Friday, October 8, 2010

არააფრიკული ამბავი (აფროქართველის ჩანაწერები 17)

არააფრიკული ამბავი
(...ისევ ჩაიარა 27-მა სექტემბერმა..)

ვიცი ახალ აფრიკულ ამბებს ელით. კი ვარ ”აფროქართველი”, მაგრამ ამ სიტყვის მეორე ნახევარი ხომ ”...ქართველი”-ა, და ეტყობა ფანტომური ტკივილები მომივლის ხოლმე ხანდახან. წლევანდელმა სექტემბრის თვემ კი იმდენი მოახერხა რომ მაინც დამაკვნესა, ვეღარ მოვითმინე...

ჯერ იყო და თვის დასაწყისში...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 6 სექტემბრის ინფორმაცია - ავღანეთში დაიღუპა უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი...

მერე მაინც მოვიდა 27 სექტემბერი...

1 ოქტომბერს კი კვლავ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გვამცნო - ავღანეთში დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი, კაპრალი ნუგზარ კალანდაძე...

სამარადისო დიდება მათ!

ამას მოყვა ქართული საზოგადოების რეაქცია: ”...რატომ უნდა იღუპებოდნენ ქართველები სხვის მიწაძე?”; ”...რა უნდათ ჩვენებს ავღანეთში?”; ”... მოვითხოვთ ჯარისკაცების დაბრუნებას?”; ”....სხვისი ომი...”; ”...უაზრო ომი...”!!!!

და წამოვიდა, გამახსენდა როგორ ეუბნებოდნენ ნაბრძოლ ბიჭებს კერძო საუბრებში. გაზეთის ფურცლებიდან თუ ტელევიზია-რადიოს ეთერიდან: ”...რა გინდოდა ბიჭო აფხაზეთში?”; ”... მანდ ვინც იყო ყველა ყაჩაღი და ნაძირალაა..”; ”...უაზროდ შეწირეს ბიჭები”; ”...უაზრო ომი..”; ”... მერე ვინ გთხოვა რომ მიდიოდი...”

კადრები წარსულიდან
...ყველაფერი დამთავრდა, სოხუმი ჩაბარდა. შევარდნაძემ ძლივს გაასწრო თვითფრინავით. მაჭარკასთან გროვდება იარაღიანი ხალხის ნარჩენები. ჯაბა იოსელიანმა მეთაურები შეკრიბა. ”...ჩვენი ფუნქციაა დაქსაქსული და გაქცეულები შევკრიბოთ, ვიცი რომ ტექნიკაც გარბის, ყველა შესაძლებელი მიმართულებით გავარდით და ვისაც დაეწევით მოაბრუნეთ, აქ უნდა მოვგროვდეთ და როგორმე გავმაგრდეთ... რამდენსაც გაუძლებთ... მოსახლეობამ მაინც მოასწროს გასვლა... მერე ვნახოთ...”...

...ცხონებულმა დათო აბაშიძემ მოსახვევში იმარჯვა, 06-ით ტანკს გადაასწრო და შიგ მუხლუხოების ქვეშ შეუგდო მანქანა. ტანკმა დაამუხრუჭა, ოთხი ბიჭი მანქნიდან გადმოხტა და ავტომატმომარჯვებულები ტანკს წინ დაუდგნენ. დათომ ცოტა უკან დაიწია და ჰაერში გაუშვა ჯერი. ტანკისტს შეეშალა, ლუკი გააღო და გინებ-გინებით თავი ამოყო... ეგრევე ოთხი ავტომატის სამიზნედ იქცა.

-         ბიჭო, მოატრიალე ეს ოხერი ტანკი და მაჭარკის ტექთან დაბრუნდი, იქ უნდა გავმაგრდეთ, ბრძანებაა...
-         მე თქვენ არ გემორჩილებით... რა აზრი აქვს, ყველა გარბის...
-         მოატრიალე...

ტანკისტი ბუზღუნით და გინებით ჩაძვრა უკან და მოატრიალა.

...მაჭარკის გადასახვევთან უჩვეულო სიჩუმე და სიწყნარეა. ჩაიარა ყველამ ვისაც კი უნდა ჩაევლო. კაცმა, ქალმა, ბავშვმა... უცბად დაიწყო დაბომბვა... ტეკთან რამდენიმე კაცია დარჩენილი, აშკარად არ იძვრიან ადგილიდან.

-         ვინ არიან? - კითხულობს ჯაბა
-         მგონი დათოა ჭავჭავაძე...

ჯაბა ტეკისკენ წავიდა, სხვებიც აედევნენ...

-         ჭავჭავაძე! დამთავრდა შენი ომი! წავედით! - ბიჭებო რამდენიმე კილომეტრი დისტანცია დავიჭიროთ, ალბათ არ დაგვედევნებიან, მაგრამ რამე რომ იყოს ხალხამდე მაინც არ მივუშვათ...

ვიცი ზოგიერთის არანორმალური რეაქცია ამ პასაჟზე, მაგრამ ამ კადრებს კინოსავით ვუყურებ ყოველ წელს სანამ ისევ არ ჩაივლის 27 სექტემბერი...

პატივი ეცით ჯარისკაცებს და მათ ჭირისუფალს! მეტსაც გეტყვით ცოტა გაიჭირვეთ და მიხვდებით რომ თუ ქართველი ხართ თქვენა ხართ ქართველი ჯარისკაცის ჭირისუფალი, არა აქვს მნიშვნელობა თქვენი ნათესავია თუ არა! ნურასოდეს ნუ იტყვით რომ ჯარისკაცი უაზროდ დაიღუპა! ჯარისკაცი შეუგნებლად არ იღუპება.

პირველ რიგში მთავრობისა და ხელისუფალთა მოვალეობაა მარტივად, გასაგებად ახსნას, რატომ არის ქართული კონტინგენტი ავღანეთში, რითია ეს გამოწვეული, რას მივაღწევთ ამით და რა მოგველის თუ იქ არ იქნებიან. ეს უნდა ახსნას ბევრჯერ, დაუღალავად უნდა გაუმეოროს ყველას, ვინც კი პასუხს მოითხოვს. ეს სხვა საუბარია. ხოლო იმის ძახილი რომ ბიჭები ავღანეთში გაუგებრობას შეეწირენ, შეურაცყოფაა.

მე ჩემს განცდას გეტყვით რას აკეთებენ ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში. რას აკეთებენ და თავის ოჯახებს, თქვენ და თქვენს ოჯახებს, თავის სამშობლოს იცავენ! საცოდავი ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის გამო, როცა იმის თავი არა გვაქვს რომ მომხვდურს ჩვენი ძალით გაუმკლავდეთ, როცა სულ მეგობრის, მხარდამჭერის, ქომაგის და დამცველის ძებნაში ვართ. როცა ასეთ პოტენციურ ქომაგს ძალიან ეძნელება, რომ გაჭირვების დროს არათუ შენთან ერთად იბრძოლოს, არამედ შენს სასარგებლოდ მორიდებით დაიწრიპინოს. როცა არგუმენტს ეძებს რატომ არ მოგეხმაროს. როცა პოლონელის და ლიტველის იმედად რჩრები რუსის პირისპირ. შენს ქვეყანას სჭირდება არგუმენტი, ხავსი რომელსაც მოვეჭიდებით, რომ შევძახოთ - ხმა ამოიღეთ, თქვენიანები ვართ! აი ამ დაყვედრების უფლებას ყიდულობენ თავისი სისხლის ფასად ჩვენი ბიჭები ავღანეთში! და უნდა გითხრათ რომ პირველ რიგში ამ შეწირული ზვარაკების დამსახურებაა რომ რუსის ტანკი დღეს თბილისში არა დგას და არა ცოცხალი ჯაჭვის ან ბაქოში გაქცეული პოლიტიკოსების. არც ის დაგავიწყდეთ რომ ზარბაზანი შორს არ წაუღიათ და აგერ თბილისიდან ორმოც კილომეტრში დგას და ლულა პირდაპირ თქვენს აივნებს უყურებს. ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში საქართველოს იცავენ!!!


კადრები წარსულიდან
... ქალი, კაცი, ბავშვი და (ვაი სირცხვილო!) ჯარი, სვანეთისკენ, კოდორის ხეობისკენ გარბის... ყველამ უკვე ჩაიარა... მცირერიცხოვანი არიერგარდი სამ-ოთხკილომეტრიანი დისტანციით მიყვება ლტოლვილებს, ჩერდება, ზვერავს მტერი ხომ არ ახლოვდება და ისევ გარბის. ეს არის, რისი გაკეთების თავიღა აქვთ. რამე რომ იყოს მომხვდური შეაჩერონ და გაქცეულებს წასვლის დრო მისცენ...

გზის პირას ხნიერი კაცი დგას, სამხედრო ფორმაში, კალაშნიკოვი ჩაუბღუჯავს. გვერდით ახალგაზრდა თანამებრძოლია. მოხუცი ჯიუტად დგას და რაღაცნაირად გაშტერებული იყურება სოხუმისკენ. რომ არა უმძიმესი სიტუაცია, კომიკური სანახავია...

მეომრებით გაჭედილმა ბორტებიანმა საბარგომ გვერდით ჩაუარა.

-         ბიჭებო ნათაძეა!

საბარგო გაჩერდა, სამი ბიჭი ჩამოხტა და მოხუცისკენ გაიქცა.

-         ბატონო ნოდარ, წავედით, ვეღარ გავჩერდებით, ხომ ხედავთ დაბომბვა დაიწყო, ვეღარ გავასწრებთ!
-         არა, არა ბიჭებო! ამ მიწის დატოვება არ შეიძლება! არა!

აქეთ იქიდან ამოუდგნენ და ლამის ძალით აიყვანეს საბარგოს ძარაზე...

ეხლა იმას მოგახსენებთ, რით დავიმსახურეთ რომ ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში კვდებიან. საუკუნეებში არ ჩავღრმავდები, აქვე ვნახოთ, ახლოს... შეცდომები, შეცდომები, უპასუხისმგებლობა, ეგოიზმი!

ჯერ, გამსახურდია. აფხაზეთის კონფლიქტი ხომ ფაქტიურად მისი დაწყებულია. გახსოვთ ყბადარებული საარჩევნო კანონი, აფხაზებს რომ გარანტირებული უმრავლესობა შეუქმნა ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში?! თუ არ გახსოვთ, გაიხსენეთ. საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა მოახერხა ის, რომ ღვთისგან ნაბოძები უნიკალური შანსი შეექმნა ისეთი ურყევი საძირკველი, რომ ეხლა ალბათ ბალტიისპირეთი შურით გასკდებოდა, ქარს გაატანა.

მერე საშინელი ტრაგედია დავატრიალეთ და სამოქალაქო ომი ავტეხეთ. არც ერთ  მხარეს არ ეყო არც ჭკუა, არც მორალი, არც თავდადება რომ სამშობლოს ინტერესი პოლიტიკურ ამბიციაზე მაღლა დაეყენებინა და სისხლი არ დაეღვარა.

მერე, აფხაზეთში იარაღით შესვლა. გამსახურდიას ყოფილმა თანამებრძოლმა, თენგიზ კიტოვანმა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის ნოუჰაუ შემოიტანა. ეტყობა პირველი ცდა (თბილისის ომი) წარმატებულად ეჩვენა და ეხლა აფხაზეთში გადაწყვიტა ძლევამოსილი ჯარით წესრიგის დამყარება.

შევარდნაძემ ისე გამოიყვანა, თითქოს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ და მის უკითხავად მოხდა ეს ყველაფერი! თქვენ განსაჯეთ! ომი გენიალურად წარმართა როგორც ბრძოლის ველზე ისე ზურგში!

ჯაბამ - მე ამ ომის ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავიო. მართლაც ესე იყო, მაგრამ მაშინ ალბათ ცოტა აქტიურად იყო საჭირო ამ პოზიციის დაცვა და თუნადაც ძალით ომის გაჩერება. თუ არა და თანამონაწილე ხდები.

გეთანხმებით, ეხლა ადვილია ამდენი წლის მერე ლაპარაკი და ჭკვიანად თავის მოჩვენება. მაგრამ თუკი როდესმე გვინდა რამე მოგვარდეს პირველ რიგში უნდა საკუთარი შეცდომები ვაღიაროთ და ბოდიში მოვიხადოთ საკუთარი ხალხის წინაშე.

შეცდომა და დანაშაული იყო თბილისი ომი, შეცდომა და დანაშაული იყო სამოქალაქო ომი, შეცდომა და დანაშაული იყო ცხინვალში შევარდნა, შეცდომა და დანაშაული იყო აფხაზეთში ომის დაწყება... მხოლოდ ამის მერე შეიძლება გაჩნდეს რამის იმედი...

კადრები წარსულიდან
უკვე სვანეთის მხარეს, საკენისკენ მიმავალ მთის ბილიკებს მიუყვება უამრავი ხალხი... სამაშველო რაზმმა ერთ-ერთ შემაღლებაზე პატარა სადგური გამართა. გატანჯულ ხალხს რითიც შეუძლიათ ეხმარებიან, სულის მოთქმის საშუალებას აძლევენ. ცხელ წყალს ასმევენ. ზალიკო ქიქოძე დგას და შაქრის ფხვნილს უყრის გამოწვდილ პეშვებში, თან არიგებს - შეეცადეთ გადაყლაპოთ, წყალი მიაყოლეთ, ენერგია გჭირდებათ...
სახელდახელოდ გამართულ ადგილზე, მერამდენედ ჯნდება ვერტფრენი, განსაკუთრებით ძალაგამოცლილებს, ქალებს და ბავშვებს არჩევს და სამშვიდობოს გადაჰყავს...
ვერტფრენში დათო ხუციშვილია, ამ ჯერძე თავი რაზმს ვერ გაჰყვა სოხუმში, მაგრამ როცა უბედურება დატრიალდა, გულმა ვერ გაუძლო, სამაშველო ვერტფრენს გამოჰყვა, თან თავისანებს ეძებს და თან თითონაც პროფესიონალი მაშველი ყველას ეხმარება ვისაც კი მესწვდება, უკვე რამდენი ათეული ადამიანი გაიყვანა სამშვიდობოს.
აიწია ვერტფრენი, გაფრინდა, ქედს უნდა გადასცდეს, მაგრამ ეტყობა გადატვირთულია სიმაღლეს ვერ კრეფს. მეორე წრეზე წავიდა... ვერ აიწია, ქიმს წამოედო, ვარდნა დაიწყო, აფეთქდა და დიდი ცეხლის გორგალი დაგორდა მოპირდაპირე ფერდზე...
ლტოლვილების დაუსრულებელი კოლონა მდუმარედ შესცქეროდა ამ საზარელ ფეირვერკს. მათ შორის რაზმი ”დეკა”-ს წევრები, ისე რომ არც იცოდნენ რომ მათ საძებრად წამოსული დათო მათ თვალწინ იწვოდა...
დათო ხუციშვილი სიკვდილის მერე ორდენზე წარადგინეს, უცნაური პასუხი მოვიდა - არ ეკუთვნის, ბრძოლაში არ დაღუპულაო. დათო ორდენის საძიებლად არ იყო იქ, და არც ”უაზროდ” არ დაღუპულა...

ეხლა გავანებოთ თავი ღვთისგან დაწყევლილ პოლიტიკოსებს და მათ შეცდომა-დანაშაულებს და საკუთარ თავს მივხედოთ. სამწუხაროდ დგება ხოლმე მომენტები როდესაც არჩევანი ფაქტიურად აღარ გაქვს. ხარ პაციფისტი, არ გინდოდა ომი, ყველანაირად ეწინააღმდეგება შენ მსოფმხედველობას, გძულს ის პოლიტიკოსები ვინ აქამდე მიიყვანა საქმე.... მაგრამ ომი გაჩაღდა, სახლში გივარდებიან, შენიანებს ხოცავენ....

ყოველთვის მაინტერესებდა, რა გულმა გაუძლო ხალხს, არახეიბრებს, ასაკით და ჯანით გამოსადეგებს, როდესაც უსმენდნენ - ხალხო გაგრა იკარგება, მოგვეშველეთ! ხალხო ქუდზე კაცი, სოხუმს ვკარგავთ! თუ გგონიათ ვისაც გულმა ვერ გაუძლო და იქ აღმოჩნდა ნინძები და ”ბოევიკებად” დაბადებულები იყვნენ?

და კიდევ ის აზრი რომ იქ ნაძირალები და მარადიორები იბრძოდნენ და მაგათთან ერთად ხომ არ დავდგებოდითო! საცრებაა! ეგრეც რომ იყოს!  სადარბაზოში თქვენს ცოლს რომ დახვდნენ ნაძირალები და აუპატიურებდნენ. მეზობელი ხულიგანი, რომელსაც თქვენ ვერ იტანთ, რომ გამოესარჩლოს. ალბათ არ უნდა გახვიდეთ გარეთ და არ უნდა ჩაერიოთ, აბა იმ ”ახვარ” ძველ ბიჭთან მხარდამხარ ხომ არ იჩხუბებთ!

მთელი საქართველო რომ ფეხზე დამდგარიყო, ჩვენ აფხაზეთს არ დავკარგავდით და დღეს ჩვენი ბიჭები ავღანეთში არ დაიღუპებოდნენ.

განსაკუთრებით მაინტერესებს იმ ხალხის თემა, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ. სულ მაწუხებს აფხაზებისგან გაგონილი - ”ეს თუ თქვენი მიწა იყო სად გარბოდითო?” მართლები არიან!!! ამბობენ სამასი ათასი კაცი გამოიქცაო, ვთქვათ ნახევარია ქალები, დარჩა ასორმოცაათასი. ვთქვათ ნახევარი ბავშვი და მოხუცია. დარჩა სამოცდათხუთმეტიათასი. სამოცდათხუთმეტიათასი!!! ამდენი კაცი ერთად რომ დადგეს, იმ მტკიცე გადაწყვეტილებით რომ სიკვდილისთვის მზად არის, სულ ჯოხებით და ”რაგატკებით” რომ იყვნენ, სულაც არაფერიც რომ არ გააკეთონ, უბრალოდ რომ დადგნენ, ოღონდ სიკვდილისთვის მზად, ვერ დამარცხდებიან!!! ეს რომ მომხდარიყო ჩვენ აფხაზეთს არ დავკარგავდით და ჩვენი ბიჭები დღეს ავღანეთში არ დაიღუპებოდნენ!

მაგრამ ჩვენ გვინდა თან ცოცხლები ვიყოთ და თან გავიმარჯვოთ!

კადრები წარსულიდან
როცა ყველა იარაღიან-უიარაღო სვანეთისკენ გაიქცა, ერთმა კაცმა ეს ვერ გააკეთა. გენო ადამიამ ბოლომდე ვერ დაიჯერა რომ ყველაფერი დამთავრდა. თავის თანამებრძოლებთან ერთად მანქანაში ჩაჯდა, უკან, სოხუმისკენ გაქანდა და მტერს შეეგება...

არასოდეს არ თქვათ ჯარისკაცზე რომ იგი უაზროდ დაიღუპა ან სისულელეს შეეწირა. ეს შეურაწყოფაა. ყურადღებით ვაკვირდებოდი ვინ აღშფოთდა ჩვენი გმირების ავღანეთში დაღუპვის გამო. ქალები, ეს ეგრეც უნდა იყოს, ანდა, შეიძლება მომეჩვენა, ის ხალხი ვისაც გულმა გაუძლო როდესაც სოხუმი შველას ითხოვდა და სახლში დარჩა...
                       
სოფელზე განაწყენებული ჯოყოლა ალხასტაისძე  სახლში კი არ ჩაიკეტა გაბუტული, მარტო შეებრძოლა მტერს და თავი შეაკლა.

ზვიადაურმა არ იცოდა რა არის უაზრო სიკვდილი - ”ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადაო!” - გახსოვთ!

ესენი ვერასოდეს ვერ დაკარგავდნენ აფხაზეთს! ჩვენ ეტყობა ეგენი არა ვართ!

ალბათ ბევრი გამიბრაზდება, ბევრიც საკამათოა, მაგრამ მე კიდევ ბევრი სხვაც ვიცი, მეკამათეთ...

აი ასეთი აზრები მომდის ხოლმე აფრიკაშიც კი სანამ არ გადაივლის 27 სექტემბერი, აფრიკულ ამბებს კი აუცილებლად მოგიყვებით მომავალ შემოდგომამდე.


* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი მომო დღეს ვერ მოვიდა. ცოლი გამოაგზავნა - მალარიის შეტევა აქვს და ცუდად გრძნობს თავსო. ასე რომ დღეს ვერც მომო ვერ გაგვახალისებს...

პესიმისტური დღეა...

მაგრამ ხვალ დილას, ისევ აბრიალდება მზე...


თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
5 ოქტომბერი 2010 წელი

No comments:

Post a Comment