Saturday, October 2, 2010

Lungi (აფროქართველის ჩანაწერები 16)

ლუნგი
(გზისმკვლევი ახალჩამოსულებისათვის...)

მომავალო მოგზაურო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თქვენ ან ლონდონის ჰიტროუდან მოფრინავთ და ან ბრიუსელიდან (სხვა გზა მაინც არა გაქვთ). თქვენი თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა ფრიტაუნში, სიერა ლეონეს მიწაზე! თუმცა მთლად ფრიტაუნში არა, ლუნგიში...

ლუნგის აეროპორტი სიერა ლეონეს კარიბჭეა, ლუნგის საერთაშორისო აეროპორტი...

პირველად ჩასულისთვის ეს ნამდვილი გამოცდაა. გაუძელ მოგზაურო!

ტრაპზე გადმოხვალ თუ არა შემოგეფეთება ცხელი ბლანტი ჰაერი და ერთბაშად სული შეგეხუთება, სტიუარდესა ნაზი ღიმილით გემშვიდობება და უკვე ეჭვი გეპარება მის გულწრფელობაში.

კარგია თუ ხელბარგი მძიმე არ არის, რადგან მინდორზე გადარბენა გიწევს საპასპორტო კონტროლამდე. ერთი კარგი ვარჯიშის ტოლფასია. როდესაც გრძნობ რომ ჩაივით ცხელ ჰაერს ფილტვები აღარ ითვისებენ და სრულიად ოფლიანი განათებულ კარებს მიაღწევ, ერთი სული გაქვს შიგ შეასწრო, სამშვიდობოს! აღმოჩნდება რომ იქ კონდიციონერი არ არის. სამაგიეროდ არის ბევრი ხალხი, დაუწყობელი რიგი, ყაყანი და გაურკვევლობა...

მაშინ ჩნდება პირველად აზრი - განა ასე მჭირდებოდა სიერა ლეონეში ჩამოსვლა!

უცნაურია მაგრამ სხვადასხვა ”მანქანებით” -  ბუნებრივი გადარჩევით, თვითგადარჩენის ინსტიქტით, ინტუიციით, ”ცდის და შეცდომის” მეთოდით ბოლოს აღმოჩნდებით  თქვენთვის საჭირო საპასპორტო კონტროლის ჯიხურთან, იქიდან კი როგორც წესი ორი შავი კაცი (ან კაცი და ქალი) გიცქერს და სანდომიანად გიღიმის...

წესი პირველი - არავითარ შემთხვევაში არ შეგატყონ დაბნეულობა, დაღლილობა და ბედთან შეგუებულობა...  მხოლოდ და მხოლოდ არწივის მზერა, ხმაში ლითონი და თითქოს მთელი ბავშვობა შავ კაცებთან და ქალებთან გაქვთ გატარებული. სასურველია ეს ყველაფერი ჯერ კიდევ თვითფრინავში, 8 საათიანი ფრენის დროს გაივარჯიშოთ...

ვიზას როგორც წესი ვერ იპოვიან, ძალიან ფრთხილად, მეგობრულად შესთავაზეთ რომ აჩვენებთ პასპორტის საჭირო გვერდს...

-         სიერა ლეონეს ფული გაქვთ?
-         არა ჯერ, ეხლა გადმოვედი თვითმფრინავიდან!
-         უნდა გქონდეთ!
-         დოლარები მაქვს...
-         ჰმ! ჯანდაბას! აბა რამდენს გაიმეტებთ მეგობრობისათვის...
დმც! ვიზა ჩარტყმულია, ჯიხურს გავცდით.

ყურადღებით! გადაგეღობებათ ორი თეთრხალათიანი შავი კაცი...

-         სერ! ერთი წუთით
-         აი ვიზა მაქვს
-         არა სერ, თქვენი ჯანმრთელობა გვაინტერესებს.
-         ???
-         ყვითელი წიგნაკი გაქვთ?
-         ???
-         აცრები ყვითელ ციებაზე, ქოლერაზე, ტიფზე... მალარიას როგორ იტანთ?
-         ???

სინანულით აქნევენ თავს.

-         ვერ გაგიშვებთ, სერ!

ამ დროს უკან დარჩენილი საპასპორტო ჯიხურიდან ერთ-ერთი უკვე დამეგობრებული მესაზღვრე მოდის.

-         ჰეი ბიჭებო, ეს ჩემი მეგობარია, ჩემი ბოსია. არ გინდათ, რატომ უყვებით საშინელებებს?! - თქვენკენ ჩურჩულით - არ იღელვოთ, ბოს! ეს ჩემი ძმები არიან. დოლარებს არ იღებენ, მე გადაგიხურდავებთ...

თეთრხალათიანები გულითადად დაგემშვიდობებიან, გზას დაგილოცავენ

-         რა კარგი ბოსი გყოლია! ველკომ თუ აფრიკა, სერ!

უუუფფფფ!!! ეხლა ბარგი ხომ უნდა ავიღოთ?! თუ არ ჩამოვიდა არ ინერვიულოთ, აზრი არა აქვს. თანაც იქვე აგიხსნიან - აი სულ ესე ხდება, ეს ჰიტროუს აეროპორტი საშინელებაა, ყველაფერს კარგავენ ეს ინგლისელები, თორემ აქამდე თუ ჩამოვიდა, ჩვენთან არაფერი არ იკარგება!

მებაჟესთან უკვე გაღიმებული მიდიხართ, ხუთდოლარიანი, ფართე ღიმილი.

-         როგორა ხარ ძმაო! აუდი ბოდი!
-         გაიხარეთ სერ! რამდენი ხანია არ მინახიხართ!? ველკომ... (ნეტა სად უნდა ენახე?)

გამოდიხართ აეროპორტიდან, ღრმად ჩაისუნთქავთ გავარვარებულ ჰაერს და უკვე ნამდვილ აფრიკულ მიწაზე დადგამთ ფეხს... მაგრამ, თქვენ ხომ ფრიტაუნში მიდიოდით? ეხლა კი ლუნგიში ვართ.

მოკლე გეოგრაფიული ცნობა. ლუნგის საერთაშორისო აეროპორტი ლუნგის ნახევარკუნძულზეა. ფრიტაუნი კი ფრიტაუნის ნახევარკუნძულზე. იმისათვის რომ ლუნგიდან ფრიტაუნში მოხვდე არის სამი გზა.
სახმელეთო - შედიხარ მატერიკზე ლამის ქვეყნის შუაგულამდე, ტრიალდები ასოთხმოცი გრადუსით და მიდიხარ ფრიტაუნისაკენ ფრიტაუნის ნახევარკუნზულზე. მანქანით 5 საათი და 30 წუთი, გზის საფარი - სჯობს არ იკითხოთ.
საზღვაო - პირდაპირ გადავკვეთოთ ოკეანე. 30 კილომეტრი ნავით, ტივით, ცურვით...
საჰაერო - ვერტმფრენი (ანუ ქართულად შვეულმფრენი)....


სამივე ვარიანტს მოგახსენებთ. რეალურ ამბებს მოგიყვებით.

სახმელეთო ხუთსაათნახევრიანი გზა თავიდანვე გამორიცხეთ. თუ თავი არ მოგბეზრებიათ, ზღვის ავანტყოფობა არ გჭირთ ან სიმაღლის და ვერტფრენის შიში არა გაქვთ თავს ნუ გასწირავთ...

თავიდანვე უნდა გითხრათ რომ მე ყოველთვის ვერტფრენს ვირჩევ, სიძვირის მიუხედავად ყოველთვის მირჩევნია შორი გზიდან დაღლილ-გათანგულმა შეძლებისდაგვარად სწრაფად მივაღწიო სახლამდე. მაგრამ ამაზე ბოლოს.

ვერტფრენი ყოველთვის არ დაფრინავს, ხან გაფუჭებულია, ერთი ორჯერ ჩამოვარდა...

ერთ - ერთ ჩასვლაზე აღმოჩნდა რომ ვერტფრენი არ მუშაობს, სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტმა დარღვევები აღმოუჩინა და ფრენები შეაჩერა. არადა ბილეთი ხელზე მაქვს.

-         ბილეთი არ გაგიუქმდებათ სერ, კომისია ერთ კვირაში დამთავრდება, დაელოდეთ...
-         მაშაყირებ არა! როგორ წავიდე ფრიტაუნში?
-         მაშინ ”ფერი” სერ, აქედან ტაქსი მიგიყვანთ ნაპირამდე, ბილეთი 3 დოლარია, თუ პირველი კლასის ბილეთი გინდათ 8 დოლარი...

”ფერი” - ტივია, რეგულარულად დადის ფრიტაუნსა და ლუნგის შორის. ბილეთის ფასმა ძალიან დამაეჭვა, მაგრამ სხვა რა გზა იყო. ტაქსი, ჩვეულებრივი მსუბუქი მანქანა, წინ მძღოლის გვერდით ორი კაცი, უკან ოთხი, საბარგული არ იკეტება იმდენი ბარგია, თოკებით მიბმული. კიდევ კარგი მანძილია მოკლე, 10 წუთი.

რვა დოლარად პირველი კლასის ბილეთი ავიღე. ჩვეულებრივი ბილეთი უბრალოდ გემბანზე დასადგომი, იატაკზე დასაჯდომი ან დასაწოლი ყოფილა. ესეც იყვნენ მოკალათებულები. პირველი კლასის მგზავრებს მეზღვაური გზას უკაფავს შემოღობილ ზედა გემბანზე. ადგილი არ არის. ხალხი ლამის ერთმანეთზე ზის. პატარა გასაშლელი სკამი მომიტანეს და მენიუ...

-         რას შეუკვეთავთ, სერ?
-         რამდენი ხანში მივალთ?
-         დაახლოებით საათნახევარში, სერ.

დაახლოებით ნახევარ საათში უცნაური ბიძგი ვიგრძენით, მოტორის ხმაც გაჩუმდა.

-         არ ინერვიულოთ, მოტორები გაფუჭდა. დრეიფში ვართ, არ ჩავიძირებით. უბრალოდ დინებას ღია ოკეანეში მივყევართ. ალბათ გავაკეთებთ... მობილური ხომ არა გაქვთ ვინმეს, რომ დავრეკოთ? ....

თბილისიდან დამირეკეს, როგორც იქნა ინჟინრების ჯგუფი მოემგზავრება და დახვდიო. გამიხარდა და დახვედრის ორგანიზებას შეუდექი. აეროპორტში დამეგობრებული ზანგები გავაფრთხილე მუყაოზე სახელები დაეწერათ, როგორც კი ნახავდნენ ჩვენებს, საბუთები გამოერთვათ და მთელი პროცედურები ჩქარა და კომფორტულად გაეარათ, ბარგისათვის მიეხედათ, ვერტფრენის ბილეთები აეღოთ...

-         ნუ ნერვიულობთ სერ! ყველაფერი კარგად იქნება... - მართლა ყოჩაღი ბიჭები არიან.

მე კი ვერტფრენს ფრიტაუნში დავხვდები. ისე ჩამოვლენ ვერც კი იგრძნობენ აფრიკის სპეციფიკას. შეაგვიანდათ, გულმა რეჩხი მიყო. კიდევ კარგი მობილური მუშაობს.

-         რა ხდება?
-         ვერტფრენი არ არის სერ? ერთი ორი დღე არ იქნება, ”ფერით” გამოუშვებთ...
-         ფერი არ გამაგონოთ!
-         მაშინ ”სპიდ ბოუტი” (მოტორიანი ნავი) უნდა ვიქირავოთ, ნახევარ საათში მანდ იქნებიან, მაგრამ 350 დოლარი დაჯდება?
-         არა ვჩივი, გადავიხდი...

 მზე კარგა ხანია ჩავიდა, ბინდია. ინჟინრები ნაპირზე ჩაიყვანეს ბილიკით. მოტორიანი ნავი ბოლომდე ვერ მოდის ნაპირთან. ყოჩაღი ზანგის ბიჭები ზურგზე იკიდებენ გაოგნებულ ინჟინრებს და წელამდე წყალში მიტოპავენ ნავისკენ. იქ კი ნავზე აძრომა იწყება. ერთ-ერთს სველ ბორტზე ფეხი დაუცდა და ოკეანეში ზღართანი მოადინა. მოინათლა. კიდევ კარგი აფრიკაა და თბილა...

ფრიტაუნის მხარეს, ნაპირთან მაქსიმალურად ახლოს მივიყვანე მანქანა. ფარებს ვანთებ რომ დაინახონ სად მოადგნენ. იმპროვიზირებული შუქურაა ჩემი ტოიოტა. თან ყოჩაღი, ჯანიანი ბიჭები მყავს მობილიზებული ნავიდან რომ გადმოიყვანონ ინჟინრები...

ბოლოს კი ვერტფრენი. მომავალო მოგზაურო! თუ ყველაფერს გაუძელი, ვერტფრენამდე მიაღწიე და თან აღმოჩნდა რომ მუშაობს, არ დაინანო დოლარები, ბილეთი იყიდე და ვერტფრენში ადგილი დაიკავე. რუსული ძველის ძველი მი-8, ბულგარელი მფრინავებით, ზანზარებს, ძიგძიგებს, ხმაურობს... მაგრამ თუ არ ჩამოვარდა, ფრიტაუნში, შუა ქალაქში დაჯდება ზუსტად 7 წუთში.
ხო, კინაღამ დამავიწყდა, რომ მოკალათდებით, წინა სკამის ჯიბიდან ლამინირებული ბუკლეტი ამოაძრეთ და ყურადღებით წაიკითხეთ ფრენის უსაფრთხოების წესები, რომ გადმოაბრუნებთ, ბოლოს დაინახავთ ლოგოს - თოვლიანი მთები ხატია და ... ქართულად (მხედრულით) აწერია  - ”თუშეთის ავიახაზები”

დედას გეფიცებით, არ მომჩვენებია!

* * *

ყველა პირველად ჩამოსულ სტუმარს, ჩვენი კარმიდამოს ღამის დარაჯი პოლიციელი მომო განსაკუთრებული სითბოთი ხვდება, თანაგრძნობით უმზერს და კეთილად ეუბნება

-         ველკომ თუ აფრიკა, სერ! ზის ის აფრიკა!!!


თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
29 სექტემბერი 2010 წელი

No comments:

Post a Comment