Friday, February 4, 2011

აფროქართველის ჩანაწერები - 3 (31) - ვაჭრობა ფრიტაუნში

ვაჭრობა ფრიტაუნში


ფრიატაუნი აღებ-მიცემობის ქალაქია. ვაჭრობენ ყველგან და ყველაფრით. ქუჩის პირას გამართულ დახლებზე ბანანის, მანგოს, ანანასის, სხვადასხვა ბოსტნეულობის ფერადი ნატურმორტებია. სახელდახელოდ გამართულ სამზადზე, იხარშება ბრინჯი და იწვება ხორცი, რასაკვირველია უცხარესი აფრიკული საწებელით. ვისაც ადგილი მოუხელთებია და სტაციონარულად გამაგრებულა ხომ კარგი. ვისაც არა, მთელ მაღაზია შემოუდგია თავზე და ადის ჩადის ქუჩებზე და ზოგჯერ სიარულ-სიარულში შეუჩერებლად ვაჭრობს.

იყიდება ახალი და ნახმარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ახალი და ნახმარი ტელევიზორები, მაგნიტოფონები, ხელსაწყოები, მაცივრები, ავეჯი და ვინ იცის კიდევ რამდენი მსხვილმანი თუ წვრილმანი. ხანდახან ქალაქი ერთი დიდი და მოუწესრიგებელი სუპერმარკეტი გგონია.

უნდა გქონდეს მოთმინება, იცნობდე ქუჩის ხალხს, შეგეძლოს და გეხალისებოდეს ვაჭრობა, კარგად იტანდე თაკარა მზეს და გავარვარებულ ასფალტს და მაშინ,  იშოვნი ყველაფერს, რაც დაგჭირდება.

ხო, კიდევ, უნდა იცოდე სპეცტერმინოლოგია და თუ თეთრი ხარ (უაიტ მენ) ის მაინც არ უნდა შეგეტყოს რომ ახალჩამოხული ხარ, თორემ ვაი შენი ბრალი, უცბად ხუთმაგდება და ათმაგდება ფასები.

საქონელი ახალი - ”ბრენდ ნიუ”, საქონელი ნახმარი - ”იუზდ”, საქონელი უხარისხო - ”ჩაინიზ”, ნახმარი, მაგრამ კარგი ნივთები - ”ბელჯიუმ”. თუ საშოვარზე გახვედი, შეიძლება ენა არ იცოდე ან საერთოდ არ ლაპარაკობდე, მაგრამ ეს სიტყვები აუცილებელია.

ამდენი წლის აფრიკული გამოცდილებით, ვაჭრობის და შეძენის სპეციალური ტაქტიკა გამოვიმუშავეთ. ჩვენს ერთგულ მეგობარ ადგილობრივებთან ერთად, შორიდან შევიგულებთ ხოლმე სასურველ ნივთს და შემდეგ ის ჩვენი ადგილობრივი მეგობარი მარტო ბრუნდება ხოლმე სავაჭროდ და შესასყიდად, ეს მეთოდი, როგორც წესი ამართლრებს, ყოველ შემთხვევაში 10 000 ლეონად საყიდელ ნივთს 100 000 ად არ შემოგვაჩეჩებენ. ლეონი სიერა ლეონული ფულია. თანხებისა არ შეგეშინდეთ 10 000 ლეონი ორდოლარნახევარია.

ფრიტაუნის ვაჭრობის კონცეტრაცია ”ვიქტორია პარკ”-ია, თუ  რამეზე იკითხავ, ყიდვა მინდა და სად ვიპოვნოო, უეჭველი პასუხი იქნება ”ვიქტორია პარკ”-ში ნახეო.

ქალაქის ცენტრში, ინგლისელების მირ აშენებული სასამართლოს უკან, მშვენიერი პარკია. პარკი მე-19 საუკუნის ბოლოს შეიქმნა და დედოფალ ვიქტორიას საპატივსაცემოდ დაერქვა სახელი. პარკი მაღალი და საფუძვლიანი რკინის ღობით არის დაცული და შემოღობილს შიგნით დღესაც პარკია, ეგზოტიკური მცენარეებით, შადრევნებით, მოკირწყლული ბილიკებით, საბავშვო და სპორტული მოედნებით.

მაღალი ღობის გარეთა ნაწილს კი, მთელს პერიმეტრზე, უამრავი მოვაჭრე მიეწეპა ტკიპასავით. ღობის იქით და მიმდებარე ქუჩები სავსეა გასაყიდი საქონლით, მოვაჭრეებით. საინტერესო ის არის, რომ ფეხით ხომ მიდი მოდიან, არც მანქანების მოძრაობა წყდება, თუმცა უცხო თვალისათვის ეს ერთი შეხედვით სრულიად შეუძლებელია. არას დაგიდევენ მანქანები, ნელ-ნელა და ჯიუტად მიიწევენ ცოცხალ მასაში, ფეხით მოსიარულენიც ამას სრულიად ჩვეულებრივად აღიქვამენ, მეტიც, ამ მოძრაობაში ვაჭრობენ. მანქანის პარალელურად მიაბიჯებს მოვაჭრე, ღია ფანჯრიდან მიდის ცხოველი აღებ-მიცემობა. საქონლის გადაცემა, მანქანის სალონში ტანსაცმლის სახელდახელოდ მოზომება, ნივთის გაშინჯვა, ფულის გადახდა, ხურდის დაბრუნება. და ეს ყველაფერი დინამიკაში, განუმეორებელი დიალოგებისა და ქუჩის მუსიკის საუნდტრეკის ფონზე. ძნელი აღსაწერია, საოცარი სანახავია.

ყველაზე საინტერესო, სიღრმეშია, სადაც ქუჩები სულ უფრო და უფრო ვიწროვდება და ხალხის სიმრავლისაგან გაუვალი ხდება, მაგრამ ”უაიტ მენისთვის” იქაურობა რეკომენდირებული არ არის. ნამდვილი სამიზნე ხდები. ბაცაცები, ჯიბის ქურდები, აფერისტი მოვაჭრეები თავისი საქმის ნამდვილი დიდოსტატები არიან. რას არ შემოგაჩეჩებენ, ხურდის ნაცვლად დაჭრილი გაზეთი, ახლად ნაყიდი ტელეფონის მაგივრად გათლილი ხის ნაჭერი, ძვირფასი საათის ნაცვლად ცარიელი ბუდე...

სადაც ხუთი ქართველი შეიკრიბება, რომელიმეს აუცილებლად მოუნდება გიტარა. ექვსსიმიანი კლასიკური გიტარა ტაშფანდურისთვის და დროის სატარებლად, აფრიკული საღამოების გასატანად.

დავიწყეთ ძებნა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ფრიტაუნში არ არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია.

რომ ვიკითხეთ მუსიკალური ინსტრუმენტები სად იყიდებათქო, მიგვასწავლეს და მაგნიტოფონების და დივიდიების დახლები შეგვრჩა ხელში. აი დაუკარით და კარგი მუსიკა იქნებაო, ”დისკებსაც” შეგირჩევთო. ვის არ ვკითხეთ, სად არ მოვიძიეთ. არ არის გიტარა.

გავჯიუტდით, მონადირის აზარტიც გაჩნდა. გიტარა როგორ ვერ უნდა ვიშოვოთ? მოვაწყეთ ექსპედიცია ”ვიქტორია პარკის” ყველაზე შორეულ ჯურღმულებში. გავიცანით ყველა ხვთის გარეგანი, აღმოვაჩინეთ ჰობოი, ძველი, დაშლილი ფისგარმონია, დაჭეჭყილი საყვირი, აფრიკული საჩხაკუნოები და ქსილოფონი. გიტარა არ არის.

ბოლოს ჩვენი კომპანიის ყოვლისმცოდნე პიარ მენეჯერმა მოკრა ყური ჩვენს ინსტრუმენტალურ გასაჭირს.

-         აი ვილბაფორს სტრიტზე ნახეთ, კუთხეში, ლიბანელის მაღაზიაა.
-         მუსიკალური ინსტრუმენტების?

გაკვირვებით და დამცინავად შემომხედა - აქაოდა რა მიუხვედრელი ხარო.

-         მუსიკალური ინსტრუმენტები რა შუაშია? გენერატორებს ყიდის, სამშენებლო მასალებიც აქვს...

მხრები ავიჩეჩე, მაგრამ იმედგადაწურულებმა, მაინც ვცადეთ.

”ვილბაფორს სტრიტ” ცნობილი ადგილია ფრიტაუნში. ჩარიგებულია მაღაზიები, ძირითადად სამშენებლო მასალები, სანტექნიკა, გენერატორები, საოჯახო ტექნიკა, და ათასი წვრილმანი. მფლობელები ძირითადად ლიბანელები არიან, რამდენიმე ინდოელია.

მივადექით კუთხის მაღაზიას. მეპატრონე, ახალგაზრდა ლიბანელი, თითონ დგას დახლში. გარშემო დამხმარეები ტრიალებენ. ჩვენ რომ მივედით მუშტარი ჰყავდა. ელექტრობურღებს არჩევდნენ და ერთმანეთს ევაჭრებოდნენ. გულღიად გაგვიღიმა და გვთხოვა ორი წუთი მოგვეცადა. მართლაც მალე მოიცალა ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ეჭვით შევათვალიერე მაღაზია და უიმედოდ ვიკითხე.

-         გიტარას ვეძებთ.
-         გიტარას?

ლიბანელმა შეგვათვალიერა და დამხმარეს გასძახა, სკამები მოეტანა და ყავა მოედუღებინა.

-         ჩამოჯექით, ეტყობა დაისიცხეთ, ყავა დავლიოთ, ცოტა სული მოითქვით. ცივი კოკა-კოლა?

აშკარად გიჟები ვგონივართ! მეტი რა ჩარა იყო, ვიქტორია პარკში სიარულით დაღლილები და დასიცხულები, დავყევით ნებას და ჩამოვჯექით. წავიდა დინჯი აღმოსავლური მასლაათი. აბა ბიზნესი როგორ მიდის, აბა საერთაშორისო პოლიტიკა, აბა ამერიკა და არაბული სამყარო, აბა ფეხბურთიო. მასპინძელი  საუბარ საუბარში ხან ტელეფონზე ლაპარაკობს და ხან შემოსულ მუშტრებს ისტუმრებს, დამხმარეებს სადღაც აგზავნის, მოკლედ მუშაობს. ჩვენ კი ვზივართ, ვენტილატორი გვიბერავს და ლიბანურ ყავას ვწრუპავთ.

გიტარაზე ხელი ჩავიქნიეთ. აი ჯეზვეს ჩავამთავრებთ, მასპინძელს მადლობას ვეტყვით და წავალთ. ნახევარი საათი მაინც ვიჯექით.

ის იყო დასმშვიდობებლად მოვემზადეთ, რომ გაგზავნილი დამხმარე შემოვიდა, მუყაოს გრძელი ყუთი შემოიტანა, დახლზე დადო და უხმოდ ისევ სადღაც წავიდა.

-         ჩემს ბიძაშვილთან გავაგზავნე, შენახული ჰქონია...

მასპინძელმა ყუთი დინჯად გაჭრა და ხელუხლებელი, ლაპლაპა ექვსსიმიანი გიტარა ამოაძრო...

შემდეგ თხუთმეტ წუთში, სხვადასხვა მხრიდან მოდიოდნენ და მოჰქონდათ ყუთები. მოიტანეს ორი აკუსტიკური გიტარა, ერთი მინიატურული, ეტყობა ბავშვებისათვის, სამი ელექტრო - სოლო და ორი ელექტრო  ბას გიტარა. გაშტერებული შევყურებდით ამ გამოფენას. ეჭვით შემოგვხედა და იკითხა

-         დაკვრა იცით?

გამოვფხიზლდით. ვინც დაკვრა იცოდა, გიტარას ხელი დაავლო. სათითაოდ გავშინჯეთ ყველა. იქვე, ქუჩაში სახელდახელო როკ კონცერტი გაიმართა, ხალხი შეგროვდა, ტამტამსაც დასცხეს, ცეკვითაც აჰყვნენ და სიმღერითაც. კმაყოფილი მაღაზიის პატრონი დახლთან იჯდა, კატასავით იღიმებოდა და ყავას წრუპავდა.

ბოლოს აკუსტიკური გიტარა ავარჩიეთ, ბევრი მადლობა ვთქვით და კმაყოფილები წამოვედით.

-         ხშირათ მოდით ხოლმე, რამე სხვა ინსტრუმენტი ხომ არ გჭირდებათ? არ მოგერიდოთ.

გამოგვაცილა მასპინძელმა. მაინც ხომ ვიშოვეთ?!



* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ტრადიციული თხოვნით მოვიდა. ფანრის ბატარეები დამიჯდა და ფული მომეცი, ვიყიდოვო.

-         რამდენი გინდა, მომო?
-         თხუთმეტი ათასი ლეონი სერ.
-         მომო, გუშინ ვნახე მაღაზიაში, ეგ ბატარეები ათი ათასი ღირს.

მომომ თვალები მოჭუტა.

-         სერ! ათი ათასი აქაურის ფასია, თქვენც ჩემდენს ხომ არ გადაიხდით? არ იქნება ლამაზი. მერე, სამი ათასისას ილოცებენ თქვენთვის, ფანარიც მეტს იმუშავებს.
-         ორი ათასი?
-         ორი ათასი სარგებელია, მაგიტომ ილოცებენ სამი ათასისას, იმას არა აქვს მნიშვნელობა, როგორი გულით გამოგატანენ? და საერთოდ ეგ ამბავი მე მომანდეთ. უსაფრთხოება რა სავაჭროა?


თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
1 თებერვალი 2011 წელი

No comments:

Post a Comment