Friday, May 20, 2011

აფროქართველის ჩანაწერები 15 (43) - ტეხასი

ტეხასი
(აფროქართველის ამერიკა)



სალამი მეგობრებო! თქვენი აფროქართველი მოგზაურობას გადაყვა, წერა-კითხვა სულ დაივიწყა. ზარმაცი მოწაფესავით სამი WEEKEND - ი გააცდინა, უკმაყოფილო მკითხველებისაგან საყვედურებიც მიიღო... ხედავთ როგორ ავლაპარაკდი მესამე პირში, კარგი ინდიელივით! ეს იმიტომ, რომ ამერიკაში მოვხვდი, აშშ-ში. შთაბეჭდილებები! ისეთი პირი უჩანს, ხშირად მომიწევს ამერიკაში მოგზაურობა. შთაბეჭდილებებიც გამრავლდება და მოსაყოლიც და გასაზიარებელიც ბევრი იქნება.

ღვთისგან დავიწყებული სიერა ლეონესაგან განსხვავებით ამერიკაში ვინ მოსთვლის რამდენს უმოგზაურია, რამდენ ავტორს დაუწერია საინტერესო წიგნები, რამდენინ ფილმი გადაუღიათ. ზღვა მასალაა! ვერც ვერავის შევეჯიბრები და შეიძლება ვერც ვერაფრით გაგაკვირვოთ, მაგრამ,
ცივილიზაციას მონატრებული აფროქართველის დანახული ამერიკა, ანუ სუბიექტური აფროქართველური ხედვა, თავისებურად უნიკალურია.

მოგითხრობთ მხოლოდ იმის შესახებ, სადაც ნამყოფი ვარ. წამომყევით სამოგზაუროდ! მაშ ასე - აფროქართველის ამერიკა. ჩემი ამერიკა კი ტეხასიდან, ქალაქ ჰუსტონიდან დაიწყო.

სიერა ლეონეს დედაქალაქიდან, ფრიტაუნიდან, კერძოდ აბერდინის ნახევარკუნძულის არაჩვეულებრივი სანაპიროდან, ატლანტიკის ოკეანის თვალუწვდენელ სივრცეებს რომ გაჰყვე, პირდაპირ ეკვატორის პარალელურად, მეორე მხარეს ბრაზილიაა. წყალში რომ ჩახვიდე, მხარული მონდომებით რომ გაუსვა და გეზი ოდნავ ცერად, ჩრდილო დასავლეთისკენ აიღო, მექსიკის ყურეში მიცურდები. მისი ზედა ნაწილი კი ტეხასია, ამერიკის ერთერთი უდიდესი შტატი. ტერიტორიის სიდიდით პირველი ალასკაა, შემდეგ კი ტეხასი. ტეხასის ყველაზე დიდი ქალაქი კი ჰუსტონია.

უნდა გითხრათ, მე ეს უმოკლესი გზა არ ამირჩევია. ცივილიზებულად ჩავჯექი თვითფრინავში, გადავფრინდი ჯერ ევროპაში, იქიდან კი ამერიკაში. ჰუსტონის, ჯორჯ ბუშის სახელობის საკონტინენტთაშორისო აეოროპორტში შევაბიჯე ამერიკაში.

ფენიმორ კუპერის მიერ აღწერილი ქვეყანა ნამდვილად არ დამხვდა. ძალიან წინ წასულან.

მშრალი ფაქტები:
ტეხასი ამერეკის შეერთებული შტატების ნაწილია 1845 წლიდან.
დედაქალაქი - ოსტინი, უდიდესი ქალაქი - ჰუსტონი. მოსახლეობა -  25 მილიონი ადამიანი.
არც ერთ ენას არა აქვს ოფიციალური სახელმწიფო სტატუსი, ძირითადი ენები - ინგლისური და ესპანურია.
ტერიტორიით საფრანგეთზე უფრო დიდია.
ეკონომიკით, უმდიდრესია. ცალკე ქვეყნებს რომ შეედაროს ინდოეთის ან კანადის დარია, რომლებიც მე-11 და მე-12 ადგილას არიან მსოფლიოში.
ყველაზე მაღალი წერტილი - გვადელუპეს პიკი, ყველაზე დაბალი - მექსიკის ყურე...

ამერიკაზე თითქმის ყველას თავისი, განსაკუთრებული აზრი აქვს. ზოგიერთისთვის საოცნეო ქვეყანაა, ზოგისათვის საძულველი იმპერია. ზოგიერთისთვის სამაგალითო დემოკრატია. ზოგიერთისთვის გარყვნილების და ცოდვის სათავე. მთავარი კი ის არის, რომ როგორც კი ამერიკაში მოხვდები, ცხადი ხდება რომ ეს ყველაფერი ბოდვაა. თითონ ამერიკელებს ეს აზრები სულ  ფეხებზე ჰკიდიათ, ცხოვრობენ, ერთობიან, უზომოდ ბევრს შრომობენ, ააშენეს საოცარი ქვეყანა, ეამაყებათ თავისი სამშობლო, ცუდიც ბევრი აქვთ, კარგიც. ერთი განსაკუთრებული, სხვისაგან განსხვავებული თვისება კი ნამდვილად აქვთ. არავის არ ეპრანჭებიან, არ პოზიორობენ. არც სტუმარს, არც მოყვარეს და არც მტერს არ ცდილობენ თავი ”რამედ” მოაჩვენონ, არიან ის რაც არიან და მოგწონს, მოგწონს, არადა ....

ტეხასი კი ამერიკაშიც განსაკუთრებული ადგილია. ევროპელების მოსვლამდე ინდიელების ცივილიზაციას საინტერესო და მდიდარი ისტორია აქვს. სიტყვა ტეხასი, ადგილობრივი ტომების ენაზე მეგობარს, კეთილმოსურნეს ნიშნავს. მერე კი იყო ფრანგების ხანა, შემდეგ ესპანელები თარეშობდნენ. მერე მექსიკის სახლემწიფომ იძალა. 1836 წელს კი ტეხასის მრავალეროვანი, თავისუფლებისმოყვარე ავანტიურისტები შეიკრიბნენ და დამოუკიდებელი ქვეყანა გამოაცხადეს. მაგრად დადგნენ, სიცოხლე შესწირე თავისუფლების იდეას და 9 წელიწადი დამოუკიდებელ ქვეყნად იარსებეს. მექსიკასა და ამერიკას შორის გაჩხერილებმა, ორმხრივ პრესს ვეღარ გაუძლეს და 1945 წელს გამოუვალ მდგომარეობაში ამერიკას თხოვეს მფარველობა. მას მერე ტეხასი ამერიკის შტატია.

თავის შტატს ტეხასელები დღესაც მარტოხელა ვარსკვლავს ეძახიან - ”Lone Star”. შტატის დროშაზეც, რომელიც ლამის ყოველ კუთხე კუნჭულში ფრიალებს, ლურჯ წითელ ფონძე ერთი დიდი ვარსკვლავია.


ტეხასის ისტორიიდან.

ჰუსტონის ”დაუნთაუნში” ერთმანეთის პარალელურად მიემართება სან ჰასინტოს, ფანინის და ტრევისის ქუჩები.

1835 წელს ტეხასელებს აღარ მოუნდათ მექსიკის ქვეშევრდომობა, ჩამოყალიბდა დამოუკიდებლობის კომიტეტი რაც მოსახლეობის და ჯარის შეტაკებებში გადაიზარდა. ჯარი ზედიზედ  რამდენჯერმე დამარცხდა, მოსახლეობამ დელეგატები აირჩია და დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა.

მექსიკის მაშინდელმა პრეზიდენტი, დიქტატორი, გენერალი ანტონიო დე ლოპეს სანტა ანა თავად ჩაუდგა დამსჯელ ექსპედიციას სათავეში. გენერალი სანტა ანა არაჩვეულებრივად კოლორიტული ფიგურაა, ”დასავლეთის ნაპოლეონად” წოდებული, მექსიკის დიქტატორი, რამდენჯერმე გადაყენებული, გაქცეული და მობრუნებული. ცალკე მოსაყოლი, საინტერესო ამბავია.

რეგულარული არმია ტეხასისკენ დაიზრა და ზედიზედ დაამარცხა აჯანყებულები. ახლადგამოჩეკილი დროებითი მთავრობა და მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და ზედიზედ ტოვებდნენ დასახლებებს და ქვეყნის სიღრმეში იხევდნენ უკან.

ტეხასის შუაგულში, ქალაქ სან ანტონიოსთან არის ალამოს ციხე, ფორტი. აქ შეფერხდა პირველად გენერალი სანტა ანა.

1836 წლის 23 თებერვლიდან 6 მარტამდე, 11 დღის განმავლობაში პატარა ფორტის გარნიზონი და მოხალისეები, სულ ორას კაცამდე, უმკლავდებოდნენ რეგულარულ არმიას, რამდენჯერმე ფორტის გარეთ გამოვიდნენ და იქით შეუტიეს.

ეხლა ალამოს ფორტის ნანგრევები მუზეუმია, ძალიან საინტერესო მუზეუმი. დავდიოდი იქ, ბრძოლის ველზე, ექსპოზიცია და საინფორმაციო დაფები ისეა მოწყობილი რომ ლამის ბრძოლაში მონაწილეობ!

ბოლოს ხელჩართულმა ფორტის შიგნით გადაინაცვლა, არც ერთი გოჯი არ დათმეს, ყველა როგორც ერთი შეაკვდა მექსიკურ ჯარს.

ამ სასაკლაოს ორი ადამიანი გადაურჩა, არტილერისტ ალმარონ დიკინსონის ცოლი სუზან დიკინსონი და მისი შვილი ანგელინა. სანტა ანამ განზრახ შეუნარჩუნა მათ სიცოცხლე, რომ წასულიყვნენ და დანარჩენი ტეხასელებისათვის მიეტანად შესაშინებელი ამბავი, რა ელით და რომ მისი ჯარი დაუმარცხებელია.

სუზან დიკინსონის მოტანილმა ამბავმა ასეთი შედეგი გამოიღო, სასწრაფოდ შეიკრიბა დროებითი მთავრობა და ტეხასის დამოუკიდებლობის დეკლარაცია სახელდახელოდ მიიღო. ასე დაიბადა ქვეყანა ტეხასი.

ალამოს გარნიზონს ორი მეთაური ყავდა, უილიამ ტრევისი, სწორედ მისი ქუჩაა ჰუსტონის დაუნთაუნში, და ჯეიმს ბოუი. ჯეიმს ბოუი რაღაც უცნაური სენის გამო ლოგინად ჩავარდა და ტრევისი ფაქტიურად მარტო ხელმძღვანელობდა ბრძოლას. ჯეიმს ბოუი კიდევ იმით არის ცნობილი, რომ უშველებელი დანა გაიკეთა თავისთვის, რომელიც მერე ცნობილი ბრენდი გახდა ეხლაც ძალიან პოპულარულია, ”ბოუის დანა”. ამ დანით ხელში ჩაკლეს მექსიკელმა ჯარისკაცებმა საწოლში.

როცა უკვე ნათელი გახდა რომ ვერავინ გადარჩებოდა, ტრევისმა გარნიზონი შეკრიბა. მიწაზე ხაზი გაავლო და ხალხს არჩევანი მისცა. - ვისაც წასვლა გინდათ, კიდევ არის შანსი, ვერავინ ვერ გისაყვედურებთ. ვინც დარჩებით ხაზის აქეთ გადმოდით და ბოლომდე ვიომოთო. არც ერთმა არ იკადრა ხაზის იქით დარჩენა. ლოგინად ჩავარდნილმა ბოუიმ თავისიანებს მოსთხოვა და საწოლით გადაათრიეს ხაზის იქით.

მოგატყუეთ, ორი ქალი გადარჩათქო. კიდევ ერთი კაცმა, ნაპოლეონ ბონაპარტის გვარდიის ვეტერანმა, ფრანგმა მოზეს როუზმა გამოაცხადა მე აქ სასიკვდილოდ მზად არ ვარო, ტრევისის მიერ მიცემული შანსი გამოიყენა, ხაზს იქით დარჩა და ალამო დატოვა. ჯერ კიდევ შეუკრავ ალყას დაუსყლდა და თავი გადაირჩინა. სწორედ მან გამოიტანა ტრევისის ხაზის ამბავი.
მთელი დარჩენილი ცხოვრება ”ალამოს მხდალს” ეძახდნენ.

უნდა გითხრათ, რომ თითოეული დეტალი, თითო პერსონაჟი ისეთი საინტერესოა, ისეთი სახასიათოა, რომ დაუსრულებლად შეიძლება ამბების მოყოლა.

ისევ ჰუსტონის დაუნთაუნს დაუბრუნდეთ. ფანინის ქუჩა ვახსენე. ალამოს თერთმეტდღიანი ალყისას ჯეიმს ფანინი 300 კაციანი რაზმით და 4 ზარბაზნით ფორტისკენ მიიჩქაროდა საშველად. სხვადასხვა მიზეზების გამო დააგვიანდა, ალამოს ვერარ მიეშველა. გოლიადთან გამაგრდა და გაქცეულ მოსახლეობას იცავდა მექსიკელი მდევრებისგან. ამასობაში სანტა ანას ჯარი მოახლოვდა. კოლედო გრიკთან მოხდა შეტაკება. რას იმარჯვებდა ათასობით რეგულარულ ჯართან. ფანინის რაზმი ალყაში მოექცა და ტყვედ ჩაბარდა. 1836 წლის 27 მარტს, გენერალ სანტა ანას დავალებით, პოლკოვნიკმა პორტილიამ 302 უიარაღო ტეხასელი მოედანზე გამოიყვანა და დახვრიტა. ფანინი ბოლოსთვის მოიტოვეს.

სიკვდილის პირას კაცმა სამი რამ ითხოვა. ჩემი პირადი ნივთები ოჯახს გაუგზავნეთო, სახეში ნუ მესვრით, გულში მესროლეთო და ქრისტიანულად დამმარხეთო. მექსიკელებმა მისი პირადი ნივთები დაიტაცეს, მიბჯნით სახეში ესროლეს მუშკეტი და მისი გვამი დაწვეს.

კიდევ ერთი სამომავლო ამბავი - ამ ტრაგედიის დროს, მექსიკელმა ქალმა, ფრანცისკამ მოახერხა და ოცი ტეხასელი ჯარისკაცი გადამალა და სიკვდილს გადაარჩინა. მას ხალხმა ”გოლიადის ანგელოზი” შეარქვა. მაგრამ ეს შემდეგ.

სან ჰასინტოს ქუჩაღა დაგვრჩა და თავად ქალაქის სახელი - ჰუსტონი.

მთელი ამ ეპოპეის დროს ტეხასელების გენერალი სემ ჰუსტონი, რომელიც მთავარსარდლად დანიშნეს და ტეხასის დაცვა დაავალეს, უკან იხევდა და ჯარს აკოწიწებდა.

სემუელ ჰუსტონი, უაღრესად საინტერესო ადამიანი, დამუკიდებელი ტეხასის ორჯერ არჩეული პრეზიდენტი, შემდეგ ამერიკის სენატორი, მისი ამბავიც ცალკე ისტორიაა.

ალამოს თავდადების შემდეგ, ერთი ორად იმატა მოხალისეების მოსვლამ ჰუსტონის რაზმებში.

გენერალი სანტა ანა მოიწევდა. სრულიად დარწმუნებული თავის ძლევამოსილებაში. 1836 წლის 21 აპრილს მოხდა სან ჰასინტოს ბრძოლა. დღევანდელი ჰარრის კაუნთის, ქ. ჰუსტონის რაიონის ტერიტორიაზე.

სანტა ანა დარწმუნებული იყო, რომ სემ ჰუსტონის რაზმები კუთხეში მოიქცია და საბოლოო დარტყმას ამზადებდა. სრულიად მოულოდნელად 21 აპრილის საღამოს ჰუსტონი შეტევაზე გადავიდა და პირველმა დასცხო სანტა ანას არმიას. ტეხასელების ელვისებურ შეტევას ვერ გაუძლეს მექსიკელებმა. ”გახსოვდეს ალამო! გახსოვდეს გოლიადი!” ეს იყო შეძახილი. სანტა ანა გაიქცა.

ტეხასელებმა მდევარი დაადევნეს. ”ელ პრეზიდენტე” იცნეს, შეიპყრეს და დაჭრილ სემ ჰუსტონს მიგვარეს.

ველასკოში გენერალ სანტა ანას ტეხასის დამოუკიდებლობის აღიარებისა და მექსიკისა და ტეხასის ხელშეკრულება დაუდეს ხელმოსაწერად. სანტა ანა ჯიუტობდა. სულ ცემა ცემით მოაწერინეს ხელი. ამბობენ, მოუთხოვია, ”პრეზიდენტი ვარ და პატივისცემით მომეპყარითო”. ”ეგ ალამოში გახსენებოდაო” - უპასუხია ჰუსტონს.

ასე შენდებოდა ამერიკა.

მარტოხელა ვასკვლავის შტატს, სადღაც გულის სიღრმეში მაინც უღვივის თავის განსაკუთრებულობა. ვისაც გახსოვთ ”შესანიშნავი შვიდეული”, როგორ ამბობს დანანებით ელი ულახი ყაჩაღი კალვერას როლში ”ტეხასში ბანკებს მხოლოდ ტეხასელი თუ გაძარცვავს”.

Don’t mess with Texas!” - ამბობენ ტეხასელები

* * *

ვისაც ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო გახსოვთ, უნდა გითხრათ, რომ ამჯერად მომო ვერაფერს იტყვის, იმიტომ რომ შორს არის და ბევრიც არ გაეგება ამერიკის ამბებში. მერე იყოს...

აფროქართველის ჩანაწერები 14 (42) - ვიჩ გან

ვიჩ გან

თქვენ იცით რა არის ვიჩგანი? ალბათ არა. ეს სპეციფიკურად აფრიკული რამ არის.
ამას წინათ ჩვენი მექანიკოსი აბდულა გამოცხადდა სამსახურში, არა ამას გამოცხადება არ ერქვა, ან შეიძლება სწორედაც რომ ერქვა, რამე არაამქვეყნიური უხორცო სულის გამოცხადებას თუ ვიგულისხმებთ.
ეს მუგუზალივით შავი კაცი აშკარად ფერდაკარგული და გაფითრებული იყო, ყოველთვის ენერგიული და ხალისიანი, ამჯერად ძლივს მოალასლასებდა ფეხებს. პირისახეც დამბლადაცემულივით ცალ მხარეს მოქცეოდა. ძლივს  წარმოთქვამდა სიტყვებს. შემოეხვია ხალხი.
-         რა გჭირს აბდულ? ექიმთან იყავი?
აბდულამ თავი გადააკანკალა უარის ნიშნად. სხვამ მიპასუხა მის ნაცვლად.
-         ამას ექიმი არ უშველის, ვიჩგანი ესროლეს, რამდენიმე ტყვია აქვს სხეულში, ტრადიციულ მკურნალთან უნდა წავიდეს, ის თუ უშველის..
-         ვერ გავიგე?! დაჭრილი ხარ?
-         არა სერ ჭრილობებს ვერ ნახავთ, ეს უხილავი ტყვიებია, აკი გითხარით ვიჩგანი ესროლესთქო!...
ვიჩ - ნიშნავს გრძნეული, ჯადოსნური, ალქაჯი, კუდიანი, რუსები ”ვედმა”-ს რომ იტყვიან, გან კიდევ თოფია. მოკლედ ვიჩგან - ანუ ”ვიჩ”- თოფი. აფრიკულ ჯადოსნობასთან გვაქვს საქმე, ”ბლექ მეჯიკ”! ვაი შენს თავს, აბდულ!
ამას წინათ საჯაროდ გამოვიდა სიერა ლეონეს ადგილობრივ ტრადიციულ მკურნალთა ნაციონალური ასოციაციის პრეზიდენტი, დოქტორი ალაჯი სულეიმან კაბბა. ფრიტაუნში, კალაბა თაუნში განლაგებულ ოფისში პრესკონფერენცია მოაწყო და სპეციალური განცხადება გააკეთა ვიჩგანების  მოხმარების გამძაფრებულ საშიშროებასთან დაკავშირებით.
დოქტორ ალაჯი სულეიმან კაბბას განცხადებიდან:
 ”...პიროვნება რომელიც ვიჩგანს იყენებს, როგორც წესი უხილავია ჩვეულებრივი თვალისათვის. ისინი თავის ბოროტების აქტებს მხოლოდ მაშინ ჩადიან როდესაც უჩინარები არიან...
... ადრე, ძველ დროს, ვიჩგანები სიდუმლო საზოგადოების წევრების იარაღი იყო. ამ იარაღით ისინი წესის დამრღვევებს და უკაუღმართებს სჯიდნენ. დღეს ეს იარაღი ფულის შოვნის წყაროდ იქცა. დასავლურმა ცივილიზაციამ ყველაფერი გააუკუღმართა. მოიტანა შური, სამსახურის კარიერა, პოლიტიკა, მოხვეჭის სურვილი. ფაქტია, რომ რამდენიმე ათასი ლეონისათვის ვიჩგანის მსხვერპლი შეიძლება გახდეს მეგობარი, ძმა ან ოჯახის სხვა წევრი...
... ადრე ვიჩგანებისსათვის ბრინჯის კანს ხმარობდნენ, ეხლა ათასი ახალი ნივთიერება შემოვიდა, გაძნელდა საქმე...
...ვიჩგანის მსხვერპლი გრძნობს ციებას, სისუსტეს, სახსრებში ტკივილებს. ამ დროს ინგლისური მედიცინა უსუსურია. დროზე უნდა მიმართოთ ტრადიციულ, ადგილობრიც მკურნალებს. თუ მოესწრო ვიჩგანით ნასროლი უხილავი ტყვიების ამოღება ორგანიზმიდან, შეიძლება გეშველოთ...
...იცოდეთ ერთ ჯერზე მკურნალს მხოლოდ ოთხი ტყვიის ამოღება შეუძლია.
... ჩვენ მრავალი ვიჩგანიანი აღმოვაჩინეთ და ჩავაბარეთ პოლიციას. დღეს და ღამეს ვასწორებთ, ამიტომაც შევქმენით ჩვენი ასოციაცია. იმედი გვაქვს მთავრობის დახმარების და მხარდაჭერის. ჩვენ თქვენთან ვართ!”
ვაიმე, აბდულ!
საერთოდ ჯადოსნობის, შელოცვის და სხვა მისთანა რამე-რუმეების თემა ძალიან აქტუალურია სიერა ლეონეში.
ჩვენს სამსახურში დიდი საწარმოო ეზოა. წარმოებას წყალი სჭირდება. წყლის მოწოდება პრობლემაა და ჩვენც ჭების ამოღებას მივყავით ხელი.
ჭების დიდოსტატი ბაბაჯოა. ვინ იცის მერამდენე ჭას თხრის. ბაბაჯო  ჯერ გულდასმით ეძებს ჭის ადგილს. რომ იპოვნის და მონიშნავს, იწყებს, მაგრამ რას იწყებს. ბურღივით ტრიალებს და ჩვეულებრივი ძალაყინით და ნიჩბით საოცარი სისწრაფით მიიწევს დედამიწის გულისკენ. ათეულობით მეტრებს ჩადის მიწის სიღრმეში.
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ყველა თავის საქმე აკეთებდა. ბაბაჯო სადღაც მიწის ქვეშეთში ეძებდა წყალს. უცბად ატყდა აურზაური, მიწის სიღრმიდან საზარელი ღრიალი და სასოწარკვეთილი კივილი მოისმა. ყველა ჭის თავთან შეგროვდა. იყოჩაღეს, თოკი ჩააგდეს, მაშველი ჩაუშვეს და ბაბაჯო რის ვაი ვაგლახით ამოიყვანეს.
ამოცდა თუ არა მიწის პირს, ბაბაჯო მშველელებს დაუსყლდა, ბნედიანივით, კივილით  გაგორდა მიწაზე. დაესივნენ, ხელ ფეხი გაუკავეს, წყალი დაასხეს. როგორც იქნა დაამშვიდეს, გააჩერეს. სული რომ მოითქვა, ალაპარაკდა.
-         ეშმაკი გამოძვრა, ”დევილი”, დამიჭირა, პირძე ხელი ამაფარა და მახრჩობდა, თან ჩემი წათრევა უნდოდა მიწაში. ყვითელი თვალები და გაფარჩხული ხელები აქვს - დეტალებს აზუსტებდა ბაბაჯო.
ყველა თავზარდაცმული უსმენდა.
-         მორჩა, მე იქ აღარ ჩავალ. მიწის ეშმაკმა აგვიგრძალა ჭების თხრა!
მუშები ჩუმჩუმად გაიძურწნენ, ყველამ თავის ნივთების მოგროვება დაიწყო, თან ალაყაფისკენ ეჭირათ თვალი.
-         რას შვებით?
-         აქედან უნდა წავიდეთ, სერ! ყველა უნდა წავიდეთ! ამ ადგილას მუშაობა აღარ შეიძლება.
-         გაგიჟდით? ამდენი დამონტაჟებული აპარატურა!
-         არა სერ, დევილია! დევილი!
-         რა დევილი?! გააფრინეთ? არავითარი დევილები არ არსებობს, ბაბაჟოს ჟანგბადის უკმარობა ჰქონდა....
აპა! ვინ გისმენს!
-         არა სერ! ბაბაჯომ ნახა. დევილი მიათრევდა, სასწაულით გადაურჩა, ეტყობა გაბრაზებულია.
-         არ გაინძრეთ! - დაიკივლა ქარხნის მენეჯერმა.
ყველა გაშეშდა. მენეჯერი ჭასთან მივიდა. ჭის გარშემო ჯოხით მიწაზე რკალი მოხაზა. მერე იქვე ფიცრებისგან სახელდახელოდ ჯვარი შეკრა და მიწაში ჩაარჭო. თეთრიან შავიანა, ყველა მონუსხულივით უმზერდა. თოკი აიღო და წელძე შემოირტყა, ჭის პირთან მივიდა, თვალები მილულა, რაღაც ჩაიბუტბუტა, გულზე დაკიდებულ ჯვარს ემთხვია.
-         რაღას უცდით? თოკი დაიჭირეთ. ქვევით უნდა ჩავიდე. დევილი უნდა გავაგდო!
ხალხმა ამოიგმინა. მაინც ცნობიმოყვარეობამ დასძლია, თეთრი კაცი დევილთან საბრძოლველად მიდის! როგორია? აჯაჯღანდნენ, ჭასთან მოგროვდნენ, თოკი ჩაბღუჯეს. მენეჯერი ჭაში გაუჩინარდა. კარგა ხანს ისმოდა ქვესკნელიდან უცნაური ხმები, ბოლოს ყველაფერი მიჩუმდა. ხომ წარმოგიდგენიათ რა სიჩუმე და დაძაბულობა იყო მიწის ზევით.
-         თოკი მოქაჩეთ! ამოვდივარ - გაისმა ქვევიდან.

საღსალამათი, ცოტა დაღლილი, მაგრამ ბედიერი მენეჯერი ჭიდან ამოძვრა.
-         გაიქცა! შეეშინდა, აქეთ აღარასოდეს მობრუნდება... შეგვიძლია მშვიდად ვიმუშავოთ.
ისე, კაი გაფითრებული კი იყო ჩვენი მენეჯერი.
მეორე დღეს მუშებმა თხა მოიყვანეს, დაბანეს, კისერზე ზანზალაკი შეაბეს. კი გავაგდეთ და დავამარცხეთ დევილი, მაგრამ ეს თხა აუცილებელია, ამის ეშინია დევილს, აღარ მობრუნდებაო. იყოს მაინცო. იყოს და იყოს!
იმ დღის მერე დაცერცეტობს თხა თავის ჭკუაზე, უბატონოდ ხმას არავინ სცემს. ვიღაც ბედოვლათმა ავრჯიშა და თუკი ვინმე უკნიდან დაიხელთა გამოქანდება და პირდაპირ დუნდულებში ურქენს. ხოდა დადის მთელი ქარხანა კედელ კედელ.
ხმა გავარდა ინფორმაციის მინისტრი ვიჩგანების მსხვერპლი გახდაო. სულ დაუცხრილავთ უჩინარი ტყვიებით, იმდენი ესროლეს, რომ ერთი მკურნალი აბა რას გახდებოდა. მთელი ბრიგადა დაეხვია, ასოციაციის პრეზიდენტის დოქტორ ალაჯი სულეიმან კაბას მეთაურობით. კარგ ხელშია ინფორმაციის მინისტრი, ნამდვილად გადაარჩენენ.
იაპონიაში რომ დატრიალდა უბედურება, ფრიტაუნელებმა ძალიან უთანაგრძნეს იაპონელებს. ახსნაც მოძებნეს. იაპონიის კუნძულებთან წყლის დევილი და მიწის დევილი დაეჯახნენ ერთმანეთს, სასტიკი ბრძოლა გამართეს. ეს საცოდავი ხალხი მაგათ კინკლაობას ემსხვერპლაო.
ჩვენთან, საქართველოში, კი უთქვამთ, იაპონელები ცოდვებისთვის ისჯებიან, მართმადიდებლობას რომ არ მისდევენო.

* * *
ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ძალიან შეწუხდა ინფორმაციის მინისტრის გამო.
-         ვიცნობ სერ, ძალიან კარგი კაცია. როგორ გამიეტეს ვიღაც ნაძირლებმა!
-         რას ამბობ მომო? რა ვიჩგანები, ბავშვი ხომ არა ხარ?
მომომ იწყინა, თავი დანანებით გადააქნია.
-         რა ურწმუნო ხართ სერ! რად არა გჯერათ, ეგეთი ჭკვინი და განათლებული ხართ და უბრალო ამბები კი არ გესმით.
-         აბა, ესე იგი საშიშია? მე რომ გადამემტეროს ვინმე?
-         რას ამბობთ სერ! თქვენ რა გიჭირთ, არ იცით რომ თეთრ ხალხზე ვერ მოქმედებს ვიჩგანი? მაგაზე არ იდარდოთ - გამამხნევა მომომ და გულიანად გამიღიმა.

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
21 აპრილი 2011 წელი

ფროქართველის ჩანაწერები 13 (41) - დამოუკიდებლობა 3

დამოუკიდებლობა - 3


არ მოგეშვებით, ვიცი ”შეგაღონეთ”, მაგრამ ისევ აპრილია, სიერა ლეონე ზეიმობს. 27 აპრილი სიერა ლეონეს დამოუკიდებლობის დღეა, 2011 წლის 27 აპრილი კი სრულიად განსაკუთრებულია, თავისუფალი სიერა ლეონე 50 წლის ხდება.

ბერდება ქვეყანა, უკვე ნახევარი საუკუნე უსრულდება...

ისეთი გადარეულია ყველა, ისე ელოდება ამ 27 აპრილს, ისეთი იმედით და სიხარულით... უნებურად დაფიქრდები, მართლაც რას ნიშნავს ეს თარიღები, დაბადების დღეები, დღეები...

დამთხვევები ხდება სივრცეში, ყველა გეოგრაფიულ ადგილს აქვს თავისი ისტორია. დამთხვევები ხდება დროში, სხვადასხვა ადგილას, ერთდროულად ხდება ამბები. მაგრამ არის კიდევ სხვა განზომილებებიც.

დრო თუ სპირალურად მიიწევს წინ, მაშინ ამ წარმოსახულ სპირალზე, წარმოსახულ ვერტიკალურ წრფეებზე მძივივით იკინძება თარიღები. მაგალითად 27 აპრილი.

1961 წლის 27 აპრილს სიერა ლეონემ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, კენტის ჰერცოგმა, როგორც გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა ძალაუფლების რეგალიები საზეიმოდ გადასცა ახლად ფიც მიღებულ გენერალ გუბერნატორს, მორის დორმანს. ხოლო პირველ დამოუკიდებელ მინისტრთა კაბინეტს კი სერ მილტონ მარგაი ჩაუდგა სათავეში.

ეს არის 27 აპრილი სიერა ლეონესათვის, ამ დღის მოლოდინში რთავენ ქუჩებს, ვარჯიშობენ სიარულში, მეცადინეობენ ქუჩის ორკესტრები...

...მაგელანი ახალ საზღვაო გზებს ეძებდა ესპანეთის დიდი სამეფოსათვის, ფილიპინების არქიპელაგთან ჩააგდეს ღუზა ექსპედიციის გემებმა. კაპიტანი ლიმასავას ბელადებს რაჯა კულამბუს და რაჯა სიაგუს დაუახლოვდა, ახალი მეგობრები უხვად დაასაჩუქრა. მათ კი სანაცვლოდ სებუსაკენ მიმავალი გზა აჩვენეს. მთავრი ბელადი და მისი ცოლი კათოლიკებად მოინათლენ. ნათლობის სახელები ესპანელებმა კარლოსი და ხუანა მისცეს, ესპანეთის მეფისა და მისი დედის პატივსაცემად.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, ველურებს არჯულებდნენ, გავლენა იზრდებოდა. მეზობელ ბელადებსაც და მათ ტერიტორიებსაც ითრევდნენ ნელ-ნელა. მოკლედ, ძმაკაცური ექსპანსია.

თითქმის ყველა დამორჩილდა და შეეგუა ახალ მოსულებს. მაინც გამოჩნდა ერთი ჯიუტი. ბელად ლაპუ-ლაპუს არ მოეწონა ახალი ავტორიტეტები. მაგელანი ეცადა ლუპუ-ლუპუს მოთაფვლას, მაგრამ მაინც კონფლიქტამდე მივიდა საქმე.

ლაპუ-ლაპუ დასასჯელი იყო. მაკტანთან დაეჯახნენ ერთმანეთს. ლაპუ-ლაპუმ ათას ხუთასი მეომარი მოაგროვა. თავდაჯერებული ესპანელები უცბად ფიქრობდნენ საქმის მოყომარებას.

ბელადი ეშმაკი აღმოჩნდა, ისეთ ადგილას შეითრია მეტოქე, სადაც კლდეები ხომალდების ზარბაზნებისგან იცავდნენ.

ხელჩართული გაიმართა. ველურები გამწარებით იბრძოდნენ, შეაკვდნენ, უკან არ დაიხიეს და ესპანელი მუშკეტერები გაიქცნენ. ესპანელების კაპიტანი, ფერნანდო მაგელანი ამ ბრძოლაში ჩაჩეხეს.

ეს ამბავი 27 აპრილს მოხდა, ოღონდ 1521 წელს.

ცებუ კი 1565 წლის 27 აპრილს პირველი ესპანური დასახლება გახდა ფილიპინებზე. ეხლა ქვეყნის მეორე ქალაქია, ძალიან ლამაზი. იქვე ოცი წუთის სავალში კი პატარა ქალაქი ლაპუ-ლაპუა.

ვინ არ იცის მაგელანი. მსოფლიოს ყველა სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილი არ ჩაივლის ამ სახელის გარეშე. ლაპუ-ლაპუ კი ფილიპინების ნაციონალური გმირია, საამაყო მეომარი, რომელიც მომხვდურებს არ შეეპუა. მაკტანის კუნძულზე მისი იარაღშემართული ძეგლი დგას.

27 აპრილისათვის სიერა ლეონელები უცნაურ კონკურსს ამზადებენ. გამორჩეულები უნდა დააჯილდოვონ. ერთი ორმოცდაათი ნომინაცია მაინც არის. საუკეთესო გაზეთი, საუკეთესო რადიო, საუკეთესო ექთანი, საუკეთესო მასწავლებელი, საუკეთესო ტაქსისტი, საუკეთესო ”პოდო-პოდოს” (აქაური ”მარშრუტკაა”) მძღოლი, საუკეთესო პარლამენტარი... არა, არა ვხუმრობ. და ასეთი ორმოცდაათია.


ბეთჰოვენის საფორტეპიანო პიესა ”ელისეს” მისი სიკვდილიდან 41 წლის მერე გამოქვეყნდა. ლუდვიგ ნოლი, რომელმაც პიესა იპოვნა, ყვება რომ ავტოგრაფზე თარიღი ეწერა - 27 აპრილი, 1810 წელი. მანუსკრიპტი დაიკარგა...

27 ში ფრიტაუნში ბევრჯერ შესრულდება სიერა ლეონეს ჰიმნი, სხვადასხვა ვარიაციებით. არა ჰგავს ბეთჰოვენის დაწერილს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, მესამე რაიხის ჯარებმა აიღეს ათენი, საბერძნეთის არმიამ ფაქტიურად ვერ გაუწია წინააღმდეგობა არიელების სამხედრო მახინას. ათენში შესვლისთანავე გერმანელებმა აკროპოლისზე აღმართეს დროშა.

ასე ამბობენ აკროპოლისის ერთ ერთმა დარაჯმა, კონსტანტინოს კუკიდისმა, საბერძნეთის ალამი არავის დაანება, ტანზე შემოიხვია და აკროპოლიდან გადახტა. ესეც 27 აპრილს მოხდა, 1941 წელს.

1945 წელს კი ფაქტიურად ყველაფერი გარკვეული იყო, მესამე რაიხი და მოკავშირეები სულს ღაფავდნენ.

იტალიის ბელადი, ბენიტო მუსოლინი და მისი შეყვარებული კლარა პეტაჩი შვეიცარიაში ლამობდნენ გადაპარვას, იქ თვითფრინავი ელოდებოდათ. ეპანეთში უნდა შეეფარებინად თავი. გადაცმულები იყვნენ.

არ გაუმართლად. კომოს ტბის პირას, სოფელ დონგოსთან კომუნისტი პარტიზანების პატრულს გადაეყარნენ. გარიბალდის 52-ე ბრიგადის წევრებმა, ვალერიომ და ბელინიმ ლტოლვილები შეაჩერეს, ბრიგადის კომისარმა ურბანო ლაცანომ კი, მუსოლინი ამოიცნო... ესეც 27 აპრილს მოხდა.

დუჩე, პეტაჩი და ყველა მათი თანმხლები მეორე დღეს დახვრიტეს.                   

ძალიან უცნაური დღეა ეს 27 აპრილი, ნეტა თუ არის რამე ლოგიკა?

ისევ იტალიაში ვართ. კათოლიკურ ეკლესიას წმინდანად შერაცხული ჰყავს ზიტა. მოსამსახურეების და დამლაგებლების მფარველი. ისე თავდადებით ემსახურა ზიტა ფატინელების ოჯახს, რომ ამბობენ სამზარეულოში მის მაგივრად ანგელოზები ტრიალებდნენო. 1272 წლის 27 აპრილს მიიცვალა ზიტა და წმინდანებს შეუერთდა.

ასე რომ, 27 აპრილი სიერა ლეონეს და წმინდა ზიტას დღე ყოფილა.

რაც უფრო მეტს ვიგებ, მით უფრო ვშორდები სიერა ლეონეს და დამოუკიდებლობას, 27 აპრილი კი უფრო იდუმალი ხდება.

1960 წლის 27 აპრილს ტოგომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. საფრანგეთისგან დაიხსნა თავი. ეს კი უკვე ახლოა, თბილა. დროითაც და გეოგრაფიითაც.

აი კიდევ ერთი. სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდი დასრულდა. ლეგენდარული ტუსაღი, ნელსონ მანდელა ციხიდან გამოვიდა და პირველივე თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვა. სამხრეთ აფრიკის, ბურების მიერ აყვავებული ქვეყნის, პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. ესეც 27 აპრილს მოხდა, 1994 წელს.

ისევ აფრიკა. ერთი წლით ადრე ზამბიის საფეხბურთო ნაკრები, სენეგალში, დაკარში მიფრინავდა ფეხბურთის სათამაშოდ. მსოფლიო ჩემპიონატის შეარჩევი თამაში უნდა ყოფილიყო. თვითფრინავი ჩამოვარდა და უკლებლივ ყველა დაიღუპა. ესეც 27 აპრილს მოხდა.

როცა სიერა ლეონეში დამოუკიდებლობას ზეიმობენ, ზამბიაში ეროვნული გლოვაა.

ისე თუ დააკვირდებით 27 აპრილს სულ რაღაცის მტკიცება, ბრძოლა ან მსხვერპლშეწირვა ხდება. სადაც გამარჯვებულია ხშირად იქ დამარცხებულიც არის. ასე რომ, ვისთვის როგორია ეს დღე, საკითხავია.

1667 წლის 27 აპრილს დაბრმავებულმა ჯონ მილტონმა 10 ფუნტად გაყიდა ”დაკარგული სამოთხის” გამოცემის უფლება.

1992 წელს კი, რასაკვირველია 27 აპრილს,  ინგლისის დემოკრატიის ისტორიაში საგულისხმო ფაქტი მოხდა. 700 წლის განმავლობაში პირველად წარმომადგენლობითი პალატის სპიკერად აირჩიეს ქალი, ბეტ ბუტროიდი. მის ოჯახში ალბათ ყოველ წელს აღნიშნავენ სიერა ლეონეს დამოუკიდებლობის დღეს.

ამერიკის პრეზიდენტმა, ნიკსონმა, თავი შეირცხვინა, პოლიტიკური მეტოქეების ჩუმად მოსმენა განიზრახა. საქციელი გაუგეს და არ მოუწონეს. არაჯანმრთელი ინტერესი პრეზიდენტობის ფასად დაუჯდა.

1974 წლის 27 აპრილს ათიათასობით ამერიკელმა მარში მოაწყო ვაშინგტონში ნიქსონის გადადგომის მოთხოვნით. უცნაური ქვეყანაა ამერიკა. ათი ათასი კაცი რომ მოითხოვს , გადადექიო, მეტი რა გზა აქვს პრეზიდენტს?

საფრანგეთის მეფეს ჰენრი მესამეს და ჰერცოგ ჰენრი გიზს, რბილად რომ ვთქვათ, არ ეპიტნავებოდათ ერთმანეთი. ამ ქიშპობას ორიგინალური გადაწყვეტა მოუძებნეს და თავთავისი ფავორიტები მიუსიეს ერთმანეთს. აბა თითონ ხომ არ იკადრებდნენ მუშტი კრივს?

მეფის მინიონები (ძვირფასები), ჟან დ’არსე, ლუი მოგირონი და ჟაკ კაულუსი ერთის მხრივ და ჰერცოგის ჯილები, დე ბალზაკი, რიბერაკი და შომბერგი მეორეს მხრივ სამკვდრო სასიცოცხლოდ შეებნენ ერთმანეთს.

მერე ამას მინიონების დუელი დაარქვეს. ზოგმა იშაყირა ზოგმა ბალადები დაწერა. სასაცილო კი არაფერი მოხდა. ორი ადგილზე გარდაიცვალა, სამმა ჭრილობებისაგან სხვადასხვანაირად იწვალა და ტანჯვაში ამოხდათ სული. ერთი დე ბალზაკი გადაურჩა ჭრილობებს. ეს ის არ არის, სქელტანიან წიგნებს რომ წერდა. ”გოჭებივით დაწყვიტეს ერთმანეთიო” - შაყირობდნენ ენამწარე ფრანგები. 1578 წლის 27 აპრილს მოხდა ეს ამბავი.

მოკლედ კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი რამ მოხდა 27 აპრილს.

1987 27 აპრილს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ქვეყანაში არ შეუშვა ავსტრიის პრეზიდენტი კურტ ვალდჰაიმი. აქაოდა თავის დროზე ნაცისტებს ეხმარებოდი, ვიზას ვერ მოგცემთო.

ესტონეთში, ტალინში იდგა ”ბრინჟაოს ჯარისკაცი”. საბჭოთა მეომრის ძეგლი. ესტონელებმა დიდხანს ითმინეს და ბოლოს ვერ გაუძლეს. მაგრამ, მაინც ცივილიზებული ხალხია, არ დაანგრიეს. კულტურულად მოხსნეს და სხვა ადგილას, თვალს მოფარებულ სასაფლაოზე გადაიტანეს, აქ უფრო უპრიანიაო.

ატყდა ერთი ვაი უშველებელი. გადაირია მთელი რუსეთი, ეს რა გაგვიბედესო, შეუფითილეს ესტონეთის რუსობას, იმათაც გაიბრძოლეს. ლამის ხელახლა მოხდა ესტონეთის ოკუპაცია. მაგრამ ამჯერად ფეხი არ ჩაუვიდათ.  ეს ამბავი 2007 წელს მოხდა. 27 აპრილს - ესეც თავისებური თავისუფლების დეკლარაციაა.

რა ყოფილა ეს 27 აპრილი, არა მგონია ეს ყველაფერი ფრიტაუნში იცოდნენ.

1932 წლის 27 აპრილს დაიბადა ფრანგი მსახიობი ანუკ ემე და კიდევ ბევრი კარგი ადამიანი.


* * *


 ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომოც ემზადება 27 აპრილისთვის.

-         სერ 27-ში  შეიძლება ვერ მოვიდე, ხომ იცით რა დღეა!
-         დიდი ამბავი იქნება, მომო?
-         ძალიან დიდი, სერ.

გამახსენდა, ერთხელ მომოს სტალინზე და ლენინზე რომ ვკითხე.

-         მომო შენ იცი რომ 27 აპრილს მაგელანი და დუჩე რომ მოუკლავთ.

მომო უკვე მიჩვეულია ჩემს შეკითხვებს. თვალები ეჭვით მოჭუტა და კითხვა შემომიბრუნა.

-         ეგენი ვინ არიან, სერ? ფეხბურთელებს უგავთ სახელები.



თორნიკე ბერიშვილი

ქ.ფრიტაუნი
14 აპრილი 2011 წელი