Friday, March 25, 2011

აფროქართველის ჩანაწერები 10 (38) - ფრიტაუნის გეოგრაფიულ-ისტორიული

ფრიტაუნის გეოგრაფიულ-ისტორიული


სიერა ლეონეს დედაქალაქი, ფრიტაუნი, ატლანტიკის ოკეანეში ღრმად შეჭრილი დიდი ნახევარკუნძულის უკიდურეს დასავლეთ ნაწილშია განლაგებული. ქალაქი ოკეანესკენ დაქანებულ უსწორმასწორო ფერდებზეა გაშენებული, ქუჩები ტერასებად ჩადიან წყლისკენ.

ქალაქის ცენტრი, ქალაქის გული და ათვლის წერტილი ”კოტონ ტრი”-ა. რამდენიმე საუკუნის წლოვანების უშველებელი ხე, უზარმაზარი ფესვებით რომ ეჭიდება მიწას. ახლოს რომ  მიხვალ, ისეთი განცდაა, რომ დედამიწა ჰკიდია ამ უშველებელი ხის ფესვებზე.

მოკლედ ეს კოტტონ თრია ფრიტაუნის ნულოვანი კილომეტრი. კოტტონ თრისთან დგას ჯერ კიდევ ინგლისელების აშენებული ულამაზესი, მდიდრული ბარელიეფებით მორთული შენობა, ეს აქაური სასამართლოა. აქ წყდება სიერა ლეონელების ბედი.

აქედან იწყება ფრიტაუნის ”დაუნტაუნი”, საქმიანი ქალაქი - ბანკები, კომპანიები, სახელმწიფო დაწესებულებები, მუდამ მოფუთფუთე ხალხით გადაჭედილი ქუჩები.

ეს კოტტონ ტრია კომუნისტების დროიდელი თბილისის ”ლენინის მოედაზე”  დაკოსებული ულიანოვის მონუმენტის ანდა დღევანდელი თბილისის თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ანალოგი. ეს არის ფრიტაუნის სიმბოლო და მისი სული.

-         სადა ხარ?
-         ქალაქში ვარ
-         კოტტონ თრიდან შორსა ხარ? რომელ მხარეს?

რამდენი რამ უნახავს ამ მცენარეს, და თუ მეხსიერება აქვს, ისე ეტყობა რომ აქვს, ახსოვს პორტუგალიელები, მონობა, ფრანგებთან ბრძოლები, სანიმუშო სასამართლოები, გადატრიალებები, სამოქალაქო ომები, ჯადოქრები, მსხვერპლშეწირვა, ინგლისელების წასვლა მოსვლები, დამოუკიდებლობის გამოცხადება და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი რამ.

ერთი ამბავი გამახსნდა. ამ რამდენიმე წლის წინ ამერიკიდან უკვე ხანშიშესული ვიეტნამის ვეტერანები გვეწვივნენ. ათას უბედურება გამოვლილი, თავგადასავლებმოლეული მაგარი კაცები. როგორც გვეკადრებოდა, ისე ვუმასპინძლეთ, ერთმანეთს გავუგეთ და მაგრად დავძმაკაცდით.  ერთი გასვლა და კარგი პურმარილი თელავშიც გვქონდა. იქაური უძველესი და უძლეველი მუხაც მოვინახულეთ. მონუსხულივით უცქერდნენ დაბერებული ამერიკელი ჯარისკაცები მუხას და მისი ასაკის გასიგრძეგანებას ცდილობდნენ.

-         ეს მუხა იცით რამდენი ხნისაა? აი სანამ კოლუმბი თქვენსკენ, ამერიკისკენ წამოვიდოდა, მანამდე უკვე აქ იდგა ეს დალოცვილი...

ასე ხატოვნად აუხსნა ერთ-ერთმა ჩვენგანმა საქმის ვითარება სტუმრებს.

ფრიტაუნის კოტტონ თრიც ასეა. უნდა მიეახლო, მის ენაზე გამოესაუბრო და უამრავ საინტერესო ამბავს გაიგებ.

კოტტონ თრის გარშემო გრანიტის ზღუდეები დაუდიათ, შადრევანი გაუშენებიათ, მანქანები მთელი დღე მის გარშემო წრეზე ტრიალებენ. ტრიალებენ და სხივებივით გასულ ქუჩებზე ნაწილდებიან.

ამ ქუჩებიდან ორი ნამდვილად საგულისხმოა. ერთი, მთავარი, შიაკა სტივენს სტრიტ, ხესთან მოდის გარს უვლის და უკვე დაუნთაუნში გრძელდება. ეს ფრიტაუნის მთავარი ქუჩაა, აქაური რუსთაველის გამზირია.

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი კოტტონ თრიმდე მოდის და იქ თავდება, ეს პადემბა როუდია.

შიაკა სტივენს სტრიტ ქალაქის მთავარი არტერიაა, ცენტრალური ძარღვია. ღმერთმა არა ქნას შიაკა სტივენსი გაიჭედოს. ჩათვალეთ ქალაქი პარალიზებული იქნება. ქალაქის ერთი მხარიდან მერეზე თუ გინდა მოხვდე, შიაკას გვერდს ვერ აუვლი, გინდ მათხოვარი და გინდ პრეზიდენტის ესკორტი.

პადემბა როუდი ქალაქში მოსახვედრი ლამის ერთადერთი შემოსავლელი ქუჩაა, ნაწილობრივ რომ განტვირთავს შიაკას, თუმცა მის შუაგულს უერთდება ბოლოს. ერთი თავისებურებაც აქვს. შუაგულ ქუჩაზე დგას აქაური ციხე. ყველა ჯურის პატიმარი აქ არის მოგროვებული. თუ სასამართლოზეა ვინმე მისაყვანი, სპეციალური მანქანები ქუჩას განუსაზღვრელი ვადით კეტავენ და სრულიად უიმედო და უპერსპექტივო ავტო-”საცობს” ქმნიან.

ეს უცნაური სახელებიც ამ ქუჩებს შემთხვევით არა ჰქვიათ.

შიაკა პრობინ სტივენსი დამოუკიდებელი სიერა ლეონეს (კინაღამ დავწერე საქართველოსი-თქო) პირველი პრეზიდენტი იყო. სწორედ მის საპატივსაცემოდ ჰქვია ფრიტაუნის ცენტრალურ და ყველაზე მნიშვნელოვან ქუჩას მისი სახელი.

საინტერესო და უცნაური კაცი იყო სიერა ლეონეს პირველი პრეზიდენტი. დიდი ცხვირის გამო ”ცხვირა ”შეარქვეს. პრეზიდენტობისას შიშის ზარს სცემდა გარშემო და არაერთი კაცი იმსხვერპლა.

1905 წელს დაიბადა, ლიმბას ტომელი მშობლებისაგან, გაგანია ინგლისის კოლონიაში. ისწავლა, კოლეჯი ინგლისში დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნდა და ინგლისელ კოლონიზატორებს კარგა ხანს ემსახურა.

საიდან სადაო, პოლიციის სერჟანტამდე იმსახურა, პროფკავშირების ლიდერი გახდა, მერე პოლიტიკოსად გადაიქცა, ჩამოაყალიბა ჯერ ერთი მერე მეორე პატია.

1962 წელს ქალაქ ფრიტაუნის მერი გახდა.

რიგით მესამე პრემიერ მინისტრი იყო, მანვე შექმნა პრეზიდენტის ინსტიტუტი და პირველმა თითონვე მოირგო ეს თანამდებობა.

სასტიკად იბრძოდა ადგილისათვის. რამდენჯერმე იძალეს მოწინააღმდეგეებმა. გაქცეულიც კი იყო, ისევ მობრუნდა ზოგი დახვრიტა, ზოგი ჩამოახრჩო. ერთპარტიულობა ყველაზე კარგიო, განაცხადა.

ამბობენ ეკონომიკა არ ესმოდა ქვეყანა გაძარცვაო. ”მანო რივერ” ალმასების მომპოვებელი უდიდესი კომპანია კი შექმნა.

ინგლისელების მიერ დამუშავებული რკინის მადნის საბადოების ნაციონალიზაცია გამოაცხადა და კარგა ხანს არავის არ აკარებდა.

ფული რომ შემოაკლდა, ერთი გენიალური ოპერაცი გააკეთა. ინგლისელების გამართული რკინიგზის სისტემა აითვალწუნა, ჩვენს ხალხს ეს არ სჭირდებაო. ასეულობით კილომეტრები რელსები ააყრევია და უბრალოდ... ჯართში ჩააბარა. მილიონები აიღო. რკინიგზის არსებობას დღესაც ლეგენდად ჰყვებიან მოხუცები.

შიაკამ 1971 წლიდან 1985 წლამდე იპრეზიდენტა. მერე დიდხანს და ფრთხილად ირჩევდა მემკვიდრეს. გენერალი ჯოზეფ საიდუ მომო წინ გამოსწია და გააპრეზიდენტა.

შიაკა 1988 წელს 82 წლისა გარდაიცვალა, მისი ხელდასმული პრეზიდენტი გენერალი ჯოზეფ საიდუ კი 1991 წელს გააქციეს აჯანყებულებმა.

-         ნეტა ”ცხვირა” შიაკას რაც ალმასები ჰქონდა, იმისი მეათასედი მოგცა!

ასე უსურვებს ხოლმე სიერა ლეონელი ახლობელს. დღესაც პრეზიდენტი სტივენსის დამალული განძის ძიებაშია ბევრი.

აი ასეთი კაცის ქუჩა გადის ზედ კოტტონ თრიზე. ხეს კი შიაკა კარგად ახსოვს, მისი დაბადება, აღზევება დაცემა, გაპრეზიდენტება და გამდიდრება. ყველაფერი მის თვალწინ მოხდა.

მეორე ქუჩა კი სულ სხვაგვარი კაცის სახელობისაა. პადემბა როუდ.

პა დემბა ერთი სოფლის თავკაცი იყო. სოფელი სწორედ იქ ყოფილა სადაც ეხლა პადემბა როუდია. მაშინ ფრიტაუნი პატარა იყო და იქამდე ვერა წვდებოდა.

1794 წელს ფრანგების გემები მოადგა ფრიტაუნს. ვითომ სავაჭროდ მოსული ფრანგები, ვერაგულად შეიჭრენ ახლადდაარსებულ ფრიტაუნში და ძარცვა მარადიორობა ატეხეს. ახალი სქოთიის კოლონიას ფიზიკური განადგურების საფრთხე დაემუქრა. საშველი არსაიდან არ იყო.

ქალაქს პა დემბას სოფელთან და ტემნეს ბელადებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ბელადები ბოროტი სიხარულით შესცქეროდნენ კოლონიის დაქცევას და ფრანგებს საქციელს უქებდნენ.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა სოფლის თავკაცი, პა დემბა. თავისი ტომისა და ბელადების განწყობა არაფრად ჩააგდო და აოხრებული კოლონიის ბავშვები და ქალები შეიფარა, გადამალა. სოფლის ისედაც მწირი საკვების მარაგი გადაანაწილა, თავისიანებს მოაკლო და გაჭირვებულებს გაუზიარა. ეს უამრავი უნებლიე სტუმარი მანამ შეინახა, სანამ საფრთხემ არ გადაიარა. მომხვდურსაც მაგრად დაუდგა და თავისიანსაც.

სიერა ლეონეში დღესაც მოწიწებით ამბობენ ”პა დემბა”, ისე, როგორც წმინდანს მოიხსენიებენ. თუმცა ახალი თაობისათვის ეს ბგერები სულ უფრო და უფრო ციხის, კრიმინალის და პოლიციის ასოციაციას იწვევს. აკი გითხარით, შუაგულ ქუჩაზე, სიერა ლეონეს ლამის ერთადერთი ციხეა გაშენებული და ყველა ვიგინდარა და ღვთის გარეგანი იქ არის მოკრებილი.

უცნაურად იკვეთება ეს ორი ქუჩა სიერა ლეონეს მთავარ ხესთან. ეს ამბებიც მშვენივრად იცი კოტტონ თრიმ.


* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯს, პოლიციელი მომოს ვუზიარებ ხოლმე ახლად გაგებულ სიერა ლეონურ ამბებს.  ტყუილ მართალსაც ვამოწმებ. აბა ვის ეცოდინება უკეთ, თუ არა ნამდვილ ფრიტაუნელს და თანაც პოლიციელს.

-         აბა, სერ! ”ცხვირა” შიაკა სტივენს კარგად ვიცნობდი, მაგასთან ყარაულშიც ვმდგარვარ, ცხვირი კი ჰქონდა დიდი, მაგრამ დიდი უცხვირპირო ვინმე იყო.
-         პა დემბაზე რა იცი, მომო.
-         პა დემბა წმინდანია, მაგრამ აბა რა გითხრათ, ერთად მივიდეთ კოტტონ თრისთან, ამბობენ, მის ძირში თუ დაჯდები, თვალებს დახუჭავ და მოინდომებ, ამბებსაც მოგიყვებაო.


თორნიკე ბერიშვილი

ქ.ფრიტაუნი
24 მარტი 2011 წელი




Friday, March 18, 2011

აფროქართველის ჩანაწერები - 9 (37) - სუვენირები

სუვენირები


ჩემი ცოლი ისევ ფრიტაუნშია. გამგზავრების დღე ახლოვდება და საჩუქრებისა და სუვენირების თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. წარმოგიდგენიათ აფრიკიდან ჩამოსული უსუვენიროდ! ნამდვილი ბოდვაა.

-         სად იყიდება ნამდვილი, აფრიკული რამე რუმეები, ფერადი ნაჭრები, ნახატები... ? უნდა წამიყვანო.
-         ყველაფერს თავის წესი აქვს, მთავარია მოთმინება.

ვიცი, რომ ეს გარდაუვალი ამბავია და მაინც ვერ გადავრჩები. ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო, ამბობენ. აქაური სუვენირების მოძიება მთელი თავგადასავალია. ისევ ახალი თვალით დანახული სჯობს.

ჩემი მეუღლის დღიურიდან:
”...ფრიტაუნში, განსაკუთრებით ახალი ჩამოსულისთვის დილემა ჩნდება: სად და როგორ უნდა  შეიძინოს სუვენირები ისე, რომ  კოღოებმა არ დაკბინონ, რათა სიერა ლეონეს დატოვების შემდეგ გარანტირებული მალარია არ წაიყოლოს? კმაყოფილი დარჩეს თავისი ვაჭრობა - პაექრობით ეგრეთ წოდებულ გამყიდველთან და თანაც კმაყოფილი იყოს ნაყიდით, ანუ მოტყუებული არ დარჩეს და 10 ”შემოცურებული” ყოვლად უსარგებლო ნივთის მაგივრად, მხოლოდ 2 ან 3 შერჩეს ხელში.

სულ მიკვირდა და ვფიქრობდი, როცა თორნიკე ჩამოდიოდა და ჩამოჰქონდა სხვადასხვა აფრიკული  სუვენირები: ” რით ვერ აარჩია  უფრო წესიერი ფერები, ან როგორ ვერ მოახერხა ერთხელ მაინც ოდნავ ხარისხიანი  ნივთების შეძენა. მაგ. ტყავის ნაკეთობის, რომელსაც თვეობით ჰაერზე განიავება არ დასჭირდება და ბოლოს და ბოლოს  ვინმესთვის მაინც გამოსადეგი გახდება. შეპარულ  შეკითხვებზე პასუხი ყოველთვის  ერთი იყო: - აი, როცა შენ ჩამოხვალ, წაგიყვან ”ბიგ მარკეტზე” და თვითონ აარჩევ.”

უნდა გითხრათ, დღიურის ამ მონაკვეთმა სახტად დამტოვა, ყოველ ჩატანილ ნივთს იმდენი აღტაცებული შეძახილით ხვდებოდნენ?! თავი კიტრი მეგონა. ობიექტური, მწარე სინამდვილე კი სულ სხვა ყოფილა. აღარაფერს აღარ ვიყიდი! რაღა დროს? მაგრამ, ისევ დღიურს მივუბრუნდეთ:

”...უნდა მოგახსენოთ, რომ  ჩამოსულისთვის  ფრიტაუნი სამ არჩევანს სთავაზობს: : ”ბიგ  მარკეტს, ბიჩ მარკეტს და სანაპიროზე მოხეტიალე ინდივიდუალურ გამყიდველებს.

ბიგ მარკეტი
ბიგ მარკეტი ქალაქის ცენტრში გახლავთ. ფუნდამენტური შენობის გადახურულ ნაწილში. მართალია, სანამ ბიგ მარკეტის შესასვლელს გაარკვევთ, ერთი- ორჯერ ჩვეული  ხტუნვის ილეთი უნდა მოიხმაროთ (ამჯერად კენგურუს ფართე ნახტომი) თუ არ გინდათ რომ  ფეხი დააბიჯოთ  მიწაზე გაშლილ,  კობრის, ანაკონდის, ან ალიგატორის  მზეზე მოლაპალაპე  ტყავებს.

ბიგ მარკეტში შესვლისას  სულ სხვა სამყაროში ხვდებით, სწორედ იმ სამყაროში, რომელიც აფრიკაში წამოსვლისას წარმოგედგინათ და სადაც ასე გჭირდებოდათ მოხვერდა.  

ცივილურად ჩაცმული გამყიდველები გესალმებიან თავიანთი დახლებიდან და ფიქრობთ: რა ბედნიერებაა, მარაოს სახეში არავინ არ გიფრიალებს და ეხლა რასაც მინდა, იმას ავარჩევ.

საკმარისია, მარკეტის ოდნავ სიღრმისკენ აიღოთ გეზი, გრძნობთ, რომ თქვენი  ეგრეთ წოდებული  ”თავისუფლების  სპეისის” რკალი ნელა- ნელა  ვიწროვდება, ყველა  ჯიხურიდან  თქვენი მიმართულებით გამოსული გამყიდველები თავს გეხვევიან, ზრდილობიანად, მაგრამ დაჟინებით გეპატიჟებიან თავისი ჯიხურებისკენ.

-         მემ, ამას ხომ არ ინებებთ? შეხედეთ,  ეს ნამდვილი  აფრიკული თიხისგან  არის გაკეთებული.... ეს ძვლისგან  არ არის, თვენ ეგრევე გეტყობათ რომ ძვლები არ გაინტერესებთ....
-         მემ, აქეთ მოიხედეთ,  მე სწორედ რომ ძვლის ნაკეთობები  მავს, მე თვითონ ვამუშავებ, აფრიკული თიხა ადვილად ტყდება და არაფერში არ გამოგადგებათ....
-         მე მგონი მემ,  სახეზე გეტყობათ, რომ არც ძვალი და არც თიხა გაინტერესებთ, წამომყევით, ისეთ ხის ნაკეთობებს გიჩვენებთ, რომ დარწმუნებული ვარ, აღარ მოგინდებათ  ჩემგან წასვლა...
-         არა, დიდი მადლობა, მაგრამ  ამხელა  ზომის ჰიპოპოტამს ნამდვილად ვერ  წავიღებ, პირღია ნიანგიც არ მჭირდება, ან სად უნდა ჩავდო, ან როგორ წავიღო, რომ პირი არ გაუტყდეს.....   ხის გველი ნამდვილად არ მინდა, არასასიამოვნოდ დაკლაკნილი მეჩვენება...., თანაც ხელს ვერ ვკიდებ, დიდი მადლობა, მაგრამ სპილოების მთელი ოჯახიც ალბათ არ გამომადგება, კი, ვხედავ, რომ ლამაზი  პატარა შვილები ჰყავს.. მაგრამ მე უფრო მძივები მაინტერესებს....., იქნებ რაღაცნაირად  გამატაროდ... რომ  გავიარო... გმადლობთ..
-         მძივები? აქეთ, აქეთ, მეეეემ!

5 წუთში  უკვე ახალი ეპოპეა იწყება და ვხვდები, რომ სასწრაფოდ  ახალი ტაქტიკის შემუშავება მჭირდება: ტვინში სწრაფად ვატრიალებ სელექციის  კომბინაციებს : ნამდვილი ქვები მინდა, მოკლე მძივები არა, ბრჭყვიალა ფერები არა, ბარაკუდას ძვლებისგან, აქაური თევზია, გაკეთებული მძივები არა, შუშა და პლასტიკი არა. მზად ვარ!  

-         დიდი მადლობა, მაგრამ ნუ მაკიდებთ ამ სიმძიმე მძივების აცმას, ფეხზე  დგომა მიჭირს, ვიცი, ნამდვილი ქვებია, მაგრამ ძალიან გრძელი აცმა არის, თანაც  დასაკეტი არ აქვს... არა დასაკეტს მე თვითონ ვერ გავუკეთებ და ვერც ესე დავკიდებ ვინმეს, საჩუქრად... თუ შეიძლება, მომხსენით და იქნებ ამ რამოდენიმე მძივს აფრიკული ტანსაცმელი შევურჩიო...

მართალი გითხრათ, ტანსამლის არჩევისთვის ენერგია სულ აღარ მრჩება, მაგრამ ლამაზი ნატურალური ნაჭრები გხიბლავს, ცდუნებას ვეღარ გაურბიხარ და შენთვის ფიქრობ: ამდენს გაუძელი, ამას როგორ ვერ უნდა გაუძლო - თქო... კიდევ ცოტაც.

ტანსაცმლის  ”ფრონტი” სულ სხვაა: თუ  ყელზე დაკიდებული მძივების მოხსნა მარტივია, სიცხეში თქვენზე ჩამოფხატული გრძელი აფრიკული კაბის გახდა ადვილი არ გეგონოთ, თანაც იმ დროს, როცა მეორე უკვე სხვა კაბით დგას რიგში  და გელოდებათ რომ ჩამოგაცვათ, მეორე რაუნდზე.....

-         მემ, ნახეთ  ეს ფერები როგორ უხდება თქვენს თვალებს?!! ზუსტად თქვენი თვალების ფერია, აი ჩაიხედეთ სარკეში და თვითონ დარწმუნდებით, ოღონდ ხელი არ გაიჭრათ, ფრთხილად დაიჭირეთ ეს სარკის ნატეხი, იმ დღეს ჩემმა ქმარმა ქუჩაში იპოვნა და გახარებულმა  მომიტანა, შენი კლიენტებისთვისო....
-         მემ, ესე სწრაფად ნუ ატრიალებთ!  აა, პატარაა თქვენთვის?  ვერაფერს ვერ ხედავთ?  არა უშავს, ნუ ღელავთ, მე ხომ აქ ვარ და გეუბნებით, რომ ძალიან გიხდებათ.”

მთელი ამ ვაჭრობა - თავგადასავლის მანძილზე უკან მივყვებოდი და ზურგს და ფლანგებს ვამაგრებდი, მოძალებულ გამყიდველებს ვიგერიებდი. აქ რასაც ყვება ეს ის ნაწილია, რომელიც მე გამეპარა, ან სიტყვა პასუხით ვერ მოვიგერიე. მოკლედ ეს ერთი ეტაპი მშვიდობით დავმთავრეთ.

ისევ დღიურიდან:
 ბიჩ მარკეტი
ბიჩ მარკეტი, ბიგ მარკეთთან შედარებით ზომით  პატარაა, მაგრამ ალბათ ოცამდე დახლს მაინც მოიცავს. ერთი სიტყვით, გადახურული დიდი ქოხია და  ოკეანეს ნაპირთან ახლოს მდებარეობს.  ბიჩ მარკეტი უმეტესად ერთ ოჯახს ან ნათესაობას უჭირავს, რომლებიც მარკეტის ადგილმდებარეობის ფულს ან არ იხდიან, თუ უკვე მათი საკუთარი მიწაა, ანდა გადასახდელს ერთმანეთში იყოფენ.

გამყიდველები ფაქტიურად იქ ცხოვრობენ და სულ არ აინტერესებთ ჩამოსული ტურისტი მათგან ათ ნივთს იყიდის თუ ორს. მაგრამ, მინდა ისიც გითხრათ, რომ აქ, ბიჩ მარკეტზე, უფრო მონახავთ ლამაზ და იშვიათ ნივთებს ვიდრე ბიგ მარკეტზე.  

ბიჩ მარკეტს თავისი განსაკუთრებული თავისებურება აქვს. პირველი, შეუძლებელია  მარტო წასვლა; მეორე - უნდა უკვე იცოდე ბიგ მარკეტის ფასები; მესამე  - არასდროს არ დანებდე იმ ფასს, რასაც გთავაზობენ.

აქაც თავისებური ყიდვის ტაქტიკა  გჭირდება:  იწყებ  მარცხნიდან, მიჰყვები რკალად და გამოდიხარ მარჯვენა მხრიდან. ყოველ ჯიხურთან აგროვებ ნივთებს, რაც მოგწონს, კაფავ გზას ქვიშაში, გზად აქეთ-იქით არეგულირებ უამრავი პატარა ბავშვების ”ტრაფიკს,” რომლებიც ფეხებზე გეპოტინებიან, გდორბლავენ, ფულს გთხოვენ  და ხელში ჩაბღუჯულ საჭმელს გაზილავენ....

ამასობაში თქვენი თანმხლები პირი უკან მოგყვებათ, იღებს თქვენს მიერ არჩეულ ნივთებს და  პატრონთან  ”ვაჭრობას” იწყებს.  

ერთი შეხედვით თქვენ ადვილი ”როლი” გაქვთ - თვენ მხოლოდ ირჩევთ, თქვენი თანმხლები პირი კი ვაჭრობს, მაგრამ ესეც ადვილი არ გეგონოთ.

-         შეიძლება აი, ის პერანგი ჩამომიხსნათ, სულ ზევით რომ ჰკიდია?
-         რომელი? აა, სულ ზევით? - ზლაზვნით მეკითხება გამყიდველი - რად გინდათ? თქვენს  მეუღლეს მაინც არ ჩაეტევა, ვერ ხედავთ რა ზომაა? - დარწმუნებით ამატებს.  გულში ვპიქრობ, რა ზომაა პერანგი თუ მეუღლე?
-         ჩამომიხსენით თუ შეიძლება ( მე უკვე პრინციპზე ვარ).
-         კი ბატონო, ქალბატონო, ინებეთ... აღმოჩნდა, რომ მართალია,  არა ზომის გამო, არამედ უკან მზისგან გახუნებულია და უვარგისია......
-         მემ, სულ რომ სუვენირებს ეძებთ, ამაზე კარგი სუვენირი რა უნდა იყოს: სიერა ლეონეს დროშა,  ხელით  დაქარგულია, ეროვნული ფერები შენარჩუნებულია, თანაც ტანზეც შემოხვევაც შეგიძლიათ, წყლიდან  ამოსვლის შემდეგ, შეჰედეთ, არ არის ლამაზი? -  შემომეხვივნენ ბიჭების ჯგუფი და დემონსტრირების მოწყობა უნდოდათ.

-         მთავარია, ხელი ჩემი საფულედან ამოიღეთ  და მაშინ უფრო კარგად შევხედავ - უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცა თავისუფლად ”მანიპულირებს” ჩემს ჩანთაში.

-         აქეთ მობრძანდით, მემ, აქ სიგრილეც არის და მარაოსაც მოგაშველებთ! მემ, რატომ გამოტოვეთ რამდენიმე  დახლი? იმიტომ რომ გეწყინათ? ეს ხომ ხუმრობა იყო! ჩვენ ესე ტურისტებს ვცდით ხოლმე, ბევრი თქვენსავით გამოცდილი  კი არ არის......

იშვიათი ნივთების შეძენის სურვილი, თქვენი თანამოახლის ”პროფესიონალური” ვაჭრობა და მარაოს ”სერვიზი” ( მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმეჯერ უცაბედათ აცდენილი მარაო ერთი-ორჯერ სახეშიც მიიღეთ)  უკვე  სიცხისგან გათანგული და ბუზების მოგერიებისგან დაღლილი მაინც მიიწევთ წინ, მარშრუტის შეუცვლელად,  ცდილობთ რომ არც ერთი დახლი  დაუთვალიერებელი არ დაგრჩეთ. იმიტომ რომ იცით, რომ აქ  ნამდვილად აღარასოდეს დაბრუნდებით.  აი გასასვლელიც....

-         თორნიკე რა გჭირს? ნუთუ ესე გცხელა,  ისეთი სახე გაქვს, გეგონება ჭკუაზე არ ხარ? ცოტაც და ამ სიას ბოლომდე ჩავყვები.... არა, კარგი, მგონი, მე შენზე უარესად ვარ! შეუძლებელია,  წავედით...”

მიხვდით ალბათ, თანმხლები პირი ეს მე ვარ, ვისაც გადმოაბარებენ არჩეულ ნივთებს და მტოვებენ გავეშებულ გამყიდველებთან სავაჭროდ. ამასაც გაუძელით.

ისევ დღიური:
ბიჩ-ზე  მოხეტიალე გამყიდვლები
”მესამე და ბოლო არჩევანი ბოლოსკენ მოვიტოვე, იმიტომ რომ ეს არჩევანი ერთდროულად სხვადასხვა  მნიშვნელოვან ფუნქციას  აერთიანებს. ეს არჩევანი უფრო რელაქსაციის, ყოველგვარი დაძაბულობისა და ნერვიულობის გარეშე ხდება. ბიჩ-ზე მოხეტიალე გამყიდვლები არიან ყველგან  და ყოველთვის,  დღისა და ღამის ნებისმიერ დროს.  ეს უკვე რამხელა შვებაა.

ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ყველას  ზუსტად ერთნაირი საქონელი უჭირავს და ამ  მხრივ არ უნდა იღელვოთ -  მთელი სანაპიროს გაყოლებით აქ თუ არა,რამოდენიმე მილის იქით ზუსტად იგივე ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ. ხარისხი დაბალი, მაგრამ  მაინც კმაყოფილი დარჩებით. იქვე ჩაუჯდებით ქვიშაში, გამყიდველიც ჩაგიცუცქდებათ, გაშლის მძივებს, ნაჭრებს, ათას წვრილმანს და იწყება დინჯი ვაჭრობა.”


* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ეჭვით ათვალიერებს ჩვენს ნავაჭრს.

-         ეს რა არის სერ?
-         ბიგ მარკეტი და ბიჩ მარკეტი მოვიარეთ მომო. არ იცი ქალების ამბავი.
-         ეხ, სერ! ნეტავ გეთქვათ. წარმომიდგენია როგორ გაგატყავეს. აქ, სახლში მოგიყვანდით მაგარ მოვაჭრეებს, ვისაც კარგი საქონელი აქვს. ფასიც კარგი იქნებოდა. აბა მომო რისთვისა გყავთ?

აშკარად ეწყინა.

-         კარგი მომო, მეცოდინება.
-         მე თქვენთვის ვამბობ, თორემ
-         რა ვიცოდი სუვენირებითაც თუ ვაჭრობდი?

მომომ თავი დანანებით გადააქნია.


თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
16 მარტი 2011 წელი.



Friday, March 11, 2011

აფროქართველის ჩანაწერები - 8 (36) - აფროქართველის ცოლის ჩანაწერები

აფროქართველის ცოლის ჩანაწერები


ჩემს ყოველდღიურობაში დიდი ცვლილებები და აურზაურია. ჩემი მეუღლე გვეახლა ფრიტაუნში. დიდი ხანია ემზადება და ბოლოს როგორც იქნა გადაწყდა. გადაწყდა მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ არის თავგადასავლების მაძიებელი, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს არკვევდა შეხვდებიან თუ არა ქვეწარმავლები  და სხვა მცოცავები ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ უყვარს ოკეანის თავზე ფრენა. მიუხედავად იმისა, რომ ვინც კი გაიგო მისი მომავალი მოგზაურობის შესახებ, ყველამ შეიცხადა  და ათასი სისულელით ”დაგრუზა”.

ერთხელ, აბერდინის გასაოცარ სანაპიროზე მზეს მიფიცხებული ლუდს მივირთმევდი და ოკეანის შრიალით ვტკბებოდი. ”რელაქს!” - როგორც აქაურები იტყვიან. აწკრიალდა ტელეფონი, საერთაშორისო ზარია. ზანტად ვუპასუხე - დიახ! ბიჭოს! ჩემი მეორე ნახევრის სასოწარკვეთილი ხმა:

-         ეხლავე მითხარი სიმართლე, რა ხდება მანს, არ დამიმალო, ხომ არაფერი არ გემუქრება!?
-         რა ხდება? ოკეანის ნაპირზე ვუსაქმურობ და ლუდსა ვსვამ!
-         არა, შენ სულ ესე იცი. მე ყველაფერი გავიგე, მანდ ძალიან საშიშია. ეხლავე აიღე ბილეთი და წამოდი, არავის არ სჭირდება ეს შენი აფრიკა.
-         რა საშიში? ლუდი, ოკეანე, მზე და ოქროს ქვიშა!

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქუჩაში დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შეხვედრია. როგორც ქალებმა იციან, დაუქაქანებიათ. ლაპარაკში ჩემს ცოლს უთქვამს, ჩემი ქმარი აფრიკაში, სიერა ლეონეში მუშაობსო.

-         დედა, ეს რა მითხარი! - იტკიცა ნაცნობმა - ეს რა დაგმართნიათ, ეხლავე უნდა წავიდე ეკლესიაში, სანთლები უნდა დავანთო და ვილოცო თქვენთვის.

სახტად, მარტოდ დარჩენილი ჩემი მეუღლე ტელეფონს ეცა.

მაგრამ მაინც გადაწყდა! იმიტომ რომ ქმარი ქმარია. ამ თავგანწირვის არდაფასება შეუძლებელია და მეც გაფაციცებული და მონატრებული ველოდები. ბოლოს და ბოლოს ლუნგის აეროპორტში დაჯდა რეისი ლონდონი - ფრიტაუნი.

მხოლოდ ერთი კვირა გავიდა, მინდა ერთბაშად გავუზიარო ყველა შთაბეჭდილება რაც ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვდა. საინტერესოა როგორ აღიქვამს ახალი თვალი.

ჩემი მეუღლის დღიურიდან:
”.. მე და აფრიკა! რას წარმოვიდგენდი, რომ როდესმე ქმრის სანახავად აფრიკაში მომიხდებოდა ჩამოსვლა...”

ეხლა უკვე გვიანია, ავანტიურისტს და მომავალ აფროქართველს რომ მიყვებოდი ცოლად, მაშინ უნდა დაფიქრებულიყავ.

დღიურიდან. ჩამოსვლა.
ლუნგის საერთაშორისო აეროპორტი... 18 საათი ფრენის შემდეგ როგორც იქნა დავჯექით, უმალვე სიბნელე და ხალხის ფუსფუსი გზარავს... ფარნების სინათლისგან  ისედაც ფრენისგან დაღლილს თვალები სულ გებნევა, ერთი სული გაქვს რომ სადმე ჩამოჯდე....  ”ელენე” -  უცებ მოვკარი თვალი ხელით დაწერილ ტაბლოს და დავადასტურე თუ არა ჩემი ვინაობა, წამში უკვე  რაღაც რიგში ვიდექი და  უნებურად ვასრულებდი მითითებებს - ” პასპორტი მოამზადეთ, ნურაფერზე ნუ იდარდებთ, რასაც გკითხავენ, ყველაფერზე  დაეთანხმეთ”....სიბნლეში თორნიკეს ვეძებ,  -- -  ”მემ, თქვენი მეუღლე ტელეფონზე გირეკავთ, აბა  დაელაპარაკეთ...” ჩემი მეგზური მაწოდებს მობილურს....

-         აქეთ წამოდით, მემ! მაგ რიგს ავცდეთ, აი აქ დადექით.

ჯიხურს აშკარად აწერია ”დიპლომატიური პასპორტები”. გულში ვფიქრობ, ნეტა მე რა შუაში ვარ. ვცდილობ ვიკითხო, - ცსს - პასუხად - გვაცალეთ, მემ!

ხალჰი გაწვება, ვიღაცა რაღაცას გეკითხება, კონტროლის ჯიხურში მგონი უფრო მეტი ხალხია შეკრებილი, ვიდრე რიგში... ვინ რას აკონტრროლებს, ვინ  ვის რა დოკუმენტებს აწვდის, ვინ რას ამოწმებს, ნეტავ პასპორტი არ დამიკარგონ!... როგორც აქ იტყვიან, აქ ყველაფერი უპრობლემოდ კეთდება, ” აცრები გაქვთ გაკეთებული? ყვითელი ციების ფურცელი გააქვთ?,  კერძოდ რა გიდევთ ჩემოდანში?... პასუხის გაცემას ვერ ასწრებ , იმიტომ რომ უკვე გარეთ გაგიტანა ხალხის ტალღამ, გასაკვირად ყველა დოკუმენტი ხელში მაქვს და აი, დავინახე, თორნიკეც იქ დგას.....”

არა, ვიცოდი, რომ ჩემს მეუღლე გაეხარდებოდა ჩემი ნახვა, მაგრამ ასე! მაინც რა არის ეს აფრიკული ჰავა!

დღიურიდან.
”...ქვეყანაზე ვინმეს თუ  ოდესმე  უნახავს  მწვანე მთვარე? ეს სიერა ლეონე გახლავთ....” 

ფრიტაუნი.
”...თითმის ყველა ცენტრალურ ქუჩას კანალიზაციის  ღია, თავდაუხურავი არხი გასდევს, რაც ქუჩაში გასულ მგზავრს  არასასიამოვნო კომფორტის შთაბეჭდილებას უქმნის, მაგრამ ამავე დროს ერთგვარი ვარჯიშის შანსს აძლევს, რომ ჩქარ - ჩქარა, გადარბენით ანდა  გადახტომ -  გადმოხტომით შეიგრძნოს ფრიტაუნი ქუჩები.

...ხალხი, ხალხი, ხალხი, ყველგან, არც ერთი შუქნიშანი, რა შუქნიშანი უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც  ვიცე პრეზიდენტი დილაობით ოფისში მიდის და გენერატორს ქოქავს, თავისთვის და პრეზიდენტისთვის.

...მაგრამ არა უშავს.... ქალაქში  ტრანსპორტის ნაკადი არ წყდება ..  იქ სადაც ძალიან გაჭედილია, მკითხაობაც არ უნდა, ესე იგი პოლიციელი იქვეა სადმე და  თავის ჭკუაში რაღაცას არეგულირებს. ასე რომ მანქანით რომ მიდიხარ, ერთს ნატრობ -  გზაჯვარედინზე პოლიციელი არ დაგხვდეს, თორემ ნამდვილად 3 – 4 საათის ამბავია...

...ფრიტაუნი,  ტერასების ქალაქი, ოკეანეს მხიდან ისეთი უჩვეულო და საინტერესოა! თითქმის მთელი ქალაქი  რამდენიმე მთაზეა გაწოლილი,  გზები კლაკნილია და არასდროს  არ იცი, რომელი მხრიდან ჩაგიფრენს ისარივით რომელიმე ”მარჯვე” მოტოციკლეტისტი თუ ტაქსის მძღოლი. ღამე განსაკუთრებით საშიშია. ახალგაზრდები, ალბათ როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, უდარდელად უმატებენ სიჩქარეს, გზად მიმავლები ღამის კლუბებისკენ და კაფეებისკენ...

...ქალაქი  არქიტექტურით ჭრელია, უფრო სწორედ არქიტექტურის ნიმუში აქ  თითზე დასათვლელად თუა, სამწუხაროდ  უმთავრესი ლამაზი შენობები თითქმის განადგურებულია ქვეყანაში  11 წლიანი  სამოქალაქო ომის  შედეგად.”

ნეტა რომელ ქალაქზე ჰყვება? მე კი თვალი მივაჩვიე ფრიტაუნს და არაფერი აღარ მიკვირს.

მეუღლის დღიურიდან. ხალხი და ჩაცმულობა.
”...ერთი კვირაა ფრიტაუნში  ვარ და ასე მგონია, რომ დიდი ხანია აქ ვცხოვრობ, ეს ალბათ აქაურების გულღიაობის გამოა ჩამოსულების მიმართ. მომწონს მათი დამოკიდებულება - უშუალო, უზომოდ მოკრძალებული, დინჯი და საოცრად მეგობრული.

ხალხს, რომელსაც დღემდე  სახლ - კარი არ აქვს, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გასაცოდავებული საჰურავით დაფარულ ჯოხებისა და ფიცრებისგან შეკრულ ქოხებში ცხოვრობს,  რომ არ ავღნიშნოთ ანტისანიტარია, უწყლობა და უსინათლობა, სულ არ არის ან გაღიზიანებული, ან აგრესიული ან გაბოროტებული... ისე მოგესალმებიან, გაგიღიმებენ და ტრაგიკული სახეების გარეშე გთხოვენ ფულს... ერთდაერთი შემზარავი ადგილი ის დიდი მოედანი არის, ქალაქის ცენტრში, მის ერთ - ერთი  კედლის გაყოლებაზე, სადაც ჩამწკრივებული  ხეიბრები და უსინათლოები ელოდებიან გამვლელ მანქანებს; ოდნავ თუ შეჩერდი, გირჩევთ არ გაიხედოთ, ყველას მაინც ვერ დაეხმარებით, იმდენ  ბავშვს, ქალს და მოხუცს დაინახავთ თკვენსკენ დაძრულს, თავისი საინვალიდო სკამებით... გული შეგეკუმშებათ....

 ...ამ ყველაფრის ფონზე ხალხის ჩაცმულობა და მათი სამოსის სისუფთავე  ნადვილად თვალში  საცემია, ისე  გამოეწყობიან და შვილებსაც გამოპრანჭავენ. განსაკუთრებით დილას ადრე უნდა ნახოთ სკოლაში მიმავალი ბავშვები როგორ აკურატულად გამოიყურებიან, გაქაქათებული წინდები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს თავის სპეციალური უნიფორმები აცვიათ, თმები აფრიკულ მოდაზე პატარა ნაწნავებით შეკრული სხვადასხვა ფერის ბაფთებით.... გულში ფიქრობ, ნეტა როდის ასწრებენ ან როგორ ახერხებენ ამას?

დღიურიდან. ჩიფი.
”...თორნიკეს მზღოლი - ჩიფი, 22 წლის არის, პარამაუნტ ჩიფის შვილია. მამამისი ერთ დროს ასი ათასზე მეტი ადამიანის ბელადი იყო.  ბავშვობიდან პატარა ბიჭს უკვე გაჯმდარი აქვს დისციპლინა,  სიმამაცე და ამავე დროს უზომო სიდინჯე, მაგრამ ისიც ახსოვს, რომ იმის გამო, რომ მამამისს დაახლოებით 50 შვილი ჰყავდა,  ხშირად ვერ ხვდებოდა მამას.

-         ჩიფ, გახსოვს ბოლოს როდის შეხვდი მამაშენს?  -  ვეკითხები მანქანაში სანამ თორნიკეს ველოდებით.
-         როგორ არა, მემ, ბოლოს მისი სიკვდილის წინ ერთი კვირით ადრე ვნახე და არასდროს დამავიწყდება მისი დარიგება: მითხრა სიტყვა მომეცი, რომ განათლებას უსათუოდ გააგრზელებ, იმიტომ რომ განათლება შენი ცხოვრების წარმატების საფუძველია,  მხოლოდ განათლებით შეიძლება წინ წასვლა და იმ ცხოვრების შექმნა, რაც შენ ხალხს და შენ  ბედნიერებას მოუტანს.
-         იცით  კიდევ რა მითხრა?   მთავარია ხალხთან საერთო ენა გამონახო,  შეიძლება იყო პარლამენტში და ხატოვნად და კარგად ლაპარაკობდე, მაგრამ უბრალო ხალხი ვერ გიგებდეს... 
-          კიდევ რა გახსოვს შენი ბავშვობიდან? 
-         კიდევ მახსოვს, რომ დედაჩემი მამის სხვა  ცოლებთან შედარებით ყველაზე მეტს შრომობდა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი იყო, ვერ მოხვდა პირველი ცოლების რიგში. დედა  სულ ჩვენთან, შვილებთან იყო, ჩემს ძმასთან და ორ დასთან, მაგრამ მე არასდროს არ მახსოვს  მისგან ცუდი სიტყვა მამაჩემზე, ეს კი არა, წინა თვეს ჩემი  ერთ - ერთი ნახევარი ძმის ქორწილში ვიყავით ერთად..... თუ  გინდათ, მემ, ფოტოს მოვიტან და გაჩვენებთ... მამაჩემის  ფოტოც მაქვს, იმასაც მოვიტან..
-         უსათუოდ, ჩიფ, არ დაგავიწყდეს.”

მართლაც მოიტანა სურათები. ერთზე მექადან ახალდაბრუნებული მამამისი მკაცრად შემოგვცქეროდა სურათიდან. მეორეზე კი თავად ჩიფი და მოოქროვილ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მის დას უფრო მიამგვანებდი, ვიდრე დედას.

დღიურიდან. ჰავა.
”... ჰავა   სიანტერესო პერსონაჟია, ყოველ დილას მოადგება სახლს  და  ხუთ  წუთში უკვე  იატაკის ჯოხითა და გაქათქათებული ჩვრით ხელში კარიდანვე იწყებს წმენდასა და დალაგებას. ჰავას თავის სისტემა აქვს, მთავარია გზად არავინ არ შემოეგებოს, მაშინ ყველაფერი რიგზე დალაგდება, იქ ჭურჭელი აქვს დასარეცხი, იქ ცოტა სარეცხი, ნაგვის გატანა, ლოგინების გაწყობა თავის გემოვნებაზე, ბალიშებს რომ დააწყობს ერთი დღე ხან ერთ რიგში და მეორე დღე სხვანაირი დიზაინით - ერთმანეთის  თავზე მთასავით.

მუშაობისას მღერის სულ ერთ  მელოდიას, სასიამოვნო მელოდიას.   ჩემი ჩამოსვლა გაეხარდა, ალბათ გაიფიქრა, ეხლა ყველაფერი წესრიგში იქნებაო, მაგრამ ვინ გაძლევს ამის საშუალებას, უნდა გააკეთო ისე და დააწყო ისეთი მიმდევრობით, როგორც მას უნდა.

-         ჰავა,  რამდენი წლის ხარ? გათხოვილი ხარ?
-         დიახ, მემ,  12  წლის  ბიჭი მყავს, ქმარი  დავკარგე.  დამეღუპა, ფული მჭირდება და  ბედნიერი ვარ, რომ სამუშაო მაქვს,  დასთან ერთად ვცხოვრობ, იმასაც პატარა შვილი ჰყავს, ჩვენი  ბავშვებისთვის უკეთესია....
-         რა დიდი ბიჭი გყავს!
-         ჰო, მინდა განათლება მივცე, არ მინდა ქუჩაში გაატაროს მთელი ცხოვრება, ეხლა იმდენი პროგრამებია, მჯერა, თუ კარგად ისწავლის, აუცილებლად მოხვდება საზგვარგარეთ. სადმე  წავა სასწავლებლად.
-         იქ რომ ისწავლის და მერე აგარ მოუნდეს  დაბრუნება?
-         არავინ არ იცის... შეიძლება დაბრუნდეს კიდეც.... ერთი ვიცი, არ მინდა ჩემსავით გაწვალდეს....”

ჰავა და ჩემი მეუღლე დიდ ოთახში სავარძლებში მოკალათებულან, ყავას სვამენ და ”სვეცკად” ბაასობენ. აბა წავედი საქმეებზე.

ჩემი ცოლი ახალ ახალ სიტყვებს იგონებს ხოლმე, არა კი არ იგონებს, რაღაც უცნაურ გიბრიდებს წარმოთქვამს ხოლმე ბუნებრივად, მერე თითქმის ყველა გარშემო მყოფი აიტაცებს და მიდის ხოლმე უცნაური ლაპარაკი ჩიტის ენაზე. ეხლაც, ეტყობა აფრიკაში ჩამოსვლამ და კრიომ იმოქმედეს - ემეიზინგები!

-         ჰავა, შაბათ კვირას ბიჩზე ყოფილხარ, კარგი დრო გაატარე?
-         ემეიზინგები!

შენც, ჰავა?


* * *

ამასობაში მოსაღამოვდა. ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო მოვიდა და პოსტი ჩაიბარა. საპეციალურად ჩავედიტ და ჩემი მეუღლე დიდის ამბით წარვადგინე.

-         მომო, ეს ჩემი მეუღლეა, დღეს ჩამოვიდა.
-         რა ბედნიერებაა, მემ! როგორ მოგწონთ ფრიტაუნი?
-         გადასარევია, მომო. უჩვეულო.

მომომ ერთი კრიტიკულად შემათვალიერა. გაპარსული პირისახე მომიწონა. ახლადდაუთოებული პერანგის გამო კმაყოფილმა გააქანა თავი და გაიღიმა.

-         რა კარგია რომ ჩამოხვედით, მემ! რა კარგია.


თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი

10 მარტი 2011 წელი

Friday, March 4, 2011

აფროქართველის ჩანაწერები 7 (35) - ჩვეულებრიივი დღე ფრიტაუნში

ჩვეულებრივი დღე ფრიტაუნში


ფრიტაუნი დედამიწის ეკვატორთან ძალიან ახლოსაა. ვერტიკალურად რომ ჩაუყვე გრძედებს, სულ რაღაც ხუთასიოდე კილომეტრში შეიძლება ეკვატორს მიადგე. მზე  ყოველდღე ერთი და იგივე დროს ამოდის და ერთი და იგივე დროს ჩადის. წუთების სიზუსტით, დილის შვიდ საათზე თენდება და საღამოს შვიდ საათზე ბნელდება.  აქ არ იციან ზაფხულის და ზამთრის დრო. მთელი წელი ერთი დროა და ერთნაირი დარია. ვცრუობ! აგვისტო, სექტემბერი გადაუღებლად წვიმს, მაგრამ ეხლა წვიმების სეზონი დიდი ხანია დამთავრდა და სტაბილურად კარგი დარია. შვიდ საათზე ამოდის მზე.

დილის 6 საათიდან სადღაც შორეული ეზოდან ყივის მამალი. მაგრამ მამლის ყივილი ისმის მხოლოდ მაშინ თუ დენია. არა, არ გეგონოთ რომ რამე ელექტრომამალია, უბრალოდ თუ დენი არ არის მთელს სამეზობლოში გენერატორებია ჩართული და ყველა ცოცხალის ხმას ახშობს.

7 საათზე როგორც რიტუალი, გენერატორები თითქმის ყველგან ჩუმდება ისმის ალაყაფის ჭრიალის ხმა. ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ტოვებს პოსტს და საღამოს შვიდ საათამდე მიდის.

იღვიძებს ფრიტაუნი.

7 საათი და 30 წუთი. მოდის მძღოლი, ამარა ტომბოიაკე და მანქანის შემოწმებას იწყებს. ტომბოიაკე ახალგაზრდა ბიჭია, ოცნებობს სამხედრო გახდეს, როლშია შეჭრილი. ცოტას ლაპარაკობს და არასოდეს არ აგვიანებს, ეს კი აქაურობისათვის დიდი უცნაურობა და იშვიათობაა. ტომბოიაკეს მამა ბელადია და ამიტომ ყველა ჩიფს ეძახის.

-         ჩიფ!
-         იეს სერ!

დღე დაიწყო.

პირველი ნაწილი სამსახურამდე მისვლაა. როგორც წესი. მინიმუმ ერთ საათს მანქანაში ვატარებ. არა, აქ დიდი მანძილები არა არის. გზა რომ თავისუფალი იყოს, ქალაქის ფარგლებში ნებისმიერ წერტილს თხუთმეტ წუთში მიაღწევდი. მაგრამ გადატვირთულ ვიწრო ქუჩებში მანქანა მიღოღავს.

ამას ჩემს გარდა ყველა ფილოსოფიური სიმშვიდით ეპყრობა. მეტიც ამ ღოღვა ღოღვაში მანქანის ფანჯღებიდან ვაჭრობენ, ერთმანეთს ესალმებიან, მოიკითხავენ. ბიჭები გაზეთებს ყიდიან, მოსდევს მანქანას და რიგ-რიგობით გაჩვენებს სხვადასხვა გაზეთების თავ-ფურცლებს. შენც დრო გაქვს, სათაურებს გაეცნო და დინჯად ამოირჩიო. ბევრი მგზავრი გაზეთებს გამოართმევს ხოლმე, უცბად გადახედავს, რახ არ უნდა აბრუნებს, ფულს იხდის და დილიდან ყველაფრის საქმის კურსშია. აქაურებს უყვართ პრესა და რადიო.

სამსახურამდე ნელა მისვლას, თავისი მუღამი აქვს. უნდა ალღო აუღო და ნერვები არ აიშალო.  მითუმეტეს თუ მძღოლი გყავს. უნდა იურთიერთო ხალხთან, სალამი და მოკითხვა არ დაიზარო, პრესას გაეცნო, დღის გეგმა დაალაგო, რაც გავიწყდება ჩაიწერო. და უკვე კარგად რომ მოერგები და მუღამშიც შეხვალ, ვერც კი იგრძნობ როგორ მიხვედი და უკვე გენანება რომ მანქანიდან გადმოსასვლელი ხარ. იქნებ ცოტა ხანს კიდევ ვიჯდე?

დღეს ბანკში მაქვს საქმე, ჩვენი საბუთები უნდა მოვაწესრიგო და ანგარიშები შევამოწმო. კარგი ადგილია ბანკი, გრილა. მაგრამ საერთო დარბაზში ძალიან ბევრი ხალხია. თანაც იქ დიდი ტელევიზორი დგას. ხოდა ბევრი საქმეს რომ მოითავებს, კარგა ხანს მაინც არ მიდის, ტელევიზორს ვერ წყდება, ახალ ამბებს უყურებს და იქვე არჩევს. გამოცდილებმა, ვინც მართლა ბანკში მოვიდა, უკვე იციან მყუდრო ადგილები სადაც მართლა საბანკო საქმეების მოგვარება შეიძლება. მაგრამ თავიდან ხომ უნდა მიგნება, ან კარგი მეგზური უნდა გყავდეს.

მოჩქარეს მოუგვიანდესო, ხომ გაგიგიათ, აი სად მართლდება ეს ნათქვამი და, ფრიტაუნში, განსაკუთრებით ბანკში ან მისთანა დაწესებულებაში სადაც კლერკთან ან ჩინოვნიკთან გაქვს საქმე.

დაკვირვებული ვარ. ვთქვათ ძალიან გეჩქარება რაიმე და აქოშინებული პირდაპირ საქმეზე გადადიხარ. კლერკი, ამ შემთხვევაში ბანკირი, ვერ მოგყვება, სახე ნელ-ნელა უქვავდება, თვალებში აწერია რომ არაფერი არ ესმის და ყოველგვარი კონტაქტი და უკუკავშირი იკარგება.

მე უკვე გამოცდილი ვარ, ძალიან მეჩქარება, საქმე სწრაფად უნდა გავაკეთო, ამიტომ.

-         როგორ ხარ ფრენსის? - ვუხმობ ჩვენს ბანკირს
-         კარგად სერ! თქვენ?
-         არა მიშავს, არ დადიოდი სამსახურში, ავად არისო, მალარია გქონდა?
-         დიახ სერ! ნემსები დამარტყეს, სუსტად ვიყავი, ეხლა არა მიშავს.
-         გუშინ შენმა გუნდმა მოიგო! შენ მანჩესტერს არ ქომაგობ?
-         ჰე! მან-ჩესტერი, მან - ნამდვილი კაცების გუნდია.
-         მაგარია ფერგუსონი!
-         რატომ მოხვედით სერ? ანგარიში შევამოწმო?
-         კარგი იქნება ფრენსის, ფანქარი და ქაღალდიც მოიმარჯვე, რაღაცეები უნდა ჩაგაწერინო.
-         დიახ სერ, ეხლავე, მიყვარს თქვენთან საუბარი.

ფრენსისი თავის მაგიდასთან ბრუნდება, გზაში სხვა ბანკირთან გაივლის, გამოელაპარაკება, ერთი ორ კლიენტს უპასუხებს, მერე დინჯად იყურება კომპიუტერში, ქაღალდებს აბრუნებს და ბედნიერი სახით ბრუნდება ჩემთან.

-         რა მალე დაბრუნდი ფრენსის! შენ რომ არ იყო რა მეშველებოდა?
-         სერ? საბუთები ჩქარა გავაკეთოთ, თორემ უფროსი გასვენებაში მიდის და მერე ხელს ვერ მაოწერს - გამანდო საიდუმლო ინფორმაცია.
-         არიქა, ფრენსის.

12 საათზე ლანჩის დროა, აქაურები ძალიან მტკივნეულად განიცდიან საჭმლის დაგვიანებას ან, ღმერთი არ გაგიწყრეთ, გაცდენას. მოქნეულ ჩაქუჩს ხელიდან უშვებენ და სადილად მიდიან. თუ ქალაქში ხარ და საქმე გაქვს, ამ დროს სჯობს სადმე მოიცადო, ფრიტაუნს ლანჩი აცალო და შემდეგ გააგრძელო.

ლანჩის შემდეგ საგარეო საქმეთ სამინისტროში წავედი. იქაური პროტოკოლის უფროსი ჩვენი მეგობარია, თანაც გავლენიანი კაცია და ბევრ რამეში გვეხმარება.  ჭკუას გვარიგებს, რომ სიერა ლეონურ ტრადიციებს არ ავცდეთ და საქმე სწორედ და სწრაფად გამოგვივიდეს.

-         სალამი, მისტერ ჯონი აქ არის? - მივადექი მდივანს
-         დიახ სერ, დაჯექით მოუცადეთ, სალოცავად წავიდა და ალბათ მალე მობრუნდება. ყავა ხომ არ გნებავთ.
-         ვურეკავდი და არ პასუხობს.
-         ლოცულობს სერ, სალოცავად რომ მიდის ტელეფონს აქ ტოვებს ხოლმე.

მისტერ ჯონთან რბილი სავარძელია, სიგრილეა და ტელევიზორიც ჩართულია. ისევ სჯობს ბედს მივენდო და მოვისვენო. ალბათ მალე მოვა.

ქალაქის ცენტში თუა საქმეები, სჯობს მანქანა სადმე ერთ ადგილას გააჩერო და ფეხით მოიარო. ყველაფერი ახლო ახლოს არის. ერთი კია, პაპანაქება სიცხეში ქუჩიდან ქუჩაზე გადასვლაც კი გთანგავს და ბოლო გიღებს.

ქუჩაში კი უკვე ნაცნობი ხეიბრები და ათასი ჯურის მათხოვარი გეხვევა. ხურდა თუ მომზადებული არა გაქვს გსაყვედურობენ და გამწყრალ მზერას გაყოლებენ - რამ გაგადიდკაცა და გაგაყოყოჩა, ჩვენი საწილო სად არის, ჩვენს ხარჯძე გინდა ბიზნესის გაკეთებაო?!

გახვითქული, მანქანას რომ მიაღწევ, ჩიფს გააღვიძებ, დააქოქინებ და კონდიციონერის ჩართვას მოსთხოვ, ამოისუნთქავ და გონს მოხვალ, მიხვდები რომ დღე შემოგელია, ბევრი რამ ვერ მოასწარი, მაგრამ მთავარი არ იღელვო. ხვალეც ხომ ამ თვისაა. თუ ღმერთს უნდა, გასაკეთებელი მაინც გაკეთდება, ამიტომაც არსებობს ეს გადასარევი სიტყვა - თუმოროუ! არა, ეს ძალიან ინგლისურად გამომივიდა. გემრიელად, სიერა ლეონურად კი ასეა - თუმარა!

სახლამდე, უკანა გზაც ხომ გასავლელია. აბა ტრერფიკი დღის ბოლოს უნდა ნახო, რა ტრეფიკია. მიხვდები რომ დილას სულ შლიგინ-შლიგინით გივლია. აქეთ თუ ერთ საათს მოდიოდი, უკან საერთოდ თუ მიხვედი, კარგია. თანაც დილას ხალხი ახალი ენერგიით, ხალისით, გაზეთების კითხვით, ურთიერთმოკითხვით და სალმით თუ მოძრაობდა, საღამოს უკვე გაბოროტებული ტრეფიკია. ხალხი გადაღლილი და გაღიზიანებულია. პოლიციაც გაფაციცებულია და სახლში წასაღებ საშოვარზეა. მოკლედ შარია.

-         ჩიფ, თუ ჩემი ხათრი გაქვს, მთავარ გზაზე იარე.
-         რატომ სერ, მე ვიცი ქუჩები, იქნებ მალე გავიდეთ, ”ბალანს ტრაფფიკ”.
-         არავითარი ”ბალანს ტრაფფიკ”, ბიჭო ეს მთავარი გზა მოძრაობს მაინც, ბოლო-ბოლო მივალთ, აბა იმ ვიწროებში გუშინ რომ გავიჭედეთ არ გახსოვს?

ჩიფი ხათრს არ მიტეხს, მაგრამ გული მაინც იმ ვიწროებისკენ უწევს. იქ კი ერთი თუ შეხვედი, შეიძლება მართლა ვერ გამოაღწიო.

შვიდ საათზე ბინდდება, ფრიტაუნი თითქოს ერთს ამოისუნთქავს, სახლში შესული ხალხი ამოიქაქანებს, ცოტას მოისვენებს, ტანსაცმელს გამოიცვლის და სარამოს სიგრილეში ისევ გარეთ გამოდის, საურთიერთობოდ, სალაზღანდაროდ და გასართობად.



* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო საღამოს შვიდ საათზე პოსტს იბარებს. მოსვლისთანავე ფანრის ბატარეების ფულს ითხოვს.

-         გუშინ არ გამოცვალე, მომო?
-         დიახ სერ! მაგრამ სათადარიგოებიც ხომ საჭიროა, წინ ხომ უნდა გავიხედოთ? ხვალისათვის.
-         ეგ თუმარა, მომო, თუმარა.
-         ნამდვილი სიერა ლეონელი გახდით სერ! საღამოს აპირებთ ქალაქში გასვლას?
-         ვნახოთ მომო, თუ თავი მექნა.



თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
3 მარტი 2011 წელი.