Saturday, September 25, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (1 - 5)

  1. აუდი ბოდი!!!
(ეს აქაური სალამია)

უკვე მეექვსე წელია აფრიკაში ვარ, საოცარ ქალაქში, ფრიტაუნში (როგორც გინდა ისე გაიგეთ - თავილუფალ ქალაქში, გაფრენილების ქალაქში...) ვცხოვრობ და საქართველოს ინტერნეტით ვადევნებ თვალს... ასე რომ - აუდი ბოდი!

ამ რამდენიმე თვის წინ 24 საათისა და ბლოგერების ბელადმა ბ-ნმა მამუკა ფაჩუაშვილმა ფეისბუკზე (აი კიდევ ერთი საოცრება) მომწერა - ბლოგებს (ნეტა ეს ბლოგები რა არის გამაგებინა ბოლომდე?!) ვიწყებთ და იქნებ შენი აფრიკული აზრებით შემოგვიერთდეო! ამ წლების განმავლობაში იმდენი სათქმელი და მოსაყოლი დამიგროვდა, ისე მომენატრა საუბარი და ამ ყველაფრის გაზიარება, რომ სიხარულით ავიტაცე ეს აზრი. ამას წინათ ისევ შემომეხმიანა აბა სადა ხარ, ბლოგერობა რომ გინდა, ჰა ბურთი და ჰა მოედანიო. ჰოდა გავშალე ჩემი ნოუტბუკი, მოვკაკვე თითები და გავშეშდი! ესე კი არ ყოფილა ბლოგერობა!

დაგვიანება და საქმის გადადება აქაური (აფრიკული) წესია, და მე, როგორც ნამდვილი აფრიკელი მივდევ ამ ადათს... რისი გაკეთებაც შეიძლება ხვალ, რატომ უნდა გააკეთო დღეს? აქ ჩვენთან, აფრიკაში ერთი გადასარევი სიტყვაა, ყველა  კითხვაზე უნივერსალური პასუხია,  აქაურ განუმეურებელ ინგლისურზე - კრიოზე - გადასარევად ჯღერს - თუმარა!!! ანუ ხვალ, ანუ გაურკვეველ მომავალში... მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მეტი, აღმატებითი ხარისხი, განსაკუთრებით იმედიანი - ნექსტ თუმარა!!! ეს თუ გაიგეთ შეგიძლიათ დამშვიდდეთ - თქვენი საქმე აღარასოდეს გაკეთდება! ჰოდა ვიფიქრე - ხო არ ვუთხრა ბ-ნ მამუკას ჯადო სიტყვა - თუმარა!

ჩამოვედი თუ არა ვერაფრით ვერ მოვიშორე განცდა რომ ბევრი რამ ნაცნობია და ძალაუნებურად ვადარებდი ქართველებს და აფრიკელებს: მცირე სხვაობები და უამრავი საერთო!

ძალიან ვგავართ - ყალთაბანდობით, აფერისტობით, გაუნათლებლობით, უპასუხისმგებლობით, დროის შეგრძნებით, კორუმპირებულიბით ... თუ დაგვცალდა ყველაფერ ამაზე კიდევ ცალ ცალკე მინდა მოგითხოთ.

სხვაობა კი - ჩვენი აფრიკელი ძმები გაბოროტებულები არ არიან (რუსები არა ჰყავთ მეზობლად), ცხოვრება უხარიათ, სულ სიცილ კისკისით გატყუებენ... აგრესიულად არ იქცევიან და ერთმანეთს არ უბღვერენ... არც ჩვენი ამპარტავნობა აქვთ და კუდის ჩამოსადები ყავარიც ვერ უშოვნიათ...

აქ, ამ მშვენიერ მწვანე აფრიკაში ცხადად გამოჩნდა თუ როგორი ხელოვნურია აქაურებისათვის დასავლური ცივილიზაციის ბევრი წესი, ნივთი თუ სტილი. თითქოს ევროპულად აცვია, ევროპულად საუბრობს და იქცევა... მაგრამ თუ კარგად დაუკვირდები, მიხვდები რომ ეს ყველაფერი გარეგნული ფორმაა, იმიტაციაა და მის უკან ან საერთოდ შინაარსი არ არის ან კი სულ სხვა რამ აზრი დევს რომელსაც ვერ სწვდები... მივხვდი რომ ქართველებიც ზუსტად ესეთი, ცოტა მეტად დახელოვნებული ”ტინგიცები” ვართ. პროფესიონალურად ”ვაბოლებთ” ყველას და ვერა ვხვდებით, რომ საკუთარ თავს ვატყუებთ.

ინტერნეტიდან ვიცი საქართველოს ამბები. მალე საქართველოში არჩევნები იქნება. აქ სიერა ლეონეში ჩემს თვალ წინ ჩაიარა რამდენიმე არჩევნებმა... ნეტავ ვინ და რატომ გადაწყვიტა რომ ან საქართველოში, ან სიერა ლეონეში არჩევნები უნდა ჩატარდეს და საერთოთ ასეთი ქვეყნებისათვის დემოკრატიაა საჭირო??? დასავლეთი საკუთარ თარგზე ცდილობს სამყაროს მოწყობას. პოლიტკორექტულობა ზღვარგადასულ სისულელეში გადადის, უფრო მეტიც, შეცდომების და ტრაგედიების მიზეზი ხდება. სიმართლე გამრუდებულ სარკეში ჩნდება. ავადმყოფს თუ სწორი დიაგნოზი არ დაუსვი, განა მკურნალობა შედეგიანი იქნება?! ... სიერა ლეონესა და საქართველოს ნაირ გაუნათლებელ, განუვითარებელ და უკულტურო ქვეყნებს არ სჭირდებათ დემოკრატია, მეტსაც გეტყვით ეს მავნებელია! გული რომ არ გაგისკდეთ ბოღმით ამ ქვეყნების რიგის გაგრძელება შეიძლება  - რუსეთი, განა, ლიბერია, ავღანეთი და ა.შ... კიდევ უნდა გავიმეორო - ასეთი ქვეყნებისათვის დემოკრატია არ არის საჭირო, მავნეა. აქ უნდა შემოვიღოთ რამე მოსამზადებელი კლასების მზგავსი, როდესაც მკაცრი სასწავლო ნაწილის (დირექტორის მოადგილე სწავლის დარგში) ზედამხედველობით ვიმეცადინებთ... და როდესაც გამოცდას ჩავაბარებთ და სიმწიფის ატესტატს ავიღებთ, მხოლოდ მაშინ უნდა მიგვიშვან არჩევნებზე. აქ სიერა ლეონეში ჩვენზე უფრო გონიერი ხალხია. უნდათ შემოიღონ ამომრჩევლად რეგისტრაციის კანონი. თუ ხმის მიცემა გინდა გამოცდა უნდა ჩააბარო და ამომრჩევლის ლიცენზია მიიღო. გამოგცდიან თუ იცი წერა კითხვა, ანგარიში, თუ იცი საარჩევნო კანონი და შენი უფლებები, თუ წაგიკითხავს კონსტიტუცია, თუ იცი რას ნიშნავს ხელისუფლების განაწილების პრინციპი და ა.შ. (არც ჩვენ გვაწყენდა არა?)

რატომ არის რომ დემოკრატიულ ქვეყნებში 18-21 წლამდე მოზარდებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ? ალბათ იმიტომ, რომ თვლიან, განათლების, გამოცდილების დონე არ არის საკმარისი, პასუხისმგებლობის გრძნობა არ არის ჩამოყალიბებული და ცუდი და არასწორი გადაწყვეტილების შანსი ძალიან დიდია. თანაც გაითვალისწინეთ რომ დასავლურ დემოკრატიულ ქვეყანაში მოზარდები ამ ოციოდ წელს  შესაბამის გარემოში ატარებენ და იქ უფროსების შემყურე სწავლობენ და ემზადებიან დიდების ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად... სად, რა და ვისგან უნდა ისწავლოს სიერა ლეონელმა ან ქართველმა მოზარდმა?

დავსვათ 5 წლის ბავშვი თანამედროვე ძლიერი მანქანის საჭესთან და შეუბეროს ავტობანზე! ზუსტად ასეთ დღეში ვართ ეხლა. ან წარმოიდგინეთ თავად გაუნათლებელი მშობლების ცუდად გაზრდილი, უსწავლელი პირმშო შეუშვათ სუპერმარკეტში და თავად აირჩიოს სურსათი. რამდენ უსარგებლო ბრჭყვიალა შოკოლადს, ”ჟუვაჩკებს”, კარამელებს და ”მონპასის კანფეტებს” იყიდის?! ჰოდა ჩვენც გვყავს ზიზილ პიპილოში შეფუთული ”მონპასის” პოლიტიკოსები!!!

ისევ პოლიტიკამ წამიღო! არადა რამდენი მართლა საინტერესო, უცნაური და სახალისო რამ არის მოსაყოლი. თუ გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა აუცილებლად მოგიყვებით...

აქაურებს საოცარი იმიტაციის უნარი აქვთ. ისე გაიმეორებენ უცხო ენაზე გაგონილ ფრაზას არც ერთი ასო არ შეეშლებათ და არც კილოს აურევენ. ჩვენს კარ მიდამოს ერთი  ღამის დარაჯი ყავს, მომო ქვია. კუნაპეტივით შავია და ღამე ვერსად იპოვი. მომო ხნიერი პოლიციელია, უქნარა და არაფრის მაქნისი, მაგრამ წლების მანძილზე შემოგვეჩვია და  ვეღარც ველევით. საღამოს შვიდ საათზე მოდის, პოსტს ჩაიბარებს და დილის შვიდ საათამდე გვდარაჯობს.  ყველას რომ გაიგულებს, მოკალათდება და გემრიელად დაიძინებს. თან დასაძინებლად სულ სხვადასხვა ადგილებს ირჩევს. ასე გვდარაჯობს ღამ-ღამობით... თუ დაგჭირდა, ძალიან კარგად უნდა მოძებნო, რომ იპოვო. ერთხელაც მისი ძებნით გაბეზრებულმა, ღრიალი მოვრთე - მომო, შენი...!!! ვიფიქრე სადაც დავიჭერ, სულს ამოვხდი!

მომოს ეტყობა ჩემი ღრიალისგან გაეღვიძა. მიხვდა რომ ცუდათა აქვს საქმე, და გამოსავალიც უცბად იპოვა...  ზურგიდან მომეპარა, თითი გამოიშვირა, თავი გვერდზე გადახარა, თვალები მინაბა და სუფთად, უშეცდომოდ, გურულ კილოზე დაამღერა ”შემოდგომა რომ დადგებააა! შაშვი იწყებს გალობასოოო....!!!

რას იზამ ესენი ხომ გადაღებილი ქართველები არიან! ან ჩვენ ვართ თეთრად შეღებილი ზანგები...

პატივიცემით,
აფროქართველი

ქ. ფრიტაუნი, 2010 წლის 28 მარტი


 

2. სანგბამბა
აფრიკული სიზმარი

სოფელ სანგბამბაში სამანქანო გზა მთავრდება. სოფლის კიდეზე, დაბრეცილი საფეხბურთო მოედნის კუთხეში, ბამბუკით გადახურული უკედლო „სკოლის“ გვერდით დგას ჩვენი „მიცუბიში სპორტი“, იქვე ლურჯი კარავია გაშლილი. ზურა მაღალაშვილს და ალეკო ციცქიშვილს კარავში ძინავთ, ავთო კვიციანი „სკოლაში“ ბამბუკის გრძელ მერხზე წამოწოლილა, მე კი ვცდილობ როგორმე მოვერგო „მიცუბიშის“ მოუხერხებელ სკამებს და დავიძინო...
ზზზზზზზ - კოღო, „მოსკიტო“, და არა ერთი...
უნდა დავიძინო, იმიტომ რომ...
აქ შვიდ საათზე ბნელდება და ზუსტად შვიდ საათზე თენდება...
ხვალ დილას 7 საათზე დაგვადგება ჩვენი გამყოლი მოჰამედა და უნდა შევუყვეთ აფრიკას ფეხით, შიგნით, სადაც აღარ მიდის მანქანა, სადაც მიედინება მდინარე სელა, სადაც დარბიან ტიტლიკანა ზანგი ბავშვები...
მანქანის ყველა ფანჯარა და კარი ღიაა, ვითომ ნიავისათვის, სკამის კიდე გვერდში მერჭობა და „მოსკიტო“ ჩემს სისხლს წოვს... ეს მეჩვენება, მესიზმრება თუ...
სანგბამბაში საღამოს ათის ნახევარია...
დილის შვიდ საათამდე კიდევ ბევრი დროა, მთელი ცხოვრებაა...
წზზზზ-წწზზზზ - ნანას მიმღერის „მოსკიტო“...
მე ვარ ახალი ქართველი ავანტიურისტი (...ავანტურის ქალმა, მადამ დე პომპადურმა, შეაცდინა მეფე მზე...)
...შევდივართ სოფელში, გაუსაძლისი სიცხეა, აქეთ-იქიდან ბავშვები მორბიან, განსაკუთრებით პატარები აქტიურობენ, ხელებს გვიქნევენ, იცინიან - ოტომონო!!! ოტომონო!!! - გაჰკივიან (თურმე ვაიტ მენ, თეთრი კაცი). ერთი ზორბა ზანგი გაიქცა და შუა სოფელში ხეზე დაკიდებულ უშველებელ დოლს დასცხო, ისეთი ხმა აქვს, მკვდარს გააცოცხლებს. მორბიან ყველა მხრიდან, წრეში გვაქცევენ, იცინიან... რა უხარიათ, მგონი სადილი ვგონივართ, თან რამხელა კბილები აქვს ყველას... გაჩუმდა დოლი, წრე გაირღვა და გრძელ ფერად ხალათში გამოწყობილი ბერიკაცი გამოვიდა, უკან ახალგაზრდა მოსდევს ადიდასის ფორმაში. სიჩუმე. ბერიკაცმა სალამიო, ინგლისურად, ეს ჩემი სპიკერია და ეს ილაპარაკებსო, ახალგაზრდაზე. მერე რაღაცა ანიშნა და ბანანები მოგვართვეს, მგონი ჯერ არ გვჭამენ... მერე სპიკერმა მოხსნა გუდას პირი და აბა ვინა ხართ, რა გინდათ, რას აპირებთო, მაგრამ ამას ნახევარი საათი ამბობდა. ეხლა ჩემი ჯერია, ნეტავი სპიკერი მეც მყავდეს, გამალებით ვიხსენებ როგორ დამარიგეს ფრიტაუნში, ჰო საჩუქრები, სალამ ქალამი, ღმერთის ხსენება, ბელადის მოკითხვა. რაღაც კინოები მახსენდება და პოზებს ვიჭერ, ნეტა რა სანახავი ვარ? რასა ვბოდავ!!! მაგრამ ვატყობ, თავებს აკანტურებენ, მოსწონთ, ჰოდა კიდე ეს მინდოდა?! სულ გავრეკე და აღარ ვჩერდები...
... შიგ ყურში ჩამწუის და ძლივს ჩაძინებულს მაღვიძებს, რამე უნდა დავიფარო თავზე...
თბილისში არის ერთი ქალი, ინესა. რა ტარაბუა იყო, რა ურთიერთობა? რა მინდოდა? ან იმას რას ვერჩოდი? ინესა მაგარი ქალია, ყოჩაღი, ჯარასავით ტრიალებს, საქმეც გამოსდის. მაგრამ თუ რამე თავისად მიიჩნია, კაცი იქნება, ტრილიაჟი თუ ქოთნის მცენარე, იმის საქმე გადაწყვეტილია... ჰოდა ერთმა ტრილიაჟმა ფეხები გამოიბა და დაუკითხავად წავიდა აფრიკაში. გადაირია ინესა. ეხლა თბილისშია, ბობოქრობს, თავი ამერიკული ტრილერის გმირი ჰგონია და რაღაცეებს ხლართავს... ხვალ რომ ჯუნგლებს შევუყვებით, იქ რომ დაგვხვდეს? წინ მოჰამედა ივლის, უნდა გავაფრთხილო...
... ტამიშის ხიდთან ჭუჭყიან ორმოში ვგდივარ. ლანჩხუთელმა აჩიკომ სახელო ჩამოიგლიჯა და ჭრილობაში მიჩურთავს, რომ სისხლი გააჩეროს. ვერ ვინძრევი. თავზე ჭავჭავაძე დამდგომია, დიდ ცხვირში უშველებელი ეკალი შერჭობია, იქიდან სისხლი წვეთავს და პირდაპირ თვალებში მიმიზნებს, რომ ვერ ვიცილებ... ყურადღებით მაკვირდება - „მოკვდი?“ - მეკითხება, ნეტა რა პასუხს ელი? წწწზზზ, პპზზზზზ, ეს ტყვიებია თუ ისევ კოღოები, უხ შენი! მოსკიტო!
მამაჩემი სადმე ევროპაში უნდა ცხოვრობდეს. სორბონაში ან ლაიფციგში კათედრა უნდა ჰქონდეს და სტუდენტებს მოძღვრავდეს. ეხლა მოფენილი იქნებოდა მსოფლიო მისგან ტვინგახსნილი ხალხით, მაგრამ რა ქნას, რომ ქართველია, თან მეოცესაუკუნელი... ზედ კიდევ ჩემისთანა შვილი! როგორა ხარ მამა? მაგრად დაიღალე ალბათ...
სამოთხე! მისალოცი ბარათი! პალმები, ოკეანე ლივლივებს, უთეთრესი ქვიშა... დიდი აჟიოტაჟია, პლაჟზე გახურებული ფეხბურთია. ლერწამივით ჩამოქნილი, ბუმბულივით მსუბუქი ზანგები ქარივით დაქრიან, თითქოს დაფრინავენ და ისეთ ფინტებს აკეთებენ, თავბრუ დაგეხვევა, ყაყანი და კივილ-წივილი... მეც გავერიე მარაქაში, მაგრამ სანამ ღიპს მივატრიალ-მოვატრიალებ, ბურთს ხანდახან მოვკავ ხოლმე თვალს, სიქა გამძვრა, უკან ვდგავარ და დაცვას ვამაგრებ. ბიჭოს! ბურთი ჩემსკენ მოგორავს, შავი ეშმაკი მოქრის და ის ბურთი უნდა. ვხედავ სიჩქარე აკრიფა, უნდა დამეტაკოს, გამწიოს და ბურთი წამართვას, ეს კი შეგეშალა! ქვიშაში მაგრად ჩავდექი და მხარი დავუხვედრე... თამაში გაჩერდა, მთელი პლიაჟი ხარხარებს, ზანგი ეშმაკი ერთი ხუთ მეტრზე იკეანის ტალღებში აგდია და ფეხებს ასავსავებს...
ბნელი მიწისქვეშა დერეფნებით რესპუბლიკურ საავადმყოფოს მორგში მივდივართ. უკვე ვიცი, იქ მამუკა ჯორჯიაშვილია. ჩვენს ექიმს, ლევან ლორთქიფანიძეს მივსდევ და ფეხები უკან მრჩება. საშინელი სუნია, სიბნელეა. მამუკა! ეს რა ქენი, ბიჭო!
ფრიტაუნის კათოლიკურ საავადმყოფოში ცალკე ოთახი გამომიყვეს, ვწევარ, ვერ ვინძრევი, თვალებს რომ ვახელ, მტკივა, სიცხე მაქვს 41 და მიდგას წვეთოვანი. მალარია! მაგრამ აქ მალარია სურდოსავით აქვთ. დღეს კვირაა, კათოლიკურ საავადმყოფოში დილიდან საეკლესიო ზანგურ სიმღერებს უკრავენ ბოლო ხმაზე! გალობაა და ამშვიდებსო, ერთი მე მკითხონ! ერთიც გავახილე თვალი და რას ვხედავ, ქათქათა თეთრ ანაფორაში გამოწყობილი კუნაპეტივით შავი მღვდელი მადას თავზე, უშველებელ თვალებს ატრიალებს და კეთილად მიღიმის. - შენ თვალები დახუჭე მე კი ვილოცებო, მეუბნება. სასწრაფოდ დავხუჭე, ნეტა სადა ვარ? მესმის როგორ ლოცულობს წამღერებით და გამოთქმით, როგორ განიცდის, მგონი მართლა ვუყვარვარ. ამინ! თვალს ვახელ, აღარ არის. სიცხემ დამიკლო...
ისევ ის საშინელი წუილი...
ტემპერატურა გვიწევს
მოსკიტო შმაგად გვიტევს
ყმაწვილი დაჰკრავს ტამტამს
სიერა ლეონურ რიტმებს
ნეტა ვინ დაწერა? ნამდვილად მაღრაძის იქნება...
რომელი საათია? სამს გადასცდა, ჯერ კიდევ არის ძილის და სიზმრების დრო, შვიდამე...
იწვის თბილისის სატელევიზიო ანძა! ის ანძა მე რომ შევღებე სხვა ალპინისტებთან ერთად. ეხლა ჩვენ „მაშველთა კორპუსი“ ვართ, არიქა ზევით! მეხანძრეები ანძის ძირას შეკრებილან და რაღაც უხერხულად იშმუშნებიან. „რას აკეთებთ?“ – „რავი ცეცხლი მაღლაა და!“ - იქექავს თავს. მესმის ერთმანეთში ჩურჩულებენ - „მხედიონია“. „ერთი თუ ძმა ხარ, ეგ თქვენი ჩაფხუტები და ხალათები მოგვეცი“ - სიხარულით იხდიან. ანძის დაკიდებულ კიბეებზე მივძვრებით ზევით... გაჩნდა ტელევიზია, სნნ-ი, არის ერთი ამბავი, მიდის პირდაპირი რეპორტაჟი... დილას ქუჩაში მივდივარ, უბნის პატარა ბიჭები დგანან, საქმეებს არჩევენ - „ე ბიჭო, ეს ის ბლატნოი პაჟარნიკი არ არის!“
გვინეაში, კონაკრისთან პატარა კუნძულია, სადაც დილას ნავით მიყავთ ტურისტები, ასადილებენ, დაასვენებენ, აბანავებენ და საღამოს უკან მოიყვანენ, მოკლედ ეგზოტიკა! კვირა დღეს მე და მამუკაც გავყევით ერთ-ერთ ნავს. ჩვენს გარდა ზანგები, კანადელი წყვილი, ოთხი ავსტრალიელი და ამერიკელი დედა-შვილი, ინტენაციონალ! მართლა სამოთხეა! კრიალა ოკეანე, ფერადი თევზები, გემრიელი კერძები და ხილი... ჩავედით წყალში, გასაცურად, წინ მამუკაა, მე უკან მივყვები და ველაპარაკები: „რა მაგარია არა? აი ესეთი კუნძული უნდა იყიდოს კაცმა და იყოს...“ უცბად უკნიდან კარგ ავლაბლურ კილოზე მესმის: „ცოტა ძვირი დაგიჯდება, ბიჭო!“ გველნაკბენივით მოვიხედე და აშკარად თბილისური სიფათი ტივტივებს წყალზე და მიცინის... ვინმე ზურა მიქელაძე, ჩვენნაირი ავანტიურისტი გადაგვეყარა გვინეაში, კონაკრისთან პატარა კუნძულზე. აკი ცოტანი ვართო?
ვა, რა სკოლაა! ვერ დაიჯერებ, რომ საქართველოშია! ხასხასა საფეხბურთო მინდვრები, საცურაო აუზი, სისუფთავე (აფრიკა არ გეგონოთ) და ბევრი ხალისიანი ბავშვი. მაგრამ მთავარი ღირსშესანიშნაობა აქ დირექტორია. როგორა ხარ, მიშა! მაგარი კაცია, თან ისე მღერის, ქვასაც ხმას ათქმევინებს. დანარჩენი კი... თვითონაც მთლიანად ისეთია, როგორ სიმღერასაც ამბობს...
ვაა, ეს წუილი სულ არა ჰგავს მიშას სიმღერას! მოსკიტო! მოდი შევთანხმდეთ, ან იკბინები, ან წუიხარ, ორივე ერთად არა... შენც არ მომიკვდე, ფეხებზე ვკიდივარ...
ეს ზანგები ძალიან გულღია ხალხია, სალამს ვერ დაასწრებ, უცნობიც რომ იყოს, თუ ნაცნობია და მოულოდნელად შეხვდი ხომ მთლად გადაირევა. ერთი ორიგინალური თვისებაცა აქვთ, თუ მოაწვა, სადაც არ უნდა იყოს, ქუჩაში, ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ თუ უკაცრიელ ადგილას, იქვე მოშარდავს (გინდა ქალი, გინდ კაცი). მიდიხარ ქალაქში და სულ ხედავ ორ-სამ კაცს (ან ქალს) ლაღად რომ შარდავს და მათ მაგივრად შვება გეუფლება. მივუყვებით ქუჩას მე და ერთი ჩემი უკრაინელი ნაცნობი (უკვე სამი წელია აქ მუშაობს), ერთი სოლიდურად ჩაცმული ზანგი რაღაც უცნაურად დგას (ზირგით), რომ მივუახლოვდით, თურმე ნუ იტყვი, შარდისგან თავისუფლდება (აბა ხომ არ შეინახავს). ერთიც ვნახოთ და მოიხედა. მოიხედა და ცას ეწია სიხარულით, თურმე ამ ჩემი უკრაინელის ნაცნობი არ არის! საქმიანად გადაიტანა კუტუ მურჯვნიდან მარცხენა ხელში (ისე, რომ ჩხრიალა ნაკადი არ შეწყვეტილა) და მარჯვენა კი გულიანი სალმისათვის გამოგვიწოდა...
სულ გადამიყვანა ჭკუიდან წუილმა, აი ზედ ყურთან არი... გამწარებულმა ისეთი ალიყული შემოვირტყი, რომ მე მგონი ამ ყურში აღარასოდეს არაფერი აღარ იწუვლებს....
პამირში, ლენინის პიკზე შვიდი ათას მეტრს კარგა ხანია ავცდით, მაგრამ უკვე გვიანია, ექვსი დაიწყო. მთასვლელობის ყველა წესით და კანონით უნდა მოვბრუნდეთ, თორემ ბანაკამდე ვეღარ ჩავასწრებთ, ძალიან სარისკოა... მწვერვალამდე კი შორია. მაგრამ მეორეჯერ აქ რაღა ამოგვიყვანს? ძალაც აღარ არის. წინ ბიძინაა. – „რა ვქნათ, ბიძინა?“ ერთი შემომხედა გაკვირვებით - „ზევით!“ მაგანაც იცის, რომ მეც ცალყბად ვიკითხე...
სნნ-ი გადმოსცემს ჟვანიას პანაშვიდს, აჩვენებენ შევარდნაძეს ფართო პლანით, დგას, იბღვირება, გულის სიღრმეში დარწმუნებულია, რომ მაგის პანაშვიდი არასოდეს იქნება... მაგისი...
კონაკრისთან კუნძულზე ექსკურსიამ შესანიშნავად ჩაიარა, კაი სასმელ-საჭმელიც მივირთვით. მამუკამ ხომ ზომა არ იცის და რაც კი სასმელი იყო - ლუდი, ვისკი, არაყი, ღვინო... ყველაფერი აურია, ნავში ვსხდებით, უკან კონაკრისში პირდაპირ სასტუმროსთან მიგვასრიალებს, მაგრამ მანამდე საათზე მეტი უნდა ვიცუროთ. მამუკა ყველას ეხმარება ჩაჯდომაში - „რა გინდა, ხომ არ დავთვერი!“ - მეუბნება ამაყად. ნავის შუაგულშია ჩვენი ადგილი, სულ ერთი ოცი კაცი ზის. გავცურეთ. ერთი ათი წუთია გასული და მეუბნება „რაღაც მუცელი მიწრიალებს, ტუალეტში მინდა!“ ერთი კი შევხედე გაკვირვებულმა, ამ ზანგურ გრძელ კაონეში ტუალეტი სად ნახათქო... მამუკას ამ ერთი საათის თითო წუთის თითო წამი ახსოვს და არასოდეს დაავიწყდება. როგორ დაიწყო წრიალი და ცქმუტვა ერთ ადგილზე, როგორ ცრიდა კბილებიდან ბებერი კანადელი ქალის შეკითხვებზე უაზრო პასუხებს, როგორ დგებოდა ფეხზე და რაღაც აღმოსავლურ ვარჯიშებს აკეთებდა. მაგრამ დადგა კულმინაცია, უკვე მთელი ნავი მამუკას თვალს არ აშორებს, ყველა მის ღრმა ჩასუნთქვებს ითვლის, შეშინებული უყურებენ, ჰგონიათ, რომ რაღაც უეცარმა ავადმყოფობა დარია ხელი, სხვადასხვა ენაზე მრავალი ვერსია გახმოვანდა... ქართველი ვაჟკაცი არ შერცხვება! „უნდა გადავხტე!“ - უეცრად ადგა, სახეაჭარხლებული, ხშირად მსუნთქავი, შარვალი გაიძრო და მე მომაჩეჩა, მერე პერანგი ლამის შემოიგლიჯა და ისიც მე მიანდერძა. გადმომცა დანა, საბუთები, ტელეფონი... ეს ყველაფერი საოცარი დრამატიზმითაა აღსავსე, ყოველ მის მოძრაობას დანარჩენი ნავი ერთსულოვანი ინტერნაციონალური ამოოხვრით ხვდება. დარჩა პლავკებში და აძვრა სკამზე, ყველამ ინსტიქტურად უკან დაიწია... და ერთბაშად აყაყანდა, ზანგები ჯაჯღანებენ, ქალები წივიან, ფრანგულად, ინფლისურად, ჯანდაბურად... მიცურავს ზანგური კანოე, საოცარი ხმაურია, ნავის შუა მოცარიელებულა და მარტო დგას შიშველი ქართველი ვაჟკაცი, რომელიც მზადაა სირცხვილი ატნლანტიკის ოკეანეში გადაიყოლოს...
გიორგი, ბიჭო, ბებიაშენს ნუ აწვალებ და ცოტა გონს მოდი! ბაბამ მითხრა შვიდ წუთში რომ ამზადებდა გაკვეთილებს, ეხლა რეკორდი დაამყარა და ოთხწუთნახევარში სწავლობსო. მე მგონი მაგრად გიქრის...
აქაურები ხანდახან მაიმუნები მგონია, პირდაპირი გაგებით (ღმერთო მაპატიე). დილაობით უგრძელეს ქვიშის პლაჟზე გავდივარ ხოლმე სავარჯიშოდ. იქ შევნიშნე, სადღაც შორიახლოს აუცილებლად დამიდგება ვინმე და ერთი ერთზე იმეორებს ჩემს მოძრაობებს. თავიდან გავბრაზდი, ვის ამაიმუნებენ ეს შიმპანზეები! მერე მივხვდი, უბრალოდ ეგეთი მოთხოვნილება აქვთ... შუადღე ოდნავ გადავიდა, პაპანაქებაა (საკვირველია). პლაჟისპირა საფარიდან გამოვძვერი და ზლაზვნით წავედი წყალში. ცოტა შევედი, მუხლამდე, და დავდექი, გასაცურად ვემზდები... გავიზმორე, უცნაურად შავმა ჩრდილმა მოძრაობა გაიმეორა. მაგრამ მზე რომ სხვა მხარესაა? თურმე ორ მეტრში მომდგომია ერთი ზანგი და მბაძავს. ზღვის სათვალე გავისწორე, იმანაც ვითომ გაისწორა. თავზე ხელი გადავისვი - იმანაც. დავიწყე ათასი უაზრო  მოძრაობის კეთება, ვითომ ვერთობი (ვინ ერთობა ნეტა, მე თუ ის), არ იღლება. ბოლოს მომბეზრდა, ნაბიჯ-ნაბიჯ წავედი სიღრმეშ, აღარ ვაქცევ ყურადღებას. ჩავყვინთე და ფსკერს გავუყევი, ერთი ხუთი მოსმა რომ გავაკეთე, მოვიხედე - რას ვხედავ! ფსკერთან, სადაც წესით თევზის მეტი არაფერი უნდა იყოს, თვალებგადმოკარკლული ზანგი ფართხალებს, პირიდან ბუშტები ამოსდის... თურმე ბეჯითად ბოლომდე მომყვა, ცურვა კი არა სცოდნია... კიდევ კარგი მივხვდი! არიქა, დავავლე ხელი და მივათრევ ნაპირისაკენ, კინაღამ მეც დამახრჩო... ძლივს მოაბრუნეს.
მოსკიტოებოოოო!!!! მგონი დამათენდა, რომელი საათია, ხომ შვიდზე თენდება?
კარავში ვიღაც ამოძრავდა.
სადაცაა მოვა ჩვენი გამყოლი მოჰამედა, ავშლით კარვებს, დავკეტავთ მანქანას, სოფლელებიდან დავნიშნავთ მთავარ ყარაულს, როგორც აქაური წესია და ფეხით გავუყვებით მდინარე სელას...

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი



3. აფრიკული ქორწილი

ჯიზუს დონ გრაპ!!! ქრისტე აღდგა!!!

- მოსკოვში შავებში ჩაცმულმა შახიდმა ქალებმა მეტრო ააფეთქეს და 40 ადამიანი იმსხვერპლეს....
- ფუნდამენტალისტმა მუსულმანებმა ლამის მთელ მსოფლიოს ჯიხადი გამოუცხადეს და ცდას არ აკლებენ დიდი, პატარა, კაცი, ქალი, დამნაშავე თუ უდანაშაულო გამოასალმონ სიცოცხლეს...
- სუნიტები ებრძვიან შიიტებს...
- ირანელი ახმადინეჯადი ყველას მუშტს უღერებს, თვალებს უბრიალებს და ისრაელის პირისაგან მიწისა აღგვას იქადნება...
- ისრაელი ებრძვის ჰამასს, რუსები ათამაშებენ უკანალს, უღიმიან ისრაელს და მხარს უჭერენ პალესტინელებს...
- კოკოითი თრუსოს ხეობის დაბრუნებას ითხოვს...
- მართლმადიდებელი ქართველები არ ცნობენ რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი მსოფლიო რელიგიის ისტორიას...

კლინიკური შიზოფრენიაა!!!

მე კი აფრიკულ ქორწილში ვარ დაპატიჟებული და საგულდაგულოდ ვემზადები.
აქაური ქორწილი ძალიან სერიოზული ამბავია და დიდხანს და სერიოზულად იგეგმება. ორი თვის წინ მომიტანეს მოპატიჟება და მხარვრულად გაფორმებული ბუკლეტი.

თავფურცელზე ყვავილებით მოჩუქურთმებულ გულში ნეფე პატარძალის ფოტოა: ქორწინდებიან ამადუ ალი ნგეგბა და ფატმატა კორომა! სიყვარული და ბედნიერებება მათ!!!

მერე მოთხრობილია მათი შეხვედრის და სიყვარულის ისტორია, ლექსები და კეთილი სურვილები. მთავარი კი საქმიანი ნაწილია. შემაშფოთებელი სერიოზულობით არის აღწერილი მთელი დღის პროგრამა: სად რა იქნება, როდის, ვინ იტყვის სიტყვას და ა.შ.

ფრიტაუნის შუაგულში კათოლიკური ეკლესია ხალხით არის გადავსებული. გაპრანჭული ხალხი, ბაფთებიანი მანქანები, საქორწინო ვიდეო და ფოტოები და გამაყრუებელი პიპინით მომავალი ესკორტი...  (თვალი რომ დახუჭო, საქართველოში ხარ!)

ეკლესიაში საპატიო ადგილას მომათავსეს, გვერდით მიზის ჩვენი მეგობარი, აქაური პოლოტიკოსი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი დოქტორი ბაბა კონდე, ადგილობრივ წეს ჩვეულებებს მასწავლის და ჭკუას მარიგებს...

ყველაფერი წესით და რიგით მიდის. ერთი უცნაურობა მჭრის თვალს, სიძის მხარეს კაცები აშკარად განსხვავებულად გამოიყურებიან, ჩაცმულობაა თუ რა? ვეკითხები დოქტორ ბაბას.

- სიძე მუსულმანია...
- მერე აქ ეკლესიაში ჯვარს როგორ იწერენ? - კითხვა აშკარად ეუცნაურებათ, ჩემს მეტი ეგ არავის არ უკვირს.
-  პროგრამაში ხომ წერია - აქედან მეჩეთში წავალთ, მერე კი ქეიფი იქნება.
-  მერე როგორ იქნებიან? და ბავშვები?
-  როგორ უნდა იყვნენ? ეს იქნება ქრისტიანი, ის იქნება მუსულმანი, ბავშვები კი... გადაწყვიტავენ რა... რას მეკითხები?
-  დოქტორ შენ ხომ ქრისტიანი ხარ?
-  მე? - იწყინა! - აბა რა! - და პირჯვარი გადაიწერა დიდის ამბით - ხო მართლა, მამაჩემი მუსულმანია, ეხლა მექაში აპირებს წასვლას. უნდა მოილოცოს რომ ალაჯი გახდეს, ხოდა... იქნებ ცოტა დამეხმაროთ ფინანსებით, უნდა გავამგზავრო, უკვე ხნიერია და ჯერ მექაში არა ყოფილა...
-  შენ როდის აპირებ წასვლას?
-  მეე? მე მექაში რა მინდა?! მე ხომ ქრისტიანი ვარ - და კიდევ ერთხელ გადიწერა პირჯვარი.

ისე აგიხდა ყველაფერი, მეჩეთშიც ვიყავით. მერე დარბაზში წავედით. ჩვენი ქართული წესისაგან განსხვავებით სუფრა არ დაგვხვდა. კინოსავით დავჯექით რიგებში. პრეზიდიუმში მიკროფონიანმა ”თამადამ” შეხვედრა გახსნა. ჯერ ქრისტიანული ლოცვა თქვეს, მერე მუსულმანურად ვილოცეთ, ორივე მხრიდან სიტყვები და კეთილი სურვილები. მეც მათქმევინეს - აბა ერთი თეთრი კაცი რას გვისურვებსო. მეც ერთი სადღეგრზელო დავურტყი უღვინოთ (თანავ ვფიქრობდი, ნუთუ არაფერს არ გვაჭმევენ და გვასმევენ. ამდენი ცერემონიების მერე კუჭის რეფლექსები ქართულად ამუშავდა).

მორჩა ოფიციალური ნაწილი. პრეიზიდიუმის მაგიდა მოასუფთავეს და დააგრძელეს. უცბად კარი გაიღო  და ქალების რიგი წამოვიდა თავზე დადგმული ხონჩებით. სულ ნაირ-ნაირი საჭმელ სასმელით გაივსო იქაურობა - ა ლა ფურშეტ! რა გინდა სულო და გულო! აქაურები ძირითადად ლუდს ეტანებიან.

შემდეგ კი სკამები სადღაც გაქრა, რიტმი და მუსიკა წამოვიდა და ცეკვა, ცეკვა და ცეკვა.... აბა ერთი ეს მსუქანი თეთრი კაცი რას იზამსო და წრეში შემაგდეს. მეც რა მექნა, ხომ არ შევრცხვებოდი?! აქაურებიც ამყვნენ... წავიდააა!!!

ეხლა ფრიტაუნში ახალმოდური ცეკვა დადის, ქართულის ელემენტებით.

* * *
გვიან ღამე, შეიძლება ითქვას დილისთვის მივადექი ჩემს ალაყაფს. საოცრებაა მაგრამ ღამის დარაჯს, პოლიციელ მომოს არა სძინავს და კარიც კი გამიღო.

- როგორ მოილხინეთ სერ!
- რა მოხდა მომო? რად არა გძინავს?
- რატომ გინდათ მაწყენინოთ სერ?
- ხო კაი ეხლა, წავედი მეძინება...
- სერ?! - გამომედევნა - ეხლა აღდგომა მოდის, დღესასწაულებია, ხომ იცით ოჯახი, ათასი ხარჯია... იქნებ რაღაცით დამეხმაროთ.

გამახსენდა, მომოს (და არც ერთ სხვა აქაურს) არც ერთი მუსულმანური და არც ერთი ქრისტიანული ზეიმი არ გამოუტოვებია. ქრისტეშობაც იზეიმა, მარიამობაც, რამადანიც, ბაირამიც იბაირამა... თანაც გულწრფელად. დახმარებაც ყოველთვის ითხოვა...

- მომო!
- სერ?!
- ბოლო-ბოლო შენ ვინ ხარ, ქრისტიანი, მუსულმანი თუ ვინ?
- მე, სერ! - დაკრიჭა კბილები - მე ქრის-მუსი ვარ, სერ!


აფროქართველი

ქ. ფრიტაუნი
07 აპრილი, 2010 წელი


 

4. ბელადი

ხემა სთქვა, ცული რას დამაკლებდა
ჩემი ჯიშის ტარი რომ არა ჰქონდესო...

წინა კვირას ვახსენე ჩემი აქაური მეგობარი, პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი დოქტორი ბაბა-კონდე. დავჯდებით ხოლმე მე და დოქტორი ბაბა და მიყვება აფრიკულ ამბებს და ადათებს. დოქტორ ბაბას დისერტაცია სსრკ-ში აქვს დაცული და მარქსიზმ ლენინიზმი გამოცდაც კი აქვს ჩაბარებული, ცრურწმენებისა არ სჯერა, მაგრამ... 

აქ აფრიკაში ამბობენ, კაცი რომ გარდაიცვლება, მერე კარგა ხანი დაბოგინობს და დაბორიალობს თურმე დედამიწაზე. ხან სად ნახავენ და ხან სად. ეს მაშინ ხდება თუ მის შესახებ სიმართლეს არ იტყვიან - თუ კეთილი იყო კეთილად არ მოიხსენიებენ, თუ ბოროტი და მამაძაღლი, ეგეც უნდა აღიარონ. არადა სანამ ამქვეყანას დარჩენილები თვალთმაქცობენ გარდაცვლილიც ასე დაბოგინებს და ვერ ისვენებს. განსაკუთრებით ცუდი კაცი შემორჩება თურმე დიდხანს (აბა ავის თქმა და აღიარება, ხომ უფრო ძნელია!), დადის და კიდევ აგრძელებს ცუდი საქმეების კეთებას... მაშინ კი უნდა შეიკრიბოს თემი და ერთხმად უნდა თქვან ამ კაცის შესახებ სიმართლე. მხოლოდ ეგრე თუ მოისვენებს მიცვალებული და დაანებეს თავს ამქვეყანას...

- მე დავსწრებივარ თემის ასეთ შეკრებას ჩემს საბელადოში - ჩურჩულით მეუბნება ”მარქსისტი” დოქტორი ბაბა კონტე.

როგორ მინდოდა აფრიკული სახალისო ამბები გამეზიარებინა თქვენთვის, ალბათ მერე ეგრეც იქნება, მაგრამ ამჯერად ვერა და ვერ დავაღწიე თავი ერთ საფიქრალს - რუსეთში, სმოლენსკის თავზე, კატინთან ჩამოვარდა თვითმფრინავი ტუ - 154.

დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე

მათთან ერთად დაიღუპა ოთხმოცდათექვსმეტი ადამიანი, პოლონეთის სულ ნარჩევი საზოგადოება: პოლიტიკოსები, სარდლობა, სამღვდელოება, მეცნიერები...

... ისტორიკოსი სტეფან მიალოკი, კატინის კომიტეტის თავმჯდომარე...
... ევა ბაკოვსკაია, კატინში დახვრეტილი გენერალ მიაჩისლავ სმურავინსკის შვილიშვილი, რომელიც ბაბუის საფლავზე უნდა მისულიყო... და სხვა, და სხვა და სხვა...

ეს ამბავი პირდაპირ კავშირშია ჩვენთან, ქართველებთან და საქართველოსთან. ეს იმ დაუმთავრებელი ბრძოლის გაგრძელებაა რომელიც 1921 წელს კოჯორთან დაიწყო ( ალბათ ბევრად უფრო ადრეც) და ჯერაც არ დასრულებულა...

საზარელი ადგილია კატინი, პოლონელთათვის შეიძლება წმინდა ადგილიც: აქ დახვრეტილია 4200 პოლონელი ოფიცერი და 6500 ზე მეტი მაშინდელი საბჭოეთის სრულიად უდანაშაულო მოქალაქე...

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ნისლისა თუ სხვა დაუდგენელი მიზეზის გამო დაიმსხვა კატინთან. მაშინვე ატყდა მითქმა-მოთქმა. რატომ მოხდა? შემთხვევითობაა? ადამიანური ფაქტორია? მოწყობილია? პილოტის ბრალია? პუტინმა გააკეთა? ვინ ჩაიდინა?

მე გეტყვით: ეს ჩვენი, ქართველების ბრალია! ეს ჩვენი გაკეთებულია!!! ალბათ ფიქროფთ, გაგიჟდაო!

გახსოვთ სულხან საბას მაოხრებელი გზირი? ეგ არის! მაგის ჩადენილია - მაოხრებელი გზირის! მაოხრებელი გზირი დაბორიალობს მსოფლიოში, დაუპყრია ხალხის სულები და მთელი ქვეყნები, მართავს მათ და აგრძელებს და აგრძელებს უსასრულოდ ამ ბრძოლას.
მან ჩამოაგდო თვითმფრინავი კატინთან. მან დახვრიტა 4200 პოლონელი ოფიცერი 70 წლის წინ! მან დაიპყრო საქართველო 1921 წელს! ეგ გვებრძოდა 2008 წლის აგვისტოში! სტალინი და სტალინიზმი.

სმოლენსკის თავზე ერთბაშად დაიღუპა პოლონეთის პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი ვისაც სტალინი პირველ რიგში დახვრიტავდა.

ჩვენ ქართველები დიდ ვალში ვართ მსოფლიოსთან. ჩვენ დავბადეთ და გავზარდეთ ეს მეოცე საუკუნის ჯოჯო და ჩვენვე უნდა დავიწყოთ მისი განდევნა დედამიწიდან.

თქვენ იტყვით, ჩვენ რა შუაში ვართ, ეგ რუსეთმა იკითხოსო. არა ბატონო, რუსეთი ბოლომდე აქვს დაპყრობილი მაოხრებელ გზირს და სწორედ ეს ქვეყანა ქცეულა მის მთავარ იარაღად. ტოლსტოის, დოსტოევსკის და სხვათა და სხვათა ქვეყანამ სტალინი გაიხადა თავის სიმბოლოდ და გზისმკვლევ შუქურად!

ისტორიას ბევრი ახსოვს მტარვალი, მაგრამ ყველაზე ითქვა მეტნაკლები სიმართლე და არც ერთს აღარ დარჩა ნამდვილი მოსარჩლეები..

თუ ამბიცია გვაწუხებს შეგვიძლია ვიამაყოთ. მსოფლიოს არც ისტორიაში და არც ლიტერატურაში არ მოიძებნება მსგავსი მოვლენა. ყველა ჯურის მაოხრებელი გზირების  გრძელ სიაში უპირველესი ჩვენია! ყველაფერში ჩემპიონია:

-         ღალატში - უგანა და  უღალატა ყველაფერს რასაც კი შეიძლებოდა, პიროვნულს თუ საზოგადოს...
-         სისხლისღვრაში - ვის დაუღვრია ადამიანის მოდგმის სისხლი ამდენი, ვერც ერთი სისხლისმსმელი ტირანი ან სერიული მკვლელი სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა რაც მაოხრებელმა გზირმა მოახერხა. ჰიტლერიც კი, რომელმაც გერმანული პედანტურობით შეიმუშავა ბიზნეს გეგმა და საწარმოო მაშტაბებით გამართა ხალხის მოგუდვა, ვერ დაეწია ჩვენს მაოხრებელ გზირს.
-         გარყვნა და გაათახსირა ხალხები, ქვეყნები და ერები...
-         რამდენი გენიოსი, ნიჭიერი ან უბრალოდ გონიერი და მუყაითი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და უკან დახია კაცობრიობის განვითარება, კულტურა, მეცნიერება...

ნამდვილად არ მეყოფა არც წარმოსახვა და არც ფანტაზია ცოდვათა ეს დაუსრულებელი სია რომ შევადგინო. ვინც გინდათ ის გაიხსენეთ, ნერონი, კალიგულა, თემურ ლენგი, ჰიტლერი.... ვერავინ ვერ მოვა მასთან... თანამედროვე პოლ-პოტები და მილოშევიჩები ხომ საერთოდ ვოდევილის ტაკიმასხარებად ჩანან.

ის ისევ აქ არის, ჩვენში ტრიალებს, უზარმაზარ რუსეთს მართავს და იბრძვის, იბრძვის გაშმაგებით მიწის ყოველი მტკაველისათვის, სულებისათვის... უნდა იცოდნენ ქართველმა ტახტის მაძიებლებმა, რომ როცა მოსკოვში გარბიან შველის სათხოვნელად, მასთან სასაუბროდ და სულის მისაყიდად მიდიან.

ლეხ კაჩინსკიმ ზუსტად იცოდა ვის ებრძვის. იცოდა რომ არაფრით არ შეიძლება მოდუნება და არც ერთი გოჯის დათმობა. 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაოხრებელი გზირი საქართველოში შემოუძღვა რუსის ტანკებს, როდესაც მე, ქართველი, აფრიკაში ვიჯექი და ზოგიერთი სხვა ქართველები ბაქოში და ერევანში გარბოდნენ, პოლონეთის პრეზიდენტი თბილისში ჩავიდა... მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი.

ჩვენ ქართველები ვალში ვართ. 1990 წლიდან ჩვენ მოგვეცა შანსი ჩვენი ვალი მოვიხადოთ, ჩვენს თავში გავერკვიოთ, გავიგოთ ვინა ვართ და ცუდ კაცს ცუდი კაცი დავარქვათ.
საქართველოს თემმა უნდა თქვას ვინ არის სტალინი, ისევე როგორც გერმანიამ აღიარა, დაგმო ჰიტლერი და ფაშიზმი, ბოდიში მოუხადა ყველას და გაანთავისუფლა მსოფლიო თავისი მაოხრებელი გზირისაგან.

ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ, მივცეთ ამ ჩვენს დამოკიდებულებას მორალური და იურიდიული ფორმა. გამოვცეთ კანონი რომ სტალინი არის უდიდესი დამნაშავე კაცობრიობის ისტორიაში, გაუთანაბროდ სტალინიზმი და საბჭოთა კომუნისტური რეჟიმი ფაშიზმს და რომ საქართველოს ტეროტორიაზე კანონით ისჯება სტალინიზმის ნებისმიერი გამოვლინება...

ნუ გეშინიათ, არაფერი დაგვაკლდება, მხოლოდ გავიწმინდებით. ჩვენ გვყავს უამრავი საოცრად კეთილი და ნათელი, საამაყო ადამიანები და მათი სულებიც მოისვენებენ...

ამითი ბრძოლა არ დამთავრდება, მაგრამ დამიჯერეთ ფრონტის ხაზი გამოიკვეთება, ნისლი გადაიყრება და მაოხრებელ გზირს სერიოზულად შეერყევა პედესტალი....

მაგრამ განა ესე ფიქრობს საქართველო???

მივხვდი რომ სამიტინგო სიტყვა გამომივიდა, არადა როგორ მინდოდა სახალისო აფრიკული ამბების მოყოლა. ვინ გაცალა!

* * *
ისევ ჩვენი ფრიტაუნული კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო თუ მიშველის.

-         მომო შენ იცი ვინ იყო სტალინი?
-         არა სერ, ვინმე ბელადია!?
-         ლენინი?
-         ეგ ვინ არის?
-         მომო სკოლაში ხომ დადიოდი?
-         დიახ სერ, პოლიციის კურსებზეც, დიპლომიც მაქვს!

დაილოცოს აფრიკა!!!


აფროქართველი
ქ. ფრიტაუნი
2010 წლის 13 აპრილი



5. Freetown - თავისუფალი ქალაქი
თბილისი - თბილი წყალი

ფრიტაუნს 1792 წელს ჩაუყარა საფუძველი ტრანსატლანტიკურმა სავაჭრო კომპანიამ, როგორც განთავისუფლებული მონების საცხოვრებელს. მთელს მსოფლიოდან ჩამოჰყავდათ მონად ნამყოფი აფრიკელები, ურიგებდნენ  მიწის ნაკვეთებს და აქ ასახლებდნენ. ასე ჩამოყალიბდა სიერა ლეონეს დანაჩენი ტომებისაგან სრულიად განსხვავებული ახალი თემი, კრიო და მათი სამყოფელი - ქვეყნის მომავალი დედაქალაქი - ფრიტაუნი.

კრიოები  სხვა ტომებთან შედარებით ბევრნი არ არიან, მაგრამ მათი ენა, კრიო (დამახინჯებული ინგლისური), გახდა სიერა ლეონეს გამაერთიანებელი მთავარი ენა. კრიოებს თავი განსაკუთრებულად უჭირავთ (ეს აქაური ინტელიგენციაა), სხვებს ჩამოსულ პროვინციელებად თვლიან და ნამდვილ ქალაქელობაზე დებენ თავს. მათი უმრავლესობა მართლაც გამოირჩევა განათლებით, საქციელით, იერითაც კი.

-         ეჰ, რა ქალაქი იყო ფრიტაუნი! ეს ამდენი პროვინციელი რომა არა!!!

განსაკუთრებით სამოქალაქო ომის მერე გაივსო ქალაქი ლტოლვილებით.

-         ქალაქში ვეღარ გაივლი, ნაცნობ სახეს ძლივს თუ შეამჩნევ! ადრე სულ სხვა იყო! იკარგება ქალაქური სული!

ჩემმა წინა წერილებმა სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია, ზოგმა კარგი მითხრა, ზოგმა არაფერი. ერთი კი ნამდვილად მეუცნაურა (თუმცა მოსალოდნელი იყო). ეს რა არის - აფრიკელებს როგორ გვადარებსო! რა გითხრათ, ძალაუნებურად ვადარებ. ერთს კი ვიტყვი, ვისაც კი ეს ეხამუშა და ჩემს ნაწერებში პირველ რიგში ეს შედარება მოხვდა თვალში, სწორეთ მათნაირების გამოა რომ აქამდე ესეთ დღეში ვართ, ერთ ადგილას ვიტკეპნებით და თუ შემთხვევით წინ გადავდგით ნაბიჯი უმალ უკან უკან მივჩოჩავთ... აფრიკისაკენ!

აქ კი არაფერი ხდება ცუდი! ან ისეთი  ჩვენ რომ ძალიან გაგვიკვირდეს, გვეუცნაუროს ან ალღო ვერ აუღოთ.

ჩემი კანის ფერის გამო აქაურებს საოცნებო, შორეული ევროპიდან ვგონივარ და შემომნატრიან ხოლმე - White man! ბევრსაც მეკითხებიან ესა თუ ის თქვენთან როგორ არისო. მეც არ ვიტეხავ იხტიბარს, ყველა ნაკლს თუ შეცდომას ვუსწორებ და ხან რას ვსაყვედურობ და ხან რას, მაგალითად კი სულ საქართველო მომყავს. შეამოწმებენ თუ რა! ესენიც თავს იმართლებენ და მპასუხობენ - რას იზამ, ეს აფრიკაა სერ! სად ჩვენ და სად თქვენ. ჰოდა ჩემი მონაყოლით ასე აქვთ ჩამოყალიბებული პრიორიტეტები: ინგლისი, ბელგია, საქართველო... არა უფრო სწორედ ინგლისი, საქართველო, ბელგია...

მათთვის საქართველო არის ქვეყანა სადაც:

-         არასოდეს არ აგვიანებენ;
-         სამაგალითო პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან;
-         სტერილური სისუფთავეა;
-         არაფერს არ აგდებენ და მტვერიც კი გამოყენებულია;
-         ერთმანეთი ყველას უყვარს და ყველა ერთმანეთს ეხმარება;
-         ყველა დაკავებულია და თავისუფალი დრო თითქმის არავის აქვს;
-         ყველა ძალიან ჭკვიანი და განათლებულია;
-         მშიერს და ღარიბს ხომ სანთლით ვერ იპოვი;

ძალიან კარგი ქვეყანა გამომივიდა!

შენატრიან ჩემი ნაცნობი სიერა ლეონელები საქართველოს და ოცნებობენ ეგეთივე ქვეყანა ააშენონ. არ წახვიდეთ, გვასწავლეთ, იქნებ შვილები მაინც მოესწრონ თქვენნაირ ქვეყანაში ცხოვრებასო! აქაურისგან ვერ გაიგებ - ამან მე რა უნდა მასწავლოსო!

საქართველოს უახლესი ისტორია მალე დამოუკიდებლობის მეორე ათწლეულს შეასრულებს. სიერა ლეონე უკვე თითქმის ორმოცდაათი წელია დამოუკიდებელი ქვეყანაა. როგორც ამბობენ გადასარევი ქვეყანა, ნამდვილი სამოთხე ყოფილა სანამ 90 წლებიდან არ დაიწყო დაუმთავრებელი გადატრიალებების სერია და 10 წლიანი სამოქალაქო ომი. ქვეყანა მთლიანად მოიშალა და გაპარტახდა. გაეროს ჯარი და ცისფერჩაფხუტიანები იდგნებ გამშველებლებად რამდენიმე წელიწადი. ბოლოს ისინიც წავიდნენ. აქ ორი პოლიტიკური პარტიაა (ძირითადი) სლპპ (ეს-ელ-პი-პი) და აპს (ეი-პი-სი). 2008 წლამდე სლპპ მართავდა. არჩევნების მერე აპს-მ გაიმარჯვა. არც არაფერი. აღიარა სლპპ-მ დამარცხება და გადავიდა ოპოზიციაში. პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არავის აქვს. 2012 - ში ახალი არჩევნები იქნება. ხალხი ამბობს ეყოფა ეხლა აპს-ს, ისევ სლპპ ვცადოთო.

მგონი მალე საქართველოში იქნება ადგილობრივი პიპიპიები. ნეტა თბილისის მერად რომელ პიპის აირჩევენ?!

ამ რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებულ პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, სოციალური სფეროს განვითარებას ეხებოდა. სემინარები იყო თბილისში, გუდაურში. მერე კი ვინც თავი გამოიჩინა ბრატისლავაში წაგვიყვანეს სამეცადინოთ. რბილად რომ ვთქვა იმ დროს თბილისი ვერ იყო კარგ ფორმაში. დენის პრობლემები, ჩაბნელებული ქუჩები და ა.შ. საზღვარგარეთ გასვლა კი ნამდვილად დასვენება და სუფთა ჰაერის ყლუპი იყო... ბრატისლავა კოხტა და კრიალა ქალაქია შუაგულ ევროპაში. სიდიდით არ გამოირჩევა და შესაბამისად არც ჰიტროუს ზომის აეროპორტი აქვს...

დაფრინდა ჩვენი თვითფრინავი ბრატისლავის აეროპორტში, ქართული დელეგაცია ჩაბრძანდა ტრაპზე. პირველი ქართული შთაბეჭდილება და პირველი სიტყვები:

-         ეეე ბიჭო, ეს რა საქათმეში ჩამოგვიყვანეს!

*  *  *
ჩვენი ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო სევდანარევი გასცქერის ოკეანეს

-         რა იყო მომო!
-         სერ! პენსიაზე რომ გავალ, საქართველოში უნდა წავიდე საცხოვრებლად!

მობრძანდი მომო, მაგრამ... შენღა აკლიხარ აქაურობას!

პატივისცემით,
თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
21 აპრილი, 2010 წელი


No comments:

Post a Comment