Saturday, October 23, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (19) - აფროქართველის მგზავრობა ამერიკისკენ

აფროქართველის მგზავრობა ამერიკისკენ


რატომღაც ყოველთვის მხიბლავდა უბარგოდ მგზავრობა. როდესაც არ გაქვს ზურგჩანთა, არც ჩემოდანი, არც საკვოიაჟი, არც ”ბაულები”... როცა არა გჭირდება რვაფეხასავით მრავალი კიდური და კისრის ძარღვები არ გასკდება მატარებლის ბაქანზე ან აეროპორტში რეისიდან რეისზე გადარბენისას. როდესაც არაფერი არ გამძიმებს, არაფერი არ მიგაქვს თან. ამდენად ვერაფერი ვერსად ვერ დაგრჩება ან დაგეკარგება. უბარგოდ მგზავრობა თავისუფლების და ღირსების სიმბოლოდ ჩამომიყალიბდა.

ამ  რამდენიმე წლის წინ, როდესაც მომიწია მორიგმა გადაფრენამ აფრიკიდან ამერიკაში,  გარემოებები ისე დალაგდა, უკეთესს ვერ ინატრებდი. არანაირი ბარგის წაღების აუცილებლობა არ იყო. მეც ვისარგებლე და დიდი ხნის ნატვრა ავისრულე. მოვიმარჯვე ბილეთი, საბუთები და საფულე, ყელზე ”ბენდანა”, ხელები ჯიბეებში და ჰერიიიი!!! დაიწყო საკონტინენტაშორისო, ტრანსატლანტიკური გადაფრენა.

რეისი ფრიტაუნი - ბრიუსელი - ნიუ იორკი, ბრიუსელის აეროპორტში გადაჯდომით.

ფრიტაუნი.
სიერა ლეონეს საერთაშორისო აეროპორტი დედაქალაქში, ფრიტაუნში, არ არის. სადაც აეროპორტია იმ ადგილს ლუნგი ჰქვია. ლუნგის საერთაშორისო აეროპორტი სხვა ნახევარკუნძულზეა და ფრიად ორიგინალური გზებით უნდა მიაღწიო დედაქალაქიდან აეროპორტამდე. ერთ-ერთი ასეთი ხერხი ვერტმფრენით გადაფრენაა. აფრენიდან ზუსტად შვიდ წუთში, ვერტფრენი, როდესაც მუშაობს, ლუნგის აეროპორტში ჯდება. მაგრამ თანმდევი პროცედურები ისეთივე აქვს, როგორც სხვა საჰაერო ტრანსპორტს, რეგისტაცია, ბარგის ჩაბარება...

-         ლუნგიში მიფრინავ? ხვდები ვინმეს? - ნაცნობმა პერსონალმა, უბარგოდ რომ მიხილა.
-         ნიუ იორკში - მოკლედ მოვჭერი.

ცოტა გაუკვირდათ, მაგრამ არაფერი მითხრეს. ლუნგის აეროპორტში დამეხვია უამრავი დამხმარე. ბარგი რომ ვერ გამომართვეს, უბრალოდ მიმაცილებდნენ აქეთ იქიდან და  ყოველნაირად გამოხატავდნენ კეთილგანწყობას.

-         როგორ ხართ ბოს! დიდი ხნით მიფრინავთ? მალე ჩამოდით. მომეცით საბუთები, გავიქცევი, რეგისტრაციას გავატარებ! ბარგი სადა გაქვთ, ჩავაბარებ...
-         ხომ იცით, მე უბარგოდ დავფრინავ ხოლმე...

ციმ-ციმ გავიარე ყველა პროცედურა, დასარიგებელი მოწყალება დავარიგე. მოსაცდელში სავარძელი მომართვეს, საეჭვო ტილო გადაუსვეს, ცივი კოკა-კოლა მომირბენინეს, ლამის თვითფრინავის ტრაპამდე მიმყვნენ, სტუარდესებს დაეღრიჭნენ

-         ეს ჩვენი ჯორჯიან ბოსია, ჩვენ მისი ფრენდები ვართ...

იმათაც, მიჩვეულებმა, გაუღიმეს, მეც დამიყვავეს. საზღვარი გადავკვეთე. ”ბრასსელს ეირლაინმა” ჩამიბარა. მთელი ღამე ვიფრენთ. სისხამ დილას ბრიუსელში ჩავალთ. იქ  ერთი საათი მაქვს, ”კონტინენტალის” რეისამდე, და ნიუ იორკისკენ. რაც მთავარია, არ ვაგვიანებთ.

ბრიუსელი (დღე პირველი)
დროზე ჩავფრინდით. აფუსფუსდა თვითმფრინავი. ხომ იცით, როგორც არის ხოლმე, საათობით ჯდომით გაბეზრებული მგზავრები, ერთმანეთს ასწრებენ. სახსრების გაშლა და ამოძრავება უნდათ.

უკვე ვიცი როგორ უნდა გადავიდე აეროპორტის დერეფნებით სასურველ ”გეითამდე”, საიდანაც ამერიკის რეისები მიფრინავს. დროც ერთი საათი მაქვს, ხელბარგიც კი არა მაქვს. ყელზე ”ბენდანა”, ხელები ჯიბეებში და მივუყვები არხეინად.

აეროპორტი უჩვეულოდ გადატვირთული მეჩვენა. ყველა ”გეითთან” ხალხია მოგროვებული. ამერიკის რეისები ყოველთვის განსაკუთრებით ორგანიზებული არის ხოლმე. იქაც რაღაც არეულობაა. ყველაფერი გაირკვა.

-         ავიადისპეჩერების გაფიცვის გამო რეისები გაურკვეველი დროით გადადებულია. ჩვენი ბოინგი ვერ დაჯდა ბრიუსელის აეროპორტში და იცდის ამსტერდამში. ”კონტინენტალი” ზრუნავს თავის კლიენტებზე. რეისი ბრიუსელი - ნიუ იორკის მგზავრებს ვთხოვთ მოვიდნენ მეხუთე გასასვლელთან. ჩვენ ავტობუსით გადაგიყვანთ ადგილობრივ აეროდრომზე, იქიდან გადავფრინდებით ამსტერდამში. ბოდიშს გიხდით და მადლობა მოთმინებისათვის!

სხვა რა გზაა, რიგში ჩავდექი. საინტერესოც კია, თავგადასავალია. თურმე ჯერ სადა ხარ! რიგმა მომიწია და ბილეთი და პასპორტი გაუწოდე.

-         კიდევ ერთხელ ბოდიში, მაგრამ ამსტერდამიდან გავფრინდებით. თქვენ ტრანზიტული მგზავრი ხართ. საიდან ჩამოხვედით?
-         სიერა ლეონედან, ფრიტაუნიდან.
-         დიახ, ეს პასპორტი...?
-         საქართველოსია
-         ააა, ჯორჯია! ... მმმ, თქვენ ევროკავშირის ვიზა არა გაქვთ?
-         ამერიკის მაქვს.
-         ხო, მაგრამ ჩვენ ეხლა ბელგიის საზღვარი უნდა გადავკვეთოთ, თქვენ კი ვიზა არა გაქვთ. მოიცადეთ, გავერკვევით.
-         ????

რომ არ გავაგრძელო, ყველა წაიყვანეს, მე კი გამომიცხადეს, თქვენ აქ უნდა დაიცადოთ, გაფიცვა რომ მოთავდება, შემდეგ რეისსზე დაგსვამთო. შემდეგი რეისი ხვალამდე არ იქნებაო. იმედია გაფიცვა ხვალამდე მორჩებაო. დავრჩით მე, ერთი განის და ერთიც მწვანე კონცხის მოქალაქე, მოკლედ აფრიკელები.

დილის 9 საათი და 30 წუთია. სრული გაურკვევლობა, ყელზე ”ბენდანა” და ხელები ჯიბეებში.

მოვიდა ოფიცერი, მომიხადა ბოდიში, გამომართვა საბუთები. ერთდღიან ვიზას გაგიკეთებთ, წაგიყვანთ სასტუმროში, იმედია ხვალამდე გაფიცვა მორჩება და დილის რეისზე დაგსვამთო. აი თქვენ ყავის და ბუტერბროდის ტალონი და ეს ზონა არ დატოვოთ, თორემ ვეღარ გიპოვითო. დავტოვო თორემ, გეგონება რომელიმე მხარეს მიშვებენ!

-         რამდენ ხანში მოხვალთ?
-         არ ვიცი, პროცედურაა, დაგველოდეთ.

რას იზამ! ერთი კარგია, ქალაქში გავალ, ბრიუსელს დავათვალიერებ. ისე, რაღაც უცნაური ზონაა, არც ტელეფონია. არც ინტერნეტი. კიდევ კარგი საპირფარეშო მაინც არის.

ბევრი რომ არ შეგაწყინოთ, საათი მისდევდა საათს და არაფერი ხდებოდა. დაიცალა იქაურობა, ყველა გაერკვა, წამსვლელი წავიდა, ზოგი სახლში, ზოგი სასტუმროში...  მე ვიცდიდი. ამ ლოდინის დროს გავიხსენე ყველა სიმღერა რაც კი ვიცოდი, ყველა ლექსი. გავისიგრძეგანე საქართველოს ისტორია და ჩვენი ბედუკუღმართობა. ვაგინე ჩვენს მთავრობას, ევროკავშირს, არაბულ ისლამიზმს, აღორძინების ხანას, ევროპულ ტოლერანტობას, კარდინალ რიშელიეს, მენშევიკებს. ვინ მოსთვლის რამდენჯერ ვიყავი ტუალეტში, სრულიად უსაქმოდ. იქ დიდი სარკეები იყო, საკუთარ თავს ვათვალიერებდი და ვესაუბრებოდი. უნდა გითხრათ, ვერ დავრჩი კმაყოფილი. ყელზე ”ბენდანა” და ხელები ჯიბეებში. დავეტაკე ყველა უნიფორმიანს ვინც კი გამოჩნდა, ხან მუდარით, ხან შეკითხვებით, ხან მუქარით. პასუხი ერთია - დაიცადეთ, მოგაკითხავენ.

საღამოს 19 საათი და 07 წუთია. ბინდია. ცარიელ ზონაში, უშველებელ შუშის ვიტრინასთან ვდგავარ. აქედან დაცარიელებული ასაფრენი ბილიკები სჩანს. ორივე ხელით ვიტრინას მიყრდნობული, სივრცეს გავცქერი და ბოლო ხმაზე გავკივი - ” ქართველო ხელი ხმალს იკარ.....”. მხარზე ვიღაც შემეხო. ელდანაკრავივით გავჩუმდი და შემოვტრიალდი. უნიფორმიანი ახალგაზრდა გოგოა. ხელში ჩემი საბუთები უჭირავს და გაფართოებული თვალებით შეცბუნებული მიცქერს.

-         ბოდიში ბატონო, აი თქვენი საბუთები. წამომყევით, შატლი გელოდებათ, სასტუმროში წაგიყვანთ. ურიკა ხომ არ გინდათ ბარგისთვის?  ”არ იუ ოკეი?”...

გასავათებული მივედი სასტუმროს ნომრამდე, გამაფრთხილეს რომ ხვალ 8 საათზე მზად უნდა ვიყო, რათა აეროპორტში წამიყვანონ. ჩქარა, შხაპი და საწოლი. ბრიუსელის დათვალიერება მომავლისთვის გადაიდო.

ბრიუსელი (დღე მეორე)
გათენდა. ახალი იმედებითა და ენერგიით სავსე აეროპორტში მივედი. მახარეს რომ გაფიცვა დამთავრდა, დისპეჩერები და ადმინისტრაცია შეთანხმდნენ (მაგათ ვენაცვალე) და ყველაფერი განრიგის მიხედვით იქნება.

უნდა გავიარო რეგისტრაცია, ”სეკიურიტი”, მოვნახო ”გეითი” და ნიუ იორკისკენ! რეგისტრაციაზე სპეციალური ლენტებით მიმართული დაკლაკნილი რიგია. ჩავდექი. ყველა მიაგორებს, მიათრევს, მიაჩოჩებს ჩემოდნებს, ჩანთებს, ”ბაულებს”. ვაი ამ ”მენივთეებს”, ”მესჩანებს”. ერთი მე ვარ, გამონაკლისი, ყელზე ”ბენდანა” და ხელები ჯიბეებში. სანამ სარეგისტრაციო დახლებამდე მიხვალ, ოფიცერი დგას, საბუთებს ამოწმებს და რიგს ანაწილებს.

-         თქვენ ტრანზიტული ბილეთი გაქვთ, გუშინ უნდა გაფრენილიყავით?
-         დიახ.
-         ბოდიში გაუგებრობებისათვის. ეტყობა ბარგი გუშინ ჩააბარეთ?
-         არა მაქვს ბარგი!
-         ხელბარგი?
-         არა მაქვს ოფიცერო! მე ყოველთვის ვცდილობ უბარგოდ ვიმგზავრო - თავმომწონედ
-         როგორ? აი ესე მგზავრობთ? არაფერი არ გჭირდებათ?
-         ????
-         ერთი წუთით - და ვიღაცას რაციით იძახებს.
-         აქეთ მობრძანდით თუ შეიძლება, რამდენიმე კითხვა გვაქვს.
-         რაშია საქმე?
-         მობრძანდით თუ შეიძლება.

სადღაც წამიყვანეს. ორი პოლიციელი და ვიღაც კაპასი ქალი.

-         საიდან მოფრინავთ?
-         ფრიტაუნიდან
-         ეს სადაური პასპორტია?
-         საქართველოსი, ”ჯორჯია”
-         ამერიკის შტატი?
-         არა, საქართველო, ყოფილი საბჭოთა კავშირი
-         ააა, რუსეთი?
-         არააააა, საქართველო!!!
-         ეს რა ასოებია, არაბულია?
-         არა, ქართული! ეს უნიკალური დამწერლობაა, არვ ერთი სხვა ქვეყანა ამ დამწერლობას არ ხმარაობს.
-         მე ამას არ გეკითხებით, გთხოვთ შეკითხვებს უპასუხოთ. სად არის თქვენი ბარგი?

ეს იყო რაღაც დაუმთავრებელი. რატომ ხართ უბარგოდ? რა გინდოდათ სიერა ლეონეში? რით დაადასტურებთ რომ იქ მუშაობთ? სად არის თქვენი ბარგი? რატომ მიდიხართ ამერიკაში? გყავთ თუ არა ოჯახი? რატომ ხართ უბარგოდ?

ერთი ორჯერ ვეღარ მოვთოკე თავი, გავცეცხლდი, მაგრამ დროზე მივხვდი, რომ ასე თუ გავაგრძელე, ხელბორკილები არ ამცდება. უკვე სადღაც შორიდან მესმოდა მათი საუბარი და საკუთარ თავს ვევედრებოდი - ”მშვიდად, მშვიდად, ისუნთქე...”

ამასობაში სადღაც წაიღეს და მოიტანეს ჩემი პასპორტი, მერე ისევ წაიღეს. მოიტანეს, ყველა ფურცელს გადაუღეს ასლი, გახედეს შუქზე, ილაპარაკეს ტელეფონზე, რაციაზე, გააგზავნეს ფაქსი....

დრო და დრო შემოდიოდა ვიღაც ფორმიანი და კითხულობდა

-         ჰა, უშვებთ თუ არ უშვებთ, რეისი იგვიანებს!

ბოლოს იმ კაპასმა დედაკაცმა ამოღერღა - ”ვერაფერი ვერ ვიპოვეთ, წაიყვანეთ თვითფრინავში, მაგრამ მაინც რატომ არა აქვს ბარგი?” და ეჭვიანათ შემომხედა.

აქეთ იქიდან ორი მდუმარე პოლიციელის თანხლებით, ტუსაღივით გადავსერე მთელი აეროპორტი. თავი კინოში მეგონა. მიმიყვანეს თვითფრინავში, ჩამსვეს სავარძელში, თავის ხელით შემიკრეს უსაფრთხოების ქამარი, აქაოდა არსად არ გაიქცესო, რაღაც გადაუჩურჩულეს სტიუარდესას, გავიდნენ და ლაინერის კარი ჩაირაზა...

ნიუ იორკი
ნიუ იორკი აეროპორტში მესაზღვრემ შტამპი უნდა ჩაგირტყას და თავისუფლების ქვეყანაში შეგიშვას. აი ისიც. ჩემი რიგია. ამ ორი დღის გადამკიდე ცოტა არ იყოს შიშნარევი ვუახლოვდები. გულღიად მიღიმის, ერთ ორ შეკითხვას მაძლევს. პასპორტი გადაშალა და შტამპიანი ხელი მოიმარჯვა...

ჩემი ერთადერთი ბარგი, საფულე სადაც დოკუმენტებია დახლზე გაშლილი დევს. მესაზღრვრემ თვალი ჰკიდა.

-         ეს რა არის? - მეკითხება ერთ ერთ საბუთზე
-         ეს? ეს ამერიკული მანქანის მართვის მოწმობაა, შარშან ჩავაბარე და ტეხასის შტატში მომცეს.

ამოვიღე საფულიდან და თავმომწონედ გავუწოდე, აგერ მეც ლამის თქვენიანი ვართქო!

-         თუ შეიძლება ერთი წუთით აქეთ მობრძანდით

ცალკე ოთახში შემიყვანეს და საგულდაგულოდ დამკითხეს, ვინა ვარ, საიდან მოვდივარ, ვისთან მივდივარ და რატომ. ვინ მომცა ამერიკული ”პრავა”. ბოლოს გამომიცხადეს, რომ შარშანდელს შემდეგ კანონი შეიცვალა და ჩემი ტურისტული ვიზის პატრონს ”პრავა” არ ეკუთვნის, უნდა ჩამომართვან.

-         ეს ტეხასის, შტატმა მომცა ყველა კანონის დაცვით, მე ამაში ფული გადავიხადე, ეს ჩემი საკუთრებაა, ”იტ’ს მაი პროპერტი”!

ავიმაღლე ხმა, მაგრამ გაყინულ სახეებს რომ შევხედე, მივხვდი რომ შტამპს არ ჩამირტყამდნენ, პოლიციის თანხლებით ისევ თვითფრინავში ჩამსვამდნენ და ბრიუსელს კი ნამდვილად ვეღარ გადავიტანდი. დავნებდი.

-         ”ველკომ ტუ იუნაიტედ სტეიტს!” - დმც!

* * *

ფრიტაუნში დაბრუნებულს, ჩვენი კარ-მიდამო ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო შემომეგება.

-         როგორ იმოგზაურეთ, სერ? ბევრ ადგილას იყავით?
-         კარგად მომო, მადლობა.
-         თქვენ რა გიჭირთ სერ, თქვენთვის ყველა კარი ღიაა.

ეჭვით შევხედე, არა არ დამცინის, მართლა გულწრფელად ასე ჰგონია.



თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
21 ოქტომბერ, 2010 წელი

No comments:

Post a Comment