Friday, December 24, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (27, 28) - საახალწლო ზღაპარი, 1. ბინტუმანი 2. მოლესკინი

საახალწლო ზღაპარი
1. ბინტუმანი


ბინტუმანი ყველაზე მაღალი წერტილია სიერა ლეონეში. ყველაზე დიდი მთაა მთელს დასავლეთ აფრიკაში.

სიერა ლეონეს დედაქალაქიდან, ფრიტაუნიდან, ჯერ ფრიტაუნის ნახევარკუნძული უნდა გადაკვეთო, ვიწრო ყელით მატერიკზე გაძვრე და გეზი ქვეყნის ცენტრისაკენ აიღო, უნდა გაიარო ვატერლოო და სიერა ლეონეს მთავარ გზის გასაყარზე, მაშაკაში მარცხენა შარას დაადგე. როგბერიში კიდევ ერთხელ გაიყოფა გზა, ერთი მარცხნივ გვინეისკენ მიდის, მეორე კი მარჯვნივ ქვეყნის შუაგულისკენ. სწორედ ესაა ჩვენი გეზი. გაივლი ლუნშარს, ”მარამპა მაინის” უმდიდრეს რკინის საბადოებს და ჩახვალ ქალაქ მაკენიში. აქაც იყოფა გზა, მარჯვენა ალმასების საბადოებისაკენ, კონოსაკენ მიემართება, მარცხენა ქალაქ კაბალასაკენ. ჩვენს სამიზნემდე ერთითაც შეიძლება მისვლა და მეორეთაც, ოღონდ ორივეგან სადღაც შუაში უნდა მიატოვო ცივილიზებული ტრასა, გზიდან გადაუხვიო და შეუყვე აფრიკის გრუნტის გზებს, ბილიკებს და გაუვალ ჯუნგლებს. მხოლოდ ასე თუ მიაღწევ იმ ადგილებს, რომლებზეც მინდა მოგითხროთ.

ამ რეგიონში, ეს არის სიერა ლეონეს ჩრდილოეთი პროვინცია, კოინადუგუს რეგიონი, ძირითადად ორი, ნიენის და ნეიას საბელადოების მიწაზე უამრავი საინტერესო რამ არის თავმოყრილი.

რუქას რომ დახედოთ, ქალაქ კაბალადან ქვემოთ და აღმოსავლეთით ორი ტერიტორიაა ნაციონალურ პარკად გამოცხადებული. ტბა სანფონის პარკი და ”ლომა მაუნტინს”.

ტბა სანფონი არაჩვეულერივი ადგილია, აქედან იწყება გეოლოგებისათვის უაღრესად საინტერესო დედამიწის მანტიის ნახლეჩი რომელიც სამხრეთისაკენ, ქვეყნის შუაგულისაკენ, შეუხორცებელი იარასავით, თითქოს ალესილი მაჩეტე დაუსვესო, ნახევივით ჩასდევს ქვეყანას. მილიონობით წლის წინ სწორედ აქ მოხდა უცნაური კატაკლიზმი, რის შედეგადაც ამოიყარა და მიმოებნია ოქრო, ალმასი, რკინა, ბოქსიტი და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი სასარგებლო და უცნაური რამ.

ბუნებასაც ამ პლასტების მოძრაობის ნიშანი ატყვია. აქედან სათავეს იღებს ბევრი მდინარე, მათ შორის ორი უმთავრესი, სევა - სამხრეთ დასავლეთისკენ და როკელი - ჩრდილო დასავლეთისკენ.

აღმოსავლეთისაკენ თუ გადავიწევთ, სადღაც 40 კილომეტრით, მივადგებით ”ლომა მაუნტინს”, ლომას მთებს. და სწორედ აქ, ფრიტაუნიდან  ჩრდილო აღმოსავლეთით, 346 კილომეტრში, არის ლომას მთის მასივის და მთელი დასავლეთ აფრიკის უმაღლესი წერტილი, ბინტუმანი. ზღვის დონიდან 6381 ფუტია ანუ 1945 მეტრი. კავკასიონის მკვიდრებს ეს სიმაღლე ვერ გაგვაკვირვებს, მაგრამ სიმაღლე არ არის ამ საოცარი მთის მთავარი თვისება.

ძღვის დონიდან 400 მეტრიდან და ვიდრე თითქმის 1900 მეტრამდე არაჩვეულებრივი, ხელუხლებელი ტყის მასივია, ”რეინფორესტ”-ს რასაც ეძახიან.  ამ მიდამოებში ბუნებაც თითქმის უვნებლად არის შენარჩუნებული და მისი მკვიდრნიც. აქაურობა ცნობილია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით.

ბოტანიკოსებისათვის და ორნიტოლოგებისათვის აქ ნამდვილი სამოთხეა, ისეთი მრავალფეროვნება და სიმდიდრეა. მსმენია შემთხვევები, როდესაც სამეცნიერო ექსპედიციებით ჩამოსულები თავისი ნებით აღარ მიდიოდნენ და მათ მოსაძებნად და სამშობლოში ძალით დასაბრუნებლად ხელახალ ექსპედიციებს მართავდნენ.

ნაკლებად, მაგრამ მაინც გადარჩენილია ცხოველთა სამყაროც. სამოქალაქო ომის შემდეგ სიერა ლეონელები მართლაც ცდილობენ ეს ნაკძალი დაიცვან და უამრავი საერთაშორისო მომწვანოებიც ცდას და დახმარებას არ აკლებენ. აქ არის უამრავი მაიმუნი და მათ შორის შიმპანზეები, ანუ შიმპები, როგორც აქ ამბობენ, ტყის სპილოები, ირმები, ლეოპარდი, პაწაწინა ბეჰემოტი - ”პიგმეი ჰიპო”, ”ბუფალო”,  ანაკონდა და მწვანე მამბა, ნიანგი და სხვა წვრილფეხობა.

ამ ადგილების მისაღწევად კი კარგა ჯანიანი მანქანაა საჭირო, რომელიც სადღაც თხუთმეტი კილომეტრით არმისული უნდა დააგდო სადმე. მერე კი უკვე ფეხით შეუყვე ხელუხლებელ აფრიკას. მდინარეები ლიანებით დაწნული დაკიდებული ხიდებით უნდა გადალახო ან მეჩხერი წყალი მოძებნო და გატოპო, თუ ნიანგს გადურჩი. ჯუნგლები მაჩეტეებიანი გამყოლების დახმარებით უნდა გაჩეხო, რომ გზა გაიკვლიო, ზღვის დონიდან ცოტა ზევით კი უცნაურ, თითქოს გამოქანდაკებულ, უშველებელ ქვებსა და კლდეებს  შორის უნდა გაცოცდე.

გააჩნია რომელი მხრიდან მიადგები ”ლომა მაუნტინს”, ადამიანის ბოლო დასახლებებია ბანდაკარაია, ტილიკორო, იოგომუსაია, კომბაია ან კრუტო.

აბა რა გული გამიძლებდა ამ ყველაფერისათვის ერთხელ მაინ თვალი რომ არ შემევლო. ერთხელაც, ვისარგებლე რომ საქმეც იქითა მიმართულებით მიხმობდა, გზა გავიგრძელე და ”ლომა მაუნტინ”- ის მიდამოებში საბოდიალოდ მოვიცალე. უნდა გითხრათ რომ მთლად ძველებულ ფორმაში ვერ ვარ და ბევრი სიარულის ჯანი და ქანცი აღარ მაქვს, მაგრამ მაინც საკმაოდ ვიარე.

როდესმე, როცა ცალკე ექსპედიციას მოვაწყობთ, ბინტუმანის წვერზე ავძვრებით და იქიდან პირდაპირ ექსპრესს რეპორტაჟს მოგახსენებთ, ეხლა კი ჩვენს თხრობას მივუბრუნდეთ.

წინ მაჩეტებიანი ორი გამყოლი მიდიოდა და გზას კაფავდა, უკან სამი კაცი მომყვებოდა და ძირითადად წყალი და სხვა რამე რუმე საგზალი მოჰქონდათ. მე მკაცრად გამფრთხილეს ფეხქვეშ იყურე, ემანდ რამეს ფეხი არ დააბიჯოო. მეც აქეთ იქით, მაღლა დაბლა ვაცეცებდი თვალებს, იმდენი იყო საკვირველი სანახავი, იმდენი ფერი და ხმა მოდიოდა აქეთ იქიდან. როცა მახსენდებოდა, ამ შთაბეჭდილებებისგან თავბრუდახვეულს, ფეხქვეშაც ვიყურებოდი.

ერთიც ქვევით რომ დავიხედე, ამ მრავალფეროვებაში და მაინც ჰარმონიულ ფერთა გამაში, რაღაც მეუცხოვა. ჩვენი ბილიკიდან ოდნავ მარჯვნივ, ნახევრად მიწაში ჩაფლული ნივთი შავად პრიალებდა. ბალახი გავწიე და დავითრიე. ცელოფანში გახვეული შავყდიანი წიგნია! თუ ბლოკნოტი?

ეტყობა კარგა დიდი ხნის წინ იყო დაკარგული, თითქმის გახევებული ცელოფანი შემოვაგლიჯე.

”მოლესკინი”-ს ბლოკნოტი!!!

საოცრებაა! მოლესკინის ლეგენდარული ბლოკნოტები ორი საუკუნის წინ გამოჩნდა პარიზი საკანცელარიოებში. პატარა მანუფაქტურა, სადა, მაგრამ ძალიან მოსახერხებელ და გემოვნებიან ბლოკნოტებს უშვებდა, ტრადიციულად შავი ტყავის ყდით და მოყვითალო ფურცლებით. მოლესკინს ფასი და პოპულარობა კიდევ იმან დაუმკვიდრა, თუ ვის ხელში გაიარა ამ პატარა წიგნაკმა... ვან გოგი, პიკასო, ჰემინგუეი, ჩეტვინი  და სხვები და სხვები. 1986 წელს გაიყიდა ბოლო მოლესკინი, წარმოება დაიხურა. მაგრამ 1998 წელს პატარა მილანურმა გამომცემლობამ იყიდა სახელი და უფლებები და აღადგინა წიგნაკების წარმოება.

ეს ყველაფერი იმიტომ ვიცი, რომ ერთხელაც საჩუქრად მივიღე მოლესკინის წიგნაკი. იმდენად მომწონს და დავკანკალებ, რომ შიგ ჩაწერაც კი მენანება, არ შემომეხარჯოს მეთქი. რამდენჯერ გამიჩერებია მომარჯვებული კალამი, ვერ არის მთლად მომხიბვლელი აზრი და ამისთვის მოლესკინის გვერდებს ხომ არ გავაფუჭებთქო. მოკლედ ყველას თავის სიგიჟეები აქვს.

და, აბა თქვენ წარმოიდგინეთ,  აი ეს წიგნაკი ვიპოვნე აფრიკის ჯუნგლებში, ლომას მთებში ბორიალისას. საოცრება! რასაკვირველია უმალ ვიცანი. ისე მიმოვიხედე, თითქოს ვინმე წართმევას მიპირებდა. არც გადამიშლია, უმალ ჩავიდე შარვლის დიდ ჯიბეში. გარემოს ინტერესი დავკარგე, ერთი სული მქონდა მალე ჩაგვემთავრებინა ეს ჩვენი ექსკურსია, სახლში მივსულიყავი და ”მოლესკინი” გადამეშალა. სიარულისას წარამარა ვამოწმებდი, ხომ არ დამეკარგა, ხომ ისევ აქ არის თქო.

ბევრი რომ არ შეგაწყითოთ, ამ უცნაურმა წინათგრძნობამ არ მომატყუა. როცა წიგნაკი გადავშალე, ფორმულებით, ნახაზებით, სახელდახელო ჩანახატებით და ჩანაწერებით სავსე აღმოჩნდა. თან რა ჩანაწერებით!

პირველი გვერდი, სადაც პატრონი, როგორც წესი თავის სახელსა და გვარს წერს, სისველისგან დალაქავებულიყო და ვერაფერი ვერ გავარჩიე. იმ იმედით რომ ტექსტში, სადმე მაინც დასცდებოდა სიტყვა თავის შესახებ, დავიწყე გაშიფვრა. ხელნაწერი ინგლისური ძნელი წასაკითხი აღმოჩნდა და ბევრი ვუკირკიტე, მაგრამ მოყოლილმა ამბებმა იმდენად გამიტაცა და ჩამითრია, რომ არც ძილი მახსოვდა და არც საჭმელი.

რამდენი რამ ყოფილა გადახლართული და გადაჯაჭვული, უცნაური ლოგიკით და ზოგჯერ აუხსნელად დაკავშირებული. ლომას მთიანეთი, ბინტუმანის მთის საიდუმლოება, ქრისტეშობა და ახალი წელი, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, ისტორია, აფრიკის გული და მთელი მსოფლიო, გინდათ კაცობრიობა და მილიონი წლების წინ გახლეჩილი დედამიწის მანტია...

როგორც კი წიგნაკი გადაიშალა, ნამდვილი საშობაო ზღაპარი, ოღონდ სერიოზული ზღაპარი, გამეხსნა. ან იქნებ ეს ყველაფერი სიმართლეა? ვინ იცის?

მოკლედ, აუცილებლად უნდა გიამბოთ.


* * *

ხვალ ქრისტეშობაა, ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელმა მომომ ალაყაფი გამიღო, ეზოში შემიშვა და მომლოდინედ შემომაცქერდა

-         მომო, გილოცავ ქრისტეშობას! ”მერი ქრისმას”! აი შენი კონვერტი და მოსალოცი ბარათი, იმედია გაეხარდება შენს ოჯახს.
-         მერი ქრისმას, სერ! მადლობთ - გაბადრულმა მომომ სიამოვნებით შეათამაშა კონვერტი, თითქოს წონისო, კიდევ უფრო გაიბადრა, ეტყობა კმაყოფილი დარჩა - ცოლს გავახარებ, სერ!
-         მერი ქრისმას! მომო...
-         სერ! არ წახვიდეთ, ერთი წუთით... კონვერტში ვერ ჩავდეთ, არ ჩაეტია.

მომომ თავისი სკამის უკნიდან აფრიკული მოწნული ხონჩა ამოიღო, ორი უშველებელი ანანასი, დარჩეული ბანანები და რამდენიმე მანგო

-         მერი ქრისმას, სერ - და ხონჩა გამომიწოდა

არაჩვეულებრი ნატურმორტი ნებისმიერი პრეზიდენტის საახალწლო სუფრას დაამშვენებდა! თანაც რა გემრიელია...

აბა დროებით, დანარჩენსაც მალე გაიგებთ.

(პირველი ნაწილის დასასრული)


თორნიკე ბერიშვილი

ქ.ფრიტაუნი
24 დეკემბერი 2010 წელი


საახალწლო ზღაპარი (გაგრძელება)
2. მოლესკინი


როგორც იქნა გადავშალე მოლესკინი. წიგნაკის ფურცლები სავსე იყო ჩანახატებით, ჩემთვის გაუგებარი უცნაური ფორმულებით და ჩანაწერებით. ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

წიგნაკიდან:
”... დაიწყო იმით რომ, ფრიტაუნში, აბერდინის სანაპიროზე ბარში ვიჯექი.  სუვენირების აბეზარი გამყიდველი მომადგა და აღარ მომეშვა. გამწარებული ცდილობდა რამე შემოესაღებინა. ვერ მოვიცილე თავიდან. ბოლოს  ანაკონდას უშველებელი ტყავი გაშალა.

-         იყიდეთ, სერ! ეს ჩვეულებრივი ტყავი არ არის, ეს ბინტუმანის ფერდებზეა მოკლული, თანაც შობა დღეს, როდესაც მთა მღერის და ანათებს. რამე შეაკერინეთ ამისგან. მაჯიქ! მაჯიქ! ავადმყოფობისგან დაგიცავთ და ძალას მოგცემთ...

უცნაურად დამაბა ამ სიტყვებმა ”..მთა მღერის და ანათებს..”. დავიწყე გამოკითხვა და გამორკვევა.”

ძალიან ჯიუტი და ინტერესიანი აღმოჩნდა თავგადასვლების ჩვენი უსახელო მაძიებელი. რაც უფრო წინააღმდეგობა დახვდა, მით უფრო გაკერპდა. უამრავი ხალხი გაიცნო. რამდენჯერმე იმოგზაურა ლომას მთებისკენ, ბინტუმანის ფერდები სულ შემოიარა. ვერაფერი კონკრეტული და ხელმოსაკიდი ვერ გაარკვია, მაგრამ იმდენი ლეგენდა და თქმულება მოისმინა, რომ ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივდა და ლამის იდეით შეპყრობილ, გაგიჟებულ მანიაკად გადაიქცა.

ერთი ფაქტი იყო, ბინტუმანის მთა დროდადრო ”..მღერის და ანათებს..”, დანამდვილებით არავინ იცოდა რა დროს ხდება ეს, როდის მოვა მთა სიმღერის ხასიათზე, მაგრამ როგორც წესი საშობაოდ და საახალწლოდ, როდესაც საჰარიდან ”ჰამატანი” უბერავს, თითქმის აუცილებლად.

გადაწყვეტილებაც ლოგიკური იყო, ჩვენი მოგზაური კარგად მოემზადა და ფაქტიურად ლომას მთებში გადასახლდა. ნიენის ჩიფდომში (საბელადოში) დამკვიდრდა, ბელადებს დაუმეგობრდა. უკვე ნასწავლმა და გამოცდილმა, მოთმინება მოიკრიბა და თავის სანუკვარ მიზანზე ხმას აღარ იღებდა. უბრალოდ ცხოვრობდა, საბელადოს რითიც შეეძლო ეხმარებოდა და ფლორას და ფაუნას აკვირდებოდა. გაშიანურდა, საბელადომ მიიღო უცნაური თეთრი კაცი. ბავშვებს პეპლები და ხოჭოები მოჰქონდათ მასთან. მონადირეები ნადავლს უყოფდნენ. მთა დუმდა და არანაირი ნათების ნიშნებიც არ იყო.

გადიოდა თვეები, დიდი ნდობისა და მეგობრობის ნიშნად საიდუმლო საზოგადოებაში, ”პორო”-ში, მიღება შესთავაზეს. ეს უკვე წარმატება იყო. წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა, როდესაც გაიგო, რომ ერთ-ერთი უმთავრესი რიტუალი, ”პორო”-სთან ზიარებისა იყო საგანგებო გამოქვაბულში ღამის გატარება, როდესაც მთა ამღერდება. ვეღარ მოითმინა.

-         ეგ როდის მოხდება?
-         მალე ჰამატანი დაბერავს, შობაც მოდის, დაველოდოთ - დაამშვიდა ბელადმა.

დეკემბერია. 23 - ში დილიდან ბინტუმანის ფერდებს უცნაურობა დაეტყო, ყველა სულიერი სადღაც გაქრა, თითქოს ყველაფერი გაშეშდა. აღარ ისმოდა არც მაიმუნების ჭყივილი, არც ჩიტების ხმა, თითქოს ფოთოლიც კი აღარ შრიალებდა. ღამეც თითქოს მოვიდა, მაგრამ აღარ დაბნელდა, უცნაური ბინდი იდგა, თითქოს შუქიც არ იყო მაგრამ ყველაფერი ჩანდა. ყოველთვის ხმაურიანი და ჟივილ-ხივილიანი საბელადოც დადუმდა. ხალხი თითქმის არ ლაპარაკობდა. დასერიოზულები და სევდიან-დაძაბულები მიმოდიოდნენ.

24 ში ბელადი შემოვიდა მოგზაურის ქოხში.

-         წავედით, დროა, გამოცდა უნდა გაიარო.

წიგნაკიდან:
”... დიდხანს ვიარეთ ბილიკებით, ვიძრომიალეთ უშველებელ გლუვ ქვებს შორის. ბოლოს ქვაბულში შესასვლელს მივადექით.

-         ეს გვირაბის დასაწყისია. ჩვენ ვეღარ გამოგყვებით. მარტო წახვალ, ბოლომდე იარე სანამ კედელს არ მიადგები.  აი ეს ჩირაღდანი წაიღე, მერე მიხვდები რომ აღარ დაგჭირდება. ჩვენ აქ დაგელოდებით, მთა თვითონ გიკარნახებს, როდის უნდა დაბრუნდე.

სახელდახელოდ გამჩხრიკეს, ფანარი, ფოტოაპარატი, დიკტოფონი... ყველაფერი ამართვეს, არ შეიძლებაო.”

გამოქვაბულის კედლები თითქოს ასხივებდნენ. დრო და დრო სხვადასხვა ფერის შუქი გაირბენდა რომელიმე კედელზე. უცნაურ გაელვებებს თან ხმაც მოსდევდა, მთის სიღრმიდან, გულიდან წამოსული ამოოხვრა. ურითმო და უწესრიგო მუსიკა მოდიოდა. იმის შეგრძნებაც იყო, თითქოს სიტყვა პასუხია, საუბარია.

იქ, გამოქვაბულის კედლებს მიღმა, მთის წიაღში, რაღაც ხდებოდა, რაღაც მნიშვნელოვანი, აზრიანი და საიდუმლო.

ისედაც გადარეულმა და შეპყრობილმა მოგზაურმა. სულ დაკარგა მოსვენება. დაუღალავად, გიჟური ენერგიით ეძებდა მთის გულში მოსახვედრ გზებს. დარწმუნებული იყო, რომ ასეთი კარი არსებობს, თუმცა არანაირი ნიშანი ამისა არ იყო და არც არავინ არაფერი იცოდა.

მოლესკინის წიგნაკში რამდენიმე ფურცელი ამოხეულია. ეჭვი მაქვს სწორედ ის ფურცლებია, სადაც ბინტუმანის წიაღში მოხვედრის გზაა აღწერილი, თუმცა, ვინ იცის?

წიგნაკიდან:
”... ვარდნისაგან ეტყობა გონება დავკარგე. ფერად ქვიშაზე ვეგდე. ნელნელა დავიწყე მოძრაობა, თითქოს ყველაფერი მთელი მქონდა. უბრალოდ, მაგრად ვიყავი დაბეჟილი. წელი ავითრიე, წამოვდექი და მიმოვიხედე...

ტბის პირას ვიყავი. სწორი ფორმის მრგვალი ტბა იყო. ტბის ნაპირი ქვიშისა. ტბის გარშემო უზარმაზარი ქვები, ყველა სხვადასხვა ფორმისა. კარგად რომ დაკვირვებოდი, სხვადასხვა ცხოველებს მიამსგავსებდი. გიგანტური სპილო, უზარმაზარი კუ, მაიმუნი, თითქოს ზის და ხელები მიწაზე დასთრევს, ავაზა, უკანა ფეხებზე შემდგარი და პირდაფჩენილი,ნიანგი, უშველებელ კუდს იქნევს.

ვერაფრის ფერს ვერ გაარჩევდი, რადგან მუდმივი ციალი და ნათება მოდიოდა  ყველა მხრიდან, დრო და დრო, ელვასავით გადაუვლიდა შუქი. ხან რომელი ნაწილი აკიაფდებოდა და ხან რომელი, თანაც სხვადასხვა ფერად. ეს ყველაფერი თვალს ჭრიდა და დიდხანს თვალგახელილი ყოფნა შეუძლებელი იყო. ამ სივრცის ზედა საზღვარიც არ ჩანდა და უსასრულობის განცდა იქმნებოდა.ნათებას სინქრონულად ხმაც მოსდევდა, სხვადასხვა სიმაღლის და ტონის. ღრმა, ყრუ ბუბუნიდან დაწყებული, მაღალი წუილით და კივილით დამთავრებული. კაკაფონიაა. შუქის, ფერისა და ბგერის ქარიშხალია.

...მაინც რაღაც კანონზომიერება და წესრიგი, ლოგიკა იგრძნობა ამ თითქოსდა არეულობაში. აუცილელად უნდა გავერკვიო...

...კი მაგრამ, ეს ხომ დედამიწის მოდელია, რუქაა??? ძალიან თავისებური მოდელია...”

ბინტუმანის მთა დედამიწის გრძნობად-ენერგეტიკული ცენტრი აღმოჩნდა. ეს არის ადგილი სადაც ადამიანების ემოციები იკრიბება და ენერგიაში გარდაისახება. ამ მთის გულიდან უზარმაზარი ფესვებივით, ნერვებივით, მთელს მსოფლიოს ხლართავს საცეცები და ემოციას აგროვებს. აქსონები მთელს დედამიწას ბადესავით არტყია. ჯერ წვრილები, მერე ერთიანდებიან, მსხვილდებიან, ბოლოს მთის ფერდებად იქცევიან და ბინტუმანის წიაღში აგროვებენ მთელი  მსოფლიოდან ადამიანების განცდებს.

ერთი, ორი, თუნდაც ათეული ან ათასეული ადამიანის განცდა დიდ გავლენას ვერ ახდენს, რადგან გზაში, აქსონებში ინავლება და იკარგება. მაგრამ ემოციამ თუ კრიტიკულ რაოდენობას გადააჭარბა მაშინ პირიქით გაძლიერება ხდება განცდა-ენერგიის კაპერანტული კანონის (ვ.ი. შტილმანი 1937 წ.) მიხედვით.

ბინტუმანის წიაღში გრანდიოზული ქვა-ცხოველები კონტინენტებს შეესაბამება, ამ ცხოველები სხვადასხვა ნაწილები კი ქვეყნებს. მაგ. რომელიმე სპილოს თუ ბარძაყი დაუწყებს ნათებას, ე.ი. შესაბამის ქვეყანაში ისეთი რამ მოხდა, რომ ერთდროულად რამდენიმე მილიონმა ადამიანმა ერთი განცდით ამოისუნთქა. ნათებას შესაბამისი ინტონაციისა და ემოციის ხმაც ერთვის თან.

მთელს მსოფლიოში ყოველდღე რაიმე ხდება და ბინტუმანის შიგთავსიც ლივლივებს ათასფერად და ზუის ათასგვარად, მაგრამ ეს ყოველდღიური, ყოფითი ემოციები არ ყოფნის იმას, რომ ხმამ და შუქის სხივებმა გარეთ გამოატანონ. ამისათვის ერთობლივი, მძლავრი მუხტია საჭირო.

საოცარი ამბები გავიგე წიგნაკიდან. ემოცერგია (ემოციური ენერგია) თურმე უკვალოდ არ ქრება. ნელ ნელა, წვეთწვეთობით გროვდება და მომავალ დიდ ამოფრქვევბსაც მიმართულებას აძლევს. დიდი დარტყმები თავისებურ კვალს ტოვებენ და ბინტუმანის ტბის გარშემო სხვადასხვა ფერის და სიმაღლის ჩაქვავებულ ზოლებს ტოვებენ. როგორც გადაჭრილ კუნძე დარჩენილი რგოლებით შეგვიძლია წავიკითხოთ ხის ასაკი, ასე ბინტუმანის ქვესკნელში ზოლებს ბევრი რამის მოთხრობა შეუძლია. კარგი წამკითხველი დროსაც დიდი სიზუსტით დაადგენს და გრძნობების ხლართებშიც გაეკვევა. ერთი მიმართულების ემოციები ერთმანეთს ავსებენ, სხვადასხვისა ებრძვიან.

ბოლო ფეხბურთის ჩემპიონატის დროს დიდი ამბავი იყო ბინტუმანის წიაღში, როდესაც ბრაზილია და არგენტინა გავარდნენ კინაღამ შუაზე გაიპო უშველებელი ქვის ლოდი, რომელიც სამხრეთ ამერიკას ნიშნავდა იმ მომენტში, მგონი ნიანგს რომ წააგავს ის იყო. უნდა ითქვას რომ ქვები-ცხოველები იცვლებიან და ხან ერთ კონტინენტიდან ისრუტავენ ემოციას და ხანაც სხვიდან, ესეც ბალანსის დასამყარებლად არის საჭირო. საერთოდ ამ ჩემპიონატისას ისეთი ფეიერვერკი ყოფილა ბინტუმანის თავზე და ისეთი ხმაური რომ ყველა ვუვუზელას აჯობა.

იმ დაწყევლილ დღეს როდესაც ნიუ-იორკში ტყუპები თვითფრინავებით დაატარანეს, თითქმის მთელმა მსოფლიომ დაზაფრულმა და გაოგნებულმა ამოიგმინა. აქსონებმა უმალ შეკრიბეს ეს მძაფრი ემოცია. იმავე დროს სხვა მხრიდან გაავებული სიხარული შემოვარდა, ეს ორი განცდა დაეჯახა ერთმანეთს ბინტუმანის ტბის თავზე და მთამაც ავისმომასწავლებლად დაიგრუხუნა. კარგა ხანს ფეთქავდნენ ბინტუმანის ფერდები ვიდრე დამშვიდდებოდნენ.

თუ როდესმე მოხდება, რომ ყველა კონტინენტიდან წამოსული განცდები უნისონში ერთფერად ააელვარებს თავის ქვის ცხოველს და ერთნაირი ბგერა გაიჟღერებს, მაშინ მოგროვებული ენერგია უბრალოდ კი არ დაემატება ერთმანეთს, არამედ გადამრავლდება და გაათკეცდება.... მაშინ კი...

ამისათვის ემზადება ლომას მთიანეთი და ბინტუმანის მთა. მაშინ დაიწყება რაღაც ახალი, თვისობრივად განსხვავებული... რა? არავინ იცის.

ამ მომენტთან ყველაზე ახლოს შობა და კიდევ უფრო ახალი წელია. შობა შეეჯიბრებოდა ახალ წელს ქრისტიანული სამყარო გაყოფილი რომ არ იყოს. 24-25 დეკემბერს ვარვარებს და მღერის ბინტუმანის სიღრმეში ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, ევროპა, ავსტრალია, აფრიკა (ისე აფრიკა ყველასთან ერთად ყველაფერში მონაწილეობს, ოღონდ აზეიმე), მაგრამ გამოაკლდნენ ორთოდოქსი ქრისტიანები - აქაოდა 25 დეკემბერი 7 იანვარს არისო. ჩინეთი, იაპონია, კორეა და მთელი აღმოსავლეთი მეტნაკლებად პასიურია, ასევე არ მონაწილეობენ ამ ემოციაში მუსლიმანური ქვეყნები.

ყველაზე უფრო ერთიანი მსოფლიო ახალ წელს არის. ამ დროს ლამის ერთ ნაბიჯშია ბინტუმანის მთა თავის მიზანთან. თითქმის მთელი მსოფლიო აღიარებს 31 დეკემბრიდან 1 იანვარს გარდამავალ წამს. მიუხედავათ იმისა რომ ჩინელების ახალი წელი სულ სხვაა და თანაც მოძრავია, თანაც ერთი და იგივე დღეს არ ემთხვევა, მიუხედავად იმისა რომ მუსლიმების წელიწადი 11-12 დღით მოკლეა ვიდრე გრეგორიანული კალენდარი, და საერთოდ მათთან ეხლა 1433 წელი დგება, მიუხედავათ იმისა, რომ ინდოეთის უმრავლესობისთვის ახალი წელი სადღაც მარტშია, მიუხედავად ბევრი სხვა ასეთივე სხვაობებისა, მაინც ნელ-ნელა ყველა ხარკს უხდის გრეგორიანული ახალი წლის დადგომას და შესაბამის ემოციასაც მეტ ნაკლებად გამოხატავენ.

ასე რომ ყოველ ახალ წელს ბინტუმანი ვარვარებს და ანათებს, მთის გულ-ღვიძლიდან მოდის ხმა, რომელიც სულ უფრო და უფრო წააგავს სიმღერას. შიგნით კი ანთია და ასხივებს ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, ევროპა, ყოფილი საბჭოთა კავშირი, აფრიკა, ავსტრალია, იაპონია, ნელ ნელა ღვივდება ინდოეთი, ჩინეთი, თქვენ წარმოიდგინეთ მუსლიმანური ქვეყნებიც კი ებმებიან ამ ფერხულში. ყოველ ახალ წელს უფრო და უფრო ძლიერდება შუქის და ბგერის უნისონი. ერთხელაც იქნება და...

სხვათა შორის ასეთი ემოცერგიის შემკრები სამი ყოფილა მთელს დედამიწაზე. სამივე ერთმანეთთან დაკავშირებულია. მათ შორის კავშირი და ურთიერთგავლენა ჯერ კიდევ საკვლევია. და საერთოთ ეს ემოცერგიის შემკრები წერტილები ბუნების შექმნილია, თუ რომელიმე უცხო ინტელექტის ნახელავია, ესეც საკითხავია.

ჰოდა ამ სამიდან ერთი ბინტუმანია. დასავლეთ აფრიკაში, სიერა ლეონე. დანარჩენი ორის ხსენება მოლესკინის წიგნაკის ბოლო გვერდზე ვიპოვნე.

მეორე სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთიანეთში, პიჩინჩას მთა, რომელიც ეკვადორის ტერიტორიაზეა.

მესამეზე კი წიგნაკში ეწერა, ”... კავკასიონი, ჯორჯია, ხვამლის მთა...”

ასე რომ, თუკი სადმე ლეჩხუმში, საეჭვო გარეგნობის ინგლისურად მოლაპარაკე უცნობს შეხვდებით, მაშინვე ჰკითხეთ მოლესკინის წიგნაკი ხომ არ დაუკარგავს სადმე და გთხოვთ, უმალ დამიკავშირდით.


* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო სახელდახელოდ ემზადება საახალწლოდ. ახალ ფორმაში გამოეწყო, ღილები და ეპოლეტები სულ უბზინავს.

-         რაო, მომო? ახალი წელი მოდის?
-         დიახ სერ! და ხომ იცით, რა ხასიათზეც შეხვდებით, მთელი წელიც ისეთი იქნება!


თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
31 დეკემბერი, 2010 წელი


 

No comments:

Post a Comment