Friday, December 24, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (27, 28) - საახალწლო ზღაპარი, 1. ბინტუმანი 2. მოლესკინი

საახალწლო ზღაპარი
1. ბინტუმანი


ბინტუმანი ყველაზე მაღალი წერტილია სიერა ლეონეში. ყველაზე დიდი მთაა მთელს დასავლეთ აფრიკაში.

სიერა ლეონეს დედაქალაქიდან, ფრიტაუნიდან, ჯერ ფრიტაუნის ნახევარკუნძული უნდა გადაკვეთო, ვიწრო ყელით მატერიკზე გაძვრე და გეზი ქვეყნის ცენტრისაკენ აიღო, უნდა გაიარო ვატერლოო და სიერა ლეონეს მთავარ გზის გასაყარზე, მაშაკაში მარცხენა შარას დაადგე. როგბერიში კიდევ ერთხელ გაიყოფა გზა, ერთი მარცხნივ გვინეისკენ მიდის, მეორე კი მარჯვნივ ქვეყნის შუაგულისკენ. სწორედ ესაა ჩვენი გეზი. გაივლი ლუნშარს, ”მარამპა მაინის” უმდიდრეს რკინის საბადოებს და ჩახვალ ქალაქ მაკენიში. აქაც იყოფა გზა, მარჯვენა ალმასების საბადოებისაკენ, კონოსაკენ მიემართება, მარცხენა ქალაქ კაბალასაკენ. ჩვენს სამიზნემდე ერთითაც შეიძლება მისვლა და მეორეთაც, ოღონდ ორივეგან სადღაც შუაში უნდა მიატოვო ცივილიზებული ტრასა, გზიდან გადაუხვიო და შეუყვე აფრიკის გრუნტის გზებს, ბილიკებს და გაუვალ ჯუნგლებს. მხოლოდ ასე თუ მიაღწევ იმ ადგილებს, რომლებზეც მინდა მოგითხროთ.

ამ რეგიონში, ეს არის სიერა ლეონეს ჩრდილოეთი პროვინცია, კოინადუგუს რეგიონი, ძირითადად ორი, ნიენის და ნეიას საბელადოების მიწაზე უამრავი საინტერესო რამ არის თავმოყრილი.

რუქას რომ დახედოთ, ქალაქ კაბალადან ქვემოთ და აღმოსავლეთით ორი ტერიტორიაა ნაციონალურ პარკად გამოცხადებული. ტბა სანფონის პარკი და ”ლომა მაუნტინს”.

ტბა სანფონი არაჩვეულერივი ადგილია, აქედან იწყება გეოლოგებისათვის უაღრესად საინტერესო დედამიწის მანტიის ნახლეჩი რომელიც სამხრეთისაკენ, ქვეყნის შუაგულისაკენ, შეუხორცებელი იარასავით, თითქოს ალესილი მაჩეტე დაუსვესო, ნახევივით ჩასდევს ქვეყანას. მილიონობით წლის წინ სწორედ აქ მოხდა უცნაური კატაკლიზმი, რის შედეგადაც ამოიყარა და მიმოებნია ოქრო, ალმასი, რკინა, ბოქსიტი და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი სასარგებლო და უცნაური რამ.

ბუნებასაც ამ პლასტების მოძრაობის ნიშანი ატყვია. აქედან სათავეს იღებს ბევრი მდინარე, მათ შორის ორი უმთავრესი, სევა - სამხრეთ დასავლეთისკენ და როკელი - ჩრდილო დასავლეთისკენ.

აღმოსავლეთისაკენ თუ გადავიწევთ, სადღაც 40 კილომეტრით, მივადგებით ”ლომა მაუნტინს”, ლომას მთებს. და სწორედ აქ, ფრიტაუნიდან  ჩრდილო აღმოსავლეთით, 346 კილომეტრში, არის ლომას მთის მასივის და მთელი დასავლეთ აფრიკის უმაღლესი წერტილი, ბინტუმანი. ზღვის დონიდან 6381 ფუტია ანუ 1945 მეტრი. კავკასიონის მკვიდრებს ეს სიმაღლე ვერ გაგვაკვირვებს, მაგრამ სიმაღლე არ არის ამ საოცარი მთის მთავარი თვისება.

ძღვის დონიდან 400 მეტრიდან და ვიდრე თითქმის 1900 მეტრამდე არაჩვეულებრივი, ხელუხლებელი ტყის მასივია, ”რეინფორესტ”-ს რასაც ეძახიან.  ამ მიდამოებში ბუნებაც თითქმის უვნებლად არის შენარჩუნებული და მისი მკვიდრნიც. აქაურობა ცნობილია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით.

ბოტანიკოსებისათვის და ორნიტოლოგებისათვის აქ ნამდვილი სამოთხეა, ისეთი მრავალფეროვნება და სიმდიდრეა. მსმენია შემთხვევები, როდესაც სამეცნიერო ექსპედიციებით ჩამოსულები თავისი ნებით აღარ მიდიოდნენ და მათ მოსაძებნად და სამშობლოში ძალით დასაბრუნებლად ხელახალ ექსპედიციებს მართავდნენ.

ნაკლებად, მაგრამ მაინც გადარჩენილია ცხოველთა სამყაროც. სამოქალაქო ომის შემდეგ სიერა ლეონელები მართლაც ცდილობენ ეს ნაკძალი დაიცვან და უამრავი საერთაშორისო მომწვანოებიც ცდას და დახმარებას არ აკლებენ. აქ არის უამრავი მაიმუნი და მათ შორის შიმპანზეები, ანუ შიმპები, როგორც აქ ამბობენ, ტყის სპილოები, ირმები, ლეოპარდი, პაწაწინა ბეჰემოტი - ”პიგმეი ჰიპო”, ”ბუფალო”,  ანაკონდა და მწვანე მამბა, ნიანგი და სხვა წვრილფეხობა.

ამ ადგილების მისაღწევად კი კარგა ჯანიანი მანქანაა საჭირო, რომელიც სადღაც თხუთმეტი კილომეტრით არმისული უნდა დააგდო სადმე. მერე კი უკვე ფეხით შეუყვე ხელუხლებელ აფრიკას. მდინარეები ლიანებით დაწნული დაკიდებული ხიდებით უნდა გადალახო ან მეჩხერი წყალი მოძებნო და გატოპო, თუ ნიანგს გადურჩი. ჯუნგლები მაჩეტეებიანი გამყოლების დახმარებით უნდა გაჩეხო, რომ გზა გაიკვლიო, ზღვის დონიდან ცოტა ზევით კი უცნაურ, თითქოს გამოქანდაკებულ, უშველებელ ქვებსა და კლდეებს  შორის უნდა გაცოცდე.

გააჩნია რომელი მხრიდან მიადგები ”ლომა მაუნტინს”, ადამიანის ბოლო დასახლებებია ბანდაკარაია, ტილიკორო, იოგომუსაია, კომბაია ან კრუტო.

აბა რა გული გამიძლებდა ამ ყველაფერისათვის ერთხელ მაინ თვალი რომ არ შემევლო. ერთხელაც, ვისარგებლე რომ საქმეც იქითა მიმართულებით მიხმობდა, გზა გავიგრძელე და ”ლომა მაუნტინ”- ის მიდამოებში საბოდიალოდ მოვიცალე. უნდა გითხრათ რომ მთლად ძველებულ ფორმაში ვერ ვარ და ბევრი სიარულის ჯანი და ქანცი აღარ მაქვს, მაგრამ მაინც საკმაოდ ვიარე.

როდესმე, როცა ცალკე ექსპედიციას მოვაწყობთ, ბინტუმანის წვერზე ავძვრებით და იქიდან პირდაპირ ექსპრესს რეპორტაჟს მოგახსენებთ, ეხლა კი ჩვენს თხრობას მივუბრუნდეთ.

წინ მაჩეტებიანი ორი გამყოლი მიდიოდა და გზას კაფავდა, უკან სამი კაცი მომყვებოდა და ძირითადად წყალი და სხვა რამე რუმე საგზალი მოჰქონდათ. მე მკაცრად გამფრთხილეს ფეხქვეშ იყურე, ემანდ რამეს ფეხი არ დააბიჯოო. მეც აქეთ იქით, მაღლა დაბლა ვაცეცებდი თვალებს, იმდენი იყო საკვირველი სანახავი, იმდენი ფერი და ხმა მოდიოდა აქეთ იქიდან. როცა მახსენდებოდა, ამ შთაბეჭდილებებისგან თავბრუდახვეულს, ფეხქვეშაც ვიყურებოდი.

ერთიც ქვევით რომ დავიხედე, ამ მრავალფეროვებაში და მაინც ჰარმონიულ ფერთა გამაში, რაღაც მეუცხოვა. ჩვენი ბილიკიდან ოდნავ მარჯვნივ, ნახევრად მიწაში ჩაფლული ნივთი შავად პრიალებდა. ბალახი გავწიე და დავითრიე. ცელოფანში გახვეული შავყდიანი წიგნია! თუ ბლოკნოტი?

ეტყობა კარგა დიდი ხნის წინ იყო დაკარგული, თითქმის გახევებული ცელოფანი შემოვაგლიჯე.

”მოლესკინი”-ს ბლოკნოტი!!!

საოცრებაა! მოლესკინის ლეგენდარული ბლოკნოტები ორი საუკუნის წინ გამოჩნდა პარიზი საკანცელარიოებში. პატარა მანუფაქტურა, სადა, მაგრამ ძალიან მოსახერხებელ და გემოვნებიან ბლოკნოტებს უშვებდა, ტრადიციულად შავი ტყავის ყდით და მოყვითალო ფურცლებით. მოლესკინს ფასი და პოპულარობა კიდევ იმან დაუმკვიდრა, თუ ვის ხელში გაიარა ამ პატარა წიგნაკმა... ვან გოგი, პიკასო, ჰემინგუეი, ჩეტვინი  და სხვები და სხვები. 1986 წელს გაიყიდა ბოლო მოლესკინი, წარმოება დაიხურა. მაგრამ 1998 წელს პატარა მილანურმა გამომცემლობამ იყიდა სახელი და უფლებები და აღადგინა წიგნაკების წარმოება.

ეს ყველაფერი იმიტომ ვიცი, რომ ერთხელაც საჩუქრად მივიღე მოლესკინის წიგნაკი. იმდენად მომწონს და დავკანკალებ, რომ შიგ ჩაწერაც კი მენანება, არ შემომეხარჯოს მეთქი. რამდენჯერ გამიჩერებია მომარჯვებული კალამი, ვერ არის მთლად მომხიბვლელი აზრი და ამისთვის მოლესკინის გვერდებს ხომ არ გავაფუჭებთქო. მოკლედ ყველას თავის სიგიჟეები აქვს.

და, აბა თქვენ წარმოიდგინეთ,  აი ეს წიგნაკი ვიპოვნე აფრიკის ჯუნგლებში, ლომას მთებში ბორიალისას. საოცრება! რასაკვირველია უმალ ვიცანი. ისე მიმოვიხედე, თითქოს ვინმე წართმევას მიპირებდა. არც გადამიშლია, უმალ ჩავიდე შარვლის დიდ ჯიბეში. გარემოს ინტერესი დავკარგე, ერთი სული მქონდა მალე ჩაგვემთავრებინა ეს ჩვენი ექსკურსია, სახლში მივსულიყავი და ”მოლესკინი” გადამეშალა. სიარულისას წარამარა ვამოწმებდი, ხომ არ დამეკარგა, ხომ ისევ აქ არის თქო.

ბევრი რომ არ შეგაწყითოთ, ამ უცნაურმა წინათგრძნობამ არ მომატყუა. როცა წიგნაკი გადავშალე, ფორმულებით, ნახაზებით, სახელდახელო ჩანახატებით და ჩანაწერებით სავსე აღმოჩნდა. თან რა ჩანაწერებით!

პირველი გვერდი, სადაც პატრონი, როგორც წესი თავის სახელსა და გვარს წერს, სისველისგან დალაქავებულიყო და ვერაფერი ვერ გავარჩიე. იმ იმედით რომ ტექსტში, სადმე მაინც დასცდებოდა სიტყვა თავის შესახებ, დავიწყე გაშიფვრა. ხელნაწერი ინგლისური ძნელი წასაკითხი აღმოჩნდა და ბევრი ვუკირკიტე, მაგრამ მოყოლილმა ამბებმა იმდენად გამიტაცა და ჩამითრია, რომ არც ძილი მახსოვდა და არც საჭმელი.

რამდენი რამ ყოფილა გადახლართული და გადაჯაჭვული, უცნაური ლოგიკით და ზოგჯერ აუხსნელად დაკავშირებული. ლომას მთიანეთი, ბინტუმანის მთის საიდუმლოება, ქრისტეშობა და ახალი წელი, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, ისტორია, აფრიკის გული და მთელი მსოფლიო, გინდათ კაცობრიობა და მილიონი წლების წინ გახლეჩილი დედამიწის მანტია...

როგორც კი წიგნაკი გადაიშალა, ნამდვილი საშობაო ზღაპარი, ოღონდ სერიოზული ზღაპარი, გამეხსნა. ან იქნებ ეს ყველაფერი სიმართლეა? ვინ იცის?

მოკლედ, აუცილებლად უნდა გიამბოთ.


* * *

ხვალ ქრისტეშობაა, ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელმა მომომ ალაყაფი გამიღო, ეზოში შემიშვა და მომლოდინედ შემომაცქერდა

-         მომო, გილოცავ ქრისტეშობას! ”მერი ქრისმას”! აი შენი კონვერტი და მოსალოცი ბარათი, იმედია გაეხარდება შენს ოჯახს.
-         მერი ქრისმას, სერ! მადლობთ - გაბადრულმა მომომ სიამოვნებით შეათამაშა კონვერტი, თითქოს წონისო, კიდევ უფრო გაიბადრა, ეტყობა კმაყოფილი დარჩა - ცოლს გავახარებ, სერ!
-         მერი ქრისმას! მომო...
-         სერ! არ წახვიდეთ, ერთი წუთით... კონვერტში ვერ ჩავდეთ, არ ჩაეტია.

მომომ თავისი სკამის უკნიდან აფრიკული მოწნული ხონჩა ამოიღო, ორი უშველებელი ანანასი, დარჩეული ბანანები და რამდენიმე მანგო

-         მერი ქრისმას, სერ - და ხონჩა გამომიწოდა

არაჩვეულებრი ნატურმორტი ნებისმიერი პრეზიდენტის საახალწლო სუფრას დაამშვენებდა! თანაც რა გემრიელია...

აბა დროებით, დანარჩენსაც მალე გაიგებთ.

(პირველი ნაწილის დასასრული)


თორნიკე ბერიშვილი

ქ.ფრიტაუნი
24 დეკემბერი 2010 წელი


საახალწლო ზღაპარი (გაგრძელება)
2. მოლესკინი


როგორც იქნა გადავშალე მოლესკინი. წიგნაკის ფურცლები სავსე იყო ჩანახატებით, ჩემთვის გაუგებარი უცნაური ფორმულებით და ჩანაწერებით. ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

წიგნაკიდან:
”... დაიწყო იმით რომ, ფრიტაუნში, აბერდინის სანაპიროზე ბარში ვიჯექი.  სუვენირების აბეზარი გამყიდველი მომადგა და აღარ მომეშვა. გამწარებული ცდილობდა რამე შემოესაღებინა. ვერ მოვიცილე თავიდან. ბოლოს  ანაკონდას უშველებელი ტყავი გაშალა.

-         იყიდეთ, სერ! ეს ჩვეულებრივი ტყავი არ არის, ეს ბინტუმანის ფერდებზეა მოკლული, თანაც შობა დღეს, როდესაც მთა მღერის და ანათებს. რამე შეაკერინეთ ამისგან. მაჯიქ! მაჯიქ! ავადმყოფობისგან დაგიცავთ და ძალას მოგცემთ...

უცნაურად დამაბა ამ სიტყვებმა ”..მთა მღერის და ანათებს..”. დავიწყე გამოკითხვა და გამორკვევა.”

ძალიან ჯიუტი და ინტერესიანი აღმოჩნდა თავგადასვლების ჩვენი უსახელო მაძიებელი. რაც უფრო წინააღმდეგობა დახვდა, მით უფრო გაკერპდა. უამრავი ხალხი გაიცნო. რამდენჯერმე იმოგზაურა ლომას მთებისკენ, ბინტუმანის ფერდები სულ შემოიარა. ვერაფერი კონკრეტული და ხელმოსაკიდი ვერ გაარკვია, მაგრამ იმდენი ლეგენდა და თქმულება მოისმინა, რომ ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივდა და ლამის იდეით შეპყრობილ, გაგიჟებულ მანიაკად გადაიქცა.

ერთი ფაქტი იყო, ბინტუმანის მთა დროდადრო ”..მღერის და ანათებს..”, დანამდვილებით არავინ იცოდა რა დროს ხდება ეს, როდის მოვა მთა სიმღერის ხასიათზე, მაგრამ როგორც წესი საშობაოდ და საახალწლოდ, როდესაც საჰარიდან ”ჰამატანი” უბერავს, თითქმის აუცილებლად.

გადაწყვეტილებაც ლოგიკური იყო, ჩვენი მოგზაური კარგად მოემზადა და ფაქტიურად ლომას მთებში გადასახლდა. ნიენის ჩიფდომში (საბელადოში) დამკვიდრდა, ბელადებს დაუმეგობრდა. უკვე ნასწავლმა და გამოცდილმა, მოთმინება მოიკრიბა და თავის სანუკვარ მიზანზე ხმას აღარ იღებდა. უბრალოდ ცხოვრობდა, საბელადოს რითიც შეეძლო ეხმარებოდა და ფლორას და ფაუნას აკვირდებოდა. გაშიანურდა, საბელადომ მიიღო უცნაური თეთრი კაცი. ბავშვებს პეპლები და ხოჭოები მოჰქონდათ მასთან. მონადირეები ნადავლს უყოფდნენ. მთა დუმდა და არანაირი ნათების ნიშნებიც არ იყო.

გადიოდა თვეები, დიდი ნდობისა და მეგობრობის ნიშნად საიდუმლო საზოგადოებაში, ”პორო”-ში, მიღება შესთავაზეს. ეს უკვე წარმატება იყო. წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა, როდესაც გაიგო, რომ ერთ-ერთი უმთავრესი რიტუალი, ”პორო”-სთან ზიარებისა იყო საგანგებო გამოქვაბულში ღამის გატარება, როდესაც მთა ამღერდება. ვეღარ მოითმინა.

-         ეგ როდის მოხდება?
-         მალე ჰამატანი დაბერავს, შობაც მოდის, დაველოდოთ - დაამშვიდა ბელადმა.

დეკემბერია. 23 - ში დილიდან ბინტუმანის ფერდებს უცნაურობა დაეტყო, ყველა სულიერი სადღაც გაქრა, თითქოს ყველაფერი გაშეშდა. აღარ ისმოდა არც მაიმუნების ჭყივილი, არც ჩიტების ხმა, თითქოს ფოთოლიც კი აღარ შრიალებდა. ღამეც თითქოს მოვიდა, მაგრამ აღარ დაბნელდა, უცნაური ბინდი იდგა, თითქოს შუქიც არ იყო მაგრამ ყველაფერი ჩანდა. ყოველთვის ხმაურიანი და ჟივილ-ხივილიანი საბელადოც დადუმდა. ხალხი თითქმის არ ლაპარაკობდა. დასერიოზულები და სევდიან-დაძაბულები მიმოდიოდნენ.

24 ში ბელადი შემოვიდა მოგზაურის ქოხში.

-         წავედით, დროა, გამოცდა უნდა გაიარო.

წიგნაკიდან:
”... დიდხანს ვიარეთ ბილიკებით, ვიძრომიალეთ უშველებელ გლუვ ქვებს შორის. ბოლოს ქვაბულში შესასვლელს მივადექით.

-         ეს გვირაბის დასაწყისია. ჩვენ ვეღარ გამოგყვებით. მარტო წახვალ, ბოლომდე იარე სანამ კედელს არ მიადგები.  აი ეს ჩირაღდანი წაიღე, მერე მიხვდები რომ აღარ დაგჭირდება. ჩვენ აქ დაგელოდებით, მთა თვითონ გიკარნახებს, როდის უნდა დაბრუნდე.

სახელდახელოდ გამჩხრიკეს, ფანარი, ფოტოაპარატი, დიკტოფონი... ყველაფერი ამართვეს, არ შეიძლებაო.”

გამოქვაბულის კედლები თითქოს ასხივებდნენ. დრო და დრო სხვადასხვა ფერის შუქი გაირბენდა რომელიმე კედელზე. უცნაურ გაელვებებს თან ხმაც მოსდევდა, მთის სიღრმიდან, გულიდან წამოსული ამოოხვრა. ურითმო და უწესრიგო მუსიკა მოდიოდა. იმის შეგრძნებაც იყო, თითქოს სიტყვა პასუხია, საუბარია.

იქ, გამოქვაბულის კედლებს მიღმა, მთის წიაღში, რაღაც ხდებოდა, რაღაც მნიშვნელოვანი, აზრიანი და საიდუმლო.

ისედაც გადარეულმა და შეპყრობილმა მოგზაურმა. სულ დაკარგა მოსვენება. დაუღალავად, გიჟური ენერგიით ეძებდა მთის გულში მოსახვედრ გზებს. დარწმუნებული იყო, რომ ასეთი კარი არსებობს, თუმცა არანაირი ნიშანი ამისა არ იყო და არც არავინ არაფერი იცოდა.

მოლესკინის წიგნაკში რამდენიმე ფურცელი ამოხეულია. ეჭვი მაქვს სწორედ ის ფურცლებია, სადაც ბინტუმანის წიაღში მოხვედრის გზაა აღწერილი, თუმცა, ვინ იცის?

წიგნაკიდან:
”... ვარდნისაგან ეტყობა გონება დავკარგე. ფერად ქვიშაზე ვეგდე. ნელნელა დავიწყე მოძრაობა, თითქოს ყველაფერი მთელი მქონდა. უბრალოდ, მაგრად ვიყავი დაბეჟილი. წელი ავითრიე, წამოვდექი და მიმოვიხედე...

ტბის პირას ვიყავი. სწორი ფორმის მრგვალი ტბა იყო. ტბის ნაპირი ქვიშისა. ტბის გარშემო უზარმაზარი ქვები, ყველა სხვადასხვა ფორმისა. კარგად რომ დაკვირვებოდი, სხვადასხვა ცხოველებს მიამსგავსებდი. გიგანტური სპილო, უზარმაზარი კუ, მაიმუნი, თითქოს ზის და ხელები მიწაზე დასთრევს, ავაზა, უკანა ფეხებზე შემდგარი და პირდაფჩენილი,ნიანგი, უშველებელ კუდს იქნევს.

ვერაფრის ფერს ვერ გაარჩევდი, რადგან მუდმივი ციალი და ნათება მოდიოდა  ყველა მხრიდან, დრო და დრო, ელვასავით გადაუვლიდა შუქი. ხან რომელი ნაწილი აკიაფდებოდა და ხან რომელი, თანაც სხვადასხვა ფერად. ეს ყველაფერი თვალს ჭრიდა და დიდხანს თვალგახელილი ყოფნა შეუძლებელი იყო. ამ სივრცის ზედა საზღვარიც არ ჩანდა და უსასრულობის განცდა იქმნებოდა.ნათებას სინქრონულად ხმაც მოსდევდა, სხვადასხვა სიმაღლის და ტონის. ღრმა, ყრუ ბუბუნიდან დაწყებული, მაღალი წუილით და კივილით დამთავრებული. კაკაფონიაა. შუქის, ფერისა და ბგერის ქარიშხალია.

...მაინც რაღაც კანონზომიერება და წესრიგი, ლოგიკა იგრძნობა ამ თითქოსდა არეულობაში. აუცილელად უნდა გავერკვიო...

...კი მაგრამ, ეს ხომ დედამიწის მოდელია, რუქაა??? ძალიან თავისებური მოდელია...”

ბინტუმანის მთა დედამიწის გრძნობად-ენერგეტიკული ცენტრი აღმოჩნდა. ეს არის ადგილი სადაც ადამიანების ემოციები იკრიბება და ენერგიაში გარდაისახება. ამ მთის გულიდან უზარმაზარი ფესვებივით, ნერვებივით, მთელს მსოფლიოს ხლართავს საცეცები და ემოციას აგროვებს. აქსონები მთელს დედამიწას ბადესავით არტყია. ჯერ წვრილები, მერე ერთიანდებიან, მსხვილდებიან, ბოლოს მთის ფერდებად იქცევიან და ბინტუმანის წიაღში აგროვებენ მთელი  მსოფლიოდან ადამიანების განცდებს.

ერთი, ორი, თუნდაც ათეული ან ათასეული ადამიანის განცდა დიდ გავლენას ვერ ახდენს, რადგან გზაში, აქსონებში ინავლება და იკარგება. მაგრამ ემოციამ თუ კრიტიკულ რაოდენობას გადააჭარბა მაშინ პირიქით გაძლიერება ხდება განცდა-ენერგიის კაპერანტული კანონის (ვ.ი. შტილმანი 1937 წ.) მიხედვით.

ბინტუმანის წიაღში გრანდიოზული ქვა-ცხოველები კონტინენტებს შეესაბამება, ამ ცხოველები სხვადასხვა ნაწილები კი ქვეყნებს. მაგ. რომელიმე სპილოს თუ ბარძაყი დაუწყებს ნათებას, ე.ი. შესაბამის ქვეყანაში ისეთი რამ მოხდა, რომ ერთდროულად რამდენიმე მილიონმა ადამიანმა ერთი განცდით ამოისუნთქა. ნათებას შესაბამისი ინტონაციისა და ემოციის ხმაც ერთვის თან.

მთელს მსოფლიოში ყოველდღე რაიმე ხდება და ბინტუმანის შიგთავსიც ლივლივებს ათასფერად და ზუის ათასგვარად, მაგრამ ეს ყოველდღიური, ყოფითი ემოციები არ ყოფნის იმას, რომ ხმამ და შუქის სხივებმა გარეთ გამოატანონ. ამისათვის ერთობლივი, მძლავრი მუხტია საჭირო.

საოცარი ამბები გავიგე წიგნაკიდან. ემოცერგია (ემოციური ენერგია) თურმე უკვალოდ არ ქრება. ნელ ნელა, წვეთწვეთობით გროვდება და მომავალ დიდ ამოფრქვევბსაც მიმართულებას აძლევს. დიდი დარტყმები თავისებურ კვალს ტოვებენ და ბინტუმანის ტბის გარშემო სხვადასხვა ფერის და სიმაღლის ჩაქვავებულ ზოლებს ტოვებენ. როგორც გადაჭრილ კუნძე დარჩენილი რგოლებით შეგვიძლია წავიკითხოთ ხის ასაკი, ასე ბინტუმანის ქვესკნელში ზოლებს ბევრი რამის მოთხრობა შეუძლია. კარგი წამკითხველი დროსაც დიდი სიზუსტით დაადგენს და გრძნობების ხლართებშიც გაეკვევა. ერთი მიმართულების ემოციები ერთმანეთს ავსებენ, სხვადასხვისა ებრძვიან.

ბოლო ფეხბურთის ჩემპიონატის დროს დიდი ამბავი იყო ბინტუმანის წიაღში, როდესაც ბრაზილია და არგენტინა გავარდნენ კინაღამ შუაზე გაიპო უშველებელი ქვის ლოდი, რომელიც სამხრეთ ამერიკას ნიშნავდა იმ მომენტში, მგონი ნიანგს რომ წააგავს ის იყო. უნდა ითქვას რომ ქვები-ცხოველები იცვლებიან და ხან ერთ კონტინენტიდან ისრუტავენ ემოციას და ხანაც სხვიდან, ესეც ბალანსის დასამყარებლად არის საჭირო. საერთოდ ამ ჩემპიონატისას ისეთი ფეიერვერკი ყოფილა ბინტუმანის თავზე და ისეთი ხმაური რომ ყველა ვუვუზელას აჯობა.

იმ დაწყევლილ დღეს როდესაც ნიუ-იორკში ტყუპები თვითფრინავებით დაატარანეს, თითქმის მთელმა მსოფლიომ დაზაფრულმა და გაოგნებულმა ამოიგმინა. აქსონებმა უმალ შეკრიბეს ეს მძაფრი ემოცია. იმავე დროს სხვა მხრიდან გაავებული სიხარული შემოვარდა, ეს ორი განცდა დაეჯახა ერთმანეთს ბინტუმანის ტბის თავზე და მთამაც ავისმომასწავლებლად დაიგრუხუნა. კარგა ხანს ფეთქავდნენ ბინტუმანის ფერდები ვიდრე დამშვიდდებოდნენ.

თუ როდესმე მოხდება, რომ ყველა კონტინენტიდან წამოსული განცდები უნისონში ერთფერად ააელვარებს თავის ქვის ცხოველს და ერთნაირი ბგერა გაიჟღერებს, მაშინ მოგროვებული ენერგია უბრალოდ კი არ დაემატება ერთმანეთს, არამედ გადამრავლდება და გაათკეცდება.... მაშინ კი...

ამისათვის ემზადება ლომას მთიანეთი და ბინტუმანის მთა. მაშინ დაიწყება რაღაც ახალი, თვისობრივად განსხვავებული... რა? არავინ იცის.

ამ მომენტთან ყველაზე ახლოს შობა და კიდევ უფრო ახალი წელია. შობა შეეჯიბრებოდა ახალ წელს ქრისტიანული სამყარო გაყოფილი რომ არ იყოს. 24-25 დეკემბერს ვარვარებს და მღერის ბინტუმანის სიღრმეში ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, ევროპა, ავსტრალია, აფრიკა (ისე აფრიკა ყველასთან ერთად ყველაფერში მონაწილეობს, ოღონდ აზეიმე), მაგრამ გამოაკლდნენ ორთოდოქსი ქრისტიანები - აქაოდა 25 დეკემბერი 7 იანვარს არისო. ჩინეთი, იაპონია, კორეა და მთელი აღმოსავლეთი მეტნაკლებად პასიურია, ასევე არ მონაწილეობენ ამ ემოციაში მუსლიმანური ქვეყნები.

ყველაზე უფრო ერთიანი მსოფლიო ახალ წელს არის. ამ დროს ლამის ერთ ნაბიჯშია ბინტუმანის მთა თავის მიზანთან. თითქმის მთელი მსოფლიო აღიარებს 31 დეკემბრიდან 1 იანვარს გარდამავალ წამს. მიუხედავათ იმისა რომ ჩინელების ახალი წელი სულ სხვაა და თანაც მოძრავია, თანაც ერთი და იგივე დღეს არ ემთხვევა, მიუხედავად იმისა რომ მუსლიმების წელიწადი 11-12 დღით მოკლეა ვიდრე გრეგორიანული კალენდარი, და საერთოდ მათთან ეხლა 1433 წელი დგება, მიუხედავათ იმისა, რომ ინდოეთის უმრავლესობისთვის ახალი წელი სადღაც მარტშია, მიუხედავად ბევრი სხვა ასეთივე სხვაობებისა, მაინც ნელ-ნელა ყველა ხარკს უხდის გრეგორიანული ახალი წლის დადგომას და შესაბამის ემოციასაც მეტ ნაკლებად გამოხატავენ.

ასე რომ ყოველ ახალ წელს ბინტუმანი ვარვარებს და ანათებს, მთის გულ-ღვიძლიდან მოდის ხმა, რომელიც სულ უფრო და უფრო წააგავს სიმღერას. შიგნით კი ანთია და ასხივებს ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, ევროპა, ყოფილი საბჭოთა კავშირი, აფრიკა, ავსტრალია, იაპონია, ნელ ნელა ღვივდება ინდოეთი, ჩინეთი, თქვენ წარმოიდგინეთ მუსლიმანური ქვეყნებიც კი ებმებიან ამ ფერხულში. ყოველ ახალ წელს უფრო და უფრო ძლიერდება შუქის და ბგერის უნისონი. ერთხელაც იქნება და...

სხვათა შორის ასეთი ემოცერგიის შემკრები სამი ყოფილა მთელს დედამიწაზე. სამივე ერთმანეთთან დაკავშირებულია. მათ შორის კავშირი და ურთიერთგავლენა ჯერ კიდევ საკვლევია. და საერთოთ ეს ემოცერგიის შემკრები წერტილები ბუნების შექმნილია, თუ რომელიმე უცხო ინტელექტის ნახელავია, ესეც საკითხავია.

ჰოდა ამ სამიდან ერთი ბინტუმანია. დასავლეთ აფრიკაში, სიერა ლეონე. დანარჩენი ორის ხსენება მოლესკინის წიგნაკის ბოლო გვერდზე ვიპოვნე.

მეორე სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთიანეთში, პიჩინჩას მთა, რომელიც ეკვადორის ტერიტორიაზეა.

მესამეზე კი წიგნაკში ეწერა, ”... კავკასიონი, ჯორჯია, ხვამლის მთა...”

ასე რომ, თუკი სადმე ლეჩხუმში, საეჭვო გარეგნობის ინგლისურად მოლაპარაკე უცნობს შეხვდებით, მაშინვე ჰკითხეთ მოლესკინის წიგნაკი ხომ არ დაუკარგავს სადმე და გთხოვთ, უმალ დამიკავშირდით.


* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო სახელდახელოდ ემზადება საახალწლოდ. ახალ ფორმაში გამოეწყო, ღილები და ეპოლეტები სულ უბზინავს.

-         რაო, მომო? ახალი წელი მოდის?
-         დიახ სერ! და ხომ იცით, რა ხასიათზეც შეხვდებით, მთელი წელიც ისეთი იქნება!


თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
31 დეკემბერი, 2010 წელი


 

Friday, December 17, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (26) - სამზადისის სამზადისი

სამზადისის სამზადისი

მალე შობა, ახალი წელი მოდის და ფრიტაუნშიც შესაბამისად იგრძნობა ზარ-ზეიმის მოახლოება. თანაც ჩვენგან განსხვავებით, სიერა ლეონელებს შობა ნამდვილ 25 დეკემბერს აქვთ და ახალი წელი კი 1 იანვარს, თანაც ერთი შობა და ერთი ახალი წელი, ყოველგვარი დუბლირების გარეშე.

ზამთრის სუსხისა და თეთრი ფანტელებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ აქა იქ გაჩნდა მორთული ნაძვის ხეები (საიდანღაც შემოტანილი და პლასმასის) და ამ პაპანაქება სიცხეში განსაკუთრებით სულელურად მომზირალი სანტა-კლაუსები.

ქვეყნის მუსლიმანი მოსახლეობა ისეთივე ხალისით ემზადება ქრისტეშობის შესაგებებლად, როგორც ყველა დანარჩენი, და იმედიანად ელოდება ”ქრისმასის” საჩუქრებს.

მზე ისევ ისე მხიარულად ანათებს, ოკეანის ნაპირი ოქროსფრად ბზინავს და ცისფერი ტალღები კი ჰორიზონტამდე ავსებენ სივრცეს. მაგრამ, აქაურ შობა, ახალ წელზე შემდეგ გიამბობთ, იქნებ ცოტა აცივდეს, ჯერ ცოტა ადრეა..

ეხლა კი ჯერ მზადებისათვისაა მზადება. ჩვენი კომპანიის PR მენეჯერი მოვიდა და დასასაჩუქრებელი ხალხის უშველებელი სია მოიტანა. მთავრობის წევრები, სხვა კომპანიების წარმომადგენლები, საბელადოების ლიდერები, ჩვენი თანამშრომლები, მეგობრები, კეთილისმსურველები, ბანკირები და ვინ იცის კიდევ ვინ. ყველასათვის კონვერტი, ღია ბარათი და ჩამოწიკწიკებულია ვის ფულად ვის ნივთად და ვის ორივე. რა ბიუჯეტი გაუძლებს არ ვიცი.

-         კი მაგრამ, შარშან ამდენი არ იყო?!
-         აბა მე რისთვის ვარ, ამ ერთ წელიწადში მეტი ხალხი დავიმეგობრეთ, დავიახლოვეთ...
-         მაშ მომავალ წელს?
-         ვერ გავიგე? ქრისმასია! არ გიხარიათ ხალხის გახარება?!
-         გვიხარია, როგორ არა, მაგრამ...
-         მოკლედ ესეა საჭირო, ჩემს ფუნქციებში ნუ ერევით...

მოკლედ მოგვიჭრა. რაც მთავარია თვითონ უხარია ამ უთვალავი კონვერტის დარიგება და ერთი სული აქვს, როდის შეუდგება.

-         კი მაგრამ ”ქრისმასი” ხომ 25 - შია?
-         მერე, 20-მდე უნდა ყველაფერი დარიგებული იყოს, აბა მერე ვინღა იქნება სამსახურში?

ისე, ჩვენს PR მენეჯერს დაეჯერება. ერთ-ერთი უკორუმპირებულესი ქვეყანაა სიერა ლეონე, ქრთამის და საჩუქრის გარეშე არაფერი კეთდება. თან ამას ისეთი ლამაზი და ჩვეულებრივი ფორმა აქვს მიცემული, რომ ლამის არ იმალება და დანაშაულად კი არა, ტრადიციად ითვლება. მაგრამ ერთი თავისებურება კი აქვს, რასაც სულ გვიჩიჩინებენ აქაურები. როცა, გაგიჭირდება ქრთამი მაშინ კი არ უნდა მიიტანო. არავითარ შემთხვევაში! წინასწარ უნდა განსჭვრიტო ვინ შეიძლება დაგჭირდეს და მანამდე, სულ არაფრისთვის უნდა აახლო მცირედი. ისე, მეგობრობისათვის, ვითომ კი არაფერი მინდა, უბრალოდ კაი კაცი ხარ და იმიტომო.

გაგიკვირდებათ და, ბოლო გაიძვერა ჩინოვნიკიც კი აფასებს ამას. და თუ მართლა ”დამეგობრებული” ხარ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, რეალურ ”პრობლემას” სულ რაღაც კაპიკებში გიწყვიტავს, ასე ვთქვათ ”თვითღირებულებით”. ხანდახან ნისიადაც კი გამოხვალ, ნდობაზე, თუკი გიჭირს. მეგობრობა, მეგობრობაა.

აი სად ჭედავენ ხოლმე ევროპელები. როგორც წესი ეს გულითადი, წინასწარი ფულის ფანტვა არ ესმით. ასე ამბობენ ყაბულსა ვართ გადახდაზე, მაგრამ ჯერ საქმე გააკეთონ და მერე გადავიხდითო. ნურას უკაცრავად, უნდა ნახოთ როგორ ელოდებიან ასეთ ”არამეგობარ” ბიზნესმენებს და რა სიამოვნებით წეწავენ! აბა ეს უგუნური თეთრი კაცები რისთვის არიან?

სად ”ქრისმასი” და სად კორუფციაო, იტყვით! მაგრამ, სწორედ ასეთ დროს გამოჩენილი ყურადღება და მცირე საჩუქრები ”დაშაქრავს” მომავალ კორუპციულ გარიგებებს, ფასით გაამეათედებს და საერთოდ კორუფციაც გაქრება, ”მეგობრობაში” და ტრადიციულ ურთიერთგატანაში გადაიზრდება. ასეა ბატონო, ცოდნა უნდა ყველაფერს. აბა, ქართველებს ”მოსაკითხის” და ”მისასვლელი პირის” რა ახსნა განმარტება გვჭირდება.

-         კანონი და წესი იმათთვის არის, ვისაც ჩვენი ესმის და ტრადიციებს პატივს ცემსო - ასე ამბობენ აქაურები.

მოკლედ არგუმენტები ქვას ხეთქავს, აუცილებელი ხარჯია, ვერსად წაუხვალ.

სამზადისის სამზადისი ქალაქის ქუჩებშიც იგრძნობა. მანქანებისაგან ისედაც გადატვირთულ ფრიტაუნის ვიქრო ქუჩებში გავლა პრაქტიკულად შეუძლებელია. რაღაც გასამმაგებული ენერგიით მოძრაობენ, შესაბამისად გადაადგილების ტემპი ორჯერ დაეცა. თანაც აქ ტროტუარს და ფეხით მოსიარულეთა ზონას არავინ არ ცნობს. აქ ტროტუარებზე ათასგვარი გასაყიდი ნივთია გადაფენილი, აქვე ათენებენ და ღამებენ გამყიდველები და მიდის ცხოველი ვაჭრობა. სავალი ნაწილი კი... კაციან, ქალიან, მანქანიან, საბარგოიანა ერთი და იგივე სივრცეში მოძრაობენ და ხორცისა და რკინის ერთიანი ცოცხალი მასა მიზოზინებს სადღაც, იქით აქეთ. მანქანები ძირითადად დგანან ან კუს ნაბიჯით მიიწევენ, მოტოციკლისტები და ფეხით მოსიარულენი კი მათ შორის დაძვრებიან.

თითქოს სადღაც შორიდან ყრუ გუგუნი ისმის, ”ქრისმასი” მოდის. ეს გუგუნი ნელ ნელა იმატებს და 24-ში ღამე იფეთქებს, კარნავალებით, მსვლელობებით, ქუჩის ორკესტრებით, ტამტამებით... მაგრამ ეს შემდეგ! ჯერ კი მზადების სამზადისია.

აქაურების მთელი ხიბლი კიდევ ის არის, რომ სამზადისი კი არის სამზადისი, მაგრამ თავისთავადი ღირებულება აქვს, ლამის ისეთივე, როგორც ”ქრისმასს”. სულაც არ ეჩქარებათ შობის დადგომა, ამ ეტაპიტაც სრულიად სერიოზულად ”კაიფობენ” და ბოლომდე ირგებენ. სამზადისს რომ ამოწურავენ, მერე ბუნებრივად გადავლენ შობაში და ეხლა იმას შეირგებენ უდარდელად. ჩვენ კი ხშირად აწმყოს არ ვაფასებთ და მხოლოდ მომავლის მოლოდინად ვაქცევთ ხოლმე.

აქაურ ”კრიოებს”, ძირძველ ფრიტაუნელებს, რომ მოუსმინო. ეხლანდელი ქრისტეშობა შობას აღარ გავს. აბა ადრე, ”გუუდ ოლდ კოლონიალ ტაიმს” რომ იყო, მაშინ უნდა გენახათ შობა. რა ფერები! რა დღესასწაული!

ეხლა კი რა? გაივსო ქალაქი ათასი გაუგებარი ხალხით. მთელი პროვინცია ფრიტაუნშია. არც წესი იციან, არც გემოვნება და ტაქტის გრძნობა აქვთ. გააბანძეს და გააუბრალოეს ყველაფერი!

ასე მოთქვამენ კრიოები და სინანულით აქნევენ თავებს.

-         თქვენს დროს ალბათ შობაზე თოვლიც მოდიოდა - გავეხუმრე ერთ მოხუც კრიოს

ამრეზით გადმომხედა, პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა. თვალებში ეწერა, თქვენ ველური და გაუგებარი ევროპელები დიდათ კი არ განსხვავდებით ამ ჩამოსული პროვინციელებისგანო. ალბათ, მართალიც იყო. აბა რა ხუმრობაა ეხლა ეს?! თანაც მისი ძვირფასი მოგონების გაბითურება. ვინ არის ეხლა ბითური?

მოკლედ ესეა, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. კიდევ უნდა გადავამოწმოთ, საჩუქრების სიაში ვინმე ხომ არ გამოგვრჩა, სამსახური მოსართავია გირლიანდებითა და ჭყეტელა ქაღალდებით, სურსათ სანოვაგე მოსამარაგებელია, ტელეფონის ბარათები შესაძენია (მერე აღარ იქნება) და ვინ მოთვლის კიდევ რა.

ასეა ბატონო, უთოვლო, უსუსხო, თბილი და ალერსიანი, მზიანი შობა, ახალი წელი მოდის სიერა ლეონეში.

ეხლა კი ჯერ სამზადისია.

დამდეგ ქრისტეშობამდე!


* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომოც აშკარად საშობაო საჩუქრის მოლოდინშია.

-         რა არის ეს მომო? ყველა ითხოვთ, ”კონვერტი” და ”კონვერტი”. რატომ არასოდეს ჩემი რიგი არ დგება და აქეთ არავის მოაქვს კონვერტი?
-         ეეე, კარგით რა სერ, რა ხასიათზე ხართ? ხანდახან ისე ლაპარაკობთ, უცხოს ერთი ძუნწი ევროპელი ეგონებით, არ გიცნობდეთ მაინც.
-         ხო არა, როცა გინდა ევროპელი ვარ და როცა გინდა არა..

მომომ თვალები ეშმაკურად მოჭუტა, ერთი ამოიოხრა და დააბოლოვა

-         სერ! ხომ ვიცი რამდენი კონვერტი დაარიგეთ. თუ ჩემი კონვერტი გადაგარჩენთ, ჯანდაბას, ეგრე იყოს.


თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
16 დეკემბერი 2010 წელი

Friday, December 10, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (25-ე) - ”კი-კა-კუ”

”კი-კა-კ


ადრეც რამდენჯერმე ვახსენე და კვლავ გავიმეორებ, 1990-2002 წლების სამოქალაქო ომამდე, მშვენიერი ქვეყანა ყოფილა სიერა ლეონე. აყვავებული, ინგლისურ ყაიდაზე გაწყობილი, ორგანიზებული და მხიარული. განსაკუთრებით ამაყობდნენ თურმე სიერა ლეონელები განათლებითა და განსწავლულობით. რამოდენიმე ათასი სკოლა მთელს ქვეყანაში, კოლეჯები, უნივერსიტეტები და ამ ყველაფრის გვირგვინი, ფორაბეი კოლეჯი.

-         ”ფრიტაუნს დასავლეთ აფრიკის ათენს ეძახდნენ” - თავი მოაქვს აქაურ ”ინტელიგენციას”.

ქვეყნის გამაერთიანებელი ენა ”კრიოა” - გაფუჭებული ინგლისური, ოფიციალური ენა კი თავად ინგლისურია. გაზეთები ინგლისურად გამოდის, პარლამენტი ინგლისურად მუშაობს და კანონები ინგლისურად იწერება. სიერა ლეონეში ათეულობით ტომია. ყველა თავის ენაზე ლაპარაკობს, ერთმანეთს რომ გაუგონ ან კრიოზე უნდა გადავიდნენ ან ინგლისურზე. ყველაზე დიდი ტომი მენდეა, ლამის ქვეყნის მოსახლეობის მესამედია. შესაბამისად მენდელები მენდეს ენაზე ლაპარაკობენ. ამბიციაც სხვაზე მეტი აქვთ, ჩვენა ვართ, თუ ვართ სიერა ლეონელებიო.

მინდა ერთ უცნაურ მენდეზე გიამბოთ, კაცზე, მენდეს ანბანისა და დამწერლობის შემოღება რომ უცდია. არა მხოლოდ უცდია, შემოუღია კიდეც.

ფარნავაზ მეფისგან მოყოლებული, სამი ანბანით განებივრებულ ქართველებს, რა გაგვაკვირვებს, მაგრამ მაინც საგულისხმო ამბავია.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, სიერა ლეონეს სამხრეთით, პუჯეჰუნის რაიონში, პატარა დასახლება ვაამაში დაიბადა კისიმ კამარა. მართალია შუაგულ მენდეს ტომში დაიბადა, მაგრამ მამამისი კორანკო ყოფილა, დედამისი კი მადინგო (სიერა ლეონეს სხვა ტომებია). თვითონ კი სამაგალითო პატრიოტ მენდედ გაიზარდა. კისიმ კამარა 1890 წელს დაიბადა.

ათიოდ წლით ადრე კი, 1879 წელს, შორეულ საქართველოში, დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, მაჩაბლის, გოგებაშვილის, ცხვედაძის, სარაჯიშვილის და სხვათა და სხვათა თაოსნობით წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ჩამოყალიბდა. ეს  უბრალოდ ისე, გლობალურად რომ წარმოვიდგინოთ პარალელური მოვლენები დედამიწაზე. ფარნავაზ მეფის დანატოვარი ანბანის პატრონი, ცურტაველის, შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის მემკვიდრე ერი ისეთ დღეში ჩავარდა მეზობელი ”კეთილი” პატრონის ხელში, რომ ქართულად წერა კითხვა თავიდან გაუხდა სასწავლი.

ამასობაში კი კისიმ კამარა წამოიჩიტა, ცოტა ხანს სკოლაში იარა, ხელობაც ისწავლა. ხელმარჯვე თერძი ყოფილა. მაგრამ კარგი მოხელეობის გარდა, გარშემო სოფლებში სახელი გაუვარდა როგორც უაღრესად გონიერ და ენერგიულ კაცს.

იქაურობისათვის და იმ დროისათვის ნამდვილი პოლიგლოტი იყო კისიმი. მშობლიური მენდეს ენა ხომ ოცოდა და იცოდა. დედ-მამისეულ კორანკოსა და მადინგოზე ლაპარაკობდა. ინგლისურად და კრიოზე წერა-კითხვა შეეძლო. სკოლაში სიარულისას კი არაბულიც უსწავლია.

ამ დროს ინგლისის გავლენა და სიძლიერე ზენიტში იყო, ინგლისელები სიერა ლეონეში ფაქტიურად ზეკაცებად ითვლებოდნენ და მათ გავლენასა და ძალაუფლებას საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა ეს გავლენა და უპირატესობა უმსხვერპლოდ და რაღაცნაერად ბუნებრივად ვრცელდებოდა. უკვე დიდი ხნის ჩავლილი იყო სისხლიანი აჯანყებები. სტაბილურობა, სიწყნარე და ინგლისური.

დაკვირვებული კაცი იყო კისიმი. დაფიქრდა და მიხვდა რომ ინგლისელების ძალა წიგნებში იყო, მათ ხომ კითხვა იცოდნენ და თავის ნაფიქრსაც იწერდნენ. სწორედ ეს წერა კითხვა იყო, საიდუმლო ძალას რომ აძლევდა მათ და დიდ ბატონებად აქცევდა. ეს იყო ჯადო! ასე ფიქრობდა კისიმი.

როგორც ამბობენ 1921 წელს კისიმ კამარამ ზმანება იხილა. დილას გაღვიძებულმა მოაგროვა ქაღალდი, ფანქრები, შორეულ ქოხში განმარტოვდა და ათი კვირით ჩაიკეტა, მხოლოდ სანდო ადამიანებს, ახლობლებს მიჰქონდათ საკვები და ქოხის შორიახლო ტოვებდნენ.

ერთი კავკასიისკენ გავიხედოთ, უბრალოდ ისე მოვლენების პარალერულ, გლობალურად დასანახად. 1921 წელს, წამოჩიტულ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას რუსეთის კომუნისტ მაჯლაჯუნები შემოესიენ, ქართველი ჯოჯოების (სტალინ, ბერია, ორჯონიკიძე და სხვა...) დავალებით და ასევე ქართველი ჯოჯოების ხელმძღვანელობით. ქართულ ენაზე მოლაპარაკე დამოუკიდებელმა ქვეყანამ სული განუტევა და არსებობა შეწყვიტა. წერა კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფორმალურად 1923 წლამდე იარსება და ისიც ისტორიას ჩაბარდა.

ამასობაში კი შორეულ ქოხში განმარტოებული კისიმ კამარა პერგამენტებისა და ფანქრების მეშვეობით ჯადოსნობდა. ათი კვირა რომ გასრულდა კისიმი ქოხიდან გამოვიდა და მენდეს ენისათვის შექმნილი დამწერლობა გამოიტანა. უნიკალური დამწერლობა, რომელიც არ იმეორებდა არც ერთ არსებულ ანბანს. კისიმ კამარამ შექმნა 195 სიმბოლო, რომელიც ხმოვნებისა და თანხმოვნების ყველა შესაძლებელ წყვილს, მარცვალს შეესაბამებოდა. ეს 195 სიმბოლო იყო სრულფასოვანი ანბანი, რომელიც მენდეს ენას ესადაგებოდა და ყველა შესაძლებელ ნიუანს გადმოსცემდა. ანბანს პირველი სამი მარცვლის მიხედვით ”კი-კა-კუ” ეწოდა. ასე დაიბადა მენდეს დამწერლობა.

წარმატებით აღფრთოვანებულ, ენერგიულ კისიმ კამარას რაღა დააოკებდა. პირველი წერილი მენდეზე, ”კი-კა-კუ”- თი დაწერილი თითონ შეადგინა (აბა ნეტა სხვა ვინ იზამდა?) და თითონვე წაუკითხა გაოგნებულ თანასოფლელებს.

კამარამ დაბა პოტორუში სკოლა დაარსა, სადაც ”კი-კა-კუ”-ს სისტემას და მენდეზე წერა კითხვას ასწავლიდა. ხმა გავარდა, ”კი-კა-კუ” და მისი ავტორი სულ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებოდნენ. 1930 წლებში უკვე რეგულარულად წერდნენ ”კი-კა-კუ”-ზე, წავიდა კორესპონდენცია, დაიწყეს დოკუმენტების შედგენა, ნასყიდობის ფურცლები, გარიგებები, მინდობილობები, უბრალოდ წერილები. ”კი-კა-კუ” სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ეტყობა მოსახერხებელიც და ასათვისებლად მარტივიც. საბელადოებში, აქაურად ”ჩიფდომებში” ფაქტიურად ოფიციალურ დამწერლობად იქცა და საბელადოს კლერკებისათვის აუცილებელი გახდა ”კი-კა-კუ”-ს ცოდნა. კამარა მოწაფეები მოუმრავლდა, მოწაფეების მოწაფეები, მათი მოწაფეები და ა.შ.

ვიცი, ეხლა ელოდებით, რომ საძაგელმა კოლონიზატორმა ინგლისელებმა ”კი-კა-კუ”-ს დევნა დაუწყეს, კამარა არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა, ბოლოს დაიჭირეს და ბორკილებდადებული კატორღაში გაუშვეს... არაფერი მსგავსი. კოლონიურ ადმინისტრაციას ყურიც არ შეუბერტყია, არავისთვის არაფერი არ დაუშლია და საერთოს არანაირი რეაქცია არა ჰქონია... მართალია თითონაც არ მოუკლავთ თავი ”კუ-კა-კუ”-ს სწავლით.

შემდეგი ეტაპი ის უნდა ყოფილიყო, რომ ”კი-კა-კუ”-ზე დაწერილიყო ლექსები, ნოველები, რომანები. შექმნილიყო მენდეს კლასიკა, აქაური ”ვეფხისტყაოსანი”. ესე არ მოხდა.

1940 წელს ქალაქ ბოში, რომელიც ფაქტიურად მენდეების მხარის ცენტრია, ინგლისელებმა გახსნეს ”წერა-კითხვის ბიურო”, რომელიც ხალხს ასწავლიდა ლათინურ ანბანს და როგორ უნდა მოეხმარათ ეს ანბანი თუნდაც მენდეს ენაზე საწერად. პარალელურად ასწავლიდნენ ინგლისურ წერასაც. დააგზავნეს მისიონერ მასწავლებლები სოფლებში და ხალხმაც აქტიურად აიტაცა ეს ნოვაცია.

ერთი კიდევ გავიხედოტ კავკასიისკენ. ზუსტად ამ დროს 1930 – 1940 წლებში, შორეულ საქართველოში მძვინვარებს ”წითელი ტერორი”. უკვე საბჭოთა კავშირის სათავეში მოქცეული ქართველი ჯოჯოები (სტალინი, ბერია, ორჯონიკიძე...) ყველა ჯურის და ერის დამქაშ ჯოჯოებთან ერთად სპობენ და ანადგურებენ ყველას, ვინც კი წერა-კითხვა კარგად იცის. იმსხვერპლეს მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, სანდრო ახმეტელი, პეტრე ოცხელი, ევგენი მიქელაძე, და სხვა და სხვა და სხვა, ყველა ვინც კი ”კი-კა-კუ”-ზე ოდნავ მეტი იცოდა.

დავუბრუნდეთ ისევ მშვიდობიან სიერა ლეონეს. უთანასწორო ბრძოლაში ”კი-კა-კუ”-მ უკან დაიხია და ნელ ნელა ბუნებრივი სიკვდილით მიიცვალა. კისიმ კამარა 1962 წელს გარდაიცვალა მშვიდად, მაგრამ ნაწყენი, რომ მისი ანბანი აღარ გავრცელდა. თუმცა დიდ პატივისცემაში, როგორც სიერა ლეონელი კლასიკოსი, მენდეს ერთადერთი, თუმცა უსარგებლო ანბანის შემქმნელი. თუნდაც იმის მაგალითის მიმცემი, თუ რა შეუძლია ერთ კაცს, და რომ არა ინგლისური ვინ იცის ეხლა რა შედევრებს წავიკითხავდით ”კი-კა-კუ”-ზე.

ოდნავ დააგვიანდა კისიმ კამარას, ეს ყველაფერი რამდენიმე საუკუნით ადრე, ჯერ კიდევ პირველი პორტუგაილიელის მოსვლამდე რომ გაეკეთებინა, იქნებ გადარჩენილიყო ”კი-კა-კუ”, პორტუგალიელებს და ინგლისელებს მენდეები უკვე თავისი წიგნებით რომ დახვედროდნენ, იქნებ სულ სხვანაირად წასულიყო საქმე, მაგრამ... აბა მაშინ ვის მოუვიდოდა აზრად რომ რასაც ლაპარაკობ, ის შეიძლება ჩაწერო კიდევ. მოკლედ, თქვენც ხომ კარგად იცით რატომაც? ეხლა კი დარჩა ლეგენდა, გონიერი თერძი, რომელმაც ანბანი შექმნა.

დღესაც არიან ”კი-კა-კუ”-ს მცოდნეები, ამბობენ ერთი ხუთასი კაცია შემორჩენილი მთელს სიერა ლეონეშიო. მართლაც უნიკალურია. ქვეყნის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა კისიმ კამარა, მენდეს ანბანის შემქმნელი. ყველაფერი ეს, ფრიტაუნის ფორაბეი კოლეჯში ისწავლება როგორც ისტორია, და ლინგვისტებისთვის როგორც ერთერთი ანბანი. რა გინდათ, ჩამოთვალეთ მკვდარი ენები და ანბანები - ლათინური, ძველბერძნული, ეგვიპტური იეროგლიფები, შუმერული ლურსმული... და ”კი-კა-კუ”. რამე არ მოგწონთ?

ასეთი სხვადასხვა ვექტორებით იარა დასავლეთ აფრიკულმა სიერა ლეონემ და კავკასიურმა საქართველომ.

1991 წელს სიერა ლეონეში სასტიკი სამოქალაქო ომი დაიწყო, ერთ მხარეს ”რებელებმა” და მეორე მხარეს მთავრობამ დასცხეს ერთმანეთს და მიწასთან გაასწორეს ”დასავლეთ აფრიკის ათენი”, დაანგრიეს და დაბუგეს ათასობით სკოლა. ვიღას ახსოვდა ”კი-კა-კუ”!

შორეულ საქართველოში კი, იმავე წელს, რუსთაველის გამზირზე პირველი ტყვია გავარდა, აქაც ერთმანეთს დასცხეს...

* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯს, პოლიციელ მომოს საგანგებოდ სუვენირად დაბეჭდილი კისიმ კამარას სურათი და ”კი-კა-კუს” ანბანი ვაჩვენე.

-         დიახ სერ! კისიმ კამარაა! სწავლული კაცი! - ამაყად თქვა მომომ
-         მერე რატომ არ წერთ ”კი-კა-კუ”-ზე, მომო?
-         კარგია რომ გააკეთა, სერ! მაგრამ... აი, თქვენ რამდენი ენა იცით?
-         ქართული, რუსული...
-         ხოდა, სერ, მეც ვიცი მენდე, კრიო, მადინგო. მაგრამ ბოლოს ყველა მაინც ინგლისურად ილაპარაკებს, ესე არა სჯობს?

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
8 დეკემბერი, 2010 წელი

Friday, November 26, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (24) - გზა

გზა
(ფრიტაუნი - კენემა)


რუქას თუ დააკვირდებით, სიერა ლეონეს მომრგვალებული ფორმა აქვს. ქვეყნის ლამის სულ დასავლეთით,  ანტარქტიკის ოკეანეში ნახევარკუნძულია შეჭრილი, ამ ნახევარკუნძულის დასავლეთი წვერი კი ფრიტაუნია, სიერა ლეონეს დედაქალაქი. აქ იწყება გზა, რომელზეც მინდა მოგითხროთ, მიჰყვება ნახევარკუნძულის ნაპირს, მიძვრება მატერიკთან შემაერთებელ ვიწრო ყელში, თითქმის შუაზე ჰყობს მთელს ქვეყანას და აღმოსავლეთ მეზობელ ლიბერიაში გადადის. ლიბერიის საზღვრამდე კი ბოლო დიდი ქალაქი კენემაა.
თითქმის მთელი სიერა ლეონე მაქვს შემოვლილი და ამ მარშრუტით კი ყველაზე ხშირად მიწევს იქით აქეთ მგზავრობა ჩემი სამსახურის გამო. გამოგვყევით ფრიტაუნიდან კენემამდე მე და ჩემს თანამგზავრს, ქართველების დიდ მეგობარს, აქაურ პოლიტიკოსსა და პრეზიდენტობის კანდიდატ დოქტორ ბაბა კონტეს. საინტერესო გზაა...
დოქტორ ბაბას თავის დროზე საბჭოთა კავშირში უსწავლია, რუსულიც კარგად იცის, დისერტაციაც იქ დაუცავს და ამიტომ თავის თავს დოქტორს უწოდებს, თორემ მედიცინასთან არანაირ კავშირი არა აქვს.
-         დოქტორ, ხვალ მივდივართ კენემაში, დილას გამოგივლი, 6 საათზე მზად დამხვდი, კარგი?
დოქტორმა იცის, რომ ალტერნატივა არ არსებობს, და ამიტომ უხმოდ მეთანხმება.
მთავარია დილას ადრე გასვლა, სანამ ფრიტაუნის ქუჩები გაივსება, თორემ თუ ვერ გაასწარი ქალაქი ისე გადაიჭედება, შეიძლება საღამომდე ვერ გააღწიო. ნერვებიც დაგაწყდება და მოგზაურობაც ჩაიშლება. ფრიტაუნში მანქანით მოძრაობა სრულიად უნიკალური ამბავია და ამის შესახებ ერთხელ ცალკე მოგითხრობთ. ამიტომ დილის 6 საათი ქალაქიდან გაქცევის ბოლო ვადაა.
დოქტორის სახლი ქალაქის გასასვლელშია, იმის იქით აღარ გვემუქრება ”ტრაფიკში”, როგორც აქ ამბობენ, გაჭედვა. ზუსტად ექვსზე დოქტორთან ვარ, ისიც გამზადებული მხვდება თავის დიდი შავი ჩანთით, რომელიც მუდმივად სავსე აქვს ათასი ჯურის უცნაური ქაღალდით. როგორც თითონ ამბობს, პოლიტიკოსს არა აქვს არც ერთი წამით მოდუნების უფლება, იგი სულ ქვეყანაზე ფიქრობს და მუშაობს, ამისათვის კი საჭირო დოკუმენტები სულ ხელთ უნდა ჰქონდეს. მართალია, როგორც შევამჩნიე ზოგიერთი ფურცელი აშკარად განახლებას მოითხოვს და ძველიძველ პერგამენტებს წააგავს, მაგრამ ვინ იცის, ეტყობა ისტორიული მასალაა...
სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, დოქტორმა ბაბამ უკანა ფანჯარაში ჩაიხედა, დაინახა რომ არ დამვიწყებია მისი ტრადიციული საგზალი, ლიბანური პური, სუპერმარკეტში ნაყიდი პაკეტის წითელი ღვინო და მჟავე კიტრი. აშკარად გამოუკეთდა გუნება და ხალისიანად ჩაჯდა მანქანაში. საყვარელ სიერა ლეონურ კერძებს გზადაგზა იყიდის, ყველა გაჩერებაზე პატარ პატარა მიტინგებს გამართავს და წინასწარ კმოყოფილებით იფშვნეტს ხელებს.
დავიძარით. ფრიტაუნისგან განსხვავებით ქალაქგარეთ გზა თითქმის ცარიელია. ნახევარკუნძული, სადაც დედაქალაქია, მთაგორიანია და ძალიან ლამაზია. გზაც მიხვეულ მოხვეულია, ფაქტიურად ოკეანის ნაპირს მიუყვება, სადღაც ოც კილომეტრში მატერიკს უერთდება ვიწრო ყელით. ამ ადგილს ვატერლოო ჰქვია.

ვატერლოო.
პატარა დასახლებაა, მაგრამ გზა, ტრასა, ფაქტიურად გადაკეტილია, სადღაც კილომეტრის  მანძილზე ორივე მხრიდან გზას ჯიხურები მიჰყვება, ჯიხურების წინ ხალხს მიწაზე აქვს გაფენილი გასაყიდი საქონელი, მიდის ცხოველი ვაჭრობა და მისვლა მოსვლა, გზა ფაქტიურად არა ჩანს. გამოუცდელი, ამ გასაჭირში პირველად მოხვედრილი, მძღოლი უბრალოდ გაჩერდება და სასოწარკვეთილებაში ჩავრდება. წარმოიდგინეთ, თბილისში, 90-იანი წლების ტტო-ს ბაზრობაზე რომ შესულიყავით მანქანით! მთელი საიდუმლო კი ის არის, რომ არ უნდა გაჩერდე, ნელ-ნელა იმოძრაო და გამუდმებით აპიპინო, არ უნდა მიაქციო დგას შენს წინ ვინმე თუ არა. უნდა ნელა და ჯიუტად იმოძრაო. აღმოჩნდება რომ მანქანა სრულიად უვნებლად მოზრაობს ცოცხალ ნაკადთან ერთად, 3 კილომეტრით საათში, შესაბამისად ამ ერთ კილომეტრს 20 წუთში დაფარავ. თუ მთლად გაშინაურებული ხარ და ფანჯრებს ჩამოუშვებ, ხალხსაც გაესაუბრები, მოიკითხავ, რამეს იყიდი, ივაჭრებ, კოკა კოლას დალევ, ბოთლს უკან დაუბრუნებ, ფულა გადაიხდი, ხურდას მოგიტანენ.... მოკლედ სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრებ, მთავარია არ ინერვიულო და რეალობას შეეგუო. ერთ კილომეტრს გაივლი და სრულიად თავისუფალ გზაზე გახვალ. ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაქრება, თითქოს ზუსტად ოცი მეტრის უკან ცოცხალ მდინარეში არ ყოფილიყავ. წინ ცარიელი ტრასა და ორივე მხარეს აფრიკული სავანა. მიეცი გაზი!
”პოლის ჩეკ პოინტი”
კარგად რომ გაინავარდებ, ვატერლოოდან დაახლოებით შვიდ წუთში, სიჩქარეს უნდა დაუკლო. გზა აქეთ იქით ოთხ-ოთხი მეტრის დაშორებით ბეტონის ბლოკებით არის ჩახერგილი. მოკლედ თუ გავლა გინდა კარგი სლალომია საჭირო, მაგრამ ჩვენ რა გაგვაკვირვებს. გახსოვთ აჭარაში შესასვლელი როგორ მახვილგონივრად ჰქონდა მოწყობილი ასლან აბაშიძეს? ჰოდა ვისაც ის გინახავთ ფრიტაუნელი პოლიციელები ვერას გაგაკვირვებენ. გინდა არ გინდა უნდა გაჩერდე, პოლიციელიც იქვეა. შენს რეაქციაზე უმალ ატყობს ახალბედა თეთრი ხარ თუ არა და კარგი ფსიქოლოგივით გირჩევს საუბრის კილოს, ინტონაციას და თემას. ეხლა თუ გვერდით პრეზიდენტობის კანდიდატი, დოქტორი ბაბა კონტე გიზის, მაშინ რაღაზეა ლაპარაკი! მაგრამ დოქტორს ოღონდ აუდიტორია ანახე. დაუწყო შორიდან, გამოკითხა ყველაფერი, ოჯახი, საიდან არის, შემოიკრიბნენ სხვა პოლიციელებიც, დოქტორი მანქანიდან გადავიდა, აბა საერთო ნაცნობები, აბა სიერა ლეონეს ბედკრულობა, აბა პოლიციის პრობლემები, აბა ოჯახში რა წაიღონ, აბა მთავრობა რას აკეთებს....
-         დოქტორ, წავედით რა?!
-         მოიცა, ხალხს აინტერესებს, მეკითხებიან...
-         დოქტორ!
-         ესე არ გამოვა, მომეცი ცოტა ფული დავურიგო! ესე ხელცარიელი ხომ არ დავემშვიდობები? უხერხულია, მე ხომ დიდი კაცი ვარ...
ფული დამცინცლა, პოლიციელებს დაურიგა, სულ ვაშას ძახილით და მხედრული სალმით გამოგვაცილეს. ამას ჯობდა ერთი კარგად დავეჯარიმებინეთ.
-         ნახე, როგორ ვუყვარვარ ხალხს! - კმაყოფილია დოქტორა
ისევ ტრასა, ცარიელი და გაკრიალებიული, ესეთი გზა მაშაკამდე იქნება. ავტომოყვარულის ოცნებაა ეს 40 კილომეტრი, უნდა გავიხარო და თან დრო მოვიგო, მერე გზა აღარ ივარგებს. მიცუბიშის მოტორს ვაღმუვლებ და გემრიელად შევდივარ მოსახვევებში, მანქანამაც შვება იგრძნო და მიფრინავს.
დოქტორას უსაფრთხოების ღვედი გაუკეთებია, სახელურს ჩაფრენია და დაძაბული თვალს არ აშორებს გზას. ფერი არ ადევს. ხანდახან სპიდომეტრისკენ აპარებს თვალს.
-         ხო მაგარია, დოქტორ?
-         იცი რას გეტყვი, ეს მანქანა ხომ თქვენი, თეთრი კაცების გაკეთებულია? ხომ წინდახედულები და ჭკვინები ხართ?
-         ????
-         მაშ მითხარი, რატომ არის რომ მეხუთე სათადარიგო ბორბალი მოჰყვება მანქანას?
-         ????
-         ესეიგი თქვენ თითონ არა გაქვთ იმედი და შეიძლება ბორბალი გაფუჭდეს!!! სად მიქრიხარ, ესე როგორ შეიძლება!!??
-         კარგი რა დოქტორ, ნახე რა გზაა, ბობღიალს მაშაკას შემდეგაც მოვესწრებით.
-         გამიჩერე, მე გადავალ! მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გავხდე და ჩემი თავი ჯანდაბას, სიერა ლეონეს ბედს ვერავის გავარისკინებ.
-         დოქტორ, აგერ უკან, შენი საყვარელი წითელი ღვინო, მოწრუპე და ”რელაქს”...
დოქტორამ თვალები დახუჭა, ხელები აღაპრო და ლოცვას მოჰყვა...
-         კარგი დოკ! აგერ უკვე მაშაკაში ვართ, შენმა ლოცვამ გვიშველა, აწი, რომ გვინდოდეს მაინც ვერ გავქანდებით.
მაშაკა
მაშაკა სიერა ლეონეს გზაჟვარედინია, აქაური სამტრედიაა, აქ იყრება გზები. ერთი დიდი წრეა და იმ წრიდან მიდის სხივები სხვადასხვა მიმართულებით. პორტ ლოკოს გავლით, გვინეისა და მისი დედაქალაქი კონაკრისკენ; ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრ მაკენისა და მაგბურაკასკენ; ოქროს საბადოებით განთქმულ კაბალისაკენ; ალმასების რაიონ კონოსაკენ; რკინის საბადო - ”მარამპა მაინს” ქალაქ ლუნშართან; ბუმბუნასკენ - სადაც აგერ უკვე ოცი წელია იტალიელები ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ და ყოველ წელს ქვეყანას გაჩირაღდნებას პირდებიან, მაგრამ არც ერთი ეს მარშრუტი დღეს არ გვინდა, ჩვენ კენემაში მივდივართ, აღმოსავლეთისაკენ, ლიბერიის საზღვრისაკენ.
გზა გაფუჩდა, მაშაკა მართლაც სიმბოლური ადგილია, როცა ფრიტაუნისკენ მიემგზავრები, მაშაკაში მოსული ამოისუნთქავ, ცუდი გზა და ჯაღჯაყი მორჩა და თავი სახლში გგონია. როცა ფრიტაუნიდან მიდიხარ, აქ უნდა ჩაისუნთქო და თავგადასავლებისა და გულ-ღვიძლის ათქვეფისათვის მოემზადო.
მე უკვე ყველა ორმო ვიცი ზეპირად და ტაატით მიყვები ტალღოვან გზას, ბუნებაც შეიცვალა, გზის პირის იქით უკვე ნამდვილი ველური სავანაა, ზედ გზასთან აფრიკული ქოხებია აშენებული, ტალახით მრგვალად ამოლესილი და გამხმარი ბალახით გადახურული აფრიკული ქოხები. ისე მოულოდნელად გადაგირბენენ ტიტლიკანა შავი ბავშვები, რომ ჭინკები გეგონება. დოქტორა ბედნიერია, მოძრაობის ტემპი აშკარად შესაბამისობაში მოვიდა მის შინაგან რიტმთან. ფილოსოფიის ხასიათზე დადგა. ასეთ დროს სსრკ-ში ნასწავლი და ჩაბეჭდილი აზრები ახსენდება ხოლმე და უცბათ ყოველ მიზეზ გარეშე წამოიძახებს.
-         самый главный вопрос, это вопрос о власти!!!
-         В.И. Ленин! - ვპასუხობ მე, დოქტორა ჩემი სწაფი რეაქციით დაბნეულია და შეცბუნებული მიყურებს
მანქანა ნელ ნელა ჯანჯღარით მიიწევს წინ, გზის პირას ზანგის ბავშვები გვეჯღანებიან, მე და დოქტორა კი პოლიტეკონომიას ვარჩევთ.
MILE 91
ესე ჰქვია ამ ადგილს, 91-ე მილი. მართლაც 91 მილია ფრიტაუნიდან და ჩვენი გზის შუაა. არაფერი განსაკუთრებული, გზის გასაყარი, მომცრო წრე, ჯიხურები, მაგრამ აქაურები ისეთი ინტონაციით და იდუმალებით ამბობენ ხოლმე - ”მაილ ნაინთიუან”, რომ შენც უნებურად მოწიწების განცდა და საიდუმლოების შეგრძნება გეუფლება. მანქანაც შესაბამისად მიგყავს. ალბათ ცოტა კიდევ მეტ ხანს უნდა იყო სიერა ლეონეში რომ ამ 91-ე ადგილის იდუმალება გაშიფრო... მაგის დროც მოვა.
აქედან მიდის გზა სამხრეთ სანაპიროსკენ, სადაც სახელგანთქმული რუტაილის საბადოებია. ჩვენ კი კენემისკენ მივდივართ და გზაზე ”მოიამბა ჯანქშონ” უნდა გავიაროთ.
”მოიამბა ჯანქშონ”
მოიამბას გზაჟვარედინი აქაური გორის ბაზრობაა, ტრასაზე გამოფენილია ყველაფერი რისი ყიდვაც შეიძლება. ხილს, ”სოფტ დრინკებს”, ლუდს და სხვადასხვა აფრიკულ კერძებს ვერ დასთვლი. აქ დოქტორას რიტუალი აქვს, რომ არ გააჩერო არ შეიძლება. მტრად მოგეკიდება. უნდა გადავიდეს, ხალხში გაერიოს, აფრიკული კერძები დააგემოვნოს, მოკლედ ”გაიბლატავოს”. სხვა რა გზაა, უნდა მხარი ავუბა.
”ტაიამა ჯანქშონ”
ეს გზაჯვარედინი კი უბრალოდ ცარიელია, რა ხდება და სახელი რატომ ქვია ვერ მივხვდი და დოქტორამაც ვერ მითხრა. აღსანიშნავი კი იმით არის, რომ ისევ კარგი გზა იწყება, გასისინებული ტრასა შუაში თეთრი მარკირებით და გზისპირებზე ყვითელი ხაზებით. გზა პრაქტიკულად ცარიელია, 10 წუთში ერთხელ თუ შეგხვდება მანქანა. აბა ამოისუნთქა ”მიცუბიშიმ” და ნერვიულად ჩაისუნთქა დოქტორამ.
ბო
ეს კენემამდე ბოლო ქალაქია, კენემა და ბო ერთმანეთს ეჯიბრებიან, კენემა სიერა ლეონესთვის იგივეა რაც საქართველოსთვის ქუთაისი, მაგრამ ბოც რომ ქუთაისია? მოკლედ სიერა ლეონეს ორი ქუთაისი აქვს, ბო და კენემა. ჰოდა ამ გზაზე ჯერ ბო გხვდება. ტრასა ქალაქში არ გადის, კიდეზე მიჰყვება, ამიტომ თუ სპეციალურად არ შეუხვიე, სიერა ლეონეს ნომერ პირველ ქუთაისს ვერც ნახავ, ვერც მიხვდები ტრასიდან მარცხნივ თუ ქალაქი არსებობს. ერთხელაც შეუხვევთ და მოგიყვებით ბო-ზე. ეხლა კი კენემისკენ მივქრივართ.
კენემამდე სამოცი კილომეტრი დოქტორამ სულ ლოცვაში გაატარა, თან სულ მემუდარებდა ბატი არ გაიტანოო! ძაღლი, კატა, ქათამი, ადამიანი ჯანდაბას ფულს გადავიხდით და რამეს მოვახერხებთ, ღმერთი არ გაგიწყრეს და ბატი არ გაიტანოო, ბებიჩემისგან ვიცი, ეგ რომ მოხდეს უბედურებას ვერ გადავრჩებითო. მართალი გითხრათ ბატი არ შეგვხვედრია, მაგრამ ისე გულმხურვალედ მეხვეწებოდა, გაოცებისაგან სვლაც კი შევანელე.
-         რამ გადაგრია დოქტორ? ეს ნასწავლი კაცი რა ბატებზე ლაპარაკობ?
-         რა უნდა აგიხსნათ ამ ევროპელებს, (ეს ”ევროპელები” განსაკუთრებით შევირგე), არაფრის არა გწამთ და  თუ ძმა ხარ, უბრალოდ დამიჯერე...
კენემა
აი კენემაც, კი არის ქუთაისი ნომერ ორი, მაგრამ აშკარად მეტია ვიდრე ქუთაისი, სიერა ლეონეს ბიზნეს ცენტრია, ბოლო ქალაქია ლიბერიის საზღვრამდე. აქ იყრიან თავს მეტყევეები, გეოლოგები, მეტრანსპორტეები, მებაჟეები, კონტრაბანდისტები, მაინერები, აფერისტები, ეკოლოგები, ბუნებისდამცველები... მოკლედ რა ვინიგრეტია ვერ წარმოიდგენთ. დოქტორასაც მეტი რა უნდა, ოღონდ კენემის ქუჩებში ატარე და ალაპარაკე...
კენემის მერე იწყება გზა ლიბერიისაკენ, უსიერი ტყეები, საბელადოები თავისი ბელადებით. ამბობენ, რომ ტყეში დღესაც იმალებიან ”რებელები”, სამოქალაქო ომის მერე გადარჩენილები. განა შეამოწმებს ვინმე?
აქ უნდა მოვითავოთ ჩვენი სამსახურის საქმეები, სანახავი ვნახოთ, მოსალაპარაკებელს მოველაპარაკოთ, შესამოწმებელი შევამოწმოთ. დოქტორა ადგილობრივ ბელადებთან მივუშვათ, ტრადიციული მეთოდებით ამბების გასარკვევათ და შესათანხმებლად. ერთი ორი ღამე გავათიოთ. აფრიკული ტამტამები მოვისმინოთ და უკან გავუდგეთ ფრიტაუნის გზას.
-         რა ხალხი ხართ ეს ქართველები! თქვენ რომ არა ამ ჩემს სიერა ლეონეს ხომ ვერც ვნახავდი წესიერად. თქვენთან ერთად შემოვიარე მთელი ქვეყანა, ჩემზე კარგად არც ერთმა პოლიტიკოსმა არ იცის ჩვენი მხარეები. - გულწრფელად გვემადლიერება პრეზიდენტობის კანდიდატი, დოქტორი ბაბა კონდე. გაიხარე, დოქტორ!

* * *
უკან დაბრუნებულმა, ვერ მოვითმინე და ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯს, პოლიციელ მომოს ვკითხე
-         მომო. ბატი რას ნიშნავს სიერა ლეონესთვის?
-         ბატი, სერ?
-         ხო მომო.
-         რა ვიცი სერ, კარგად შემწვარი ბრინჯთან ერთად, გადასარევია. მოდი ვიყიდოთ და მე შევაწვევინებ ჩემიანებს, საუკეთესო ნაჭრებს მოგიტანთ.

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
25 ნოემბერი 2010 წელი