Friday, November 26, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (24) - გზა

გზა
(ფრიტაუნი - კენემა)


რუქას თუ დააკვირდებით, სიერა ლეონეს მომრგვალებული ფორმა აქვს. ქვეყნის ლამის სულ დასავლეთით,  ანტარქტიკის ოკეანეში ნახევარკუნძულია შეჭრილი, ამ ნახევარკუნძულის დასავლეთი წვერი კი ფრიტაუნია, სიერა ლეონეს დედაქალაქი. აქ იწყება გზა, რომელზეც მინდა მოგითხროთ, მიჰყვება ნახევარკუნძულის ნაპირს, მიძვრება მატერიკთან შემაერთებელ ვიწრო ყელში, თითქმის შუაზე ჰყობს მთელს ქვეყანას და აღმოსავლეთ მეზობელ ლიბერიაში გადადის. ლიბერიის საზღვრამდე კი ბოლო დიდი ქალაქი კენემაა.
თითქმის მთელი სიერა ლეონე მაქვს შემოვლილი და ამ მარშრუტით კი ყველაზე ხშირად მიწევს იქით აქეთ მგზავრობა ჩემი სამსახურის გამო. გამოგვყევით ფრიტაუნიდან კენემამდე მე და ჩემს თანამგზავრს, ქართველების დიდ მეგობარს, აქაურ პოლიტიკოსსა და პრეზიდენტობის კანდიდატ დოქტორ ბაბა კონტეს. საინტერესო გზაა...
დოქტორ ბაბას თავის დროზე საბჭოთა კავშირში უსწავლია, რუსულიც კარგად იცის, დისერტაციაც იქ დაუცავს და ამიტომ თავის თავს დოქტორს უწოდებს, თორემ მედიცინასთან არანაირ კავშირი არა აქვს.
-         დოქტორ, ხვალ მივდივართ კენემაში, დილას გამოგივლი, 6 საათზე მზად დამხვდი, კარგი?
დოქტორმა იცის, რომ ალტერნატივა არ არსებობს, და ამიტომ უხმოდ მეთანხმება.
მთავარია დილას ადრე გასვლა, სანამ ფრიტაუნის ქუჩები გაივსება, თორემ თუ ვერ გაასწარი ქალაქი ისე გადაიჭედება, შეიძლება საღამომდე ვერ გააღწიო. ნერვებიც დაგაწყდება და მოგზაურობაც ჩაიშლება. ფრიტაუნში მანქანით მოძრაობა სრულიად უნიკალური ამბავია და ამის შესახებ ერთხელ ცალკე მოგითხრობთ. ამიტომ დილის 6 საათი ქალაქიდან გაქცევის ბოლო ვადაა.
დოქტორის სახლი ქალაქის გასასვლელშია, იმის იქით აღარ გვემუქრება ”ტრაფიკში”, როგორც აქ ამბობენ, გაჭედვა. ზუსტად ექვსზე დოქტორთან ვარ, ისიც გამზადებული მხვდება თავის დიდი შავი ჩანთით, რომელიც მუდმივად სავსე აქვს ათასი ჯურის უცნაური ქაღალდით. როგორც თითონ ამბობს, პოლიტიკოსს არა აქვს არც ერთი წამით მოდუნების უფლება, იგი სულ ქვეყანაზე ფიქრობს და მუშაობს, ამისათვის კი საჭირო დოკუმენტები სულ ხელთ უნდა ჰქონდეს. მართალია, როგორც შევამჩნიე ზოგიერთი ფურცელი აშკარად განახლებას მოითხოვს და ძველიძველ პერგამენტებს წააგავს, მაგრამ ვინ იცის, ეტყობა ისტორიული მასალაა...
სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, დოქტორმა ბაბამ უკანა ფანჯარაში ჩაიხედა, დაინახა რომ არ დამვიწყებია მისი ტრადიციული საგზალი, ლიბანური პური, სუპერმარკეტში ნაყიდი პაკეტის წითელი ღვინო და მჟავე კიტრი. აშკარად გამოუკეთდა გუნება და ხალისიანად ჩაჯდა მანქანაში. საყვარელ სიერა ლეონურ კერძებს გზადაგზა იყიდის, ყველა გაჩერებაზე პატარ პატარა მიტინგებს გამართავს და წინასწარ კმოყოფილებით იფშვნეტს ხელებს.
დავიძარით. ფრიტაუნისგან განსხვავებით ქალაქგარეთ გზა თითქმის ცარიელია. ნახევარკუნძული, სადაც დედაქალაქია, მთაგორიანია და ძალიან ლამაზია. გზაც მიხვეულ მოხვეულია, ფაქტიურად ოკეანის ნაპირს მიუყვება, სადღაც ოც კილომეტრში მატერიკს უერთდება ვიწრო ყელით. ამ ადგილს ვატერლოო ჰქვია.

ვატერლოო.
პატარა დასახლებაა, მაგრამ გზა, ტრასა, ფაქტიურად გადაკეტილია, სადღაც კილომეტრის  მანძილზე ორივე მხრიდან გზას ჯიხურები მიჰყვება, ჯიხურების წინ ხალხს მიწაზე აქვს გაფენილი გასაყიდი საქონელი, მიდის ცხოველი ვაჭრობა და მისვლა მოსვლა, გზა ფაქტიურად არა ჩანს. გამოუცდელი, ამ გასაჭირში პირველად მოხვედრილი, მძღოლი უბრალოდ გაჩერდება და სასოწარკვეთილებაში ჩავრდება. წარმოიდგინეთ, თბილისში, 90-იანი წლების ტტო-ს ბაზრობაზე რომ შესულიყავით მანქანით! მთელი საიდუმლო კი ის არის, რომ არ უნდა გაჩერდე, ნელ-ნელა იმოძრაო და გამუდმებით აპიპინო, არ უნდა მიაქციო დგას შენს წინ ვინმე თუ არა. უნდა ნელა და ჯიუტად იმოძრაო. აღმოჩნდება რომ მანქანა სრულიად უვნებლად მოზრაობს ცოცხალ ნაკადთან ერთად, 3 კილომეტრით საათში, შესაბამისად ამ ერთ კილომეტრს 20 წუთში დაფარავ. თუ მთლად გაშინაურებული ხარ და ფანჯრებს ჩამოუშვებ, ხალხსაც გაესაუბრები, მოიკითხავ, რამეს იყიდი, ივაჭრებ, კოკა კოლას დალევ, ბოთლს უკან დაუბრუნებ, ფულა გადაიხდი, ხურდას მოგიტანენ.... მოკლედ სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრებ, მთავარია არ ინერვიულო და რეალობას შეეგუო. ერთ კილომეტრს გაივლი და სრულიად თავისუფალ გზაზე გახვალ. ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაქრება, თითქოს ზუსტად ოცი მეტრის უკან ცოცხალ მდინარეში არ ყოფილიყავ. წინ ცარიელი ტრასა და ორივე მხარეს აფრიკული სავანა. მიეცი გაზი!
”პოლის ჩეკ პოინტი”
კარგად რომ გაინავარდებ, ვატერლოოდან დაახლოებით შვიდ წუთში, სიჩქარეს უნდა დაუკლო. გზა აქეთ იქით ოთხ-ოთხი მეტრის დაშორებით ბეტონის ბლოკებით არის ჩახერგილი. მოკლედ თუ გავლა გინდა კარგი სლალომია საჭირო, მაგრამ ჩვენ რა გაგვაკვირვებს. გახსოვთ აჭარაში შესასვლელი როგორ მახვილგონივრად ჰქონდა მოწყობილი ასლან აბაშიძეს? ჰოდა ვისაც ის გინახავთ ფრიტაუნელი პოლიციელები ვერას გაგაკვირვებენ. გინდა არ გინდა უნდა გაჩერდე, პოლიციელიც იქვეა. შენს რეაქციაზე უმალ ატყობს ახალბედა თეთრი ხარ თუ არა და კარგი ფსიქოლოგივით გირჩევს საუბრის კილოს, ინტონაციას და თემას. ეხლა თუ გვერდით პრეზიდენტობის კანდიდატი, დოქტორი ბაბა კონტე გიზის, მაშინ რაღაზეა ლაპარაკი! მაგრამ დოქტორს ოღონდ აუდიტორია ანახე. დაუწყო შორიდან, გამოკითხა ყველაფერი, ოჯახი, საიდან არის, შემოიკრიბნენ სხვა პოლიციელებიც, დოქტორი მანქანიდან გადავიდა, აბა საერთო ნაცნობები, აბა სიერა ლეონეს ბედკრულობა, აბა პოლიციის პრობლემები, აბა ოჯახში რა წაიღონ, აბა მთავრობა რას აკეთებს....
-         დოქტორ, წავედით რა?!
-         მოიცა, ხალხს აინტერესებს, მეკითხებიან...
-         დოქტორ!
-         ესე არ გამოვა, მომეცი ცოტა ფული დავურიგო! ესე ხელცარიელი ხომ არ დავემშვიდობები? უხერხულია, მე ხომ დიდი კაცი ვარ...
ფული დამცინცლა, პოლიციელებს დაურიგა, სულ ვაშას ძახილით და მხედრული სალმით გამოგვაცილეს. ამას ჯობდა ერთი კარგად დავეჯარიმებინეთ.
-         ნახე, როგორ ვუყვარვარ ხალხს! - კმაყოფილია დოქტორა
ისევ ტრასა, ცარიელი და გაკრიალებიული, ესეთი გზა მაშაკამდე იქნება. ავტომოყვარულის ოცნებაა ეს 40 კილომეტრი, უნდა გავიხარო და თან დრო მოვიგო, მერე გზა აღარ ივარგებს. მიცუბიშის მოტორს ვაღმუვლებ და გემრიელად შევდივარ მოსახვევებში, მანქანამაც შვება იგრძნო და მიფრინავს.
დოქტორას უსაფრთხოების ღვედი გაუკეთებია, სახელურს ჩაფრენია და დაძაბული თვალს არ აშორებს გზას. ფერი არ ადევს. ხანდახან სპიდომეტრისკენ აპარებს თვალს.
-         ხო მაგარია, დოქტორ?
-         იცი რას გეტყვი, ეს მანქანა ხომ თქვენი, თეთრი კაცების გაკეთებულია? ხომ წინდახედულები და ჭკვინები ხართ?
-         ????
-         მაშ მითხარი, რატომ არის რომ მეხუთე სათადარიგო ბორბალი მოჰყვება მანქანას?
-         ????
-         ესეიგი თქვენ თითონ არა გაქვთ იმედი და შეიძლება ბორბალი გაფუჭდეს!!! სად მიქრიხარ, ესე როგორ შეიძლება!!??
-         კარგი რა დოქტორ, ნახე რა გზაა, ბობღიალს მაშაკას შემდეგაც მოვესწრებით.
-         გამიჩერე, მე გადავალ! მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გავხდე და ჩემი თავი ჯანდაბას, სიერა ლეონეს ბედს ვერავის გავარისკინებ.
-         დოქტორ, აგერ უკან, შენი საყვარელი წითელი ღვინო, მოწრუპე და ”რელაქს”...
დოქტორამ თვალები დახუჭა, ხელები აღაპრო და ლოცვას მოჰყვა...
-         კარგი დოკ! აგერ უკვე მაშაკაში ვართ, შენმა ლოცვამ გვიშველა, აწი, რომ გვინდოდეს მაინც ვერ გავქანდებით.
მაშაკა
მაშაკა სიერა ლეონეს გზაჟვარედინია, აქაური სამტრედიაა, აქ იყრება გზები. ერთი დიდი წრეა და იმ წრიდან მიდის სხივები სხვადასხვა მიმართულებით. პორტ ლოკოს გავლით, გვინეისა და მისი დედაქალაქი კონაკრისკენ; ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრ მაკენისა და მაგბურაკასკენ; ოქროს საბადოებით განთქმულ კაბალისაკენ; ალმასების რაიონ კონოსაკენ; რკინის საბადო - ”მარამპა მაინს” ქალაქ ლუნშართან; ბუმბუნასკენ - სადაც აგერ უკვე ოცი წელია იტალიელები ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ და ყოველ წელს ქვეყანას გაჩირაღდნებას პირდებიან, მაგრამ არც ერთი ეს მარშრუტი დღეს არ გვინდა, ჩვენ კენემაში მივდივართ, აღმოსავლეთისაკენ, ლიბერიის საზღვრისაკენ.
გზა გაფუჩდა, მაშაკა მართლაც სიმბოლური ადგილია, როცა ფრიტაუნისკენ მიემგზავრები, მაშაკაში მოსული ამოისუნთქავ, ცუდი გზა და ჯაღჯაყი მორჩა და თავი სახლში გგონია. როცა ფრიტაუნიდან მიდიხარ, აქ უნდა ჩაისუნთქო და თავგადასავლებისა და გულ-ღვიძლის ათქვეფისათვის მოემზადო.
მე უკვე ყველა ორმო ვიცი ზეპირად და ტაატით მიყვები ტალღოვან გზას, ბუნებაც შეიცვალა, გზის პირის იქით უკვე ნამდვილი ველური სავანაა, ზედ გზასთან აფრიკული ქოხებია აშენებული, ტალახით მრგვალად ამოლესილი და გამხმარი ბალახით გადახურული აფრიკული ქოხები. ისე მოულოდნელად გადაგირბენენ ტიტლიკანა შავი ბავშვები, რომ ჭინკები გეგონება. დოქტორა ბედნიერია, მოძრაობის ტემპი აშკარად შესაბამისობაში მოვიდა მის შინაგან რიტმთან. ფილოსოფიის ხასიათზე დადგა. ასეთ დროს სსრკ-ში ნასწავლი და ჩაბეჭდილი აზრები ახსენდება ხოლმე და უცბათ ყოველ მიზეზ გარეშე წამოიძახებს.
-         самый главный вопрос, это вопрос о власти!!!
-         В.И. Ленин! - ვპასუხობ მე, დოქტორა ჩემი სწაფი რეაქციით დაბნეულია და შეცბუნებული მიყურებს
მანქანა ნელ ნელა ჯანჯღარით მიიწევს წინ, გზის პირას ზანგის ბავშვები გვეჯღანებიან, მე და დოქტორა კი პოლიტეკონომიას ვარჩევთ.
MILE 91
ესე ჰქვია ამ ადგილს, 91-ე მილი. მართლაც 91 მილია ფრიტაუნიდან და ჩვენი გზის შუაა. არაფერი განსაკუთრებული, გზის გასაყარი, მომცრო წრე, ჯიხურები, მაგრამ აქაურები ისეთი ინტონაციით და იდუმალებით ამბობენ ხოლმე - ”მაილ ნაინთიუან”, რომ შენც უნებურად მოწიწების განცდა და საიდუმლოების შეგრძნება გეუფლება. მანქანაც შესაბამისად მიგყავს. ალბათ ცოტა კიდევ მეტ ხანს უნდა იყო სიერა ლეონეში რომ ამ 91-ე ადგილის იდუმალება გაშიფრო... მაგის დროც მოვა.
აქედან მიდის გზა სამხრეთ სანაპიროსკენ, სადაც სახელგანთქმული რუტაილის საბადოებია. ჩვენ კი კენემისკენ მივდივართ და გზაზე ”მოიამბა ჯანქშონ” უნდა გავიაროთ.
”მოიამბა ჯანქშონ”
მოიამბას გზაჟვარედინი აქაური გორის ბაზრობაა, ტრასაზე გამოფენილია ყველაფერი რისი ყიდვაც შეიძლება. ხილს, ”სოფტ დრინკებს”, ლუდს და სხვადასხვა აფრიკულ კერძებს ვერ დასთვლი. აქ დოქტორას რიტუალი აქვს, რომ არ გააჩერო არ შეიძლება. მტრად მოგეკიდება. უნდა გადავიდეს, ხალხში გაერიოს, აფრიკული კერძები დააგემოვნოს, მოკლედ ”გაიბლატავოს”. სხვა რა გზაა, უნდა მხარი ავუბა.
”ტაიამა ჯანქშონ”
ეს გზაჯვარედინი კი უბრალოდ ცარიელია, რა ხდება და სახელი რატომ ქვია ვერ მივხვდი და დოქტორამაც ვერ მითხრა. აღსანიშნავი კი იმით არის, რომ ისევ კარგი გზა იწყება, გასისინებული ტრასა შუაში თეთრი მარკირებით და გზისპირებზე ყვითელი ხაზებით. გზა პრაქტიკულად ცარიელია, 10 წუთში ერთხელ თუ შეგხვდება მანქანა. აბა ამოისუნთქა ”მიცუბიშიმ” და ნერვიულად ჩაისუნთქა დოქტორამ.
ბო
ეს კენემამდე ბოლო ქალაქია, კენემა და ბო ერთმანეთს ეჯიბრებიან, კენემა სიერა ლეონესთვის იგივეა რაც საქართველოსთვის ქუთაისი, მაგრამ ბოც რომ ქუთაისია? მოკლედ სიერა ლეონეს ორი ქუთაისი აქვს, ბო და კენემა. ჰოდა ამ გზაზე ჯერ ბო გხვდება. ტრასა ქალაქში არ გადის, კიდეზე მიჰყვება, ამიტომ თუ სპეციალურად არ შეუხვიე, სიერა ლეონეს ნომერ პირველ ქუთაისს ვერც ნახავ, ვერც მიხვდები ტრასიდან მარცხნივ თუ ქალაქი არსებობს. ერთხელაც შეუხვევთ და მოგიყვებით ბო-ზე. ეხლა კი კენემისკენ მივქრივართ.
კენემამდე სამოცი კილომეტრი დოქტორამ სულ ლოცვაში გაატარა, თან სულ მემუდარებდა ბატი არ გაიტანოო! ძაღლი, კატა, ქათამი, ადამიანი ჯანდაბას ფულს გადავიხდით და რამეს მოვახერხებთ, ღმერთი არ გაგიწყრეს და ბატი არ გაიტანოო, ბებიჩემისგან ვიცი, ეგ რომ მოხდეს უბედურებას ვერ გადავრჩებითო. მართალი გითხრათ ბატი არ შეგვხვედრია, მაგრამ ისე გულმხურვალედ მეხვეწებოდა, გაოცებისაგან სვლაც კი შევანელე.
-         რამ გადაგრია დოქტორ? ეს ნასწავლი კაცი რა ბატებზე ლაპარაკობ?
-         რა უნდა აგიხსნათ ამ ევროპელებს, (ეს ”ევროპელები” განსაკუთრებით შევირგე), არაფრის არა გწამთ და  თუ ძმა ხარ, უბრალოდ დამიჯერე...
კენემა
აი კენემაც, კი არის ქუთაისი ნომერ ორი, მაგრამ აშკარად მეტია ვიდრე ქუთაისი, სიერა ლეონეს ბიზნეს ცენტრია, ბოლო ქალაქია ლიბერიის საზღვრამდე. აქ იყრიან თავს მეტყევეები, გეოლოგები, მეტრანსპორტეები, მებაჟეები, კონტრაბანდისტები, მაინერები, აფერისტები, ეკოლოგები, ბუნებისდამცველები... მოკლედ რა ვინიგრეტია ვერ წარმოიდგენთ. დოქტორასაც მეტი რა უნდა, ოღონდ კენემის ქუჩებში ატარე და ალაპარაკე...
კენემის მერე იწყება გზა ლიბერიისაკენ, უსიერი ტყეები, საბელადოები თავისი ბელადებით. ამბობენ, რომ ტყეში დღესაც იმალებიან ”რებელები”, სამოქალაქო ომის მერე გადარჩენილები. განა შეამოწმებს ვინმე?
აქ უნდა მოვითავოთ ჩვენი სამსახურის საქმეები, სანახავი ვნახოთ, მოსალაპარაკებელს მოველაპარაკოთ, შესამოწმებელი შევამოწმოთ. დოქტორა ადგილობრივ ბელადებთან მივუშვათ, ტრადიციული მეთოდებით ამბების გასარკვევათ და შესათანხმებლად. ერთი ორი ღამე გავათიოთ. აფრიკული ტამტამები მოვისმინოთ და უკან გავუდგეთ ფრიტაუნის გზას.
-         რა ხალხი ხართ ეს ქართველები! თქვენ რომ არა ამ ჩემს სიერა ლეონეს ხომ ვერც ვნახავდი წესიერად. თქვენთან ერთად შემოვიარე მთელი ქვეყანა, ჩემზე კარგად არც ერთმა პოლიტიკოსმა არ იცის ჩვენი მხარეები. - გულწრფელად გვემადლიერება პრეზიდენტობის კანდიდატი, დოქტორი ბაბა კონდე. გაიხარე, დოქტორ!

* * *
უკან დაბრუნებულმა, ვერ მოვითმინე და ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯს, პოლიციელ მომოს ვკითხე
-         მომო. ბატი რას ნიშნავს სიერა ლეონესთვის?
-         ბატი, სერ?
-         ხო მომო.
-         რა ვიცი სერ, კარგად შემწვარი ბრინჯთან ერთად, გადასარევია. მოდი ვიყიდოთ და მე შევაწვევინებ ჩემიანებს, საუკეთესო ნაჭრებს მოგიტანთ.

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
25 ნოემბერი 2010 წელი

Friday, November 19, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (23) - ოპერაცია ”ბარრასი”

ოპერაცია ”ბარრასი”
(სიერა ლეონეს უახლესი ისტორიიდან)


სიერა ლეონე მეოცე საუკუნის სამოციან წლებში განთავისუფლდა. ინგლისი წავიდა. დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება, მაგრამ პირველ ხანებში მაინც ძალიან მჭიდრო იყო მეტროპოლიასთან კავშირი. მითუმეტეს, რომ ინგლისი ”უსისხლოდ” წავიდა. იმ დროს დღესაც კარგად იხსენებენ - ”გუდ, ოლდ კოლონიალ ტაიმს!”, ასე თუ ამოიოხრებენ ხოლმე ასაკოვანი  სიერა ლეონელები.

ძალიან კარგი ქვეყანა ყოფილა სიერა ლეონე. ინგლისური ორგანიზების და წესრიგის ინერციამ კარგა ხანს გასტანა. მშვენიერი განათლების სისტემა და განთქმული კოლეჯები. დასავლეთ აფრიკის ათენი - ასე ეძახდნენ თურმე ფრიტაუნს მაგრამ ინერციამ მხოლოდ 90-იან წლებამდე იარსება. შინაგანმა კონფლიქტებმა და დეზორგანიზაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და 1990 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი. 3000 ”რებელი” (აჯანყებული), ფოდეი სანკოს მეთაურობით შემოვიდა ლიბერიიდან და დაიწყო უსასტიკესი, სისხლიანი სამოქალაქო ომი.

შედეგად - ათეულ ათასობით დახოცილი, უამრავი დასახიჩრებული და დაინვალიდებული ადამიანი, ორი მილიონი ლტოლვილი და სრულიად გაპარტახებული ინფრასტრუქტურა. უაზროდ განადგურებული და გადამწვარი შენობები, მიწასთან გასწორებული სოფლები. მარტო სკოლის შენობები რომ დავთვალოთ, მთელ სიერა ლეონეში 1200-ზე მეტია საძირკვლამდე დანგრეული. ასე გაქრა ლეგენდა აფრიკულ ათენზე.

სიტუაცია ლოკალურ კონფლიქტს გასცდა, ორი მილიონი ლტოლვილი დანარჩენ აფრიკაში და მთელს მსოფლიოში გაიფანტა. კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერია გაერო და საერთაშორისო ძალები. კონტინგენტის უმრავლესობა ნიგერიული ჯარის ნაწილები იყო. სიტუაცია თითქოს მართვადი გახდა, მაგრამ ვერაფრით ვერ დაესვა წერტილი, სანამ...

2000 წლის აგვისტოში გადადაგა საერთაშორისო ძალების ხელმძღვანელი, ინგლისელი გენერალ მაიორი ჯეტლი. ინფორმაციამ გაჟონა. ჯეტლის უშუალო ხელქვეითები ნიგერიელები იყვნენ, ნიგერიული ძალების სარდალი, ბრიგადის გენერალი მოჰამედ გარბა, გაეროს წარმომადგენელი გენერალი ოლუიემი ადენჯი და საერთაშორისო ძალების კოორდინატორი, ასევე ნიგერიელი გენერალ მაიორი გაბრიელ კრამბერი.

საერთაშორისო ძალები ჩარეულები აღმოჩნდნენ სახვადასხვა საეჭვო მახინაციებში, ინტრიგებში, ალმასის ბიზნესის განაწილებაში. მოკლედ სამოქალაქო ომი ხელის მოთბობის საშუალება აღმოჩნდა. გენერალ ჯეტლის ყელში ამოუვიდა ეს სიტუაცია, თავის ნიგერიელ ხელქვეითებს ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა, რაპორტი დაწერა და გადადგა. შედეგმაც არ დაახანა, ისედაც სუსტი კოორდინაცია ფაქტიურად მოიშალა.

სიერა ლეონეს ტრაგედიაში მონაწილე ყველა მხარე ხელებს იფშვნეტდა, მოიშორეს ინგლისელი გენერალი და უკონტროლო ფარფაში დაუსრულებლად შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. მთავარია სწორედ გაენაწილებინათ სარგებელი -”არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი!”.

2000 წლის 26 აგვისტოს ბიზნეს პარტნიორებმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს.

ფრიატაუნიდან დასავლეთით, დედაქალაქის დანარჩენ ქვეყანასთან შემაერთებელ არტერიას ”რებელების” ერთი ჯგუფი აკონტროლებდა, სახელად ”ვესტ საიდ ბოის”. უცნაურად თავისუფლად თარეშობდნენ, იარაღით და ტყვია წამლით მომარაგებაც არ ელეოდათ. მათი ”ბელადი” - ფოდეი კალაი უაღრესი თავხედობით გამოირჩეოდა. მოკლედ შიშის ზარს სცემდნენ გარშემო.

26 აგვისტოს სამი მძიმედ შეირაღებული ლენდროვერისაგან შემდგარი პატრული რიგით შემოვლაზე იყო გასული, 11 ინგლისელი და ერთი სიერა ლეონელი ოფიცერი მაიორ ალან მარშალის ხელმძღვანელობით. მაშაკაში განლაგებული იორდანელების ბატალიონის მონახულების შემდეგ, პატრული უკან ბრუნდებოდა. როგორც ეტყობა საიდუმლო მარშრუტი ფოდეი კალაის შეატყობინეს და ინგლისელები ხაფანგში აღმოჩნდნენ.

”ვესტ საიდ ბოის” ბანაკი მდინარე როკელის აქეთ იქით ნაპირძე ჰქონდა გამართული. ერთ მხარეს მაგბენი და ფოროდუგო ეკავათ, ხოლო მეორე მხარეს გერი ბანა. სწორედ ამ გერი ბანაში წაიყვანეს ტყვეები.

დაიწყო მოლაპარაკებები. ხუთი ტყვე მოლაპარაკებების დაწყებისას გაცვალეს პროდუკტებში, მედიკამენტებში და სატელიტურ ტელეფონში, რომლითაც პირდაპირი კავშირი დამყარდა ფოდეი კალაისთან.

გათავხედებული და წარმატებით თავბრუდახვეული კალაი მოთხოვნას , მოთხოვნაზე აყენებდა - დაუყონებლივ განთავისუფლედნენ დატყვევებული აჯანყებულები, გავიდნენ საერთაშორისო არააფრიკული ძალები.... და ბოლოს გადადგეს მთავრობა და ხელისუფლება გადაებაროს დროებით სამხედრო საბჭოს. მოკლედ შეუბერა! თანაც ტყვეების დახოცვით იმუქრებოდა.

ეს იყო ბოლო წვეთი. დაიწყო ოპერაცია ”ბარრასი”. ინგლისის მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, ტონი ბლერმა, გასცა ბრძანება ინგლისურ სამხედროებს დამოუკიდებლად ემოქმედათ:

  1. გაენთავისუფლებინათ ტყვეები
  2. დაეჭირათ ან მოეკლათ ფოდეი კალაი
  3. გაენადგურებინათ ”ვესტ საიდ ბოის”
  4. დაებრუნებინათ ან გაენადგურებინათ სამი სამხედრო ლენდროვერი.

ბოლო პუნქტს დააკვირდით, ეტყობა ძალიან გამწარდა პრემიერ მინისტრი.

შეურაცხოფილი დიდი ბრიტანეთი მთელი თავისი სამხედრო ტექნიკური არსენალით ჩაერთო ოპერაციაში. საიდუმლოდ, მათ შორის საერთაშორისო ძალებისგანაც, დაიწყო მოქმედება. სატელიტურ ტელეფონზე ყბედობით გართული ფოდეის ადგილსამყოფელი დადგინდა სანტიმეტრის სიზუსტით, სპეციალური რაზმი მიუახლოვდა ”რებელების ” ბანაკს და სატელიტური მიმართული მიკროფონებით უსმენდა ყველაფერს რაც კი ბანაკში ხდებოდა, ჩურჩულსაც კი. მგონი რადიო რეპორტაჟი პირდაპირ დაუნიგ-სტრიტზე ისმინებოდა. ამ ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა ოპერაცია, შეირჩა ანალოგიური ლანდშაფტი ინგლისში და ჩატარდა სახელდახელო ვარჯიში.

2000 წლის 10 სექტემბერს, დილის 6 საათსა და 16 წუთზე დაიწყო ოპერაცია ”ბარასი”.

სამი HC2 ჩინუკის ვერტფრენი, უნდა ნახოთ რამხელებია ორ ორი ”ვინტით”, დაზღვევაძე ორი Lynx MK7 მოიერიშე ვერტფრენის თანხლებით დაიძრა ფრიტაუნიდან. ჩინუკებით პირველი 70 მედესანტე გადაიყვანეს, მეორე ტალღამ კიდევ ერთი ამდენი დაუმატა.

ერთდროულად სამი მხრიდან დასცხეს ”რებელებს”. აფრენიდან 20 წუთში ტყვეები სამშვიდობოს იყვნენ გაყვანილები, მაგრამ ოპერაცია ამით არ დამთავრდა, პრემიერ მინისტრის დარჩენილი სამი დავალებაც შესასრულებელი იყო.

რამდენიმე საათს გრძელდებოდა სასტიკი ბრძოლა. ”რებელები” მიუხედავად სრული უგუნურობისა, საოცარი სიმამაცით გამოირჩეოდნენ. ინგლისელების რაპორტში სწერია, რომ არანაირი შიში სიკვდილისა არც ერთს არა ჰქონია, იბრძოდნენ უთავბოლოდ, მაგრამ გაშმაგებით და ბოლომდე. ბევრი ნარკოტიკით იყო გაბრუებული, და თითქმის ყველას სჯეროდა რომ ჯადოსნური ამულეტები დაიფარავენ.

იმ დღეს დასრულდა ”ვესტ საიდ ბოის” არსებობა. ბელადი ფოდეი კალაი რამდენიმე ათეულ კაცთან ერთად ტყვედ ჩავარდა, დანარჩენები დახოცეს ან გაიქცნენ და ჯუნგლებს შეაფარეს თავი.

სამი სამხედრო ლენდროვერი ინგლისელებმა დაიბრუნეს.

სრულიად გაწმინდეს ფრიტაუნის დასავლეთი და საერთაშორისო ძალებს გადასცეს საკონტროლოდ.

ოპერაციის დროს დაიყუპა ერთი ინგლისელი, გამოცხადებული სახელი - ბრედ ტინიონი. დაიჭრა თორმეტი კაცი, ერთი მძიმედ და დანარჩენები მსუბუქად. ინგლისმა გამარჯვება გამოაცხადა. სახტად დარჩენილ და გაოგნებულ საერთაშორისო მშვიდობისმყოფელ ძალებს ისღა დარჩენოდათ ტაში დაეკრათ და გაეროსთვის ეპატაკათ, აი როგორ წარმატებით ვიბრძვითო.

ეს იყო სამოქალაქო ომის გარდატეხის მომენტი. ამ ეტაპამდე ინგლისი ცდილობდა მაქსიმალურად არ ჩარეულიყი ცოცხალი ძალით. მაგრამ ეტყობა ყველაფერს აქვს საზღვარი. კიდევ რამდენიმე სამაგალითო ოპერაცია ჩაატარა ინგლისის საზღვაო ფეხოსნების ბრიგადამ, საერთაშორისო  ძალებს და გაეროს რეაგირების დრო არ მისცა და სალაპარაკო არ დაუტოვა. როგორც შედეგი 2002 წელს პრეზიდენტმა კაბამ გამოაცხადა, რომ სამოქალაქო ომი დასრულდა.

უკვე მერვე წელია სამოქალაქო ომი დამთავრდა. გაეროს საერთაშორისო ძალებმა დატოვეს სიერა ლეონე. ჩატარდა მშვიდობიანი არჩევნები. ქუჩები სავსეა ხეიბრებით, ქვეყანა უკიდურე სიღარიბეშია. ხალხს სძულს ომთან დაკავშირებული ყველაფერი, ”რებელი” საგინებელი სიტყვაა, ნიგერიელები აფერისტობასთან და მაქინაციებთან ასოცირდებიან. ევროპელები აფინანსებენ პროექტებს და ცდილობენ 1200 სკოლის აღდგენას. ”ჩვენ უნდა აღვადგინოთ დასავლეთ აფრიკის ათენი!” აცხადებს პრეზიდენტი.

ინგლისმა გადაწყვიტა, აღარ გაიმეოროს შეცდომა. ფრიტაუნის ყველაზე მაღალ მთაზე გაშენებულია სამხედრო ქალაქი. წარმოიდგინეთ თბილისს მთაწმინდის პარკის ნაცვლად სამხედროები რომ გადმოყურებდნენ. ეს ადგილი ზევიდან დასცქერის მთელ ქალაქს და აკონტროლებს ფრიტაუნში შემოსასვლელ გზას. იქ არის განლაგებული ინგლისური სამხედრო პოლიცია, ოფიციალურად IMMATT – საწვრთნელ საკონსულტაციო ნაწილი ჰქვია. გალავნის იქით კოხტა სახლებია. იღება ხოლმე ალაყაფი და გამოდის თეთრი ლენდროვერი, წარწერით - IMMATT. ხან ტრასაზე შეგხვდებიან, ხან სუპერმარკეტთან, ხან სანაპიროზე. უბრალოდ დადიან.

სიერა ლეონელები ხალხს სხვადახვანაირად აღიქვამენ. არიან სიერა ლეონეს ტომები, მენდე, ტემნე, მადინგო. არიან ქალაქელები - კრიო. არიან განელები, ლიბერიელები. არიან  ნიგერიელები, რომლებსაც ერიდებიან და არ ენდობიან. არიან ლიბანელები, რომლებსაც თავისიანებად თვლიან და რატომღაც, ალბათ ამიტომ, თეთრებს არ ეძახიან. მათთან როგორც გაშინაურებულებთან უკვე ოჯახურ ახლობლური პაექრობა მიდის. არიან თეთრები, რომლებსაც პატივს სცემენ და თან როგორც მონადირეები, გასაწეწ ობიექტებად აღიქვამენ... და არიან ინგლისელები.

* * *
ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ცოცხალი მატიანეა, რა არა აქვს გადატანილი.

-         მომო, რას აკეთებდი 2000 წლის 10 სექტემბერს?
-         სერ?

შეკითხვაზე კითხვით მიპასუხა და რაღაცნაირი ეჭვით შემომხედა

-         მომო?!
-         მომო უწესო კაცების მხარეს არასოდეს ყოფილა, სერ!

თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
2010 წლის 18 ნოემბერი

Friday, November 12, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (22) - გამოხედვა აფრიკიდან

გამოხედვა აფრიკიდან

სიერა ლეონეს დედაქალაქში, ფრიტაუნში, ძალიან ბევრი სახელი კოლონიური დროიდანაა შემორჩენილი. ქუჩებს, მთელს უბნებს ხშირად ინგლისურ ყაიდაზე ჰქვიათ, ზოგჯერ პირდაპირ ინგლისური დასახელებების გამეორებაა. აქ არის უბნები აბერდინი და ვატერლოო, მეფე ჩარლზის სანაპირო და კინგტომი, ველინგტონ გრიკი და ფერგიუსონის ქუჩა... მოკლედ ძალიან ბევრია. დადიხარ ფრიტაუნში და ქუჩის წარწერების მიხედვით შეიძლება ინგლისში გეგონოს თავი. ერთია რომ ამ დასახლებებს თავისებურად გამოთქვამენ და მიუჩვეველმა ყურმა შეიძლება ვერც იცნოს. ეს სახელები მშვიდად თანაცხოვრობენ ტრადიციულ აფრიკულ სახელებთან, არავის არაფრის გადარქმევა არ მოსვლია აზრად და არც არავინ არ ნერვიულობს მათ გამო. ეს კომპლექსი სიერა ლეონეში არა აქვთ. აქ რეალური ცხოვრებაა და სიღრმისეული ფსიქოანალიზისა და წარსულში ქექვისათვის არა სცალიათ.

მე კი, ამ აფრიკული სიშორედან საქართველოს ამბებს ძირითადად ინტერნეტით ვიგებ და ხანდახან მგონია, რომ ჩემს სამშობლოში რეალობა დაიკარგა და ყველა ერთად გამოგონილ ვირტუალურ გარემოში გადასახლდა.

როგორც დიდი ფერწერული ტილო, ძალიან ახლოდან სხვადასხვა ფერების უაზრო პალიტრაა, მოცილდები და აშკარად ლამაზ და დალაგებულ სურათად იქცევა, ისე ხომ არ არის ჩვენი ქვეყნის ამბავი-თქო, შორს უნდა წახვიდე რამე რომ დაგილაგდეს? მაგრამ ვატყობ მეორე უკიდურესობაში ვარდები და ეხლა სხვა მხარეს ვკარგავ ობიექტურობას. ისე როგორ არ დაკარგავ, თქვენ თითონ განსაჯეთ.

ბათუმში დაიდგა მოძრავი ქანდაკება, ქალი და მამაკაცი, შვიდმეტრიანი მეტალის კონსტრუქციები. თამარ კვესიტაძეს ეს იდეა ადრეც ჰქონდა შესრულებული, ნაკლებ მაშტაბში, რომელიც თუ არ მეშლება ეხლა იტალიაშია. ეს კი ბათუმში, ღია ცის ქვეშ დაიდგა. მე, როგორც შევძელი, ვნახე ინტერნეტში - ფოტოები, ვიდეოკლიპები.

არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა. ორიგინალური იდეა, მშვენიერი შესრულება, მოძრაობა, ყველაფერი ერთად საოცარ ეფექტს აღწევს და ძლიერ ემოციას იწვევს. ალბათ ყველა მნახველს თავისებურ ასოციაციებს უღვიძებს და ყველასათვის მხოლოდ მისთვის მისაღებ და ერთადერთ შინაარს იძენს. ეს არის ქანდაკება-ფილმი, ქანდაკება-მოთხრობა. ისიც ნიშანდობლივია რომ ავტორმა არ შეზღუდა მნახველის ფანტაზია, ნამუშევარი ფაქტიურად უსახელოდ დატოვა და ამდენად საოცარი განზოგადების შესაძლებლობა შექმნა. იპოვნა ნებისმიერი მენტალობის და კულტურისათვის გასაგები ფორმა, ერთდროულად ყველას აღქმისათვის სხვადასხვა და ამავე დროს გამაერთიანებელი.

უნდა გითხრათ, რომ მოწონებასთან ერთად ძალიან გამიხარდა. შეიძლება სიშორის გამო, გამძაფრებული ვეძებ ყოველ ნიშანს იმისას, რომ ჩვენ ქართველები არა მარტო წარსულში ვიყავით ”ბუმბერაზები”, ეხლაც არაფრით ჩამოუვარდებით კაცობრიობის დღევანდელ ლიდერებს და სიერა ლეონესთან უამრავ მსგავსებასთან ერთად, სერიოზული და ხელშესახები განსხვავებებიც არსებობს.

მესიამოვნა ის განცვიფრებული და აღფრთოვანებული რეაქცია, რომელიც სხვადასხვა ჯურის და ადათის მნახველმა გამოხატა. იმ დღეს სულ სხვანაირი სიამაყით გავხედე ატლანტიკის ოკეანეს და აფრიკის სივრცეებს.

თავად საქართველოში კი თურმე არც ისე მარტივად ყოფილა საქმე. არც კი ვიცი რა დავარქვა ამ მოვლენას, კომპლექსი, სიბეცე... ყველაფერი გადაფარა პოლიტიკურმა ჟინმა, ყველას და ყველაფრის ერთი მიზნისათვის გამოყენების სურვილმა და გაუთავებელმა უტაქტობამ.

ორი უკიდურესობა. დამოკიდებულება პირველი, ოფიციალური ანუ სახელისუფლებო. ყველაფერი უცბათ მოინათლა - ალი და ნინო! ყურბან საიდის პოპულარული რომანი, აზერბაიჯანელი კაცისა და ქართველი ქალის სიყვარულის შესახებ! ესეც არ კმარა, ხომ უნდა აუხსნან ”გამოჩურჩუტებულ” მნახველებს, რომ რამე სხვა არ იფიქრონ, ამიტომ - პირველი, ეს ყოფილა აზიისა და ევროპის დაკავშირების სიმბოლო. მეორე - აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის საუკუნეობრივი მეგობრობის სიმბოლო.

უცბად დაიკარგა სილაღე, სიხარული, თავისუფლების, სევდის, წამის მნიშვნელობის განცდა. გაჩნდა ტრაფარეტული, უნიჭო პოლიტიკური სქემები, გაღიზიანება და განცდა იმისა რომ ისევ ძალმომრეობის მსხვერპლი ხარ და ისევ ვიღაც ცდილობს სულში გიფათუროს ხელები.

არ დაინგრა საბჭოთა კავშირი, არა! ვერც სიმბოლობთან სატეხებით ჭიდილი და ვერც სახელების გადარქმევა ვერ გვიშველის. თუ თავისუფალი ხარ ვერც ერთი ვერაფერს ვერ დაგაკლებს, უბრალოდ გაქრებიან აღქმიდან. თუ ისევ მონა ხარ - ან ეთაყვანები და ან გაშმაგებით ებრძვი. ძალიან მარტივია, და თანაც ეტყობა ურთულესი.

დამოკიდებულება მეორე, ოპოზიციური. ეხლა მეორე უკიდურესობა ნახეთ. ალბათ გაუმართლებლად დიდი ციტატაა, მაგრამ მთლიანად უნდა მოვიყვანო:
”...ბათუმში 14 ოქტომბრის გვიანი ღამით .. “სიყვარულის ქანდაკება“ – “ალი და ნინოაღმართეს.
როგორც საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით რობაქიძემ განაცხადა, ქანდაკება პიშჩევიკების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის იახტკლუბთან დადგეს. ქანდაკება მოძრავიაქალი და კაცი ზურგით დგანან ერთმანეთისკენ, შემდეგ წრეზე იწყებენ მოძრაობას, ერთმანეთს უახლოვდებიან და ტუჩებში კოცნიანამას ჩვენს ენაზე გარყვნილების ქანდაკება ჰქვია. ეს არის იმ უმსგავსოების კიდევ ერთი სერიოზული გამოვლინება და იმის გაგრძელება, რისი დემონსტრირებაც ხელისუფლების მიერ მართული ცენტრალური ტელეარხებით ყოველდღიურად ხდება. დღეს ჩვენს ქვეყანაში გარყვნილების ზეიმია და რეკლამას გარყვნილებას უკეთებენ
მაგრამ, ეს კიდევ არაფერი, – გვითხრა ბატონმა დავითმა, – ქართველი ლეიბორისტებისთვის დანამდვილებით გახდა ცნობილი, რომ ღამით ალი და ნინო წრეზე ბრუნვას ამთავრებენ და გარყვნილი სექსით კავდებიან...”

ჰა, როგორია! ხომ არის შედევრი... რომელი მწერლის ან ნებისმიერი შემოქმედის ფანტაზია შექმნიდა ამას. არა, ბოლო ფრაზას დაუკვირდით - ”... ქართველი ლეიბორისტებისთვის დანამდვილებით გახდა ცნობილი....”  ჰა-ჰა-ჰა!!!

ეს რომ პირველად წავიკითხე, მართლაც გიჟივით ვიცინოდი და შაყირი მეგონა. მერე მეორედ წავიკითხე, მერე მესამედ.... ძალიან დავნაღვლიანდი და საოცარი სევდა შემომაწვა. ვეღარც თამარ კვესიტაძის გენიალურმა ქმნილებამ მიშველა, შეხედვაც აღარ მინდოდა.

ისე რა გინდა - რაც ერი, ის ბერიო! რაც ხელისუფლება, ის ოპოზიცია. ოღონდ თუ დააკვირდებით ხელისუფლება უფრო მძლავრად, მაშტაბურად აზროვნებს, ეტყობა საერთაშორისო ასპარეზზე რომ არის გასული. ხალხთა მეგობრობაზე და აზია-ევროპის ხიდზე ზრუნავს! სამაგიეროდ ოპოზიცია მორალისა და ტრადიციული ფასეულობების საკითხებს არ უთმობს და მიდის ქართული პოლიტიკა წინ. მათ ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება. ერთის მეშინია, ისეთი სიჩქარე არ ავკრიფოთ და ისე არ გავასწროთ ყველას რომ ვეღარ დაგვეწიონ.

ზოგი რამ დადებითიც მოხდა. ამჯერად ქართულმა ეკლესიამ თავი შეიკავა ოფიციალური განცხადებისაგან და ასპარეზი ხელისუფლება-ოპოზიციის ”ხელოვნებამცოდნეებს” დაუთმო. თუ მეშლება და ითქვა რამე?

მეორე დღეს  მაინც იმედიანად გამეღვიძა. ტუტუცობა და სიბნელე ალბათ მალე გადაივლის. რეალური ნიჭიერება კი თავის გზას იპოვნის და ხალხი ალბათ მაინც არ მიაქცევს აქეთ იქიდან მოკარნახეებს ყურადღებას. ეს მშვენიერი ქანდაკება თითონ მოუყვება მნახველს მხოლოდ მისთვის გასაგებ და ძვირფას ამბავს.

არ გასულა ორი დღე და ახალი სიურპრიზი შემომთავაზა ინტერნეტმა. ინფორმაცია ჯერ იყო და რუსული რადიოს ”ეხო მოსკვი”-ს საიტზე ვნახე, მერე კიდევ სხვა რუსული ინტერნეტ გამოცემის. გავბრაზდი, ნახე რას გვაბრალებენ ეს რუსები, რით არ დაგვანებებენ თავსთქო... მაგრამ, შემდეგ საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ვნახე ეს ამბავი:

”...კავკასიონზე არსებულ უსახელო მწვერვალებს ბარაკ ობამას და ლეხ კაჩინსკის სახელები დაერქმევა , - ამის შესახებ დეპუტატმა კობა ხაბაზმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კავკასიონზე, კერძოდ კი, სვანეთში, ოთხი უსახელო მწვერვალია, რომელთაგან ორის დალაშქვრა უახლოეს მომავალში იგეგმება. ხაბაზი განმარტავს, რომ მათგან ერთს კაჩინსკის, მეორეს კი ობამას სახელი ტექნიკური საკითხების მოგვარებისთანავე ეწოდება.

რატომ? რატომ! რისთვის არის ეს საჭირო! თანაც როგორ ”ჭკვიანურ-ეშმაკურად” არის ჩაფიქრებული! აქაოდა ”პადხალიმობაში” არ ჩაგვეთვალოს ცხონებული კაჩინსკის სახელს ამოეფარნენ! ეს კი უკვე სპეკულანტობაა.

რას აკეთებთ ხალხო, გამაგებინეთ? ნუთუ ესე გულწრფელად გიყვართ ამერიკის პრეზიდენტი, რომ ერთი სული გაქვთ მწვერვალზე მისი სახელი დატოვოთ. ან ცხონებულ ლეხ კაჩინსკის განა სჭირდება ასეთი პატივისცემა? კითხეთ ამერიკის პრეზიდენტს რა მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც ნობელის პრემიის კომიტეტმა იმეტიჩრა და მშვიდობის პრემია მიანიჭა. მთელი სახელმწიფო დეპარტამენტი, თავისი უძლიერესი პიარსამსახურით თავს იმტვრევდა გამოსავლის ძებნაში, რომ არც მწვადი დაეწვათ და არც შამფური.

ვერ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი! ვერ დავანგრიეთ! ზუსტად იგივე ხდება, ბრუნდება დრო, როდესაც - ”მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა”.

ამის მერე ესე ჩამოთვლიან კავკასიონის მწვერვალებს - უშბა, შხარა, შხელდა, თეთნულდი, თეთრი უცნობი, შავი უცნობი, ობამა, კაჩინსკი...

რა დავაშავეთ?!

დამიჯერეთ, არ არის ეს კარგი აზრი, არავითარ პოლიტიკურ დივიდენდებს არ მოგვიტანს, მოყვარესაც ვერ ვასიამოვნებთ, უხეხულობას შევქმნით. ყველა მიხვდება ჩვენს რეალურ, პროვინციულ-”პადხალიმურ” ბუნებას და სარგებელს და გამორჩენას გამოკიდებულები ხახამშრალები დავრჩებით. გემოვნებაზე და მორალზე აღარ გელაპარაკებით, მაინც აზრი არა აქვს.

რადიო თავისუფლებაში მოვისმინე, ზაზა ფირალიშვილმა სთქვა - არაფერი გვეშველება სანამ პოლიტიკოსები, ჩვენ, დანარჩენ მოსახლეობა ღირსების მქონე ცოცხალ არსებებად არ აღგვიქვამენო...

არც აღგვიქვამენ, სანამ არ აღვაქმევინებთ. მართალი გითხრათ ხანდახან მგონია რომ არავითარი მნშივნელობა არა აქვს ვინ იქნება მთავრობა და ვინ ოპოზიცია, გინდაც დღესვე გაუცვლიათ ადგილები.

როგორც ეტყობა პოლიტიკოსები, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, დაკომპლექსებული და სიტუაციასთან მომრგები ხალხია. დარწმუნებული ვარ საშინლად ეშინიათ საღი აზრისა და ერთი კარგი, მართალი შაყირისა. ოღონდ ეს თავისუფალი და უშიშარი აზრი იმათგან უნდა მოდიოდეს ვინც ხელისუფლებისათვის არ იბრძვის, არ უნდა დეპუტატობა, არც მინისტრობა, უბრალოდ უნდა რომ მისი ქვეყანა აბუჩად ასაგდები და სასაცილო არ იყოს.

გახსოვთ ერთი მშვენიერი იდეა იყო. შეიქმნა საზოგადოება ”დასი”, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების ჩატარების ხელშესაწყობად. მთელი იდეა ის იყო, რომ დასელები არ იბრძოდნენ ხელისუფლებისათვის, არც პოლიტიკური ამბიცია ჰქონდათ და ამდენად თავისუფლები უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ რად გინდა, როგორც კი ოდნავ სახელი და პოპულარობა მოიპოვეს, მაშინვე იფიქრეს ჩვენზე ჭკვიანი ვინ არის, ჩვენზე კარგად ვინ იცის ქვეყნის მართვა, ჩვენზე უფრო ვის მოუხდება დეპუტატობაო. შაურად გაყიდეს თავისუფლება. მაშინვე დასამარდა ეს კარგი აზრი.

საბჭოთა კავშირიდან განთავისუფლებული ადამიანები გვჭირდება, ვინც იმელის კედელზე ამოტვიფრულ ნამგალს და უროს ისე ჩაუვლის, აღარც შეეშინდება და აღარც გაბრაზდება, სულაც არ შეხედავს. ადამიანები ვისაც არ ენდომებათ არც დეპუტატობა და არც მინისტრობა, უბრალოდ არ დასჭირდებათ. მაგრამ, ჭკუის კოლოფ პოლიტიკოსებს ერთი კარგად შეუკურთხებენ, როდესაც ისინი სულში ჩაუძვრებიან. პოლიტიკური ამბიციით შეპყრობილი მანიაკები კი სწორედ ასეთ ადამიანებს დაეკითხებიან ჭკუას და სანამ ერთხელ გასჭრიან შვიდჯერ დაფიქრდებიან იმ თავისუფალ კაცს ნეტა ეს როგორ მოეწონებაო.

აი, როგორც სიერა ლეონეშია ”სიკრიტ სოსაითი”, ცალკე ქალებისა და ცალკე კაცების, ბონდო და პორო, ტრადიციის და საღი აზრის სადარაჯოზე. არც ერთი თავმოყვარე წევრი ”სიკრიტ სოსაითისა” არც კი გაიხედავს მანდატებისაკენ, მაგრამ ვისაც ეს პოლიტიკური მანდატები უნდა, მათი კურთხევა თუ არ მიიღო ვერას გახდება. აბა ბიჭია და მერეც შეეშალოს რამე.

ეხლა მეტყვით, მოინდომე კარგი ცხოვრებაო. რას იზამ, ვოცნებობ ხანდახან, მითუმეტეს აფრიკაში.

* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო დავიმარტოხელე. კომპიუტერთან მოვიხმე და დიდ ეკრანზე ვაჩვენე ბათუმის ”პიშევიკზე” დადგმული მოტრიალე ქალი და კაცი.

-         ნახე მომო! მოგწონს?
-         რა დიდებია სერ! რისგან არის, ვერცხლისგან? რა მდიდრები ხართ, სერ!
-         არა, უჟანგავი ლითონისგან!
-         ვინ არიან ესენი, ღმერთები?

რა ვიცი მომო, მგონი ერთი ქართველია და მეორე აზერბაიჯანელი. რომელი რომელია?



თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
11 ნოემბერი 2010 წელი