Saturday, September 25, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (11 - 15)

11. პოიო
(პალმის ღვინო, Palm Wine)

...ეშმაკს ამ ღვინის ერთი ყლუპიც რომ დაელია,ერთგული კაცი იქნებოდა მეგობარისა... (ომარ ხაიამ)


სიერა ლეონე მოვიარე თითქმის სრულად. ერთი პირობა სულ მარტო ვიყავი ქართველი. გასარკვევი და სამოძრაო ბევრი მქონდა, ჩავისვამდი ხოლმე მანქანაში ჩვენს აქაურ მეგობარ დოქტორ ბაბა კონტეს და მექანიკოს აბდულას და მიდიი...

დოქტორი ბაბა უსაჭიროესი და უკეთილესი კაცია. ბელადების ოჯახიდან არის. ქვეყანაში ყველას იცნობს. თუ არა და უცბათ გამოარკვევს ვინ ვინ არის, ვისი რა არის  და საქართველოსი არ იყოს, აქაც ყველა ყველას ნათესავია. თანაც დეპუტატი და პატივცემული კაცია. ამაზე უკეთესი მეგზური უცხო ქვეყანაში აღარ ვარგა...

აბდულა კი მექანიკოსი, მოტორისტი, ”ხადავიკი” და ”ჟესტიანშიკი”-ა ერთდროულად. აქ სადმე გზაზე თუ გაგიფუჭდა მანქანა, ცუდად არის საქმე. სავსეა გზები ჯორივით გაჯიუტებული ტექნიკით. აქაურებიც ფილოსოფიურად უდგებიან ამ ამბავს და კვირაობით ცხოვრობენ გზის პირას მიყენებული გაფუჭებული საბარგოების, ტრაქტორების თუ სხვა ოთხბორბლიანი ჯართის ქვეშ. ცხოვრობენ და ელოდებიან როდის გამოუგზავნის განგება შველას. ასე რომ აბდულას გარეშე მოგზაურობა გამორიცხულია...

ასეთი შემადგენლობით მოვიარეთ მთელი სიერა-ლეონე. სად არ ვიყავით: კაბალა, კონო, კენემა, პორტ-ლოკო, ლუნშარი, პეპელ-აილენდი, ბანანა-აილენდი, ბო, მაკენი, მაგბურაკა... ყველა ეს უცნაური სახელი ჩემთვის მნიშვნელობითა და ათასი შთაბეჭდილებით არის სავსე. ერთხელ გულრწფელი მადლობით მითხრა დეპუტატმა ბაბა კონტემ:

-         ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი! ხომ ვერასოდეს ვერ გავიცნობდი ჩემს სამშობლოს ასე. ეტყობა რაღაცისთვის მამზადებს! შენსავით არცერთ სიერა ლეონელს არ შემოუვლია ეს ქვეყანა!

ორი განსხვავებული სამყაროა სიერა ლეონე. დედაქალაქი ფრიტაუნი და კიდევ ორი სამი ქალაქი ასე თუ ისე ნაზიარებია ცივილიზაციას. არავინ იცის, სასიკეთოთ თუ საუბედუროდ. მაგრამ, საკმარისია ოდნავ გადუხვიო მთავარ მაგისტრალს და ცხოვრება იქ არის გაჩერებული სადაც ხუთი საუკუნის წინ, პორტუგალიელების მოსვლამდე იყო, ბორბალი რომ ბორბალია იმასაც არა ხმარობენ. მაგრამ უნდა გითხრათ რომ დიდად არც არაფერი აწუხებთ და მხიარულად და კმაყოფილად გრძნობენ თავს.

დოქტორ ბაბას თავისი თეორიები აქვს. თქვენ ევროპელები სულ გამოგაჩურჩუტათ და გაგაუხეშათ რკინამ, პლასმასმა და ელექტრონიკამ, ვითომ კარგია, მაგრამ ადამიანი სადღაც ქრებაო, თან არასოდეს არ ავიწყდება, შენ არ გეხება, შენ ჩემი ძმა ხარო.

სამაგიეროდ იმის ახსნაც იცის რატომ არ მოხდა აფრიკაში ადამიანის ტექნიკური პროგრესი. დიდად თავის შეწუხება არაფრისთვის არ არის საჭიროო. აქ არ ცივა, შესაბამისად გათბობა არ უნდათ, ცეცხლს მხოლოდ საჭმლის დასამზადებლად თუ დაანთებენ, ერთადერთი პერიოდი როდესაც შედარებით გრილა (პირობითად) წვიმის სეზონია - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი - როდესაც გადაუღებელი ტროპიკული თავსხმაა, მაგრამ თბილი შხაპუნა წვიმა მოდის და სიცივესთან არავითარი კავშირი არა აქვს. აქედან გამომდინარე ტანსაცმელის დიდი საჭიროებაც არ არის. საცხოვრებელიც მსუბუქი და პირობითი, ყოველგვარი ”სტეკლოპაკეტის”, ”მეტალოჩერეპიცის” და ”კარმების” გარეშე. საჭმელს რაც ეხება, საოცრად მსუყე ხილი - ქოქოსი, ბანანი, მანგო, ანანასი, ციტრუსი და სხვა წვრილმანი უამრავია და ორ-ორი მოსავალი იცის. დიდი მოვლაც არა სჭირდება და მეტწილად ველურად იზრდება. თევზი სავსეა და მოსავლის მოყვანა და ზამთრისათვის დამზადება ნამდვილად არ არის საჭირო. და კულმინაცია - ალკოჰოლი - ღვინო! პალმის ღვინო!!! აქაურად პოიო.

აქ  ერთმა გადმოსახლებულმა მოლდაველმა კაცმა მოინდომა ვაზის გაშენება. ესეთი ნოყიერი მიწაა, ყველაფერი მოდის, რამდენიმე მოსავალია და იქნებ ვაზმაც იხაროსო. მართლაც ჩამოიტანა რამდენიმე ჯიში და ერთ-ერთმა იხარა კიდეც. ის ვაზი ფრიტაუნის ღირშესანიშნაობა გახდა. გაიზარდა,  უსაშველოდ გადიდდა. ნამდვილი გიგანტია. რომ ნახავ ვერ მიხვდები ვაზია თუ ბაობაბი, და კიდევ იზრდება... მაგრამ რად გინდა, ნაყოფს არ ისხამს. აბა წავიდა თეორიები, იმიტომ რომ ზამთარი არ არისო, სეზონურობა სჭირდებაო... მოკლედ ფაქტი ის არის რომ ყურძენი არ მოდის და დასაწურიც არაფერია! ბერწი ვაზი კი აბა ვის რაში სჭირდება?

დოქტორ ბაბას უყვარს პალმის ღვინო. ფრიტაუნს როგორც კი გავცდებით, აუცილებლათ გამაჩერებინებს მანქანას. გზის პირას ჩამწკრივებულ მოვაჭრეებს მოუხმობს და დაგემოვნებით შეარჩევს ხოლმე პოიოს.  როგორც წესი კოკა-კოლის პლასმასის ბოთლებით ყიდიან. კარგად მოიმარაგებს, წრუპავს, კარგ ხასიათზე დგება და მთელი გზა გვართობს ათასნაირი ტყუილ-მართალით.

სანამ დალევს სპიდომეტრს თვალს არ აშორებს და სულ მეწუწუნება, ნუ მიფრინავ, ნელა იარე, მე ამ ქვეყანას ვჭირდები, პრეზიდენტი უნდა გავხდე და ისტორიას ნუ შეცვლიო. ეს მანქანა ხომ ევროპელების გაკეთებულია, ხომ ჭკვიანი ხალხი ხართ (მეც ევროპელებში გავდივარ!), რატომ არის რომ ერთადერთი სათადარიგო ნაწილი მოყვება - მეხუთე ბორბალიო. ესე იგი თქვენც გეშინიათ და შეიძლება გასკდესო. ნელა იარე, მომავალი პრეზიდენტი გიზისო. რომ მოწრუპავს პოიოს ერთი ორს, ავიწყდება სპიდომეტრიც, ბორბალიც და ევროპაც!  ხან სიერა ლეონეს ჰიმნს მღერის და ხან რაღაც დიმპიტაურს...

ერთხელაც გადავწყვიტე მენახა, როგორ აკეთებენ ამ პალმის ღვინოს. გზიდან გადავუხვიეთ და ნამდვილ საპალმეთში მოვხვდით. უცნაური სანახაობაა, წარმოიდგინეთ ბევრი პალმის ხე, პალმების ტყე. ყველა ხეს სადღაც ზევით მიბმული აქვს ნახევარზე გადაჭრილი პლასმასის ”კანისტრები”, აქაურები ”კონტეინერს” ეძახიან. ” ხეზე ნაჭდევია გაკეთებული და ამ ჭრილობიდან თეთრი ფერის ბლანტი სითხე წვეთავს. ” კონტეინერი ისეა მიბმული რომ ნაჭდევიდან სითხე შიგ მოგროვდეს. ერთ ორ საათში რამდენიმე ლიტრი გროვდება. კიდე ორიოდ საათი მზეზე დადებენ და ფერმენტაცია იწყება. ესეც გრადუსი! მერე ასხამენ კოკა-კოლის ნახმარ ბოთლებში. დაასხი - დალიე! ეს არის პალმის ”ვენახი”. ეს ხდემა წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თვეს და დღის ნებისმიერ საათს.

მოგწონთ?! რა ჯობია კაი ახალ პალმის ღვინოს! უნდა გითხრათ კარგადაც ათრობს! თავიდან მიჩვევა უნდა, ცოტა მომჟავო, მწკლარტე გემო აქვს, აქაურებისთვის კი ატენურიც ეს არის, ადესაც და ხვანჭკარაც... მშვენივრად ისმევა ქორწილშიც და ქელეხშიც.

ერთხელ, როდესაც მერამდენედ დავიკარგეთ შუა ჯუნგლებში გაკვალულ გზებზე, მოშიებულებმა და მოწყურებულებმა შესვენება გადავწყვიტეთ. მეგონა უღრან ტყეში, უკაცრავად ჟუნგლებში, ვარ და კაცის ჭაჭანება არ არის. დოქტორ ბაბამ ამიხსნა ეს ყველაფერი ილუზიაა, ცოტა ხანს მაცალეო. მართლაც საიდანღაც, თითქოს მიწიდან ამოიზარდნენო, ნელ ნელა მოგროვდნე კაცები, ქალები და ტიტლიკანა ბავშვები. დოქტორი რისი დოქტორია, შანსი გაეშვა ხელიდან, ეგრევე პოლიტ-მიტინგი მოაწყო, რაღაც კუნძზე დადგა, ლენინივით ხელი გაშალა და დასცხო აგიტაცია. სულ თავის კანტურით ეთანხმებოდნენ.

აქეთ კი რამდენიმე ქალი აფუსფუსდა. იქვე ბალახზე გაიშალა. საიდანღაც გაჩნდა ბრინჯი, თხის ხორცი, კასავას ფოთლების ფხალი - ”კასავა ლივს”, პალმის ზეთზე დაყენებული უცხარესი საწებელი - ”ჰოტ სოს” - აქაურად, დესერტათ მანგო და ბანანი  და ახლადდაყენებული პალმის ღვინო, მოთუხთუხე ”მაჭარი”. კარგადაც შეუბერეთ! აბა! ასე კი არ არის საქმე... 

კინაღამ დამავიწყდა, გუშინ დოქტორ ბაბამ - გილოცავო!

-         რას მილოცავ დოქტორ? - გამიკვირდა
-         როგორ რას? ინტერნეტში ვნახე თქვენთან ადგილობრივი არჩევნები ყოფილა!
-         მერე არ მითხრა უგულავას მერობა გაგიხარდა?!
-         ვისი? - გაიოცა - ეგ რა შუაშია! ჯერ ერთი ისე ჩატარებულა რომ მსხვერპლი არ არის, არც კი უჩხუბია არავის, მეორე კი დამარცხებული გამოსულა და მიულოცია გამარჯვებულისათვის. შენ არ იცი ეგ რა კარგია! დემოკრატია ხომ ხელისუფლების მშვიდობიანად დათმობაა!!! ესე იგი ყველაფერი წინა გაქვთ. ასე რომ გულით გილოცავ!
-         მადლობა, დოქტორ!


* * *
მორიგი მოგზაურობიდან გვიან ღამე დავბრუნდი ფრიტაუნში. კოკა-კოლას ბოთლში ჩამოსხმული ნატურალური პალმის ღვინო ჩამომყვა. ვიფიქრე ჩვენი ფრიტაუნის კარ-მიდამოს ღამის დარაჯს, პოლიციელ მომოს გავახარებ. ძლივს ვიპოვე, კიბის ქვეშ მოკალათებულიყო და ეძინა. დაფეთებული წამოვარდა. დიდი ამბით დავდგი პალმის ღვინო და თავი მოვხადე.

-         სერ! სულ არ ვიცოდი თუ პალმის ღვინო გიყვარდათ!

გულის ჯიბიდან სუპერმარკეტში ნაყიდი არყის ”ჩეკუშკა” გააძრო,

-         მე ამას დავლევ, სერ! არ შეგეცილებით, აბა გაგიმარჯოთ!

და გემრიელად გადაკრა.


ქ. ფრიტაუნი
03 ივნისი, 2010 წელი

თორნიკე ბერიშვილი



12. ფეხბურთი ფრიტაუნში

მთელ სიერა ლეონეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ დედაქალაქში, ფრიტაუნში სამი რელიგია ბატონობს - მუსულმანური, ქრისტიანული და ფეხბურთი!!!

ფრიტაუნის ტრანსპორტი და მისი მოხატულ მოკაზმულობა ცალკე თემაა, ქალაქის ცენტრი მუდმივად გაჭედილია ძველ-ძველი დაჯღანული ტაქსებით და ”პოდო-პოდოებით” (აქაური ”მარშრუტკებით”). რაც არ უნდა ძველი იყოს სატრანსპორტო საშუალება, გამორიცხულია ზედ არ ჰქონდეს რამდენიმე ფერადი ნახატი და ერთი ორი ჭკუისსასწავლებელი ანდაზა, გამოთქმა ან ციტატა რომელიმე წმინდა წიგნიდან:

-         უფალი ჩვენი მწყემსია!
-         ღმერთმა დალოცოს ისლამი!
-         მანჩესტერი კაცების გუნდია!
-         გაჰყევით უფალს, არ შეცდებით...
-         არსენალი, არსენალი, არსენალი...
-         ქრისტე და მოჰამედი ძმები არიან...
-         რუნი თუ რონალდო...
-         ლივერპული წითელია...
-         დიდი არს ალაჰი!
-         დიდი კაცი - ტიერი ანრი...
-         ღმერთი ერთია და ყველასათვისაა...
-         ფერგიუსონს არ ეშლება...

ქუჩის საცობებში გაჩხერილს არ მოგწყინდება, უნდა წაიკითხო რაც კი რამ თვალში მოგხვდება და ჩაუკვირდე... დარწმუნდები რომ ფეხბურთელები წმინდანები არიან.

წარმოიდგინეთ რა ხდება ამ ქალაქში ეხლა, როდესაც მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, თანაც სად?!! აფრიკაში და ოცდაოთხიდან ექვსი აფრიკული გუნდია!!!

ორი ქვეყანა ვიცი დანამდვილებით, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი არასოდეს არ ჩატარდება, სიერა ლეონე და საქართველო. ისიც არ მჯერა თუკი როდისმე ამ ორი ქვეყნის გუნდი ითამაშებს ამ ტურნირზე. საქართველოს ფეხბურთზე თქვენ იმსჯელეთ და სიერა ლეონეზე მე მოგახსენებთ.

ქვეყნის რეგულარული, პროფესიული ჩემპიონატი წესიერად ვერ ტარდება, ხან იწყება და სხვა და სხვა მიზეზებით წყდება. ერთადერთი ტრიბუნებიანი სტადიონი, ჯერ კიდევ სამოქალაქო ომამდე აშენებული, ფრიტაუნშია შემორჩენილი. აქ თამაშობენ იშვიათ საერთაშორისო მატჩებს.

მაგრამ  თამაშობს ფეხბურთს ყველა, ყველას გონია რომ დაკარგული გენიოსია. 

ფრიტაუნის რამდენიმე კილომეტრიანი ქვიშიანი სანაპირო, ”აბერდინ ბიჩი”, ყოველ შაბათ კვირას ერთ უსასრულ საფეხბურთო მოედნად იქცევა ხოლმე სადაც ათასობით ადამიანი თავგამოდებით დასდევს ბურთებს.

საოცარი სანახაობაა, არათუ თამაში, ყურებაც და იმის გარკვევაც კი ძალიან ძნელია რა ხდება. ვინ ვის მხარესაა, ვინ უტევს და ვინ თავს იცავს. რომელი ბურთი რომელი თამაშის არის. ხანდახან ერთი ასპარეზის ბოლო მეორე დასაწყისია და ერთი დაიგივე კარი ერთდროულად ორი მატჩისაა აქეთ-იქიდან. კარგია თუ ორი მეკარე დგას ერთმანეთთან ზურგით მიყუდებული, ხანდახან ერთი და იგივე ტრიალებს ხოლმე ციბრუტივით, გააჩნია შეტევა საიდან მოდის!

თავის ჩემპიონატის არქონის გამო, მთელი ქვეყანა ინგლისის პირველობაზე ”ზის”! განსაკუთრებით ოთხი გუნდია გამორჩეული: მანჩესტერი, ლივერპული, არსენალი და ჩელსი! შესაბამისად ამ გუნდების მოთამაშეები ოლიმპოს ღმერთების დარი არსებები არიან!

ჩვენი პოლიტიკოსი მეგობარი, პრეზიდენტობის კანდიდატი დოქტორ ბაბა კონდე ხშირად სინანულით იხსენებს ხოლმე ახალგაზრდობას და რუსეთში გატარებულ სტუდენტობას...

-         ინსტიტუტის გუნდში ვთამაშობდი, იცი რა მაგარი ვიყავი... რომ გავყოლოდი მაგ საქმეს ეხლა ხომ ...

ნეტა რას აპირებდა? ისე მართალია, ფეხბურთისთვის თავი რომ არ მიენებებინა შეიძლება ეხლა მართლაც პრეზიდენტი ყოფილიყო.

ყავდათ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც გააღწია საერთაშორისო ასპარეზზე და რაღაც პეროდი ევროპაში ითამაშა.  ფეხბურთის გადარეულ ერუდიტებს თუ ეცოდინებათ მოჰამედ კალონი, რომელმაც რამდენიმე ევროპული გუნდი მოიარა. აქ ფრიტაუნში რაღაც ნახევრად მითიური, ღმერთებთან მიახლოებული არსებაა...

კალონმა თითონაც დაიჯერა რომ ზეარსებაა და სიერა ლეონეს აღმშენებლობა - აღორძინებას მიჰყო ხელი. სად არ შეხვდებით ქალაქში  ნახევრად აშენებულ შენობებს, გაჩერებულ მშენებლობებს... დაწყებული და ვერ დამთავრებული სასტუმრო, საცხოვრებელი სახლი, ნახევრად მომუშავე ღამის კლუბი, ... ეს კალონისაა... ბევრი დაწყებული პროექტი, სიერა ლეონელი ნათესავებისა და კეთილმოსურნეების მიერ შეჭმული ფული და დაუმთავრებელი ობიექტები...

ძალიან მომთმენი და უპრეტენზიო ხალხია სიერა ლეონელები. დიდად არ იწუხებენ თავს ყოფითი პრობლემების გამო, ყველაფერზე ბედნიერად იცინიან. არც უდენობა აწუხებთ მაინც და მაინც. აი ფეხბურთის გამო კი შეიძლება დაიძაბოს სიტუაცია. თუ რამის გამო ყურს გაიბერტყავს მთავრობა და მოერიდემა საყოველთაო უკმაყოფილებას, შეეცდება გამოასწოროს ენერგომომარაგება, ისევ ფეხბურთია. ტელევიზორი ხომ უნდა შეაერთონ სადმე?

როგორ უყურებენ ფეხბურთს? ბობოლებს სახლში აქვთ გენერატორი და სატელიტური ანტენა...

ფრიტაუნის რამდენიმე რესტორანში კიდია დიდი ეკრანი, მაგრამ იქ შესვლა საკმაოდ ძვირია.

ქალაქი მოფენილია პატარა ფიცრული ფარდულებით სადაც ოჩოფეხებზე დგას ტელევიზორი, თუხთუხებს პატარა გენერატორი... ხალხი შემოჯგუფულია, ზიან, წვანან, ძირითადად ფეხზე დგანან და უყურებენ ფეხბურთს. უკნიდან როგორც წესი არაფერი არა ჩანს, მაგრამ ხმა ისმის და წინა რიგები უკანებს უყვებიან რა ხდება...

გახურდა მსოფლიო ჩემპიონატი, ერთი მეორეს მიყოლებით დათმეს თამაშები აფრიკულმა გუნდებმა. გავარდა კამერუნი, სამხრეთ აფრიკა, ნიგერია... გლოვობს ფრიტაუნი. ერთი ამბავი იყო ალჟირის და ამერიკის თამაშზე. ფრიტაუნში ლიბანელების დიდი სათვისტომოა. ესენი ძირითადად რესტორნებში უყურებდნენ და ცხადია ალჟირს უჭერდნენ მხარს. ქუჩის ფარდულებში კი მაინც აფრიკულმა სოლიდარობამ გადაძლია და იქაც ალჟირისკენ იყო მრევლი...

დრამატულად დამთავრდა თამაში. ამერიკასთან ფრესაც დიდ მიღწევად ჩათვლიდა ყველა, მაგრამ ჰოლივუდის ფილმის კლასიკური ფინალივით ამერიკელმა კაპიტანმა, დონოვანმა თამაშის ბოლო წამს გაიტანა ერთადერთი გამარჯვების გოლი. მთელი ფრიტაუნი წყევლის დონოვანს!

ერთადერთი იმედი განაა. მხოლოდ მან გააღწია მერვედფინალში და არ არის საოცრება - იქ ისევ დონოვანს და მის რაზმს უნდა დაეჯახოს. გაისუსა ფრიტაუნი და ელოდება 27 რიცხვს... ლოცულობენ და შავ მაგიასაც არ თაკილობენ. წარმომიდგენია რა ხდება განაში!

ამას წინათ სანაპიროზე ვუყურებდი გახურებულ თამაშს და გულწრფელად ვცდილობდი გამერკვია ვინ ვის გუნდშია და საერთოდ რამდენი თამაში მიდის ერთდროულად. ორი შავტუხა ყმაწვილი მომადგა.

-         სერ, ჩვენ ძალიან მაგარი ფეხბურთელები ვართ. ეს თავდამსხმელია, მე ნახევრარმცველი ვარ!
-         გაგიმარჯოთ ბიჭებო!
-         თქვენ რომელი ქვეყნიდან ხართ სერ?
-         ჯორჯიიდან.
-         ხოდა წაგვიყვანეთ სერ, ჯორჯიაში, მიგვიყვანეთ რომელიმე გუნდში, ჩვენ გამოვდგებით, იმ გუნდს ვასახელებთ, თქვენ ბევრ ფულს გაშოვნინებთ. თუ ჯორჯიის ნაკრებში გვათამაშებთ, მსოფლიო ჩემპიონატზეც გავალთ...
-         მერე ამერიკას მოუგებთ?
-         აბა რა სერ, რა იციან მაგათ თამაში!


* * *
საღამოს ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს დარაჯი, პოლიციელი მომო დამადგა ჩამქრალი ფარნით და ელექტრობატარეების ფული მომთხოვა.

-         მომო! არ გინდა ტელევიზორის ყურება?
-         არა სერ!
-         ფეხბურთია, არ გიყვარს ფეხბურთი?
-         სერ! მე გოლფს ვთამაშობ. ეგ ფეხბურთი ნამდვილი ვიგინდარების გართობაა... სერ!


ქ. ფრიტაუნი
24 ივნისი 2010 წელი

თორნიკე ბერიშვილი



13. CLEANING DAY
(დასუფთავების დღე)


ფრიტაუნი - თავისუფალი ქალაქია. მაგრამ ამავე დროს ძალიან ჭუჭყიანი ქალაქიცაა. ეს უფრო იმის ბრალია რომ არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ნაგავი გროვდება ყველგან, საკანალიზაციო სისტემა გაუმართავია, ქუჩების დაუგეგმაობის და გაჭედილობის გამო ნაგავი დროზე ვერ გააქვთ. მთელი უბნებია სადაც ჯობია არ შეხვიდე, ისეთი ანტისანიტარიაა. ყოველი შემდეგი არჩევნების დროს პოლიტიკოსების ერთ ერთი მთავარი დაპირება სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაა. მთავრი ლოზუნგია - ”ჩვენ გავასუფთავებთ ქალაქს!!!”

უნდა გითხრათ რომ დანარჩენ სიერა ლეონეში იგივე არ ხდება. ეს ფრიტაუნის პრობლემაა, განსაკუთრებით სამოქალაქო ომის მერე. ნახევარი ქვეყანა დედაქალაქში მოგროვდა, მოსახლეობა ერთბაშად ხუთჯერ გაიზარდა და პატარა, ინგლისელების აშენებულმა კოხტა  კოლონიურმა ქალაქმაც ვეღარ გაუძლო. თანაც თუკი სადმე მსოფლიოში უვარგისი და გადასგდები მანქანაა, ყველა აქ მოაქვთ.

თითონ აქაურები ძალიან სუფთა ხალხია. გასაკვირი და თვალშისაცემი სწორედ ის არის ასეთ გარემოში როგორ გაკრიალებულ, გაპიწკინებულები დადიან.

ერთი უცნაური მეთოდი აქვთ მოფიქრებული, რომელიც უკვე ტრადიცია იქცა. პერიოდულად, დაახლოებით თვეში ერთხელ მთავრობა ამოირჩევს ხოლმე რომელიმე შაბათს და გამოაცხადებს - Cleaning Day - ს (დასუფთავების დღეს).

ამ დღეს, ადრეულ დილიდან არავის არა აქვს არანაირი გადაადგილების უფლება, სადმე წასვლის, ქუჩაში გავლის. მანქანით სიარულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ყველა, დიდი, პატარა, კაცი, ქალი, ჩამოსული, ადგილობრივი უნდა დარჩეს სახლში და დაალაგოს და დაასუფთავოს თავის საცხოვრებელი და მის გარშემო მიდამო. ესე გრძელდება დღის პირველ საათამდე. ვინც ამ წესს დაარღვევს საშინელი სასჯელი ელის.

ერთხელაც გათენდა შაბათი დღე. შეთანხმებული ვიყავი რომ მეგობარს უნდა დავხვედროდი მანქანით ქალაქის შემოსასვლელში და სახლში მომეყვანა. აბა მე საიდან დამესიზმრებოდა ”კლინინგ დეი”?!

გამოვეწყე, ეზოში გავედი, მანქანა დავქოქე  და ალაყაფის კარის გაღება მოვითხოვე. უცებ მთელი ჩვენი კარ-მიდამოს ჯალაბი წინ გადამიდგა და ხელების ქნევით და ყვირილით არ მიშვებენ. ვიფიქრე ყველა ერთად როგორ გაგიჟდათქო!

-         არა სერ, არ შეიძლება, დღეს ”კლინინგ დეია”, ”კლინინგ დეია”...
-         რას ამბობთ, ხომ არ გადაირიეთ?! წასასვლელი ვარ...
-         არა სერ! არა..

ატყდა ერთი ახსნა განმარტება, ერთი ხუთი კაცი ერთდროულად მიხსნის რაღაცას. ძალიან გამიჭირდა, ვერაფერი ვერ გავიგე...

აივანზე ავედით, იქიდან ქუჩა კარგად ჩანს და ისევ ყაყანით რაღაცას მიხსნიან. ნელ-ნელა, შეკითხვებით დავიწყე გარკვევა...

... დავინახე როგორ მობლაყუნობდა ქუჩაში ორი ზურგჩანთიანი და სანდლებიანი თეთრი ყმაწვილი, აშკარად ან ტურისტები ან ”ნჯო-შნიკები”, ისე რომ დადიან უთავბოლოდ და შთაბეჭდილებებს აგროვებენ. ეტყობოდათ რომ ერთი ორი დღის ჩამოსულები არიან, ყველაფერი უკვირთ და აინტერესებთ, ისე ატრიალებდნენ აქეთ იქით თავს და თვალებს. არც ”კლინინგ დეი” იციან და არც არანაირი აქაური წესი და ადათი. გულიბყრვილოდ უხარიათ ცხოვრება.

უცბად ჯინივით გაჩნდა არსაიდან პოლიციელი და წინ გადაეღობა. დიდი ფურცელი გაუშალა და რაღაცას უხსნის. ეტყობა ეუბნება კლინინგ დეიზე გარეთ სიარული არ შეიძლებაო. ერთბაშად კიდევ რამდენიმე პოლიციელი გაჩნდა, პოლიციის მანქანაც მოვიდა. ტურისტებმა კამათი დაიწყეს, ადამიანის უფლებებიო, თავისუფლებაო...

გარშემო დალაგება-ხვეტას ყველამ თავი მიანება  და სეირის საყურებლად შეიკრიბა. განსაკუთრებით აქტიურები პოლიციელებს ეხმარებიან ახსნა განმარტებაში, ზოგი ცდილობს ცოცხი და ტაშტი შეაჩეჩოს თეთრებს. ”ნჯო-შნიკები” გაშტერდნენ, დაიბნენ, აღარ იციან რა ქნან და უცბათ სასოწარკვეთილებისაგან აყვირდნენ.....

ჰოპ! და ხელბორკილებში აღმოჩნდა ორივე... შორიდანაც ჩანდა როგორი გაოგნებულები იყვნენ, ხმაც ჩაუვარდათ. თავი უკრეს მანქანაში და სადღაც წაიყვანეს.

-         რას უზამენ?
-         დიდს არაფერს სერ! - გაიკრიჭა ჩემი ეზოს მომვლელი - მაგათ ლაპარაკი არ იციან, ან ფული მიეცათ, ან რამე... ეხლა ცოტა ხანს აყურყუტებენ, ფულსაც გამოართმევენ, ცოცხს მისცემენ ხელში და ქუჩას დააგვევინებენ... ჰოდა მერე გაუშვებენ.

ძალიანაც კარგი! მე თუ მკითხავ გაუმართლათ. სწორედ მაგ შთაბეჭდილებების საძებნად არ არიან ჩამოსულები. ესეც თავგადასავალი!

-         ხომ გეუბნებით, არ წახვიდეთ!

ეს რა დღეში ვართ! კაცი ქალაქს უახლოვდება, არც ”კლინინგ დეი” იცის. დაღლილი ელოდება რომ მე დავხვდები. ჩემს მაგივრად კი პოლიცია დახვდება, ხერბორკილებს დაადებენ და მერე ქუჩას ახვეტინებენ. სასაცილოა...

კიდევ კარგი ტელეფონი მუშაობს. დავურეკე და შევუთანხმდი...

მანქანაში ჩავჯექი, გვერდზე მექანიკი აბდულა მოვისვი და ვუთხარი ხმა არ ამოეღო, ალაყაფის გაღება მოვითხოვე და მანქანა დავქოქე... დამემორჩილნენ, მაგრამ ყველას სახეზე ეწერა გაკვირვება და სინანული - ”რა კაცი დავკარგეთო!”

საავარიო ჩავრთე და სიგნილით პირდაპირ პოლიციელს მივაყენე მანქანა. სანამ გაკვირვებისაგან აზზე მოვიდოდა მანქანასთან მოვიხმე, კარი გაუღე და მძღოლის გვერდით ჩაჯდომა ვთხოვე.

-         ოფიცერო ძალიან სერიოზული საქმე მაქვს! პრობლემაა და უთქვენოთ არაფერი გამოვა!
-         ????
-         ვიცი ”კლინინგ დეია”, მოძრაობა არ შეიძლება, მაგრამ ჩემი მეგობარი ქალაქის გასასვლელთან არის, ეხლა შემატყობინეს რომ ძალიან ცუდათაა, სასწრაოდ უნდა მოვიყვანოთ და ექიმს ვაჩვენოთ, რამე ცუდი არ მოხდეს.

თან ფული ამოვიღე და თვლა დავიწყე.

-         უნდა გამომყვე, ქალაქი გამატარო, ადამიანი გადავარჩინოთ!!! პატიცვისცემა ჩემზეა!

ფული გადათვალა, ერთი ეჭვით შემომხედა

-         წავედით, საავარიო არ გამორთო...

ქალაქის ბოლოს გავედით, ერთი ორჯერ გაგვაჩერეს, მაგრამ პოლოციელების ენა პოლიციელმა იცის. ჩავისვით მეგობარი, უკანა სკამზე მოკალათდა და როგორც გაფრთხილებული იყო მოჰყვა კუთვას და ვაი-ვუის... რომ გაჩერდებოდა სარკეში თვალებს ვუბრიალებდი და ახალი შემართებით იწყებდა ოხვრას.

ესეთი კონცერტით მოვედით სახლამდე. ეზოში შევედით, ავადმყოფი მოკაკვული გადმოვიდა მანქანიდან. პოლიციელმა გასამრჯელოს მეორე ნაწილი მიიღო, გაიკრიჭა და მომაკვდავს უთხრა

-         კაი გეყოფა, აღარ გინდა! თქვენ ჩვენზე აფერისტები ყოფილხართ! მადლობა სერ! მომავალ ”კლინინგ დეიმდე”. - და კმაყოფილი წავიდა.


* * *
საღამოს ჩვენი კარ-მიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო მეუბნება

-         სერ! პოლიციის განყოფილებაში დღეს მთელი დღე თქვენზე ლაპარაკობენ. როგორი ეშმაკი ”ბოსები” გყავსო. ერთი განსაკუთრებით კარგად ავადმყოფობსო! დაწყდა ხალხი სიცილით...

და ყველის ვაჭარივით გაიკრიჭა.


ქ. ფრიტაუნი
1 ივლისი 2010 წელი

თორნიკე ბერიშვილი



14. ბრუნო

დასავლეთ აფრიკაში ადამიანების გარდა ცხოვრობენ მაიმუნები. სიერა ლეონე კი განსაკუთრებით ცნობილია შიმპანზეებით. ბევრნი აღარ დარჩნენ, იმიტომ რომ წლების მანძილზე საძაგლად ექცეოდნენ ადამიანები, კლავდნენ, ჭამდნენ, ყიდიდნენ... მაგრამ ეხლა შიმპები, როგორც აქ ამბობენ, დაცულები არიან კანონით, საერთაშორისო კონვენციებით და დასავლეთის სამყაროს ფულით.

ყველგან გაკრულია შიმპაზეებთან მოქცევის წესები. აკრძალულია შიმპანზეზე ნადირობა, დაჭერა, დატყვევება, გაყიდვა, სახლში ყოლა, მოფერება, დამეგობრება... ძალადობას ვინ ჩივის, რამე არასწორად რომ უპასუხო ან ალმაცერად შეხედო და ადგილობრივმა აქტივისტებმა ან მომრავლებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა წაგასწრო, ვაი შენი ბრალი, ახსნა განმარტებას, ჯარიმას და დავიდარებას ვერ აცდები. ასე რომ ქალაქში ყველაფერი წესრიგშია შიმპებთან დაკავშირებით. აი სოფელში კი, ჯუნგლებში, სადაც აქტივისტები და დამკვირვებლები იშვიათად არიან, სხვა საქმეა. თუ რომელიმე შიმპანზეს შეეშალა და ადამიანს გადაეყარა, გატყავებას და მწვადებად დაჭრას იშვიათად გადაუერჩება. მაშინვე შეახრამუნებენ და თითებსაც გაილოკავენ. 

ადრე, ოთხმოციან წლებში, საოქალაქო ომამდე, ერთმა მარიფათიანმა გერმანელმა მიიხედ-მოიხედა და სარფიანი ბიზნესი ააწყო. შიმპანზეების გადარჩენის გეგმა შეიმუშავა. ფრიტაუნში მოაწყო ჩამბარებელი პუნქტი. იბარებდა ცოცხალ შიმპანზეებს, იაფად. დაუკავშირდა დასავლეთის სამყაროს ზოოპარკებს, კვლევით ცენტრებს და ყველას ვისაც შიმპანზე უნდოდა. დაიწყო შიმპების ექსპორტი, ყიდდა ძვირად, ძალიან ძვირად. მთავრობისთვის შეადგინა ლამაზად დაწერილი დოკუმენტები. ცოტა ფული გადაიხადა, შეუცურეს პრეზიდენტს და ხელი მოაწერინეს. შიმპებთან ურთიერთობის ექსკლუზიური უფლება მიიღო, თანაც ტრაბახობდა ნახეთ რამდენი შიმპი გადავარჩინე სიკვდილს, ქვეყანა კი დასავლურ სტანდარტებს ვაზიარეო. გერმანელი მილიონერი გახდა.

აქაურები ხუმრობენ, ევროპაში და ამერიკაში ყველა ზოოპარგში სიერა ლეონელი შიმპები ან მათი შთამომავლები ცხოვრობენ, ყველას ვიცნობთო.

ყველაფერი მიდიოდა გადასარევად. მაგრამ ერთხელ პრეზიდენტი ვიზიტით წავიდა ევროპაში დემოკრატიის განვითარებაში მიღწევებით სატრაბახოდ. აეროპორტიდან არ იყო გამოსული რომ სხვადასხვა მწვანე ფერის აქტივისტებმა ლაყე კვერცხები და პომიდორები დაუშინეს, თან უყვიროდნენ ”კაციჭამია - შიმპების ჯალათოო!!!”. გადაირია კაცი! რომ დაბრუნდა, აკრძალა ყველაფერი რაც შიმპეპთან იყო დაკავშირებული, გერმანელმა ძლივს გაასწრო. ჩამბარებელი პუნქტი მიუსაფარი შიმპანზეების თავშესაფრად გადაიქცა.

მას მერე ბევრი წელი გავიდა. ჩაიარა ათწლიანმა სამოქალაქო ომმა. შიმპანზის მწვადი ყველანაირი გასამხედროებული ავაზაკის დელიკატესი იყო. ეხლა შიმპები დაცულები არიან  - პროექტებით, გრანტებით და ბუკლეტებით.

ფრიტაუნის შემოგარენში შიმპების თავშესაფარია, დასავლეთი ექსპერტების საყვარელი ადგილი. გერმანელის გაშენებულ თავშესაფარში წლების განმავლობაში ბევრი შიმპი დაგროვდა. აქ ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან მაიმუნებთან საურთიერთობოდ, ყოველდღეა სტუმრიანობა. შესვლაც ფული ღირს. მოკლედ სიცოცხლე დუღს.

თავშესაფარის შიმპანზეებში, როგორც ყველა საზოგადოებაში, თავის წესი, კანონი და ტრადიცია დამყარდა. პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპი გაიარეს, ძალაუფლებისათვის ბრძოლა, წესების და კანონების დადგენა, ტრადიციის დამკვიდრება. იერარქიაც ჩამოყალიბდა და ამ ბოლო დრომდე სტაბილურობაც დამყარებული იყო. სტაბილურობა და ”ზასტოი” როგორც ყველა ტოტალიტარულ ქვეყანაშია. რადგან იყო ერთპიროვნული მმართველი, ბელადი, მამა და მარჩენალი - შიმპანზე ბრუნო.

ბრუნოს სახელი მსოფლიოშია ცნობილი. ვინც კი შიმპანზეებით არის დაინტერესებული და სიერა ლეონესკენ გამოუხედია, ყველამ იცის ბრუნო. მასთან მოდიან სტუმრები, იწერება სტატიები, ბიოგრაფიები...

ამდენ ხანს ფრიტაუნში იყო და ბრუნო არ გაიცნო, უბრალოდ უზრდელობაა! ერთხელაც გადავწყვიტე და წავედი შიმპების თავშესაფარში. როგორც წესი და რიგია ფული გადავიხადე და შემიშვეს იქ სადაც ხალხს უშვებენ. მივედი ვოლიერთან, ბადის იქით დიდი ტერიტორიაა, ბუჩქები, ხეები, პალმები. არავინ და არაფერი ჩანს. კარგა ხანს ვიდექი, ბოლოს შევამჩნიე. ერთ-ერთი პალმის ჩრდილში ზურგით ზის შიმპი. ზის გაუნძრევლად, ქანდაკებასავით. უშველებელი ბეჭები ისეა შერწყმული ბუნებრივ ფონს,რომ თუ არ გაინძრა შეიძლება ვერც დაინახო.

-         სერ! - მომიახლოვდა მომვლელი - თუ რამე გაინტერესებთ ბრუნოს უნდა მოელაპარალოთ...

წვრილად ამიხსნა რა უნდა გამეკეთებინა.

დავიწყე მზადება. მომვლელმა მომყიდა (ორმაგ ფასად) ბანანები და ფორთოხლები, მათხოვა დაწნული კალათა და ასე შეიარაღებული მივედი ვოლიერთან!

-         მისტერ ბრუნო!

ქანდაკება ოდნავ შეინძრა, თავი ოდნავ მოაბრუნა და ცალი თვალით გამომხედა.

-         მისტერ ბრუნო! საქმე მაქვს! - და ბანანების ერთი აცმა დავანახე.

ზანტად შემობრუნდა, ორი ნაბიჯი გადმოდგა, გაჩერდა და გამომცდელად ამათვალიერ ჩამათვალიერა. როგორც დამარიგეს ბანანების ერთი აცმა შევაცურე ვოლიერში. ბრუნომ დახედა, აშკარად დაითვალა, ფეხით გვერდზე გასწია და ისევ მე შემომაჩერდა. ერთი იმდენი კიდევ შევაცურე. ეხლა კი იკადრა ბრუნომ, ხელში აიღო ბანანები, ორივე აცმა აწონ დაწონა, ერთმანეთს შეადარა. სადღაც გვერდით წავიდა და პატარა მაგიდასავით ქვაზე დადო. თითონ გვერდზე ჩამოჯდა, ერთი ამოიხვნეშა, ტაში შემოკრა და რაღაც დაიძახა - უუუ!!!

უცბად, ყველა მხრიდან გამოცვივდნენ მაიმუნები. სხვადასხვა ასაკის, ზომის და წონის. როგორც ფილმში შეიცვალა კადრი და მკვდარი დეკორაცია ცოცხალ ქალაქად გადაიქცა. ჩემს თვალწინ გაიშალა ნამდვილი მაიმუნური ცხოვრება. ბავშვები დახტიან, ლიანებზე დარბიან, კივიან... კბილებს აკრაჭუნებენ. დედები უვლიან შვილებს, ქექავენ, ასუფთავებენ. ქალები ჭორაობენ, კამათობენ. კაცები სპორტზე ლაპარაკობენ, ზოგი ვარჯიშობს და ერთმანეთს ეჯიბრება...

ბრუნო სულ დამავიწყდა, ამ მეტამორფოზით გაოგნებული მონუსხულივით ვუყურებდი ყველაფერს და ცალ ცალკე სცენებში, ეპიზოდებში და მათ მნიშვნელობაში გარკვევა დავიწყე. არც მახსოვს რამდენი ხანი გავიდა... უცებ ბრუნომ ტაში შემოკრა და ისევ დაიძახა - უუუუ!!!! თითქოს ჯადოსნური ჯოხი აიქნია! ერთბაშად გაქრნენ ყველანი, დარჩა ისევ ცარიელი სცენა, შიშველი დეკორაცია და ბრუნო. სამარისებული სიჩუმეა.

ბრუნო ახლოს მოვიდა ვოლიერთან, დაჯდა და დიდმნიშვნელოვნად მიაშტერდა ჩემს კალათას. რასაკვირველია ყველაფერი ამოვაწყე, ბანანები, ფორთოხლები და მივართვი. კარგად გასინჯა. რამდენჯერმე ჩახედა კალათას, დარწმუნდა რომ აღარაფერი აღარ არის. ყველაფერი წაიღო, ფორთოხლები და ბანანები ცალ ცალკე გადაალაგა. ისევ თავის ადგილზე ჩამოჯდა, შემომხედა, მომეჩვენა რომ თვალი ჩამიკრა, შემოკრა ტაში და უუუუ!!!

ისევ ჯადოსნურად გაცოცხლდა სცენა! გაფაციცებით შევყურებდი უკვე ჩემთვის ნაცნობ მაიმუნებს და ვცდილობდი არაფერი არ გამომრჩენოდა... ბრუნოს გავხედე. იქ აღარავინ აღარ იყო, პატარა ქვის მაგიდაზეც აღარ ეწყო ბანანები და ფორთოხლები. ბრუნომ სცენა დატოვა და გაუჩინარდა.

ამ რამდენიმე დღის წინ ხმა გავარდა, ტრაგედია დატრიალდაო. გაზეთებიც გაივსო ამბებით.

შიმპების თავშესაფარის მომვლელი ცოლ-ქმარი, რომლებიც კვებაზე იყვნენ პასუხიმგებლები სადღაც წასულან რამდენიმე დღით. ინსტრუქციები დაუტოვებიათ სხვებისათვის რა და როგორ უნდა ექნათ. ძირითადად ერთი რამ ევალებოდათ, საჭმელი უნდა შეედგათ ვოლიერს იქით საათების მიხედვით. ამათ კი ყველაფერი აურევიათ, უგულოდ დავიწყებიათ და ერთი ორი დღე არაფერიც არ მიუტანიათ ბრუნოსა და მისი ჯამაათისათვის.

როგორც იქნა გაახსენდათ საჭმლის მიცემა. მომვლემა ვოლიერის კარი გააღო და საკვების შეტანა დაუწყია. ბრუნო იქვე ყოფილა ჩასაფრებული. დაეძგერა მომვლელს, თავი რკინის გისოსებზე მიარტყმევინა, კიდევ ერთხელ შემოკრა ტაში, ღია კარში გაიყვანა თავისი ტომი და გაიქცა.

ტრასას რომ გადადიოდნენ ერთი მანქანა შეეფეთათ, ტაქსი. სულელმა ტაქსისტმა მანქანა გააჩერა და გადმოვიდა. მაიმუნებს ეგონათ თავს გვესხმის, დაჭერას გვიპირებსო. ტაქსისტი იმსხვერპლეს და ტრასის იქით ჯუნგლებში შევარდნენ...

ატყდა ერთი ამბავი, პოლიტიკური სკანდალი, ოპოზიცია გააქტიურდა, დაინიშნა მინისტრთა კაბინეტი, არ წყდება ზარები ევროკავშირიდან, დაიგეგმა პოლიციის ფართომაშტაბიანი ოპერაცია. ინტერვიუები, პრესკონფერენციები, რეპორტაჟები...

ეძებენ ბრუნოს!

* * *
საღამოს ჩვენი კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო, ახალი გაზეთების დასტას ეცნობოდა

-         მომო, გაიგე ბრუნო გაქცეულა თავის ჯალაბთან ერთად, თურმე საჭმელს უგვიანებდნენ...
-         სერ! კიდევ კარგი თქვენთან მაქვს სამსახური, თორემ პოლიციის დეპარტამენტში უკვე სამი თვეა ხელფასი არ მოუციათ...

მომომ გაზეთს დახედა და სევდიანად ამოიოხრა:

-         თქვენ როგორ მიგატოვოთ თორემ, ...რომ ვიცოდე ბრუნო სად იმალება მეც მაგასთან გავიქცეოდი... სერ!


თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
8 ივლისი 2010 წელი



15. სიერა ლეონეს ვარსკვლავი


1972 წლის 3 ოქტომბერს სიერა ლეონეს მაშინდელმა პრეზიდენტმა, შიაკა სტივენმსა საზეიმოდ განაცხადა რომ გაიყიდა ”სიერა ლეონეს ვასკვლავი”, 968,9 კარატიანი უნიკალური ალმასი. როგორც ამბობენ სიდიდით მესამეა მსოფლიოში, ხოლო ალუვიალურ საბადოზე ნაპოვნ ალმასებს შორის კი პირველი ანუ უდიდესი.

ეს მოვლენა იყო. ინგლისის ყოფილი კოლონია და პატარა ქვეყანა გაახარა ამ ფაქტმა. სახელმწიფოსაც გვარიანი თანხა ერგო. მითუმეტეს ეს ფული სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯებაო - ასე თქვა პრეზიდენტმა.

მყიდველიც საინტერესო გახლდათ. ალმასი იყიდა უინსტონის საიუველირო იმპერიის შემქმნელმა, 80 წელს მიტანებულმა ჰარი უინსტონმა.  მეოცე საუკუნის დასაწყისში სულ პატარა უინსტონი მამასთან და დედასთან ერთად უკრაინიდან გადასახლდა ნიუ იორკში. მამამისი იუველირი იყო და მცირე ბიზნესი წამოიწყო ამერიკის მიწაზე.

ლეგენდად დადის ამბავი რომ 12 წლის ჰარიმ ლომბარდში გასაყიდად გამოდებულ წვრილმანებში ჩაკარგული ორკარატიანი ბერილი (ზურმუხტი) იპოვა, 25 ცენტად იყიდა, გაასაუფთავა და ორ დღეში 800 დოლარად გაყიდა... მას მერე ცდილობდა არც ერთი უნიკალური ქვა ხელიდან არ გაეშვა.

ჰარი უიტმენმა უნიკალურ სიერა ლეონეს ალმასში ბევრი მილიონი დოლარი გადაიხადა. ქვა დაამუშავა დიდოსტატმა ლაზარე კაპლანმა. ასე დაიბადა ”სიერა ლეონეს ვარსკვლავი”.

მანამდე კი 1972 წლის დასაწყისში, ნაახალწლევს ორი შვედი ახალგაზრდა სიერა ლეონეს ეწვია. ეტყობა ყმაწვილებს თავგადასავალი ენატრებოდათ, სოლომონ მეფის საგანძური არ ასვენებდათ, ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად. რაც ებადათ შეაკოწიწეს, ერთმა მამისეული სახლ-კარი გაყიდა. შეკრეს გუდა ნაბადი, კარგად დაათვალიერეს დედამიწის გლობუსი და გადაწყვიტეს სიერა ლეონედან დაეწყოთ ოცნებების დევნა.

ჯერ კიდევ ძველი დროიდან, როგორც კი გაირკვა რომ ამ ქვეყანაში ალმასია, კოლონოზატორებმა, განსაკუთრებით კი ქრისტიანმა მისიონერებმა ხმა დაყარეს რომ ეს ბრჭყვიალა ქვები ეშმაკისაა და ვინც იპოვნის ან ვის ხელშიც აღმოჩნდება მას დიდი განსაცდელი ელის. თავის გადასარჩენად და ოჯახიასთვის უბედურების ასარიდებლად მხოლოდ ერთი საშუალება იყო - ”უნდა სასწრაფოდ სადმე მიაგნო თეთრ კაცს, სასურველია მღვდელს და მას გადაულოცო ეს დაწყევლილი ქვა, ის კი შენს მაგივრად შეებრძოლება ეშმაკს!” კარგა ხანს ”მუშაობდა” ეს ლეგენდა, მოჰქონდათ თეთრებთან ბრჭყვიალა ქვები და ისინიც არ იზარებდნენ, ებრძოდნენ ეშმაკებს. ვინ მოსთვლის რამდენი მადლიერი ოჯახი გადაარჩინეს განსაცდელს!

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. სიერა ლეონე კი მართლაც ცნობილი იყო ალმასის საბადოებით. სანამ ინგლისის კოლონია იყო, მოპოვება მკაცრად რეგულირდებოდა. კომპანია ”დე ბირსს” ჰგონდა ფაქტობრივი მონოპოლია ხელში ჩაგდებული. დეკოლონიზაციის მერე მოპოვების უფლება ყველას მიეცა ვინც ლიცენზიას იყიდდა. სიერა ლეონემ მოიხადა ალმასის ციებ ცხელებაც, ნახა კომპანიების აღზევება და გაკოტრებაც. ამ ყველასათვის სასურველი და დაწყევლილი ქვების ბრალი იყო ის ათწლიანი ჯოჯოხეთი, რომელსაც სამოქალაქო ომი ერქვა და ლამის ნახევარი ქვეყანა შეეწირა. ეს ყველაფერი სულ ახლახანს, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში დამთავრდა, გაეროს, ეკოვასის და სხვა საერთაშორისო სამშვიდობო სამხედრო ძალების ჩარევით.

ეხლაც  ინერციით მოდიან ბედის მაძიებლები. მიუხედავდ იმისა რომ ლამის ყველა კუთხე კუნჭული გადათხრილია, საპოვნი - ნაპოვნია, გასაყიდი - გაყიდული და გადაყიდულია, ვერაფერი აჩერებთ ალმასის მაძიებლებს თუ მადევრებს. ჩამოდიან, ეძებენ, როგორც წესი რაც აბადიათ იმასაც ტოვებენ და უკან დასაბრუნებელი ბილეთი თუ აქვთ, ხომ კარგი, თუ არა და შეხვდები ფრიტაუნის ქუჩებში უცნაურ ხალხს, ოდესღაც თეთრკანიანებად რომ ითვლებოდნენ.

ნელ-ნელა სიერა ლეონეში ჩამოყალიბდა ადამიანების სპეც ჯგუფი - ალმასის თეთრ მაძიებლებძე მონადირეები. საერთოდ აქ ეს სპეციალური სპორტია, თეთრის მოტყუება არ ითვლება ცოდვად, პირიქით დამსახურებაა და სატრაბახოა. არიან ოსტატები, დიდოსტატები, ”გროსმაისტერები”! არაჩვეულებრი ინტუიცია აქვთ, არაჩვეულებრივი მსახიობები არიან. იცდიან აეროპორტთან, სასტუმროებთან, რესტორნებთან, ყველგან სადაც ჩამოსული თეთრი შეიძლება გამოჩნდეს. უცებ გიმეგობრდებიან, გემსახურებიან. საოცრად ალალები და გულუბრყვილოები ჩანან.

როგორც გითხარით, 1972 წლის იანვარში ორმა შვედმა თავგადასავლის მაძიებელმა დადგა ფეხი სიერა ლეონეს მიწაზე, ლუნგის საერთაშორისო აეროპორტში. ეს აეროპორტი ცალკე მოსაყოლი ამბავია, აეროპორტის უნახავს გაგხდის, და როდისმე აუცილებლად მოგითხრობთ მის შესახებ. გადმოლახეს თუ არა საზღვარი, უმალ მოექცნენ თეთრებზე მონადირეების ქსელის ყურადღების ცენტრში. ორი ახმახი ფითქინა თეთრი, ყვითელთავიანები, ზურგჩანთებით.... ამუშავდა აფრიკული ტელეგრაფი. სწრაფად, ხალისიანად და ბუნებრივად იწერებოდა სცენარი -  სპეციალურად შვედებისათვის

დაქიჩმაჩდნენ ყოჩაღი ბიჭები. სადაც არ მივიდნენ შვედები ყველგან დახვდათ ვითომ შემთხვევით ყურმოკრული ამბავი. გამოუჩნდნენ მოხალისე მეგზურები, ახალი მზრუნველი მეგობრები. ყველაფერი ერთი მიმართულებით უბიძგებდათ, კონოს რაიონისკენ. იქ არის პატარა სოფელი მარაუ, უმდიდრესი ადგილია, ხელუხლებელი, არავინ არ იცის. ”ვირჯინ არის, ვირჯინ!”, იქაური ბელადები ყველაფერს მალავენ, არავის აკარებენ.....

ყველა ფსიქოლოგს, ნლპ-ს სპეციალისტებს, გიპნოზის მამებს, ზომბირების ოსტატებს შეშურდებოდათ ისე დაამუშავეს შვედები. აბსოლუტურად დარწმუნებულებმა, რომ თავისი მარიფათით და ეშმაკობით მოიპოვეს ექსკლუზიური ინფორმაცია, დაიწყეს პატარა სოფელ მარაუს ძებნა. ეშმაკობა იხმარეს, ყველა აქამდე დამეგობრებული ჩამოიშორეს და თავის ჭკუით თავად შეარჩიეს ახალი მეგზურები.

ამასობაში ფრიტაუნის ცნობილი ბიჩ-ბოი მარაუს ბელადთან იჯდა. ბელადი ხმის ამოუღებლად უსმენდა. ბიჩ-ბოი ქადაგად დავარდა და სხაპასხუპით უხსნიდა კომბინაციას.

-         ჩიფ, სოფლის უკან რომ ღელე ჩამოდის, ის ადგილი მოგვიზომე.... ცოტას მოვთხრით, მაინინგს დავამსგავსებთ. ორი თეთრი მოდის აქეთ, ჩვენებს მოჰყავთ. შენთან მოვლენ. ყველაფერზე უარი უთხარი, არაფერი არ ვიცითქო... მერე ჩვენგან გაქცეულ მუშას გადაეყრებიან, ის გაგვყიდის, ეტყვის რომ ძალიან მდიდარი ადგილია, ახალი დაწყებული, ”ვირჯინ”. ერთ კვირაში ამოვიღეთ 70 ათასის ქვები, ”სპოტი” დავიჭირეთ. კიდევ ეტყვის რომ ორი პარტნიორი ვართ, ერთმანეთს გადავემტერეთ, ფულს ვერ ვიყობთ, ცალ-ცალკე უნდა გველაპარაკოს, თან ერთ-ერთს ბავშვი ყავს ცუდად და ფული სჭირდება სასწრაფოდ... ხომ იცი ჩიფ, პატივისცემა ჩვენზეა...
-         რამდენის ქვები იპოვეთ ერთ კვირაში?
-         70 ათასის ჩიფ, მაგის ქაღალდი დავწეროთ, რომ მიწის პატრონი გავისტუმრეთ, შემთხვევით ჩაუვარდებათ ხელში, დაიჯერებენ...
-         ხომ იცი, მიწის პატრონს მეათედი ეკუთვნის...
-         ხო ჩიფ, ეგრე დავწეროთ, ხვალ უკვე აქ იქნებიან, დრო ძალიან ცოტა გვაქვს
-         კარგი. შვიდი ათასი მოიტანე და შეგიძლია დაიწყო
-         კი მაგრამ, მართლა ხომ არ გვიპოვნია ჩიფ!!! - გადმოკარკლა თვალები ბიჩ-ბოიმ

ბელადი ერთ ხანს გაუნძრევლად იჯდა

-         მე ტყუილ ქაღალდს არ მოვაწერ ხელს, შენ 70 ათასის ქვები გიპოვნია ჩემს მიწაზე. როგორც წესია მეათედი გადაიხადე, დავწეროთ ქაღალდი და მიიღე ჩემი დასტური.
-         კარგი ჩიფ! - აღმოხდა ბიჩ-ბოის, თვალებში კი უკვე უდიდესი პატივისცემა ეტყობოდა.

ყველაფერი ისე აგიხდეთ. შვედებმა დაქირავებული მანქანა სოფლიდან ორ კილომეტრში დატოვეს. მეგზურმა საცალფეხო ბილიკით მარაუმდე მიიყვანა. იქ ცივად დახვდნენ, აგრძნობინეს რომ არავის არ უხარია მათი გამოჩენა და რაც მალე წავლენ ის აჯობებს. ჩვენი ჯიუტი შვედები ამან კიდევ უფრო გაახალისა. ახალი შთაბეჭდილებები, საოცარი ბუნება, პირველყოფილი სოფელი. ალმასის სუნი ეცათ, თავი ბუსენარის წიგნის გმირებად წარმოიდგინეს. ძარღვებში ადრენალინი ჩუხჩუხებს.

გადაეყარათ გაქცეული მუშა;
ჩუმად ნახეს მაინინგი;
ოსტატურად დაცინცლეს ინფორმაცია;
ხელში ჩაიგდეს ქაღალდი სადაც ეწერა რამდენი გადაუხადეს მიწის პატრონს;
გაარკვიეს მოწილეების ინსაიდერული პრობლემები.

მოკლედ მეცნიერულად მიუდგნენ საქმეს და დაიწყეს მოქმედება.

იპოვნეს ყველა, მოძებნეს შუამავლები, ივაჭრეს, იკამათეს, წავიდნენ, მობრუნდნენ, ნათესავები მიუგზავნეს... ბელადი და სოფელი საჩუქრებით აავსეს და გადმოიბირეს, ბოლოს მაინც თავისი გაიტანეს. გადაიხადეს 142 500 დოლარი და მიიღეს ბელადისგან დამოწმებული ”მაინინგის” მათ სასარგებლოდ დათმობის ქაღალდი.

ბიჩ-ბოიმ და მისმა კომპანიონმა ფული მიიღეს და მაინც უკმაყოფილებმა, ლამის ცრემლიანებმა დატოვეს სცენა.

-         არ იდარდოთ, ეს მხოლოდ ბიზნესია, არაფერი პირადული - დაამშვიდა შვედმა და მეორეს გადახედა თავმომწონედ.

სოფელში ჩოჩქოლია. ბავშვისათვის გველს უკბენია. უკვე იციან რომ ვერაფერს უშველიან, მაგრამ ეს არც თუ იშვითი ამბავია, ორ თვეში ერთხელ მაინც ხდება. ბავშვი მიწაზე დააწვინეს, უგონოდ არის პატარა. იქვე გამწარებული დედა ჩაცუცქულა, ხმას არ იღებს, კრიჭა აქვს შეკრული. რაღაც რიტუალისთვის ემზადებიან.

შვედმა ხალხი მისწი-მოსწია, ერთი შეუკურთხა ყველას და ბავშთან ჩაიჩოქა, უკმაყოფილო სოფლელებმა გაიწიეს.

-         აცალეთ!!! - ერთი სიტყვით გააშეშა ყველა ბელადმა.

შვედმა ჯაყვა სპირტით გაწმინდა, ნაკბენი ჩაჭრა და სისხლი გამოადინა, სახელდახელოდ გადაუხვია. ზურგჩანთა ამოატრიალა, ყველაფერი მიწაზე გადმოყარა. უგონო ბავშვი ზურგცანთაში ჩასვა, ზურგზე მოიგდო და გაიქცა. რამოდენიმე სოფლელი უკან დაედევნა. ორი კილომეტრი მანქანისკენ და მერე 38 კილომეტრი საავადმყოფოსკენ, იქ ნაცნობი თეთრი ექიმებია...

როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე. დილაა. ბოლო ფული დახარჯეს და ყველაფერი მოამზადეს ”მაინინგი” უნდა დაიწყონ. მოვიდა ბელადი.

-         ჩემო მეგობრებო, ერთი სათხოვარი მაქვს. აქ არ დაიწყოთ თხრა. სოფელს მომავალი ფერმისათვის ტერიტორიის გასუფთავება სჭირდება. თქვენთვის სულერთი არ არის. აგერ იქით, ღელეს მეორე მხარეს სამი დიდი ხე რომ დგას, ისინი მოჭერით, ტერიტორია მოასუფთავეთ და იქიდან დაიწყეთ.
-         რას ამბობ ჩიფ, აქ ყველაფერი მზადა გვაქვს, ის ჩვენი ადგილი არც არის, კიდევ დამატებითი ხარჯები!!!
-         სოფელმაც ხომ უნდა იხეიროს? ბრინჯის დასათესად ახალი ადგილი გვჭირდება! - ჩიფს ხმა გაუმკაცრდა - ესე აჯობებს, მუშა ხელი ხომ გჭირდებათ, ხომ გინდათ რომ გამოვიდნენ სამუშაოდ?
-         გვაშანტაჟებს! - შვედებმა ერთმანეთს გადახედეს და გამწარებულებმა დათმეს
-         ხომ იცით თუ რამეს იპოვით, მეათედი ჩემია - დაუყვავა ბელადმა და უცნაურად გაიღიმა.

ხეები წააქციეს, კუნძები ამოძირკვეს, ხელები დაიტყავეს, უშვერი სიტყვებით იგინეს და როგორც იქნა მიადგნენ ”გრაველს”!

მეოთხე დღეს, დილას ყიჟინამ შეძრა იქაურობა, მთელი სოფელი მოგროვდა...

-         დარწმუნებული ხარ რომ ალმასია? ამხელა როგორ შეიძლება იყოს?!!!

”სიერა ლეონეს ვარსკვლავი” ლეგენდარული იუველირის, 80 წელს მიტანებული ჰარი უინსტონის  უნიკალური კოლექციის ბოლო შენაძენი იყო.


* * *
საღამოს სახლში დავბრუნდი. ჩვენი კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ხის სკამზე იჯდა და ოკეანეში ზღვის ჩასვლას მონუსხულივით შესცქეროდა. მეც გვერდზე ჩამოვუჯექი. საოცარი პალიტრა იყო ჰორიზონტზე.

-         ეგ ამბავი საიდან გაიგეთ, სერ!
-         სანაპიროზე, ბიჩ-ბოები მოყვნენ.
-         მართალია, სამოქალაქო  ომის დროს ეგ სოფელი მთლიანად ამოწყვიტა ”რებელების” გენერალმა მასკიტამ. ამბობენ იმ ადგილის ნახვა უნდოდა სადაც ეგ ალმასი იპოვნესო...


თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი, 2010 წლის 15 სექტემბერი

No comments:

Post a Comment