Friday, December 17, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (26) - სამზადისის სამზადისი

სამზადისის სამზადისი

მალე შობა, ახალი წელი მოდის და ფრიტაუნშიც შესაბამისად იგრძნობა ზარ-ზეიმის მოახლოება. თანაც ჩვენგან განსხვავებით, სიერა ლეონელებს შობა ნამდვილ 25 დეკემბერს აქვთ და ახალი წელი კი 1 იანვარს, თანაც ერთი შობა და ერთი ახალი წელი, ყოველგვარი დუბლირების გარეშე.

ზამთრის სუსხისა და თეთრი ფანტელებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ აქა იქ გაჩნდა მორთული ნაძვის ხეები (საიდანღაც შემოტანილი და პლასმასის) და ამ პაპანაქება სიცხეში განსაკუთრებით სულელურად მომზირალი სანტა-კლაუსები.

ქვეყნის მუსლიმანი მოსახლეობა ისეთივე ხალისით ემზადება ქრისტეშობის შესაგებებლად, როგორც ყველა დანარჩენი, და იმედიანად ელოდება ”ქრისმასის” საჩუქრებს.

მზე ისევ ისე მხიარულად ანათებს, ოკეანის ნაპირი ოქროსფრად ბზინავს და ცისფერი ტალღები კი ჰორიზონტამდე ავსებენ სივრცეს. მაგრამ, აქაურ შობა, ახალ წელზე შემდეგ გიამბობთ, იქნებ ცოტა აცივდეს, ჯერ ცოტა ადრეა..

ეხლა კი ჯერ მზადებისათვისაა მზადება. ჩვენი კომპანიის PR მენეჯერი მოვიდა და დასასაჩუქრებელი ხალხის უშველებელი სია მოიტანა. მთავრობის წევრები, სხვა კომპანიების წარმომადგენლები, საბელადოების ლიდერები, ჩვენი თანამშრომლები, მეგობრები, კეთილისმსურველები, ბანკირები და ვინ იცის კიდევ ვინ. ყველასათვის კონვერტი, ღია ბარათი და ჩამოწიკწიკებულია ვის ფულად ვის ნივთად და ვის ორივე. რა ბიუჯეტი გაუძლებს არ ვიცი.

-         კი მაგრამ, შარშან ამდენი არ იყო?!
-         აბა მე რისთვის ვარ, ამ ერთ წელიწადში მეტი ხალხი დავიმეგობრეთ, დავიახლოვეთ...
-         მაშ მომავალ წელს?
-         ვერ გავიგე? ქრისმასია! არ გიხარიათ ხალხის გახარება?!
-         გვიხარია, როგორ არა, მაგრამ...
-         მოკლედ ესეა საჭირო, ჩემს ფუნქციებში ნუ ერევით...

მოკლედ მოგვიჭრა. რაც მთავარია თვითონ უხარია ამ უთვალავი კონვერტის დარიგება და ერთი სული აქვს, როდის შეუდგება.

-         კი მაგრამ ”ქრისმასი” ხომ 25 - შია?
-         მერე, 20-მდე უნდა ყველაფერი დარიგებული იყოს, აბა მერე ვინღა იქნება სამსახურში?

ისე, ჩვენს PR მენეჯერს დაეჯერება. ერთ-ერთი უკორუმპირებულესი ქვეყანაა სიერა ლეონე, ქრთამის და საჩუქრის გარეშე არაფერი კეთდება. თან ამას ისეთი ლამაზი და ჩვეულებრივი ფორმა აქვს მიცემული, რომ ლამის არ იმალება და დანაშაულად კი არა, ტრადიციად ითვლება. მაგრამ ერთი თავისებურება კი აქვს, რასაც სულ გვიჩიჩინებენ აქაურები. როცა, გაგიჭირდება ქრთამი მაშინ კი არ უნდა მიიტანო. არავითარ შემთხვევაში! წინასწარ უნდა განსჭვრიტო ვინ შეიძლება დაგჭირდეს და მანამდე, სულ არაფრისთვის უნდა აახლო მცირედი. ისე, მეგობრობისათვის, ვითომ კი არაფერი მინდა, უბრალოდ კაი კაცი ხარ და იმიტომო.

გაგიკვირდებათ და, ბოლო გაიძვერა ჩინოვნიკიც კი აფასებს ამას. და თუ მართლა ”დამეგობრებული” ხარ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, რეალურ ”პრობლემას” სულ რაღაც კაპიკებში გიწყვიტავს, ასე ვთქვათ ”თვითღირებულებით”. ხანდახან ნისიადაც კი გამოხვალ, ნდობაზე, თუკი გიჭირს. მეგობრობა, მეგობრობაა.

აი სად ჭედავენ ხოლმე ევროპელები. როგორც წესი ეს გულითადი, წინასწარი ფულის ფანტვა არ ესმით. ასე ამბობენ ყაბულსა ვართ გადახდაზე, მაგრამ ჯერ საქმე გააკეთონ და მერე გადავიხდითო. ნურას უკაცრავად, უნდა ნახოთ როგორ ელოდებიან ასეთ ”არამეგობარ” ბიზნესმენებს და რა სიამოვნებით წეწავენ! აბა ეს უგუნური თეთრი კაცები რისთვის არიან?

სად ”ქრისმასი” და სად კორუფციაო, იტყვით! მაგრამ, სწორედ ასეთ დროს გამოჩენილი ყურადღება და მცირე საჩუქრები ”დაშაქრავს” მომავალ კორუპციულ გარიგებებს, ფასით გაამეათედებს და საერთოდ კორუფციაც გაქრება, ”მეგობრობაში” და ტრადიციულ ურთიერთგატანაში გადაიზრდება. ასეა ბატონო, ცოდნა უნდა ყველაფერს. აბა, ქართველებს ”მოსაკითხის” და ”მისასვლელი პირის” რა ახსნა განმარტება გვჭირდება.

-         კანონი და წესი იმათთვის არის, ვისაც ჩვენი ესმის და ტრადიციებს პატივს ცემსო - ასე ამბობენ აქაურები.

მოკლედ არგუმენტები ქვას ხეთქავს, აუცილებელი ხარჯია, ვერსად წაუხვალ.

სამზადისის სამზადისი ქალაქის ქუჩებშიც იგრძნობა. მანქანებისაგან ისედაც გადატვირთულ ფრიტაუნის ვიქრო ქუჩებში გავლა პრაქტიკულად შეუძლებელია. რაღაც გასამმაგებული ენერგიით მოძრაობენ, შესაბამისად გადაადგილების ტემპი ორჯერ დაეცა. თანაც აქ ტროტუარს და ფეხით მოსიარულეთა ზონას არავინ არ ცნობს. აქ ტროტუარებზე ათასგვარი გასაყიდი ნივთია გადაფენილი, აქვე ათენებენ და ღამებენ გამყიდველები და მიდის ცხოველი ვაჭრობა. სავალი ნაწილი კი... კაციან, ქალიან, მანქანიან, საბარგოიანა ერთი და იგივე სივრცეში მოძრაობენ და ხორცისა და რკინის ერთიანი ცოცხალი მასა მიზოზინებს სადღაც, იქით აქეთ. მანქანები ძირითადად დგანან ან კუს ნაბიჯით მიიწევენ, მოტოციკლისტები და ფეხით მოსიარულენი კი მათ შორის დაძვრებიან.

თითქოს სადღაც შორიდან ყრუ გუგუნი ისმის, ”ქრისმასი” მოდის. ეს გუგუნი ნელ ნელა იმატებს და 24-ში ღამე იფეთქებს, კარნავალებით, მსვლელობებით, ქუჩის ორკესტრებით, ტამტამებით... მაგრამ ეს შემდეგ! ჯერ კი მზადების სამზადისია.

აქაურების მთელი ხიბლი კიდევ ის არის, რომ სამზადისი კი არის სამზადისი, მაგრამ თავისთავადი ღირებულება აქვს, ლამის ისეთივე, როგორც ”ქრისმასს”. სულაც არ ეჩქარებათ შობის დადგომა, ამ ეტაპიტაც სრულიად სერიოზულად ”კაიფობენ” და ბოლომდე ირგებენ. სამზადისს რომ ამოწურავენ, მერე ბუნებრივად გადავლენ შობაში და ეხლა იმას შეირგებენ უდარდელად. ჩვენ კი ხშირად აწმყოს არ ვაფასებთ და მხოლოდ მომავლის მოლოდინად ვაქცევთ ხოლმე.

აქაურ ”კრიოებს”, ძირძველ ფრიტაუნელებს, რომ მოუსმინო. ეხლანდელი ქრისტეშობა შობას აღარ გავს. აბა ადრე, ”გუუდ ოლდ კოლონიალ ტაიმს” რომ იყო, მაშინ უნდა გენახათ შობა. რა ფერები! რა დღესასწაული!

ეხლა კი რა? გაივსო ქალაქი ათასი გაუგებარი ხალხით. მთელი პროვინცია ფრიტაუნშია. არც წესი იციან, არც გემოვნება და ტაქტის გრძნობა აქვთ. გააბანძეს და გააუბრალოეს ყველაფერი!

ასე მოთქვამენ კრიოები და სინანულით აქნევენ თავებს.

-         თქვენს დროს ალბათ შობაზე თოვლიც მოდიოდა - გავეხუმრე ერთ მოხუც კრიოს

ამრეზით გადმომხედა, პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა. თვალებში ეწერა, თქვენ ველური და გაუგებარი ევროპელები დიდათ კი არ განსხვავდებით ამ ჩამოსული პროვინციელებისგანო. ალბათ, მართალიც იყო. აბა რა ხუმრობაა ეხლა ეს?! თანაც მისი ძვირფასი მოგონების გაბითურება. ვინ არის ეხლა ბითური?

მოკლედ ესეა, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. კიდევ უნდა გადავამოწმოთ, საჩუქრების სიაში ვინმე ხომ არ გამოგვრჩა, სამსახური მოსართავია გირლიანდებითა და ჭყეტელა ქაღალდებით, სურსათ სანოვაგე მოსამარაგებელია, ტელეფონის ბარათები შესაძენია (მერე აღარ იქნება) და ვინ მოთვლის კიდევ რა.

ასეა ბატონო, უთოვლო, უსუსხო, თბილი და ალერსიანი, მზიანი შობა, ახალი წელი მოდის სიერა ლეონეში.

ეხლა კი ჯერ სამზადისია.

დამდეგ ქრისტეშობამდე!


* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომოც აშკარად საშობაო საჩუქრის მოლოდინშია.

-         რა არის ეს მომო? ყველა ითხოვთ, ”კონვერტი” და ”კონვერტი”. რატომ არასოდეს ჩემი რიგი არ დგება და აქეთ არავის მოაქვს კონვერტი?
-         ეეე, კარგით რა სერ, რა ხასიათზე ხართ? ხანდახან ისე ლაპარაკობთ, უცხოს ერთი ძუნწი ევროპელი ეგონებით, არ გიცნობდეთ მაინც.
-         ხო არა, როცა გინდა ევროპელი ვარ და როცა გინდა არა..

მომომ თვალები ეშმაკურად მოჭუტა, ერთი ამოიოხრა და დააბოლოვა

-         სერ! ხომ ვიცი რამდენი კონვერტი დაარიგეთ. თუ ჩემი კონვერტი გადაგარჩენთ, ჯანდაბას, ეგრე იყოს.


თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
16 დეკემბერი 2010 წელი

No comments:

Post a Comment