Friday, November 4, 2011

აფროქართველის 6 (53) - დიშვოშერი

დიშვოშერი
 
 
”...თეფშების რეცხვა  ქალის თანდაყოლილი ღირსებაა? ის დრო წავიდა კაცები სანადიროდ რომ დადიოდნენ... ქალებს მზითევში ”ჩუსტებს” რომ ატანდნენ... დაბადებიდან ფუნქციების განაწილებამ ჭირი მოჭამა, გვინდა თუ არ გვინდა, ეხლა ყველა მუშაობს, ცხოვრების დონე სადაც მაღალია, ფიზიკური ძალის გამოყენება ნაკლებად გჭირდება, ისე რომ თანაბრად იდება ოჯახისთვის ძალები და ენერგია... რომელიც დაღლილი არ არის და მეტი ძალა შემორჩა დღის ბოლოს, ხან ერთმა და ხან მეორემ, და არა ისე, რომ მე რახან კაცი ვარ თეფში არ უნდა გავრეცხო ან პირიქით, (”დიშვოშერი” კარგი გამოსავალია..) ...”
- ია მჭედლიშვილი

 
კაცობრიობა დიდი აღმოჩენის კარიბჭესთანაა. თუკი ყველაფერი დადასტურდა, შეიძლება სრულიად გადაიხედოს კოსმოსის მოწყობის აქამდე არსებული თეორიები, საბუნიბესმეტყველო მეცნიერებები სულ სხვაგვარად ახსნიან სამყაროს არსს და ადამიანის არსებობასა და თავად სიცოცხლეს შეიძლება სრულიად განსხვავებული გამართლება მოეძებნოს. ღმერთი?
 
ამ გლობალურ რევოლუციაში მცირეოდენი ჩვენი წვლილიც არის. პუბლიკაციებიც დაფიქსირებულია. თანაც სრულიად სანდო და ავტორიტეტულ გამოცემებში. 24 საათის - WEEKEND ის საახალწლო გამოცემაში დაიბეჭდა პირველად ეს თავბრუდამხვევი ჭეშმარიტება. (იხ.WEEKEND – 26.12.2010 ”საახალწლო ზღაპარი” და 01.01.2011 ”საახალწლო ზღაპარი, მოლესკინი).
 
სენსაციურ აღმოჩენის საფუძვლად შემთხვევითობაა, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. უცნობი მოგზაურის მოლესკინის წიგნაკის პოვნამ და ჩანაწერების გაშიფვრამ დაგვაყენა სწორ გზაზე. მერე იყო ხანგრძლივი და მომქანცველი მოლაპარაკებები, ექსპედიციის დაფინანსების ძებნა. თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ National Geographic  და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება ერთობლივად გასწვდებოდა ამ საქმეს, მაგრამ საყოველთაო ეკონომიკურმა კრიზისმა აქაც იძალა და უსახსრობის გამო საკითხი უარყოფითად გადაწყდა. სხვა რა გზა იყო, ერთადერთი და ბოლო იმედი  WEEKEND - ი იყო. ალღოიანმა გამომცემლებმა იგრძნეს რასთან ჰქონდათ საქმე, აამუშავეს თავისი მძლავრი საფინანსო მანქანა და კვლევითი ექსპედიიცია შედგა. კაცობრიობა კი მთელი ისტორიისა და ყოფიერების არსის ხელახალი გააზრებისა და თვითშემეცნების ახალი ეტაპის წინაშე აღმოჩნდა.
 
საკვლევი და საპასუხო კიდევ ბევრია, მაგრამ დადასტურდა რომ დედამიწაზე არსებობს სამი ურთიერთდაკავშირებული საკოორდინაციო წერტილი, რომ დაგროვებული ემოციური ენერგია, ემოცერგია, არსად არ იკარგება, აკუმულირდება და მისი გადანაწილება გადამწყვეტ გავლენას ახდენს მოვლენების განვითარებაზე. დრო და სივრცე სულ სხვაგვარ აზრსა და მნიშვნელობას იძენს...
ვისაც ეს ისტორიული პუბლიკაციები არ გამორჩენია იცის რომ ერთი ასეთი ადგილი სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთიანეთში, პიჩინჩას მთაა, რომელიც ეკვადორის ტერიტორიაზეა. მეორე კავკასიაში, საქართველოში, ლეჩხუმში - ხვამლის მთა. მესამე კი აფრიკაში, სიერა ლეონეში, ლომას მთიანეთში - ბინტუმანის მთა.

მეცნიერები უკვე ეკვეთენ ახალი გამოცანების ამოხსნას. მეტიც ამ სისტემის ხელოვნური ანალოგიის შექმნაც განუზრახავთ დროისა და სივრცის დასამარცხებლად. WEEKEND - ის ექსპედიციის წარმატებით შეშფოთებულმა იმპერიული ამბიციების სახელმწიფოებმა სახსრები შეკრიბეს და შვეიცარიაში კოლაიდერის აშენება მოინდომეს. იმას კი არა ფიქრობენ, რომ ბუნებას ეჯიბრებიან და შეიძლება ბალანსი დაარღვიონ. მაგრამ ეს სხვა თემაა და სამომავლოდ გადავდოთ.

საქმე იმაშია, რომ თუ ემოცერგიის შემკრები ბუნებრივი კერების მიერ სხვადასხვა ხერხით გადმოცემულ მესიჯებს გავშიფრავთ, ბევრ რამეს გავარკვევთ. ეს სამივე მთა ცოცხალია, ურთიერთობს და ჭეშმარიტებას გამოასხივებს. უსერიოზულესი თემებიდან დაწყებული, ყოფითი წესებით დამთავრებული, ყველაფერი დაშიფრულია ემოცერგიის ცენტრებში. მთავარია მოსმენა იცოდე. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.

ბინტუმანის მთის ძირში, სოფლის განაპირას ბრძენი ტომბოიაკე ცხოვრობს. არავინ იცის რამდენი წლის არის ტომბოიაკე. სოფლის უხუცეს ბებერსაც ზუსტად ასეთი დაჩამიჩებული გამხმარი მოხუცი ახსოვს, როგორიც ეხლაა. ბრძენს ფაშფაშა მეუღლე უვლის, იმასაც ქმარივით არ ეტყობა ასაკი. ორივენი ბინტუმანის მთასავით მარადიულები არიან. შვილები და შვილიშვილები დიდი ხანია დაიზარდნენ და ქვედა სოფლებში გაიფანტნენ საცხოვრებლად. ტომბოიაკე ჭარმაგად არის, მუხლიც ერჩის და თვალიც უჭრის. მოიმაჯვებს ხოლმე ჯოხს ხელში და მიდის მთის კალთებზე საბორიალოდ, დღეები იკარგება ხოლმე. მხოლოდ მისთვის ნაცნობ საიდუმლო ადგილებში ჩადის, მთას ესაუბრება და ბოლოს დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი და დამშვიდებული ბრუნდება ხოლმე ქოხში, იქ კი ფაშაშა მეუღლე ელოდება ცხელი კერძით.

ტომბოიაკე ბრძენიც არის, ჯადოქარის და მკურნალიც. მომსვლელი და მომკითხავი არ აკლია და არავის არ აყვედრის არც ჭკუის სწავლებას, არც რჩევას და არც წამლობას. სოფელში ასე ამბობენ - სანამ ბრძენი ტომბოიაკე ჩვენთან არის, მთა ჩვენი მფარველია და არაფერი გაგვიჭირდებაო. ოღონდ ბრძენის დადგენილ წესებს და რჩევებს ყველა უნდა დაემორჩილოს. ისიც შეუძლებელს და გაუკეთებელს არაფერს ითხოვს. მოკლედ, ყველაფერი წესრიგშია ბინტუმანის კალთებზე.

მე გამიმართლა. თავის დროზე ბრძენმა ტომბოიაკემ გამომარჩია და დამიმეგობრა. ჩვენი ექსპედიციის დროს სოფელში ბავშვებს უცნაური სენი შეეყარათ. მაშინ არ დავზარდი, ჩვენი მანქანა მივაშველე, ბავშვები ქალაქში საავადმყოფოში ჩავიყვანეთ, დარჩენილებს წამლები ამოვუტანეთ. ტომბოიაკემ თავის ქოხში წამიყვანა, მომიარა და გამიმასპინძლდა. მას მერე იმ ადგილებში ტომბოიაკეს მეგობარი მქვია და შესაბამისად მეგებებიან და მაცილებენ. მეც თუ იქით მოვხვდები, ბრძენთან რომ არ შევიარო არ გამოდის. ისიც ხალისით მხვდება და ბევრ საინტერესოსაც მიყვება.

ამას წინათ ქალაქ კაბალიდან წამოსულმა, გზიდან გადავუხვიე ბინტუმანისკენ და ტომბოიაკეს მივადექი. აშკარად გაუხარდა მოხუცს ჩემი მისვლა. არც მოსაკითხი დამვიწყებია, ბრინჯის ტომარა და პალმის ზეთი ფაშფაშა დიასახლისს ჩავაბარე.
 
იქვე ეზოში, პალმის ფოთლებით გადახურულ ფანჩატურში მოვკალათდით. ტომბოიაკემ ყალიონი გააბოლა, მე მანგო და ცივი წყალი მომართვეს. ჩუმად ვიჯექი. ვიცოდი, ეს სიჩუმე გრძელი და საინტერესო საუბრის პრელუდიაა.
 
ეზოს ორი ახალგაზრდა თეთრი კაცი მოადგა. ტურისტული აღჭურვილობის რეკლამას ჰგავდნენ, უახლესი ფერადი ზურგჩანთებით და შესაბამისი ჩაცმულობით. ასეთებმა ამ ბოლო ხანს მოუხშირეს აქეთ. მთის ბილიკების გარკვევაში უნდოდათ დახმარება. მე რომ დამინახეს და ინგლისურად გამოველაპარაკე, აშკარად მოეშვათ. მეც წვრილად ვუპასუხე ყველა კითხვას და გზაც ვასწავლე. ბრძენს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ხანდახან თავს იქნევდა თანხმობის ნიშნად. ბოლოს ტურისტებმა ყველაფერი გაარკვიეს.
 
-         დიდი მადლობა, მისტერ. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.
 
მითხრა ერთმა, მერე მეორეს გახედა, ხელი გაუწოდა და
 
-         წავიდეთ ძვირფასო, კიდევ გრძელი გზა გვაქვს
 
მეორემ ნაზად გაუღიმა, მეგობარს ხელი ჩაჰკიდა და გაუდგნენ გზას.
 
ბრძენმა მხოლოდ სევდიანი მზერა გააყოლა, ღრმად ამოიოხრა და ყალიონი მოქაჩა. გამახსენდა რამდენიმე დღის წინ ფეისბუკის გვერდებზე გაჩაღებული კამათი - ქალის საქმეა ჭურჭლის რეცხვა თუ კაცის და უხერხულობის გასატეხად, ნახევრად ხუმრობით ბრძენს თემა შევაპარე.
 
-         ვიცი, ვიცი. ეს თქვენი, თეთრების გამოგონებული პრობლემები - მომიგო ბრძენმა. - ამას წინათ ქვევით სოფელში ჩამოვიდნენ თეთრი ქალები და ჩვენი ქალაქელები. შეწუხებულები მომადგნენ სოფლელები, რა ვქნათო, კრებებს ატარებენ, ჭკუას გვარიგებენო. რას გასწავლიან თქო, რომ ვიკითხე. ”ქალების ცემა არ შეიძლებაო” - ასე მიპასუხეს. ცოტა შევფიქრიანდი, მერე მივხვდი. ეტყობა სიკეთით მოსდით, თავად ისე გამწარდნენ, რომ დადიან და სხვებს ასწავლიან, ესე არ ქნათო. ჩვენთან კი ქალის ხელის ხლება დიდი სირცხვილია. თავი არ გამოეყოფა სოფელში ამის ჩამდენს. აბა განა როგორ უნდა ატკინო პატარას ან დედას, ან ბებიას. ჩვენებს კი ვუთხარი, არაფერი არ აგრძნობინოთ, საჩუქრები მადლიერად გამოართვით, მოუსმინეთ, ცუდს ხომ არაფერს ამბობენ. დაპირდით რომ კარგად მოიქცევით. მაგათაც გაუგეთ, კარგის გასაკეთებლად მოსულან და ჩაეთვლებათ.
 
-         ხო მაგრამ მარტო ცემა ხომ არ არის, ქალის საქმე და კაცის საქმე? ვის რისი უფლება აქვს...
 
ბრძენმა დანანებით გადაიქნია თავი.
 
-         შენ რომ მთის მოსმენა შეგეძლოს, ამ სისულელეებს არ იკითხავდი. უბედურება ის არის რომ დასაწყისს და ბოლოს ურევთ. რატომ შექმნა ბუნებამ ქალი და კაცი? თუ არანაირი სხვაობა არ არის, მაშინ კაცი და კაცი ყოფილიყო, ან ქალი და ქალი.
 
თქვა და ორი ტურისტი საითაც გაუჩინარდა იქით გაიხედა.
 
-         ხომ ბევრი წიგნი გაქვს წაკითხული? აბა შეეცადე და მომდიე ცოტა ხანს. მთა ამბობს რომ ყველა სულიერი საპატრონოა, არავის არა აქვს არავის დაჩაგვრის უფლება. ეს ცუდია. ყველას საერთო მიზანი აქვს და ერთმანეთს მხარი უნდა მისცენ რომ ეს მიზანი გამართლდეს. ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც უკეთესად გამოსდის, ერთმანეთს არ დააყვედრონ. ასე ამბობს მთა. ზოგს გამოსდის, ზოგიც ჯიუტობს. მთავარი კი რა არის? სიცოცხლის უწყვეტობა! აქ კი მთავარი ქალია, ბუნებამ ესე დაადგინა რომ კაცის დახმარებით ახალი სიცოცხლე უნდა ჩაისახოს ქალში.
 
თქვა ბრძენმა და დაკვირვებით შემომხედა, რამე ხომ არა აქვს საწინააღმდეგოო. მეც მონდომებით ორივე ხელი ავწიე და თავი დავაკანტურე თანხმობის ნიშნად.
 
-         კარგი, ვეცდები თქვენთვის ქალაქელებისთვის გასაგებ ენაზე აგიხსნა. ქალმა სჯობს დედობა ოციდან ოცდაათ წლამდე მოითავოს. მოდი დავთვალოთ, თეთრებს ხომ გიყვართ ბუღალტერია? თითო შვილი ცხრა თვე ხომ უნდა ატაროს მუცლით? მერე ერთ წლამდე მაინც ხომ უნდა კვებოს და უაროს ჩვილს? ესეიგი ერთ შვილზე ორი წელი სჭირდება. ამ დროს უნდა ყველაფერს მოვარიდოთ, მძიმე შრომას, შეშის ჩეხვას, თუნდაც ჭურჭლის რეცხვას. მერე ერთი შვილი ხომ არ ეყოლება. ოთხია საჭირო.
-         ოთხი რა ამბავია, ბრძენო!
-         შენ რამდენი გყავს?
-         მე და ჩემს მეუღლეს სამი.
 
ვუთხარი წარბშეუხრელად, აღარ დამიმატებია ჩვენი ოჯახის რთული კონფიგურაცია და სრული სიმართლე გამომივიდა. ბრძენმა ნახევრად დააქნია თავი, არაუშავსო.
 
-         ხო, იოლი გამოსავალია, როცა ამბობენ გოგო და ბიჭიო. ან სამი შვილი -ერთი მატებაო. სინამდვილეში ოთხია საჭირო. აი შენ და ძმა გყავს?
-         ერთი და, ბრძენო.
-         ვერ უყოჩაღიათ შენს მშობლებს. აი შენ ძმა არა გყავს, შენს დას კი და. კარგ ადამიანს ერთი და და ერთი ძმა მაინც უნდა ყავდეს. ეს კი უკვე სულ ცოტა ოთხია. ასე, რომ მანამდე უნდა აჩინო ბავშვები სანამ ორი გოგო და ორი ბიჭი არ გეყოლება. ვთქვათ გაგიმართლა და თავიდანვე ორი გოგოა და ორი ბიჭი, ანუ ოთხი შვილი. თითოზე ორი წელი, ესეიგი რვა წელიწადი ქალი დედობაში უნდა იყოს, კაცმა კი ამ დროს ცივი ნიავი არ მიაკაროს. მაგრამ ამით ხომ არა თავდება, მერე აღზრდა, ჭკუა გონების დარიგება, მაგალითის მიცემა, რომ თითონ მოემზადონ დედობა მამობისთვის, მერე კი ბებიობა და ბაბუობა. აბა მითხარი თუ რჩება მაიმუნიბისთვის დრო?
-         მაგრამ ბრძენო, იმ ქვეყნებში სადაც ცხოვრება განვითარდა, სადაც კარგად ცხოვრობენ, ყველა მუშაობს, ყველას საქმე აქვს, ქალს, კაცს.
-         რად გინდათ კარგი ცხოვრება თუ ბავშვებისთვის არა გცალიათ? რამ გადაგრიათ, რას ეჯიბრებით ერთმანეთს? ქალი ამტკიცებს რომ კაცია, კაცი რას ამტკიცებს, ვერ გამიგია. ეს იმიტომ რომ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ, სიცოცხლის უწყვეტობა გავიწყდებათ, ემალებით და სხვის გასაკეთებლად ტოვებთ. ქალს თუ თავის ფუნქცია ახსოვს, არ გაიჭაჭება, ფეხბურთს არ ითამაშებს, რომ ძუძუში ბურთი არ მოხვდეს და არ გადაგვარდეს, შტანგას არ აწევს, რომ საშვილოსნო არ გაუფუჭდეს. კაცს კი არ უნდა გამოეპაროს მისი შვილების დედას რა უჭირს და რა სჭირდება! ის უნდა ახსოვდეთ რომ ცალცალკე არაფერი არ არიან და მხოლოდ ერთად არიან მთელი - სიცოცხლის უწყვეტობისათვის.
 
ბრძენმა თვალები დამიბრიალა, თითქოს რამეს ვეპასუხებოდე.
 
-         კომპლექსები, კომპლექსები... საერთოთ გადაირია ყველა. მთავარია სამართლიანობა და სიმართლე. აი მაგალითად შენ თეთრი რომ ხარ, იმიტომ კი არა ხარ ჩემზე სულელი, უბრალოდ სულელი ხარ. აბა მითხარი, გრცხვენია რომ თეთრი ხარ და ქართველი?
-         არა ბრძენო, არა მრცხვენია...
-         აი, ყოჩაღ! დაბლებმა რომ იჩივლონ, კალათბურთის გუნდში იმიტომ არ მიგვიღეს რომ დაბლები ვართ, გვჩაგრავენო. იმის მაგივრად თავის გამოსადეგი საქმე ნახონ... შენ კი ნუ ეცდები გაშავებას, მაინც არ გამოგივა. იყავი რაცა ხარ.
 
ამასობაში ტომბოიაკეს ფაშფაშა ცოლმა უკვე მერამდენედ გამოიხედა სამზადიდან, აშკარად უკვე მოუთმენლობა ეტყობოდა.
 
-         ღრმად პატივცემულო ბრძენო და ჯადოქარო... იქნებ ასწიო ერთი ადგილი და წყალი მოიტანო, შეშაც დასაჩეხია, თორემ დარჩით შენ და შენი პირდაფჩენილი სტუმარი უსადილოდ.
 
 
 
თორნიკე ბერიშვილი
 
ქ. ფრიტაუნი
02 ნოემბერი, 2011 წელი
 
 
 
 
 
 

Thursday, November 3, 2011

აფროქართველის 5 (52) - სამშობლოს ძებნაში

სამშობლოს ძებნაში
 
 
მომავალ წელს სიერა ლეონეში სეირი იწყება. არჩევნები მოდის. წინა არჩევნები, 2008 - ში, პირველი იყო ათწლიანი ომის შემდეგ. ყველა შიშით ელოდა რა მოხდებოდა. არც არაფერი, მმართველმა პარტიამ წააგო და ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციამ მოიგო და გაუფროსდა. ერთი ორი კი წამოიკნავლეს ესაო, ისაო, გაყალბებაო. მაგრამ მაშინდელმა ვიცე პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დამარცხებულმა სოლომონ ბერევამ, გამოაცხადა, არავითარი დაპირისპირებაო და გამარჯვებულს მიულოცა. ასე მოულოდნელად, მშვიდობიანად მოხდა სიერა ლეონეში ხელისუფლების გადაბარება.
 
ეხლა ხელახალი სეირი მოდის და უკვე გაუფროსებულ ნაოპოზიციარს უჭირს იმის წარმოდგენა რომ შეიძლება ხელისუფლების დათმობა მოუხდეს. არადა თუ ისევ მშვიდობიანად და სამართლიანად მოხდა ყველაფერი, ეს უკვე ტრადიცია იქნება. აღდგომა და ხვალეო.
 
ეხლა კი ამჟამინდელ ოპოზიციას კოლორიტული ლიდერი გამოუჩნდა. პარტიამ წინასაარჩევნო ჩაატარა და შვიდ კანდიდატს შორის ამოირჩია მაადა ბიო. მედროშე, Flag Bearer, როგორც აქ ამბობენ.
 
მაადა ბიოს გაკანდიდატებამ შეაშინა და შეაფიქრიანა ხელისუფლება. ახალგაზრდა კაცია. კიდევ უფრო ახალგაზრდა იყო კაპიტან სტრასერთან ერთად ოთხმოცდაათიან წლებში რომ მართავდა ქვეყანას. სტრასერი უფროსი იყო, მაადა მეორე. მაშინ ძალაუფლება ძალით მოიპოვეს. ხალხს სამართლიანობას და დემოკრატიას დაპირდნენ. ოთხი წელი რომ გავიდა, სტრასერს გაუტკბა და არჩევნების გადადება მოინდომა, აქაოდა ჯერ მზად არ ვართო. მაშინ მაადამ გადატრიალება მოაწყო, სტრასერი გადააყენა, ოთხი თვე მართა ქვეყანა, არჩევნები მოამზადა და ჩაატარა კიდეც. სწორედ მაშინ მოვიდა ამის წინა პრეზიდენტი აჰმად კაბა.
 
ასე რომ მაადა აქაური დემოკრატიის მამაა. ეხლა მზად ვარ საპრზინდენტოდ და არჩევნები უნდა მოვიგოო, კორუფცია უნდა პოვსპო და წინ გავუძღვე სიერა ლეონეს ნათელი მომავლისკენო.
 
ამას წინათ მაადა ბიო პოლიტიკურ მიტინგ - შეხვედრას ატარებდა ქალაქ ბოსთან. პატარ-პატარა შეხლა შემოხლა და უმსხვერპლო ლანძღვა გინება მაინც ხდება. ბოსთან კი ყველაფერი მშვიდობიანად მიდიოდა, გახარებული მომხრეები ტაშს უკრავდნენ და სიმღერებით ეგებებოდნენ ლიდერს.
 
შუა სიმღერებში, უცბად მაადას ქვა მოხვდა და თავი გაუტეხა. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, როგორც მერე გაირკვა, ხეს ამოფარებულმა მეტოქე პოლიტიკური ძალის მომხრემ, რამდენიმე ათეული მეტრიდან მაადას შურდულით ესროლა ქვა. შურდულით! ის არ გეგონოთ ”რაგატკას” რომ ვეძახით. არა, ნამდვილი შურდულით, აი ბიბლიური დავითი რომ ებრძოდა გოლიათს, ისეთი. შეიძლება მოეკლა კიდეც. მაადა სასწრაფოდ გააცალეს იქაურობას, მერე მეზობელ განაში გადააფრინეს და თავი იქ გაუკერეს.
 
აბა ატყდა ერთი ვაი უშველებელი, ეძებენ და ამოწმებენ ყველა ოსტატ მეშურდულეს. მაადას გატეხილ თავზე კი უკვე სიმღერებს თხზავენ. მაადა მენდეს ტომის ენაზე ბაბუას ნიშნავს. ჰოდა ელოდება  სიერა ლეონე იმედით ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ დაბრძენებულ პაპა ბიოს.
 
ჩვენ კი, გადამთიელებს, გვირჩევენ, არჩევნების დროს მაინცდამაინს ქუჩა ქუჩა ნუ ისეირნებთო...
 
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, როცა ჯერ კიდევ ვფსიქოლოგობდი, ნორვეგიაში მოვხვდი კოლეგებთან. არჩვეულებრივი ქვეყანაა ნორვეგია, ხალხი კი ჩემთვის მულოდნელად თბილი და სტუმართმოყვარე. სულ შემეცვალა წარმოდგენები სამხრეთელი გულმხურვალეობისა და ჩრდილოელი გულცივობის შესახებ. სხვადასხვა ოჯახებს ვსტუმრობდი და ყველა ერთი მეორეზე უკეთესი მასპინძელი აღმოჩნდა.
 
ერთ ოჯახში ჩვენს გასართობად წვეულება მოაწყვეს და მეგობრები დაპატიჟეს. რამდენიმე ოჯახი მოვიდა. მშვენიერი საღამო იყო. არაჩვეულებრივი სუფრა გაიშალა, გავშინაურდით, დავახლოვდდით.
 
შუა ქეიფის დროს ოჯახის მამა ადგა, სუფრას ჩამოუარა, თეფშებს გამოგიცვლითო, იქვე ღია სამზარეულოს მიადგა და ჭურჭლის რეცხვას მიჰყო ხელი. ოჯახის დედამ - მადლობა ძვირფასოო, მისმა დაქალმა თავის ქმარს უჟიკავა, მიდი, მიეხმარეო.
 
უკვე შეზარხოშებულს, ორმაგად უცნაურად მეჩვენა ორი ორმეტრიანი წინსაფარაფარებული ვიკინგი თეფშებით ხელში. არც არაფერი. წარმატებით ჩაატარეს რეცხვის ოპერაცია და სუფრას დაუბრუნდნენ. გავაგრძელეთ. ერთი, ორი კიდევ რომ გადავკარი, მაინც ვერ მოვითმინე.
 
-         არა, არ გამიბრაზდეთ, მაგრამ უნდა გკითხოთ. როგორ მომწონხართ, ნამდვილი ვიკინგები ხართ, აი ზუსტად ისეთი იალქნიანი ნავებით ამერიკისკენ რომ დაცურავდნენ და მგლების ხროვას ხანჯლით რომ უმკლავდემოდნენ. ძალიან კარგები ხართ, ძალიან. ისე ვგრძნობ თავს, თითქოს სადმე კახეთში ვქეიფობდე.
 
ყველა სიამოვნებით და თავის კანტურით მისმენდა.
 
-         ხო მაგრამ, ეს ჭურჭელი და... სახლის საქმე რომ დიასახლისმა აკეთოს, რა მოხდება?
 
ამოვიბჟუტურე და ენაზე ვიკბინე, ნეტა ვისი ტიკიტომარა ვარ!
 
უხერხული პაუზა ჩამოვარდა, უცბათ ერთერთმა ვიკინგმა ოქროსფერი ლომის თავი გადააქნია, ხელი მაგიდას დაჰკრა და..
 
-         აუცილებლად ჯორჯიიდან უნდა ჩამოსულიყო კაცი, რომ ჩემი სათქმელი ეთქვა!
 
აბა იქ ამბავი ატყდა, აწივლდნენ ქალები - აი თქვე თვალთმაქცებოო, კაცები მაგრად დაუდგნენ და რაც კი რამ დაგროვილი იყო, ყველაფერმა ამოხეთქა. ლამის დაიქცა პოლიტკორეკტული ევროპა...
 
ტეხასში ძალიან ბევრი მექსიკელი ცხოვრობს, ხალხის ლამის ნახევარი ესპანურად ლაპარაკობს. მშვენივრად თანაარსებობენ ინგლისური და ესპანური. ყველაფერი ისეა აწყობილი რომ ნებისმიერ ენაზე ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებ და ნებისმიერ საქმეს, ოფიციალურს თუ კერძოს თავს გაართმევ. არავინ არ დაგაყვედრის რომელიმე ენაზე საუბარს.
 
ძალიან კარგი მექსიკური რესტორნებია, განსაკუთრებით ჰუსტონში. გურმანისა და მუცელღმერთასთვის ნამდვილი სამოთხეა. ვისაც ცხარე და ყუათიანი უყვარს, მექსიკურში უნდა წავიდეს.
 
მადას ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ როდესაც პირველად მოხვდი ჰუსტონურ მექსიკურ რესტორანში, კერძების ზომა-წონამ საგონებელში ჩამაგდო. ნამდვილი გარგანტიუების საჭმელებია! იმიტომაც ცხოვრობს ჰუსტონში ყველაზე ზორბა ხალხი.
 
სახელებიც გემრიელი ჰქვიათ: ჰალოპინო, ფახიტა, კესადია, მოკლედ ყველაფერი მექსიკურ ნაციონალური. მოიტანეს ცხელ ტაფაზე მოთუხთუხე შემწვარი ხორცი, ქოთნის ლობიო, მჭადი, წიწაკეულ მწვანილეული და დამაგვირგვინებელი კესადია - ნამდვილი ხაჭაპური! ეხლა გემოს არ იკითხავთ, - მცხეთის სალობიე...
 
2 სექტემბერი. 1991 წელი. ზემელზე, კინოს სახლთან ყოველკვირეული საინფორმაციო მიტინგია, ”ჭანტურიას მიტინგი”. ოპოზიცია საპროტესტო მოძრაობის აგორებას ცდილობს. საქართველო დამოუკიდებელია, უკრაინამ გვცნო. ცნობილი ნადისიდენტარი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ოპოზიციას ვერ იტანს. ოპოზიცია ქუჩაში მიტინგობს, აბა ტელევიზიაში არ უშვებენ...
 
რუსთაველის გამზირის მხრიდან, შავ ფორმებში, ფარებით და ხელკეტებით შეიარაღებული რაზმი გამოჩნდა. ეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეცრაზმია.
 
მიტინგს ჯერ არ სჯერა, რომ პოლიცია მოქმედებაზე გადავა. ეს ხომ თავისუფალი ქვეყანაა. მოკლე ბრძანება გაიცა, შავი რაზმი ერთ ხაზად განლაგდა და ხელკეტების ფარებზე ბრახუნით ხალხისკენ წამოვიდა. 9 აპრილის ”დეჟა ვიუა”.
 
-         არ ქნათ ბიჭო, ქართველები ხართ...
 
რაზმი მიტინგს მიაწვა და ხელკეტები აიქნია. იქ ყველას ახსოვდა 9 აპრილის სიმწარე, არც ერთი არ შეპუებია მაშინ რუსის ჯარს. გამწარებულებს ეხლა რა გააჩერებდათ. მაგარი ხელჩართული წავიდა.
 
-კამერა არ დაამტვრიოთ! ...მანქურთებო, რუსებო.... თქვენი დედაც..
 
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი ძალოვანები დაერივნენ ქართულ ოპოზიციას. ეს პირველი მერცხალი იყო, პირველი პრეზიდენტი ამაშიც პირველი აღმოჩნდა. ხომ იცით, მთავარია დაწყება! მერე კიდევ ბევრი იქნება. ბოლო ჯერაც არა ჩანს...
 
როდესაც საბჭოთა კავშირი მოსუსტდა, საზღვრები მეტ ნაკლებად გაიხსნა. მისვლა მოსვლაც ნელნელა გააქტიურდა. შვეიცარელი მთასვლელების გვესტუმრენენ. აბა გადავიკალით თავი როგორც ვიცით, სტუმარიო! ერთად ავედით იალბუზზე, მერე ყაზბეგში წავედით, მყინვარწვერის დასალაშქრად. მახსოვს, რომ ჩავედით, ნისლიანი ამინდი იყო. ორ ნაბიჯზე არაფერი ჩანდა. ყაზბეგის სასტუმროში გავჩერდით. გამოდარების იმედით დავიძინეთ. დილას ადრე გამეღვიძა, შვეიცარლებიც ფეხზე იყვნენ და საუბარ საუბარით აივანზე გავედით. უცბად სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. ცა მოწმენდილიყო, კრიალა ცისფერ ფონზე, ჩვენს წინ გერგეთის სამება მოჩანდა გენიოსი გრაფიკოსის ნახატივით და ზედ დაყუდებული ქათქათა მყინვარწვერი. ყველას ენა ჩაუვარდა, სტუმრებიც და მასპინძლებიც გაფაციცებით ვუყურებდით ამ საოცარ ბუნებრივ პანოს. მერე  ყველა ერთბაშად ფოტოაპარატების მოსატანად გაიქცა.
 
შემდეგ ჩვენ ვესტუმრეთ შვეიცარიას. ისეთი დრო ვატარეთ, შვეიცარლები აშკარად გვეჯიბრებოდნენ სტუმარმასპინძლობაში. ერთ ერთის ძმასთან წავედით. მთის ფერდობზე ვენახი გაეშენებინა, ფანატიკოსი მეღვინე იყო და ქალაქურ ცხოვრებას არ სცნობდა. დაგვგვიხვდა, გვიმასპინძლა, რაც კი რამ ჰქონდა ყველაფერი გაგვაშინჯა. მერე თავის სიამაყე გვაჩვენა, ვენახში ზვრებს შორის პატარა მონორელსი გაეკეთებინა, ზედ ვაგონეტკები მოძრაობდნენ, რთველის დროს იქ გროვდება ყურძენი და რელსით პირდაპირ მარანში იცლება. დავთვერით, მასპინძელთან ერთად ვაგონეტკებში მოვსკუპდით, ვენახი კივილ კივილით შემოვიქროლეთ და ბოლოს მარანში ყურძენივით გადმოგვცალეს კასრებში. აბა იქ უნდა გენახათ სიცილ ხორხოცი. თვალცრემლიანი მასპინძელი ვერ გველეოდა, არ წახვიდეთ, დარჩით, ჩიტის რძეს არ მოგაკლებთო, თქვენც ხელს გამიმართავთო...
 
ვერაზე, სადაც ჯავახიშვილის ქუჩა ბარნოვის ქუჩას უერთდება, უცნაური, დაქანებული სამკუთხა მოედანი იქმნება. იმ მოედანს ზევიდან სამსართულიანი აგურის სახლი ადგას, ბარნოვის 42. ფასადიდან გამართული სადარბაზოა, ორფრთიანი ხის მძიმე კარით. მარცხენა მხრიდან კი ორი სახლის კედელს შუა ვიწრო, ჩაბნელებული ასასვლელია. საცალფეხო ბილიკივით მიუყვება სიღრმეში სახლის კედელს, მერე ქვის კიბეებია და ვიწრო ხის კარი, ბარნოვის 42 -ის ეზოში შესასვლელი.
 
ამ სახლში დავიბადე და გავატარე პირველი წლები. მახსოვს ის უზარმაზარი ეზო და ბუმბერაზი თუთის ხე. დილას რომ მასაუზმებდნენ, გამომაწყობდნენ და ეზოში გამდგამდნენ, ჰარზე. იქ იწყებოდა დიდი მოგზაურობა, ეზოს მოპირდაპირე მხარეს, მეზობელთან, დეიდა მაშოსთან. მახსოვს რამსიშორე გზა იყო. კოლუმბის გამბედაობა და თავხედობა სჭირდებოდა იმ ძნელ მოგზაურობაში წასვლას. თან რამდენი განსაცდელი მსდევდა თან, მაგრამ სხვა რა გზა იყო? დეიდა მაშოსთან კარაქიანი პური და ყველი მელოდებოდა, თითქოს იმ წუთის ნასაუზმები არა ვყოფილიყავ.
 
ერთხელაც დიდობაში, ბარნოვის ქუჩაზე, დაფერდებულ სამკუთხა მოედანზე გავაჩერებინე მანქანა. მეგობარს ვთხოვე ერთი წუთი დამიცადეთქო. ჩაბნელებულ ვიწრო ასასვლელს გავუყევი კედელ კედელ, ქვის კიბეები ავიარე და ხის კარს მივადექი. ”პაპა  კარლოს” ოთახში, დახატული ბუხრის უკან დამალული კარი გამახსენდა. რაღა მე და რაღა ბურატინო. კარი შევაღე და სამშობლოში შევაბიჯე.
 
ვერაფერი ვერ ვიცანი, აღარსად იყო ბუმბერაზი თუთის ხე და ეზოც ისეთი პატარა, სულ რამდენიმე ნაბიჯი. ცოტა დაბნეულმა გამოვიხურე კარი და ქვის კიბეები ჩამოვირბინე.
 
-         სად იყავი? - მკითა მეგობარმა
-         არაფერი, ეტყობა შემეშალა რაღაც.
 
 
 
თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
2011 წლის 26 ოქტომბერი

აფროქართველის 4 (51) - მთამსვლელი

მთამსვლელი

ამ ცოტა ხნის წინ ფეისბუკში, როგორც ეხლა ამბობენ ”დამთაგეს” და ჩემს ”ვოლზე” გამოჩნდა პატარა კინოფირი. 1983 წელს სამოყვარულო კამერით გადაღებული, დაღესტანში, იარიდაგის კლდოვანი მასივის დასალაშქრად წასული ქართველი მთასვლელების ექსპედიცის კადრები.
ლამის სამი ათეული წლის წინანდელ ფირში მეც ვარ. ამეშალა მეხსიერება, სიღრმისეული კუნჭულებიდან წამოიღო და წამოიღო მივიწყებული სახელები,...
მაშინდელი ექსპედიციის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი ირაკლი გელდიაშვილი იყო. გაცრეცილ კადრებზეც გამოარჩევ, რომ გახუნებულ ცისფერ სვიტრში, ნაქსოვი ქუდით, ენერგიული, გაუპარსავი კაცი - ლიდერია.
სივრცისა და დროის გამაერთიანებელ, განზომილებებს შორის საზღვრების წამშლელ უებარ საშუალებას, ინტერნეტს მივმართე და დავგუგლე ”ირაკლი გელდიაშვილი”...
ერთადერთი რაც ამოაგდო, მის სახელზე მეკლდეურობის ფესტივალი ჩატარებულა. მეტი თითქმის არაფერი, მეწყინა, არ მინდოდა შეგუება და კიდევ და კიდევ სხვადასხვა ვარიანტებს ვცდიდი, უშედეგოდ.
იარიდაგის ექსპედიციიდან ერთი წლის თავზე, 1984 წლის ზამთარში, საქართველოს ალპინიზმში ვინც კი იმ დროს საუკეთესო ოყო, სვანეთში შეიკრიბნენ. ეს ის ჯგუფი იყო, გივი ქართვლიშვილის ექსპედიცია რომ ერქვა. უნიკალური ასვლა დაგეგმეს, უშბა უნდა დაელაშქრათ ზამთარში, ”გაბრიელის მარშრუტით”. ეს თავისთავად ღირშესანიშნავი ეტაპი იქნებოდა და თანაც მზადება იყო მომავალი სეზონისათვის. გივი ქართველიშვილის ექსპედიცია, სწორედ იმით იყო ცნობილი, რომ წლიდან წლამდე სპორტულ თამასას სულ უფრო მაღლა და მაღლა სწევდა. როგორც მთასვლელები ამბობენ ფსიქოლოგურ ბარიერებს არღვევდა.
მარტო პამირში, ე.წ. ზუგვანდის სარკეზე ლეგენდარული ასვლა რად ღირს. მაგრამ ეს ასვლა ცალკე დიდი თემაა და ალბათ მთელი წიგნის ღირსიც კია.
1984 წლის ”ზამთრის უშბა” ამ მუდმივი წინსვლის ერთერთი ეტაპი უნდა ყოფილიყო.
მაშინ უშბამ გასწირა ჩვენი მთასვლელები, რაღაც ცუდათ დაემთხვა ბუნების კანონებისა და ადამიანების ნებისყოფის ჭიდილში. დაშვებისას დიდი თოვლის დაფა მოსწყდა და ერთბაშად წამოიყოლა ექვსი კაცი, საქართველოს მთასვლელობის იმ დროს საუკეთესო გუნდი: ირაკლი გელდიაშვილი, დევი თარხნიშვილი, გოგი ზუმბაძე, მურად ჭიჭინაძე, დათიკო კობახიძე, გია ტუშური.
მათ კვალში ერთი დღის ინტერვალით მეორე ჯგუფი, შედარებით უფროსი თაობა, ”ბებრები” მიჰყვებოდნენ. ბებრები იმიტომ, რომ მაშინ ორმოცს გადაცილებული ვაჟკაცები ძალიან მოხუცებად მეჩვენებოდა. მიტო შარაშენიძე, რომა გიუტაშვილი, თამაზ ბაქანიძე... ბებრების ჯგუფი მწვერვალზე იყო როდესაც მოწინავეების ამბავი რაციით შეიტყვეს, თითონ დაქანცულებმა და მომხდარით თავზარდაცემულებმა დაშვება სამაშველო სამძებრო ოპერაციად აქციეს. ვინც იმ დროს იქ არ ვიყავით, ყველა ერთბაშად მოიკრიფა საქართველოს ყველა კუთხიდან და უშბის ძირას ჩავქანდით. გარშემო სოფლებიდან ლამის ყველა ფეხზე დადგა და საერთო გასაჭირს ერთად შევეჭიდეთ.
უშბის კალთებზე გატარებული ის რამდენიმე დღე ჩემთვის მთაში ყოფნის ყველაზე მძიმე დღეებია. დაუსრულებელი ძებნა, ყოველი შემდეგი საათი გვიკლავდა იმედს. შალიკო ქირიკაშვილი საათობით იჯდა გაუნძრევლად ბინოკლით და უშბის ფერდების ყოველ მეტრს ათვალიერებდა. გამოცდილმა მონადირემ ბოლოს მაინც იპოვნა სავალალო ნიშანი.
მაშინ ჩემთვის ეს ტრაგედია სამყაროს დასასრულს უდრიდა. მეგონა რომ ამაზე მეტი ცუდი ცხოვრებაში ვერარაფერი შემემთხვევა. რა ვიცოდი, რომ ჩვენ ყველას ერთად შემდეგ ათწლეულში ისეთი განსაცდელები გველოდა, რომლებიც ამ ტრაგედიასაც გააფერმკთალებდა. მაშინ კი უშბა პირად მტრად მიმაჩნდა, მხოლოდ ირაკლის სიტყვები მახსენდებოდა - ”არასოდეს არ გაბრაზდე მთაზე”.
ექვსივე ცალ ცალკე არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მოსაგონარიც ბევრია და მოსაყოლიც. საჭიროც არის და ჩემი აზრით აუცილებელიც.
ჩვენთვის, მაშინ მთასვლელების ახალგაზრდა თაობისათვის, ირაკლი გელდიაშვილი გამორჩეული იყო. მან იტვირთა ჩვენი მწყემსვა, ვარჯიში და ჭჯუის დარიგება. სრულიად ბუნებრივად გადაიქცა უფროს მეგობრად, მესაიდუმლედ და შეუბღალავ ავტორიტეტად.
ჩვენც ბედნიერები ვიყავით. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა მოკრივეებს კასიუს კლეი რომ ყავდეთ მწვრთნელ მეგობრად, ან მოფარიკავეებს დარტანიანი.
ირაკლი იყო ვარსკვლავი, იდეალური მთამსვლელი. ინტელექტი, ალღო, გამბედაობა, სამართლიანობა, არაჩვეულებრივი ნებისყოფა და უნიკალური ფიზიკური მონაცემები, გამძლეობა, ზეკოორდინირებულობა და ფილიგრანული მეკლდეურული ტექნიკა. ესეთები მხოლოდ ერთეულები არიან.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სპორტსმენისთვის სრულიად შეუსაბამო ტერმინებში ვლაპარაკობ. ვინც არ იცით - მთასვლელობა სპორტი არ არის - ეს ცხოვრების ნირია. მეორე - რაც ჩამოვთვალე, ეს არის მთასვლელობა და არა მხოლოდ ეს, კიდევ ბევრი რამ დამატებით.
დრევანდელ საინფორმაციო სივრცეს და გახსნილ სამყაროს რომ მოსწრებოდა, ირაკლი ალბათ მართლაც სუპერვარსკვალავი იქნებოდა. თავის ფანებით, მიმდევრებით და წამბაძველებით. ყოველგვარი პიარ კომპანიების და ხელოვნური რეკლამის გარეშე, მხოლოდ თავის ბუნებრივი თვისებებისა და ჭეშმარიტი ლიდერის ხასიათის ხარჯზე. თენსინგი, ხერგიანი,მესნერი, გელდიაშვილი... ეჭვიც არ მეპარება!
გელდიაშვილი ფანატიკოსი მთასვლელი იყო, საქართველოში ალბათ ერთ ერთი პირველი პროფესიონალი მთასვლელი, რომელსაც არ ჰქონდა არც სხვა სამსახური და არც სხვა ჰობი.
ნაცნობ მეგობრობით მოახერხა, რომ მანქანისთვის ავტოინსპექციიდან სასურველი ნომერი აეღო 88 48 - ზუსტად ამდენი მეტრია ზღვის დონიდან ჯომოლუნგმას მწვერვალამდე. ჩაკეტილ - ჩარაზული საბჭოთა კავშირის პირობებში ჰიმალაები ოცნებად დარჩა.
თითონ ჩემპიონად და ნომერ პირველად დაბადებული, ყველასაგან მაქსიმუმს ითხოვდა და თანაც ჯადოსნურად შეეძლო თავისი მოსწავლე - მეგობრები ისე წარემართა, რომ სულ ახალ ახლი უნარები და შესაძლებლობები აღმოეჩინათ საკუთარ თავში.
ისე ბუნებრივად სჯეროდა შენი, რომ თავს გადაახტებოდი, ოღონდ ირაკლი არ გაგეწბილებინა.
ერთი ესეთი საყვარელი სავარჯიშო ჰქონდა. ერთი-ორი მეტრის სიმარლეზე კლდის ქიმზე მხოლოდ თითებით უნდა დაკიდებულიყავი. ირაკლი ქვევით იდგა წამზომით და დროს ინიშნავდა, რამდენ ხანს გაუძლებდი. პირობა ის იყო, რომ სანამ ხელები გაგეშვებოდა და ჩამოხტებოდი უნდა გეთქვა: ”მეტი აღარ შემიძლია, ვხტები!” და მწვრთნელის ნებართვის შემდეგ ჩამომხტრიყავი, უნებართვოდ არა.
- მეტს ვერარ ვუძლებ, ვხტები!
- კარგი, ოღონდ ათამდე დავთვალოთ და მერე..
- ....ცხრა, ათი, ვხტები..
- კარგი, მაგრამ ერთხელაც შვიდამდე დავითვალოთ..
- ...შვიდი, ვხტები!
- ერთიც, ხუთამდე!
ბოლოს გასავათებული ხელები თავისით რომ გაგეშვებოდა და ზღართანს მოადენდი, ირაკლი სიცილით გაჩვენებდა წამზომს
- ნახე, პირველად რომ თქვი აღარ შემიძლიაო, იმის მერე კიდევ სამი წუთი და ოცდასამი წამი ეკიდე...
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ მეკლდეურობის ვარჯიშია?
არსებობენ ადამიანები, რომელთა ამაგს ვერასოდეს ვერ გადაიხდი, ერთი გამოსავალია, მოლოდინი არ გაუწბილო და თუკი როდესმე, რომელიმე სამყაროში შეხვდები თვალის გასწორების არ შეგრცხვეს.
დალხენილი ცხოვრება არასოდეს არა ჰქონია. აბა რა ქონების პატრონი უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის დროს პატიოსან კაცი, თანაც ახირებული, რომელმაც საქმედ მთაში ხეტიალი აირჩია.
არასოდეს არაფერს არ დაინანებდა, სულ ვიღაცას რაღაცას ჩუქნიდა. წასახალისებლად, წასაქეზებლად, უბრალოდ ყურადრების ნიშნად.
აფხაზეთში, ფშაგიშხას მთაზე მოაწყო ასვლა. საქართველოში, როგორც სხვა ყველაფერში, მთასვლელობაშიც დაჯგუფებაბონა და ვინ ვისკენაა იყო ხოლმე. სამწუხაროდ ეხლაც არის. ირაკლი სულ იმას ცდილობდა ყველა გაეერთიანებინა. ფშაგისხაზე ასვლაც ესე მოაწყო, სვადასხვა ჯგუფებიდან დაუძახა ახალგაზრდებს, გასაყოფი არაფერი გაქვთო. მახსოვს ცალკე როგორ მელაპარაკა, დამარიგა და მთხოვა, ისე მოვქცეულიყავი მარშრუტიდან მთელი გუნდი განუყრელ მეგობრებად დაბრუნებულიყო. ალბათ სხვების ასე დაარიგა სათითაოდ. კარგად დაგვამახსოვრდა ის ასვლა ყველას. თავგადასვლებით, სირთულეებით, მაგრამ საბოლოო წარმატებით. ირაკლი ბანაკში გველოდა. რომ ჩავედით, უცხოეთიდან დიდის ამბით ჩამოტანილი, მაშინ ჩვენთვის უნიკალური, თავისი მეკლდეურის ”ბათინკები” მაჩუქა. ჩემთვის ნამდვილი რელიქვია, ჩაცმა და გაცვეთა რომ მენანებოდა, ისეთი.
დადგა 1989 წელი. ეს ხუთი წელიც ვიარეთ მთაში, საინტერესო ასვლებიც გავაკეთეთ. საბჭოთა არმიის ჩემპიონობაც მოვიგეთ, მაგრამ ჩემთვის ის გემო მაინც აღარ ჰქონდა, ირაკლი რომ ცოცხალი ყოფილიყო.
1989 წლის ნაახალწლევს კი, უშბის ტრაგედიიდან ხუთი წლის თავზე, ტელეფონმა დარეკა.
- ბიჭო, ხუთი წელი გადის, ბიჭების საპატივსაცემოთ, იგივე დროს, ”ზამთრის უშბა” გავაკეთოთ, გაბრიელით. ექვსი კაცია საჭირო, ხო წამოხვალ? - მეუბნებოდა იმედიანი ხმა...
ეს შესაძლებლობა ლოვა სარქისოვმა შექმნა. თბილისელმა კაცმა, მთით დაავადებულმა, არაჩვეულებრივმა მწვრთნელმა და დამრიგებელმა, რომელიც ქართული მთასვლელობისთვის ყველაზე მძიმე დროს, ექსპედიციას ექსპედიციაზე აწყოდა, დაობლებულ ახალგაზრდებს პატრონობდა და ალპინიზმის დროშას დაბლა არ ხრიდა.
1989 წლის იანვარში, ექვსნი გავედით ზამთრის უშბაზე. ლოვა სარქისოვი, ბიძინა გუჯაბიძე, დათო რაქვიაშვილი, ვანო ვაშაყმაძე, გუნდის ექიმი სანდრო კობაიძე და თქვენი მონა მორჩილი.
თავს კი ვიმხნევებდით და არ ვიმჩნევდით, მაგრამ ხუთი წლის წინ დატრიალებული ამბის აჩრდილი მაინც დაგვყვებოდა. ქვევით, ბანაკში საათები გავატარეთ დაგეგმვაში. განსაკუთრებით იმ ავადსახსენებელი თოვლის ფერდი გავლა გავატაქტიკეთ, სულ წუთებში გავთვალეთ ვის რა უნდა ეკეთებინა. გრძელი დაცვით თითო თითოს უნდა გაგვეარა. აქაოდა ხმაურმა ზვავი იცისო ხელებით სპეცნიშნები შევიმუშავეთ, რომ ფერდზე უხმოდ გვეურთიერთა.
მოვლენებს წინ გაუსწრებ და როდესაც იმ ფერდს მივადექით, დაღლილები, გეგმა-ტაქტიკა სულ ერთიანად გადაგვავიწყდა. ერთმანეთის ჭკუის სწავლებით, ლანძღვა გინებით და წივილ-კივილით ერთ გუნდად გადავიარეთ ის ავად სახსენებელი ფერდი. ეგეთი ყაყანი და ჟივჟივი, ჩვენ რაც იქ მოვაწყეთ, უშბის კალთებს არ ახსოვთ. თოვლის არც ერთი ფთილა არ შერხეულა, იდგა ბუმბერაზი და ალბათ გულში ეღიმებოდა, ეს თავქარიანები ვინ მოსულანო. ეტყობა ჩვენი ბედი არ იყო.
აშკარად დაგვინდო უშბამ მაშინ. თუმცა გამოცდა და ხიფათი არ დაგვაკლო. შეცდომაც ბევრი დავუშვით. ექვსი დღე-ღამე ვიყავით მარშრუტზე. მშვიდობით დავბრუნდით. სულ ირაკლი მახსენდებოდა ”არასდროს არ გაბრაზდე მთაზე”. უპრიანია ცნობილი ნათქვამის პერეფრაზი - ”მადლობთ უშბავ რომ ამოგვიშვიო”. გვაცალა მთამ დაღუპული მეგობრების პატივისცემა. ჩვენ კი, პატარა ადამიანებს, განცდა გავიჩნდა, რომ ბუნებასთან სტატუს კვო აღვადგინეთ.
რომ დავბრუნდით, მერეღა გავიგეთ, გარშემო სოფლები ნერვიულობდნენ, არ მოსწონდათ ჩვენი წამოწყება. ჯერ ხუთი წლის წინადელი ამბავი არ ჰქონდათ განელებული. სამშვიდობოს ჩამოსულები სვანების ჯგუფს გადავეყარეთ ბილიკზე. უშბაზე წასულ მთასვლელებს ელოდნენ. ვერ დაიჯერეს, რომ ეს დაღლილ დაქანცული, ძლივს მოლასლასე ხალხი ჩვენ ვიყავით.
მერე კი იცოცხლე, პატივი გვცეს. აქაოდა წყევლა მოხსენითო, სკოლის სცენაზე ბავშვებმა კონცერტი მოგვიწყეს, საგანგებოდ ჩვენთვის დაწერილი სიმღერა ლექსებით. ქეიფს და რახის სმას ხომ ნუ იტყვი.
რამდენიმე დღე გავუძელით, შეუჩერებელ ზეიმს. უნდა გითხრათ უშბაზე ასვლაზე იოლი არა ყოფილა. მერე კი დიდი გადახურული საბარგო მანქანით ბარისკენ წამოვედით.
ბიძინა გუჯაბიძემ იძალა და გურიისკენ, მამამისეული სახლისკენ გადაგვახვევინა. არაჩვეულებრივად დაგვხვდნენ გუჯაბიძეები. მოგვასვენეს, მოგვიარეს და გონს მოგვიყვანეს. აშკარად გვჭირდებოდა...
მახსოვს, თბილისისკენ გამოსამგზავრებლად რომ ვემზადებოდით, უსუსურად ვიდექი საბარგოს ძარასთან, სხვადასხვა სასმელებით გაბჟუებული ვერა ვხდებოდი ამსიმაღლე მანქანაზე როგორ უნდა ავმძვრალიყავი. პირველი უფროსი გუჯაბიძე მოეგო გონს
- შენ რა გითხარ, უშბის დამპყრობელოო - გაიქცა, ბაღის კიბე მომიტანა და საბარგოს ძარაზე მიმიყუდა.....
თითქოს ირაკლი გაცოცხლდაო. ქართველებს დღეს რომ საამაყო მთასვლელი გვყავს, ბიძინა გუჯაბიძე, ნებისმიერ მთის მოყვარულ უცხოელთან რომ ჯადოსნური ჯოხივით ჭრის მისი სახელი, ესეც ლომის წილი ირაკლი გელდიაშვილის დამსახურებაა. ალბათ არ მიწყენს ბიძინა, აკი მის შვილსაც ირაკლი ჰქვია...
თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
2011 წლის 19

აფროქართველის 3 (50) - ვაშლი

ვაშლი
 
 
ფრიტაუნში წვიმის სეზონი იწურება. აღარ არის დაუსრულებელი თავსხმა. დღის მანძილზე რამდენჯერმე გადაიღებს, მერე ისევ მოიქუფრება და დასცხებს. ნამდვილი ბრძოლაა. დარს ცვლის ავდარი, ავდარს დარი. ჩაბნელებულ, ჩარუხებული შავთეთრი უცბათ გაჩირაღდნდება და ათასფერ ფერად აელვარდება ხოლმე, ისე ააშრობს ყველაფერს, თითქოს ამ ქვეყანაში საერთოდ არასოდეს არ უწვიმია. მერე ასევე უეცრად ჩაქრება და ჩაბნელდება. ხანდახან ამ გადასვლას ხიდად უშველებელი ცისარტყელა ჩაუდგება, ერთი ფეხი მთის კალთაზე დაუბჯენია, მეორე ოკეანეში იკარგება...
 
ქვეყანა ნელ-ნელა გამოსაფხიზლებლად ემზადება, მალე ქოლგები დაიკეცება და ცხოვრება აჩქარდება, მომავალ წვიმის სეზონამდე...
 
ფრიტაუნის დაუნტაუნში რამდენიმე საქმეა, რომელიც დარში და ავდარში ერთნაირად მუშაობს, სტიქიას არ ეპუება. ერთ-ერთი კომპიუტერების და მისი მიმყოლი რამე რუმეების მაღაზიაა. კასიმის მაღაზიას ეძახიან.
 
კასიმი ახალგაზრდა ლიბანელია. ძმებთან ერთად ჯერ პატარა მაღაზია - სახელოსნო გახსნა. ახალ კომპიუტერებსაც ყიდდა, ძველმანებსაც, შეკეთებასაც არ თაკილობდა. სვადასვა ნაწილებისგან უცნაურ ფრანკენშტეინებსაც ქმნიდა. მერე წელი მოიდგა, მაღაზიაც გაიზარდა. იმპორტიც გააჩაღა, ”დელი”-ს წარმომადგენლობაც დაირტყა. ტრიალა შუშის კარიც დააყენა და კონდიციონერიც. გრილ გაკრიალებულ მაღაზიაში ხალხი ხშირად აფრიკული სიცხისაგან თავშესაფარად და ამოსასუნთქად შედის. კასიმიც ყველას გულთბილად ხვდება და ლიბანური ყავითაც უმასპინძლდება. ყველანაირ კომპიუტერს ყიდიან, ერთადერთი ”Apple” – არა აქვს ჯერჯერობით.
 
ამ დღეებში კი კასიმის მაღაზიაში ყველა ჭრელა ჭრულა რეკლამა ჩამოხსნილია, შუშის ვიტრინაში პრინტერზე ამობეჭდილი უშველებელი შავთეთრი სურათი ჰკიდია, სურათიდან სტივ ჯობსი იმზირება. ქვევით კი Times New Roman, Bold - ით აწერია -  HE DIED…
 
სურათის ქვეშ, ხონჩაზე ლამაზი, ცისარტყელის ფერება, ეგზოტიკური აფრიკული ხილის ნატურმორტია ყვავილების მაგივრად. ერთია, ვაშლი არ არის იმ ხილს შორის...
 
საოცარი ამბავი ხდებოდა ამ დღეებში მთელ მსოფლიოში, ლამის ყველგან APPLE - ის მაღაზიებთან ხალხი მიდიოდა და მიდიოდა ყვავილებით ხელში, სამძიმარზე.
 
სტივ ჯობსის წარმოშობის, ხასიათის, გაქანების, ნიჭის, ახირებულობის და თავისუფლების ადამიანს წარმატებისათვის მხოლოდ ერთადერთ ადგილას შეეძლო მიეღწია. ეს ამერიკაა. დედამიწის არც ერთ სხვა  კუთხეში და არც ერთ სხვა კულტურაში სტივ ჟობსი არ იარსებებდა. ყველგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს - მხატვარი, მწერალი, მეცნიერი, არტისტი. მაგრამ ის კომბინაცია ნოვატორ, ბიზნესმენ, ორგანიზატორ, გამომგონებლისა, არტისტიზმამდე აყვანილი უხიაგი ხასიათის გენიალური ლიდერისა, უამრავი მიმდევრის საყვარელი მილიარდერისა, რომელიც ამ კაცში პარადოქსალურად გაერთიანდა, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკაშია შესაძლებელი.
 
არსებობს ადამიანთა რიგი რომელთა რეალური გავლენა, მნიშვნელობა და  ძალაუფლება მართლაც სცილდება ყოველგვარ ადამიანურ საზომს და კარიერისტულ ფანტაზიას. ლეონარდო და ვინჩი, კოპერნიკი, სოკრატე, კანტი, შიგაწვის ძრავის გამომგონებელი, სტამბის შემქმნელი, შექსპირი... უცბად რაც მომადგა ენაზე... და სტივ ჯობსი.
 
მამა სირიელი ემიგრანტი, დედა შვეიცარიელ-გერმანელი ასპირანტი. ამერიკაში გადაეყარენნ ერთმანეთს და მომავალი ადამიანი ჩასახეს. არც ერთმა მოინდომა მამობა და არც მეორემ დედობა.
 
უშვილო ამერიკელებმა პოლ და კლარა ჯობსმა, ღვთის საჩუქრად მიიჩნიეს და იშვილეს ცოცხალი არსება, სტივი დაარქვეს. მადლობა უფალს! აბა წარმოიდგინეთ ეს გენეტიკა სირიელი მამის ხელში რომ დარჩენილიყო... არა ცუდს არაფერს ვგულისხმობ, მაგრამ APPLE – ი ან არ იქნებოდა ან ვინმე სხვას უნდა შეექმნა...
 
დიდი თავისნათქვამა და ჯიუტი რამ გაიზარდა, კოლეჯში სწავლა პირველი წლის შემდეგ მიაგდო, თვითგანათლებას მიჰყო ხელი, მეგობრებთან ეძინა იატაკზე და ბოთლების შეგროვებით გადიოდა ფონს, ბუდიზმში გადავარდა და აღმოსავლეთში იწანწალა... ეჭვი არ არის, თავიდანვე არ იყო დალაგებული...
 
აი ამ მასალისგან გამოიძერწა ოთხი შვილის მამა, უზადო ფანტაზიის, პასუხიმგებლობის, ორგანიზაციული ნიჭის, კომერციული წინასწარმეტყველების, მომთხოვნელობის და შთაგონების ნაზავი, გენიოსი.
 
Mac, Apple, Ipad, Ipone, Itune, Next, Pixar, დისნეის სტუდიის თანამფლობელი და ამღორძინებელი, APPLE - ის დამფუძნებელი, კომპანიიდან გაგდებული და მერე უკან მობრუნებული თავისივე პირმშოს გადასარჩენად და ასაყვავებლად.
 
სამასორმოცდაორი პატენტი, დისნეის სტუდიაში შექმნილი არაჩვეულებრი მართლაც რომ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ნახატი ფილმები, 3 მათგანი ოსკარის მომპოვებელი...
 
და რაც მთავარია, აზროვნების სტილის, გემოვნების, ახალი შეგრძნებების, ახალი ამბიციის შემქმნელი, ადამიანის ფსიქოლოგიისა და ქვეცნობიერის შემცვლელი.
 
თამბრუდამხვევია...
 
ჯობსი 56 წლის გარდაიცვალა, ბოლო ათეული წელი სიკვდილთან ბრძოლაში გაატარა, როდესაც კიბოს დიაგნოძი დაუსვეს... არც ერთი დღე არ დაუთმია... ბოლომდე იბრძოლა და იღვაწა.
 
ვისაც მოგისმენიათ ან წაგიკითხავთ სტენფორდში წარმოქმული მისი სიტყვა, მისთვის ყველაფერი ნათელია. სხვებს გირჩევთ არ დაიზაროთ, მოიძიეთ.
 
”...იმის განცდა, რომ მალე მოვკვდები, არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, რომელიც კი ოდესმე მქონია ცხოვრებისეული უმნიშვნელოვანესი არჩევნების გასაკეთებლად. იმიტომ რომ, ყველაფერი - იმედები, სიამაყე, შერცხვენისა თუ დამარცხების შიში - უკან იხევს სიკვდილის წინაშე. რჩება მხოლოდ უმნიშვნელოვანესი. სიკვდილის მოლოდინი საუკეთესო საშუალებაა თავი აარიდო ხაფანგს თითქოს რამე გაქვს დასაკარგი. შენ რჩები სრულიად შიშველი. საუკეთესო მიზეზია მხოლოდ გულისძახილს მიჰყვე,”
 
აკი მიჰყვა კიდეც. გენიოსმა სიკვდილის მოლოდინი პოზიტივად აქცია, შემოქმედებისა და სისხლსავსე სიცოცხლის მამოძრავებელ ენერგიად...
 
გენიალურმა ქართველმა ფსიქოლოგმა, დიმიტრი უზნაძემ თქვა - სიკვდილი ისევე აძლევს ფორმას ჩვენს სიცოცხლეს, როგორც ჭიქა - წყალს. არა მგონია ჯობსს უზნაძის ეს ნაშრომი წაეკითხა.
 
”...თუ ყველა დღეს ისე გაატარებთ, როგორც სიცოცხლის უკანასკნელ დღეს, ერთხელაც გაგიმართლებთ...”
 
ჯობსმა ბოლო შვიდი, რვა წლის განმავლობაში, მძიმე მკურნალობის ფონზე, უაღრესად სასარგებლოდ იცხოვრა, მეთოდურად მოამზადა კომპანია, მოამზადა მიმდევრები, გადააბარა საქმე, დაუტოვა მომავალი იდეები. შექმნა არაჩვეულებრივი ფინანსური ბაზა. ამბობენ APPLE - ის კომპანიას რეალური ქეში უფრო მეტი აქვს, ვიდრე ამერიკის სახელმწიფოსო. რამდენიმე წელი, შეიძლება ათეულიც, სულაც გულხელდაკრეფილი გაუძლებენო.
სტენფორდში ნათქვამი სიტყვის ერთ ერთი ბოლო ფრაზა იყო: ”ნურასოდეს დაკარგავთ შიმშილის გრძნობას...”
 
როგორ გგონიათ, ჯობსი სჯობს თუ ობამა, ან რომელიმე სხვა ყოფილი პრეზიდენტი? რითი? თუნდაც პოლიტიკური გავლენით.  ჯობსი იმ ხალხის კატეგორიიდანაა, პოლიტიკოსები და პრეზიდენტები იქით რომ ეძებენ მათთან ურთიერთობას.
 
ჯობსს თურმე მაშინ პრეზიდენტი, კლინტონი ესტუმრა. ჯობსის ოთახში მისი საყვარელი, ძველი BMW-ს მოტოციკლეტი, უკვე ისტორიად ქცეული უნიკალური მოდელი ედგა. კლინტონი პატარა ბიჭივით ავარდნილა და უთხოვია - დამსვი რაო. გულითადმა მასპინძელმა, სტუმარს ხათრი არ გაუტეხა და პრეზიდენტმა მოტოთი ”იკატავა”.
 
სამაგიეროდ თეთრ სახლში სტუმრობისას აბრაჰამ ლინკოლნის საძინებელში გაუშალეს ლოგინი...
 
ქართველ სახელოვან ფიზიოლოგს, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილს სახელმწიფო ლაურეატობა მიუღია. მაშინდელ ცეკას მდივანს, მჟავანაძეს გადაუწყვეტია მილოცვა. ბერიტაშვილთან დაურეკავთ ცეკას მისაღებიდან და უთქვამთ, მჟავანაძეს, ვასილ პავლოვიცს უნდა თქვენთან საუბარიო... პირველ კაცსას დაუწყია გრძლად მოლოცვა...
 
მეცნიერს არ ეცალა, თავისას ფიქრობდა...
 
-         რომელი მჟავანაძე? ცეკას დირექტორი? მადლობთ მჟავანაძე, მადლობთ... - მოიზრდილობა და ყურმილი დაუკიდა...
 
ეს გამახსენდა და საქართველოში გადმოვედი.  ინტერნეტში ”კომენტების” კითხვისას ასეთსაც წავაწყდი: ”... რა გააწყალეს ამ ჯობსით საქმე, საკუთარი ვიტიროთო...” და კიდევ უარესი, და უხეშად უზრდელურიც... ჯერ ერთი არა მგონია ჯობსს სტიროდნენ, აქ სხვა სტილის დარდია.
 
ეხლა ვიცი დამესევიან ზოგ-ზოგები. აბა ცოტა აბსტრაქტულად დაფიქრდით და სანამ შემაჩვენებთ, თავი ცოტა გადააქან გადმოაქანეთ.
 
ჯობსმა ალბათ ბევრი არაფერი იცოდა საქართველოზე, შეიძლება გაგებული ჰქონდა რომ არის ასეთი ქვეყანა, სადღაც შორს... მიუხედავად ამისა უაღრესად დიდი ღვაწლი აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე. როგორც ყველა სხვისა, მაგრამ ჩვენ ჩვენსაზე ვთქვათ. არც ვიცი რომელ ქართველ მოღვაწეს შევადარო რეალური დამსახურებითა და მართლაც ზემოქმედებით. ალბათ ილია ჭავჭავაძეს. პაუზა.
 
არ მითხრათ ეხლა, ვიღაც ბუდისტს წმინდანს როგორ ადრიო!
 
ერთი კი ნამდვილად ვიცი. არც ერთ ბოლო ორი საუკუნის პოლიტიკოსს, პირველ პირს, პრეზიდენტს და სხვა. ნოე ჟორდანიადან და ვიდრე დღემდე იმდენი არ გაუკეთებია საქართველოს დამოუკიდებლობა აღმშენებლობისათვის, როგორც მისდა უნებურად ჯობსმა იღვაწა.
 
არც ერთ განათლების მინისტრს, ნაკლებად ბედოვლათსა თუ მეტად, იმის მეასედი არ გაუკეთებია ჩვენი მომავალი თაობისათვის, როგორ მისდა უნებურად ჯობსმა გააკეთა. საინტერესო ისაა რომ დღესაც აგრძელებს.
 
პრეზიდენტის შვილი რომ ”კომპის” კლავიატურაზე რეკორდებს ამყარებს, ესეც უფრო ჯობსის დამსახურებაა, ვიდრე მამამისის.
 
დღევანდელებო, თავგზააბნეულებო, პატივმოყვარეებო. ცოტა ხნით გადადეთ გვერზე სიბრმავე - ამბიცია, თუ შეგწევთ ძალა ჩამოიბერტყეთ პროვინციალიზმი და ჯობსისკენ გაიხედეთ. თუმცა რაღა დროს? არა, კიდევ არიან, შეიძლება ნაკლები, მაგრამ მაშტაბური მისნაირები.
 
გეხვეწებით! ერთი ორი წლით მეტ და ნაკლებ ძალაუფლებაზე კი ნუ ვიფიქრებთ, ის გარემო შევქმნათ, სადაც სირიელი გადახვეწილი მამის და გერმანელი ასპირანტი დედის მიტოვებულ, სხვის ოჯახში აყვანილ ბავშვს ისე გამოზრდის, რომ APPLE - ს შეაქმნევინებს.
 
ვითომ ძალიან რთულია? არც ისე. უბრალოდ პირადული ცოტა ჩააჩოჩეთ.
 
ინტერნეტში ჯობსის საფლავის ქვის სურათი ვნახე. არ გამიკვირდება, მართალი რომ იყოს. უბრალო, სადა მართკუთხედი ქვაა. ზედ აწერია: Steve Jobs, და ქვევით APPLE - ის სტილში ისარი და - slide to enter
 
* * *
 
ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯს, პოლიციელ მომოს შევჩივლე
-         მომო, გაიგე, სტივ ჯობსი გარდაიცვალა
ვერ გაიგო მომომ, რა მაწუხებდა. დარწმუნებული ვარ, მომოს შვილიშვილი აიპადს ჩვეულებრივი რვეულივით იხმარს.
 
 
 
თორნიკე ბერიშვილი
 
ქ. ფრიტაუნი
11 ოქტომბერი, 2011

აფროქართველის 2 (49) - მფრინავი ასოციაციები

მფრინავი ასოციაციები
 
 
გახსოვთ თამაში ასოციაციობანა? ერთ დროს პოპულარული, სააგარაკო საღამოების ხალისიანად გასატარებელი გართობა.
 
ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს ხანგრძლივი, მრავალსაათიანი საავიაციო რეისებით მგზავრობა. ბოინგის სავარძელში დიდი ხნით დატყვევებული, ასობით ყველა ჯურის თანამგზავრთან ერთად, მაგრამ მაინც ეულად მყოფი, საკუთარ თავს ვეთამაშები ხოლმე ასოციაციობანას.
 
ამერიკის კონტინენტიდან აფრიკისკენ მიმავალ, ან პირიქით, ლაინერში, ატლანტიკის ოკეანის თავზე, ათასობით კილომეტრზე ზღვის დონიდან, ეტყობა განსაკუთრებით  ნოყიერი ნიადაგია ასოციაციებისთვის, მეხსიერებაში ჩარჩენილი მოზაიკის ნაწილებისათვის, დიდი ხნით მივიწყებული კარგი, ცუდი, სამარცხვინო თუ საამაყო ემოციებისთვის...
 
როცა ასოციაციობანას თამაშობ, მაინც წესებს იცავ და შეთანხმებულ ლოგიკას ემორჩილები. მე კი ჩემს უწესო, არეულ და ულოგიკო, სათვითვფრინავო ასოციაციებში გეპატიჟებით.
 
ამას წინათ რუსი ქართველი მწერლის ბორის აკუნინის ნარკვევი წავიკითხე. იაპონელი გრაფი ნოგის შესახებ. იმოქმედა ჩემზე. არ ვიცოდი მის შესახებ. გამიკვირდა, რომ ბავშვობაში ისტორიით გატაცებულს, გამომრჩა ესეთი საგულისხმო ამბავი. იმის იმედად რომ ზოგ თქვენგანსაც გამორჩა, მინდა გაგიზიაროთ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით.
 
ნარკვევიც საინტერესო იყო და თავად ავტორიც, ქართული სახელი გრიგორი ჩხარტიშვილია, საინტერესო ადამიანია. როგორც მისი საქციელიდან და ნაწერებიდან სჩანს წესიერი, პრინციპული და გაბედული კაცია. არც რუსულ კონიუნქტურას ეპუება და არც საშიშ პრეზიდენტ პუტინს. ქართველობით არ ქართველობს, მაგრამ როდესაც მოსკოვმა იქაურ ქართველებზე ოფიციალური ნადირობა, დევნა გამოაცხადა, გამოვიდა და თქვა, ძალით გამახსენეთ რომ ქართული ძირები მაქვს და თქვენც აღარ დაივიწყოთო. წარმატებულ მწერალს რთულ დროს და რთულ ადგილას უწევს ცხოვრება, ფანდორინიადის ავტორი, იაპონიაზეა შეყვარებულია. უცხოვრია და უმუშავია იქ, კარგად იცნობს ამომავალი მზის ქვეყანას და მთხრობელიც ხომ შესანიშნავია.
 
ზღვის დონიდან თერთმეტი ათას კილომეტრზე, საათში 800 მილის სიჩქარეზე, ღრუბლების თავზე, ხვდები, გგონია ან გეჩვენება რომ დროსა და სივრცეს სრულიად პირობითი მნიშვნელობა აქვს და ამ ერთი ციდა დედამიწაზე ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმულ, გადაჯაჭვულია. გადაასოციაციებულია.
 
ეტყობა რაღაც აქვს იაპონიას ისეთი, რაც მართლაც ბევრ რამეს აერთიანებს, ამართლებს და შესაბამისად გიზიდავს.
 
ქართველი, ამჯერად მართლა ქართველი მწერლის, ირაკლი ლომოურის ნაწერები თუ წაგიკითხავთ? მისი პარალელური საქართველოს ქრონიკაში თუ ჩაძირულხართ? ჯორჯოპონიაზე გვიყვება, იაპონურ - ქართულ უცნაურ სამყაროზე. იქ არარსებული, მოგონილი. გამოთვითფრინავებული ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ არაჩვეულებრივად რეალური, მართალი ამბებია. იქ არიან კომუნისტებიც, ბელადებიც, სამურაებიც, იმპერიის ოფიცრებიც, ლამაზი შეყვარებულებიც და თავგანწირული ფანატიკოსებიც.
 
ჯორჯოპონია! როგორი სახელია? იტყვით ხელოვნურიო! არადა, მართლაც ჯორჯოპონიაა ყველაფერი. ჯორჯოპონიის ამბავი ბორის აკუნინმა რომ იცოდეს, ალბათ გადაირევა კიდეც!
 
ისე ეს გრიგორი ჩხარტიშვილი რამ გააბორისაკუნინა? სახელს კი ხმარობს რუსულ ყაიდაზე, გრიგორი, ქართულად ”გრიგოლ” იქნებოდა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? ნურას უკაცრავად!
 
დედაჩემს საბჭოთა სკოლაში მავნებლის შვილს ეძახდნენ. იმიტომ რომ იმ დროს, როცა დედაჩემი სკოლაში დადიოდა, ჩვენს ქვეყანაში დამპალი კომუნისტები მძვინვარებდნენ. არ დამიწყოთ ეხლა, ესე არ შეიძლება, არაპოლიტკორექტულია, ადამიანის უფლებებიო, დემოკრატიაო. გიპასუხებთ. კომუნისტები ან ფაშისტები ადამიანები არ არიან, არც არასოდეს ყოფილან! ამიტომ კამათი უადგილოა. ჩემი ასოციაციები კი არ მატყუებენ. სიტყვაზე კომუნისტი, ეგრევე ცუდი სუნი მცემს და სიტყვა ”დამპალი” მოსრიალებს...
 
ხოდა ნუ გადავყვებით სუბიექტივიზმს. მოკლედ ამ კომუნისტებმა ვერ აიტანეს პარიზში ნასწავლი ჩემი ბაბუა, მოძალებულ ემოციებს ვერ გაუმკლავდნენ და დახვრიტეს. დახვრიტეს და შვებით ამოისუნთქეს. ბებიაჩემი კი, ჯენტლმენობა გამოიჩინეს და არ დახვრიტეს, გადაასახლეს. სკოლაშიც მეტი რა გზა ჰქონდათ, აიღეს და დაობლებულ დედაჩემს აღზრდის მიზნით ხალხის მტრის შვილი შეარქვეს.
 
მაგრამ გავიდა დრო, მიიწურა მეოცე საუკუნე და სამართალმა პური ჭამა. დედაჩემს ჯერ რეპრესირებულების შვილის სტატუსი მიანიჭეს. ამას წინათ კი ტელეფონით საუბრისას მომიყვა რომ დაწინაურებას უპირებენ და თავად რეპრესირებულის სტატუსს და ერთჯერად დახმარებასაც კი დაჰპირდნენ.
 
როგორც მოწესრიგებულ ქვეყანას ეკადრება, აბა ვინმე ვანუატუ ხომ არა ვართ, საბუთები მოიტანეთ და მიირთვით რეპრესირებულის სტატუსიო.
 
აი რას ნიშნავს ასოციაცია! დედაჩემის დედა ხომ გრიგოლის ასული იყო. გასული საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიაში დაბადებული ჩემი ბებია, იმპერიულ რუსულ დოკუმენტებში სწერია როგორც ”გრიგორიევნა” ანუ გრიგორი...  ქართულ ქაღალდებში კი გრიგოლის ასული ყოფილა, ეკლესიის ნათლობის ფურცელიც იგივეს ამბობს. ანუ გრიგოლი!
 
გაოგნებულ დედაჩემს ასე უთხრეს, ვერ ამტკიცებთ რო ხალხის მტრის შვილი ხართო. იქნებ გრიგო-რ-ი სხვა იყო და გრიგო-ლ-ი კი სხვაო. ანეკდოტია!
 
არადა როგორი იმედი გვქონდა რომ დედა გამდიდრდებოდა, კომპესაციას თითონ აბა რას დახარჯავდა და შვილთაშვილებსაც ასარგებლებდა. მაინც არ ჰკარგავს იმედს და ებრძვის ბიუროკრატიას.
 
მოწესრიგებული ქვეყნის ჩინოვნიკები კი სახელმწიფო ქონებას უფრთხილდებიან. ვერ გაიგეს ვინ გამოზარდა ხალხის მტერი, გრიგორიმ თუ გრიგოლმა. რა იცი მაინც, ყოფილი ხალხის მტრის შვილი რას არ იკადრებს და იქნებ სხვისი კუთვნილი კომპენსაცია მიითვისოს და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრდეს...
 
ჩემს ხალხის მტრის შვილ დედას გეფიცებით, არაფერი არ მომიგონია! რით არ არის ჯორჯოპონია?
 
ეხლა ხომ ხვდებით რომ ყველაფერი რუსული იმპერიისა და დამპალი კომუნისტების ბრალი არა ყოფილა, ჩვენც ხომ მანდა ვართ? თანაც მთავარი ხომ საამაყო ქართველია. ჩვენს კობას გაუმარჯოს!
 
ულვაშა ნაბოზვარმა (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) და მისმა ბანდამ, ვინც ვერ შეაშინეს ყველა დახვრიტეს! ვინც ვერ დახვრიტეს კი ყველას შეეშინდა. დღესაც ეშინიათ და გრიგორი და გრიგოლი ვერ გაურჩევიათ.
 
ძალიან პირადულ, გაბოროტებული ასოციაცია გამომივიდა, ეტყობა თვითფრინავმა მაგნიტურ ველში გაიარა.
 
გრიგორი ჩხარტიშვილი კი გრაფ ნოგიზე გვიყვება...
 
1849 წლის ქრისტეშობას, 25 დეკემბერს იაპონელი სამურაის ოჯახში დაიბადა ნოგი მარესუკე, მომავალი გრაფი ნოგი.
 
ბავშვობიდან ჯარისკაცად გაზრდილი, სამაგალითო იაპონელი სამურაი, ევროპულად განათლებული ნოგის კარიერა მართლაც სამაგალითოა. ნოგი სპეციალურად გაემგზავრა გერმანიაში, რათა სამხედრო ხელოვნება ესწავლა. უკან დაბრუნებული ბაბუაჩემივით კი არ დახვრიტეს, ინფანტერიის მეთერთმეტე ბრიგადა ჩააბარეს და გენერალ მაიორობა უბოძეს.
 
სულ ქვეყნისა და იმპერატორის სამსახურშია. ზედიზედ იღებს სამხედრო წოდებებს და ჯილდოებს. 1986 წელს დანშაკუს (ბარონის) წოდებას ანიჭებენ და ტაივანის გენერალ გუბერნატორი ხდება. ტაივანმა ნოგის დედა იმსხვერპლა, მალარია დაემართა და ვერ გადაარჩინეს.
 
აქ კი ხელოვნურად უნდა ჩავკლა ჩემი ასოციაციები, თორემ ჩემს დღევანდელ სამყოფელში, სიერა ლეონეში, მალარია მთავარი თემაა და თუ ჩავეფლეთ, ვეღარ ამოვალთ...
 
ნოგიმ კი მწარე გამოცდილება საქმედ აქცია და ტაივანის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა სერიოზულად გააუმჯობესა. მიუხედავად ყველა პერსპექტივისა, პოლიტიკურმა კარიერამ არ მოხიბბლა და დიდად არ უცდია დაწინაურება.
 
ამასობაში კი 1904 წელი დადგა და რუსეთ იაპონიის ომი დაიწყო, გენერალი ნოგი იმპერატორს დასჭირდა და იაპონიის მესამე არმია ჩააბარა, დაახლოებით
ოთხმოცდაათი ათასი ჯარისკაცი. ამ არმიამ იბრძოლა მანჯურიაში, ამ არმიას ეჭირა ცნობილი პორტ არტურის ალყა.
 
ეს სწორედ ის პორტ არტურია, ჩვენი პიპინია რომ გამოიქცა.
 
ეს იყო ნოგის კარიერის მწვერვალი და ამავე დროს ყველაზე მძიმე მომენტიც.
 
გენერალ ნოგის მეთაურობით იაპონელებმა დაამარცხეს რუსები პორტ არტურთან და შემდეგ მუკდენის ბრძოლაში. ნოგი იაპონიის ეროვნული გმირი გახდა.
 
ამ ბრძოლაში გაწყდა მესამე არმიის უმრავლესობა, 56 000 რჩეული ჯარისკაცი. აქ დაიღუპა ნოგი მარესუკეს ორი ვაჟიშვილი, მამაცი ოფიცრები.
 
გენერალმა ნოგიმ პირადად ჩააბარა გამარჯვების პატაკი იმპერატორს. პატაკის დროს ტირილი აუვარდა, მრავალი ათასი ჯარისკაცის სიკვდილი თავის დანაშაულად ჩათვალა და ხელმწიფეს თვითმკლელობის უფლება სთხოვა.
 
იმპერატორმა დატუქსა, თავის მოკვლა სასტიკად აუკრძალა. ბებერი ჯარისკაცი ბრძანებას უხმოდ დაემორჩილა. იმპერატორმა მას გრაფობა უბოძა და ამომავალი მზის ორდენით დააჯილდოვა. გრაფი ნოგი 1908 წლიდან 1912 წლამდე მომავალი იმპერატორის, ჰიროჰიტოს აღმზრდელი იყო. მისი ინიციატივით პორტ არტურში დაღუპული რუსი ჯარისკაცების მემორიალი დაიდგა.
 
1911 წელს გრაფი ინგლისში გააგზავნეს, როგორც იაპონიის წარმომადგენელი მეფე გეორგ მეხუთის კორონაციაზე დასასწრებად.
 
1912 წელს იმპერატორი გარდაიცვალა. გრაფი ნოგი შვიდი წლით ადრე, 1905 წელს მიცემული პირობისაგან განთავისუფლდა. იმპერატორის დასაფლავების შემდეგ გრაფი და მისი მეუღლე საზეიმოდ გამოეწყვნენ, სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.  შემდეგ კი სამურაი ნოგი მარესუკემ და მისმა მეუღლემ თავი მოიკლეს. სამურაიმ სეპუკო გაიკეთა, მისმა ცოლმა კი ყელი გამოიჭრა. გენერალმა წერილი დატოვა და იაპონიას ბოდიში მოუხადა ათასობით რჩეული ჯარისკაცის მისი ხელმძღვანელობით დაღუპვის გამო.
 
გრაფი ნოგი იაპონიის ლეგენდაა.
 
არა მგონია იაპონიაში როდესმე შეშინებოდათ ვინმე ულვაშასი, ან რითი უნდა შეეშინებინა?
 
პოლიტკორექტულობა და დემოკრატია მოითხოვს რომ ერთნაირად მოვეპყრად და მოვიხსენიოთ ჩემი ბებია და ბაბუა, ირაკლი ლომოური და აკუნინ-ჩხარტიშვილი, პუტინი და ჰიროჰიტო, ხალხის მტერი დედაჩემი და გრაფი ნოგი, სხვა ვიღაცეების ბაბუა და ბებია კომუნისტები და დამოუკიდებელი საქართველოს მოხელეები, ულვაშა ნაბოზვარი და პორტ არტურში დაღუპული ჯარისკაცები...
 
ქართულ სუფრაზე კი პერსონალური სადღეგრძელოების დროს, რასაკვირველია ფეხზე ადგომით...
 
ოკეანის თავზე, თერთმეტი ათასი კილომეტრის სიმაღლეზე, როდესაც თვითმფრინავი სიერა ლეონესკენ მიქრის, ერთ-ერთი მგზავრის თავში ჯორჯოპონია მძვინვარებს.
 
აი ესეთი თამაშია ასოციაციობანა. ისევ სჯობს მალე დაიწყოს დაშვება ლაინერმა.
 
 
თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
26 სექტემბერი 2011 წელი

აფროქართველის 1 (48) - წვიმის სეზონი

წვიმის სეზონი
 
 
ვინც სიერა ლეონეში არ ყოფილხართ წვიმის სეზონის დროს, არა სთქვათ რომ წვიმა გამოგიცდიათ. ყველაფერი შედარებითია, ჩვენებური თავსხმა აქაური ჟუჟუნა წვიმაა.
 
სიერა ლეონემ არ იცის ზამთარი და ზაფხული, არ იცის სეზონების ცვლა. მთელი წელი ერთი და იგივე ტემპერატურაა. მთელი წელი მზე დილას შვიდ საათზე ამოდის და საღამოს შვიდ საათზე ჩადის. შესაშური სტაბილურობაა. ერთადერთი რაც ყოველ წელს გარდაუვალია, ეს წვიმის სეზონია. ივლისის შუა რიცხვებში რომ მოიქუფრება ცა და წამოვა წვიმა, ოქტომბრამდე არ გადაიღებს. სხვა დანარჩენი უცვლელია, უბრალოდ ყველაფერი სველია.
 
წვიმის სეზონი მართლაც სერიოზული მოვლენაა სიერა ლეონესთვის. არა მარტო კლიმატური, არამედ სოციალური და პოლიტიკური.
 
ყველაფერი ასე ლაგდება - წვიმის სეზონამდე და წვიმის სეზონის შემდეგ. თუ რამე მოსასწრებია, წვიმის სეზონამდე უნდა მოესწროს. თუ არ ესწრება უნდა გადაიდოს და წვიმის სეზონის შემდეგ უნდა დაიწყოს.
 
არა, რა სოციალურ - პოლიტიკური?! წვიმის სეზონი - ”რეინი სიზონ” - ქვეცნობიერი ფსიქოლოგიური ქვაკუთხედია, ათვლის წერტილია, სიცოცხლის აზრის მიმცემი, ყველაფრის ამხსნელი და გამამართლებელი ცნებაა.მშვენიერი საბაბია, არაფერი არ აკეთო, ყველაფერი გაჩერდეს და ყველაფერზე ერთი პასუხი გაიცეს - ”წვიმის სეზონია და რა ვქნათ”.; ”აი წვიმის სეზონის მერე ვნახოთ”. ყველა ”ითესება” ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, ყველა სადღაც იმალება. მაგრამ სად დაიმალები, სისველე და ნესტია ყველგან. კარადაში შენახული, საკიდებზე კოხტად მოთავსებული ტანსაცმელი ისეთივე სველია, როგორც ახლად გარეცხილი, ოღონდ კარგად გაწურული. ერთის მხრივ მოსახერხებელია, გარეცხე, კარგად გაფერთხე, ერთი ორჯერ მოგრიხე, ჩაიცვი და წადი, ეწიე საქმეს.
 
კიდევ კარგი წვიმა თბილია, როგორც შხაპში. თორემ ზედ კიდევ სიცივე და ქარი რომ დაეყოლებინა სულიერი აღარ გადარჩებოდა.
 
წვიმის სეზონზე ქორწილი არ ხდება. ჩვენთანაც ასე არ არის? მაისში რომ მიეყრება ხოლმე ჯვრისწერა - ქორწილები, აქაოდა მერე აღარ შეიძლებაო. ჩვენი წინაპრები ხომ აფრიკიდან გადმოსახლებულან.
 
სიკვდილს ვერ დაუშლი კაცს, მაგრამ ასე იტყვიან: ”წვიმის სეზონამდე მოასწრო და მოკვდაო” ან ”წვიმის სეზონს გაუძლო და მერე გარდაიცვალაო”
 
უნდა ნახოთ როგორ ხურდება ხოლმე პოლიტიკური ბატალიები არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. ვისაც ეშმოკობა და მაიმუნობა უნდა, ცდილობს არჩევნები გაგანია ”რეინი სეზონში” ჩატარდეს, იმასაც მნიშვნელობა აქვს თურმე როდის იქნება ეს ამბავი, წვიმის სეზონის თავში, შუაში თუ მიწურულს. სამართლის მოყვარულები, უფლებების დამცველები, აქაური ”საია” და მისნაირები კი ცდილობენ არჩევნები ”დრაი სიზონ”- ისკენ გადაქაჩონ. ხოდა მიდის იწილო ბიწილო. რომ ამბობენ ”მშრალზე დატოვაო” - აქა აქვს, თუ აქვს ამ გამოთქმას აზრი.
 
აბა თუ მიხვდებით რა არის ყველაზე პოპულარული საგანი ამ დროს. ვიცოდი რომ გაარტყამთ - ქოლგა! აბა რა! ანუ როგორც ნამდვილი ქართველი იტყოდა ”ზონტიკი”.
 
დიდიან პატარიანა ყველა ქოლგით დადის. თავმოყვარე სიერა ლეონელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რამდენიმე ქოლგა, ყველა ამბისთვის თავისი შესაბამისი. საყოველდღიო ქოლგა, საზეიმო - გასაპრანჭი ქოლგა, ეკლესიაში მისასვლელი ქოლგა, საპანაშვიდე - სატირალში წასასვლელი ქოლგა.  
 
ყოველ წელს ჩავუთქვამ ხოლმე ჩემს თავს, წვიმის სეზონი სიერა ლეონეში არ გავატარო. როგორც წესი არ გამოდის, წელსაც ადრე მომიწია დაბრუნება. გაგანია ”რეინი სიზონ”-ია.
 
”..ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ...” წვიმს, მაგრამ რას წვიმს! ცა ფეხად ჩამოვიდაო, რომ იტყვიან. თავშესაფრიდან გარეთ რომ გაიხედო წვეთები კი არ მოდის, ერთი უსასრულო  წყლის კედელია, უსასრულო ნიაგარას ჩანჩქერივით. ნეტა ვინ მოაგროვა ერთბაშად ამდენი წყალი?
 
ეხლა ხმის გაფორმებას არ იტყვით, ანუ ”საუნდი” ქართულად. ფონად წვიმის ხმა, ორონდ თქვენ რომ წარმოგიდგენიათ კაპა-კუპი კი არა, ერთი გაუთავებელი ჩახლეჩილი, ყოვლისმომცველი გუგუნი. რომ არ იცი საიდან მოდის ან სად მთავრდება. ამ ფონზე კი ჭექა ქუხილი. გაბმული კანონადა, თითქოს ყველა სუპერ-სახელმწიფოს მილიტარისტებმა ერთად მოაგროვეს რაც კი ქვემეხები ჰქონდათ და ერთდროულად დასცხეს.
 
ზედ კიდევ ელვა, ერთი მეორეს მიყოლებით, თითო გასროლა დღესავით ანათებს გარემოს. წამიერი სრული ჩაბნელება და ისევ დასცხებს. ეტყობა სიერა ლეონეს ყველაზე მაღალ, ბინტუმანის მთაზე დგას ზევსი, ოღონდ ძალიან გაბრაზებულია.
ფრიტაუნი გორაკებზეა გაშენებული, ყველა ფერდი ოკეანესთან ჩადის. ქუჩები, ზოგი ნაკადულად, ზოგი მდინარედ არის ქცეული, სიდიდის მიედვით. სადრენაჟო სისტემაზე უკაცრავად ვართ, ხოდა რეცხავს მთელს ქალაქს, მოაგორებს ქვა-ღორღს, ნაგავს, სილას და ჩააქვს ყველაფერი ოკეანეში.
 
ფრიტაუნში არის მუდმივი სახლები და სეზონური. სეზონური ხუხულები ისინია, ყველა რომ შეგუებულია, მოვა ”რეინი სიზონ”-ი და მაინც წაიღებს. მთელი უბნებია ესეთი ”წყალწაღებული”. ასე რომ ქალაქიც ყოველ წელს ახლდება წვიმის სეზონის შემდეგ.
 
ერთი ძველი ამბავი მინდა მოგიყვეთ. ჯერ ახალი გასიერალეონებული ვიყავი და წვიმის სეზონიც არ გამომეცადა. ბევრს დავდიოდი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საქმისა და ინტერესის გამო.
 
ქვეყნის ჩრდილო მხარეს არის ქალაქი კაბალა. ჩვენი პროექტის გამო კაბალის მხარეს გვქონდა საქმე. აუცილებლად უნდა შევხვედროდით იმ მიდამოს ბელადს. ბელადი კი ტრასიდან შორს ჯუნგლების სიღრმეში ცხოვრობდა საბელადო სოფელში. ცენტრალური ტრასიდან სოფლამდე, 60 კილომეტრი ჯუნგლებში გაკაფული გრუნტის გზა მიდის. უკვე ვიცოდი ეს რასაც ნიშნავს და სახელდახელოდ ავარჩიეთ ერთი ძველი მაგრამ ყოჩაღი ”ტოიოტა ფორანერი”.
 
ექსპედიციის შემადგენლობაც სამაგალითო იყო: მე - ახალი ქართველი ავანტიურისტი, შეთავსებით მძღოლი; ჩვენი მოლდაველი ბუღალტერი, ფოტოგრაფირებაზე გადარეული იური ტოფანი და ჩვენი ადგილობრივი მეგობარი და მფარველი, პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი, დოქტორი ბაბა კონტე.
 
მოვიმარაგეთ საგზალი, გავმართეთ მანქანა. მე მძღოლის ადგილას მოვსკუპდი. ჩემი მგზავრები უცნაურად შეფერხდნენ. დოქტორი ბაბა და მოკლე ბუღალტერი მანქანასთან დგანან. დოქტორი ბაბა აშკარად ნერვიულობს წინა ადგილს დაუთმობენ თუ არა. ”შენძრეულმა” ტოფნამ უცბად იყიდა, წინა კარი გაუღო და - ”დაბრძანდით თქვენო მაღალაღმატებულებავო!”. უნდა გენახათ როგორ გაიბღინძა დოქტორი ბაბა. ტოფანამ სამუდამოდ მოიგო მისი გული.
 
მშვიდობიანად და რესპექტაბელურად დაიწყო ჩვენი მგზავრობა. არავითარი თავგადასავალი არა სჩანდა ჰორიზონტზე.
 
ჯუნგლების გზა ზუსტად ის აღმოჩნდა რცა მეგონა, ოღროჩოღრო, აღმადაღმა. გვერდებიდან სამმეტრიანი ბალახი, უშველებელი ხეები. ამ სიმწვანეში გზას ხანდახან მხოლოთ გუმანით ვგრძნობდი. მაგრამ ხალისიანი მზე და არაჩვეულებრივი დარი გვიმსუბუქებდა მგზავრობას.
 
გათვლილზე ორჯერ მეტი დრო დაგვჭირდა საბელადომდე. გვიან ჩავედით. იქაური კოლორიტული შეხვედრა, ბელადთან და მთელს სოფელთან ურთიერთობა და მოლაპარაკება ცალკე მოთხრობის თემაა და ალბათ როდისმე მოგიყვებით, თუ ისურვებთ. შეგვაგვიანდა, შებინდდა და ჩვენც ავჩქარით, იქნებ ტრასამდე მაინც გაგვეღწია დროზე.
 
ბელადმა დარჩითო, თანც რაღაცას გამალებით უხსნიდა დოქტორს. დოქტორმა ერთი კი მოშინჯა, ხომ არ დავუჯეროთო, მაგრამ ჩემგან ისეთი ცივი უარი მიიღო, აღარ გაუგრძელებია. რაღაც გადაულაპარაკა ბელადს, იმან დანანებით გადაიქნია თავი და დავიძარით. მთელი სოფელი გვიქნევდა ხელს.
 
-         დამპირდნენ რომ ილოცებენ ჩვენთვის - ჩაილაპარაკა დოქტორმა
 
გამიკვირდა, არ მესიამოვნა, მაგრამ მაინცდამაინც ყურადღება არ მივაქციე.
 
ათი წუთის შესულები ვიყავით ჯუნგლებში, რომ უცბათ ერთბაშად დაბნელდა, კინო რუსთაველში რომ შუქს ჩააქრობდნენ ხოლმე, ისე. ჩავრთეთ ფარები და მივაწექით.
 
უცბათ გავარდა მეხი, ელვამ გაანათა ყველაფერი და ერთბაშად დაგვეცა ნიაღვარი.
 
-         ეს რა ღვთის რისხვაა?
-         წვიმის სეზონი დაიწყო - სევდიანად თქვა დოქტორამ
-         ეხლა დაიწყო დოქტორ? ამ წუთას? როდის გადაიღებს ეს წვიმა?
-         სექტემბერში
 
უნდა გითხრათ, რომ ზუსტად 16 ივლისი იყო.
 
თავგადასავალია, აზარტია. საჭე მაგრად ჩავბღუჯე, მანქანას ჩავურთე ყველაფერი რისი ჩართვაც შეიძლებოდა და გაზს მივაწექი. აბა შენ იცი. ტოიოტა!
 
ის 60 კილომეტრი მთელი ღამე ვიარეთ. ყოველ აღმართს მეორე ან მესამე ცდაზე თუ ავდიოდით. ტოიოტა მიღოღავდა ტალახში, იქნევდა კუდს, ებღაუჭებოდა ქვებს. იაპონელი სამურაის შეუდრეკელობით ღმუოდა მოტორი.
 
წვიმამ თავისი ქნა, ეტყობა რაღაც ელექტროკონტაქტები დაასველა და ჯერ გამოირთო შუშის საწმენდები, მერე ჩაქრა ფარები. სრული უკუნეთი იყო.
 
გაჩერებას არ ჰქონდა აზრი, მოძრაბით კი როგორ გვემოძრავა? ჩიფი ტოფანს მოუბრუმდა და წინ გადმოჯექი, იქნებ მძღოლს მოეხმაროვო. მე კიდევ უკან გადმოვალ, ქვეყანას კიდევ ვჭირდებიო. ტოფანა წინ გადმოჯდა, გამიღიმა და მითხრა -”მი, სოვეტსკიე, ნიჩეგო ნე ბოიმსია!”
 
ტოფანამ ჩანთიდან ხელის ფარანი ამოიღო, გამჭვირვალე ცელოფანის პარკში გაახვია, ფანჯარა გააღო და ფარანი გზას მიუშვირა. ტოფანას ღია შუშიდან წყალი ასხამდა, ფარანი თავის თავს ძლივს ანათებდა.
 
გალუმპულმა ტოფანამ სიმღერა დასცხო: ”კტო პრივიკ ზა პაბედუ ბოროტსია, ტოტ პუსკაი ს ნამი ვმესტე ზაპაიოტ!...”
 
უკანა სკამზე დოქტორა ლოცულობდა გულმხურვალედ.
 
მე კი საჭეს აზარტულად ჩაფრენილი, ტოიოტასთან ერთად ვღმუოდი და ვებრძოდი გზას. ელვისგან განათებულ გზას ვიმახსოვრებდი და მივიწევდით წინ. მადლობა ღმერთს ხშირ ხშირად ელავდა.
 
ახალი ამბავი, ბენზინი თავდებოდა. ნეტავ რამდენი დარჩა ტრასამდე?
 
-         შენ იცი ჭკვიანმა თეთრმა ადამიანებმა რატომ გაუკეთეს მანქანას ერთადერთი სათადარიგო დეტალი, ბორბალი? - უეცრად მეკითხება დოქტორა
-         ???
-         იმიტომ რომ ბორბალი ხშირად ფუჭდება...
-         გენიოსი ხარ დოქტორ!!!
 
იმ დღეს, ეტყობა ახალბედა შევეცოდე, ”რეინი სიზონ”-მა ბოლომდე არ გაგვწირა. ტრასამდე გამთენიისას მივაღწიეთ და გასამართ სადგურამდე უკვე ასფალტის გზით დავგორდით.
 
ტოფანა რამდენიმე წლის წინ დაიღუპა ავტოავარიაში, დოქტორა დღესაც პრეზიდენტობას აპირებს.
 
ისევ წვიმს...
 
 
* * *
 
ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, ექსპერტი და მრჩეველი, პოლიციელი მომო ამდენი წვიმისა და მისთვის უჩვეულო სუსხისგან გაცივდა. სახლში წევს მაღალი სიცხით და ახველებს. ამიტომ ვერაფერი ვერ ვკითხეთ და დავრჩით ასე, ტრადიციული ექსპერტული დასკვნის გარეშე.
 
წამლებს და მოსაკითხს ვუგზავნით რასაკვირველია, იმედია მალე დადგება ფეხზე.
 
 
თორნიკე ბერიშვილი
 
ქ. ფრიტაუნი
21 სექტემბერი 2011 წელი

აფროქართველის 19 (47) - სკაიპით საქართველოზე

სკაიპით საქართველოზე
 
 
გიფიქრიათ როგორ ჩანს საქართველო გარედან? შორიდან, ზღვებისა და ოკეანეების გადაღმიდან, აფრიკიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან. ძალიან პატარაა ჩვენი ქვეყანა, ხანდახან საერთოდ არა სჩანს. თუ კაცს არც გაუგია საქართველოს არსებობა, სულაც რომ სწორი მიმართულებით იყუროს, ვერ ხედავს ხოლმე. იქეთ რუსეთი გვეფარება, აქეთ თურქეთი...
 
გადახვეწილი და აქეთ იქეთ მიმოფანტული ქართველები კი ვიცქირებით ჩვენი ქვეყნისკენ, გაფაციცებით ვეძებთ ახალ ამბებს, ყურმოკრულ ჭორებს, რამე მიზეზს, რომ ამ ჩვენს ერთიციდა სამშოლოზე ჩამოვუგოთ სიტყვა გარემოცვას. უნდა გითხრათ საკმაოდ უცნაურადა სჩანს საქართველო შორიდან.
 
ამ ბოლო დროს კი რამე ძალიან ცუდი თუ არ დაგვემართა, 2008 წლის აგვისტოს ომის არ იყოს, სხვა ვერაფრით ვერ ვახსენებთ ხოლმე თავს გარე სამყაროს, თუმცა კი კისერს ვიგრძელებთ და გავკივივართ, ჩვენც აქა ვართ, შემოგვხედეთ, ჩვენც აქა ვართო.
 
დაილოცოს თანამედროვე ტექნიკა! ინტერნეტი, ფეისბუკი, იმეილი, სკაიპი... ხანდახან სრული ილუზიაა, რომ იქა ხარ, შენც საქმეში ხარ და ისევ იმ წვენში იხარშები...  განსაკუთრებით სკაიპი, გადახვეწილი ქართველების წამალი. ურთიერთობის ილუზია! თუმცა რატომ ილუზია? სკაიპით სტუმრობა, დაბადების დღეები, სკაიპ-ქეიფი და სადღეგრძელოებიც კი.
 
ამას წინათ დიდი ხნის უნახავმა კარგმა მეგობრებმა მოვნახეთ ერთმანეთი სკაიპით. მე აფრიკაში, ის ამერიკაში.
 
აბა სალამ ქალამი, მოკითხვა, ამბების გახსენება: ”როგორ ხარ ბიჭო?”; ”რამდენი ხანი არ მინახიხარ!”; ”რას შვები მაგ ქვეყნის ბოლოს? - შენ ხო ხარ დასაწყისში!?”; შაყირი, სევდა, ანეკდოტები... ქართველები რის ქართველები ვართ პოლიტიკას და თბილისურ ამბებს არ გადავწვდენოდით.
 
სკაიპ დიალოგი
 
-         გაიგე რეები მომხდარა 26 მაისს? დაუხოციათ ერთმანეთი, ისევ მიტინგები..
-         ბიჭო ხალხი მართლა დაღუპულა, საცოდავები
-         კიდევ კარგი იქ არა ხარ, თორემ შენი ამბავი რომ ვიცი, სულ რუსთაველზე იქნებოდი დარჭობილი..
-         ხო რა, მაგრამ ვის მხარეს?
პაუზა.
-         ბიჭო, ხალხმა უნდა უთხრას ამ დაქნეულ პოლიტიკოსებს, რომ გააჩმახეს საქმე, გადააყოლეს ქვეყანა ამ თავის კომპლექსებს. 20 წელი თუ პოლიტიკაში ხარ, შეცდომის მეტი რომ არაფერი გაგიკეთებია, ხომ უნდა მოეშვა? სულ ერთი და იგივე როჟები! ერთი და იგივე შეცდომები!
-         მეორე დღეს გამოსულა ხალხი და ძალადობა დაუგმია, სიტყვა არ მიუცია პოლიტიკოსებისათვის...
-         იცი რა! კომედიაა?
-         უნიჭო და სევდიანი!
 
არა, მოდი უბრალოდ ამ უნიჭო პოლიტ სპეკტაკლების მოქმედი პირები ჩამოვთვალოთ და გათამაშებული რეპრიზები გავიხსენოთ,  მხოლოდ ისინი, რომლებიც გადახვეწილ ქართველებამდე და მათ მეგობრებამდე, ანუ ჩვენამდე, აღწევს სხვადასხვა ინფო საშუალებებით და დღევანდელი საქარველოს სურათს ქმნიან. მინიმალური კომენტარებით, პრაქტიკულად უკომენტაროდ.
 
მინდა აქედან დანახული არაობიექტური სურათი გაგიზიაროთ და იქნებ თქვენ შეგვისწოროთ.
 
ერთ მხარეს სააკა, ვანო და უფერული უმრავლესობა. სხვა არავინ ჩანს შორიდან. კიდევ პოლიციის საშიში რაზმები, ხელკეტებით, გაზით და წყლის ჭავლებით... იდეოლოგიურ-ინტელექტუალური წვერებიანები, დეპუტატი დარჩიაშვილი და ფილოსოფოსი ნოდია...
 
აქეთ მხრიდან კოლონებად უტევენ ნინო ბურჯანაძე, თემურ შაშიაშვილი და ნონა გაფრინდაშვილი მხარდამხარ... კი მაგრამ ბურჯანაძე ხომ იქით იყო? იქიდან არ ურტყამდა? ეხლა აქედან უტევს?
 
გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, ამათგან რომელი გინდათ პრეზიდენტად, მიშას მაგივრად? ნეტა რის გაკეთებას აპირებენ? აქედან, შორიდან არა ჩანს, თორემ მანდ, საქართველოში დარჩენილებმა ალბათ იცით.
 
ხო კიდევ ჩანს ქართული პარტია, თბილისსა და პარიზს შორის. უფრო სწორად ჩანდა, აქაც მოვიდა ამბავი ვეღარ გაუძლიათ ერთმანეთისთვის და დაშლილან. მეორე ემიგრაციის ტალღა პარიზში. ღმერთო მომკალი და არ გაგონებთ ოქრუაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილს?
 
არა, იმით ვიმშვიდებ თავს რომ შორს ვარ და ეტყობა ამბები დამახინჯებულად მოდის.
 
აქეთ ისევ სააკა, ვანო და უფერული უმრავლესობა.
 
ჩანართი სკაიპის დიალოგიდან.
 
-         ბიჭო გაიგე, ირაკლი ბათიაშვილს თურმე რუსთაველის კინოს სახურვზე გაუთენებია ღამე.
-         იქ რა უნდოდა?
-         ბურჯანაძის მიტინგი რომ დაშალეს, იქით დაგაზა დასამალად.
-         აბა ეგ რესპუბლიკელებთან არ იყო, ისინი კი რვიანში არ არიან?
-         რესპუბლიკელი როდის გახდა?
-         არჩევნების პონტში რა...
-         აუ, ტიპს რამდენი მადატი აქვს, კოლექციონერია?
-         და რესპუბლიკელებმა რაო?
 
 
გავიგეთ მეორე ფრონტიც ყოფილა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო რესპექტაბელური ოპოზიცია ქუჩის აქციებს გაემიჯნა და რვა როგორც ერთი მოლაპარაკებებში ეჭიდება ხელისუფლებას.
 
აქეთ ფეთიანი მიშა, დინჯი ვანო და უფერული უმრავლესობა. ფეისბუკში მოწოდება დაალაიქეთ პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე!
 
იქით ერთ მუშტად შედუღაბებული ოპოზიციური რვიანი. ცივილიზებული საუბარი, საარჩევნო გარემო! გონიერების ზეიმია!
 
”კიდალა” ხელისუფლება ეშმაკობს და დუღაბში ბზარს აჩენს.
 
დაიღალენ მემარჯვენეები ამდენ ხანს უმანდატობით. ხომ არ შეიძლება სხვის სიტუტუცეს გადააყოლონ დეპუტატობა? ერთი ”ფინტი” იციან, ერთხელ ვარდების რევოლუციის წინ გამოიჩინეს პოლიტიკური ალღო და შევარდნაძის პარლამენტში შევიდნენ. ეხლაც იგივე ”გარინჩას ფინტია”, გადაიხარე მარჯვნივ და გადი მარცხნივ, თან რა კარგად გამოსდით! ღირსეულად.
 
ასეა პოლიტიკური განტოლება: ექიმი + მეწარმე = ????  პასუხს რომ მიიღებთ, გადახვეწილებსაც გაგვაგებინეთ.
 
ვერ შეიქმნა საქართველოში ტრადიცია, რომ თანამდებობა ღირსებას არ ანაცვალონ.
 
სკაიპ დიალოგიდან
 
-         ვაა, საგიჟეთია რა. ბიჭო და, რესპუბლიკელები რას შვებიან?
-         რა ვიცი? მსჯელობენ..
-         ხოო, კარგად გამოსდით..
 
კიდევ გავიგეთ გადახვეწილებმა რომ ინტელიგენცია გააქტიურებულა, რობერტ სტურუა გაბრაზებულა და სომეხი არ უნდა პრეზიდენტად. ბუბა კიკაბიძე კი თურმე მიშათი კმაყოფილია. მსახიობი ბურჯანაძე კი ბურჯანაძის მხარეს არის, ნუ ეს გასაგებია...
 
ისე, ბუბას რომ არ გავუხსენო არ შეიძლება. ქართველებს რომ მაგრად გაუჭირდათ რუსეთში, პუტინმა კიკაბიძის სამაგალითოდ დაჯილდოვება გამოაცხადა. არ იკადრა შადიმანობა ”მიმინომ”! მედალიც მიუგდო და სამშობლოსკენ წამოვიდა. თქვენ გგონიათ ადვილი გასაკეთებელია, ძალიან მაგარია! ძალიან!!! მადლობა!
 
ბურჯანაძის ქმარი გაქცეულა, პროკურორი და სასაზღვრო ჯარების სარდალი რომ იყო ის..
 
თანამედროვე პარიზელი ქაქუცა თურმე რაზმებს აგროვებს და ჩუმად საქართველოში აგზავნის..
 
რა ვიცი, რაც გავიგეთ იმას გიყვებით, ნეტა თუ მართალია?
 
ნეტა რა ყრია ამ დალოცვილ ხელისუფლებაში ამისთანა, რომ აქეთ ფრჩხილებით, ბრჭყალებით და სხვა ყველა ნაწილით ებღაუჭებიან. ვინც ნამყოფი და გაგდებულია კი, ფანტომური ტკივივილებისგან თავი ვერ დაუღწევია და სხვა ცხოვრების აზრი ვერ უპოვნია. რაც მთავარია ნეტა რად უნდათ, იქ რომ იქნებიან რას აპირებენ, თუ იციან, რად გვიმალავენ...
 
უცხოური მაგალითები, რომლებისაც მშურს.
 
როდესაც დღევანდელმა სიერა ლეონეს პრეზიდენტმა, ერნესტ ბაი კორომამ, არჩევნები მოიგო, იგი ოპოზიცია იყო. მისი ოპონნენტი მაშინდელი ვიცე პრეზიდენტი სოლომონ ბერევა იყო.
 
აბა ვის ეგონა, რომ აფრიკაში, მოქმედი ხელისუფლება არჩევნებში დამარცხდებოდა. ყველა წინასწარ ულოცავდა ვიცე პრეზიდენტ ბერევას, გაპრეზიდენტებას.
 
მოხდა საოცრება და ოპოზიციის კანდიდატმა იმარჯვა. არ იყო მთლად სუფთად საქმე, იქ საერთაშორისო საზოგადოებამ წააშველა ხელი, ნახევარი ქვეყნის ბიულეტენები გადასათვლელი იყო. დაიძაბა სიტუაცია. მოქმედ ხელისუფლებას ყველა ბერკეტი ჰქონდა საქმე გაეჭიმა, სასამართლო ჩაერთო და ალბათ მოიგებდა კიდეც. ძალიან აიწია პოლიტიკურმა ტემპერატურამ. სამოქალაქო ომგამოვლილ ქვეყანაში მიძინებული იარები ღვივდებოდა.
 
ვიცე პრეზიდენტმა ბერევამ დილას ადრე დანიშნა პრეს კონფერენცია, დამარცხება აღიარა და მომავალ პრეზიდენტს გზა დაულოცა. სიერა ლეონეს ისტორიაში შეიქმნა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრეცენდენტი.
ბარო ბერევა! გიყვარს შენი ქვეყანა!
 
ჰილარი კლინტონი პრაქტიკულად ამერიკის მომავალი პრეზიდენტი იყო. იმას როგორ იფიქრებდა რომ თანაპარტიელები ცელს გამოუსვამდნენ და ობამასთან შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხდებოდა. წარმოიდგინეთ რა ცეცხლი ტრიალებდა ყოფილი პირველი ლედის, ამბიციური  ჰილარის გულში. როგორი წყენა და იმედგაცრუებაა. ქალბატონმა ჰილარიმ ძალა და გონიერება მოიკრიბა, ამბიცია ჩაყლაპა, პარტია არ გახლიჩა, თითონაც გვერდით დაუდგა ობამას და თავის მომხრეებსაც მოუწოდა. ბოლომდე, პატიოსნათ იბრძოლა ბარაკ ობამას სასარგებლოდ და დემოკრატებს გამარჯვება მოუტანა. ერთი ქართველი პოლიტიკოსი მითხარით იგივეს გამკეთებელი!
 
არასოდეს დამავიწყდება,  ბებერი მეომარის, ჯონ მაკეინის გამოსვლა. როდეას ცხადი გახდა რომ ბარაკ ობამამ პრეზიდენტობა მოიგო, მაკეინი მომხრეების წინაშე წარსდგა. გამწარებული, მეტიც გაცოფებული მომხრეები მოუწოდებდნენ არ ეღიარებინათ დამარცხება, ემოქმედათ. ვინც ამერიკელებს იცნობთ, მიხვდებით რა არის მათთვის წაგება, ”ლუზერობა”. მაკეინმა ჟესტით გააჩუმა ხალხი, დაამშვიდა და თქვა, რომ არჩევნები მორჩა, ჩვენ ვიბრძოლეთ, მაგრამ დავმარცხდით. დღეს ბარაკ ობამა ამერიკის პრეზიდენტია, ჩვენი პრეზიდენტი. ყველას ვალია მას გვერდით დაუდგეს და ამერიკის საკეთილდღეოდ იღვაწოს. იმიტომ რომ ბებერ ჯარისკაცს მართლა უყვარს თავის ქვეყანა.
 
ერთი ესეთ რამეებს მომასწრო საქართველოში, თუნდაც შორიდან.
 
ხომ შეიძლება, რომ ერთხელ მაინც პრეზიდენტმა ბოლომდე იპრეზიდენტოს და მერე სხვამ მოიგოს, წესიერად და პატიოსნად. ნეტა თუ შეუძლია მიშას ამ ტრადიციას ჩაუყაროს საფუძველი? საქართველოს ისტორიაში ნამდვილად დარჩება.
 
ეხლა ისეთი რამ უნდა გავიხსენო, ვიცი ზოგირთები ცოფებს დაჰყრით. ცივი წყალი მოიმარჯვეთ.
 
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთმა ადამიანმა მოახერხა, თანაც ორჯერ, როდესაც სერიოზული არჩევანი დაუდგა საკუთარ, პიროვნულსა და საზოგადოს შორის, არჩევანი ქვეყნის სასარგებლოდ გაეკეთებინა. გაგიკვირდებათ და ეს ჯაბა იოსელიანი იყო. ქართული პოლიტიკის ალბათ ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურა.
ერთხელ გამსახურდიას დროს დაუდგა არჩევანი, ან ციხეში უნდა წასულიყო და ან წინააღმდეგობა გაეწია, თუნდაც შეიარაღებული და თანაც ვისი აჯობებდა ნამდვილად საკითხავი იყო. ჯაბა ფაქტიურად ნებით წავიდა მაშინ ციხეში და მართალია ძალიან ცოტა ხნით, ქვეყანას დაპირისპირება ააცილა.
 
მეორეჯერ კიდევ უფრო მკაფიო. არჩევანი შევარდნაძის დროს დაუდგა, ან ციხე ან შეიარაღებული დაპირისპირება. მაშინ ჯაბა ისე ძლიერი იყო, როგორც არასდროს. იოსელიანმა ბრძანება გასცა და მხედრიონმა ნებით ჩააბარა იარაღი. სრულიად ზუსტად იცოდა, რომ ამ ნაბიჯს მისი დაპატიმრება მოჰყვებოდა. მაშინ ბევრმა მხედრიონელმა ღალატიც კი დააბრალა. მაგრამ ასე თქვა: ”ქვეყანა ამას მეორედ ვერ გადაიტანსო”
 
ეს ესე იყო, და სხვა ცოდვები კი თქვენა თქვით.
 
აბა კარგად გაიხსენეთ, სხვა ყველა ბოლომდე ეპოტინება თბილ ადგილს, თუ მე არ ვიცი და გამახსენებთ, მხოლოდ გამიხარდება.
 
ერთიც გამახსენდა, მაშინ კულტურის მინისტს, დათო მაღრაძეს დაუდგა მორალური არჩევანი. სხვა ბევრისათვის ალბათ ადვილად მისაღები და გასამართლებელი კომპრომისი იქნებოდა. დათო პარლამენტის სხდომაზე გამოვიდა და ყველასათვის, მისი ახლო მეგობრებისთვისაც კი, მოულოდნელად გადაგომა გამოაცხადა, სრულიად მკაფიო არგუმენტაციით და მიკიბვ მოკიბვის გარეშე. თვალიც არ დაუხამხამებია.
 
ის დღე კარგად მახსოვს, იმიტომ რომ მერე უკვე ყოფილ მინისტრთან ერთად სოლოლაკის დუქნები მოვიარეთ და მაგრად დავთვერით.
 
მეგონა ქართული პოლიტიკაში მაგალითი შეიქმნა თქო. შენც არ მომიკვდე. ვინაა დამნახავი.
 
მოკლედ, აქედან ესე სჩანს და იმედიან რამე რუმეებს თქვენგან ველი.
 
სკაიპ დიალოგიდან
 
-         ბიჭო გაიგე, გიორგი თარგამაძეს უთქვამს, თანახმა ვარ პრეზიდენტად ვიყარო კენჭიო!
-         მართლა ბიჭო, აბა გადავრჩით!
 
 
 
თორნიკე ბერიშვილი
 
ფრიტაუნი
30 ივნისი 2011 წელი

აფროქართველის 18 (46) - ტეხასი - 4, სემ ჰუსტონი

ტეხასი - 4
(აფროქართველის ამერიკა)
სემ ჰუსტონი
 
 
ამერიკა ერთადერთი ადგილია დედამიწის ზურგზე სადაც ეს ბიოგრაფია შეიძლება შემდგარიყო. მაგრამ გეოგრაფია საკმარისი არ არის. კიდევ ერთი განზომილება - დროა. მეცხრამეტე საუკუნის ამერიკა. არსად სხვაგან და არცერთ სხვა დროს ის ამბავი, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, ვერ მოხდებოდა. არადა უბრალოს ერთი კაცის ცხოვრებაა. თითიდან გამოწოვილი, ხელოვნურად შეკოწიწებული, არარეალური - ყველაფერი შეეფერება,  სიმართლე რომ არ იყოს.
 
ამერიკაში სამ ქალაქს ქვია ჰუსტონი, ტეხასის შტატის უდიდეს ქალაქს, ერთი ქალაქი მისისიპის შტატშია, ერთიც მინესოტაში. არსებობს სემ ჰუსტონის ჰაივეი, ნაციონალური პარკი, წყალქვეშა ნავი, ბიბლიოთეკა, უნივერსიეტი, სკოლები და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი რამ. მონუმენტებზე და ქანდაკებებზე ხომ ლაპარაკი აღარ არის.
 
ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, ჯარისკაცი. კაცი, რომელმაც არ ისურვა სამოქალაქო ომში არც ერთ მხარეს მონაწილეობა და ტეხასის გუბერნატორობიდან გადადგა - ხელს ვერ მოვაწერ ტეხასელი ბიჭების სიკვდილზეო.
 
ძალანებურად სულ ქარველი პოლიტიკოსები მახსენდება სინანულით. უახლესი ისტორიის რასაკვირველია, ბოლო ოცწლეულის, თორემ აბა ადრე ცოტნე დადიანიც გვყავდა და დემეტრე თავდადებულიც. მაგრამ ისევ ჰუსტონს მივუბრუნდეთ, მის საოცარ სათავგადასავლო ბიოგრაფიას და მივყვეთ ნაბიჯ ნაბიჯ.
 
დაიბადა 1793 წლის 2 მარტს, ვირჯინიის შტატში. მამა მაიორი სემუელ ჰუსტონი, ამერიკის რევოლუციის მონაწილე, დედა ელისაბედ პაქსტონი. წინაპრები შოტლანდიელ ირლანდიელები. სემი მეხუთე იყო ცხრა შვილს შორის.
 
სემ ჰუსტონი ათი წლის იყო მამა რომ გარდაეცვალა. თექვსმეტისა კი სახლიდან გაიქცა, რადგან უფროსი ძმის მაღაზიაში კლერკობა ვერ იგუა. გაიქცა და დაიწყო თავგადასავლებით სავსე ცხოვრება.
 
ჰუსტონი ინდიელებმა შეიფარეს, ჩეროკის ტომმა. ჰაივასეეს კუნძულზე სადაც ჰაივასეეს მდინარე იწყება, ტენესის შტატში. მაშინ ჩეროკის ტომს დიდი ბელადი ოოლოოტეკა მართავდა, ამერიკელები მას ჯონ ჯოლის ეძახდნენ. ხოდა ეს გემრიელი კაცი, ჯონ ჯოლი, გახდა ჰუსტონის აღმზრდელი მამობილი. რამდენიმე წელი იცხოვრა ჰუსტონმა ინდიელებთან, გაითავისა მათი ადათი, ენა, ბევრი რამ ისწავლა.
 
1812 წელს ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში, სამხედრო ბანაკს შეუერთდა, ჯარისკაცი გახდა და იმავე წლის დეკემბერში ლეიტენანტობა მიიღო. გამწარებით ებრძოდა ბრიტანელებს. 1814 წელს ბრძოლაში დაიჭრა, ჭრილობები გადაიხვია და იქვე დარჩა, ისევ ჩაება შეტაკებაში. კიდევ ორჯერ დაჭრეს და მხოლოდ ამის მერე გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. რამდრნიმე სერიოზული ოპერაციის მერე ძლივს დააყენეს ფეხზე.
 
ჰუსტონი პრეზიდენტ ჯეკსონს დაუახლოვდა და 1817 წელს მისგან თანამდებობაც მიიღო. მაგრამ ჩინოვნიკობა დიდხანს ვერ იგუა. მაშინდელ სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კალჰოუნთან უთანხმოება მოუვიდა. ჰუსტონი მთავრობის შეხვედრებზე ჩეროკების ტანსაცმლით დადიოდა, კალჰოუნის საყვედურები არ მოითმინა და გადადგა.
 
როგორი ხასიათი აქვს ბიჭს?
 
ჰუსტონმა იურისტობა ისწავლა, საატესტაციო გამოცდა ჩააბარა, ადვოკატის სტატუსი მიიღო. ეს კაცი დასაკარგი არა არისო და ნეშვილის დისტრიქტის პროკურორად დანიშნეს, ბარემ სახელმწიფო მილიციის რაზმების მეთაურობაც დაავალეს.
 
1822 წელს ჰუსტონი ამერიკის კონგრესში აირჩიეს, 1824 წელს ხელმეორედ აირჩიეს. 1827 წელს კონგრესის არჩევნებზე უარი თქვა, ტენესის შტატის გუბერნატორობა მოინდომა და ეს არჩევნებიც მოიგო.
 
ამასობაში დაოჯახდა, 19 წლის ელიზა ალენი მოიყვანა ცოლად და თავს ბედნიერ კაცად თვლიდა. ბედნიერება არ შედგა, ახალგაზრდა გოგოს სხვა კაცი ყვარებია. ჰუსტონმა პატარძალი მამას დაუბრუნ. ცნობილია ძალიან საინტერესო წერილი, რომელიც თავის სიმამრს მიწერა, იქ ჩანს როგორ უფრთხილდება ოჯახის სახელს. ჭორების მოსაკეტად კი გააბაზრა, მისის ჰუსტონზე თუ ვინმემ ავი რამე სთქვას, გული გაუპოს დანამაო...
 
თავის სიამაყე კი ვერ მოთოკა, ამ ამბის გამო გუბერნატორობის გაგრძელება აღარ იკადრა და გადადგა.
 
ამ დროს სემ ჰუსტონი 35 წლის არის, რამდენი მოუსწრიაო, იტყვით, მაგრამ ჯერ სადა ხართ, ეხლა იწყება თუ იწყება.
 
ოჯახის დარდიც ნუ გექნებათ, კიდევ ორჯერ მოასწრებს დაქორწინებას და რვა შვილიც ეყოლება. ასე რომ ყველაფერი წესრიგშია.
 
გულის გადასაყოლებლად კი თავი დადადო და ისევ ჩეროკების ტომს დაუბრუნდა, ისევ თქვენთან მირჩევნიაო. მაგრად გამოადგა ტომს, დიდი ამაგი დაიდო, ჩეროკიმაც დაუფასა, პატივისცემა დაიმსახურა, ”ყორანს” ეძახდნენ.
 
1830 და 1832 წელს ორჯერ ჩავიდა ვაშინგტონში ჩეროკის ტომის ინტერესების დასაცავად. უსიამოვნებაშიც გაეხვა. ოჰაიოს კონგრესმენმა უილიამ სტენბერიმ შარი მოსდო და კონგრესში გამოსვლისას შეურამყოფელად მოიხსენია. ჰუსტომა წერილობით მისთხოვა პასუხი, კონგრესმენმა პასუხის ღირსად არ ჩათვალა.
 
ჰოუსტონი პენსილვანია ავენიუზე დაუხვდა კონგრესმენს, იმან იარაღი სცადა, მაგრამ დამბაჩამ უმტყუნა.  სულ ხელჯოხით მიტყიპა კონგრესის წევრი ჰუსტონმა.
 
ხელშეუხებელი დეპუტატის ცემა დანაშაული იყო. ჰუსტონი დაიჭირეს და სასამართლო შედგა. გაამტყუნეს, მაგრამ ციხეში არ ჩასვეს. 500 დოლარის გადახდა დააკისრეს.
 
ჰუსტომა ფული არ გადაიხადა და მექსიკაში გაარიდა თავი. მაშინ ტეხასი მექსიკა იყო. რას მოისვენებდა ახალ ადგილას. იმთავითვე თავით გადაეშვა ტეხასის ამბებში, პოლიტიკაში, გაწანაწიაში. სწორედაც კარგი დრო იყო. ტეხასი დამოუკიდებლობისათვის ემზადებოდა.
 
1835 წელს ტეხასმა გენერალ მაიორობა მისცა. აღმოსავლეთ ტეხასში ჩეროკები ცხოვრობდნენ. ჰუსტონი თითქოს ღმერთმა გამოუგზავნაო, აქაც უქომაგა ჩეროკებს, მოლაპარაკებებს გაუძღვა და ინდიელებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო.
 
1836 წლის 2 მარტს, თავის 43-ე დაბადების დღეზე, უკვე ავტორიტეტულმა გენერალმა ჰუსტონმა ტეხასის დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი კრების სხვა წევრებთან ერთად.
 
მექსიკა გაშმაგებით ებრძოდა სეპარატისტებს. პრეზიდენტი, გენერალი სანტა ანა მოიწევდა თავისი სადამსჯელო არმიით და ქვას ქვაზე არ ტოვებდა. სამაგალითოთ სჯიდა ყველას, ვინც კი გზაზე დაუხვდა. დაფეთებული მოსახლეობა გარბოდა. ალამოსთან შეფერხდა სანტა ანა. ორას კაციანი გარნიზონი თერთმეტი დღე უმკლავდებოდა მრავალათასიან არმიას. ალამოც მიწასთან გაასწორა. ტეხასის ყოფნა არყოფნის საკითხი იდგა.
 
გენერალი ჰუსტონი უკან იხევდა და ჯარს აგროვებდა. მოხალისეებს კრიბავდა.
 
სან ჰასინტოსთან დაეჯახა სანტა ანას. მექსიკის პრეზიდენტი ეტყობა მოდუნდა, თავის იძლეველობა ირწმუნა და... მექსიკის რეგულარულმა არმიამ გამწარებული ტეხასელების ელვისებურ შეტევას ვერ გაუძლეს და გაიქცნენ. სანტა ანა დაატყვევეს და კიდევ ერთხელ დაჭრილ სემ ჰუსტონს მიგვარეს. სულ ცემა ცემით მოაწერინეს ხელი ტეხასის დამოუკიდებლობის აღიარებას.
 
1836 წელს ძმებმა ალენებმა წამოიწყეს ქალაქის მშენებლობა, რომელსაც ჰუსტონი დაარქვეს.
 
1836 წელს სემ ჰუსტონი აირჩიეს დამოუკიდებელი ტეხასის პრეზიდენტად 2 წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღარ უცდია ხელმეორედ გაპრეზიდენტება. სამაგიეროდ ტეხასის მასონების დიდი ლოჟა ჩამოყალიბდა და ამ ლოჟის ლიდერი სემ ჰუსტონი იყო.
 
1841 წელს ხელახლა გავიდა ტეხასი პრეზიდენტის არჩევნებზე და ისევ იმარჯვა. 1844 წლამდე იპრეზიდენტა. სხვას გადაულოცა.
 
1845 წელს დამთავრდა ტეხასის დამოუკიდებლობა. ორი მხრივ წნეხში მოყოლილებმა, ვეღარ გაუძლეს და ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაერთიანება გადაწყვიტე. ამ წელს მოხდა ტეხასის ანექსია და დამოუკიდებელი ქვეყანა შტატად გადაიქცა.
 
1845 წელს ჰუსტონი ამერიკის სენატის წევრი გახდა. ამ დრიდან მოყოლებელი დაუოკებელი მეომარი სულ კომპრომისის, მშვიდობის დამყარების და მხარეების დაშოშმინების ცდაშია. ”.. გვეყო სისხლით მორწყული მინდვრები, სულ ბრძოლა, ბრძოლა...”
 
1849 წელს სემ ჰუსტონმა კიდევ ერთხელ მოიგო გუბერნატორის არჩევნები. ამჯერად ტეხასი შტატის გუბერნატორი გახდა. ამერიკის ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მოასწრო ორი  შტატის გუბერნატორობა, ტენესისა და ტეხასისა. დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტობაზე აღარაფერს ვამბობ.
 
ახლოვდებოდა სამოქალაქო ომი. ჩრდილოეთი და სამხრეთი ერთმანეთს დაუპირისპირდა. შეიქმნა კონფედერაცია. რაც კი რამ შეეძლო, სემ ჰუსტონი დაუპირისპირდა სამოქალაქო ომს. თავის გამოსვლებში იწინასწარმეტყველა ყველა ის უბედურება რომელიც მოხდებოდა. არ მოაწერა ხელი არც ერთ დოკუმენტს, რომელიც მხარეთა გახლეჩას იწვევდა.
 
ცნობილია მისი სპიჩები, როგორ მოუწოდებდა ხალსხ გონს მოსულიყვნენ. აგორებულ ზვავს ვეღარ გაუმკლავდა და 1861 წელს გადადგა.
 
1863 წელს, სემ ჰუსტონი პნევმონიით გარდაიცვალა. თურმე ბოლომდე ლოცულობდა ტეხასისათვის.
 
ჰანთსვილლში, სემ ჰუსტონის საფლავზე სწერია:
 
-         მამაცი მეომარი, უშიშარი მოღვაწე
-         დიდი ორატორი, პატრიოტი
-         ერთგული მეგობარი, მოქალაქე
-         მეუღლე და მამა
-         ჭეშმარიტი ქრისტიანი, პატიოსანი კაცი
 
ესეც ტეხასელი იყო, ანუ ქართველი.
 
თორნიკე ბერიშვილი
9 ივნისი 2011 წელი

აფროქართველის 17 (45) - ტეხასი - 3, გუბერნატორი

ტეხასი 3
(აფროქართველის ამერიკა)
გუბერნატორი
უცნაური სიტყვაა - გუბერნატორი. ჩემი თაობისათვის, მხოლოდ ჩემთვის მაინც, სუბიექტური. ასაკთან და დროებასთან ერთად ცვალებადი, სხვადასხვა აზრის და ელფერის მატარებელი.
თავიდან, ბავშვობაში, რაღაც უცხო, არარელურ ისტორიულ თუ ლიტერატურულ სამყაროს უკავშირდებოდა. რუსეთისა თუ ინგლისის იმპერიების ნიშანი იყო. ინდოეთის გუბერნატორი, კავკასისიის გუბერნატორი, ვარანცოვ დაშკოვი, ანდაც სულაც მეკობრეებთან გადახლართულ - ჩასაქმებული იამაიკის გუბერნატორი. მოკლედ რომ გითხრათ ყოველდღიურ, რეალურ ცხოვრებასთან არანაირი კავშირი ამ სიტყვას არა ჰქონდა.
მერე საბჭოთა კავშირი დაინგრა და რუსეთში აღდგა გუბერნიები. აგერ მოსკოვის ოლქის გუბერნატორი დღესაც გენერალი გრომოვია. მაგრამ რაღა შორს მივდივართ, საქართველოშიც გამოგვეჩეკენ გუბერნატორები. იმას როგორ ვიფიქრებდი, რომ ჩემი კარგი ნაცნობები და ზოგიც მეგობარი გუბერნატორი გახდებოდა. რაჭა ლეჩხუმისაო, ქვემო ქართლისაო, სამცხისაო, მცხეთა თიანეთისაო. ჰოი საოცრებავ! თუმცა ჩვენი გუბერნატორები ისე არიან, მოფერებით, სინამდვილეში ხომ პრეზიდენტის რწმუნებულები ერქვათ? ხოდა პრეზიდენტის სათამაშო თოჯინებიც იყვნენ...
აი, ამერიკაში კი, შტატის გუბერნატორი კი, მართლაც გუბერნატორია. რეალური მმართველი, არჩეული. მხოლოდ თავის ამომრჩეველთან ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი. მხოლოდ თავისი ვალდებულება, კანონი და კონსტიტუცია არის მისთვის უზენაესი, და ეს მართლაც ესეა. ვერანაირი პრეზიდენტი, გაერო თუ სენატი ვერაფერს ვერ გააკეთებინებს.
ტეხასის გუბერნატორები კი ამ სიაშიც გამორჩეული ელფერის მატარებლები არიან.
1946 წლიდან, როდესაც დამოუკიდებელმა ტეხასმა, მექსიკასთან ომით გაწამებულმა, სხვა გამოსავალი ვეღარ ნახა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდა, დღემდე 47 გუბერნატორი ყავდა.
პირველი ჯეიმს პინკნეი ჰენდერსონი იყო, დღეს კი 47-ე გუბერნატორი ჯეიმს რიჩარდ პერია, ანუ რიკ პერი.
ტეხასის გუბერნატორი, ისევე როგორც სხვა შტატებისა, რეალურად მართავს შტატს. შტატის გვარდიის სარდალია, აქვს ვეტოს უფლება, შეწყალების უფლება. ისიც გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა შტატებს სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული კანონმდებლობა აქვთ, სხვადასხვა საგადასახადო და ეკონომიკურ პოლიტიკას მისდევენ. ასე რომ, ხშირ შემთხვევაში, ბევრ თავისუფალ ქვეყანაზე უფრო დამოუკიდებლად ცხოვრობს შტატი. ტეხასის გუბერნატორის რეალურ ძალაუფლებას და შესაძლებლობებს კი, ალბათ ძალიან ბევრი ქვეყნის პრეზიდენტი ნატრობს.
თითქმის ყველა შტატში გუბერნატორს ოთხი წლით ირჩევენ, ნიუ ჰემპშირის და ვერმონტის გარდა, სადაც ორ-ორ წლიანი ვადაა.
მაგრამ ჩვენ ჯერ ტეხასში ვართ და აქაური გუბერნატორი რიკ პერია. საინტერესოა, რა კაცი მართავს ტეხასს?
ამაზე მეტი ამერიკელი აღარ ვარგაო, პერიზე თუ იტყვიან.
მეხუთე თაობის ტეხასელი, შუაგულ ტეხასში, პეინტ გრიკში, რანჩოზე დაბადებულა. ბავშვობაში სკაუტი ყოფილა, თანაც მაგარი. სკაუტებში თურმე ელიტური სკაუტები არსებობენ, ვინც ძალიან ყოჩაღია, ის თუ მიაღწევს. პერისაც უყოჩაღია და არწივ-სკაუტის წოდება მიუღია.
1972 წელს უნივერსიტეტი დაამთავრა, მერე სამხედრო სამსახურში წავიდა, სამხედრო მფრინავი გახდა, C-130 უშველებელი ტაქტიკური თვითფრინავის ტარება ისწავლა, 1977 წლამდე იმსახურა და კაპიტანის რანგში მამამისის ბამბის პლანტაციებს დაუბრუნდა. 1982 წელს დაოჯახდა, ორი შვილი შეეძინა.
რიკ პერი ტეხასის ”გიჟია”, ”ფანია”. ამ ქვეყანას ჩემნაირმა ხალხმა უნდა მიხედოსო, გადაწყვიტა და პოლიტიკას მიჰყვა. ხომ არის სამაგალითო ამერიკული ბიოგრაფია? სულ ჩვენს პოლიტიკოსებსა ჰგავს?
ეხლა აქეთ ვნახოთ. რიკ პერი ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდხანს არის გუბერნატორის პოსტზე. 2000 წლიდან გუბერნატორია.
1995 წლიდან ტეხასის გუბერნატორი, ჩვენი კარგი ნაცნობი, ჯორჯ ბუშია, 1998 წელს, როდესაც მეორე ვადით გახდა გუბერნატორი, რიკ პერი მისი ვიცე გუბერნატორი ან როგორც აქ ამბობენ გუბერნატორ ლეიტენანტი იყო.
2000 წელს ჯორჯ ბუშმა უკვე საერთო ამრიკული არჩევნები მოიგო და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა, ცხადია ტეხასის გუბერნატორობიდან გადადგა. გუბერნატორ ლეიტენანტი რიკ პერი შეუდგა მოვალეობის შესრულებას.
მას შემდეგ კი ზედიზედ სამჯერ მოიგო პერიმ ტეხასის საგუბერნატორო არჩევნები, 2002-ში, 2006-ში და 2010-ში. უნდა გითხრათ, რომ ეს მართლა სერიოზული პოლოტიკური ბატალიებია და ყოველ ჯერზე დაძაბული კამპანიები მიდის. მაგრად იბრძვიან დემოკრატები შტატის დასაბრუნებლად, მაგრამ რიკ პერიც მაგრად დგას.
ბოლო არჩევნებში მძიმე არტილერია ამუშავდა და უაღრესად პოპულარული პრეზიდენტი ობამას ავტორიტეტი სტრატეგიული ავიაციასავით ეხმარებოდა დემოკრატების კანდიდატურას. მაგრამ ამასაც გაუძლო რიკ პერიმ.
ტეხასელობით ძალიან ამაყობს ჩვენი გუბერნატორი, ხანდახან ზედმეტადაც.
2006 წლის არჩევნების შემდეგ, ინაგურაციის ცერემონიალზე თავისი მეგობარი, როკ მუსიკოსი ტედ ნაგენტი დაპატიჟა. ის კი კონფედერატების დროშაში გახვეული გამოცხადდა და როცა უსაყვედურეს, ეს ჩვენი კულტურის ნაწილიაო გამოაცხადა.
როგორც ნამდვილი რესპუბლიკელი, ფედერალური მთავრობის გაძლიერებას ბოლომდე ებრძვის და შტატისთვის მეტ თავისუფლებას ითხოვს.
ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ მეტი რეგულირების შემოღება სცადა, გუბერნატორი პერი არ შეეპუა, ფედერალურ დახმარებაზე უარი თქვა, ჩვენს თავისუფლებას ყიდულობენო, და კონსტიტუციის მეათე დამატება გაიხსენა, თუ არ მოგვეშვებიან ჩვენ ჩვენს თავს თვითონვე მივხედავთო.
”ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო” - რით არ არის მოხევური ფილოსოფია, ბოდიში, ტეხასური.
რეალურად კი გუბერნატორს არასოდეს წამოუწევია ტეხასის ამერიკისაკენ გამოყოფის თემა. როცა თავი მოაბეზრეს, ახსნა, მე ამერიკის პატრიოტი ვარ, ნამდვილი ტეხასელი, უბრალოდ ფედერალურ მთავრობას ხანდახან შეხსენება უნდა, რომ ეს ამერიკაა და არა რომელიმე სოციალისტური ევროპა, რაც ნაკლები იქნება მთავრობა, მით უკეთესია ხალხისა და ქვეყნისათვის. გამგებმა გაიგოსო.
გუბერნატორი რიკ პერი ქრისტიანია, სიკვდილით დასჯას არ აუქმებს თავის შტატში, აბორტებს არ აფინანსებს, ერთი სქესის ქორწინებას არ სცნობს და გლობალური დათბობისა არა სჯერა. მეტი რა ქნას? ერთმა ებრაელმა კომიკოსმა ასე იხუმრა: ”ეს ტალიბი ხომ არ არისო?”. ტალიბი არა ბატონო, ტეხასელია! მაშასადამე ქართველია! ეს იმათ საყურადღებოდ ვისაც ამერიკა, რატომღაც, ცოტა სხვა რამ ჰგონია.
რიკ პერი მთელს მსოფლიოში ამტკიცებს, თანაც წარმატებით, რომ ტეხასში საუკეთესო საინვესტიციო გარემოა და მართლაც თუ ვინმე ყოჩაღად დახვდა ეკონომიკურ კრიზისს, ტეხასი დახვდა. ეხლაც პირველთა რიგებშია ეკონომიკის ზრდით, სამუშაო ადგილების შენარჩუნებით. სხვა შტატებიდან ათასობით ადამიანი გადადის ტეხასში, სამუშაოსა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების გამო. ამას ნამდვილათ ვერავინ დაუკარგავს გუბერნატორს. ეს ყველაფერი ამ ათწლეულში ცოტა მისი ბრალიც ხომ არის?
წინა საპრეზიდენტო პრაიმერიში რუდი ჯულიანის მეგობარი იყო.
ეხლა კი დიდი ამბები ახლოვდება ამერიკაში. საპრეზიდენრტო არჩევნები მოდის. ნელ ნელა ხურდება ხალხი. ტეხასმა ხომ უნდა თქვას თავისი სათქმელი. რიკ პერი რეალურად რესპუბლიკელების ერთ ერთი ლიდერია. რესპუბლიკელ გუბერნატორთა ასამბლეის თავმჯდომარეა.
,
წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა ლაპარაკი რიკ პერის გაპრეზიდენტებაზე, ყოველ ჯერზე მეთოდურად უარს ამბობს ტეხასის გუბერნატორი და თავიდან იცილებს ამ მისიას. ეხლა, როცა რესპუბლეკელებს უჭირთ, რეალურ კანდიდატურას ეძებენ, ისევ დაიწყო ეს საუბრები. იქმნება ჯგუფები, რომლებიც ითხოვენ, რომ რიკ პერი დააყენონ პრეზიდენტობის კანდიდატად.
დელეგაციები მიდის ტეხასის დედაქალაქში, ოსტინში, გუბერნატორის სასახლეში. რიკ პერის ყოჩობას სთხოვენ, გაგვიძეხ და მოგყვებითო.
ტეხასის გუბერნატორებიდან ჯერ ჯერობით მხოლოდ ორი იყო პრეზიდენტი.
ერთი ადრე, მეცხრამეტე საუკუნეში, სემ ჰუსტონი. თანაც საინტერესოა რომ ჰუსტონი დამოუკიდებელი ტეხასის პრეზიდენტი იყო. მას მერე რაც ტეხასი ამერიკის ნაწილი გახდა. ჰუსტონი აღარ იყო სათავეში. ტეხასმა ექვსი გუბერნატორი გამოიცვალა და მეშვიდედ ისევ სემ ჰუსტონს დაუძახეს, გაგვიძეხიო, ბებერი ხარის რქაცა ხნავსო. ამჯერად გუბერნატორად. მაშინ გუბერნატორობა ორწლიანი ყოფილა.
მეორე კი სულ ახლახან, ჯორჯ ბუში. ტეხასის გუბერნატორის სავარძლიდან მოიგო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობა. აკი გითხარით, შტატის გუბერნატორად რიკ პერი დატოვა.
2011 წლის 2 მაისს ტეხასის საკანონმდებლო სეზონი დაიხურა. რეპორტიორები ჩააცივდნენ გუბერნატორს
- არ ფიქრობთ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ნომინაციაზე?
- ვიფიქრებ. ისე მე ბევრ სხვადასხვა საქმეებზე მიწევს ფიქრი.
მარტო ტეხასში კი არა, აგერ ვინმე დენ ლოგმა კალიფორნიაში წამოიწყო ინტერნეტ საიტი - ”რიკ პერი ამერიკის პრეზიდენტად!”
მერე ტეხასს რა ეშველება?

თორნიკე ბერიშვილი
2 ივნისი 2011 წელი

აფროქართველის 16 (44) - ტეხასი - 2, 610

ტეხასი - 2
(აფროქართველის ამერიკა)
610
 
ვინც კი ჰუსტონში ცოტა ხანს მაინც გაჩერებულა, იმან იცის რას ნიშნავს 610, ჯადოსნური ციფრი.
 
უზარმაზარი ქალაქია ჰუსტონი, ტეხასის უდიდესი ქალაქი. მოსახლეობით ნიუ იორკის და ლონდონის მაგვარ მეგაპოლისებს ვერ შეედრება, მხოლოდ 4 მილიონია, ერთი საქართველოს ხელა. ტერიტორიით და ფართობით კი მართლაც უნიკალურია. გაშლილი, ფართო ქალაქი, სადაც ყველა სულიერს თუ მანქანას იმდენი სივრცე აქვს მოზომილი, რომ ყველა თავისუფლად სუნთქავს. არავითარი ჭეჭყვა, არავითარი ”პარკინგის”პრობლემები.
 
დაუნთაუნის და რამოდენიმე საქმიანი ცენტრის გარდა ლამის მთელი ქალაქი მწვანეში ჩაძირული ერთ მაქსიმუმ ორსართულიანი შენობებია. სახლებიც მიჯრით არა დგას, ყველა თავმოყვარე სახლს ხომ გარშემო სივრცე სჭირდება. და აბა წარმოიდგინეთ ამდენი მილიონი მოსახლე, ასე თითო სართულზე, რა ფართობზე გაიშლება! ჰუსტონს კი არ ედარდება, ადგილის და სივრცის პრობლემა არა აქვს და მიდის და მიდის განში.
 
ამიტომაც დასცინიან სხვადასხვა ”გასვეტებული ურბან-ქალაქები” და დიდ სოფელს ეძახიან. არც ეს ედარდება ჰუსტონს, ერთი შეხედვით სამხრეთულად აუჩქარებლად ირჯება და ზანტად, მაგრამ შეუჩერებლად მიიწევს წინ.
 
ერთი კია, ისეთი მანძილებია, რომ უბრალოდ პური და წყალი რომ გქონდეს საყიდელი, ფეხით ვერსად ვერ მიხვალ, უბრალოდ ვერ მიაღწევ. მხოლოდ მანქანა, მანქანას კი გზები სჭირდება.
 
ჰუსტონში უნიკალური შარა გზების - ”ჰაივეების” სისტემაა. დანარჩენი ამერიკაც არ არის ამ მხრივ ნაკლები, მაგრამ ჰუსტონში.... თანაც უცნაური კონტრასტია ხოლმე, როდესაც ზანტი და აუჩქარებელი ქუჩებიდან ”ჰაივეიზე” ავარდები, თითქოს სიზმრიდან პირდაპირ ველურ რალიზე ხვდები... აქ კი იცოცხლე, უნდო ჩაეჭიდო საჭეს.
 
” ჰაივეი 10” ახალი ორლეანიდან ჰუსტონის გავლით სან ანტონიოში მიდის, ეს კი ათასამდე კილომეტრია. მას კვეთავს 45-ე - მექსიკის ყურიდან, გალვერსტონიდან, დალასამდე. 59 - ე სამხრეთ დასავლეთიდან ჩრდილო აღმოსავლეთისკენ. 288 - ე, 90 - ე,  და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი უფრო მცირე და ლოკალური გზა. ეს ყველაფერი ჰუსტონის ცენტრში იკვეთება, ყველას ერთად კი ჰუსტონის პირველი რკალი - 610 - კრავს. ეს არის ქალაქის პირველ საზღვარი. ასე ამბობენ ”ინნერ ლუპ”, ანუ 610-ის შიდა ქალაქი და ”აუტერ ლუპ”, 610 -ს გარე ქალაქი, ან პატარ-პატარა ქალაქი სატელიტები ანუ ”გრეიტერ ჰუსტონ”, ასე ამბობენ.
 
როდესაც გზების სისტემას და პრინციპს მიეჩვევი, მიხვდები, რომ ისე რაციონალურად არის ორგანიზებული, ისეა განლაგებული, ამ უშველებელი ქალაქის ლამის ნებისმიერი ადგილიდან სასურველ მისამართამდე 15 წუთზე მეტი არ გჭირდება. ოღონდ ამას უკვე ჩვევა და თქვენ წარმოიდგინეთ ფსიქოლოგიური მზაობაც უნდა. უნდა შეგეძლოს ”ტემპო-რიტმის” უმოწყალო ცვლა, ქალაქ-სოფელ ჰუსტონის შიდა ქუჩების სამხრეთული ზანტი მოძრაობიდან უეცრად ”ჰაივეის” რალიში შევარდნა, სუნთქვის შეკვრა, კილომეტრების ერთეულ წუთებში ”შეჭმა” და რაც მთავრია საჭირო ”ექსიდ-ში” დროზე ჩამოქანება, უმალ ამოსუნთქვა და ისევ გაზანტება.
 
ამას რომ მიაღწიო, გამოცდილება უნდა დააგროვო და ჩვევებად აქციო. ამას ჩემნაირი ”აფროქართველისთვის” ვამბობ, თორემ აქ გაზრდილ დაბადებულებს ეს ყველაფერი თანშეზრდილი და ბუნებრივად თანდაყოლილი აქვთ. კარგი მუსიკოსივით, მოძრაობაში, ნოტებივით უნდა იკითხო ჰაივეის წარწერები და მინიშნებები, იქვე აქციო მოტორის ღმუილის, გაზ-მუხრუჭის და ჩქაროსნული ვირაჟების მელოდიად.
 
აკი გითხარით, 610 რკალად აკრავს ქალაქს. გზების რუქას რომ დახედოთ, ობობას ქსელის პირველი შემკვრელი რკალია, მის შიგნით კი ჰუსტონია. მთელი რკალი 61 კილომეტრია, მართლაც ”ჰაივეი”, ოჩოფეხებზე შემდგარი ”მაღალი გზა”, ცალი მიმართულებით ექვსრიგა, 56 ჩასასვლელ ამოსასვლელით, ”ექსიდით”, ნომერ 1 დან დაწყებული და ვიდრე 38ბ-მდე.
 
წამომყევით 610-ზე, ერთად დავრტყათ ერთი წრე, გადავხედოთ ჰუსტონს, პირველ ჯერზე შეიძლება ბევრი ვერაფერი შევნიშნოთ, სიჩქარეში, მიუჩვეველზე, ბევრიც გამოგვრჩება, მაგრამ წარმოდგენას მაინც შევიქმნით.
 
წამო, წავიდეთ. საათის მიმართულებით შევეჭიდოთ რკალს.
 
ჩემი სტარტი, როგორც წესი სამხრეთ ჰუსტონიდან იწყება, ოლდ სპენიშიდან ალმედას ქუჩაზე, 610-ის შეერთებასთან. ექსიდი ნომერი 1. დამიჯერეთ, სპეციალურად არ ამირჩევია, ღმერთია მოწმე, მართლაც ესე დაემთხვა.
 
რეპორტაჟი ტრასიდან.
.... ალმედას ქუჩით ზანტად ვუახლოვდებით 610-ს. აი გამოჩნდა ესტაკადა, სიწყნარეა, არაფერი არ მოასწავებს ჩვეული რიტმის დარღვევას. მოსახვევი მარჯვნივ და იწყება შეერთება - ”მერჯი”. ჰაივეის მიუყვებით პარალელურად და უნდა შევუერთდეთ. აქ კი უკვე ცუდს გიგრძნობს გული, ტემპი ნელ ნელა მატულობს, დაწყნარებული მანქანებიც ნელ-ნელა ნერვიული პერსონაჟები ხდებიან. ბოლო მეტრები, სარკე, თავის ტრიალი, გაზი და უნდა ერთბაშად შევარდე გაქანებულ ექვსხაზიან ნაკადში. ხაზიდან ხაზში გადასვლა, ერთი, მეორე. სასიცოცხლო ადგილის მოპოვება, ტემპის მორგება, წნევის და პულსის დარეგულირება და ოდნავ დამშვიდება...
 
ერთი ორი ცდის და ვარჯიშის შემდეგ უკვე შეიძლება თავი მიატრიალ მოატრიალო და რალიში მონაწილეობასთან ერთად ქალაქსაც შეხედო, ისე ეს ისევ სჯობს მგზავრმა აკეთოს, ანუ თქვენ. მძღოლმა კი, წინ იყუროს და ყურადღებით იყოს, ის ურჩევნია.
 
მაშ ასე, გაიხედეთ მარჯვნივ...
 
პირველი, რაც თვალს მოგვტაცებს ”რელაიანტ სტადიონია” - უშველებელი სპორტული კომპლექსი. ამას კი ინდა მიეჩვიოთ. ჰუსტონში რამეს თუ აშენებენ, საშვილიშვილოდ აშენებენ. უშველებელს, არანორმალური ზომებისა და მაშტაბების. ამ კომპლექსის ტერიტორიაზე იმართება ხოლმე, ბეისბოლის, კალათბურთის, ფეხბურთის და რისიც გინდათ მატჩები ასი ათასობით გულშემატკივრების დასწრებით. აქვე არის ყოველწლიური ფესტივალები.
 
მაგალითად ტრადიციული, ყოველწლიური, მრავალდღიანი როდეო. მთელი ქვეყნიდან გროვდებიან კოვბოები და მათი გულშემატკივრები. მოჰყავთ საკონკურსე ძროხები და ნარჩევი ხარები. შეჯიბრებები, ლასოს ტრიალი, ყველაზე ლამაზი ძროხა, ყველაზე მაგარი სტეიკი, ”კანტრი” სიმღერები, სიცილი, კარგი ხასიათი...
 
წელიწადში ერთხელ საიუველირო ფესტივალია, პავილიონები დახლებით ივსება, იყიდება ბილეთები და ... სამაჯურები, საყურეები, ყელსაბამები... ინდიელები, კლასიკური, ძვირფასეულობა... თვალისმომჭრელი ფერები, ბრჭყვიალი და ზიზილ-პიპილო. მოკლედ ქალების და მათნაირების სამოთხეა.
 
ძაღლების გამოფენები, საბავშვი შეჯიბრებები და ვით მოსთვლის კიდევ რამდენი რამ.
 
რასაკვირველია 610 ზე რომ მიქრიხარ, ამას ყველაფერს ვერც დაინახავ და ვერც გაიგებ, წამებში ჩაუწუილებ უზარმაზარ კომპლექსს და წინ მიდიხარ. მაგრამ როცა ჩემისთანა მეგზური გყავს, აბა რას იზამ?
 
გაიხედეთ მარჯვნივ... ცოტა სიღრმეში ცათამბჯენები გამოჩნდება, სანტ ლუკ ჰოსპიტალის ორი გამორჩეული კოშკით. ეს მთელი ცალკე ქალაქია. ჰუსტონის სამედიცინი ცენტრი. ერთ ადგილას კონცენტრირებული უამრავი საავადმყოფო, უნიკალური აპარატურა, არაჩვეულებრივი აპარატურა, ერთ ადგილას შეკრებილი საექიმო გენია. ებრძვიან და ხშირად ამარცხებენ უამრავ სენს და სატკივარს. საავადმყოფოები ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს ჰგავს, ქვედა სართულებზე რესტორნებით, ფოიეში როიალებით, ჩამოსულებისთვის სასტუმრო ნომრებით. ღმერთმა დაგიფაროთ და ცოტა რამის წამოტკივებას ინატრებთ. არა, ისე, მსუბუქად. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან პაციენტები, ასევე მთელი მსოფლიოდანაა საუკეთესო ექიმების ნაკრები. სნეულად არა, მაგრამ, ექსკურსიაზე მისვლა კი ნამდვილად ღირს.
 
აქამდე დასავლეთით მივქროდით, იწყება დიდი ვირაჟი. 610 ჩრდილოეთისკენ იწყებს ასვლას. ტემპი არა კლებულობს, ყურადღება არ მოადუნოთ.
 
გაიხედეთ მარცხნივ. დიდი არაფერი, უბრალოდ უზარმაზარი ”პლაზა”, მეიერ პლაზა. ერთ დიდ მოედანზე შეკრებილი გიგანტური მაღაზიები, თითოეული თბილისის ”უნივერმაგის” ხელა. ”როსი”, ”მარშალი”, ”ბედ ენდ ბას”, და სხვა და სხვა. ”მეშოპინგეების” სამოთხე. ტიპიური პლაზაა, ესეთი რამდენია ”გრეითერ ჰუსტონში” ვინ მოსთვლის.
 
ჩავიარეთ. გაიხედეთ მარცხნივ. ეგრეთ წოდებული ”გალერეა”. ესეც ”შოპინგ ცენტრია”, ოღონდ ეს მართლა უნიკალურია. ერთ ადგილას შეკრებილი მაღაზიების ქალაქი. თავისი რესტორნებით, სასტუმროთი. ჭერქვეშ აშენებული ქუჩები, ბავშვების გასართობი ადგილები. სერიოზული საციგურაო მოედანი, ოლიმპიური ზომის. ყოველდღე ასეულობით ბავშვი და დიდი სრიალებს. ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანი გადი გამოდის გალერეაში. ეს უნიკალური შუშაბანდი მართლაც დიდი ინდუსტრიაა.
 
გზადაგზა გავდივართ საცხოვრებელ რაიონებს, მდიდრების უბანს, უფრო მდიდრების უბანს, უსაზღვროდ მდიდრების უბანს... გზიდან მხოლოდ მწვანეში ჩაფლული ძვირფასი სახურავები ჩანს.
 
გავიარეთ ჰაივეი 10 თან შეერთება, რომ გავყვეთ სან ანტონიოსკენ წავალთ. ჰაივეების გადაკვეთები ცალკე აღსაწერი და მოსაყოლი თემაა. მრავალიარუსიანი და მრავალსართულიანი გზების გადახლართვები. საოცარი ინჟინრული გადაწყვეტები, ზედმიწევნით გააზრებული და ორგანიზებული მიმართულებები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ინჟინერია ხელოვნებაში გადადის.
 
610 ნელ-ნელა, მოძრაობის სიჩქარეს არა ვგულისხმობ, ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთი მიმართულებისკენ გადადის. ეს ჩრდილოეთი ჰუსტონია, უფრო ინდუსტრიული. საწარმოები, საწყობები.
აქეთ არის ბუშის საკონტინენტთაშორისო უზარმაზარი აეროპორტის მიმართულება, აქეთ მიდის 45-ე დალასისკენ და 59-ე ჩრდილო აღმოსავლეთი ამერიკისკენ.
 
აღმოსავლეთის მხარეს, ანუ როცა 610 სამხრეთისკენ იღებს გეზს, ჰუსტონის პორტია. ერთ-ერთი უდიდესი პორტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფაქტიურად ძირითადი ბაზა იყო ამერიკის საზღვაო ფლოტის მომარაგებისათვის. მაშტაბების გასიგრძეგანება თქვენთვის მომინდია.
 
სამხრეთიდან ისევ აღმოსავლეთისკენ მოსახვევში, ჰუსტონის სიამაყის ”ნასა”-სკენ და კოსმოსური ცენტრისკენ მიმავალი გზა არის. არ გეგონოთ დამალული და გასაიდუმლებული ზონები იყოს. ყველაფერი ღია და ხელმისაწვდომია. ათასობით ტურისტი და ცნობისმოყვარე დადის ყოველდღე.
 
აქვე გალვერსტონისაკენ, პატარა, ისტორიული და ძალიან საინტერესო ოკეანისპირა ქალაქისაკენ. კარგი თევზი თუ გიყვართ სადილად, სწორი გეზია.
 
კიდევ ერთი აეროპორტისკენ, ”პატარა” ჰობისკენ, ყველაფერი შედარებითია, მიმავალი გზა.
 
610 ისევ დასავლეთისკენ მიტრიალდა და ლამისაა წრეს შევკრავთ, ნომერ 1 ”ექსიდს”, ალმედა როუდს მივადგებით.
 
ერთიც უნდა ვთქვათ, ამ უცნაური რკალის მოვლისას, ყველა წერტილიდან სჩანს ”დაუნთაუნი”, იქ კი ჰუსტონის ბიზნეს ცენტრია. ცათამბჯენებით, უნიკალური მიწისქვეშა ქალაქით, ”კონვენშიონ სენტრ”, სადაც ერთი დღე არ არის უქმად. მრავალათასიანი საკონცერტო დარბაზი, ”ტოიოტა სენტრ”.
 
ცალკე სახსენებელია ”ჰუსტონ სიმფონი” და ჰუსტონის ბალეტი. სეზონის ანონსი რომ ვნახე თვალებს არ დავუჯერე. რა გინდა, ჰუსტონს ბევრი ფული აქვს და მთელი წელი ვარსკვლავთცვენაა. კლასიკური მუსიკა, სიმფონია, ბალეტი, საოპერო დადგმები.
 
ოფისები, ოფისები, ოფისები. მუზეუმები, გასართობი ცენტრები და სხვა და სხვა...
 
აგერ ალმედაც. ეს ერთი წრე იყო, ზედაპირული, ჩქარი და თავბრუდამხვევი. იმდენი რამ გამომრჩა, ვერც წარმოიდგენთ. რაც ვახსენე, იმათზე კი კიდევ უამრავია მოსაყოლი. და რამდენი საინტერესო დეტალია?
 
ესეც თქვენი ”სოფელ-ჰუსტონი”
 
ეხლა კი ყურადღება მოვიკრიფოდ, ”ექსიდში” გავიდეთ, ჩვეულებრივ ქუჩაზე გავუხვიოთ, პულსი და ნერვები დავიწყნაროდ და ამ გიჟური რბოლიდან შიდა ქალაქურ, სამხრეთულად ზანტ ტემპს დავუბრუნდეთ. ერთ ჯერზე საკმარისია, დანარჩენი მერე იყოს.

თორნიკე ბერიშვილი
25 მაისი 2011 წელი