Friday, February 25, 2011

აფროქართველის ჩანაწერები 6 (34) - დაბადების დღე ფრიტაუნში

დაბადების დღე ფრიტაუნში


რამდენიმე წლის წინ ჩვენს კომპანიაში სამუშაოდ მაიკლი მოვიდა. ზედმიწევნით მოწესრიგებული, პუნკტუალური, მუდამ საქაღალდით დადის. მაგრამ ნაზი და მშიშარა არ გეგონოთ. თავდაპირველად ტყის მენეჯერად მოვიდა სამუშაოდ.

ერთი კი ვიფიქრე ეს დაუთავებულ, გაკრახმალებული კაცი ჯუნგლებში რის მაქნისიათქო. არაფერი შეგეშალოთ,  როგორი გაპიწკინებულიც მიდიოდა ბუშში, ჯუნგლების აქაური სახელია, ექსპედიციაში ისევე სუფთა და დაუთოვებული ბრუნდებოდა უკან, მხოლოდ გაუპარსავ სახეზე და დაღლილ თვალებზე ეტყობოდა ხოლმე, რომ მთლად ცივილიზაციაში არ სეირნობდა. როგორ ახერხებდა ნამდვილად არ ვიცი.

ნელ ნელა, ზედმეტი სიტყვის უთქმელად, თავისი საქმის ზედმიწევნით შესრულებით, შრომით და ზრდილობით დაიმსახურა პატივისცემა და მეოგობრობა.

მაიკლი ინდოელია. უკვე ძალიან დიდი ხანია დასავლეთ აფრიკაში მუშაობს. ძირითადად სიერა ლეონეში, თუმცა მეზობელ ქვეყნებშიც, გვინეაში და ლიბერიაშიც უმსახურია. ლიბერიაში დიდ სამხერხაოში მუშაობდა, რომლის მეწილეც ლიბერიის მაშინდელი პრეზიდენტი ჩარლზ ტეილორი იყო. ეხლა რომ საერთაშორისო სასამართლოშია კაცობრიობის და ჰუმანიზმის წინააღმდეგ დანაშაულის ბრალდებით, დღე დღეზე გამოუტანენ განაჩენს.

-         მაიკლ, იცნობდი ტეილორს?
-         დიახ სერ! ხშირად მოდიოდა ჩვენთან. ისეთი ყურადღებიანი და კეთილი იყო. ვერ ვიჯერებ თუ იგივე კაცია სასამართლოში.
-         ეტყობა თქვენთან უკვე ნასადილები მოდიდოდა ხოლმე.

ვერ გაიგო მაიკლმა. ჩაფიქრებული გამეცალა.

ერთი კია, ეს სახელი, მაიკლი, რაღაც უცნაურად ჟღერს. არაფრით არ შეესაბამება ჩემს განწყობას. ეს ინდოელი კაციც არც ერთ კლასიკურ მაიკლს არა ჰგავს, მაიკლ დუგლასი, მაიკლ კორლეონე, მაიკლ ჯეკსონი. დავუძახემ ხოლმე - მაიკლ! - და სულ  მაქვს განცდა, რომ რაღაც შემეშალა.

ამას წინათ კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ერთ დღეს ჩვენი კომპანიის პიარ მენეჯერი მოვიდა და მეუბნება.

-         დღეს რაჯკუმარის დაბადების დღეა.
-         ვისი? რაჯკუმარი ვინ არის? ვინმე ნაციონალური გმირია?
-         ვინ გმირი? რაჯკუმარი, ჩვენი ”ფორესტ მენეჯერი”, მაიკლი..

აგაშენა ღმერთმა! რაჯკუმარი! აბა რა. კაცს სახელი ესე უხდებოდეს და არ ეძახდნენ!?

-         რაჯკუმარ გილოცავ დაბადების დღეს! ”ჰეპპი ბერსდეი”!
-         მადლობა! სერ!
-         ეს მაიკლი საიდან მოიტანე?
-         აქაურებმა დამარქვეს სერ! ესე ურჩევნიათ, რთული სახელი გაქვსო.

აბა რა გითხრათ, მე რაჯკუმარი უფრო მეადვილება.

თქვენ თუ იცით, რომ ქართველებისათვის საამაყო კაცს, მიხეილ ხერგიანს, მიშა არ ერქვა. როდესაც, როგორც ქართველების წესია, გასაქანი არ მისცეს და ჩრდილო კავკასიის ალპურ ბანაკებში მოუხდა მუშაობა, იქ შეარქვეს რუსებმა ”მიშა”, აქაოდა შენს სახელს ვერ ვამბობთო, და ესე შერჩა კიდეც. სინამდვილეში კი ჩხუმლიან ხერგიანი იყო.

რაჯკუმარი პატარა ბიჭი აღარ არის, ორმოცდაათს გადაცილებულია, თუმცა ყოჩაღი და დაუღლელია, თავზე შავ-შავი გრუზა თმა ადევს და სისხარტით ბევრ ყმაწვილს სჯობს.

ერთი შეხედვით შეუმჩნეველი და უსიტყვო კაცი საინტერესო ბედის და ხასიათის აღმოჩნდა. სხვისას თუ ორ დღეში ყველაფერს გაიგებ, მე ისა ვარ და მე ესა ვარო, რაჯკუმარის ცხოვრების დეტალებს პორცია პორცია, ნახევარ წელიწადში თითო ეპიზოდს თუ ეზიარები.

თექვსმეტი წლის იყო რაჯკუმარი, როდესაც მისი უფოსი და გათხოვდა. გათხოვდა და ქმარს აფრიკაში წამოყვა. ინდოელების ტრადიციით, თურმე ქალი მარტო არ გამოუშვიათ და უმცროსი ძმა, რაჯკუმარი, გამოაყოლეს, აქაოდა ამ სიშორეს მიდის და გვერდით ვინმე ჰყავდეს თავისიანიო.

იმის მერე აფრიკაშია მაიკლი. ინდოეთში ათასში ერთხელ მიდის, ნათესაობის მოსანახულებლად. ბევრი სამსახური გამოიცვალა. დაოჯახდა, ლიბერიელი ქალი მოიყვანა ცოლად, ქალიშვილი შეეძინა. ორმოცდაათს რომ გადააბიჯა ქართველებთან მოხვდა სამუშაოდ, სიერა ლეონეში.

დადგა რაჯკუმარის დაბადების დღე. ერთი დაიჩივლა, თქვენი დაპატიჟება მინდა, მაგრამ ჩემი ბინა ძალიან პატარაა და... მაგაზე გაწყრნინებთ რაჯკუმარ! ჩვენს ფრიტაუნის სახლს უზარმაზარი დარბაზი აქვს, ცხენი გაჭენდებაო, რომ იტყვიან. მაიკლის ცოლი კი პროფესიონალი მზარეულია, დიპლომირებული. აბა! ჰა ბურთი და ჰა მოედანი!

დაიყარა, მაგრამ რა დაიყარა. რაჯკუმარის მეუღლე, პროფესიით მზარეული, უზარმაზარი ზანგის ქალია, სიმაღლეში ორი მეტრი არა მაგრამ მეტრი და ოთხმაცდაათი ნამდვილად იქნება. საოცრად მხიარული ხასიათი აქვს, ყოველ მეორე სიტყვაზე გადამდებად იცინის და გარშემო ყველა ძალაუნებურად კარგ ხასიაზე დგება. სამზარეულოში მთელი სივრცე დაიკავა, უზარმაზარ დანას ჯაყვასავით ატრილებს, ჯამებით და ქვებებით ჟონგლიორობს. ხარხარში და სიცილ-კისკისში ისეთი სუნები დააყენა ლამის მთელი უბანი სამზარეულოსთან მოგროვდა.

ქართველებმაც თავი გამოიდეს, სხვა სტუმრებმაც ნაი-ნაირი სასმელი შემოგვაშველეს. აბა აფრიკული კერძებიო, ინდური ცხარეო, ქართული შემწვარიო, აქაური წიწაკა და მეგრული აჯიკაო, ღვინო თეთრი და წითელიო, მაგარ-მაგარიო, ტეკილა ბუმიო... მიდიიი.

გაგიმარჯოს რაჯკუმარ!

თამადა ქართველიო, ღმერთს დიდება ჩვენ მშვიდობაო და დავიწყეთ.

ვინ აღარ ზის სუფრასთან. ინდოელი იუბილარი, ქართველები, სიერა ლეონელები, ლიბერიელი, უკრაინელი, ესპანელი...

სუფრა ქართულად მიდის, რაჯკუმარი ისე ყურადღებით უსმენს სადღეგრძელოს ყველა სიტყვას ისე აზრიანად აკანტურებს თავს, რომ ნამდვილად ყველაფერი ესმის.

-         შენს სამშობლოს გაუმარჯოს, მაიკლ, შენი სამშობლოს თამადობით...

რაჯკუმარს ძალიან უყვარს სამშობლო. ერთი რამ შევნიშნე და ხშირად ვიყენებ. საკმარისია რამე ჰკითხო ინდოეთზე, ყველაფერი ავიწყდება და ხალისით და საინტერესოდ გპასუხობს. ეს უტყვი კავი უცბათ მჭერმეტყველი ხდება და შეუძლია დიდხანს და თავდავიწყებით გელაპარაკოს ინდოეთის ისტორიაზე, ტრადიციებზე, ადათებზე, პოლიტიკაზე. მაიკლი სამხრეთ ინდოეთიდან ყოფილა, სადაც ტამილია, თანაც ქრისტიანები არიან. მეც მეტი რა მინდოდა, უმალ ტამილელი ვეფხვი შევარქვი. ”ტამილ ტაიგერ!” - დავუძახებ. უცნაურად გამომხედავს ხოლმე და ცალყბად იღიმის, ვერ გავიგე მოსწონს ეს მიმართვა თუ არა. ჰოდა, რადგან ვერ გავერკვიე, მეც არ ვეშვები, სანამ აშკარად არ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.

-         რაჯკუმარ, შენი დედმამიშვილების თამადობით...

დედმამიშვილობა ამათ სცოდნიათ თუ სცოდნიათ, აკი გითხარით, გათხოვილ დას ამ დასაკარგავში წამოყვა, მარტო არ იყოსო. ინდოეთში დარჩენილებთან კი მუდმივი კავშირი აქვს, ხელს უმართავს და არც იქიდან ივიწყებენ.

ამას წინათ მაიკლს და მის მეუღლეს ქალიშვილი სტუმრობდა. მაიკლის გოგო 18 წლისაა, სასწავლებლათ ინდოეთში გააგზავნეს კარგ კოლეჯში. ფლეტაზე უკრავს და სილამაზის კონკურსებს იგებს. მაილი ძალიან ამაყობს.

-         თქვენ არ იცით ინდოეთი. იქ უცხოს არ გაახარებენ, ეს პატარა გოგო კი, ნახევრად აფრიკელი, სულ თავისით ახერხებს ყველაფერს. ყველაფერში პირველია, ძალიან ყოჩაღია.

ეს შვილების სადღეგრძელოზე გამახსენდა.

-         ჩვენს მშობლებს გაუმარჯოს!

ამას წინათ მაიკლი შვებულებაში ინდოეთში იყო. დარეკა და შეწუხებულმა ერთი კვირით გაგრძელება ითხოვა, დედაჩემი საავადმყოფოში მოხვდა და იქნებ მივხედოვო. აბა უარს როგორ ვეტყოდით. ჩამოსული ისეთი მადლიერი იყო, ვერ აგიწერთ.. აქამდე არც ერთი სხვა სამსახური ესე არ დამდგომია გვერდში. აქამდე მეგონა ადამიანები მარტო ინდოელები იყვნენო.

არც სხვა სადღეგრზელოები დავიკელით. სიბნელიში სანთლებიანი ტორტიც მოვიდა.

მერე ქართველებმა გიტარაო. რაჯკუმარის ორმეტრიანმა მეუღლემ ისეთი რეგგი იმღერა ქართული გიტარის აკომპანიმენტით, ბობ მარლის შეშურდებოდა. მერე ტრადიციული ბლიუზი ერთობლივი შესრულებით, მერე ძველი როკენ-როლი და წავიდა ცეკვა.

ბოლოს რომ ვიშლებოდით, მაიკლმა, ესე ვერ გაგიშვებთ, ერთი მათქმევინეთო. ყველა გააჩუმა, ფეხზე ადგა და უშეცდომოდ და უაქცენტოდ - საქართველოს გაუმარჯოსო! - დასძახა

ნამდვილი ქართული დაბადების დღე გამოვიდა. გაგიმარჯოს რაჯკუმარ!


* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო პოსტს არ ტოვებს. დროდადრო ამოდიოდა, ყურადღებით დაგვთვალიერებდა, ერთს გადაკრავდა და უკან ბრუნდემოდა სადარაჯოზე. ვინმემ ხომ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება. მითუმეტეს ინტერნაციონალური სუფრაა. საჭმელი კი იცოცხლე, ჩაუზიდეს, არ მოშივდება.


თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
23 თებერვალი 2011 წელი.

Friday, February 18, 2011

აფროქართველის ჩანაწერები - 5 (33)

ფრიტაუნის ტრაფიკი

ფრიტაუნში, თუ კვირის ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, დღისით,  ქალაქის ცენტრში გამოგიჩნდათ საქმე, ჩათვალეთ, რომ სერიოზულ განსაცდელში ხართ. სიერა ლეონეს დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები ნებისმიერ მეგაქალაქს გაეჯიბრება გადატვირთულობით, ერთ კვადრატულ მეტრზე ადამიანების და მანქანების კონცენტრაციით, წარმოუდგენელი საცობებით. მოკლედ ”ტრაფფიკ”, იტყვიან ხოლმე სახის ბედდთან შეგუებული  გამომეტყველებით და მრავლისმეტყველი ინტონაციით. ტრაფფიკ!

აქაურები ამბობენ, ყველაფერი ინგლისელების ბრალია, ნახეთ როგორი ვიწრო ქუჩები აგვიშენეს, ოცდამეერთე საუკუნის მოძრაობას არ შეესაბამეაო. არის სიმართლის მარცვალი, რომ არა ინგლისელები, ფრიტაუნი საერთოდ არ იარსებებდა.

მსოფლიოში ვერსად ვერ ნახავთ ასეთ მანქანებს. დედამიწის ყველა კუთხიდან მოგროვებული, მრავალ განსაცდელს გადარჩენილი, ბოლო ამოსუნთქვამდე მიყვანილი სატრანსპორტო საშუალებების უკანასკნელი და სამუდამო ნავსაყუდელი ფრიტაუნია. მანქანა, საბარგო, ავტობუსი, დადის მანამდე, სანამ სადმე უადგილო ადგილას უბრალოდ არ დაიშლება, ერთდროულად გასძვრება რამდენიმე ნაწილი და იქვე დარჩება ხოლმე, როგორც წესი შუა გზაზე, ძეგლად ქცეულ საყვედურად. რჩება როგორც წესი დიდი ხნით, წვლილი შეაქვს საერთო ”გატრაფიკების” საქმეში, სანამ ან ნაწილებად არ დაშლიან, ან გზიდან არ გადაუძახებენ.

ყველაფერს აგვირგვინებს მძღოლების ხასითი და ტემპერამენტი. ასეთი მშვიდი, უდარდელი ”შოფრები” არსად გენახოთ. სულ რომ ცარიელი იყოს გზა, წარბშეუხრელად შეუძლიათ კუს ნაბიჯით იარონ. უკან მიმყოლებიც ზუსტად ასევე ნერვის შეუტოკებლად მიყვებიან, და არავის მოუვა თავში აზრად რომ უსაყვედუროს, დაუპიპინოს, აქაოდა, გამოიღვიძე ბიჭო, ცოტა ”გაზი” მიეციო. ისევ ვინმე გადარეული ქართველი თუ აიკლებს იქაურობას, მაგრამ ასეთები საბედნიეროდ ერთეულებია.

სამაგიეროდ ქალაქიდან თუ გააღწიე, გაილაღებ. ე.წ. ტრასა, როგორც წესი ცარიელია. მოძრაობა მწირია, პოლიცია არ გაწუხებს და იქროლე როგორც გინდა.

რამდენჯერმე დავფიქრდი, მძღოლს ხომ არ ჩავაბარო საჭე და ხომ არ მოვისვენო თქო, სხვებიც ამას მირჩევდნენ. ერთი ორი წლის წინ ის ის იყო გადავწყვიტე.

სიერა ლეონეს აღმოსავლეთით მოგზაურობის შემდეგ ფრიტაუნისკენ მოვდიოდი. ასეთ კრუიზებში არასოდეს მარტო არ ვრისკავდი, ჩვენი მექანიკოსი, ერთგული აბდულა სულ თან მახლდა და ხშირადაც გამომდგომია. აბდულამ მანქანა თავის ხუთი თითივით იცის, თვალდახუჭული დაშლის და ააწყობს. შუაგულ აფრიკაში ბორბლის გამოცვლა, წვრილმანი რემონტი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი სასრგებლო სამსახური, სულ აბდულას კისერზე იყო. საჭეს კი როგორც წესი მე ვატრიალებდი.

აფრიკულ სავანაში, თითქმის ცარიელ გზაზე მოვქროდი. ვიგრძენი, რომ განსაკუთრებით დავიღალე და თავს ვეღარ ვიფხიძლებ, წარამარა ვთვლემ.

-         აბდულ, შეგიძლია ცოტა ხანს წაიყვანო მანქანა?
-         ნო პრობლემ, სერ! აბა რა! - თვალები აუციმციმდა აბდულას.

ადგილები გავცვალეთ. აბდულამ საჭე ჩაიბარა, უსაფრთხოების ღვედი გადაიკრა და მანქანა მომართა. მეც მოვკალათდი, თვალები მივლულე და ძლივს მოვდუნდი. ის ის იყო გემრიელად ჩამთვლიმა, თითქოს ნავი ქანაობს სასიამოვნოდ ტალღებზე.

რაღაც ნამეტანი მოიმატა ღელვამ. თვალები დავაჭყიტე. ტრიალ მინდორში, ლარივით სწორ გზაზე, სადაც ჰორიზონტამდე მოსახვევი არა სჩანდა, ჩვენი მანქანა რაღაც უცნაური სლალომით მიდიოდა. შუაგულ თეთრ ”ღერძულა” ხაზს ხან მარცხნივ მოვიტოვებდით და ხან მარჯვნივ. სიჩქარეც გვარიანი იყო, კიდევ კარგი არც ჩვენი მიმართულებით და არც შემხვედრი მანქანა არ ჩანდა. ამ უცნაური ვალსისაგან თვალი ამიჭრელდა და ლამის გულისრევა დამეწყო. აბდულას გავხედე. სრული სერიოზულობით ჩაფრენოდა საჭეს და ვითომც აქ არაფერი უცნაური არ ხდებაო, მიასლალომებდა.

-         რას შვები, აბდულ, გაგიჟდი?! გაასწორე საჭე!
-         სწორად მივდივარ სერ, სულ პირდაპირ?
-         მაშაყირებ? გააჩერე მანქანა!

ერთი კარგად შევუკურთხე აბდულას, საჭიდან გადმოვაგდე და ისევ მე მივუჯექი. გამებუტა აბდულა, აქაოდა მშვენივრად მიმყავდა მანქანაო. ისე აგიდგა გვერდები!

მერე გავარკვიე, ჩვენს აბდულას თურმე იშვიათი სიელმე ჰქონია, მხედველობის დეფექტი. რაღაცნაირად მხარეები ეცვლება. თურმე სრულიად გულწრფელად ჰგონებია რომ საჭეს გზის მიმართულებით ასწორებს. ბიჭოს!

არა ვარ ბოროტი, ადამიანების დაცინვაც არ მიყვარს. მაგრამ ცდუნებას ვერ ვუძლებ და აბდულას სულ ერთიდაიგივე მახეს ვუგებ. სახლში რომ ვბრუნდები, მანქანას დავაყენებ და აბდულას ვეძახი. მანქანა უნდა შეამოწმოს. მოახლოებას არ ვაცლი და გასაღებს გადავუგდებ ხოლმე.

-         დაიჭი აბდულ!

გასაღები თუ მარცხნივ მიფრინავს, აბდულა ხელს მარჯვნივ იქნევს, გასაღები მარჯვნივ, და აბდულა მარცხნივ აცეცებს ხელებს. გასაღები მიწაზე ვარდება, მე სიცილს ვიკავებ, დანანებით ვაქნევ თავს

-         ეხ, აბდულ, აბდულ...
-         ვახ, დამივარდა სერ!

ბოროტი ვარ? ეს რიტუალი რომ არ შევასრულოთ, აღარ მე გამომდის და აბდულაც გამინაწყენდება.

კიდევ რამდენიმე წლით გადაიდო პერსონალური მძღოლის ამბავი.

ამას წინათ დავიწუწუნე, აღარ შემიძლია ფრიტაუნში მანქანის ტარება, ისე გამაბეზრა ამ ტრეფიკებმა და უთავბოლობამ, რა გახდა ერთი მძღოლი?

მეორე დილას სამსახურში ადრე მივედი. იქვე დამხვდა ჩვენი კომპანიის პიარ მენეჯერი და ახალგაზრდა ბიჭი.

-         ეს თქვენი მძღოლია, უკვე მოველაპარაკე, ძალიან კარგი ბიჭია, თანაც რა მძღოლია, რომ იცოდე... მე ვუდგები თავდებად.

ჩემს უკითხავად გადაწყვიტა ყველაფერი პიარმა, და თავმომწონედ გამომხედა, ნახე როგორ ვზრუნავ შენზე, თან რა ოპერატიულადო. უარი არა ვთქვი, საცდელი ვადა გამოვუცხადე და გასაუბრებაც მომავლისათვის გადავდე.

-         რა გქვია ბიჭო?
-         ამარა ტომბოიაკე, სერ. 22 წლისა ვარ. რა აღარ მიტარებია, საბარგო, ტრაქტორი. ძალიან მაგარი ვარ. არ ინანებთ.

უკვე შევეჩვიე ტომბოიაკეს. ერთი უცნაური თვისება აქვს, არასოდეს არ აგვიანებს და რასაც დაავალებ ყველაფერს ასრულებს. როგორ? ეგ სხვა საკითხია. მამამისი დიდი პარამაუნტ ჩიფი, ბელადი, ყოფილა. ეხლა ნოემბერში გარდაცვლილა. ტომბოიაკეს ოცნებაა ისწავლოს და სამხედრო გახდეს. მამაზე ნაწყენია, განათლება არ მომცაო, და დანანებით შემომჩივლა, ბელადებს იმდენი ცოლები და შვილები ჰყავთ, უფროსი შვილები კიდევ ახსოვთ, ბოლოს პატარები კი, ნაყარ ნუყარები, ძალიან ვიუჩაგრებით. უფროს და ძმებსაც სულ ფეხებზე ვკიდივართ, არ ვენაღვლებით ოღონდ ხელი არ შევუშალოთო.

-         ბიჭო, როგორ დაგიძახო, მეგობრები რას გეძახიან.
-         ჩიფ! ასე მეძახიან სერ.
-         უყურე შენ! მაშინ მეც ეგრე დაგიძახებ, ჩიფ! მოსულა?
-         ნო პრობლემ, სერ!
-         ნო პრობლემ არა? შე მამაძაღლო. კაი, ჩიფ.

მოკლედ საჭეს აღარ ვატრიალებ, ტრეფიკებში ხან რას ვკითხულობ, ხან ტელეფონზე ვლაპარაკობ. მანქანაში ოფისი მოვიწყე. მოკლედ ბედნიერი ვარ.

ოღონდ ერთი პრობლემა გვაქვს. ღმერთმა არ ქნას მანქანა უკანა სვლით იყოს წასაყვანი. დავიღუპეთ. ორივე უკანა ”კრილო” უკვე დავფხაჭნეთ, სარკე ორჯერ მოვტეხეთ და ახალი დავაყენეთ. ამას წინათ კი ოფიციალურ შეხვედრაზე მივედით, მანქანებიდან გადმოვლაგდით და შესასვლელისკენ წავედი. უკან ჩოჩქოლი და კივილი ატყდა. მოვტრიალდი. ჩიფს მანქანის უკანა სვლით დაყენება მოუნდომებია, როგორც ყოველთვის თავგზა აებნა. უკან სვლისას თავის მფარველ და გარანტორ პიარ მენეჟერს დაეტაკა, დააგდო და ის ის იყო გადავლას უპირებდა, ბორბალი ლამის ზედ შეადგა, რომ კივილი და ერთი უბედურება ატყდა.

ერთი მოახერხა ჩიფმა, რომ მანქანა გააჩერა. ზის გაძეგლებული ჩიფი გაჩერებული მანქანის საჭესთან, უკანა ბორბალთან მისი მფარველი ანგელოზი მტვერში ამოგანგლული ფართხალებს, ჩვენ კი ოფიციალურ შეხვედრაზე გვაგვიანდება.

-         მე მგონი უნდა დავამთავროთ ეს ტანჯვა, გამოსაცდელი ვადა ვერ გაიარა.
-         არა, რა სერ! - მეუბნება პიარი - კარგი ბიჭია, ნახეთ როგორ ისწავლის. ეს იცით რა კარგი რამე მოხდა. ღმერთმა თავიდანვე გაგვაფრთხილა და ჭკუა გვასწავლა. მეც ხომ გადავრჩი? მერე ისეთი შერცხვენილი იყო. სულ ”სორი, სორის” მეუბნება, ძალიან შეწუხდა.

ჩვენი მეგობარი, პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი დოქტორი ბაბა კონდეც გამოესარჩლა.

-         მართალია, ეგრე ნუ განსჯი. აი, მე მაგალითად, ლამის დავბერდი, მთელი ქვეყანა მიცნობს, რამდენი ხანია მანქანას ვატარებ და უკანა სვლა რო მიხდება, შენ არ იცი როგორ ”მაჟიმჟიმებს”.

რაღა გვიჭირს, დოქტორ!

ერთხელ ადრე, როდესარ არც ჩიფი მყავდა მძღოლად და მანქანის ტარებაც არ მქონდა ყელში ამოსული, ფრიტაუნში, სახლში ვბრუნდებოდით. ტრადიციულად, მე საჭესთან, მექანიკოსი აბდულა გვერდით. ქალაქის საშინელი ”ტრეფიკი” რომ აგვეცილებინა, შემოსავლელი გზა ავირჩიეთ, გზა ვიწროა, გრუნტისაა, მტვრიანია. მთაში გაკვეთილი სერპანტინია, მაგრამ ”ტრეფიკი” არაა. ხოდა ვაწვები ამ გრუნტის გზაზე, მოსახვევებს ოსტატურად ვჭრი და თავი მომწონს. ერთიც მოუხვიე და წინ მიდის შავი, დაბურულ მინებიანი დიდი ტოიოტა. როგორც ნამდვილ ადგილობრივს შეეფერება, მიზოზინებს. მივყევი, ვცდილობ გასწრებას, არ მიშვებს, ვუპიპინებ, რეაქცია - ნოლი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნელა ნელა სრულ გაგიჟებამდე მივედი, ხან მარცხნიდან, ხან მარჯვნიდან, ხან მოტორი ვაბღუვლე, ვაგინე, გაბმული სიგნალი. სრულ ისტერიკაში ვარ.

ვიწრო ხიდთან ტოიოტა შეჩერდა, თან ისე, რომ მთელი გზა გადაღობა. ორივე უკანა კარი გაიღო და ორი პოლიციელი გადმოხტა. სირბილით ჩვენსკენ, ყვირილით და ხელების შლით. წინა სკამიდან მსუქანი, ძალიან სერიოზული ზანგი გადმოვიდა. გზის პირას სერის მაყურებლები შეგროვდნენ.

-         ჩიფ ჯასტის! ჩიფ ჯასტის! - გაისმა აქეთ იქიდან.

აქაური უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე! გავებით! აბდულას გავხედე, ეს შავი კაცი ისე გათეთრებულიყო მაიკლ ჟექსონს შეშურდებოდა.

-         ეხლავე ჩამოართვით მანქანა და წაიყვანეთ პოლიციაში, გავერკვიოთ!

პოლიციელი მომადგა და ჩემს კარებს წაეპოტინა. ღია ფანჯრიდან ხელში ჩავცხე და დავუღრიალე.

-         არ გაბედო ჩემი მანქანის ხელის ხლება!

დაბნეული პოლიციელი უკან გაიწია. აბდულა მანქანიდან გადავაგდე, განთავისუფლებულ ადგილზე ჩიფ ჟასტისს მოუხმე და თან ტელეფონზე ვრეკავ.

-         მოდი ერთი ჩაჯექი, სალაპარაკო მაქვს შენთან.
-         არსადაც არ ჩავჟდები.

ცოტა დაბნეული ჩიფ ჯასტისი ნელ ნელა გონს მოდის. მე ვცდილობ დოქტორ ბაბა კონდეს დავურეკო და ჩიფ ჟასტისს ტელეფონი შევაჩეჩო. ჩიფ ჟასტისი უარობს. ბაბა კონდე კი ტელეფონს არ იღებს. ცოტაც და ჩიფიც და პოლიციელებიც გონს მოვლენ და ...

ვიღაც სოფლელი მოვიდა მანქანასთან და მეუბნება.

-         ნუ უყვირით სერ, დიდი კაცია. უთხარით სორი და ყველაფერი კარგად იქნება...

დავფიქრდი, აბა ესე სორი როგორ ვუთხრა? მეკადრება?!

-         ვერ გიცანით ჩიფ, თანაც რა საშინელი მძღოლი გყავთ, მთელი გზა დაკეტა... არა ჩემი მხრივ მე თუ რამე არასწორად გამომივიდა, სორი რასაკვირველია, მაგრამ....

ვინ გაცადა გაგრძელება, თითქოს ჩასაფრებული იყოო. ეს ”სორი” როგორც კი გაიგო, მკვირცლად ”ოკეი” მითხრა, მეტი არ ქნა ესეო და ეს ძონძროხა კაცი შესაშური სისწრაფით გავარდა თავის მანქანაში, პოლოციელებიც გაყვნენ. მანქანა დაიძრა და წავიდნენ. თითქოს არცა ყოფილან.

ცოტა ხანს გავჩერდი, გაოგნებისგან გამოვერკვიე და ჩვენც დავიძარით. აბდულამაც ჩვეული შავი ფერი მოიბრუნა.



* * *


მეორე დღეს ჩვენი ფრიტაუნის კამრიდამოს ღამის დარაჯმა, პოლიციელმა მომომ ახალი ამბავი მიამბო.

-         გუშინ პოლიციაში ყვებოდნენ, სერ. ჩვენს ჩიფ ჯასტისს ვიღაც ნერვიული თეთრი გადაეყარა შემოსავლელ გზაზე, ერთი ვაი უშველებელი აუტეხავს იმ თეთრს, კაციშვილმა ვერ გაიგო რა უნდოდა.
-         ვინ იყოო, რას ამბობენ?
-         არ ვიცი, სერ - მომომ ეშმაკურად მოჭუტა თვალები - მაგრამ ნამდვილად რომ თუთიყუშები ყავდა (აქაური ოფოფები) ეგ ნაღდია.
-         მერე მომო?
-         ხომ იცით ჩვენი ჩიფ ჯასტისი, როგორი დინჯი და ბრძენია... ჭკუაც ასწავლა იმ თეთრს და მშვიდობიანადაც მოაგვარა საქმე.

კიდევ კარგი სიერა ლეონეში ვარ!



თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
16 თებერვალი 2011 წელი.

Friday, February 11, 2011

აფროქართველის ჩანაწერები 4 (32) - მამმი იოკო

მამმი იოკო

სიერა ლეონეს დედაქალაქი, ფრიტაუნი, ქვეყნის დასავლეთ წვერზე ატლანტიკის ოკეანეში შეჭრილ ნახევარკუნზულზეა. უფრო სწორედ ამ ნახევარკუნზულის ყველაზე დასავლეთ ნაპირზე. თავად ფრიატაუნის ყველაზე დასავლეთი წერტილი კი, დიდი ნახევარკუნზულის წვერი, აბერდინის პატარა ნახევარკუნძულია.

აბერდინის ნახევარკუნზული ფაქტიურად ერთი გრძელი სანაპიროს ზოლია, ოქროსფერი ქვიშით, ქვიშის უკან მოასფალტებული გზით, იმ გზის გადაღმა კი ბარებით, სასტუმროებით და ფრიტაუნის გოლფკლუბით.

ამ სანაპიროს ერთ ერთი საუკეთესო ადგილი მამმი იოკოა. მამმი იოკო დიდი შემოღობილი ბაღნარია, შიგნით სასტუმრო დგას. ამ სასტუმროს პატრონი ხნიერი ტეხასელი ამერიკელია. უკვე დიდი ხანია სიერა ლეონეში საქმოსნობს. ეს გადასარევი ადგილი და სასტუმროც უკვე დიდი ხნის წინ დაუსაკუთრებია, ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლების სამოქალაქო ომამდე. თავიდან სამი ძმა იყვნენ.

გაცხარებული სამოქალაქო ომის დროს, ”რებელები”, აჯანყებულები, ფრიტაუნს მოადგნენ და ნახევარი ქალაქი დაიკავეს. ვისაც კი შეეძლო ყველა გაიქცა ფრიტაუნიდან.

ტეხასელი, რის ტეხასელი იქნებოდა, თავისი ქონება მიეტოვებინა. თითონაც დარჩა, ამერიკიდან ძმები ჩამოცვივდნენ საშველად, ადგილობრივი თავისი ხალხიც შემოიკრიბა და ”მამმი იკოში” გამაგრდა. სასტუმროს ტერიტორია ალყაში მოექცა. ტეხასელები გაჯიქდნენ, არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავიდნენ. გახარბებულმა აჯანყებულებმა, აქაოდა მილიონერი ამერიკელები ჩაგვივარდნენ ხელშიო, მოთმინება დაკარგეს და შეტევა დაიწყეს. ბოლომდე იბრძოლეს ტეხასელებმა, არც ქონება დათმეს და არც ღირსება, იმდენ ხანს გაუძლეს სანამ გაეროს ჯარმა არ დაიკავა აბერდინის ნახევარკუნძული და ”რებელები” გაყარა.

ბრძოლის დროს ტეხასელს ყუმბარმტყორცნი ესროლეს, გადარჩა მაგრამ ცალ ყურში დაყრუვდა. დღესაც, რომ გიმენს, თავს რაღაც უცნაურად ატრიალებს.

როგორც კი საშიშროებამ გადაირა, ისევ ბიზნესის ხასიათზე მოვიდა. მარიფათიანმა ტეხასელმა, შემოსულ გაეროს ნაწილებს უმასპინძლა, ხელმძღვანელობას დაუახლოვდა. იქვე გაჩარხა საქმე. გაეროს სასტუმროს რემონტი და გრძელვადიანი ხელშეკრულება შეტენა.

მართლაც გარემონტდა ”მამმი იოკო”, წლების განმავლობაში იქ იყო გაეროს მთავარი ბაზა სიერა ლეონეში. უზარმაზარ ფულს იხდიდნენ. ნახევრად დაყრუებული ტეხასელი კი მათი მასპინძელი იყო.

ორი წელია რაც გაერო წავიდა, აქაოდა სიერა ლეონეში მშვიდობაა და აღარ ვართ საჭიროო. ერთი ძმა ჭლექით გარდაიცვალა, უფროსი იშვიათად ჩამოდის ხოლმე ფრიტაუნში, ცალყურა კი თითქმის მუდმივად აქ არის. ხელახლა არემონტებს ”მამმი იოკოს”, ”რედისონთან” დადო ხელშეკრულება და ამ წლის ბოლოს ”მამმი იოკო” ისევ გაივსება სტუმრებით...

...1849 წელს სიერა ლეონეს აღმოსავლეთით, სადაც მენდეების ძლევამოსილი ტომის სამფლობელოა, დაიბადა პატარა გოგონა. დაარქვეს სომა. რომ წამოიზარდა და ქალთა საიდუმლო საზოგადოების ”სანდე”-ს წევრად მიიღეს, როგორც აქაური წესია, სახელი შეუცვალეს და იოკო უწოდეს. იოკომ სახელი გაითქვა არაჩვეულებრივი სილამაზით, ხასიათით და საოცრად გრაციოზული ცეკვით. სახარბიელო საპატარძლო დადგა.

პირველი ქორწინება უიღბლო გამოდგა. შემდეგ ტაიამას დიდმა ბელადმა, გბენჯეიმ დაადგა თვალი და ცოლად წაიყვანა. იოკო უშვილო იყო, ასეთ ქალს ნახევარ ადამიანად თვლიან სიერა ლეონეში. მიუხედავად ამისა გბენჯეიმ იოკო თავის მთავარ ცოლად გახადა. გბენჯეი მალე გარდაიცვალა და იოკო დაქვრივდა.

მომხიბლავი იოკო დიდხანს არ დარჩენილა ქვრივად. სენეჰუნის ბელადი, განთქმული მეომარი, ბელადი გბანია ლანგო ბევრს ეცადა მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და ბოლოს ცოლად შეირთო.

1875 წელს მეომარი გბანია ბრიტანელებს შეება და ტყვედ ჩავარდა, დიდი ხნის პატიმრობა ან სულაც სიკვდილით დასჯა ელოდა. იოკომ იმდენი მოახერხა ინგლისელ გუბერნატორთან აუდენციაზე მოხვდა, სილამაზითა და ქალურობით მოხიბლა, არაჩვეულებრივი დიპლომატიური ნიჭი და მოლაპარაკების უნარი გამოიჩინა, ქმარი დაიხსნა, ბრიტანელებთან ზავი გაახერხა და მშვიდობა დაამყარა. ამის შემდეგ ბელადი გბანია მხოლოდ იოკოს ანდობდა დიპლომატიურ მისიებს, გინდა ინგლისელებთან და გინდა სხვა ბელადებთან.

1884 წელს გბანია ლანგო გარდაიცვალა. უბელადოდ დარჩენილმა ხალმა სხვა აღარავინ ინდომა და იოკო სენეჰუნის დედოფლად გამოაცხადა. ასე გახდა იოკო მადამ იოკო, ანუ მამმი იოკო, სენეჰუნის პარამაუნტ ჩიფი.

დიპლომატიით, ჭკუით, ბრიტანელებთან კარგი ურთიერთობით და მათი მხარდაჭერით მამმი იოკომ რამდენიმე წელიწადში თოთხმეტი ჩიფდომი, საბელადო, გააერთიანა და ამასაც არ დასჯერდა, აგრძელებდა თავის ექსპანსიას.

მამმი იოკომ ქალთა საიდუმლო საზოგადოება ”სანდე” არაჩვეულებრივად გააძლიერა, გოგონების სასწავლებელი შექმნა. იქ ასწავლიდნენ ყველაფერს, რაც ქალს უნდა სცოდნოდა, საოჯახო საქმეს, ცეკვა - სიმღერას, მოქცევას, მედიცინას და როგორც ამბობენ ჯადოსნობას. მამმი იოკოს გაზრდილები ხდებოდნენ თურმე ცნობილი მეომრების, გავლენიანი ხალხის, გამორჩეული ბელადების ცოლები. თავის აღმზრდელ მამმისთან კავშირს კი არასოდეს არ სწყვეტდნენ.

1898 წელს ბრიტანეთმა პოლიტიკა შეცვალა და მთელი დღევანდელი სიერა ლეონეს ტერიტორია პროტექტორატად გამოაცხადა, რაც მოსახლეობისათვის გადასახადის გადახდას აუცილებელს ხდიდა.

მამმი იოკო დათანხმდა ახალ წესებს და თავის ტერიტორიაზე გადასახადების ახალი სისტემა შემოიტანა. დიდი ხნის ჩასაფრებული ბელადები აჯანყდნენ, მამმის ქვეყნის გახრწნა დააბრალეს და გადაგდება მოუნდომეს. მადამ იოკომ ყველაფერს გაუძლო. ხალხი ისევ მოიმხრო და აჯანყებულ ბელადებს სასტიკად გაუსწორდა. ვინც ემხრობოდა იმათ თვალში საყვარელი მამმი ორჯერ ძლევამოსილი გახდა, დანარჩენებს კი შეეშინდათ და გაიყურსნენ. ინგლისელებმა დაუფასეს მამმის საქციელი და დედოფალმა ვიქტორიამ ვერცხლის მედლით დააჯილდოვა.

მადამ იოკო, სენეჰუნის დედოფალი, პარამაუნ ჩიფი, უზარმაზარ ტერიტორიას მართავდა 1906 წლამდე. მერე კი მოულოდნელად თავი მოიკლა. დღემდე არავინ იცის რატომ ჩაიდინა ეს მამმიმ.

ბრიტანელები ამბობენ, ყველაფერი მოილია, სიყვარული, სიმდიდრე, ძალაუფლება. წინ ახალი ვერაფერი დაინახა და სიცოცხლე აღარ ინდომაო.

ადგილობრივები ამბობენ, ბრიტანელების გამოყენების პოლიტიკამ არ გაამართლა, მშობლიური ხალხის ნდობა დაკარგა და გული აუცრუვდაო.

არავინ იცის სიმართლე, რა სადარდებელი წაიღო იმ ქვეყნად მადამ იოკომ. საიდუმლოა.

ფრიტაუნის დასავლეთი ნაწილი, აბერდინის ნახევარკუნძული, აბერდინ ბიჩი, სიერა ლეონეს ტურიზმის მომავალია, ასე ამბობენ გაზეთები და ასეთია აქაური სამთავრობო სტრატეგია.

აქ, აბერდინ ბიჩზეა მოგროვებული ღამის კლუბები, რამდენიმე კაზინო, სასტუმროები... ისე არ წარმოიდგინოთ, თითქოს მონტე კარლოა. ყველაფერი მიფახფახებული და გაცვეთილია, მარამ ღამის ცხოვრება მაინც მიდის, ბიჩ-ბოები, მეძავები, ათასი ჯურის ავანტიურისტები, უბრალოდ ოკეანისა და ”პლიაჟის” მოყვარულები აქ იკრიბებიან და მხიარულად ატარებენ დროს. ნელ ნელა ახალი მშენებლობებიც ჩნდება, ძველ გაქუცულ სასტუმროებსა და კაზინოებს ახლები ეპატრონებიან და გარემონტება გადაკეთებას იწყებენ. ყველაზე დიდი სასტუმრო ჩინელებმა აიღეს, ამბობენ ჰილტონიც მოდისო.

მაგრამ აბერდინის, ყველაზე მაგარი ადგილი, მაინც ”მამმი იოკოს” ბაღნარია. შიგნით დაბერებული, ნახევრადდაყრუებული ტეხასელი ზის და ყველაზე თანამედროვე, ყველაზე მაგარ პროექტს აკეთებს, რედისონიც მოჰყავს და ამ წლის ბოლოს საზეიმო გახსნასაც გეგმავს.

სიერა ლეონეს პრეზიდენტიც, ერნესტ ბაი კორომა, კმაყოფილია, საჯაროდ განაცხადა, ”რედისონ - მამმი იოკოს” გახსნა სიერა ლეონეს პროგრესის დასაწყისიაო და სახელდახელოდ ემზადება ლენტის საზეიმოდ გასაჭრელად.

წინ! სიერა ლეონე!

* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო, მამმი იოკოს გვერდით ცხოვრობს. ცალყურა ტეხასელსაც კარგად იცნობს. მომოს შვილიშვილები მამმი იოკოს ღობის იქით მიძვრებიან ხოლმე და ბანანებს და მანგოებს იპარავენ. ტეხასელი ამას მშვიდად ეგუება და ხელყუმბარებს არ ისვრის, სხვა შემთხვევისთვის აქვს შემონახული.

პოლიციელი მომო ახალგაზრდობაში სიერა ლეონეს სახელით გოლფს თამაშობდა. თავის სადარაჯოშიც მუდამ შენახული აქვს გაცვეთილი გოლფის ჩანთა უცნაური ყვანჯებით. ტეხასელიც გოლფის მოყვარულია, ფრიტაუნის გოლფკლუბის წევრი და ხშირი სტუმარია.

-         სერ - მეუბნება მომო - ხვალ გოლკლუბში საწევრო მაქვს შესატანი და იქნებ ხელფასიდან ცოტა წინასწარ მომცეთ? თანაც ხვალ გუნდი გუნდზე, მაზიანი გვაქვს სათამაშო.
-         ვისთან, მომო? რომ წააგო?
-         მე და ტეხასელი ვიქნებით აქაური ლიბანელი ბობოლების წინააღმდეგ. ასე მითხრა თუ წავაგებთ მე გადავიხდი, შენ დარდი ნუ გაქვსო, მაგრამ, ეგ რას წააგებს, უნდა ნახოთ თამაშისას როგორ აბრიალებს თვალებს.
-         აბა თქვენ იცით მომო. გუდ ლაქ!



თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
9 თებერვალი 2011 წელი


Friday, February 4, 2011

აფროქართველის ჩანაწერები - 3 (31) - ვაჭრობა ფრიტაუნში

ვაჭრობა ფრიტაუნში


ფრიატაუნი აღებ-მიცემობის ქალაქია. ვაჭრობენ ყველგან და ყველაფრით. ქუჩის პირას გამართულ დახლებზე ბანანის, მანგოს, ანანასის, სხვადასხვა ბოსტნეულობის ფერადი ნატურმორტებია. სახელდახელოდ გამართულ სამზადზე, იხარშება ბრინჯი და იწვება ხორცი, რასაკვირველია უცხარესი აფრიკული საწებელით. ვისაც ადგილი მოუხელთებია და სტაციონარულად გამაგრებულა ხომ კარგი. ვისაც არა, მთელ მაღაზია შემოუდგია თავზე და ადის ჩადის ქუჩებზე და ზოგჯერ სიარულ-სიარულში შეუჩერებლად ვაჭრობს.

იყიდება ახალი და ნახმარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ახალი და ნახმარი ტელევიზორები, მაგნიტოფონები, ხელსაწყოები, მაცივრები, ავეჯი და ვინ იცის კიდევ რამდენი მსხვილმანი თუ წვრილმანი. ხანდახან ქალაქი ერთი დიდი და მოუწესრიგებელი სუპერმარკეტი გგონია.

უნდა გქონდეს მოთმინება, იცნობდე ქუჩის ხალხს, შეგეძლოს და გეხალისებოდეს ვაჭრობა, კარგად იტანდე თაკარა მზეს და გავარვარებულ ასფალტს და მაშინ,  იშოვნი ყველაფერს, რაც დაგჭირდება.

ხო, კიდევ, უნდა იცოდე სპეცტერმინოლოგია და თუ თეთრი ხარ (უაიტ მენ) ის მაინც არ უნდა შეგეტყოს რომ ახალჩამოხული ხარ, თორემ ვაი შენი ბრალი, უცბად ხუთმაგდება და ათმაგდება ფასები.

საქონელი ახალი - ”ბრენდ ნიუ”, საქონელი ნახმარი - ”იუზდ”, საქონელი უხარისხო - ”ჩაინიზ”, ნახმარი, მაგრამ კარგი ნივთები - ”ბელჯიუმ”. თუ საშოვარზე გახვედი, შეიძლება ენა არ იცოდე ან საერთოდ არ ლაპარაკობდე, მაგრამ ეს სიტყვები აუცილებელია.

ამდენი წლის აფრიკული გამოცდილებით, ვაჭრობის და შეძენის სპეციალური ტაქტიკა გამოვიმუშავეთ. ჩვენს ერთგულ მეგობარ ადგილობრივებთან ერთად, შორიდან შევიგულებთ ხოლმე სასურველ ნივთს და შემდეგ ის ჩვენი ადგილობრივი მეგობარი მარტო ბრუნდება ხოლმე სავაჭროდ და შესასყიდად, ეს მეთოდი, როგორც წესი ამართლრებს, ყოველ შემთხვევაში 10 000 ლეონად საყიდელ ნივთს 100 000 ად არ შემოგვაჩეჩებენ. ლეონი სიერა ლეონული ფულია. თანხებისა არ შეგეშინდეთ 10 000 ლეონი ორდოლარნახევარია.

ფრიტაუნის ვაჭრობის კონცეტრაცია ”ვიქტორია პარკ”-ია, თუ  რამეზე იკითხავ, ყიდვა მინდა და სად ვიპოვნოო, უეჭველი პასუხი იქნება ”ვიქტორია პარკ”-ში ნახეო.

ქალაქის ცენტრში, ინგლისელების მირ აშენებული სასამართლოს უკან, მშვენიერი პარკია. პარკი მე-19 საუკუნის ბოლოს შეიქმნა და დედოფალ ვიქტორიას საპატივსაცემოდ დაერქვა სახელი. პარკი მაღალი და საფუძვლიანი რკინის ღობით არის დაცული და შემოღობილს შიგნით დღესაც პარკია, ეგზოტიკური მცენარეებით, შადრევნებით, მოკირწყლული ბილიკებით, საბავშვო და სპორტული მოედნებით.

მაღალი ღობის გარეთა ნაწილს კი, მთელს პერიმეტრზე, უამრავი მოვაჭრე მიეწეპა ტკიპასავით. ღობის იქით და მიმდებარე ქუჩები სავსეა გასაყიდი საქონლით, მოვაჭრეებით. საინტერესო ის არის, რომ ფეხით ხომ მიდი მოდიან, არც მანქანების მოძრაობა წყდება, თუმცა უცხო თვალისათვის ეს ერთი შეხედვით სრულიად შეუძლებელია. არას დაგიდევენ მანქანები, ნელ-ნელა და ჯიუტად მიიწევენ ცოცხალ მასაში, ფეხით მოსიარულენიც ამას სრულიად ჩვეულებრივად აღიქვამენ, მეტიც, ამ მოძრაობაში ვაჭრობენ. მანქანის პარალელურად მიაბიჯებს მოვაჭრე, ღია ფანჯრიდან მიდის ცხოველი აღებ-მიცემობა. საქონლის გადაცემა, მანქანის სალონში ტანსაცმლის სახელდახელოდ მოზომება, ნივთის გაშინჯვა, ფულის გადახდა, ხურდის დაბრუნება. და ეს ყველაფერი დინამიკაში, განუმეორებელი დიალოგებისა და ქუჩის მუსიკის საუნდტრეკის ფონზე. ძნელი აღსაწერია, საოცარი სანახავია.

ყველაზე საინტერესო, სიღრმეშია, სადაც ქუჩები სულ უფრო და უფრო ვიწროვდება და ხალხის სიმრავლისაგან გაუვალი ხდება, მაგრამ ”უაიტ მენისთვის” იქაურობა რეკომენდირებული არ არის. ნამდვილი სამიზნე ხდები. ბაცაცები, ჯიბის ქურდები, აფერისტი მოვაჭრეები თავისი საქმის ნამდვილი დიდოსტატები არიან. რას არ შემოგაჩეჩებენ, ხურდის ნაცვლად დაჭრილი გაზეთი, ახლად ნაყიდი ტელეფონის მაგივრად გათლილი ხის ნაჭერი, ძვირფასი საათის ნაცვლად ცარიელი ბუდე...

სადაც ხუთი ქართველი შეიკრიბება, რომელიმეს აუცილებლად მოუნდება გიტარა. ექვსსიმიანი კლასიკური გიტარა ტაშფანდურისთვის და დროის სატარებლად, აფრიკული საღამოების გასატანად.

დავიწყეთ ძებნა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ფრიტაუნში არ არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია.

რომ ვიკითხეთ მუსიკალური ინსტრუმენტები სად იყიდებათქო, მიგვასწავლეს და მაგნიტოფონების და დივიდიების დახლები შეგვრჩა ხელში. აი დაუკარით და კარგი მუსიკა იქნებაო, ”დისკებსაც” შეგირჩევთო. ვის არ ვკითხეთ, სად არ მოვიძიეთ. არ არის გიტარა.

გავჯიუტდით, მონადირის აზარტიც გაჩნდა. გიტარა როგორ ვერ უნდა ვიშოვოთ? მოვაწყეთ ექსპედიცია ”ვიქტორია პარკის” ყველაზე შორეულ ჯურღმულებში. გავიცანით ყველა ხვთის გარეგანი, აღმოვაჩინეთ ჰობოი, ძველი, დაშლილი ფისგარმონია, დაჭეჭყილი საყვირი, აფრიკული საჩხაკუნოები და ქსილოფონი. გიტარა არ არის.

ბოლოს ჩვენი კომპანიის ყოვლისმცოდნე პიარ მენეჯერმა მოკრა ყური ჩვენს ინსტრუმენტალურ გასაჭირს.

-         აი ვილბაფორს სტრიტზე ნახეთ, კუთხეში, ლიბანელის მაღაზიაა.
-         მუსიკალური ინსტრუმენტების?

გაკვირვებით და დამცინავად შემომხედა - აქაოდა რა მიუხვედრელი ხარო.

-         მუსიკალური ინსტრუმენტები რა შუაშია? გენერატორებს ყიდის, სამშენებლო მასალებიც აქვს...

მხრები ავიჩეჩე, მაგრამ იმედგადაწურულებმა, მაინც ვცადეთ.

”ვილბაფორს სტრიტ” ცნობილი ადგილია ფრიტაუნში. ჩარიგებულია მაღაზიები, ძირითადად სამშენებლო მასალები, სანტექნიკა, გენერატორები, საოჯახო ტექნიკა, და ათასი წვრილმანი. მფლობელები ძირითადად ლიბანელები არიან, რამდენიმე ინდოელია.

მივადექით კუთხის მაღაზიას. მეპატრონე, ახალგაზრდა ლიბანელი, თითონ დგას დახლში. გარშემო დამხმარეები ტრიალებენ. ჩვენ რომ მივედით მუშტარი ჰყავდა. ელექტრობურღებს არჩევდნენ და ერთმანეთს ევაჭრებოდნენ. გულღიად გაგვიღიმა და გვთხოვა ორი წუთი მოგვეცადა. მართლაც მალე მოიცალა ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ეჭვით შევათვალიერე მაღაზია და უიმედოდ ვიკითხე.

-         გიტარას ვეძებთ.
-         გიტარას?

ლიბანელმა შეგვათვალიერა და დამხმარეს გასძახა, სკამები მოეტანა და ყავა მოედუღებინა.

-         ჩამოჯექით, ეტყობა დაისიცხეთ, ყავა დავლიოთ, ცოტა სული მოითქვით. ცივი კოკა-კოლა?

აშკარად გიჟები ვგონივართ! მეტი რა ჩარა იყო, ვიქტორია პარკში სიარულით დაღლილები და დასიცხულები, დავყევით ნებას და ჩამოვჯექით. წავიდა დინჯი აღმოსავლური მასლაათი. აბა ბიზნესი როგორ მიდის, აბა საერთაშორისო პოლიტიკა, აბა ამერიკა და არაბული სამყარო, აბა ფეხბურთიო. მასპინძელი  საუბარ საუბარში ხან ტელეფონზე ლაპარაკობს და ხან შემოსულ მუშტრებს ისტუმრებს, დამხმარეებს სადღაც აგზავნის, მოკლედ მუშაობს. ჩვენ კი ვზივართ, ვენტილატორი გვიბერავს და ლიბანურ ყავას ვწრუპავთ.

გიტარაზე ხელი ჩავიქნიეთ. აი ჯეზვეს ჩავამთავრებთ, მასპინძელს მადლობას ვეტყვით და წავალთ. ნახევარი საათი მაინც ვიჯექით.

ის იყო დასმშვიდობებლად მოვემზადეთ, რომ გაგზავნილი დამხმარე შემოვიდა, მუყაოს გრძელი ყუთი შემოიტანა, დახლზე დადო და უხმოდ ისევ სადღაც წავიდა.

-         ჩემს ბიძაშვილთან გავაგზავნე, შენახული ჰქონია...

მასპინძელმა ყუთი დინჯად გაჭრა და ხელუხლებელი, ლაპლაპა ექვსსიმიანი გიტარა ამოაძრო...

შემდეგ თხუთმეტ წუთში, სხვადასხვა მხრიდან მოდიოდნენ და მოჰქონდათ ყუთები. მოიტანეს ორი აკუსტიკური გიტარა, ერთი მინიატურული, ეტყობა ბავშვებისათვის, სამი ელექტრო - სოლო და ორი ელექტრო  ბას გიტარა. გაშტერებული შევყურებდით ამ გამოფენას. ეჭვით შემოგვხედა და იკითხა

-         დაკვრა იცით?

გამოვფხიზლდით. ვინც დაკვრა იცოდა, გიტარას ხელი დაავლო. სათითაოდ გავშინჯეთ ყველა. იქვე, ქუჩაში სახელდახელო როკ კონცერტი გაიმართა, ხალხი შეგროვდა, ტამტამსაც დასცხეს, ცეკვითაც აჰყვნენ და სიმღერითაც. კმაყოფილი მაღაზიის პატრონი დახლთან იჯდა, კატასავით იღიმებოდა და ყავას წრუპავდა.

ბოლოს აკუსტიკური გიტარა ავარჩიეთ, ბევრი მადლობა ვთქვით და კმაყოფილები წამოვედით.

-         ხშირათ მოდით ხოლმე, რამე სხვა ინსტრუმენტი ხომ არ გჭირდებათ? არ მოგერიდოთ.

გამოგვაცილა მასპინძელმა. მაინც ხომ ვიშოვეთ?!



* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ტრადიციული თხოვნით მოვიდა. ფანრის ბატარეები დამიჯდა და ფული მომეცი, ვიყიდოვო.

-         რამდენი გინდა, მომო?
-         თხუთმეტი ათასი ლეონი სერ.
-         მომო, გუშინ ვნახე მაღაზიაში, ეგ ბატარეები ათი ათასი ღირს.

მომომ თვალები მოჭუტა.

-         სერ! ათი ათასი აქაურის ფასია, თქვენც ჩემდენს ხომ არ გადაიხდით? არ იქნება ლამაზი. მერე, სამი ათასისას ილოცებენ თქვენთვის, ფანარიც მეტს იმუშავებს.
-         ორი ათასი?
-         ორი ათასი სარგებელია, მაგიტომ ილოცებენ სამი ათასისას, იმას არა აქვს მნიშვნელობა, როგორი გულით გამოგატანენ? და საერთოდ ეგ ამბავი მე მომანდეთ. უსაფრთხოება რა სავაჭროა?


თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
1 თებერვალი 2011 წელი