Thursday, November 3, 2011

აფროქართველის 4 (51) - მთამსვლელი

მთამსვლელი

ამ ცოტა ხნის წინ ფეისბუკში, როგორც ეხლა ამბობენ ”დამთაგეს” და ჩემს ”ვოლზე” გამოჩნდა პატარა კინოფირი. 1983 წელს სამოყვარულო კამერით გადაღებული, დაღესტანში, იარიდაგის კლდოვანი მასივის დასალაშქრად წასული ქართველი მთასვლელების ექსპედიცის კადრები.
ლამის სამი ათეული წლის წინანდელ ფირში მეც ვარ. ამეშალა მეხსიერება, სიღრმისეული კუნჭულებიდან წამოიღო და წამოიღო მივიწყებული სახელები,...
მაშინდელი ექსპედიციის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი ირაკლი გელდიაშვილი იყო. გაცრეცილ კადრებზეც გამოარჩევ, რომ გახუნებულ ცისფერ სვიტრში, ნაქსოვი ქუდით, ენერგიული, გაუპარსავი კაცი - ლიდერია.
სივრცისა და დროის გამაერთიანებელ, განზომილებებს შორის საზღვრების წამშლელ უებარ საშუალებას, ინტერნეტს მივმართე და დავგუგლე ”ირაკლი გელდიაშვილი”...
ერთადერთი რაც ამოაგდო, მის სახელზე მეკლდეურობის ფესტივალი ჩატარებულა. მეტი თითქმის არაფერი, მეწყინა, არ მინდოდა შეგუება და კიდევ და კიდევ სხვადასხვა ვარიანტებს ვცდიდი, უშედეგოდ.
იარიდაგის ექსპედიციიდან ერთი წლის თავზე, 1984 წლის ზამთარში, საქართველოს ალპინიზმში ვინც კი იმ დროს საუკეთესო ოყო, სვანეთში შეიკრიბნენ. ეს ის ჯგუფი იყო, გივი ქართვლიშვილის ექსპედიცია რომ ერქვა. უნიკალური ასვლა დაგეგმეს, უშბა უნდა დაელაშქრათ ზამთარში, ”გაბრიელის მარშრუტით”. ეს თავისთავად ღირშესანიშნავი ეტაპი იქნებოდა და თანაც მზადება იყო მომავალი სეზონისათვის. გივი ქართველიშვილის ექსპედიცია, სწორედ იმით იყო ცნობილი, რომ წლიდან წლამდე სპორტულ თამასას სულ უფრო მაღლა და მაღლა სწევდა. როგორც მთასვლელები ამბობენ ფსიქოლოგურ ბარიერებს არღვევდა.
მარტო პამირში, ე.წ. ზუგვანდის სარკეზე ლეგენდარული ასვლა რად ღირს. მაგრამ ეს ასვლა ცალკე დიდი თემაა და ალბათ მთელი წიგნის ღირსიც კია.
1984 წლის ”ზამთრის უშბა” ამ მუდმივი წინსვლის ერთერთი ეტაპი უნდა ყოფილიყო.
მაშინ უშბამ გასწირა ჩვენი მთასვლელები, რაღაც ცუდათ დაემთხვა ბუნების კანონებისა და ადამიანების ნებისყოფის ჭიდილში. დაშვებისას დიდი თოვლის დაფა მოსწყდა და ერთბაშად წამოიყოლა ექვსი კაცი, საქართველოს მთასვლელობის იმ დროს საუკეთესო გუნდი: ირაკლი გელდიაშვილი, დევი თარხნიშვილი, გოგი ზუმბაძე, მურად ჭიჭინაძე, დათიკო კობახიძე, გია ტუშური.
მათ კვალში ერთი დღის ინტერვალით მეორე ჯგუფი, შედარებით უფროსი თაობა, ”ბებრები” მიჰყვებოდნენ. ბებრები იმიტომ, რომ მაშინ ორმოცს გადაცილებული ვაჟკაცები ძალიან მოხუცებად მეჩვენებოდა. მიტო შარაშენიძე, რომა გიუტაშვილი, თამაზ ბაქანიძე... ბებრების ჯგუფი მწვერვალზე იყო როდესაც მოწინავეების ამბავი რაციით შეიტყვეს, თითონ დაქანცულებმა და მომხდარით თავზარდაცემულებმა დაშვება სამაშველო სამძებრო ოპერაციად აქციეს. ვინც იმ დროს იქ არ ვიყავით, ყველა ერთბაშად მოიკრიფა საქართველოს ყველა კუთხიდან და უშბის ძირას ჩავქანდით. გარშემო სოფლებიდან ლამის ყველა ფეხზე დადგა და საერთო გასაჭირს ერთად შევეჭიდეთ.
უშბის კალთებზე გატარებული ის რამდენიმე დღე ჩემთვის მთაში ყოფნის ყველაზე მძიმე დღეებია. დაუსრულებელი ძებნა, ყოველი შემდეგი საათი გვიკლავდა იმედს. შალიკო ქირიკაშვილი საათობით იჯდა გაუნძრევლად ბინოკლით და უშბის ფერდების ყოველ მეტრს ათვალიერებდა. გამოცდილმა მონადირემ ბოლოს მაინც იპოვნა სავალალო ნიშანი.
მაშინ ჩემთვის ეს ტრაგედია სამყაროს დასასრულს უდრიდა. მეგონა რომ ამაზე მეტი ცუდი ცხოვრებაში ვერარაფერი შემემთხვევა. რა ვიცოდი, რომ ჩვენ ყველას ერთად შემდეგ ათწლეულში ისეთი განსაცდელები გველოდა, რომლებიც ამ ტრაგედიასაც გააფერმკთალებდა. მაშინ კი უშბა პირად მტრად მიმაჩნდა, მხოლოდ ირაკლის სიტყვები მახსენდებოდა - ”არასოდეს არ გაბრაზდე მთაზე”.
ექვსივე ცალ ცალკე არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მოსაგონარიც ბევრია და მოსაყოლიც. საჭიროც არის და ჩემი აზრით აუცილებელიც.
ჩვენთვის, მაშინ მთასვლელების ახალგაზრდა თაობისათვის, ირაკლი გელდიაშვილი გამორჩეული იყო. მან იტვირთა ჩვენი მწყემსვა, ვარჯიში და ჭჯუის დარიგება. სრულიად ბუნებრივად გადაიქცა უფროს მეგობრად, მესაიდუმლედ და შეუბღალავ ავტორიტეტად.
ჩვენც ბედნიერები ვიყავით. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა მოკრივეებს კასიუს კლეი რომ ყავდეთ მწვრთნელ მეგობრად, ან მოფარიკავეებს დარტანიანი.
ირაკლი იყო ვარსკვლავი, იდეალური მთამსვლელი. ინტელექტი, ალღო, გამბედაობა, სამართლიანობა, არაჩვეულებრივი ნებისყოფა და უნიკალური ფიზიკური მონაცემები, გამძლეობა, ზეკოორდინირებულობა და ფილიგრანული მეკლდეურული ტექნიკა. ესეთები მხოლოდ ერთეულები არიან.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სპორტსმენისთვის სრულიად შეუსაბამო ტერმინებში ვლაპარაკობ. ვინც არ იცით - მთასვლელობა სპორტი არ არის - ეს ცხოვრების ნირია. მეორე - რაც ჩამოვთვალე, ეს არის მთასვლელობა და არა მხოლოდ ეს, კიდევ ბევრი რამ დამატებით.
დრევანდელ საინფორმაციო სივრცეს და გახსნილ სამყაროს რომ მოსწრებოდა, ირაკლი ალბათ მართლაც სუპერვარსკვალავი იქნებოდა. თავის ფანებით, მიმდევრებით და წამბაძველებით. ყოველგვარი პიარ კომპანიების და ხელოვნური რეკლამის გარეშე, მხოლოდ თავის ბუნებრივი თვისებებისა და ჭეშმარიტი ლიდერის ხასიათის ხარჯზე. თენსინგი, ხერგიანი,მესნერი, გელდიაშვილი... ეჭვიც არ მეპარება!
გელდიაშვილი ფანატიკოსი მთასვლელი იყო, საქართველოში ალბათ ერთ ერთი პირველი პროფესიონალი მთასვლელი, რომელსაც არ ჰქონდა არც სხვა სამსახური და არც სხვა ჰობი.
ნაცნობ მეგობრობით მოახერხა, რომ მანქანისთვის ავტოინსპექციიდან სასურველი ნომერი აეღო 88 48 - ზუსტად ამდენი მეტრია ზღვის დონიდან ჯომოლუნგმას მწვერვალამდე. ჩაკეტილ - ჩარაზული საბჭოთა კავშირის პირობებში ჰიმალაები ოცნებად დარჩა.
თითონ ჩემპიონად და ნომერ პირველად დაბადებული, ყველასაგან მაქსიმუმს ითხოვდა და თანაც ჯადოსნურად შეეძლო თავისი მოსწავლე - მეგობრები ისე წარემართა, რომ სულ ახალ ახლი უნარები და შესაძლებლობები აღმოეჩინათ საკუთარ თავში.
ისე ბუნებრივად სჯეროდა შენი, რომ თავს გადაახტებოდი, ოღონდ ირაკლი არ გაგეწბილებინა.
ერთი ესეთი საყვარელი სავარჯიშო ჰქონდა. ერთი-ორი მეტრის სიმარლეზე კლდის ქიმზე მხოლოდ თითებით უნდა დაკიდებულიყავი. ირაკლი ქვევით იდგა წამზომით და დროს ინიშნავდა, რამდენ ხანს გაუძლებდი. პირობა ის იყო, რომ სანამ ხელები გაგეშვებოდა და ჩამოხტებოდი უნდა გეთქვა: ”მეტი აღარ შემიძლია, ვხტები!” და მწვრთნელის ნებართვის შემდეგ ჩამომხტრიყავი, უნებართვოდ არა.
- მეტს ვერარ ვუძლებ, ვხტები!
- კარგი, ოღონდ ათამდე დავთვალოთ და მერე..
- ....ცხრა, ათი, ვხტები..
- კარგი, მაგრამ ერთხელაც შვიდამდე დავითვალოთ..
- ...შვიდი, ვხტები!
- ერთიც, ხუთამდე!
ბოლოს გასავათებული ხელები თავისით რომ გაგეშვებოდა და ზღართანს მოადენდი, ირაკლი სიცილით გაჩვენებდა წამზომს
- ნახე, პირველად რომ თქვი აღარ შემიძლიაო, იმის მერე კიდევ სამი წუთი და ოცდასამი წამი ეკიდე...
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ მეკლდეურობის ვარჯიშია?
არსებობენ ადამიანები, რომელთა ამაგს ვერასოდეს ვერ გადაიხდი, ერთი გამოსავალია, მოლოდინი არ გაუწბილო და თუკი როდესმე, რომელიმე სამყაროში შეხვდები თვალის გასწორების არ შეგრცხვეს.
დალხენილი ცხოვრება არასოდეს არა ჰქონია. აბა რა ქონების პატრონი უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის დროს პატიოსან კაცი, თანაც ახირებული, რომელმაც საქმედ მთაში ხეტიალი აირჩია.
არასოდეს არაფერს არ დაინანებდა, სულ ვიღაცას რაღაცას ჩუქნიდა. წასახალისებლად, წასაქეზებლად, უბრალოდ ყურადრების ნიშნად.
აფხაზეთში, ფშაგიშხას მთაზე მოაწყო ასვლა. საქართველოში, როგორც სხვა ყველაფერში, მთასვლელობაშიც დაჯგუფებაბონა და ვინ ვისკენაა იყო ხოლმე. სამწუხაროდ ეხლაც არის. ირაკლი სულ იმას ცდილობდა ყველა გაეერთიანებინა. ფშაგისხაზე ასვლაც ესე მოაწყო, სვადასხვა ჯგუფებიდან დაუძახა ახალგაზრდებს, გასაყოფი არაფერი გაქვთო. მახსოვს ცალკე როგორ მელაპარაკა, დამარიგა და მთხოვა, ისე მოვქცეულიყავი მარშრუტიდან მთელი გუნდი განუყრელ მეგობრებად დაბრუნებულიყო. ალბათ სხვების ასე დაარიგა სათითაოდ. კარგად დაგვამახსოვრდა ის ასვლა ყველას. თავგადასვლებით, სირთულეებით, მაგრამ საბოლოო წარმატებით. ირაკლი ბანაკში გველოდა. რომ ჩავედით, უცხოეთიდან დიდის ამბით ჩამოტანილი, მაშინ ჩვენთვის უნიკალური, თავისი მეკლდეურის ”ბათინკები” მაჩუქა. ჩემთვის ნამდვილი რელიქვია, ჩაცმა და გაცვეთა რომ მენანებოდა, ისეთი.
დადგა 1989 წელი. ეს ხუთი წელიც ვიარეთ მთაში, საინტერესო ასვლებიც გავაკეთეთ. საბჭოთა არმიის ჩემპიონობაც მოვიგეთ, მაგრამ ჩემთვის ის გემო მაინც აღარ ჰქონდა, ირაკლი რომ ცოცხალი ყოფილიყო.
1989 წლის ნაახალწლევს კი, უშბის ტრაგედიიდან ხუთი წლის თავზე, ტელეფონმა დარეკა.
- ბიჭო, ხუთი წელი გადის, ბიჭების საპატივსაცემოთ, იგივე დროს, ”ზამთრის უშბა” გავაკეთოთ, გაბრიელით. ექვსი კაცია საჭირო, ხო წამოხვალ? - მეუბნებოდა იმედიანი ხმა...
ეს შესაძლებლობა ლოვა სარქისოვმა შექმნა. თბილისელმა კაცმა, მთით დაავადებულმა, არაჩვეულებრივმა მწვრთნელმა და დამრიგებელმა, რომელიც ქართული მთასვლელობისთვის ყველაზე მძიმე დროს, ექსპედიციას ექსპედიციაზე აწყოდა, დაობლებულ ახალგაზრდებს პატრონობდა და ალპინიზმის დროშას დაბლა არ ხრიდა.
1989 წლის იანვარში, ექვსნი გავედით ზამთრის უშბაზე. ლოვა სარქისოვი, ბიძინა გუჯაბიძე, დათო რაქვიაშვილი, ვანო ვაშაყმაძე, გუნდის ექიმი სანდრო კობაიძე და თქვენი მონა მორჩილი.
თავს კი ვიმხნევებდით და არ ვიმჩნევდით, მაგრამ ხუთი წლის წინ დატრიალებული ამბის აჩრდილი მაინც დაგვყვებოდა. ქვევით, ბანაკში საათები გავატარეთ დაგეგმვაში. განსაკუთრებით იმ ავადსახსენებელი თოვლის ფერდი გავლა გავატაქტიკეთ, სულ წუთებში გავთვალეთ ვის რა უნდა ეკეთებინა. გრძელი დაცვით თითო თითოს უნდა გაგვეარა. აქაოდა ხმაურმა ზვავი იცისო ხელებით სპეცნიშნები შევიმუშავეთ, რომ ფერდზე უხმოდ გვეურთიერთა.
მოვლენებს წინ გაუსწრებ და როდესაც იმ ფერდს მივადექით, დაღლილები, გეგმა-ტაქტიკა სულ ერთიანად გადაგვავიწყდა. ერთმანეთის ჭკუის სწავლებით, ლანძღვა გინებით და წივილ-კივილით ერთ გუნდად გადავიარეთ ის ავად სახსენებელი ფერდი. ეგეთი ყაყანი და ჟივჟივი, ჩვენ რაც იქ მოვაწყეთ, უშბის კალთებს არ ახსოვთ. თოვლის არც ერთი ფთილა არ შერხეულა, იდგა ბუმბერაზი და ალბათ გულში ეღიმებოდა, ეს თავქარიანები ვინ მოსულანო. ეტყობა ჩვენი ბედი არ იყო.
აშკარად დაგვინდო უშბამ მაშინ. თუმცა გამოცდა და ხიფათი არ დაგვაკლო. შეცდომაც ბევრი დავუშვით. ექვსი დღე-ღამე ვიყავით მარშრუტზე. მშვიდობით დავბრუნდით. სულ ირაკლი მახსენდებოდა ”არასდროს არ გაბრაზდე მთაზე”. უპრიანია ცნობილი ნათქვამის პერეფრაზი - ”მადლობთ უშბავ რომ ამოგვიშვიო”. გვაცალა მთამ დაღუპული მეგობრების პატივისცემა. ჩვენ კი, პატარა ადამიანებს, განცდა გავიჩნდა, რომ ბუნებასთან სტატუს კვო აღვადგინეთ.
რომ დავბრუნდით, მერეღა გავიგეთ, გარშემო სოფლები ნერვიულობდნენ, არ მოსწონდათ ჩვენი წამოწყება. ჯერ ხუთი წლის წინადელი ამბავი არ ჰქონდათ განელებული. სამშვიდობოს ჩამოსულები სვანების ჯგუფს გადავეყარეთ ბილიკზე. უშბაზე წასულ მთასვლელებს ელოდნენ. ვერ დაიჯერეს, რომ ეს დაღლილ დაქანცული, ძლივს მოლასლასე ხალხი ჩვენ ვიყავით.
მერე კი იცოცხლე, პატივი გვცეს. აქაოდა წყევლა მოხსენითო, სკოლის სცენაზე ბავშვებმა კონცერტი მოგვიწყეს, საგანგებოდ ჩვენთვის დაწერილი სიმღერა ლექსებით. ქეიფს და რახის სმას ხომ ნუ იტყვი.
რამდენიმე დღე გავუძელით, შეუჩერებელ ზეიმს. უნდა გითხრათ უშბაზე ასვლაზე იოლი არა ყოფილა. მერე კი დიდი გადახურული საბარგო მანქანით ბარისკენ წამოვედით.
ბიძინა გუჯაბიძემ იძალა და გურიისკენ, მამამისეული სახლისკენ გადაგვახვევინა. არაჩვეულებრივად დაგვხვდნენ გუჯაბიძეები. მოგვასვენეს, მოგვიარეს და გონს მოგვიყვანეს. აშკარად გვჭირდებოდა...
მახსოვს, თბილისისკენ გამოსამგზავრებლად რომ ვემზადებოდით, უსუსურად ვიდექი საბარგოს ძარასთან, სხვადასხვა სასმელებით გაბჟუებული ვერა ვხდებოდი ამსიმაღლე მანქანაზე როგორ უნდა ავმძვრალიყავი. პირველი უფროსი გუჯაბიძე მოეგო გონს
- შენ რა გითხარ, უშბის დამპყრობელოო - გაიქცა, ბაღის კიბე მომიტანა და საბარგოს ძარაზე მიმიყუდა.....
თითქოს ირაკლი გაცოცხლდაო. ქართველებს დღეს რომ საამაყო მთასვლელი გვყავს, ბიძინა გუჯაბიძე, ნებისმიერ მთის მოყვარულ უცხოელთან რომ ჯადოსნური ჯოხივით ჭრის მისი სახელი, ესეც ლომის წილი ირაკლი გელდიაშვილის დამსახურებაა. ალბათ არ მიწყენს ბიძინა, აკი მის შვილსაც ირაკლი ჰქვია...
თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
2011 წლის 19

No comments:

Post a Comment