ამომრჩევლად რეგისტრაციის კანონი. თუ ხმის მიცემა გინდა გამოცდა უნდა ჩააბარო და ამომრჩევლის ლიცენზია მიიღო. გამოგცდიან თუ იცი წერა კითხვა, ანგარიში, თუ იცი საარჩევნო კანონი და შენი უფლებები, თუ წაგიკითხავს კონსტიტუცია, თუ იცი რას ნიშნავს ხელისუფლების განაწილების პრინციპი და ა.შ. (არც ჩვენ გვაწყენდა არა?)

რატომ არის რომ დემოკრატიულ ქვეყნებში 18-21 წლამდე მოზარდებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ? ალბათ იმიტომ, რომ თვლიან, განათლების, გამოცდილების დონე არ არის საკმარისი, პასუხისმგებლობის გრძნობა არ არის ჩამოყალიბებული და ცუდი და არასწორი გადაწყვეტილების შანსი ძალიან დიდია. თანაც გაითვალისწინეთ რომ დასავლურ დემოკრატიულ ქვეყანაში მოზარდები ამ ოციოდ წელს  შესაბამის გარემოში ატარებენ და იქ უფროსების შემყურე სწავლობენ და ემზადებიან დიდების ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად... სად, რა და ვისგან უნდა ისწავლოს სიერა ლეონელმა ან ქართველმა მოზარდმა?

დავსვათ 5 წლის ბავშვი თანამედროვე ძლიერი მანქანის საჭესთან და შეუბეროს ავტობანზე! ზუსტად ასეთ დღეში ვართ ეხლა. ან წარმოიდგინეთ თავად გაუნათლებელი მშობლების ცუდად გაზრდილი, უსწავლელი პირმშო შეუშვათ სუპერმარკეტში და თავად აირჩიოს სურსათი. რამდენ უსარგებლო ბრჭყვიალა შოკოლადს, ”ჟუვაჩკებს”, კარამელებს და ”მონპასის კანფეტებს” იყიდის?! ჰოდა ჩვენც გვყავს ზიზილ პიპილოში შეფუთული ”მონპასის” პოლიტიკოსები!!!

ისევ პოლიტიკამ წამიღო! არადა რამდენი მართლა საინტერესო, უცნაური და სახალისო რამ არის მოსაყოლი. თუ გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა აუცილებლად მოგიყვებით...

აქაურებს საოცარი იმიტაციის უნარი აქვთ. ისე გაიმეორებენ უცხო ენაზე გაგონილ ფრაზას არც ერთი ასო არ შეეშლებათ და არც კილოს აურევენ. ჩვენს კარ მიდამოს ერთი  ღამის დარაჯი ყავს, მომო ქვია. კუნაპეტივით შავია და ღამე ვერსად იპოვი. მომო ხნიერი პოლიციელია, უქნარა და არაფრის მაქნისი, მაგრამ წლების მანძილზე შემოგვეჩვია და  ვეღარც ველევით. საღამოს შვიდ საათზე მოდის, პოსტს ჩაიბარებს და დილის შვიდ საათამდე გვდარაჯობს.  ყველას რომ გაიგულებს, მოკალათდება და გემრიელად დაიძინებს. თან დასაძინებლად სულ სხვადასხვა ადგილებს ირჩევს. ასე გვდარაჯობს ღამ-ღამობით... თუ დაგჭირდა, ძალიან კარგად უნდა მოძებნო, რომ იპოვო. ერთხელაც მისი ძებნით გაბეზრებულმა, ღრიალი მოვრთე - მომო, შენი...!!! ვიფიქრე სადაც დავიჭერ, სულს ამოვხდი!

მომოს ეტყობა ჩემი ღრიალისგან გაეღვიძა. მიხვდა რომ ცუდათა აქვს საქმე, და გამოსავალიც უცბად იპოვა...  ზურგიდან მომეპარა, თითი გამოიშვირა, თავი გვერდზე გადახარა, თვალები მინაბა და სუფთად, უშეცდომოდ, გურულ კილოზე დაამღერა ”შემოდგომა რომ დადგებააა! შაშვი იწყებს გალობასოოო....!!!

რას იზამ ესენი ხომ გადაღებილი ქართველები არიან! ან ჩვენ ვართ თეთრად შეღებილი ზანგები...

პატივიცემით,
აფროქართველი

ქ. ფრიტაუნი, 2010 წლის 28 მარტი


 

2. სანგბამბა
აფრიკული სიზმარი

სოფელ სანგბამბაში სამანქანო გზა მთავრდება. სოფლის კიდეზე, დაბრეცილი საფეხბურთო მოედნის კუთხეში, ბამბუკით გადახურული უკედლო „სკოლის“ გვერდით დგას ჩვენი „მიცუბიში სპორტი“, იქვე ლურჯი კარავია გაშლილი. ზურა მაღალაშვილს და ალეკო ციცქიშვილს კარავში ძინავთ, ავთო კვიციანი „სკოლაში“ ბამბუკის გრძელ მერხზე წამოწოლილა, მე კი ვცდილობ როგორმე მოვერგო „მიცუბიშის“ მოუხერხებელ სკამებს და დავიძინო...
ზზზზზზზ - კოღო, „მოსკიტო“, და არა ერთი...
უნდა დავიძინო, იმიტომ რომ...
აქ შვიდ საათზე ბნელდება და ზუსტად შვიდ საათზე თენდება...
ხვალ დილას 7 საათზე დაგვადგება ჩვენი გამყოლი მოჰამედა და უნდა შევუყვეთ აფრიკას ფეხით, შიგნით, სადაც აღარ მიდის მანქანა, სადაც მიედინება მდინარე სელა, სადაც დარბიან ტიტლიკანა ზანგი ბავშვები...
მანქანის ყველა ფანჯარა და კარი ღიაა, ვითომ ნიავისათვის, სკამის კიდე გვერდში მერჭობა და „მოსკიტო“ ჩემს სისხლს წოვს... ეს მეჩვენება, მესიზმრება თუ...
სანგბამბაში საღამოს ათის ნახევარია...
დილის შვიდ საათამდე კიდევ ბევრი დროა, მთელი ცხოვრებაა...
წზზზზ-წწზზზზ - ნანას მიმღერის „მოსკიტო“...
მე ვარ ახალი ქართველი ავანტიურისტი (...ავანტურის ქალმა, მადამ დე პომპადურმა, შეაცდინა მეფე მზე...)
...შევდივართ სოფელში, გაუსაძლისი სიცხეა, აქეთ-იქიდან ბავშვები მორბიან, განსაკუთრებით პატარები აქტიურობენ, ხელებს გვიქნევენ, იცინიან - ოტომონო!!! ოტომონო!!! - გაჰკივიან (თურმე ვაიტ მენ, თეთრი კაცი). ერთი ზორბა ზანგი გაიქცა და შუა სოფელში ხეზე დაკიდებულ უშველებელ დოლს დასცხო, ისეთი ხმა აქვს, მკვდარს გააცოცხლებს. მორბიან ყველა მხრიდან, წრეში გვაქცევენ, იცინიან... რა უხარიათ, მგონი სადილი ვგონივართ, თან რამხელა კბილები აქვს ყველას... გაჩუმდა დოლი, წრე გაირღვა და გრძელ ფერად ხალათში გამოწყობილი ბერიკაცი გამოვიდა, უკან ახალგაზრდა მოსდევს ადიდასის ფორმაში. სიჩუმე. ბერიკაცმა სალამიო, ინგლისურად, ეს ჩემი სპიკერია და ეს ილაპარაკებსო, ახალგაზრდაზე. მერე რაღაცა ანიშნა და ბანანები მოგვართვეს, მგონი ჯერ არ გვჭამენ... მერე სპიკერმა მოხსნა გუდას პირი და აბა ვინა ხართ, რა გინდათ, რას აპირებთო, მაგრამ ამას ნახევარი საათი ამბობდა. ეხლა ჩემი ჯერია, ნეტავი სპიკერი მეც მყავდეს, გამალებით ვიხსენებ როგორ დამარიგეს ფრიტაუნში, ჰო საჩუქრები, სალამ ქალამი, ღმერთის ხსენება, ბელადის მოკითხვა. რაღაც კინოები მახსენდება და პოზებს ვიჭერ, ნეტა რა სანახავი ვარ? რასა ვბოდავ!!! მაგრამ ვატყობ, თავებს აკანტურებენ, მოსწონთ, ჰოდა კიდე ეს მინდოდა?! სულ გავრეკე და აღარ ვჩერდები...
... შიგ ყურში ჩამწუის და ძლივს ჩაძინებულს მაღვიძებს, რამე უნდა დავიფარო თავზე...
თბილისში არის ერთი ქალი, ინესა. რა ტარაბუა იყო, რა ურთიერთობა? რა მინდოდა? ან იმას რას ვერჩოდი? ინესა მაგარი ქალია, ყოჩაღი, ჯარასავით ტრიალებს, საქმეც გამოსდის. მაგრამ თუ რამე თავისად მიიჩნია, კაცი იქნება, ტრილიაჟი თუ ქოთნის მცენარე, იმის საქმე გადაწყვეტილია... ჰოდა ერთმა ტრილიაჟმა ფეხები გამოიბა და დაუკითხავად წავიდა აფრიკაში. გადაირია ინესა. ეხლა თბილისშია, ბობოქრობს, თავი ამერიკული ტრილერის გმირი ჰგონია და რაღაცეებს ხლართავს... ხვალ რომ ჯუნგლებს შევუყვებით, იქ რომ დაგვხვდეს? წინ მოჰამედა ივლის, უნდა გავაფრთხილო...
... ტამიშის ხიდთან ჭუჭყიან ორმოში ვგდივარ. ლანჩხუთელმა აჩიკომ სახელო ჩამოიგლიჯა და ჭრილობაში მიჩურთავს, რომ სისხლი გააჩეროს. ვერ ვინძრევი. თავზე ჭავჭავაძე დამდგომია, დიდ ცხვირში უშველებელი ეკალი შერჭობია, იქიდან სისხლი წვეთავს და პირდაპირ თვალებში მიმიზნებს, რომ ვერ ვიცილებ... ყურადღებით მაკვირდება - „მოკვდი?“ - მეკითხება, ნეტა რა პასუხს ელი? წწწზზზ, პპზზზზზ, ეს ტყვიებია თუ ისევ კოღოები, უხ შენი! მოსკიტო!
მამაჩემი სადმე ევროპაში უნდა ცხოვრობდეს. სორბონაში ან ლაიფციგში კათედრა უნდა ჰქონდეს და სტუდენტებს მოძღვრავდეს. ეხლა მოფენილი იქნებოდა მსოფლიო მისგან ტვინგახსნილი ხალხით, მაგრამ რა ქნას, რომ ქართველია, თან მეოცესაუკუნელი... ზედ კიდევ ჩემისთანა შვილი! როგორა ხარ მამა? მაგრად დაიღალე ალბათ...
სამოთხე! მისალოცი ბარათი! პალმები, ოკეანე ლივლივებს, უთეთრესი ქვიშა... დიდი აჟიოტაჟია, პლაჟზე გახურებული ფეხბურთია. ლერწამივით ჩამოქნილი, ბუმბულივით მსუბუქი ზანგები ქარივით დაქრიან, თითქოს დაფრინავენ და ისეთ ფინტებს აკეთებენ, თავბრუ დაგეხვევა, ყაყანი და კივილ-წივილი... მეც გავერიე მარაქაში, მაგრამ სანამ ღიპს მივატრიალ-მოვატრიალებ, ბურთს ხანდახან მოვკავ ხოლმე თვალს, სიქა გამძვრა, უკან ვდგავარ და დაცვას ვამაგრებ. ბიჭოს! ბურთი ჩემსკენ მოგორავს, შავი ეშმაკი მოქრის და ის ბურთი უნდა. ვხედავ სიჩქარე აკრიფა, უნდა დამეტაკოს, გამწიოს და ბურთი წამართვას, ეს კი შეგეშალა! ქვიშაში მაგრად ჩავდექი და მხარი დავუხვედრე... თამაში გაჩერდა, მთელი პლიაჟი ხარხარებს, ზანგი ეშმაკი ერთი ხუთ მეტრზე იკეანის ტალღებში აგდია და ფეხებს ასავსავებს...
ბნელი მიწისქვეშა დერეფნებით რესპუბლიკურ საავადმყოფოს მორგში მივდივართ. უკვე ვიცი, იქ მამუკა ჯორჯიაშვილია. ჩვენს ექიმს, ლევან ლორთქიფანიძეს მივსდევ და ფეხები უკან მრჩება. საშინელი სუნია, სიბნელეა. მამუკა! ეს რა ქენი, ბიჭო!
ფრიტაუნის კათოლიკურ საავადმყოფოში ცალკე ოთახი გამომიყვეს, ვწევარ, ვერ ვინძრევი, თვალებს რომ ვახელ, მტკივა, სიცხე მაქვს 41 და მიდგას წვეთოვანი. მალარია! მაგრამ აქ მალარია სურდოსავით აქვთ. დღეს კვირაა, კათოლიკურ საავადმყოფოში დილიდან საეკლესიო ზანგურ სიმღერებს უკრავენ ბოლო ხმაზე! გალობაა და ამშვიდებსო, ერთი მე მკითხონ! ერთიც გავახილე თვალი და რას ვხედავ, ქათქათა თეთრ ანაფორაში გამოწყობილი კუნაპეტივით შავი მღვდელი მადას თავზე, უშველებელ თვალებს ატრიალებს და კეთილად მიღიმის. - შენ თვალები დახუჭე მე კი ვილოცებო, მეუბნება. სასწრაფოდ დავხუჭე, ნეტა სადა ვარ? მესმის როგორ ლოცულობს წამღერებით და გამოთქმით, როგორ განიცდის, მგონი მართლა ვუყვარვარ. ამინ! თვალს ვახელ, აღარ არის. სიცხემ დამიკლო...
ისევ ის საშინელი წუილი...
ტემპერატურა გვიწევს
მოსკიტო შმაგად გვიტევს
ყმაწვილი დაჰკრავს ტამტამს
სიერა ლეონურ რიტმებს
ნეტა ვინ დაწერა? ნამდვილად მაღრაძის იქნება...
რომელი საათია? სამს გადასცდა, ჯერ კიდევ არის ძილის და სიზმრების დრო, შვიდამე...
იწვის თბილისის სატელევიზიო ანძა! ის ანძა მე რომ შევღებე სხვა ალპინისტებთან ერთად. ეხლა ჩვენ „მაშველთა კორპუსი“ ვართ, არიქა ზევით! მეხანძრეები ანძის ძირას შეკრებილან და რაღაც უხერხულად იშმუშნებიან. „რას აკეთებთ?“ – „რავი ცეცხლი მაღლაა და!“ - იქექავს თავს. მესმის ერთმანეთში ჩურჩულებენ - „მხედიონია“. „ერთი თუ ძმა ხარ, ეგ თქვენი ჩაფხუტები და ხალათები მოგვეცი“ - სიხარულით იხდიან. ანძის დაკიდებულ კიბეებზე მივძვრებით ზევით... გაჩნდა ტელევიზია, სნნ-ი, არის ერთი ამბავი, მიდის პირდაპირი რეპორტაჟი... დილას ქუჩაში მივდივარ, უბნის პატარა ბიჭები დგანან, საქმეებს არჩევენ - „ე ბიჭო, ეს ის ბლატნოი პაჟარნიკი არ არის!“
გვინეაში, კონაკრისთან პატარა კუნძულია, სადაც დილას ნავით მიყავთ ტურისტები, ასადილებენ, დაასვენებენ, აბანავებენ და საღამოს უკან მოიყვანენ, მოკლედ ეგზოტიკა! კვირა დღეს მე და მამუკაც გავყევით ერთ-ერთ ნავს. ჩვენს გარდა ზანგები, კანადელი წყვილი, ოთხი ავსტრალიელი და ამერიკელი დედა-შვილი, ინტენაციონალ! მართლა სამოთხეა! კრიალა ოკეანე, ფერადი თევზები, გემრიელი კერძები და ხილი... ჩავედით წყალში, გასაცურად, წინ მამუკაა, მე უკან მივყვები და ველაპარაკები: „რა მაგარია არა? აი ესეთი კუნძული უნდა იყიდოს კაცმა და იყოს...“ უცბად უკნიდან კარგ ავლაბლურ კილოზე მესმის: „ცოტა ძვირი დაგიჯდება, ბიჭო!“ გველნაკბენივით მოვიხედე და აშკარად თბილისური სიფათი ტივტივებს წყალზე და მიცინის... ვინმე ზურა მიქელაძე, ჩვენნაირი ავანტიურისტი გადაგვეყარა გვინეაში, კონაკრისთან პატარა კუნძულზე. აკი ცოტანი ვართო?
ვა, რა სკოლაა! ვერ დაიჯერებ, რომ საქართველოშია! ხასხასა საფეხბურთო მინდვრები, საცურაო აუზი, სისუფთავე (აფრიკა არ გეგონოთ) და ბევრი ხალისიანი ბავშვი. მაგრამ მთავარი ღირსშესანიშნაობა აქ დირექტორია. როგორა ხარ, მიშა! მაგარი კაცია, თან ისე მღერის, ქვასაც ხმას ათქმევინებს. დანარჩენი კი... თვითონაც მთლიანად ისეთია, როგორ სიმღერასაც ამბობს...
ვაა, ეს წუილი სულ არა ჰგავს მიშას სიმღერას! მოსკიტო! მოდი შევთანხმდეთ, ან იკბინები, ან წუიხარ, ორივე ერთად არა... შენც არ მომიკვდე, ფეხებზე ვკიდივარ...
ეს ზანგები ძალიან გულღია ხალხია, სალამს ვერ დაასწრებ, უცნობიც რომ იყოს, თუ ნაცნობია და მოულოდნელად შეხვდი ხომ მთლად გადაირევა. ერთი ორიგინალური თვისებაცა აქვთ, თუ მოაწვა, სადაც არ უნდა იყოს, ქუჩაში, ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ თუ უკაცრიელ ადგილას, იქვე მოშარდავს (გინდა ქალი, გინდ კაცი). მიდიხარ ქალაქში და სულ ხედავ ორ-სამ კაცს (ან ქალს) ლაღად რომ შარდავს და მათ მაგივრად შვება გეუფლება. მივუყვებით ქუჩას მე და ერთი ჩემი უკრაინელი ნაცნობი (უკვე სამი წელია აქ მუშაობს), ერთი სოლიდურად ჩაცმული ზანგი რაღაც უცნაურად დგას (ზირგით), რომ მივუახლოვდით, თურმე ნუ იტყვი, შარდისგან თავისუფლდება (აბა ხომ არ შეინახავს). ერთიც ვნახოთ და მოიხედა. მოიხედა და ცას ეწია სიხარულით, თურმე ამ ჩემი უკრაინელის ნაცნობი არ არის! საქმიანად გადაიტანა კუტუ მურჯვნიდან მარცხენა ხელში (ისე, რომ ჩხრიალა ნაკადი არ შეწყვეტილა) და მარჯვენა კი გულიანი სალმისათვის გამოგვიწოდა...
სულ გადამიყვანა ჭკუიდან წუილმა, აი ზედ ყურთან არი... გამწარებულმა ისეთი ალიყული შემოვირტყი, რომ მე მგონი ამ ყურში აღარასოდეს არაფერი აღარ იწუვლებს....
პამირში, ლენინის პიკზე შვიდი ათას მეტრს კარგა ხანია ავცდით, მაგრამ უკვე გვიანია, ექვსი დაიწყო. მთასვლელობის ყველა წესით და კანონით უნდა მოვბრუნდეთ, თორემ ბანაკამდე ვეღარ ჩავასწრებთ, ძალიან სარისკოა... მწვერვალამდე კი შორია. მაგრამ მეორეჯერ აქ რაღა ამოგვიყვანს? ძალაც აღარ არის. წინ ბიძინაა. – „რა ვქნათ, ბიძინა?“ ერთი შემომხედა გაკვირვებით - „ზევით!“ მაგანაც იცის, რომ მეც ცალყბად ვიკითხე...
სნნ-ი გადმოსცემს ჟვანიას პანაშვიდს, აჩვენებენ შევარდნაძეს ფართო პლანით, დგას, იბღვირება, გულის სიღრმეში დარწმუნებულია, რომ მაგის პანაშვიდი არასოდეს იქნება... მაგისი...
კონაკრისთან კუნძულზე ექსკურსიამ შესანიშნავად ჩაიარა, კაი სასმელ-საჭმელიც მივირთვით. მამუკამ ხომ ზომა არ იცის და რაც კი სასმელი იყო - ლუდი, ვისკი, არაყი, ღვინო... ყველაფერი აურია, ნავში ვსხდებით, უკან კონაკრისში პირდაპირ სასტუმროსთან მიგვასრიალებს, მაგრამ მანამდე საათზე მეტი უნდა ვიცუროთ. მამუკა ყველას ეხმარება ჩაჯდომაში - „რა გინდა, ხომ არ დავთვერი!“ - მეუბნება ამაყად. ნავის შუაგულშია ჩვენი ადგილი, სულ ერთი ოცი კაცი ზის. გავცურეთ. ერთი ათი წუთია გასული და მეუბნება „რაღაც მუცელი მიწრიალებს, ტუალეტში მინდა!“ ერთი კი შევხედე გაკვირვებულმა, ამ ზანგურ გრძელ კაონეში ტუალეტი სად ნახათქო... მამუკას ამ ერთი საათის თითო წუთის თითო წამი ახსოვს და არასოდეს დაავიწყდება. როგორ დაიწყო წრიალი და ცქმუტვა ერთ ადგილზე, როგორ ცრიდა კბილებიდან ბებერი კანადელი ქალის შეკითხვებზე უაზრო პასუხებს, როგორ დგებოდა ფეხზე და რაღაც აღმოსავლურ ვარჯიშებს აკეთებდა. მაგრამ დადგა კულმინაცია, უკვე მთელი ნავი მამუკას თვალს არ აშორებს, ყველა მის ღრმა ჩასუნთქვებს ითვლის, შეშინებული უყურებენ, ჰგონიათ, რომ რაღაც უეცარმა ავადმყოფობა დარია ხელი, სხვადასხვა ენაზე მრავალი ვერსია გახმოვანდა... ქართველი ვაჟკაცი არ შერცხვება! „უნდა გადავხტე!“ - უეცრად ადგა, სახეაჭარხლებული, ხშირად მსუნთქავი, შარვალი გაიძრო და მე მომაჩეჩა, მერე პერანგი ლამის შემოიგლიჯა და ისიც მე მიანდერძა. გადმომცა დანა, საბუთები, ტელეფონი... ეს ყველაფერი საოცარი დრამატიზმითაა აღსავსე, ყოველ მის მოძრაობას დანარჩენი ნავი ერთსულოვანი ინტერნაციონალური ამოოხვრით ხვდება. დარჩა პლავკებში და აძვრა სკამზე, ყველამ ინსტიქტურად უკან დაიწია... და ერთბაშად აყაყანდა, ზანგები ჯაჯღანებენ, ქალები წივიან, ფრანგულად, ინფლისურად, ჯანდაბურად... მიცურავს ზანგური კანოე, საოცარი ხმაურია, ნავის შუა მოცარიელებულა და მარტო დგას შიშველი ქართველი ვაჟკაცი, რომელიც მზადაა სირცხვილი ატნლანტიკის ოკეანეში გადაიყოლოს...
გიორგი, ბიჭო, ბებიაშენს ნუ აწვალებ და ცოტა გონს მოდი! ბაბამ მითხრა შვიდ წუთში რომ ამზადებდა გაკვეთილებს, ეხლა რეკორდი დაამყარა და ოთხწუთნახევარში სწავლობსო. მე მგონი მაგრად გიქრის...
აქაურები ხანდახან მაიმუნები მგონია, პირდაპირი გაგებით (ღმერთო მაპატიე). დილაობით უგრძელეს ქვიშის პლაჟზე გავდივარ ხოლმე სავარჯიშოდ. იქ შევნიშნე, სადღაც შორიახლოს აუცილებლად დამიდგება ვინმე და ერთი ერთზე იმეორებს ჩემს მოძრაობებს. თავიდან გავბრაზდი, ვის ამაიმუნებენ ეს შიმპანზეები! მერე მივხვდი, უბრალოდ ეგეთი მოთხოვნილება აქვთ... შუადღე ოდნავ გადავიდა, პაპანაქებაა (საკვირველია). პლაჟისპირა საფარიდან გამოვძვერი და ზლაზვნით წავედი წყალში. ცოტა შევედი, მუხლამდე, და დავდექი, გასაცურად ვემზდები... გავიზმორე, უცნაურად შავმა ჩრდილმა მოძრაობა გაიმეორა. მაგრამ მზე რომ სხვა მხარესაა? თურმე ორ მეტრში მომდგომია ერთი ზანგი და მბაძავს. ზღვის სათვალე გავისწორე, იმანაც ვითომ გაისწორა. თავზე ხელი გადავისვი - იმანაც. დავიწყე ათასი უაზრო  მოძრაობის კეთება, ვითომ ვერთობი (ვინ ერთობა ნეტა, მე თუ ის), არ იღლება. ბოლოს მომბეზრდა, ნაბიჯ-ნაბიჯ წავედი სიღრმეშ, აღარ ვაქცევ ყურადღებას. ჩავყვინთე და ფსკერს გავუყევი, ერთი ხუთი მოსმა რომ გავაკეთე, მოვიხედე - რას ვხედავ! ფსკერთან, სადაც წესით თევზის მეტი არაფერი უნდა იყოს, თვალებგადმოკარკლული ზანგი ფართხალებს, პირიდან ბუშტები ამოსდის... თურმე ბეჯითად ბოლომდე მომყვა, ცურვა კი არა სცოდნია... კიდევ კარგი მივხვდი! არიქა, დავავლე ხელი და მივათრევ ნაპირისაკენ, კინაღამ მეც დამახრჩო... ძლივს მოაბრუნეს.
მოსკიტოებოოოო!!!! მგონი დამათენდა, რომელი საათია, ხომ შვიდზე თენდება?
კარავში ვიღაც ამოძრავდა.
სადაცაა მოვა ჩვენი გამყოლი მოჰამედა, ავშლით კარვებს, დავკეტავთ მანქანას, სოფლელებიდან დავნიშნავთ მთავარ ყარაულს, როგორც აქაური წესია და ფეხით გავუყვებით მდინარე სელას...

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი



3. აფრიკული ქორწილი

ჯიზუს დონ გრაპ!!! ქრისტე აღდგა!!!

- მოსკოვში შავებში ჩაცმულმა შახიდმა ქალებმა მეტრო ააფეთქეს და 40 ადამიანი იმსხვერპლეს....
- ფუნდამენტალისტმა მუსულმანებმა ლამის მთელ მსოფლიოს ჯიხადი გამოუცხადეს და ცდას არ აკლებენ დიდი, პატარა, კაცი, ქალი, დამნაშავე თუ უდანაშაულო გამოასალმონ სიცოცხლეს...
- სუნიტები ებრძვიან შიიტებს...
- ირანელი ახმადინეჯადი ყველას მუშტს უღერებს, თვალებს უბრიალებს და ისრაელის პირისაგან მიწისა აღგვას იქადნება...
- ისრაელი ებრძვის ჰამასს, რუსები ათამაშებენ უკანალს, უღიმიან ისრაელს და მხარს უჭერენ პალესტინელებს...
- კოკოითი თრუსოს ხეობის დაბრუნებას ითხოვს...
- მართლმადიდებელი ქართველები არ ცნობენ რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი მსოფლიო რელიგიის ისტორიას...

კლინიკური შიზოფრენიაა!!!

მე კი აფრიკულ ქორწილში ვარ დაპატიჟებული და საგულდაგულოდ ვემზადები.
აქაური ქორწილი ძალიან სერიოზული ამბავია და დიდხანს და სერიოზულად იგეგმება. ორი თვის წინ მომიტანეს მოპატიჟება და მხარვრულად გაფორმებული ბუკლეტი.

თავფურცელზე ყვავილებით მოჩუქურთმებულ გულში ნეფე პატარძალის ფოტოა: ქორწინდებიან ამადუ ალი ნგეგბა და ფატმატა კორომა! სიყვარული და ბედნიერებება მათ!!!

მერე მოთხრობილია მათი შეხვედრის და სიყვარულის ისტორია, ლექსები და კეთილი სურვილები. მთავარი კი საქმიანი ნაწილია. შემაშფოთებელი სერიოზულობით არის აღწერილი მთელი დღის პროგრამა: სად რა იქნება, როდის, ვინ იტყვის სიტყვას და ა.შ.

ფრიტაუნის შუაგულში კათოლიკური ეკლესია ხალხით არის გადავსებული. გაპრანჭული ხალხი, ბაფთებიანი მანქანები, საქორწინო ვიდეო და ფოტოები და გამაყრუებელი პიპინით მომავალი ესკორტი...  (თვალი რომ დახუჭო, საქართველოში ხარ!)

ეკლესიაში საპატიო ადგილას მომათავსეს, გვერდით მიზის ჩვენი მეგობარი, აქაური პოლოტიკოსი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი დოქტორი ბაბა კონდე, ადგილობრივ წეს ჩვეულებებს მასწავლის და ჭკუას მარიგებს...

ყველაფერი წესით და რიგით მიდის. ერთი უცნაურობა მჭრის თვალს, სიძის მხარეს კაცები აშკარად განსხვავებულად გამოიყურებიან, ჩაცმულობაა თუ რა? ვეკითხები დოქტორ ბაბას.

- სიძე მუსულმანია...
- მერე აქ ეკლესიაში ჯვარს როგორ იწერენ? - კითხვა აშკარად ეუცნაურებათ, ჩემს მეტი ეგ არავის არ უკვირს.
-  პროგრამაში ხომ წერია - აქედან მეჩეთში წავალთ, მერე კი ქეიფი იქნება.
-  მერე როგორ იქნებიან? და ბავშვები?
-  როგორ უნდა იყვნენ? ეს იქნება ქრისტიანი, ის იქნება მუსულმანი, ბავშვები კი... გადაწყვიტავენ რა... რას მეკითხები?
-  დოქტორ შენ ხომ ქრისტიანი ხარ?
-  მე? - იწყინა! - აბა რა! - და პირჯვარი გადაიწერა დიდის ამბით - ხო მართლა, მამაჩემი მუსულმანია, ეხლა მექაში აპირებს წასვლას. უნდა მოილოცოს რომ ალაჯი გახდეს, ხოდა... იქნებ ცოტა დამეხმაროთ ფინანსებით, უნდა გავამგზავრო, უკვე ხნიერია და ჯერ მექაში არა ყოფილა...
-  შენ როდის აპირებ წასვლას?
-  მეე? მე მექაში რა მინდა?! მე ხომ ქრისტიანი ვარ - და კიდევ ერთხელ გადიწერა პირჯვარი.

ისე აგიხდა ყველაფერი, მეჩეთშიც ვიყავით. მერე დარბაზში წავედით. ჩვენი ქართული წესისაგან განსხვავებით სუფრა არ დაგვხვდა. კინოსავით დავჯექით რიგებში. პრეზიდიუმში მიკროფონიანმა ”თამადამ” შეხვედრა გახსნა. ჯერ ქრისტიანული ლოცვა თქვეს, მერე მუსულმანურად ვილოცეთ, ორივე მხრიდან სიტყვები და კეთილი სურვილები. მეც მათქმევინეს - აბა ერთი თეთრი კაცი რას გვისურვებსო. მეც ერთი სადღეგრზელო დავურტყი უღვინოთ (თანავ ვფიქრობდი, ნუთუ არაფერს არ გვაჭმევენ და გვასმევენ. ამდენი ცერემონიების მერე კუჭის რეფლექსები ქართულად ამუშავდა).

მორჩა ოფიციალური ნაწილი. პრეიზიდიუმის მაგიდა მოასუფთავეს და დააგრძელეს. უცბად კარი გაიღო  და ქალების რიგი წამოვიდა თავზე დადგმული ხონჩებით. სულ ნაირ-ნაირი საჭმელ სასმელით გაივსო იქაურობა - ა ლა ფურშეტ! რა გინდა სულო და გულო! აქაურები ძირითადად ლუდს ეტანებიან.

შემდეგ კი სკამები სადღაც გაქრა, რიტმი და მუსიკა წამოვიდა და ცეკვა, ცეკვა და ცეკვა.... აბა ერთი ეს მსუქანი თეთრი კაცი რას იზამსო და წრეში შემაგდეს. მეც რა მექნა, ხომ არ შევრცხვებოდი?! აქაურებიც ამყვნენ... წავიდააა!!!

ეხლა ფრიტაუნში ახალმოდური ცეკვა დადის, ქართულის ელემენტებით.

* * *
გვიან ღამე, შეიძლება ითქვას დილისთვის მივადექი ჩემს ალაყაფს. საოცრებაა მაგრამ ღამის დარაჯს, პოლიციელ მომოს არა სძინავს და კარიც კი გამიღო.

- როგორ მოილხინეთ სერ!
- რა მოხდა მომო? რად არა გძინავს?
- რატომ გინდათ მაწყენინოთ სერ?
- ხო კაი ეხლა, წავედი მეძინება...
- სერ?! - გამომედევნა - ეხლა აღდგომა მოდის, დღესასწაულებია, ხომ იცით ოჯახი, ათასი ხარჯია... იქნებ რაღაცით დამეხმაროთ.

გამახსენდა, მომოს (და არც ერთ სხვა აქაურს) არც ერთი მუსულმანური და არც ერთი ქრისტიანული ზეიმი არ გამოუტოვებია. ქრისტეშობაც იზეიმა, მარიამობაც, რამადანიც, ბაირამიც იბაირამა... თანაც გულწრფელად. დახმარებაც ყოველთვის ითხოვა...

- მომო!
- სერ?!
- ბოლო-ბოლო შენ ვინ ხარ, ქრისტიანი, მუსულმანი თუ ვინ?
- მე, სერ! - დაკრიჭა კბილები - მე ქრის-მუსი ვარ, სერ!


აფროქართველი

ქ. ფრიტაუნი
07 აპრილი, 2010 წელი


 

4. ბელადი

ხემა სთქვა, ცული რას დამაკლებდა
ჩემი ჯიშის ტარი რომ არა ჰქონდესო...

წინა კვირას ვახსენე ჩემი აქაური მეგობარი, პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი დოქტორი ბაბა-კონდე. დავჯდებით ხოლმე მე და დოქტორი ბაბა და მიყვება აფრიკულ ამბებს და ადათებს. დოქტორ ბაბას დისერტაცია სსრკ-ში აქვს დაცული და მარქსიზმ ლენინიზმი გამოცდაც კი აქვს ჩაბარებული, ცრურწმენებისა არ სჯერა, მაგრამ... 

აქ აფრიკაში ამბობენ, კაცი რომ გარდაიცვლება, მერე კარგა ხანი დაბოგინობს და დაბორიალობს თურმე დედამიწაზე. ხან სად ნახავენ და ხან სად. ეს მაშინ ხდება თუ მის შესახებ სიმართლეს არ იტყვიან - თუ კეთილი იყო კეთილად არ მოიხსენიებენ, თუ ბოროტი და მამაძაღლი, ეგეც უნდა აღიარონ. არადა სანამ ამქვეყანას დარჩენილები თვალთმაქცობენ გარდაცვლილიც ასე დაბოგინებს და ვერ ისვენებს. განსაკუთრებით ცუდი კაცი შემორჩება თურმე დიდხანს (აბა ავის თქმა და აღიარება, ხომ უფრო ძნელია!), დადის და კიდევ აგრძელებს ცუდი საქმეების კეთებას... მაშინ კი უნდა შეიკრიბოს თემი და ერთხმად უნდა თქვან ამ კაცის შესახებ სიმართლე. მხოლოდ ეგრე თუ მოისვენებს მიცვალებული და დაანებეს თავს ამქვეყანას...

- მე დავსწრებივარ თემის ასეთ შეკრებას ჩემს საბელადოში - ჩურჩულით მეუბნება ”მარქსისტი” დოქტორი ბაბა კონტე.

როგორ მინდოდა აფრიკული სახალისო ამბები გამეზიარებინა თქვენთვის, ალბათ მერე ეგრეც იქნება, მაგრამ ამჯერად ვერა და ვერ დავაღწიე თავი ერთ საფიქრალს - რუსეთში, სმოლენსკის თავზე, კატინთან ჩამოვარდა თვითმფრინავი ტუ - 154.

დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე

მათთან ერთად დაიღუპა ოთხმოცდათექვსმეტი ადამიანი, პოლონეთის სულ ნარჩევი საზოგადოება: პოლიტიკოსები, სარდლობა, სამღვდელოება, მეცნიერები...

... ისტორიკოსი სტეფან მიალოკი, კატინის კომიტეტის თავმჯდომარე...
... ევა ბაკოვსკაია, კატინში დახვრეტილი გენერალ მიაჩისლავ სმურავინსკის შვილიშვილი, რომელიც ბაბუის საფლავზე უნდა მისულიყო... და სხვა, და სხვა და სხვა...

ეს ამბავი პირდაპირ კავშირშია ჩვენთან, ქართველებთან და საქართველოსთან. ეს იმ დაუმთავრებელი ბრძოლის გაგრძელებაა რომელიც 1921 წელს კოჯორთან დაიწყო ( ალბათ ბევრად უფრო ადრეც) და ჯერაც არ დასრულებულა...

საზარელი ადგილია კატინი, პოლონელთათვის შეიძლება წმინდა ადგილიც: აქ დახვრეტილია 4200 პოლონელი ოფიცერი და 6500 ზე მეტი მაშინდელი საბჭოეთის სრულიად უდანაშაულო მოქალაქე...

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ნისლისა თუ სხვა დაუდგენელი მიზეზის გამო დაიმსხვა კატინთან. მაშინვე ატყდა მითქმა-მოთქმა. რატომ მოხდა? შემთხვევითობაა? ადამიანური ფაქტორია? მოწყობილია? პილოტის ბრალია? პუტინმა გააკეთა? ვინ ჩაიდინა?

მე გეტყვით: ეს ჩვენი, ქართველების ბრალია! ეს ჩვენი გაკეთებულია!!! ალბათ ფიქროფთ, გაგიჟდაო!

გახსოვთ სულხან საბას მაოხრებელი გზირი? ეგ არის! მაგის ჩადენილია - მაოხრებელი გზირის! მაოხრებელი გზირი დაბორიალობს მსოფლიოში, დაუპყრია ხალხის სულები და მთელი ქვეყნები, მართავს მათ და აგრძელებს და აგრძელებს უსასრულოდ ამ ბრძოლას.
მან ჩამოაგდო თვითმფრინავი კატინთან. მან დახვრიტა 4200 პოლონელი ოფიცერი 70 წლის წინ! მან დაიპყრო საქართველო 1921 წელს! ეგ გვებრძოდა 2008 წლის აგვისტოში! სტალინი და სტალინიზმი.

სმოლენსკის თავზე ერთბაშად დაიღუპა პოლონეთის პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი ვისაც სტალინი პირველ რიგში დახვრიტავდა.

ჩვენ ქართველები დიდ ვალში ვართ მსოფლიოსთან. ჩვენ დავბადეთ და გავზარდეთ ეს მეოცე საუკუნის ჯოჯო და ჩვენვე უნდა დავიწყოთ მისი განდევნა დედამიწიდან.

თქვენ იტყვით, ჩვენ რა შუაში ვართ, ეგ რუსეთმა იკითხოსო. არა ბატონო, რუსეთი ბოლომდე აქვს დაპყრობილი მაოხრებელ გზირს და სწორედ ეს ქვეყანა ქცეულა მის მთავარ იარაღად. ტოლსტოის, დოსტოევსკის და სხვათა და სხვათა ქვეყანამ სტალინი გაიხადა თავის სიმბოლოდ და გზისმკვლევ შუქურად!

ისტორიას ბევრი ახსოვს მტარვალი, მაგრამ ყველაზე ითქვა მეტნაკლები სიმართლე და არც ერთს აღარ დარჩა ნამდვილი მოსარჩლეები..

თუ ამბიცია გვაწუხებს შეგვიძლია ვიამაყოთ. მსოფლიოს არც ისტორიაში და არც ლიტერატურაში არ მოიძებნება მსგავსი მოვლენა. ყველა ჯურის მაოხრებელი გზირების  გრძელ სიაში უპირველესი ჩვენია! ყველაფერში ჩემპიონია:

-         ღალატში - უგანა და  უღალატა ყველაფერს რასაც კი შეიძლებოდა, პიროვნულს თუ საზოგადოს...
-         სისხლისღვრაში - ვის დაუღვრია ადამიანის მოდგმის სისხლი ამდენი, ვერც ერთი სისხლისმსმელი ტირანი ან სერიული მკვლელი სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა რაც მაოხრებელმა გზირმა მოახერხა. ჰიტლერიც კი, რომელმაც გერმანული პედანტურობით შეიმუშავა ბიზნეს გეგმა და საწარმოო მაშტაბებით გამართა ხალხის მოგუდვა, ვერ დაეწია ჩვენს მაოხრებელ გზირს.
-         გარყვნა და გაათახსირა ხალხები, ქვეყნები და ერები...
-         რამდენი გენიოსი, ნიჭიერი ან უბრალოდ გონიერი და მუყაითი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და უკან დახია კაცობრიობის განვითარება, კულტურა, მეცნიერება...

ნამდვილად არ მეყოფა არც წარმოსახვა და არც ფანტაზია ცოდვათა ეს დაუსრულებელი სია რომ შევადგინო. ვინც გინდათ ის გაიხსენეთ, ნერონი, კალიგულა, თემურ ლენგი, ჰიტლერი.... ვერავინ ვერ მოვა მასთან... თანამედროვე პოლ-პოტები და მილოშევიჩები ხომ საერთოდ ვოდევილის ტაკიმასხარებად ჩანან.

ის ისევ აქ არის, ჩვენში ტრიალებს, უზარმაზარ რუსეთს მართავს და იბრძვის, იბრძვის გაშმაგებით მიწის ყოველი მტკაველისათვის, სულებისათვის... უნდა იცოდნენ ქართველმა ტახტის მაძიებლებმა, რომ როცა მოსკოვში გარბიან შველის სათხოვნელად, მასთან სასაუბროდ და სულის მისაყიდად მიდიან.

ლეხ კაჩინსკიმ ზუსტად იცოდა ვის ებრძვის. იცოდა რომ არაფრით არ შეიძლება მოდუნება და არც ერთი გოჯის დათმობა. 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაოხრებელი გზირი საქართველოში შემოუძღვა რუსის ტანკებს, როდესაც მე, ქართველი, აფრიკაში ვიჯექი და ზოგიერთი სხვა ქართველები ბაქოში და ერევანში გარბოდნენ, პოლონეთის პრეზიდენტი თბილისში ჩავიდა... მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი.

ჩვენ ქართველები ვალში ვართ. 1990 წლიდან ჩვენ მოგვეცა შანსი ჩვენი ვალი მოვიხადოთ, ჩვენს თავში გავერკვიოთ, გავიგოთ ვინა ვართ და ცუდ კაცს ცუდი კაცი დავარქვათ.
საქართველოს თემმა უნდა თქვას ვინ არის სტალინი, ისევე როგორც გერმანიამ აღიარა, დაგმო ჰიტლერი და ფაშიზმი, ბოდიში მოუხადა ყველას და გაანთავისუფლა მსოფლიო თავისი მაოხრებელი გზირისაგან.

ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ, მივცეთ ამ ჩვენს დამოკიდებულებას მორალური და იურიდიული ფორმა. გამოვცეთ კანონი რომ სტალინი არის უდიდესი დამნაშავე კაცობრიობის ისტორიაში, გაუთანაბროდ სტალინიზმი და საბჭოთა კომუნისტური რეჟიმი ფაშიზმს და რომ საქართველოს ტეროტორიაზე კანონით ისჯება სტალინიზმის ნებისმიერი გამოვლინება...

ნუ გეშინიათ, არაფერი დაგვაკლდება, მხოლოდ გავიწმინდებით. ჩვენ გვყავს უამრავი საოცრად კეთილი და ნათელი, საამაყო ადამიანები და მათი სულებიც მოისვენებენ...

ამითი ბრძოლა არ დამთავრდება, მაგრამ დამიჯერეთ ფრონტის ხაზი გამოიკვეთება, ნისლი გადაიყრება და მაოხრებელ გზირს სერიოზულად შეერყევა პედესტალი....

მაგრამ განა ესე ფიქრობს საქართველო???

მივხვდი რომ სამიტინგო სიტყვა გამომივიდა, არადა როგორ მინდოდა სახალისო აფრიკული ამბების მოყოლა. ვინ გაცალა!

* * *
ისევ ჩვენი ფრიტაუნული კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო თუ მიშველის.

-         მომო შენ იცი ვინ იყო სტალინი?
-         არა სერ, ვინმე ბელადია!?
-         ლენინი?
-         ეგ ვინ არის?
-         მომო სკოლაში ხომ დადიოდი?
-         დიახ სერ, პოლიციის კურსებზეც, დიპლომიც მაქვს!

დაილოცოს აფრიკა!!!


აფროქართველი
ქ. ფრიტაუნი
2010 წლის 13 აპრილი



5. Freetown - თავისუფალი ქალაქი
თბილისი - თბილი წყალი

ფრიტაუნს 1792 წელს ჩაუყარა საფუძველი ტრანსატლანტიკურმა სავაჭრო კომპანიამ, როგორც განთავისუფლებული მონების საცხოვრებელს. მთელს მსოფლიოდან ჩამოჰყავდათ მონად ნამყოფი აფრიკელები, ურიგებდნენ  მიწის ნაკვეთებს და აქ ასახლებდნენ. ასე ჩამოყალიბდა სიერა ლეონეს დანაჩენი ტომებისაგან სრულიად განსხვავებული ახალი თემი, კრიო და მათი სამყოფელი - ქვეყნის მომავალი დედაქალაქი - ფრიტაუნი.

კრიოები  სხვა ტომებთან შედარებით ბევრნი არ არიან, მაგრამ მათი ენა, კრიო (დამახინჯებული ინგლისური), გახდა სიერა ლეონეს გამაერთიანებელი მთავარი ენა. კრიოებს თავი განსაკუთრებულად უჭირავთ (ეს აქაური ინტელიგენციაა), სხვებს ჩამოსულ პროვინციელებად თვლიან და ნამდვილ ქალაქელობაზე დებენ თავს. მათი უმრავლესობა მართლაც გამოირჩევა განათლებით, საქციელით, იერითაც კი.

-         ეჰ, რა ქალაქი იყო ფრიტაუნი! ეს ამდენი პროვინციელი რომა არა!!!

განსაკუთრებით სამოქალაქო ომის მერე გაივსო ქალაქი ლტოლვილებით.

-         ქალაქში ვეღარ გაივლი, ნაცნობ სახეს ძლივს თუ შეამჩნევ! ადრე სულ სხვა იყო! იკარგება ქალაქური სული!

ჩემმა წინა წერილებმა სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია, ზოგმა კარგი მითხრა, ზოგმა არაფერი. ერთი კი ნამდვილად მეუცნაურა (თუმცა მოსალოდნელი იყო). ეს რა არის - აფრიკელებს როგორ გვადარებსო! რა გითხრათ, ძალაუნებურად ვადარებ. ერთს კი ვიტყვი, ვისაც კი ეს ეხამუშა და ჩემს ნაწერებში პირველ რიგში ეს შედარება მოხვდა თვალში, სწორეთ მათნაირების გამოა რომ აქამდე ესეთ დღეში ვართ, ერთ ადგილას ვიტკეპნებით და თუ შემთხვევით წინ გადავდგით ნაბიჯი უმალ უკან უკან მივჩოჩავთ... აფრიკისაკენ!

აქ კი არაფერი ხდება ცუდი! ან ისეთი  ჩვენ რომ ძალიან გაგვიკვირდეს, გვეუცნაუროს ან ალღო ვერ აუღოთ.

ჩემი კანის ფერის გამო აქაურებს საოცნებო, შორეული ევროპიდან ვგონივარ და შემომნატრიან ხოლმე - White man! ბევრსაც მეკითხებიან ესა თუ ის თქვენთან როგორ არისო. მეც არ ვიტეხავ იხტიბარს, ყველა ნაკლს თუ შეცდომას ვუსწორებ და ხან რას ვსაყვედურობ და ხან რას, მაგალითად კი სულ საქართველო მომყავს. შეამოწმებენ თუ რა! ესენიც თავს იმართლებენ და მპასუხობენ - რას იზამ, ეს აფრიკაა სერ! სად ჩვენ და სად თქვენ. ჰოდა ჩემი მონაყოლით ასე აქვთ ჩამოყალიბებული პრიორიტეტები: ინგლისი, ბელგია, საქართველო... არა უფრო სწორედ ინგლისი, საქართველო, ბელგია...

მათთვის საქართველო არის ქვეყანა სადაც:

-         არასოდეს არ აგვიანებენ;
-         სამაგალითო პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან;
-         სტერილური სისუფთავეა;
-         არაფერს არ აგდებენ და მტვერიც კი გამოყენებულია;
-         ერთმანეთი ყველას უყვარს და ყველა ერთმანეთს ეხმარება;
-         ყველა დაკავებულია და თავისუფალი დრო თითქმის არავის აქვს;
-         ყველა ძალიან ჭკვიანი და განათლებულია;
-         მშიერს და ღარიბს ხომ სანთლით ვერ იპოვი;

ძალიან კარგი ქვეყანა გამომივიდა!

შენატრიან ჩემი ნაცნობი სიერა ლეონელები საქართველოს და ოცნებობენ ეგეთივე ქვეყანა ააშენონ. არ წახვიდეთ, გვასწავლეთ, იქნებ შვილები მაინც მოესწრონ თქვენნაირ ქვეყანაში ცხოვრებასო! აქაურისგან ვერ გაიგებ - ამან მე რა უნდა მასწავლოსო!

საქართველოს უახლესი ისტორია მალე დამოუკიდებლობის მეორე ათწლეულს შეასრულებს. სიერა ლეონე უკვე თითქმის ორმოცდაათი წელია დამოუკიდებელი ქვეყანაა. როგორც ამბობენ გადასარევი ქვეყანა, ნამდვილი სამოთხე ყოფილა სანამ 90 წლებიდან არ დაიწყო დაუმთავრებელი გადატრიალებების სერია და 10 წლიანი სამოქალაქო ომი. ქვეყანა მთლიანად მოიშალა და გაპარტახდა. გაეროს ჯარი და ცისფერჩაფხუტიანები იდგნებ გამშველებლებად რამდენიმე წელიწადი. ბოლოს ისინიც წავიდნენ. აქ ორი პოლიტიკური პარტიაა (ძირითადი) სლპპ (ეს-ელ-პი-პი) და აპს (ეი-პი-სი). 2008 წლამდე სლპპ მართავდა. არჩევნების მერე აპს-მ გაიმარჯვა. არც არაფერი. აღიარა სლპპ-მ დამარცხება და გადავიდა ოპოზიციაში. პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არავის აქვს. 2012 - ში ახალი არჩევნები იქნება. ხალხი ამბობს ეყოფა ეხლა აპს-ს, ისევ სლპპ ვცადოთო.

მგონი მალე საქართველოში იქნება ადგილობრივი პიპიპიები. ნეტა თბილისის მერად რომელ პიპის აირჩევენ?!

ამ რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებულ პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, სოციალური სფეროს განვითარებას ეხებოდა. სემინარები იყო თბილისში, გუდაურში. მერე კი ვინც თავი გამოიჩინა ბრატისლავაში წაგვიყვანეს სამეცადინოთ. რბილად რომ ვთქვა იმ დროს თბილისი ვერ იყო კარგ ფორმაში. დენის პრობლემები, ჩაბნელებული ქუჩები და ა.შ. საზღვარგარეთ გასვლა კი ნამდვილად დასვენება და სუფთა ჰაერის ყლუპი იყო... ბრატისლავა კოხტა და კრიალა ქალაქია შუაგულ ევროპაში. სიდიდით არ გამოირჩევა და შესაბამისად არც ჰიტროუს ზომის აეროპორტი აქვს...

დაფრინდა ჩვენი თვითფრინავი ბრატისლავის აეროპორტში, ქართული დელეგაცია ჩაბრძანდა ტრაპზე. პირველი ქართული შთაბეჭდილება და პირველი სიტყვები:

-         ეეე ბიჭო, ეს რა საქათმეში ჩამოგვიყვანეს!

*  *  *
ჩვენი ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო სევდანარევი გასცქერის ოკეანეს

-         რა იყო მომო!
-         სერ! პენსიაზე რომ გავალ, საქართველოში უნდა წავიდე საცხოვრებლად!

მობრძანდი მომო, მაგრამ... შენღა აკლიხარ აქაურობას!

პატივისცემით,
თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
21 აპრილი, 2010 წელი


აფროქართველის ჩანაწერები (6 - 10)

6. „სპიდი“
(ქართულად შიდსი)


მეზობელი მეზობელს
- „ბიჭო, სპიდი ხომ არა გაქ!“
პასუხი (თავის ფხანით)
- „მაქვს, მარა... ცოტაღაა და ჩემთვის მინდა!“

აფრიკაში შიდნსი მძვინვარებს. აქეთ რომ მოფრინავ, სავალდებულოა აცრა ტიფზე და ყვითელ ციებაზე. თვითმფრინავში კი აუცილებლად გაჩუქებენ ბროშურას უსაფრთხო სექსის შესახებ.
ფრიტაუნის გარეუბანში, აბერდინის ნახევარკუნძულზე სანაქებო სანაპიროა. რაღა განთქმული კოპა-კობანა და რაღა ეს. ჩაყოლებაზე სულ ერთნაირი ბამბუკისგან შექმნილი „ბიჩ-ბარებია“. ქვიშაში დგას პლასმასის მაგიდები და სკამები, ზედ ადგას მზის ქოლგები... ოკეანეც პირდაპირ ფეხებთან მოდის...
ყველა ბარს სახელი აქვს - ჩინელების, ფრენსისთან, კოკა-კოლა... ჰოდა ერთ-ერთ ასეთ „ბიჩ-ბარს“ ზედ მიეკერა ახალი სახელი „ჯორჯიან ბიჩ“ - ერთხელ ჩაუსხდნენ ქართველები, ლუდს ვისკი მიაყოლეს, მერე არაყი და ღვინო... მანქანის „პლეიერიდან“ ქართული დისკი მოიტანეს და დი-ჯეის ის დააკვრევინეს... აქაურების აყოლიებას რა უნდა - ცოტა ხანში მთელი სანაპირო ტრულაილას გასძახოდა და გაშმაგებული ცეკვავდა ქვიშაში კავკასიურ-ქართული ქორეოგრაფიით... ასე რომ შერჩა ამ ადგილს სახელი „ჯორჯიან ბიჩ“, ბარმენ-მედუქნე და მიმტანების რაღაც უკვე ყეყეჩურ ქართულად იყურებიან, კუდი ყავარზე გაუდიათ და კლიენტებს აღარ ეპუებიან...
ჩვეულებრივ დღეს ოთხი საათისათვის იწყებს საზოგადოება შეკრებას, გაეროს სხვადასხვა ჯურის თანამშრომლები, რუსი პილოტები, აქაური ლიბანელები, სუვენირების, სიგარეტის და ხილის გამყიდველები, ბიჩ-ბოები და კლიენტების მაძებარი მეძავები... დღეს კი კვირაა და დილიდან ხალხმრავლობაა. საფუძვლიანად, მთელი დღით არიან მოსულები - „უიკ ენდის რელაქსია!“
-         სად დავსხდეთ?
-         რა განსხვავებაა?
-         აქეთ მოდით „მასტერ“
-         არა ჩემთან ჯობია, წინა დღეს ხომ მაგასთან იჯექით...
-         მასტერ ჯორჯიან ჩემი ფრენდები არიან და აქეთ უნდა დაჯდნენ!
-         მე რა? არა ვარ მაგათი ფრენდი?!
-         ოღონდ თქვენ გაჩუმდით და ნაწილი აქეთ დავჯდებით და ნაწილი იქით!
-         ხუთნი რომ ხართ? სამი საით დაჯდება?
-         აუუ! მე ცალკე მაგიდა დამიდგით, მარტო უნდა დავჯდე! სასმელს შენ მომიტან და საჭმელს კი შენ! გაიგეთ?
-         ოკეი, სერ! ხომ გეუბნებოდი „მასტერ ჯორჯია“ ყველაზე ჭკვიანიათქო!
ყველაფერს თავის წესი აქვს... თავიდან აქაური მსუბუქი ლუდი - „სტარ-ბიერ“, „სოფტები“ და ხილი...
იქით ჭადრაკის მოყვარულთა მაგიდა, ქვიშის ფრენბურთის მოედანი, გამაყრუებელი, რიტმული ზანგური მუსიკა... ქვიშაში მოცეკვავე-მოძიგძიგე შოლტივით შავი გოგოები (როგორ არ იღლებიან მთელი დღე)... ოკეანეში მოჭყუმპალავეები... თაკარა მზე, ბევრი წყალი და სიცხე...
პაპანაქებაა. ფრენბურთს ზანტად თამაშობენ. მოვიდა ჩია კაცი, „კურნოსა“ რუსი ექიმი, აქ ყველა „დოქტორს“ ეძახის. ბუნებით ორგანიზატორია, სკოლაში ალბათ „ფიზრუკი“ იყო. მოთამაშეებიც ეროვნული ნიშნით იყოფიან და ორი გუნდი დგება, რუსები და ლიბანელი არაბები. თამაშიც ხურდება და ბურთიც გაშმაგებული დაქრის ბადის თავზე. ლიბანელები უფრო ყოჩაღები ჩანან, დაწინაურდნენ, ხალისიანად თამაშობენ, თან სულ რაღაცას ოხუნჯობენ, ერთობიან, მაგრამ... რუსებს ეს თამაში თავისი გამოგონილი ჰგონიათ (როგორც ჰოკეი) და დამარცხება ეროვნულ შეურაცხყოფად მიაჩნიათ, ყოველი ბურთის გათამაშების მერე სახელდახელო თათბირს აწყობენ. „უკან მოსკოვია“ - ერთი ქართველი კაპიტანი გინდათ ბიჭებო, ასე მგონია, ვიღაცა დაიძახებს - „ზა როდინუ! ზა სტალინა!“ არაბებსაც გადაედოთ დაძაბულობა, რა დროს გართობაა, ყველ შეცდომაზე ერთმანეთს ეჯაჯღანებიან, ერთიც და ვინმე დაჰკივლებს - „ალაჰ აკბარ!“
ქართველები კი ლუდს სვამენ და ქალებზე ლაპარაკობენ.
-         აუ ბიჭო, ნახე რა გოგოა!
-         რომელი?
-         აი ყვითელ „კუპალნიკში“, რო ცეკვავს, რა ტანი აქვს!
-         ეგ რომ თეთრი იყოს!
-         თან ექიმი და ქართული პოეზია რომ უყვარდეს, გალაქტიონი...
-         ეგეთი ხომ იცი ვინ იყო?
-         ჰოო, დიმიტრი იყო! გელოვანი...
-         ისე, ამბობენ ყოველ მეხუთეს სპიდი აქვსო...
-         ვინ გითხრა?
-         ერთი ამას შეხედე, ცარიელი ძვალი და ტყავია, ნაღდად სპიდიანია...
-         იცი როგორ უნდა შეატყო? ძალიან გაფითრებულები არიან...
-         მოდი ამას ვკითხოთ! აბდულ! მოდი აქ, როგორ არის თქვენთან სპიდის საქმე?
-         სპიდის? ჰო ბევრს ლაპარაკობენ, რეკლამები მინახავს, კონდომებსაც არიგებენ უფასოდ, მაგრამ მე არ ვიცნობ, არასოდეს შევხვედრივარ...
ფრენბურთი დროებით შეჩერდა, ერთი პარტია მოათავეს და ეტყობა სულს ითქვამენ. გაოფლიანებული და ქვიშაში ამოგანგლული რუსი „დოქტორა“ ჩვენსკენ მოდის, აბა მაგან იცის თუ იცის, ქირურგიც არის, პედიატრიც და გინეკოლოგიც - აქაურების რიგები უდგას საავადმყოფოში... სპიდის ამბებიც ეცოდინება.
-         სპიდი? ხოო! სერიოზული პრობლემაა, საერთაშორისო მაშტაბის... უნდა ფრთხილად იყოთ, წესები დაიცავით და შემთხვევით სქესობრივ კავშირებს მოერიდეთ! სპიდის ძირითადი გადამტანები ჰომოსექსუალისტები და ნარკომანები არიან... ხვალ თუ ჩემთან სამსახურში მოხვალთ ოფიცილაურ სტატისტიკას ამოვწერ...
აუუუ! აბა ამასა ყავს ოფოფები!
-         „სპასიბო“ დოქტორ! ლუდს დალევ?
მადლიერად აქიცინებს თავს, ცივი ლუდის ბოთლს მადიანად იყუდებს და ისევ ფრენბურთისაკენ ბრუნდება...
-         ისე ჩვენი უკრაინელი ვიქტორა, მაგალითად, კონდომებს საერთოდ არ ხმარობს, ფატალისტია და თან თავისი თეორია აქვს!
-         რაო!
-         რაო და, სპიდი საერთოდ არ არსებობსო.
-         ეგ როგორ?
-         ხალხის შესაშინებელი პროპაგნდაა და მეტი არაფერიო.
-         ვა!
-         აბა თუ სპიდი არსებობს და სისხლით გადადის, კოღოები რატომ არ ავრცელებენო, მთელი აფრიკა დახოცილი უნდა იყოსო!
-         ვაა!
-         ისე, მართლა!
-         რა იყო ბიჭებო, ხომ არ დათვერით?
-         სპიდი თუ არ გინდა, ყველაზე ნაღდია ვინმე დეპუტატი დაითრიო...
-         დეპუტატი რა შუაშია?!
-         გაძლიერებული იმუნიტეტი აქვთ...
-         თქვენი არ ვიცი და მე აქ ერთი თეთრი გოგო გავიცანი, მგონი ფინელია, „ენჯეოშნიკია“, ეხლა უნდა მოვიდეს, ოიტა ქვია...
შემოასვლელთან თეთრი ჯიპი გაჩერდა და გოგო გადმოვიდა. თეთრია, ოქროსფერი თმებით, წითელ საცურაო კოსტუმში და დიდი ნაჭრის ჩანთით... მოდელივით მოაბიჯებს ქვიშაში და ხელს გვიქნევს. გვიახლოვდება და რაღაც უსაშველოდ დიდდება... სიმაღლე - 1 მ. 95 სმ., ბანჯგვლიანი ფეხის ზომა 44, კუნთები და მოყვანილობა - შტანგისტის, თვალები - წყლისფერი და ელამი (ამბობენ სილამაზეაო)... ეტყობა ხასიათი აქვს კარგი! სანდომიანი ზვიგენივით გვიღიმის და გვესალმება.
-         ჰაი, ბოის!
-         გამარჯობა ოიტა...
-         აბა თქვენ რა გინდათ! ამ დასაკარგავში ვის გამოუშვებდნენ?
რიტმული მუსიკა...
რუსები და ლიბანელები სამკვდრო სასიცოცხლოდ შეებნენ ერთმანეთს...
ქართველები სვამენ...
ოიტა მკლავურით მიაპობს ტალღებს...
ზანგები ცეკვავენ...
მზე ჩადის...
ოკეანე არ ღელავს...
გასასვლელთან მათხოვრები იცდიან...
* * *
ორშაბათ დილას ძლივს ავითრიეთ წელი. დღეს საღამოს გეოლოგები ველზე უნდა გაემგზავრონ და დღის პირველ ნახევარში მომზადება უნდა მოვასწროთ. სამნი სახლში ფუსფუსებენ და რაც საჭიროა ამზადებენ, ორნი საყიდლებზე წავედით წალაქში...
კონსერვები ლიბანელების სუპერმაკეტშია, ეთჯერადი სუპებიც... ფანარი და ელემენტები... გაზის პატარა ბალონები... ერთი ზურგჩანთა დაგვეხა წინა ჯერზე, საყიდელია...
დავიბრიდეთ პაპანაქებაში სიარულით... ჰოო, წყალია საყიდელი დიდ ბალონებში...
კარავში დასაფენად პალმის ფოთლებისაგან დაწნული აქაური ჭილოფებია კარგი. ნესტსაც იჭერს, ცხელიც არ არის...
-         იცი სად იქნება? დიდი ბაზრობა რომაა, ორსართულიანი, გადახურული, აქაური ნაკეთობები, სუვენირები და რამე-რუმეები რომ იყიდება...
-         წავიდეთ...
ამ ბაზრობაზე მართლა ყველაფერია, აქაური ხელსაწყოები, ხელეჩოები და მაჩეტეები, ტამტამები, საჩხაკუნოები, ხის ქსილოფონები, საყვირები, აფრიკული ტანსაცმელი, მოქარგული ბალახონები და განიერი შარვლები, ქუდები, მძივები, ეშვები, კბილები, ხისგან გამოთლილი სხვადასხვა ცხოველები და ეს ყველაფერი საოცარი ხმოვანი გაფორმების ფონზე - გადაძახილი, ჯაჯღანი, სიმღერა, ტამტამების რიტმი და რასაკვირველია სიცხე - როცა ჰაერი ლივლივებს...
უკვე ახლოა, ბაზრობა გადახურულია და შიგ მაინც არის ჩრდილი... მივლასლადით და ბაზრობის შესასვლელ უშველებელ თაღში შევალაჯეთ...
* * *
ფრიტაუნის განთქმული მოკამათეები აიშა და ზუბეიდა ბავშვობიდან არიან შეზრდილები, ერთმანეთის გატანა იციან, ბაზრობაზეც ერთად მოვიდნენ და საუკეთესო ადგილებიც ბრძოლით და ორ ხმაში ჯაჯღანით მოიპოვეს. კამათი აქაური ეროვნული სპორტია, ინდივიდუალურიც არის, გუნდურიც და მასიურიც. ხშირად უსაგნო, უბოროტო და გასართობი, მაგრამ ხანდახარ, თუ გახურდა, ხელჩართულშიც გადადის... ბაზრობაზე უკეთეს ასპარეზს კი აბა სად მონახავ.
აიშა პატარა, კაფანდარა ქალია, სწრაფია და ენამოსწრებული, ისეთს გიპასუხებს ნახევარი ქალაქის სამასხროს გაგხდის... ზუბეიდა დიდია და ფაშფაშა, ზანტია, კამათშიც ნელ-ნელა და ზარმაცად შედის, მაგრამ ქანი თუ აიღო და ხმას აუწია, რას ამბობს იმის გაგებას აზრი აღარა აქვს, ყურებზე ხელები უნდა დაიფარო და უკანმოუხედავად გაიქცე. მაინც თუ გაჭირდა, ისეთი ალიყული იცის... იმ დღეს თავის ბიძაშვილ პოლიციელს, რომ შემოვიდა და ვაჭარ ქალებს აწიოკებდა, ისე შემოსცხო, საწყალს სათითაოდ დასცვივდა ჩინ-მენდლები, ჭრელი თასმები და ოქროსფერი ღილები. მთელი ბაზრობა უგროვებდა. ის კი მიწაზე იჯდა და ცრემლებს ყლაპავდა...
გუშინ საინტერესო დღე იყო, დილიდან ნჯო-შნიკები მოვიდნენ და ლამაზ ფერად ფურცლებს არიგებდნენ - „რა არის შიდსი? როგორ დავიცვათ თავი?“ ჰოდა ასე ოფიციალურად დასმული კითხვის უპასუხოდ დატოვება როგორ იქნებოდა! ერთმა თავისი თქვა, მეორემ ეგრე არაო და გახურდა!!! ისიც დაემატა, გაეროს დელეგაცია მოვიდა სუვენირების საყიდლად, მაგრამ ვის ეცალა, ჯერ მაყურებლებად იდგნენ, მერე მოხალისე თარჯიმნებს მოუხმეს, მერე აზრი გამოთქვეს, მერე მათი აზრებიც გაიყო, აქეთ იქეთ გუნდებში გადანაწილდნენ და ეროვნული კამათი ინტერნაციონალურ შერკინებაში გადაიზარდა. მართლა დიდი პრობლემა ყოფილა სპიდი!
დღევანდელი დილა კი უხალისოდ დაიწყო, ყველა გრძნობს, რომ გუშინ გამარჯვებული არ გამოვლინდა და დაუკმაყოფულებლობის გრძნობა სტანჯავთ. აიშა ყველაზე ადრე მოვიდა, მოუთმენლად ელოდებოდა ზუბეიდას, ის კი არა ჩანდა. როგორც იქნა შემოზანზარდა. ლოდინით გულგაწვრილებულმა აიშამ რაღაც მწარე უთხრა, ზუბეიდამ შემოუბღვირა... ეხლა უბრად დგანან, ერთმანეთს არ უყურებენ, არადა ენა ექავებათ... ამათი შემყურე სხვებიც გასუსულან, იტანჯებიან... არც ვაჭრობაა! არავინა ჩანს.
ბაზრობის მთავარ შემოსასვლელ თაღში ორი ჩრდილი დაილანდა. შემოვიდნენ. თეთრები არიან, კაცები, შორტებში, ერთნაირი პანამებით. ერთი აყლაყუდაა, ფარგალივით მოაბიჯებს, მეორე კუპატივითაა, დიდი ცხვირსახოცით ოფლს იწმენდს და ხვნეშის. უცნაურ ენაზე ლაპარაკობენ.
-         აუ ბიჭო რა ცხელა!
-         ვერაფერს ვერა ვხედავ! მზიდან - ჩრდილში!
ერთი წამით ყველა გაირინდა. პირველი კლიენტები! ყველას აიშამ დაასწრო.
-         ამათ უყურეთ ქალებო! ორი სპიდი მოვიდა!

* * *
სახლში გვიან დავბრუნდით, ჩვენს ღამის დარაჯს პოლიციელ მომოს ამჯერად არაფერი არ მოუმოქმედებია, რადგან... მშვიდად ეძინა.

ქ.ფრიტაუნი.
თორნიკე ბერიშვილი

7. მარაუტ!

ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდაც ხისაო...

დიდი ხნის წინათ, თეთრი ადამიანების გამოჩენამდე ბევრად უფრო ადრე, აფრიკის თვალუწვდენელ სივრცეებზე მოქიშპე ტომები ცხოვრობდნენ. რამდენიმე ძლიერი პირველყოფილი იმპერია ჩამოყალიბდა. გავლენისა და ბატონობისათვის სასტიკი ბრძოლა გაიმართა. ომობდნენ და დავობდნენ ტერიტორიისთვის, საკვებისათვის, სანდირო ადგილებისათვის, საძოვრებისათვის. ძლიერები ჩაგრავდნენ სუსტებს, სუსტები ხან ერთს მიეტმასნებოდნენ და ხან მეორეს. საქონლის გარეკვა, ადამიანების  დატყვევება და დამონება ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი იყო. ძალა აღმართს ხნავდა.

ამ დიდი ორომტრიალის და ვნებათაღელვის შუაგულში მოექცა მარაუტების  პატარა ტომი. მარაუტები არ გამოირჩეოდნენ არც რაოდენობით, არც ტერიტორიის სიდიდით, არც განსაკუთრებული სიძლიერით ან სიმდიდრით. მაგრამ ყველამ იცოდა მათი სამართლისმოყვარეობა, გაუტეხლობა და სიკეთე.

მარაუტი არასოდეს არ იტყოდა ტყუილს, არავის არასოდეს არ დაჩაგრავდა მაგრამ თითონაც არ დაიჩაგრავდა თავს. მარაუტს ცოცხალს ვერ დაატყვევებდი და თუ მომხვდური იმძლავრებდა იგი აუცილებლად თავს შეაკლავდა და ვისაც შეძლებდა თან  გაიყოლებდა.

ყველამ, ძლევამოსილმა მეომარმა, მოხუცმა თუ ახალგაზრდამ, ქალმა და ბავშმა იცოდა, რომ თუ ბედი ინებებდა უნდა მოეხადა თავისი ვალი და სიცოცხლე გაეწირა, არავის არ უნდა ეფიქრა რომ შეიძლება მარაუტი შეაშინო, მოისყიდო ან დაჩაგრო, რადგან ეს იყო ის ერთადერთი ძალა, რომელიც დანარჩენი ტომის წევრებს გადაარჩენდა.

ნელ-ნელა შეიქმნა ლეგენდა. მართალს მოგონილი დაემატა, ნანახს მონაყოლი და მთელმა დასავლეთმა აფრიკამ დაიჯერა რომ მარაუტები განსაკუთრებული, ხვთით მოვლენილი ხალხია. მათი ხელის ხლება და წყენინება არ შეიძლება.

თუ ვინმე უცოდინრობით ან შემთხვევით რამეს დაუშავებდა მარაუტს, თავისიანებივე გაკოჭავდნენ და მიართმევდნენ ხოლმე მარაუტებს. ისინი კი თავის სამართალს იქმოდნენ, ყოველთვის აწონილს და შეძლებისდაგვარად ლმობიერს. მარაუტები არასოდეს არავის არ ერჩოდნენ. თუ სიკეთე შესაძლებელი იყო არასოდეს უკან არ იხევდნენ. ბოლო ლუკმას გაგიყოფდნენ.

მარაუტების პატარა ქვეყანას გაუჩნდა ფუნქცია. განმსჯელის, მომრიგებელის, შუამავლის...მათთან მირბოდნენ სამართლისათვის, მათ სთხოვდნენ შუამავლობას, მათთან იმალებოდა და აფარებდა თავს დამარცხებული. მათ ტერიტორიაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს უდიდესი მოქიშპე იმპერიების ლიდერები მოსარიგებლად.

წარმოიდგინეთ რამდენი შრომა, თავისივე შექმნილი წესების ერთგულება, თავგანწირვა, სიცოცხლე და მსხვერპლი დასჭირდა ამ უცნაური, საპატივსაცემო და გამორჩეული მდგომარეობის მიღწევას.

ეს იყო დიდი ხნის წინ. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. მარაუტები სადღაც გაქრნენ. დღესაც სამაგალითოდ არის მათი სახელი და ვინმეს შექება თუ უნდათ, იტყვიან ხოლმე -”მარაუტ!”, მაგრამ იმასაც დააყოლებენ, ბოლომდე ნამდვილ მარაუტს ვეღარსად ვერ ნახავო...

ამ ამბების მოსმენამ და აფრიკულმა ხვატმა მომთენთა და ფიქრებში წამიღო.

რამდენჯერ მინატრია, ალბათ უმრავლესობა თქვენგანის დარად, მომცემოდა რაიმე ჯადო-ძალა, რათა გადავრჩენილიყავით საბედისწერო განსაცდელებს, როდესაც უსუსურობის და გარდაუვალობის განცდა ფარავს ყველაფერს. 9 აპრილს, გაგრის დაკარგვისას, სოხუმიდან გაძევებისას, 2008 წლის აგვისტოში...

ძველი სპარტელებისათვის მეომრის გაქცევა და მტრისათვის ზურგის ჩვენება სამარცხვინო იყო. ასეთებს ”ტრესანტეს” - აკანკალებულს ეძახდნენ. მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ სახელით, სირცხვილში უნდა გაეტარებინა. ჯერ-ჯერობით მთელი ჩვენი ქვეყანა ასეთ აცახცახებულ მდგომარეობაშია. უნდა ვიძალოთ, ეს ტრემორი და ვიბრაცია დავძლიოთ, გვეყოფა...

საქართველო უნდა გამოერკვეს. თანამედროვე მსოფლიო ერთი დიდი სივრცე ხდება. ინფომაციიის გადაცემის, გადაადგილების და სხვა ტექნოლოგიების განვითარებას მოაქვს ამ პატარა დედამიწის ერთიან სივრცედ აღქმა. ყოველდღიურად ისე ვცხოვრობთ თითქოს პარაგვაიდან, ირანიდან თუ ავსტრალიიდან მოსული ამბები მეზობელი ორღობიდან გადმოგვძახესო.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა და ამავე დროს სასარგებლო და სასურველი ვიყოთ დანარჩენებისათვის. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ამ დიდ სოფელში ჩვენი ოჯახი და უბანი რას გააკეთებს, რა სახელი ექნება.

სოფელში ყოველთვის არის ყოჩი, რომელიც გამოირჩევა ძალით, არის მშრომელი და მუყაითი, არის სოფლის სულელი და არის სოფლის ბოზი, არის უქნარა და არის ბრძენი... ჩვენთვის აუცილებელია მართალი და ალალი კაცის სახელი გვქონდეს, ეს კი მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - მართლაც ასეთი უნდა იყო.

ისეთი სახელი უნდა გქონდეს რომ ვინმე ხეპრე თუ რამეს გაგიბედავს მთელი სოფელი დადგება შენს მხარეს და მას გაამტყუნებს იმიტომ კი არა რომ ძალიან სამართლიანია, ან დიდად უყვარხარ, არამედ იმიტომ რომ შენნაირი მართალი კაცი თუ დაიჩაგრა და სოფელმა არაფერი იღონა, სოფელი დაინგრევა...

გაიხსენეთ 2008 წლის აგვისტოში როგორ გამალებით ეძებდნენ ევროპელები რაიმე მიზეზს  რომ არ დაგვხმარებოდნენ... ჩვენ კი ასეთი მიზეზები რამდენიც გინდა იმდენი მივეცით. ეს პროცესი ეხლაც წარმატებით გრძელდება.

”ფეისბუკში”, ქართველები ”პირწიგნაკს” რომ ეძახიან, წავიკითხე ერთი ჩეჩენი კაცის წერილი, რომელიც ასე იწყება, - ”დედა საქართველოვ, ქართლის დედავ გეძახით, ნუ დაივიწყებ შენს შვილებს...”

ჩვენი საცხოვრებელი ადგილი თავად გვკარნახობს ჩვენთვის ბუნებრივ საქმიანობას, თუნდაც მისიას. კავკასია ჩვენი საპატრონოა, ჩვენი საჭირისუფლოა. ჩვენ არ შეგვიძლია ძალით მოუგოთ ვინმეს და ქართული ტანკები დავაყენოთ კავკასიის პერიმეტრზე. არც არის საჭირო. უბრალოდ ყველამ უნდა იცოდეს რომ აქ, საქართველოში ფიქრობენ, დარდობენ კავკასიაზე და აქაურ ხალხებზე, აქ იციან რა არის უკეთესი, აქ ქომაგობენ ყველას, აქ იპოვიან თავშესაფარს და თანაგრნობას... ვუქომაგოთ დაღესტნელს, ჩეჩენს, ინგუშს... რაც მთავარია აფხაზსა და ოსს... შეიძლება მათ არ უნდათ ეხლა ჩვენი მოსმენა და გაგონება. მაშ, ვუქომაგოთ ჩუმად, თავზე მოუხვევლად, რეალურად... მადლობის მოლოდინის გარეშე. აფხაზმა უნდა იცოდეს, რომ თუკი ჩეჩენის მსგავსად რუსისაგან გაქცევა მოუწევს, ყველა წინაპირობის მიუხედავად ყველაზე მეტად საქართველო შეიფარებს და უჭირისუფლებს... აქეთ კი უმძიმესი ფუნქციაა, შევარიგოთ აზერბაიჯანელი და სომეხი... უძნელესია, მაგრამ მყარად უნდა დავდგეთ ჩვენს მრწამსზე. ორივემ უნდა იცოდეს რომ საქართველოში ყველა მათ საქციელს ობიექტურად აფასებენ და აქ, თბილისში, არის საუკეთესო ადგილი თუკი მათ რეალურად მორიგება უნდათ. მეტსაც ვიტყვი (ალბათ ბევრი პირჯვარს გადაიწერს, ფუი ეშმაკსო!), თუ საჭირო გახდა ჩვენ უნდა დავეხმაროთ აფხაზებს რეალური დამოუკიდებლობის მოპოვებაში.

გაგიკვირდებათ რამდენად მოულოდნელად და სწრაფად შეიცვლება განწყობა ჩვენს მიმართ, რანაირად ჯადოსავით გაჩნდება ნაყოფიერი ნიადაგი მომდევნო ურთიერთობებისათვის, მაგრამ საკმარისია ერთხელ წაგვცდეს  და ხელები მოვიფშვნიტოდ რა მაგრები და ეშმაკები ვართო, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. 

იმისათვის რომ ეს ფუნქცია ვიტვირთოთ და ესე დაგვინახონ გარედან, შიგნით უნდა დავალაგოთ და უამრავი ნაგავი მოვიცილოთ.

გრძელი გზაა, და მით უფრო საშურია პირველი ნაბიჯის გაკეთება. პირველი ნაბიჯი კი -
დიდი სარკე ჩამოვკიდოთ და შიგ კარგად დავთვალიეროდ საკუთარი თავი... სხვას არა, ჯერ ჩვენს თავს ვუთხრად სიმართლე... განა ჩვენ მართლები ვართ სხვებთან ან ერთმანეთთან?

როგორ გახდა შესაძლებელი 2008 წლის აგვისტო? განა ასეთი რამ შესაძლებელი იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც იყო ერთიანობა, სამართლიანობის ილუზია და ყველას, შინაურსაც და გარეულსაც ეგონა რომ გზა გაიხსნა და ეს ღირსეული ხალხი სულ წინ ივლისო.

როგორ მოხდა ჩვენი დასუსტება? მეთოდურად და ნაბიჯ-ნაბიჯ, მტრის გასახარად, ჩვენს მოყვარეს და მოსარჩლეს შეექმნა აზრი, რომ ეს ქვეყანა და ეს ხალხი არ ღირს თავის შეწუხებად, არც ისე მართალნი და კეთილნი არიან რომ მათი დაჩაგვრის გამო რამე დაშავდეს ან პასუხი მოგვეთხოვოსო. ამას ხელი შეუწყო მთავრობამ თავის მხრივ, რომელიც დააბრმავა ძალაუფლებამ და სიხარბემ და ოპოზიციამ, რომელმაც ვერ იპოვა არგუმენტი, მეთოდი და ისტერიკა მოაწყო, ბოლოს კი ერთმა ნაწილმა სულ დააგვირგვინა - საჩივლელად და შველის სათხოვნად რუსეთში გაიქცა!

იმ დალოცვილ დიდ სარკეში თუ კარგად ჩავიხედავთ ძალიან ბევრ ისეთ შეცდომას დავინახავთ, რომლებმაც დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ხოლო იმისათვის რომ სხვამ დაგვიჯეროს და გვენდოს ჩვენ ჩვენი სათქმელი აუცილებლად უნდა ვთქვათ.

მოდი ვაღიაროთ პარლამენტის დოკუმენტის დონეზე მაინც რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ:

-         ტრაგიკული, საბედისწერო შეცდომა იყო თბილისის ომი და მაშინდელი მთავრობის ძალადობით ჩამოგდება.
-         გამოუსწორებელი შეცდომა და დანაშაული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალით შესვლა და იქ საომარი მოქმედებების გაჩაღება.
-         შეცდომა და დანაშაული იყო ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებები და ძალადობის პროვოცირება.
-         სავალალო შეცდომა იყო 2008 წელს პროვოკაციაზე წამოგება და მცდელობა ისევ ძალის გამოყენებით გადაგვეჭრა პრობლემები...

და ალბათ კიდევ მრავალი დიდი თუ პატარა შეცდომა და დანაშაული, რომელთა სია აუცილებლად გასაკეთებელია, საჯაროდ გამოსაცხადებელია და ბოდიშიც მოსახდელია...

ის ხალხი კი რომლების რამენაირად მონაწილეობდნენ ამ შეცდომების დაშვებაში აღარ უნდა იყვნენ არც მთავრობაში და არც ოპოზიციაში. გამოცდილებით ვიცით, შეცდომადაშვებული და ნაპატიები პოლიტიკოსი სიკეთემდე ვერ მიგვიყვანს...

ამას წინათ ერთ სოფელში გადავაწყდი ძალიან ხნიერ აფრიკელ მათუსალას და იმისგან გავიგე გადმოცემით მოღწეული მარაუტების გაქრობის საიდუმლო. თურმე ძალიან დიდი ხნის წინათ მარაუტები აიყარნენ, დატოვეს თავისი სამყოფელი და გადაიხვეწნენ. ამბობებ სადღაც შორეულ კავკასიას მიაღწიეს, იქ დასახლდნენ, ნირი და ფერი იცვალეს და ....  გადაგვარდნენ.

* * *
ჩვენი კარ-მიდამოს ღამის დარაჯმა, პოლიციელმა მომომ გუშინ პატარა ქურდბაცაცა დაიჭირა. ბაცაცა ჩვენი მანქანის სანათურის მოპარვას ცდილობდა. მომომ ერთი წაარტყა ყურის ძირში და ქეჩოთი მიუთრია დედამისს...

-         მომო, პოლიციას რატომ არ ჩააბარე?
-         ცოდოა სერ! დაიღუპება ბიჭი... - სევდიანად შემომხედა - მაგრამ თქვენ თუ ეგრე გინდათ?
-         არა, მომო, არა...


თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
2010 წლის 28 აპრილი,


8. თავისუფლება

ის ლიბერალი,
ბურთივით მრგვალი...

პირდაპირ უნდა გაჯახოთ, ჩემთვის თავისუფლება მეტრაკეობას არ ნიშნავს! რა ორიგინალური აზრია არა?! ვისთვისაც პირიქით არის - მისი პრობლემაა!

ხედავთ რა თემაზე ავლაპარაკდი?! წინა კვირას სულ აფრიკაზე ვყვებოდი! ასეც მინდოდა გაგრძელება, მეგობრებმაც მომწერეს - ”თორნიკ, მეტი აფრიკა! გვაინტერესებსო!”. მაგრამ ეს მეორე კვირაა გადაირია თბილისი! დაივიწყა ყველა დიდი თუ პატარა პრობლემა, არჩევნები, ქალაქის თავი... ყველაფერი და ჩაიძირა ორთოდოქსულ-მამათმავლურ უნიჭო, პროვინციულ, შუასაუკუნოებრივ გარჩევებში. ეს ზვავი აგორდა, აგორდა, აქ აფრიკაშიც მომაგნო და მეც წამლეკა...

დასავლეთ აფრიკაში, ფრიტაუნში - თავისუფალ ქალაქში განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას და ღირსებას. ამ რამდენიმე კვირის წინ დავწერე და კიდევ შეგახსენებთ: ”ფრიტაუნს 1792 წელს ჩაუყარა საფუძველი ტრანსატლანტიკურმა სავაჭრო კომპანიამ, როგორც განთავისუფლებული მონების საცხოვრებელს. მთელს მსოფლიოდან ჩამოჰყავდათ მონად ნამყოფი აფრიკელები, ურიგებდნენ  მიწის ნაკვეთებს და აქ ასახლებდნენ. ასე ჩამოყალიბდა სიერა ლეონეს დანარჩენი ტომებისაგან სრულიად განსხვავებული ახალი თემი, კრიო და მათი სამყოფელი - ქვეყნის მომავალი დედაქალაქი - ფრიტაუნი.”

ერთხელ მაინც უნდა გაიგონოთ, როგორი გამოთქმით და გრძნობით ამბობენ აქაურები - ”Liberty!!!“. ეტყობა გენეტიკას ჯერ კიდევ ახსოვს შოლტის შხუილი და გემბანზე მორახუნე ბორკილები. უნდა დაინახოთ როგორი მგრძნობიარეები არიან ურთიერთობაში,  თეთრ კაცთან განსაკუთრებით, სულ მზაობაში დაიცვან თავისი ღირსება და თავმოყვარეობა  და როგორი მადლიერები და ერთგულები ხდებიან თუკი შენგან ადამიანურ და მეგობრულ მიდგომას დაინახავენ...

მაგრამ განა ჩვენ ქართველებს აღარ გვახსოვს რუსის ჩექმა! სულ ახლახან არ იყო 9 აპრილს ტანკებით გასრესილი რუსთაველის გამზირი, ეხლა არ შეგვახსენეს თავი ბომბემით... და განა სადმე შორს წავიდა ერთმორწმუნე, ჭეშმარიტად მართლმადიდებელი რუსეთი?!  ეტყობა მონობას თავისი სიტკბო აქვს... კარგად გვიხმარეს და ჯერაც გვენატრებიან...

Liberty - თავისუფლებაა, ლიბერალი - თავისუფლების მოყვარული!  საქართველოს მთელი ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლაა, საკუთარი თვითმყოფადობის გადარჩენისათვის თავგანწირვაა. ხომ არ ვმარცხდებით?

”ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო...” აღარ გახსოვთ მოხევე? აღარ გახსოვთ ამ სტროფების ავტორი, საქართველოს უპირველესი ლიბერალი ილია ჭავჭავაძე?

რა არ დამართეს ილიას, რა არ მოუგონეს ჯერ სიცოცხლეში, მერე მუხანათური მკვლელობის შემდეგ. როგორ აღარ ათრიეს, ყველა ძაღლი და კატა მისი სახელით გამოდის და ჭეშმარიტებას ამტკიცებს. მერე ეკლესიამ მიითვისა და წმინდანად შერაცხეს... ეხლა კი რაღაც საოცარი ”ილიაუნიო”. ვერაფერი დააკლეს! ჩემთვის ილია ჭავჭავაძე არის ვიდრე გიორგიევსკის ტრაქტატიდან დღემდე საქართველოსათვის მზრუნველი ყველაზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოღვაწე. საქართველოს ჭირისუფალი, მისი თანამდევი უკვდავი სული... და ლიბერალი.

გრიგოლ ორბელიანიც კი ამბობს ბურთივით მრგვალი ლიბერალიო... ხომ არ უთქვამს ლიბერალ-ოღრაშიო?!

წარმოიდგინეთ ვინმეს ილიასთვის რომ ეკადრებინა - შე ლიბერალ პედერასტოო!!!

მაგრამ ისიც ვერ წარმომიდგენია გაზეთ ”ივერიის” რედაქციაში ლიტერატურულ საღამოზე ეკო დეისაძის პორნოგრაფიული ბოდვა წაეკითხოთ და მერე სერიოზულად გაერჩიოთ.

ყველა თემს, ყველა საზოგადოებას ყავს თავისი კარგიც და ცუდიც, ნიჭიერიც და უნიჭოც, დალაგებულიც და უკუღმართიც, მაგრამ მხოლოდ თითონ საზოგადოება არის ყოველთვის თავი და თავი მიზეზი იმისა თუ საით გადაიხრება. ზოგ ჯანმრთელ და ობიექტურად განმსჯელ საზოგადოებაში ყოველდღე ხდება უხამსობაც, უსამართლობა და ძალადობაც, მაგრამ ადექვატური რეაქციის შემთხვევაში ადვილად აილაგმება და რასკავირველია კოსმოსურ მაშტაბებს ვერ აღწევს. აი თუკი საზოგადოება არის დაავადებული, უსაქმური და  არაობიექტური, ან საერთოდ ჩანასახობრივ მდგომარეობას ვერ გასცდენია... მაშინ არის საშიში. ეხლა მიდის კონსპიროლოგიური გარჩევები, ვინ დგას ამის უკან, ეს აწყობს ხელისუფლებას, რუსეთის ხელია, პროვოკაციაა. თქვე ოჯახაშენებულებო მერამდენედ უნდა წამოვეგოთ უმარტივეს ანკესებს და გავეკვეტოთ უპრიმიტიულეს პროვინციულ ხაფანგებში.

ერთ მხარეს პოპულარობას და სკანდალს მოწყურებული არც თუ ჯანმრთელი ყმაწვილი და მეორე მხარეს მძვინვარე ძალად მორწმუნეეები. რატომ უნდა ჩავერიოთ მათ სადო-მაზო თამაშებში. ბიჭმა სწორედ ის მიიღო რაც უნდოდა, გააღიზიანა საზოგადოება, მიიქცია ყურადღება და ეხლა კაიფშია... მეორ მხრიდან კი მეთოდურად მიდის რელიგიას და რწმენას ამოფარებული ძალაუფლებისათვის, საზოგადოების დატყვევებისათვის გაშმაგებული ბრძოლა.

პოლიტიკოსები და ქვეყნის ბედზე ვითომ მოფიქრალები კი ჭეშმარიტებას მერამდენედ ღალატობენ და მხოლოდ იმას დარდობენ მომენტი როგორ გამოიყენონ, ”ელექტორატი” არ დაკარგონ.... მოკლედ საკუთარი ტყავი გადაარჩინონ და სარგებელიც ნახონ. სპეკულიანტები!!!

განა თითონ საზოგადოებამ მეთოდურად არ შექმნა  სიტუაცია, როდესაც წვრილმანსა თუ მსხვილმანს გაუნათლებელ მოძღვრებს ეკითხებოდნენ. განა ტრადიციად არ იქცა ყველა საქმის, გამოფენის, ბიზნესის, პოლიტიკური შეკრების თუ სპორტული შეჯიბრის უაზრობამდე მისული კურთხევის რიტუალი?!

განა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თავის სასარგებლოდ არ ცდილობდნენ ეკლესიის და რელიგიის გამოყენებას. როგორ იყო სტადიონიდან საპატრიარქოში რო წავიდნენ, მიტინგების ამბავი პატრიარქს ვკითხოთო?!

აი შედეგიც.

ეს არის უგუნურების, უწიგნურობის, გაუნათლებლობის და უკიდურესი პროვინციალიზმის შედეგი. როდესაც ოპოზიციამ საკნები დადგა რუსთაველზე, ჯობდა ეს საკნები დოჩანაშვილისეულ კარცერ-ლუქსებად გადაეკეთებინად და იძულებით წიგნის კითხვა  შემოეღოთ.

ანაზდად, სახელდახელოდ, მოუმზადებლად მინდა ჩამოვთვალო სახელები.
არაფერს ვამბობ ბუმბერაზებზე, შოთა რუსთაველზე და ვაჟა ფშაველაზე, უფრო ახლო წარსული გავიხსენოთ:

ზაქარია ფალიაშვილი
დიმიტრი უზნაძე
ივანე ბერიტაშვილი
დავით კაკაბაძე
ევგენი მიქელაძე
მიხეილ ჯავახიშვილი
ჯორჯ ბალანჩინი
შალვა ნუცუბიძე
ვანო სარაჯიშვილი
პეტრე ოცხელი
კოტე მარჯანიშვილი
ლადო გუდიაშვილი
ტერენტი გრანელი                       
გრიგოლ რობაქიძე

ეს სია, შეგვიძლია გავაგრძელოთ და გავაგრძელოთ... გენიოსები, კაშკაშა ვარსკვლავები, ნიჭი, ნიჭი, ნიჭი...

რამდენი გემოვნება, ინტელექტი, ხალასი ენერგია მოდის ამ სახელებიდან, როგორი სიამაყის, სიმშვიდის და პერსპექტივის განცდაა. აბა ცადეთ, კიდევ გადაიკითხეთ, თქვენიც მიამატეთ. გრძნობთ?

ამ უზარმაზარი აისბერგის ნამსხვრევები დღესაც შეგვიძლია მოვნახოთ:
-         პატარა კახელი ბიჭი - ბექა გოჩიაშვილი უკრავს ნიუ იორკში და მისი ჯადოსნური თითებიდან იბადება გასაოცარი მუსიკა;
-         გია დვალი - მსოფლიოში აღიარებული ფიზიკოსია;
-         ქეთი მელუა - მის ნანასავით მელოდიებს უსმენს მილიონობით ადამიანი;
-         ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი - ამერიკის გამოჩენილ სარდლებს შორის, ვაშინგტონი, ლი, გრანტი, ეიზენჰაუერი, შვარცკოპფი, დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი;
-         ოთარ იოსელიანი - ნებისმიერი კინოფესტივალისათვის პატივია მისი სტუმრობა;
-         და სხვა, და სხვა, და სხვა....

აუცილებლად უნდა გადაიხვეწოს დღევანდელი ქართველი, რამე რომ გამოუვიდეს?

აი მისაბაძი მაგალითები,  იქნებ ამ ხალხმა გადაგვძალოს, მათკენ წავიდეთ, მათსავით ვიფიქროთ. ნუ გავიხდით მოძღვრებად და ჭკუისდამრიგებლებად ნახევრადგანათლებულ ფანატიკოსებს, რომლებიც დოჩანაშვილის გმირივით ”ჩრდილში დიკენსით და აქა იქ ტოლსტოით” კმაყოფილდებიან.

მოდი ეხლა სხვა ვცადოთ.

...ეკო დეისაძე და მალხაზ გულაშვილი, ნინო ბურჟანაძე და ზურაბ ნოღაიდელი... აბა გულწრფელად მითხარით რა ასოცოციაები გიჩნდებათ და რასა გრძნობთ? ალბათ ”სასიამოვნო ჟრუანტელი” გივლით ტანში როცა ამ სახელებს ”ლოცვასავით” ჩურჩულებთ! არ დაგავიწყდეთ, ყოველ ღამე ძილის წინ გაიმეორეთ და რაც მთავარია ბავშვებს ასწავლეთ... ”ჩვენი დროის გმირები”.

მოდი ერთი პრანჭვა გრეხვას მოვრჩეთ და უბრალოდ სიმართლე ვთქვათ:

-         ოპოზიციური პოლიტიკოსების მოსკოვში სირბილი - ღალატია. მათი სახელია - იუდა!
-         ეკო დეისაძის ”ლიტერატურა” - უხამსი უნიჭობაა.
-         ნამდვილ, ჭეშმარიტ, ერთადერთ მართლმადიდებელ მშობელთა კრებას, უკაცრავად, კავშირს, არანაირი კავშირი არა აქვს რწმენასთან, ქრისტიანობასთან, სიკეთესთან, კაცთმოყვარეობასთან. მათი საქციელი შუასაუკუნეობრივი სიბნელე, უწიგნურობა და ბარბაროსობაა...
-         ქართული ეკლესიის მესვეურები ზუსტად ისე იქცევიან როგორც ფუნდამენტალისტი მუსულმანი მოლები. არათუ არ გმობენ ძალადაობას, ჩუმჩუმად (მგონი უკვე აშკარად) აქეზებენ მას და განსაკუთრებით ლოყებღაჟღაჟა და ჯანღონით სავსენი კი თითონაც მონდომებით იქნევენ მუშტებს - ნამდვილი ”სულიერი მამები”!
-         ჩვენი ფსევდოსაზოგადოება კი დაბეჩავებული და დათითოებული, ქოთქოთებს და ვირტუალურად პირწიგნაკში (ფეისბუკში) ამყარებს სამართლიანობას...

ვიღაც ვიღაცეებს ეტყობა ეშინიათ თავისუფლების, ვაითუ მოწოლილ სურვილებს ვერ გაუძლოთ და ემანდ რამე უკუღმართობა არ მოგვივდესო...

წინ კი მერის არჩევნებია!

ქართველო დეგენერატებო (ჩემი ჩათვლით!!!) აზზე მოდით!!!

* * *
ამას წინათ გავიგე რომ ჩვენი ფრიტაუნის კარ-მიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო  მაგარი გოლფისტიაო. ახალგაზრდობაში თურმე სიერა ლეონეს გუნდის წევრი ყოფილა და საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობა. ინტერნეტ-ფეისბუკ ბრძოლებისაგან გატანჯული ჰაერის ჩასასუნთქად ეზოში გავედი.

-         მომო!
-         სერ!
-         ხვალ წამომყევი, გოლფის თამაში მასწავლე.
-         დიახ სერ!
-         ლიბერალ-მეტრაკეების თამაში ყოფილა არა?
-         რა თქვით სერ? - გაკვირვებისგან თვალები დაქაჩა.
-         არა, არაფერი. ხომ მასწავლი ყვანჯის ქნევას?
-         დიახ, სიამოვნებით სერ!


ქ.ფრიტაუნი
2010 წლის 12 მაისი

თორნიკე ბერიშვილი



9. მასკიტა
(სიერა ლეონეს უახლესი ისტორიიდან)

1991 წლიდან მოყოლებული სიერა ლეონე გააპარტახა ათწლიანმა სამოქალაქო ომმა. აყვავებული, ინგლისელების მიერ აშენებული და სამოციან წლებში ახალი  დამოუკიდებელი ქვეყნისათვის გადაცემული ინფრასტრუქტურა ერთიანად გაცამტვერდა და დაიქცა. ისე გასწორდა მიწასთან, თითქოს არც პორტუგალიელები მოსულიყვნენ საუკუნეების წინ, არც ბრიტანეთის იმპერიის სახსენებელი ყოფილიყოს არასოდეს. თითქოს არც ეარსებოს ”დასავლეთ აფრიკის ათენად” წოდებულ ფრიტაუნს თავისი გამოჩენილი ”ფორაბეი კოლეჯით” და სამაგალითო სასწავლებლებით. ყველაფერი ერთბაშად პირველყოფილ და მახინჯ ფორმებს დაუბრუნდა.

ამ უბედურების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო გენერალი ”მასკიტა”. 1991 წელს სწორედ მასკიტა შემოუძღვა ლიბერიიდან სიერა ლეონეში RUF - ის (გართიანებული რევოლუციური ფრონტის) რაზმებს. შემოუძღვა და ენით აუწერელი უბედურება დაატრიალა.

          ლიბერიის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის მოზეს ბლას დაკითხვიდან ჰააგის სასამართლოში:
კითხვა: - ... დავაზუსტოთ, ეს პრეზიდენტ ტეილორთან შეხვედრის შემდეგ მოხდა?
პასუხი: - დიახ. ეს იყო შეხვედრის შემდეგ, სწორედ ამ დროს დაბრუნდა სემ ბოკარი (მასკიტა) ლიბერიაში
.... ბოლოს ვნახე ჩემს სახლში ქალაქგარეთ ფერმაზე. მე იქ წავედი დასასვენებლად. საღამოს ჩამოიარა დიდმა კოლონამ. ასზე მეტი მანქანა იყო. შეიარაღებული სამხედროები. კოლონა გაჩერდა. შემოვიდნენ ბენჯამინი (პრეზიდენტის პირადი დავალებების შემსრულებელი) ცოლთან ერთად, ბოკარი ცოლთან და კიდევ რამდენიმე ქალთან ერთად... ბენჯამინმა მითხრა რომ ჩვეულებრივ საპატრულო დავალებას ასრულებს და ბოკარი პრეზიდენტმა გამოაყოლა. კარგ ხასიათზე იყვნენ, შევიპატიჟე, ცოტა ხანს გაჩერდნენ, ცოტა დალიეს, დაისვენეს და გზა გააგრძელეს...

RUF - ი ვითომ ხალხთა განთავისუფლების და ძმობა თანასწორობის ლოზუნგით მთელ დასავლეთ აფრიკაში დათარეშობდა. სად არ გადასწვდა, სად არ აურდაურია საქმე ლიბიელი კადაფის წაქეზება-დაფინანსებით და მისი მეგობარი ჩარლზ ტეილორის, რომელიც ამ ტალღაზე სიერა ლეონეს მეზობელი ლიბერიის პრეზიდენტი გახდა, ორგანიზებით.

სიერა ლეონეს ჯერიც დადგა. ტეილორმა ცივსისხლიანად დაგეგმა არეულობა, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა და შემდეგ ათი წელი შეინახა გაღვივებული ნაკვერჩხალი. ვინ აღარ ჩაიწილა და ”ჩაისასტავა”, ვინ აღარ მოითბო ხელი - რუსი ავანტურისტები იარაღით ვაჭრობდნენ, თანაც განურჩევლად, აქეთ იქით ყველა მხარე კალაშნიკოვს ატრიალებდა. ტალიბანი და ალ-ქაიდა იარაღს ალმასებზე ცვლიდდენ. ათასი ჯურის ავანტიურისტი და ყაჩაღი შეიკრიბა მთელი მსოფლიოდან და დაიწყო სრული განუკითხაობა. ბატონი ტეილორი კი  ყველაფერს ამას ”ამენეჯმენტებდა”. მისმა პირადმა სარგებელმა ოპერაცია ”სიერა ლეონედან” სამას ოთხმოც მილიონ დოლარს გადააჭარბა. გენერალი მასკიტა კი ჩარლზ ტეილორის მარჯვენა ხელი და საყვარელი შემსრულებელი გახლდათ და თავისი წილი არც მან დაიკლო.

სემ ”მასკიტა” ბოკარი (Sam 'Maskita' Bockarie), 35 წლის, 1990 წელს ლიბერიაში ჩაეწერა RUF - ის სიაში. იგი კონოში დაიბადა, სიერა ლეონეს ალმასებით მდიდარ პროვინციაში. მამამისი ალმასის მაძიებელი იყო, როგორც უმრავლესი კონოელი გლეხობა.

უნდა იცოდეთ თუ რა ჯოჯოხეთური შრომაა ალმასის მაძიებლობა. მთელი დღეები აფრიკულ ხვატში წელამდე წყალში დგას ათასობით ადამიანი, თხრიან ”გრაველს” - ალმასის შემცველ ნიადაგს, მერე საცერში რეცხავენ და ეძებენ, ეძებენ იმ ერთადერთ ქვას რომელიც სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. როგორც წესი უმრავლესობა ავადდება, სხვადახვა ინფექციებისაგან ცოცხლად ლპება, ბრმავდება... მაგრამ არ, ან ვეღარ ეშვებიან ამ საქმეს და გრძელდება ეს გაუთავებელი ”გრაველის” რეცხვა თაობიდან თაობამდე...

მასკიტამ მეორე კლასიდან მიატოვა სკოლა და მამასავით ალმასის მაძიებლობა დაიწყო. 1985 წლამდე ეძებდა ბედს, მერე დისკოს მოცეკვავედ გადაიქცა და ისევ იქვე ტრიალებდა, მაინინგიდან (როგორც აქ ეძახიან ალმასის ძებნას) მაინინგზე გადადიოდა, კონცერტებს აწყობდა და ალმასის მაძიებლებს ართობდა. ასე ხეტიალ-ხეტიალში ლიბერიაში გადავიდა და პარიკმახერობას და ოფიციანტობას მიჰყო ხელი. ხან ლიბერიაში მუშაობდა და ხანაც კოტდივუარში. სწორედ ამ დროს 1989 წელს შემოვარდა კოტდივუარიდან ლიბერიაში ჩარლს ტეილორი თავისი RUF - ის რაზმებით. იმდენი ქნა რომ ბოლოს ლიბერიის პრეზიდენტი გახდა.

”მასკიტა” შემთხვევით აღმოჩნდა RUF - ში, ერთხელაც მიმავალ საბარგოს შეახტა და რამდენიმე დღეში სადღაც ტყეში, საწვრთნელ ბანაკში ამოჰყო თავი...

1991 წელს კი უკვე გენერალი ”მასკიტა” რაზმებს მიუძღვება საკუთარი სამშობლოს ასაოხრებლად.

საოცარი ათწლეული გამოიარა სიერა ლეონემ. უსასტიკესი სამოქალაქო ომი, მილიონობით დახოცილი და დასახიჩრებული ადამიანები, გაოხრებული და მიწასთან გასწორებული ქვეყანა. ”რებელები” (ასე ეძახოდნენ RUF - ის რაზმებს) ერთის მხრივ და ”კამაჯოსები” (სახელმწიფოს მხარდამჭერი მოხალისეების რაზმები) ებრძოდნენ ერთმანეთს. ცოტა უცნაური კი იყო ეს ომი. ორივე მხარე ცდილობდა ისე ეთარეშა ქვეყანაში რომ ერთმანეთს არ გადაყროდა. არა სჯობია მშვიდობიანი უიარაღო ხალხი დაზაფრო და დააწიოკო?! აბა შეიარაღებულ მოწინააღმდეგეს თუ შეები, ვაითუ მართლა გესროლონ?! იქამდე მივიდა საქმე, რომ ერთმანეთს უთანხმებდნენ მარშრუტს, ემანდ მართლა არ გადავეყაროთ შემთხვევითო.

გენერალმა მასკიტამ ყველა რეკორდი მოხსნა. შიშმა პათოლოგიური ფომები მიიღო. ხალხი მხოლოდ მისი სახელის გაგონებაზე ხდებოდა ცუდად.. სისხლის ზღვა დააყენა... მან მოიგონა ხელების დაჭრა - ამ ხელებით მონაწილეობდით ხალხის მტერი მთავრობის არჩევნებშიო! მან მოიგონა მოზარდების თვალწინ მშობლების დახვრეტა და მერე ამ მოზარდების ”წამალზე დადსმა” და თავის რაზმებში ჩაწერა, ორსული ქალების საჯაროდ გაფატვრა... ჩვეულებრივი მკვლელობა, გაუპატიურება და ა.შ. ლმობიერებად ითვლებოდა... 

მასკიტას რაზმი პატარა სოფელში შევიდა, გზა აერიათ და სულ შემთხვევით მოხვდნენ აქ. არაფერი საინტერესო, მიწური ქოხები, ტიტველი ბავშვები... დიდი პალმის ქვეშ ხის გათლილი სავარძელი - ბელადის სკამი.

-         ესენიც რომ კუდაბზიკობენ! - გაიფიქრა მასკიტამ.

უცებ ხასიათზე მოვიდა, ბელადის სკამისკენ წავიდა. ჩაჯდა, უმალ მოართვეს პატარა კუნძი, ზედ ფეხები შემოაწყო და თავისიანებს გადახედა... ყველამ იცოდა რა უნდა ეკეთებინათ, ამუშავდა ჩვეული მანქანა, დაიწყო სპექტაკლი...

ამას ერქვა რაზმში ახალი წევრების მიღება. მოზარდების თვალწინ უნდა დაეხოცათ და დაესახიჩრებინათ მათი მშობლები და უფროსები, მერე ეს მოზარდები უნდა წაესხათ და ახალ რაზმელებად ექციათ. ეს იყო მასკიტას ”ნოუ ხაუ”. შეყარეს მთელი სოფელი,.  ყველა მოლოდინით და შიშით უყურებდა... შუაში კუნძი დააგდეს, რამდენიმე კაცი და ქალი იქვე უსიტყვოთ, სამაგალითოდ დახვრიტეს. რიგ-რიგობით მოათრევდნენ კაცებს და ორივე ხელს აჭრიდნენ.. იდგა კვნესა, ტირილი და გოდება...

საიდანღაც გამხდარი, ძარღვიანი მოხუცი გამოვიდა წინ

-         ბელადი! ბელადი!
-         ჩვენ არაფერი დაგვიშავებია - მოხუცმა ორივე ხელი ასწია - გაუშვი ეს ბავშვები, რა გინდა? თუ რამე გვაბადია და გჭირდება შენი იყოს...
-         ბებერო, ხელს ნუ გვიშლი. თუ გინდა აქ დაჯექი და სანახაობით დატკბი. მოუტანეთ სკამი - ბალადის სავარძელში გაშხლართულა მასკიტა.
-         ნუ იზამთ ამას!
-         ბებერო გაეთრიე აქედან!

ორი კაცი ეცა ბერიკაცს აქეთ იქიდან და გაქაჩეს. მთავარ ჯალათ-შემსრულებელს, ზორბა ზანგს მიუთრიეს და მის წინ მუხლებზე უნდოდათ დაეცათ. ორმეტრიანმა გორილამ სისხლიანი მაჩეტე (კოტლასი აქაურად) მოუღერა და სანდომიანად გაუღიმა.  მოულოდნელი მოძრაობით მოხუცი გამკავებლებს გაუსხლტა... მთავარ ჯალათს თავური ჩასცხო გაპრტყელებულ ცხვირში. იმან სიმწრისაგან დაიხავლა, მაჩეტეს ხელი გაუშვა და სახეზე აიფარა ორივე ხელი. უცებ დაავლო ხელი დაგდებულ კოტლასს, ქვევიდან ამუქნია და მარჯვენა ბადრაგი ყვერებიდან მუცლამდე ამოჩეხა...

-         ძაღლებს არც კი გაულესიათ - გაუელვა

უცებ  უნაცვლა ხელი და მეორეს შიგ ყელთან ჩასცხო, ლავიწი ჩაუმტვრია... იცოდა მოხუცმა რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, შემობრუნდა და მასკიტასკენ წავიდა... სადღაც გვერდიდან  დაიჯაჯღანა კალაშნიკოვმა და წელში გადაწყეტილი მიწაზე დააგდო...

ბელადის სავრძელში გარინდული, შავ სათვალეს ამოფარებული მასკიტა დაგიპნოზებული მიშტერებოდა ამ უცნაურ დავლურს... ერთხელ კიდევ იძალა ბერიკაცმა, მიწა მოფხოჭნა და ძალუმად გაიწია, თვალებით ლამის შეჭამა... გენერალი მასკიტა უეცრად ისევ დალაქად იქცა რამდენიმე წამით...

ყველა ერთად ესროდა განახევრებულ მოხუცს ....

მასკიტამ სული ძლივს მოითქვა და გვერდით გაიხედა, აცრემლებული ბავშვები აღარ ტიროდნენ, უცნაური დამცინავი ღიმილით უყურებდნენ მასკიტას და ძალუმად მუშტავდნენ პატარა მუჭებს...

-         ესენი არც ერთი აღარ გამოდგება...

ჩქარ-ჩქარა, ფართხა-ფურთხით, უდილიხოროდ ამოხოცეს მთელი სოფელი და გაეცალნენ იქაურობას. პატარა სოფელს მარაუ ერქვა...

2003 წელს დატოვა მასკიტამ სიერა ლეონეს ტყეები და ლიბერიას შეაფარა თავი ძმაკაც ტეილორთან. სიერა ლეონეს მთავრობამ ნოტა გაუგზავნა ლიბერიას და მოსთხოვა სემ ”მასკიტა” ბოკარის დაკავება და საერთაშორიშო სასამართლოსთვის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტი ტეილორი განიხილებოდა როგორც სამხედრო დამნაშავეთა მფარველი და მათი თანამონაწილე.

ოფიციალური განცხადებით ”მასკიტამ” შეიარაღებული წინააღდეგობა გასწია საზღვრის გადაკვეთისას და შეტაკებაში დაიღუპა. ვერ გადარჩა მასთან ერთად მყოფი ვერც ერთი ოჯახის წევრი და თანმხლები პირი....

ლიბერიის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის მოზეს ბლას დაკითხვიდან ჰააგის სასამართლოში:
კითხვა:  ... რა მოხდა მეორე დღეს?
პასუხი: .... მოვიდა კურიერი, ბენჟამენი გთხოვთ სახერხის ტერიტორიაზე მიხვიდეთ, იქ შეჩერდა პატრული და გელოდებათ... აუცილებელ საქმეზე აქვს სალაპარაკოო...
... სახერხის ტერიტორიაზე შევედი, ჩემი დაცვა წინ გამიძღვა და ბენჯამინთან მივედი. ხის სავარძელში იჯდა და მელოდა. რომ მივედი წამოდგა - სალამი ჩიფ! იმ პიკაპთან მიდი, ნახე. ეს იყო ჩვენი მისია... მანქანისკენ წავედი. დაცვამ გამასწრო, პირველი მივიდა, საბარგულში ჩაიხედა და გაჩერდა... მეც მივედი... ბოკარის გვამი ეგდო საბარგულზე, სამხედრო ფორმაში იყო, თავისი იარაღიც ზედ ქონდა... გვერდზე მეორე სამხედროს გვამი იყო, თავმოჭრილი, თავი იქვე ეგდო... ისევ ბენჯამინთან დავბრუნდი... - ეს იყო პატრულის მისია?! -ეს იყო ჩიფ! ჩიფმა დამავალა პირადად.  - კარგი, მე მონროვიაში (დედაქალაქში) მივდივარ! - დიახ ჩიფ! მეც იქით მოვდივარ, უნდა ვუპატაკო!

ძალიან ბევრი, პრაქტიკულად ყველაფერი, ზედმეტი იცოდა მასკიტამ...

ლიბერიის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის მოზეს ბლას დაკითხვიდან ჰააგის სასამართლოში:
პასუხი: ... საწრაფოდ ჩავედი მონროვიაში (ლიბერიის დედაქალაქი), პრეზიდენტთან გავემართე. ...
-         ბენჯამინმა ჩამოიარა დღეს ჩემს სოფელთან... იქ მანქანის საბარგულში ვნახე ბოკარის და კიდევ ერთი სამხედროს გვამი...
-         ეგ შენი საქმე არ არის! ეს სამხედრო ოპერაციაა და შენ როგორ ვიცე-პრეზიდენტს არ გეხება... დაივიწყე...

როგორც ლიბერიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჩარლზ ტეილორმა ჰააგის სასამართლოზე განაცხადა, მისი დადანაშაულება სემ ბოკარის და მისი ოჯახის მკვლელობაში აბსურდია.

-         მე შვილივით მიყვარდა ეგ ბიჭი, ძალიან ვაფასებდი. მძიმედ განვიცადე მისი სიკვდილი და რასაკვირველია არავისთვის მის გადაცემას არ ვაპირებდი...

ფრიტაუნზე შეტევისას უცხოელი ჯურნალისტები სატელიტური ტელეფონით დაუკავშირდნენ მასკიტას და ინტერვიუ ჩამოართვეს:

-         მე მიხარია! ყველგან ჩემი სახელი ისმის. ჩვენ არ გავახარებთ ხალხის სისხლის მსმელ მთავრობას! მე რა ვიცი რამდენი კაცი მყავს მოკლული! შეტევისას ჩემს ტყვიებს ვერავინ ვერ გადაურჩება!!!

*  *  *
ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო მიყვება ხოლმე აქაურ ამბებს.

-         მომო ომის დროს მოგიწია ბრძოლა?
-         ეჰ სერ! არ მიყვარს მაგ ამბების გახსენება! თქვენ ბედნიერი ხართ სერ, არ იცით რა არის სამოქალაქო ომი!
-         კარგი მომო, ეგრე იყოს...

ქ. ფრიტაუნი
20 მაისი 2010 წელი
თორნიკე ბერიშვილი


10. ოქრო
(აფრიკელი, სემიტი, კავკასიელი)

უმდიდრესი ქვეყანაა სიერა ლეონე. აქ ყველაფერია: მშვენიერი ბუნება, მდიდარი ფლორა და ფაუნა, ოკეანის არაჩვეულებრივი სანაპირო, ყველანაირი წიაღისეული: რკინა, ბოქსიტები, რუტაილი, გრანიტი, მარმარილო, ოქრო, ალმასი... და ვინ მოსთვლის კიდევ რა.

ამასთან ერთად უღარიბესი ქვეყანაა სიერა ლეონე, ერთ-ერთი ბოლოა ქვეყნების სიაში. უკიდურესი გაჭირვება, მიუსაფრობა და სიდუხჭირეა.

თვითონ აქაურები მწარედ ასე ხუმრობენ  თავის თავზე. ღმერთი რომ ქვეყნებს ანაწილებდა და სიერა ლეონეს ჯერი მოსულა, დაუფერთხია კალთა, ჩაუყრია ამ მიწაში რკინა, მერე ოქრო, მერე ალმასები,  ნავთობი, არაჩვეულებრივი ხილი, უხვად წყალი... ანგელოზებს შეუბედიათ, უფალო ერთი პატარა ქვეყნისათვის მეტი ხომ არ არისო? - მაცალეთ ჯერ ნახეთ აქ ვინ დავასახლოო...

ომი ახალი დამთავრებულია, სტაბილურობისა და ეკონომიკის განვითარებისა რა გითხრათ და ამიტომ ეტანება აქაურობა უამრავი ავანტიურისტი და იოლი გამდიდრების მსურველი. თავის ქვეყანაში რომ ვერ გამოდგნენ და დარწმუნებულები არიან ამ ველურ ხალხში ”გავიჩითები”, მივდგებ მოვდგები, ჭკუაში ვაჯობებ და ავშენდებიო...

ამ რამდენიმე წლის წინ სურამიდან დიდი ხნის წინათ წასული ებრაელი ”ბიძა” და მისი ძმისშვილი ”გამეჩითნენ” ფრიტაუნში. საბიზნესოდ ჩამოვიდნენ. მე თბილისიდან დამირეკეს და მთხოვეს სერიოზული, კარგი ხალხია და ხელი შეუწყე, თუ რამე შეგიძლია მიეხმარეო. ან თხოვნა რად მინდოდა, ძლივს ქართულად მოლაპარაკე ხალხი ვნახე.

თუკი ვინმეს ვიცნობდი და გავლენიანი ან სერიოზული ნაცნობი მყავდა, ყველა შევახვედრე. ისენიც არ დამზარდნენ და ათასნაირად დაარიგეს ჭკუა. ამ ჩემმა ებრაელებმაც რომ მიიხედ მოიხედეს, ბევრი რამ  აწონ-დაწონეს და გაზომ გამოზომეს, ხელები მოიფშვნიტეს და თქვეს:

-         ეხლა გვიყურე, დაგენაცვლე, ამ არიფებს და გოიმებს რა უყოთო. შენ ჩვენთან იყავი და შენს ბედს ძაღლი აღარ დაჰყეფსო.

ოქროო! - დაიჩემეს. ეგ არის რაც არის. დღევანდელ ეკონომიკას ეგ შეეფერება. ამ ბედოვლათებმა რა იციან ”ბურსას” ფასი. აქ იაფად დავცინცლავთ, იქ კი ძვირად გავყიდით! ეგ არის ბიზნესიო! მოკლედ - ოქროო!

ჩემმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დოქტორმა ბაბა კონდემ მთელი ლექცია ჩაგვიტარა ასე ქენით და ისე ქენით, ლიცენზია აიღეთ, ყველაფერი კანონით გააკეთეთ და ქე მაინც არ წააგებთო. მერე მე განზე გამიხმო და მითხრა:

-         ეგ შენი სტუმრები თუ მეგობრები რაღაც ალმაცერად მიყურებენ, მგონი არ მიჯერებენ და იცოდე შარში გაეხვევით, ხომ იცი ჩემი ძმა ხარო...

-         დოქტორ, - გამეცინა - შენ არ იცი ეგ რა ჯიშის ხალხია, მთელი მსოფლიო მაგათ ჭკუაზე დადის და ოქრო ხომ საერთოდ მაგათი მოგონილია...

დოქტორამ სევდიანად შემომხედა, მძიმედ ამოიოხრა

-         რამე უკანონობაში არ გაიხლართონ, თორემ ვეღარ გიშველით, ვინმე თუ რამეს შემოგთავაზებთ, აუცილებლად დამიძახეთ, თუ ჩემი გამოჩენა იუარეს, იმ ხალხთან საქმე აღარ დაიჭიროთ...

ებრაელებმა კი:

-         ეს ვინ ბიუროკრატი და პედანტი მოგვიყვანე, წილში უნდა ჩაგვიხტეს, მაგასთან ერთად დახლი არ დაგვიდგებაო...

მესამე თუ მეოთხე დღე იყო, სასტუმროში მივადექი. საქმიანად დამხვდნენ, გახარებულები.

-         აგერ ძმაო, სერიოზული კაცი სერიოზულ კაცთან მიდის, მაგარი შეხვედრა გვაქვს და წამოგვყევიო.

წაგვიყვანეს ქალაქის მეორე ბოლოს. მივადექით უშველებელ გალავანს. ეზოში ერთი სამი ახალთახალი, უძვირესი მანქანა იდგა... მეორე სართულზე გაწყობილ დარბაზში შეგვიპატიჟეს, აქ მოისვენეთო, სასმელი და ხილი მოგვართვეს. ცოტა ხანში სამი კაცი შემოვიდა. ერთი ძვირფას აფრიკულ ბალახონში, ხელში უშველებელი კრიალოსანით, ორნი აშკარად მოწიწებით მოყვებოდნენ. ხელი ჩამოვართვით.

-         ეს ალაჯი ალ-მამია, წარმოგვიდგინა ერთერთმა ბალახონიანი - ალაჯი შარშან გახდა, მექა მოიარა...

და კედელზე უშველებელი ფოტოსურათისკენ მიგვითითა, იქ მართლა მექას ფონზე იდგა მომღიმარი ალ-მამი...

დაიწყო მაგრამ რა დაიწყო. ვაჭრობა თავბრუდამხვევი, საკუთარი შესაძლებლობების და კავშირების ჩვენება და ტრაბახი, მე ესა ვარ და მე ისა ვარო. არც ერთი მხარე არ უდებდა ტოლს... ბოლოს, ეს ერთი და სხვა მრავალიო, ჩვენ დიდი ხნის და დიდი მასშტაბის პარტნიორები უნდა ვიყოთო და ამ პირველით გამოვცადოთ ერთმანეთიო... და... ოცი კილოო!!! ალ-მამიმ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა თავისიანებს. ერთ-ერთი ადგა და გავიდა...

აბა თავიდან გახურდა, ეხლა ფასზე ვაჭრობა. გრამზე ოცი დოლარიდან დაიწყეს და თორმეტ დოლარზე გაჩერდნენ. ცხრა ოფლი გადასძვრა ორივე მხარეს.

შემოიტანეს ორი ტომარა. გახსნეს და ამოანათა ყვითლად... უფროსი ებრაელი (ბიძა) მუხლებზე დადგა და - ჩაის კოვძიო! ყველა დაიბნა, ვიფიქრე გაგიჟდა. კოვზიო! დაიჟინა. მოუტანეს... ამოჰკრა ოქროს ქვიშას, ჯერ ცხვირთან მიიტანა, მერე ქვევიდან სანთებელა შეუნთო. აშკარად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ზანგებზე, პატივისცემით შესცქეროდნენ და თავებს მრავალმნიშვნელოვნად აკანტურებდნენ.

მე დრო ვიხელთე, ჩუმად გავედი გვერდზე ოთახში და დოქტორ ბაბას დაურეკე, ასე და ისე თქო, შენ კიდევ ამბობდი-თქო. დოქტორმა ერთი კი ამოიგმინა და თუ ჩემი ხათრი გაქვს მაგათ უთხარი, ჩემი აქაური მეგობარი უნდა მოვიდეს, დამელოდეთ, უჩემოდ არაფერზე არ დაეთანხმოთო.

რო შევბრუნდი იქ ატყდა ამბავი თუ ატყდა, ჩვენ სერიოზული ხალხი გვეგონეთ, ხო გთხოვეთ არავინ ჩარიოთ, ეს ბიზნესი ასეთ რამეებს ვერ იტანს. თუ გინდათ გინდათ, არა და თავი დაგვანებეთ... მე აღმოვჩნდი დამნაშავე. ჩემმა მხარემ სასტიკად მისაყვედურა, რას გადაგვეკიდე ამ შენი ხარბი პოლოტიკოსით, შენი ხათრით გადაუგდებთ რაღაცას ოღონდ თავი დაგვანებოს. შენ კი თუ ძმა ხარ, ხმას ნუ იღებ, რაც არ გესმის, არ გესმისო... მართალი გითხრათ მეწყინა და ძლივს შევიკავე თავი მომავალი სარგებელის ხათრით.

მოკლედ შეთანხმდნენ. ოციდან თორმეტ დოლარზე ჩამოვიდნენ. რადგან პარასკევი შუადღე იყო ჩემებმა გამოაცხადეს ორ საათში მზე ჩადის და ჩვენ შაბათ კვირას ხელს არ გავანძრევთ, ბიზნესი და ფული კი გვიყვარს, მაგრამ ეგრე კი არ არის! რწმენა და ღმერთი გვირჩევნია და ორშაბათ დილამდე უნდა მოვიცადოთო. დიდი პატივისცემა და თავის კანტური გამოიწვია ამ განცხადებამაც.

ორშაბათიც გათენდა, ვეახლეთ ალ-მამის. იმ ორი პარკიდან პატარა ნიმუშები ავიღეთ, პარკები დავლუქეთ, ჩემოდანში ჩავდეთ, ჩემოდანი დავლუქეთ და უმცროს ებრაელს ჩავაბარეთ. ორი მანქანით წავედით ნიმუშების შესამოწმებლად. ორნი, ერთი ჩვენგან და ერთი იმათგან, გადავიდნენ ოქრომჭედელთან და ნიმუშები გადაადნეს. დაბრუნდნენ. სადრაც უკაცრიელ ადგილას გავედით მანქანებით და ალ-მამი ჩვენს მაქანაში გადმოჯდა.

აი აქ კი ელოდა ჩვენს აფრიკელ მეგობარს საბედისწერო დარტყმა. უფროსმა, ”ბიძამ” წარბები შეჭმუხნა და ჩაახველა:

-         ჩემო ალ-მამი, შენ გამოცდილი კაცი ხარ და თავად უნდა მიხვდე, ნიმუში ძალიან დაბალი ხარისხის ოქრო აღმოჩნდა და თორმეტ დოლარს ვერ გადავიხდი, ხომ არ წავაგებთ არა?

ისედაც შავი ალ-მამი უეცრად გამუქდა.

-         მოკლედ გრამზე ოთხი დოლარის მეტის მომცემი ვერა ვარ, თვალი ჩამიკრა ”ბიძამ”
-         რას ამბობ - ამოიგმინა ალ-მამიმ.
-         ეგრე ძმაო, თუ არ გინდა კეთილად დავცილდეთ. მაგრამ ეს პირველია და ჩვენისთანა კლიენტების დაკარგვას...

ბევრი რომ არ გავგრძელო, დიდოსტატურად ჩატარდა გამბიტი. ალ-მამის ცხრა ოფლი გადასძვრა, დიდი ვაჭრობის შემდეგ ხუთ დოლარამდე აიწია ფასმა. ”ვახ ეს რა დღეში ჩავარდი”, ”ვალი რომ არ მქონდეს გადასახდელიო” და 224 000 ამერიკული დოლარის ნაცვლად 100 000 ამერიკული დოლარი აიღო, ოცი კილო დაგვიტოვა და კუდამოძუებული წავიდა. ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ქონდა!

-         აი ძმაო, ეს არის ბიზნესიო - ”ბიძამ”

გეოლოგიურ სამართველოში მივედით, ოცი კილო ოქროს საბაჟოზე გასატანი საბუთის ასაღებად. უფროსი ჩემი კარგი მეგობარია. უცბად გამიკეთა ყველაფერი, რიგიც ამაცილა, საბუთების უსასრულო კეთებაც. ტომარები გახსნა შესამოწმებლად და გაკვირვებით ამომხედა...

-         ეს ბიჭო მობრინჯავებული კარის სახელურების ნაქლიბია, 20 დოლარი ღირს ტონა!
-         ვაიმე, გულიო!!!

აბა არიქა სად არის დოქტორი ბაბაო! დოქტორმა კიდევ ერთხელ არ გამწირა, დაატრიალა დიდიან პატარიანა. პოლიცია მიადგა ალ-მამის სასახლეს. ”რის ალ-მამი, რა ალ-მამიო, ეგეთი სულ არ გაგვიგიაო! მაინც იყოჩაღეს, ალ-მამის ორი თანმხლები სადღაც იპოვეს და ჩააყუდეს ვირის აბანოში. დაინიშნა სასამართლო.

ფრიტაუნის მთავარ მოედანზე დგას ”Cotton Tree” ქვეყნის სიმბოლო - ერთი მართლაც უშველებელი ხე, უსასრულო სიმაღლისა და უდიდესი და გაფარჩხული ტოტებით. მის გვერდით კი ჯერ კიდევ ინგლისელების აშენებული, ლამის ერთადერთი ლამაზი შენობაა, ეს აქაური სასამართლოა. აქ იკრიბებიან ადრე დილიდან მილეთის ხალხი და იწყება გაუთავებელი საქმის გარჩევა, მოქიშპეები, პატიმრები, პროკურორები, ადვოკატები და შავ მანტიებსა და ქათქათა პარიკებში მოსამართლეები... ყველაფერი ძალზე სერიოზულად არის.

ჩვენც აქა ვართ დილიდან... ბადრაგმა მოიყვანა ალ-მამის ორი თანამოაზრე. თეთრპარიკიანმა მოსამართლემ საქმე გახსნა. უცებ კარი გაიღო და მინისტრივით გამოწყობილი ალაჯი ალ-მამი არ შემოდის!

-         ალ-მამი, ფიფტი ცენტი! - ატყდა ჩურჩული

ალ-მამის გამოსვლიდან: ”... მე პატიოსნად ვაჩვენე საქონელი, ბევრი ვივაჭრეთ, რაც შემეძლო დაუკელი! ერთი კი გამიკვირდა, რად უნდათ ეს ნაქლიბი მეთქი, მაგრამ კლიენტის ნება უპირველეს ყოვლისა! ბიზნესი კი ბიზნესია... ჩვენ საწყალმა აფრიკელებმა არც კი ვიცით რაში იყენებენ ამ ნივთიერებას, არც არავინ გვიმხელს, ასე გააქვთ ჩვენი სიმდიდრე, გროშებს გვიხდიან და თითონ კი მდიდრდებიან!”

არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ მოსამართლემ მგონი თვალი ჩამიკრა:

-         დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდეს საქმე, დაპატიმრებულები განთავისუფლდნენ!

და მძლავრად დასხო ჩაქუჩი

მონაწილეობდნენ: ზანგი (აფრიკელი), ებრაელი (სემიტი) და ქართველი (კავკასიელი)!

მას მერე სამი წელი გავიდა...

ამ ორი დღის უკან გაზეთი მომიტანეს. მთელ პირველ გვერდზე დედიშობილა დაღრეჯილი ალ-მამი ფიფტი ცენტის სურათი იყო. მორიგ (ვინ მოსთვლის მერამდენე) მსხვერპლს სასამართლოსთვის აღარ დაუცდია, დაუჭერიათ შენი ალ-მამი, მაგრად უბეთქიათ, ტანსაცმელი სულ გაუხდიათ და შუა ქალაქში ტიტველი დაუგდიათ. - ”ცნობილი აფერისტი და გადამგდები ფიფტი ცენტი როგორც იქნა დაისაჯა!!!” - ნეტა ვის უმტყუნა ნერვებმა?

* * *
ჩვენი ფრიტაუნის კარმოდამოს ღამის დარაჯს, პოლიციელ მომოს ვაჩვენე დედიშობილა ალ-მამის სურათი გაზეთში.

-         მომო, იცნობ ალ-მამის!
-         ფიფტი ცენტს! დიახ სერ, - გაეცინა - ბავშვობიდან.
-         რატომ ფიფტი ცენტი, მომო?
-         ბავშვობაში ნომერი ჰქონდა, ხურდას ეთხოვებოდა ვინმეს, მერე გადაყლაპავდა და - ვაიმე ჩამეყლაპაო! მიშველეთ ვკვდებიო! ასე აწერავდა ფულებს... განასაკუთრებით ორმოცდაათცენტიანები უყვარდა, გემოს ატანდა...


ქ. ფრიტაუნი
27 მაისი 2010 წელი

თორნიკე ბერიშვილი