Friday, November 4, 2011

აფროქართველის 6 (53) - დიშვოშერი

დიშვოშერი
 
 
”...თეფშების რეცხვა  ქალის თანდაყოლილი ღირსებაა? ის დრო წავიდა კაცები სანადიროდ რომ დადიოდნენ... ქალებს მზითევში ”ჩუსტებს” რომ ატანდნენ... დაბადებიდან ფუნქციების განაწილებამ ჭირი მოჭამა, გვინდა თუ არ გვინდა, ეხლა ყველა მუშაობს, ცხოვრების დონე სადაც მაღალია, ფიზიკური ძალის გამოყენება ნაკლებად გჭირდება, ისე რომ თანაბრად იდება ოჯახისთვის ძალები და ენერგია... რომელიც დაღლილი არ არის და მეტი ძალა შემორჩა დღის ბოლოს, ხან ერთმა და ხან მეორემ, და არა ისე, რომ მე რახან კაცი ვარ თეფში არ უნდა გავრეცხო ან პირიქით, (”დიშვოშერი” კარგი გამოსავალია..) ...”
- ია მჭედლიშვილი

 
კაცობრიობა დიდი აღმოჩენის კარიბჭესთანაა. თუკი ყველაფერი დადასტურდა, შეიძლება სრულიად გადაიხედოს კოსმოსის მოწყობის აქამდე არსებული თეორიები, საბუნიბესმეტყველო მეცნიერებები სულ სხვაგვარად ახსნიან სამყაროს არსს და ადამიანის არსებობასა და თავად სიცოცხლეს შეიძლება სრულიად განსხვავებული გამართლება მოეძებნოს. ღმერთი?
 
ამ გლობალურ რევოლუციაში მცირეოდენი ჩვენი წვლილიც არის. პუბლიკაციებიც დაფიქსირებულია. თანაც სრულიად სანდო და ავტორიტეტულ გამოცემებში. 24 საათის - WEEKEND ის საახალწლო გამოცემაში დაიბეჭდა პირველად ეს თავბრუდამხვევი ჭეშმარიტება. (იხ.WEEKEND – 26.12.2010 ”საახალწლო ზღაპარი” და 01.01.2011 ”საახალწლო ზღაპარი, მოლესკინი).
 
სენსაციურ აღმოჩენის საფუძვლად შემთხვევითობაა, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. უცნობი მოგზაურის მოლესკინის წიგნაკის პოვნამ და ჩანაწერების გაშიფვრამ დაგვაყენა სწორ გზაზე. მერე იყო ხანგრძლივი და მომქანცველი მოლაპარაკებები, ექსპედიციის დაფინანსების ძებნა. თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ National Geographic  და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება ერთობლივად გასწვდებოდა ამ საქმეს, მაგრამ საყოველთაო ეკონომიკურმა კრიზისმა აქაც იძალა და უსახსრობის გამო საკითხი უარყოფითად გადაწყდა. სხვა რა გზა იყო, ერთადერთი და ბოლო იმედი  WEEKEND - ი იყო. ალღოიანმა გამომცემლებმა იგრძნეს რასთან ჰქონდათ საქმე, აამუშავეს თავისი მძლავრი საფინანსო მანქანა და კვლევითი ექსპედიიცია შედგა. კაცობრიობა კი მთელი ისტორიისა და ყოფიერების არსის ხელახალი გააზრებისა და თვითშემეცნების ახალი ეტაპის წინაშე აღმოჩნდა.
 
საკვლევი და საპასუხო კიდევ ბევრია, მაგრამ დადასტურდა რომ დედამიწაზე არსებობს სამი ურთიერთდაკავშირებული საკოორდინაციო წერტილი, რომ დაგროვებული ემოციური ენერგია, ემოცერგია, არსად არ იკარგება, აკუმულირდება და მისი გადანაწილება გადამწყვეტ გავლენას ახდენს მოვლენების განვითარებაზე. დრო და სივრცე სულ სხვაგვარ აზრსა და მნიშვნელობას იძენს...
ვისაც ეს ისტორიული პუბლიკაციები არ გამორჩენია იცის რომ ერთი ასეთი ადგილი სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთიანეთში, პიჩინჩას მთაა, რომელიც ეკვადორის ტერიტორიაზეა. მეორე კავკასიაში, საქართველოში, ლეჩხუმში - ხვამლის მთა. მესამე კი აფრიკაში, სიერა ლეონეში, ლომას მთიანეთში - ბინტუმანის მთა.

მეცნიერები უკვე ეკვეთენ ახალი გამოცანების ამოხსნას. მეტიც ამ სისტემის ხელოვნური ანალოგიის შექმნაც განუზრახავთ დროისა და სივრცის დასამარცხებლად. WEEKEND - ის ექსპედიციის წარმატებით შეშფოთებულმა იმპერიული ამბიციების სახელმწიფოებმა სახსრები შეკრიბეს და შვეიცარიაში კოლაიდერის აშენება მოინდომეს. იმას კი არა ფიქრობენ, რომ ბუნებას ეჯიბრებიან და შეიძლება ბალანსი დაარღვიონ. მაგრამ ეს სხვა თემაა და სამომავლოდ გადავდოთ.

საქმე იმაშია, რომ თუ ემოცერგიის შემკრები ბუნებრივი კერების მიერ სხვადასხვა ხერხით გადმოცემულ მესიჯებს გავშიფრავთ, ბევრ რამეს გავარკვევთ. ეს სამივე მთა ცოცხალია, ურთიერთობს და ჭეშმარიტებას გამოასხივებს. უსერიოზულესი თემებიდან დაწყებული, ყოფითი წესებით დამთავრებული, ყველაფერი დაშიფრულია ემოცერგიის ცენტრებში. მთავარია მოსმენა იცოდე. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.

ბინტუმანის მთის ძირში, სოფლის განაპირას ბრძენი ტომბოიაკე ცხოვრობს. არავინ იცის რამდენი წლის არის ტომბოიაკე. სოფლის უხუცეს ბებერსაც ზუსტად ასეთი დაჩამიჩებული გამხმარი მოხუცი ახსოვს, როგორიც ეხლაა. ბრძენს ფაშფაშა მეუღლე უვლის, იმასაც ქმარივით არ ეტყობა ასაკი. ორივენი ბინტუმანის მთასავით მარადიულები არიან. შვილები და შვილიშვილები დიდი ხანია დაიზარდნენ და ქვედა სოფლებში გაიფანტნენ საცხოვრებლად. ტომბოიაკე ჭარმაგად არის, მუხლიც ერჩის და თვალიც უჭრის. მოიმაჯვებს ხოლმე ჯოხს ხელში და მიდის მთის კალთებზე საბორიალოდ, დღეები იკარგება ხოლმე. მხოლოდ მისთვის ნაცნობ საიდუმლო ადგილებში ჩადის, მთას ესაუბრება და ბოლოს დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი და დამშვიდებული ბრუნდება ხოლმე ქოხში, იქ კი ფაშაშა მეუღლე ელოდება ცხელი კერძით.

ტომბოიაკე ბრძენიც არის, ჯადოქარის და მკურნალიც. მომსვლელი და მომკითხავი არ აკლია და არავის არ აყვედრის არც ჭკუის სწავლებას, არც რჩევას და არც წამლობას. სოფელში ასე ამბობენ - სანამ ბრძენი ტომბოიაკე ჩვენთან არის, მთა ჩვენი მფარველია და არაფერი გაგვიჭირდებაო. ოღონდ ბრძენის დადგენილ წესებს და რჩევებს ყველა უნდა დაემორჩილოს. ისიც შეუძლებელს და გაუკეთებელს არაფერს ითხოვს. მოკლედ, ყველაფერი წესრიგშია ბინტუმანის კალთებზე.

მე გამიმართლა. თავის დროზე ბრძენმა ტომბოიაკემ გამომარჩია და დამიმეგობრა. ჩვენი ექსპედიციის დროს სოფელში ბავშვებს უცნაური სენი შეეყარათ. მაშინ არ დავზარდი, ჩვენი მანქანა მივაშველე, ბავშვები ქალაქში საავადმყოფოში ჩავიყვანეთ, დარჩენილებს წამლები ამოვუტანეთ. ტომბოიაკემ თავის ქოხში წამიყვანა, მომიარა და გამიმასპინძლდა. მას მერე იმ ადგილებში ტომბოიაკეს მეგობარი მქვია და შესაბამისად მეგებებიან და მაცილებენ. მეც თუ იქით მოვხვდები, ბრძენთან რომ არ შევიარო არ გამოდის. ისიც ხალისით მხვდება და ბევრ საინტერესოსაც მიყვება.

ამას წინათ ქალაქ კაბალიდან წამოსულმა, გზიდან გადავუხვიე ბინტუმანისკენ და ტომბოიაკეს მივადექი. აშკარად გაუხარდა მოხუცს ჩემი მისვლა. არც მოსაკითხი დამვიწყებია, ბრინჯის ტომარა და პალმის ზეთი ფაშფაშა დიასახლისს ჩავაბარე.
 
იქვე ეზოში, პალმის ფოთლებით გადახურულ ფანჩატურში მოვკალათდით. ტომბოიაკემ ყალიონი გააბოლა, მე მანგო და ცივი წყალი მომართვეს. ჩუმად ვიჯექი. ვიცოდი, ეს სიჩუმე გრძელი და საინტერესო საუბრის პრელუდიაა.
 
ეზოს ორი ახალგაზრდა თეთრი კაცი მოადგა. ტურისტული აღჭურვილობის რეკლამას ჰგავდნენ, უახლესი ფერადი ზურგჩანთებით და შესაბამისი ჩაცმულობით. ასეთებმა ამ ბოლო ხანს მოუხშირეს აქეთ. მთის ბილიკების გარკვევაში უნდოდათ დახმარება. მე რომ დამინახეს და ინგლისურად გამოველაპარაკე, აშკარად მოეშვათ. მეც წვრილად ვუპასუხე ყველა კითხვას და გზაც ვასწავლე. ბრძენს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ხანდახან თავს იქნევდა თანხმობის ნიშნად. ბოლოს ტურისტებმა ყველაფერი გაარკვიეს.
 
-         დიდი მადლობა, მისტერ. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.
 
მითხრა ერთმა, მერე მეორეს გახედა, ხელი გაუწოდა და
 
-         წავიდეთ ძვირფასო, კიდევ გრძელი გზა გვაქვს
 
მეორემ ნაზად გაუღიმა, მეგობარს ხელი ჩაჰკიდა და გაუდგნენ გზას.
 
ბრძენმა მხოლოდ სევდიანი მზერა გააყოლა, ღრმად ამოიოხრა და ყალიონი მოქაჩა. გამახსენდა რამდენიმე დღის წინ ფეისბუკის გვერდებზე გაჩაღებული კამათი - ქალის საქმეა ჭურჭლის რეცხვა თუ კაცის და უხერხულობის გასატეხად, ნახევრად ხუმრობით ბრძენს თემა შევაპარე.
 
-         ვიცი, ვიცი. ეს თქვენი, თეთრების გამოგონებული პრობლემები - მომიგო ბრძენმა. - ამას წინათ ქვევით სოფელში ჩამოვიდნენ თეთრი ქალები და ჩვენი ქალაქელები. შეწუხებულები მომადგნენ სოფლელები, რა ვქნათო, კრებებს ატარებენ, ჭკუას გვარიგებენო. რას გასწავლიან თქო, რომ ვიკითხე. ”ქალების ცემა არ შეიძლებაო” - ასე მიპასუხეს. ცოტა შევფიქრიანდი, მერე მივხვდი. ეტყობა სიკეთით მოსდით, თავად ისე გამწარდნენ, რომ დადიან და სხვებს ასწავლიან, ესე არ ქნათო. ჩვენთან კი ქალის ხელის ხლება დიდი სირცხვილია. თავი არ გამოეყოფა სოფელში ამის ჩამდენს. აბა განა როგორ უნდა ატკინო პატარას ან დედას, ან ბებიას. ჩვენებს კი ვუთხარი, არაფერი არ აგრძნობინოთ, საჩუქრები მადლიერად გამოართვით, მოუსმინეთ, ცუდს ხომ არაფერს ამბობენ. დაპირდით რომ კარგად მოიქცევით. მაგათაც გაუგეთ, კარგის გასაკეთებლად მოსულან და ჩაეთვლებათ.
 
-         ხო მაგრამ მარტო ცემა ხომ არ არის, ქალის საქმე და კაცის საქმე? ვის რისი უფლება აქვს...
 
ბრძენმა დანანებით გადაიქნია თავი.
 
-         შენ რომ მთის მოსმენა შეგეძლოს, ამ სისულელეებს არ იკითხავდი. უბედურება ის არის რომ დასაწყისს და ბოლოს ურევთ. რატომ შექმნა ბუნებამ ქალი და კაცი? თუ არანაირი სხვაობა არ არის, მაშინ კაცი და კაცი ყოფილიყო, ან ქალი და ქალი.
 
თქვა და ორი ტურისტი საითაც გაუჩინარდა იქით გაიხედა.
 
-         ხომ ბევრი წიგნი გაქვს წაკითხული? აბა შეეცადე და მომდიე ცოტა ხანს. მთა ამბობს რომ ყველა სულიერი საპატრონოა, არავის არა აქვს არავის დაჩაგვრის უფლება. ეს ცუდია. ყველას საერთო მიზანი აქვს და ერთმანეთს მხარი უნდა მისცენ რომ ეს მიზანი გამართლდეს. ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც უკეთესად გამოსდის, ერთმანეთს არ დააყვედრონ. ასე ამბობს მთა. ზოგს გამოსდის, ზოგიც ჯიუტობს. მთავარი კი რა არის? სიცოცხლის უწყვეტობა! აქ კი მთავარი ქალია, ბუნებამ ესე დაადგინა რომ კაცის დახმარებით ახალი სიცოცხლე უნდა ჩაისახოს ქალში.
 
თქვა ბრძენმა და დაკვირვებით შემომხედა, რამე ხომ არა აქვს საწინააღმდეგოო. მეც მონდომებით ორივე ხელი ავწიე და თავი დავაკანტურე თანხმობის ნიშნად.
 
-         კარგი, ვეცდები თქვენთვის ქალაქელებისთვის გასაგებ ენაზე აგიხსნა. ქალმა სჯობს დედობა ოციდან ოცდაათ წლამდე მოითავოს. მოდი დავთვალოთ, თეთრებს ხომ გიყვართ ბუღალტერია? თითო შვილი ცხრა თვე ხომ უნდა ატაროს მუცლით? მერე ერთ წლამდე მაინც ხომ უნდა კვებოს და უაროს ჩვილს? ესეიგი ერთ შვილზე ორი წელი სჭირდება. ამ დროს უნდა ყველაფერს მოვარიდოთ, მძიმე შრომას, შეშის ჩეხვას, თუნდაც ჭურჭლის რეცხვას. მერე ერთი შვილი ხომ არ ეყოლება. ოთხია საჭირო.
-         ოთხი რა ამბავია, ბრძენო!
-         შენ რამდენი გყავს?
-         მე და ჩემს მეუღლეს სამი.
 
ვუთხარი წარბშეუხრელად, აღარ დამიმატებია ჩვენი ოჯახის რთული კონფიგურაცია და სრული სიმართლე გამომივიდა. ბრძენმა ნახევრად დააქნია თავი, არაუშავსო.
 
-         ხო, იოლი გამოსავალია, როცა ამბობენ გოგო და ბიჭიო. ან სამი შვილი -ერთი მატებაო. სინამდვილეში ოთხია საჭირო. აი შენ და ძმა გყავს?
-         ერთი და, ბრძენო.
-         ვერ უყოჩაღიათ შენს მშობლებს. აი შენ ძმა არა გყავს, შენს დას კი და. კარგ ადამიანს ერთი და და ერთი ძმა მაინც უნდა ყავდეს. ეს კი უკვე სულ ცოტა ოთხია. ასე, რომ მანამდე უნდა აჩინო ბავშვები სანამ ორი გოგო და ორი ბიჭი არ გეყოლება. ვთქვათ გაგიმართლა და თავიდანვე ორი გოგოა და ორი ბიჭი, ანუ ოთხი შვილი. თითოზე ორი წელი, ესეიგი რვა წელიწადი ქალი დედობაში უნდა იყოს, კაცმა კი ამ დროს ცივი ნიავი არ მიაკაროს. მაგრამ ამით ხომ არა თავდება, მერე აღზრდა, ჭკუა გონების დარიგება, მაგალითის მიცემა, რომ თითონ მოემზადონ დედობა მამობისთვის, მერე კი ბებიობა და ბაბუობა. აბა მითხარი თუ რჩება მაიმუნიბისთვის დრო?
-         მაგრამ ბრძენო, იმ ქვეყნებში სადაც ცხოვრება განვითარდა, სადაც კარგად ცხოვრობენ, ყველა მუშაობს, ყველას საქმე აქვს, ქალს, კაცს.
-         რად გინდათ კარგი ცხოვრება თუ ბავშვებისთვის არა გცალიათ? რამ გადაგრიათ, რას ეჯიბრებით ერთმანეთს? ქალი ამტკიცებს რომ კაცია, კაცი რას ამტკიცებს, ვერ გამიგია. ეს იმიტომ რომ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ, სიცოცხლის უწყვეტობა გავიწყდებათ, ემალებით და სხვის გასაკეთებლად ტოვებთ. ქალს თუ თავის ფუნქცია ახსოვს, არ გაიჭაჭება, ფეხბურთს არ ითამაშებს, რომ ძუძუში ბურთი არ მოხვდეს და არ გადაგვარდეს, შტანგას არ აწევს, რომ საშვილოსნო არ გაუფუჭდეს. კაცს კი არ უნდა გამოეპაროს მისი შვილების დედას რა უჭირს და რა სჭირდება! ის უნდა ახსოვდეთ რომ ცალცალკე არაფერი არ არიან და მხოლოდ ერთად არიან მთელი - სიცოცხლის უწყვეტობისათვის.
 
ბრძენმა თვალები დამიბრიალა, თითქოს რამეს ვეპასუხებოდე.
 
-         კომპლექსები, კომპლექსები... საერთოთ გადაირია ყველა. მთავარია სამართლიანობა და სიმართლე. აი მაგალითად შენ თეთრი რომ ხარ, იმიტომ კი არა ხარ ჩემზე სულელი, უბრალოდ სულელი ხარ. აბა მითხარი, გრცხვენია რომ თეთრი ხარ და ქართველი?
-         არა ბრძენო, არა მრცხვენია...
-         აი, ყოჩაღ! დაბლებმა რომ იჩივლონ, კალათბურთის გუნდში იმიტომ არ მიგვიღეს რომ დაბლები ვართ, გვჩაგრავენო. იმის მაგივრად თავის გამოსადეგი საქმე ნახონ... შენ კი ნუ ეცდები გაშავებას, მაინც არ გამოგივა. იყავი რაცა ხარ.
 
ამასობაში ტომბოიაკეს ფაშფაშა ცოლმა უკვე მერამდენედ გამოიხედა სამზადიდან, აშკარად უკვე მოუთმენლობა ეტყობოდა.
 
-         ღრმად პატივცემულო ბრძენო და ჯადოქარო... იქნებ ასწიო ერთი ადგილი და წყალი მოიტანო, შეშაც დასაჩეხია, თორემ დარჩით შენ და შენი პირდაფჩენილი სტუმარი უსადილოდ.
 
 
 
თორნიკე ბერიშვილი
 
ქ. ფრიტაუნი
02 ნოემბერი, 2011 წელი
 
 
 
 
 
 

No comments:

Post a Comment