Friday, November 12, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (22) - გამოხედვა აფრიკიდან

გამოხედვა აფრიკიდან

სიერა ლეონეს დედაქალაქში, ფრიტაუნში, ძალიან ბევრი სახელი კოლონიური დროიდანაა შემორჩენილი. ქუჩებს, მთელს უბნებს ხშირად ინგლისურ ყაიდაზე ჰქვიათ, ზოგჯერ პირდაპირ ინგლისური დასახელებების გამეორებაა. აქ არის უბნები აბერდინი და ვატერლოო, მეფე ჩარლზის სანაპირო და კინგტომი, ველინგტონ გრიკი და ფერგიუსონის ქუჩა... მოკლედ ძალიან ბევრია. დადიხარ ფრიტაუნში და ქუჩის წარწერების მიხედვით შეიძლება ინგლისში გეგონოს თავი. ერთია რომ ამ დასახლებებს თავისებურად გამოთქვამენ და მიუჩვეველმა ყურმა შეიძლება ვერც იცნოს. ეს სახელები მშვიდად თანაცხოვრობენ ტრადიციულ აფრიკულ სახელებთან, არავის არაფრის გადარქმევა არ მოსვლია აზრად და არც არავინ არ ნერვიულობს მათ გამო. ეს კომპლექსი სიერა ლეონეში არა აქვთ. აქ რეალური ცხოვრებაა და სიღრმისეული ფსიქოანალიზისა და წარსულში ქექვისათვის არა სცალიათ.

მე კი, ამ აფრიკული სიშორედან საქართველოს ამბებს ძირითადად ინტერნეტით ვიგებ და ხანდახან მგონია, რომ ჩემს სამშობლოში რეალობა დაიკარგა და ყველა ერთად გამოგონილ ვირტუალურ გარემოში გადასახლდა.

როგორც დიდი ფერწერული ტილო, ძალიან ახლოდან სხვადასხვა ფერების უაზრო პალიტრაა, მოცილდები და აშკარად ლამაზ და დალაგებულ სურათად იქცევა, ისე ხომ არ არის ჩვენი ქვეყნის ამბავი-თქო, შორს უნდა წახვიდე რამე რომ დაგილაგდეს? მაგრამ ვატყობ მეორე უკიდურესობაში ვარდები და ეხლა სხვა მხარეს ვკარგავ ობიექტურობას. ისე როგორ არ დაკარგავ, თქვენ თითონ განსაჯეთ.

ბათუმში დაიდგა მოძრავი ქანდაკება, ქალი და მამაკაცი, შვიდმეტრიანი მეტალის კონსტრუქციები. თამარ კვესიტაძეს ეს იდეა ადრეც ჰქონდა შესრულებული, ნაკლებ მაშტაბში, რომელიც თუ არ მეშლება ეხლა იტალიაშია. ეს კი ბათუმში, ღია ცის ქვეშ დაიდგა. მე, როგორც შევძელი, ვნახე ინტერნეტში - ფოტოები, ვიდეოკლიპები.

არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა. ორიგინალური იდეა, მშვენიერი შესრულება, მოძრაობა, ყველაფერი ერთად საოცარ ეფექტს აღწევს და ძლიერ ემოციას იწვევს. ალბათ ყველა მნახველს თავისებურ ასოციაციებს უღვიძებს და ყველასათვის მხოლოდ მისთვის მისაღებ და ერთადერთ შინაარს იძენს. ეს არის ქანდაკება-ფილმი, ქანდაკება-მოთხრობა. ისიც ნიშანდობლივია რომ ავტორმა არ შეზღუდა მნახველის ფანტაზია, ნამუშევარი ფაქტიურად უსახელოდ დატოვა და ამდენად საოცარი განზოგადების შესაძლებლობა შექმნა. იპოვნა ნებისმიერი მენტალობის და კულტურისათვის გასაგები ფორმა, ერთდროულად ყველას აღქმისათვის სხვადასხვა და ამავე დროს გამაერთიანებელი.

უნდა გითხრათ, რომ მოწონებასთან ერთად ძალიან გამიხარდა. შეიძლება სიშორის გამო, გამძაფრებული ვეძებ ყოველ ნიშანს იმისას, რომ ჩვენ ქართველები არა მარტო წარსულში ვიყავით ”ბუმბერაზები”, ეხლაც არაფრით ჩამოუვარდებით კაცობრიობის დღევანდელ ლიდერებს და სიერა ლეონესთან უამრავ მსგავსებასთან ერთად, სერიოზული და ხელშესახები განსხვავებებიც არსებობს.

მესიამოვნა ის განცვიფრებული და აღფრთოვანებული რეაქცია, რომელიც სხვადასხვა ჯურის და ადათის მნახველმა გამოხატა. იმ დღეს სულ სხვანაირი სიამაყით გავხედე ატლანტიკის ოკეანეს და აფრიკის სივრცეებს.

თავად საქართველოში კი თურმე არც ისე მარტივად ყოფილა საქმე. არც კი ვიცი რა დავარქვა ამ მოვლენას, კომპლექსი, სიბეცე... ყველაფერი გადაფარა პოლიტიკურმა ჟინმა, ყველას და ყველაფრის ერთი მიზნისათვის გამოყენების სურვილმა და გაუთავებელმა უტაქტობამ.

ორი უკიდურესობა. დამოკიდებულება პირველი, ოფიციალური ანუ სახელისუფლებო. ყველაფერი უცბათ მოინათლა - ალი და ნინო! ყურბან საიდის პოპულარული რომანი, აზერბაიჯანელი კაცისა და ქართველი ქალის სიყვარულის შესახებ! ესეც არ კმარა, ხომ უნდა აუხსნან ”გამოჩურჩუტებულ” მნახველებს, რომ რამე სხვა არ იფიქრონ, ამიტომ - პირველი, ეს ყოფილა აზიისა და ევროპის დაკავშირების სიმბოლო. მეორე - აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის საუკუნეობრივი მეგობრობის სიმბოლო.

უცბად დაიკარგა სილაღე, სიხარული, თავისუფლების, სევდის, წამის მნიშვნელობის განცდა. გაჩნდა ტრაფარეტული, უნიჭო პოლიტიკური სქემები, გაღიზიანება და განცდა იმისა რომ ისევ ძალმომრეობის მსხვერპლი ხარ და ისევ ვიღაც ცდილობს სულში გიფათუროს ხელები.

არ დაინგრა საბჭოთა კავშირი, არა! ვერც სიმბოლობთან სატეხებით ჭიდილი და ვერც სახელების გადარქმევა ვერ გვიშველის. თუ თავისუფალი ხარ ვერც ერთი ვერაფერს ვერ დაგაკლებს, უბრალოდ გაქრებიან აღქმიდან. თუ ისევ მონა ხარ - ან ეთაყვანები და ან გაშმაგებით ებრძვი. ძალიან მარტივია, და თანაც ეტყობა ურთულესი.

დამოკიდებულება მეორე, ოპოზიციური. ეხლა მეორე უკიდურესობა ნახეთ. ალბათ გაუმართლებლად დიდი ციტატაა, მაგრამ მთლიანად უნდა მოვიყვანო:
”...ბათუმში 14 ოქტომბრის გვიანი ღამით .. “სიყვარულის ქანდაკება“ – “ალი და ნინოაღმართეს.
როგორც საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით რობაქიძემ განაცხადა, ქანდაკება პიშჩევიკების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის იახტკლუბთან დადგეს. ქანდაკება მოძრავიაქალი და კაცი ზურგით დგანან ერთმანეთისკენ, შემდეგ წრეზე იწყებენ მოძრაობას, ერთმანეთს უახლოვდებიან და ტუჩებში კოცნიანამას ჩვენს ენაზე გარყვნილების ქანდაკება ჰქვია. ეს არის იმ უმსგავსოების კიდევ ერთი სერიოზული გამოვლინება და იმის გაგრძელება, რისი დემონსტრირებაც ხელისუფლების მიერ მართული ცენტრალური ტელეარხებით ყოველდღიურად ხდება. დღეს ჩვენს ქვეყანაში გარყვნილების ზეიმია და რეკლამას გარყვნილებას უკეთებენ
მაგრამ, ეს კიდევ არაფერი, – გვითხრა ბატონმა დავითმა, – ქართველი ლეიბორისტებისთვის დანამდვილებით გახდა ცნობილი, რომ ღამით ალი და ნინო წრეზე ბრუნვას ამთავრებენ და გარყვნილი სექსით კავდებიან...”

ჰა, როგორია! ხომ არის შედევრი... რომელი მწერლის ან ნებისმიერი შემოქმედის ფანტაზია შექმნიდა ამას. არა, ბოლო ფრაზას დაუკვირდით - ”... ქართველი ლეიბორისტებისთვის დანამდვილებით გახდა ცნობილი....”  ჰა-ჰა-ჰა!!!

ეს რომ პირველად წავიკითხე, მართლაც გიჟივით ვიცინოდი და შაყირი მეგონა. მერე მეორედ წავიკითხე, მერე მესამედ.... ძალიან დავნაღვლიანდი და საოცარი სევდა შემომაწვა. ვეღარც თამარ კვესიტაძის გენიალურმა ქმნილებამ მიშველა, შეხედვაც აღარ მინდოდა.

ისე რა გინდა - რაც ერი, ის ბერიო! რაც ხელისუფლება, ის ოპოზიცია. ოღონდ თუ დააკვირდებით ხელისუფლება უფრო მძლავრად, მაშტაბურად აზროვნებს, ეტყობა საერთაშორისო ასპარეზზე რომ არის გასული. ხალხთა მეგობრობაზე და აზია-ევროპის ხიდზე ზრუნავს! სამაგიეროდ ოპოზიცია მორალისა და ტრადიციული ფასეულობების საკითხებს არ უთმობს და მიდის ქართული პოლიტიკა წინ. მათ ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება. ერთის მეშინია, ისეთი სიჩქარე არ ავკრიფოთ და ისე არ გავასწროთ ყველას რომ ვეღარ დაგვეწიონ.

ზოგი რამ დადებითიც მოხდა. ამჯერად ქართულმა ეკლესიამ თავი შეიკავა ოფიციალური განცხადებისაგან და ასპარეზი ხელისუფლება-ოპოზიციის ”ხელოვნებამცოდნეებს” დაუთმო. თუ მეშლება და ითქვა რამე?

მეორე დღეს  მაინც იმედიანად გამეღვიძა. ტუტუცობა და სიბნელე ალბათ მალე გადაივლის. რეალური ნიჭიერება კი თავის გზას იპოვნის და ხალხი ალბათ მაინც არ მიაქცევს აქეთ იქიდან მოკარნახეებს ყურადღებას. ეს მშვენიერი ქანდაკება თითონ მოუყვება მნახველს მხოლოდ მისთვის გასაგებ და ძვირფას ამბავს.

არ გასულა ორი დღე და ახალი სიურპრიზი შემომთავაზა ინტერნეტმა. ინფორმაცია ჯერ იყო და რუსული რადიოს ”ეხო მოსკვი”-ს საიტზე ვნახე, მერე კიდევ სხვა რუსული ინტერნეტ გამოცემის. გავბრაზდი, ნახე რას გვაბრალებენ ეს რუსები, რით არ დაგვანებებენ თავსთქო... მაგრამ, შემდეგ საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ვნახე ეს ამბავი:

”...კავკასიონზე არსებულ უსახელო მწვერვალებს ბარაკ ობამას და ლეხ კაჩინსკის სახელები დაერქმევა , - ამის შესახებ დეპუტატმა კობა ხაბაზმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კავკასიონზე, კერძოდ კი, სვანეთში, ოთხი უსახელო მწვერვალია, რომელთაგან ორის დალაშქვრა უახლოეს მომავალში იგეგმება. ხაბაზი განმარტავს, რომ მათგან ერთს კაჩინსკის, მეორეს კი ობამას სახელი ტექნიკური საკითხების მოგვარებისთანავე ეწოდება.

რატომ? რატომ! რისთვის არის ეს საჭირო! თანაც როგორ ”ჭკვიანურ-ეშმაკურად” არის ჩაფიქრებული! აქაოდა ”პადხალიმობაში” არ ჩაგვეთვალოს ცხონებული კაჩინსკის სახელს ამოეფარნენ! ეს კი უკვე სპეკულანტობაა.

რას აკეთებთ ხალხო, გამაგებინეთ? ნუთუ ესე გულწრფელად გიყვართ ამერიკის პრეზიდენტი, რომ ერთი სული გაქვთ მწვერვალზე მისი სახელი დატოვოთ. ან ცხონებულ ლეხ კაჩინსკის განა სჭირდება ასეთი პატივისცემა? კითხეთ ამერიკის პრეზიდენტს რა მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც ნობელის პრემიის კომიტეტმა იმეტიჩრა და მშვიდობის პრემია მიანიჭა. მთელი სახელმწიფო დეპარტამენტი, თავისი უძლიერესი პიარსამსახურით თავს იმტვრევდა გამოსავლის ძებნაში, რომ არც მწვადი დაეწვათ და არც შამფური.

ვერ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი! ვერ დავანგრიეთ! ზუსტად იგივე ხდება, ბრუნდება დრო, როდესაც - ”მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა”.

ამის მერე ესე ჩამოთვლიან კავკასიონის მწვერვალებს - უშბა, შხარა, შხელდა, თეთნულდი, თეთრი უცნობი, შავი უცნობი, ობამა, კაჩინსკი...

რა დავაშავეთ?!

დამიჯერეთ, არ არის ეს კარგი აზრი, არავითარ პოლიტიკურ დივიდენდებს არ მოგვიტანს, მოყვარესაც ვერ ვასიამოვნებთ, უხეხულობას შევქმნით. ყველა მიხვდება ჩვენს რეალურ, პროვინციულ-”პადხალიმურ” ბუნებას და სარგებელს და გამორჩენას გამოკიდებულები ხახამშრალები დავრჩებით. გემოვნებაზე და მორალზე აღარ გელაპარაკებით, მაინც აზრი არა აქვს.

რადიო თავისუფლებაში მოვისმინე, ზაზა ფირალიშვილმა სთქვა - არაფერი გვეშველება სანამ პოლიტიკოსები, ჩვენ, დანარჩენ მოსახლეობა ღირსების მქონე ცოცხალ არსებებად არ აღგვიქვამენო...

არც აღგვიქვამენ, სანამ არ აღვაქმევინებთ. მართალი გითხრათ ხანდახან მგონია რომ არავითარი მნშივნელობა არა აქვს ვინ იქნება მთავრობა და ვინ ოპოზიცია, გინდაც დღესვე გაუცვლიათ ადგილები.

როგორც ეტყობა პოლიტიკოსები, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, დაკომპლექსებული და სიტუაციასთან მომრგები ხალხია. დარწმუნებული ვარ საშინლად ეშინიათ საღი აზრისა და ერთი კარგი, მართალი შაყირისა. ოღონდ ეს თავისუფალი და უშიშარი აზრი იმათგან უნდა მოდიოდეს ვინც ხელისუფლებისათვის არ იბრძვის, არ უნდა დეპუტატობა, არც მინისტრობა, უბრალოდ უნდა რომ მისი ქვეყანა აბუჩად ასაგდები და სასაცილო არ იყოს.

გახსოვთ ერთი მშვენიერი იდეა იყო. შეიქმნა საზოგადოება ”დასი”, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების ჩატარების ხელშესაწყობად. მთელი იდეა ის იყო, რომ დასელები არ იბრძოდნენ ხელისუფლებისათვის, არც პოლიტიკური ამბიცია ჰქონდათ და ამდენად თავისუფლები უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ რად გინდა, როგორც კი ოდნავ სახელი და პოპულარობა მოიპოვეს, მაშინვე იფიქრეს ჩვენზე ჭკვიანი ვინ არის, ჩვენზე კარგად ვინ იცის ქვეყნის მართვა, ჩვენზე უფრო ვის მოუხდება დეპუტატობაო. შაურად გაყიდეს თავისუფლება. მაშინვე დასამარდა ეს კარგი აზრი.

საბჭოთა კავშირიდან განთავისუფლებული ადამიანები გვჭირდება, ვინც იმელის კედელზე ამოტვიფრულ ნამგალს და უროს ისე ჩაუვლის, აღარც შეეშინდება და აღარც გაბრაზდება, სულაც არ შეხედავს. ადამიანები ვისაც არ ენდომებათ არც დეპუტატობა და არც მინისტრობა, უბრალოდ არ დასჭირდებათ. მაგრამ, ჭკუის კოლოფ პოლიტიკოსებს ერთი კარგად შეუკურთხებენ, როდესაც ისინი სულში ჩაუძვრებიან. პოლიტიკური ამბიციით შეპყრობილი მანიაკები კი სწორედ ასეთ ადამიანებს დაეკითხებიან ჭკუას და სანამ ერთხელ გასჭრიან შვიდჯერ დაფიქრდებიან იმ თავისუფალ კაცს ნეტა ეს როგორ მოეწონებაო.

აი, როგორც სიერა ლეონეშია ”სიკრიტ სოსაითი”, ცალკე ქალებისა და ცალკე კაცების, ბონდო და პორო, ტრადიციის და საღი აზრის სადარაჯოზე. არც ერთი თავმოყვარე წევრი ”სიკრიტ სოსაითისა” არც კი გაიხედავს მანდატებისაკენ, მაგრამ ვისაც ეს პოლიტიკური მანდატები უნდა, მათი კურთხევა თუ არ მიიღო ვერას გახდება. აბა ბიჭია და მერეც შეეშალოს რამე.

ეხლა მეტყვით, მოინდომე კარგი ცხოვრებაო. რას იზამ, ვოცნებობ ხანდახან, მითუმეტეს აფრიკაში.

* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო დავიმარტოხელე. კომპიუტერთან მოვიხმე და დიდ ეკრანზე ვაჩვენე ბათუმის ”პიშევიკზე” დადგმული მოტრიალე ქალი და კაცი.

-         ნახე მომო! მოგწონს?
-         რა დიდებია სერ! რისგან არის, ვერცხლისგან? რა მდიდრები ხართ, სერ!
-         არა, უჟანგავი ლითონისგან!
-         ვინ არიან ესენი, ღმერთები?

რა ვიცი მომო, მგონი ერთი ქართველია და მეორე აზერბაიჯანელი. რომელი რომელია?



თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
11 ნოემბერი 2010 წელი

No comments:

Post a Comment