Friday, January 28, 2011

აფროქართველის ჩანაწერები 2 (30) - კითხვებზე პასუხი

კითხვებზე პასუხი


სიტყვა სიტყვაა. წინა კვირას რომ დაგპირდით შეკითხვებზე გიპასუხებთ და თქვენი აფრიკელი კორესპონდენტი ვარ თქო, ზოგმა სერიოზულად მიიღო და იკითხა კიდეც.

”...როგორც ყველა აფრიკულ ქვეყანაში, ალბათ წერა კითხვის უცოდინრობა მანდ დიდი პრობლემაა, ბავშთა სიკვდილიანობაც, როგორ ზრდიან ბავშვებს და როგორია განათლების სისტემა?...”

აბა ჰე...

ჯერ თავიდან დავიწყოთ, ანუ დაბადებიდან...

საერთაშორისო ორგანიზაცია ”გადაარჩინე ბავშვები”: ”...სიერა ლეონე ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ცუდი ადგილია ბავშვის დაბადებისათვის. ყოველი მეოთხე კვდება ხუთი წლის ასაკამდე. გადარჩენილებიდან, ხუთიდან სამი ჩამორჩება ნორმალურ განვითარებას.. ყველაზე მეტი მშობიარე იღუპება დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 42 წელია. ბევრი ბავშვი ვადამდე ტოვებს სკოლას და ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება...”

აქ უნდა დასვა წერტილი და აღარ გააგრძელო. ხომ საუკეთესი რეკლამაა ტურიზმისთვის?!

გაეროს ანგარიშიდან: ”...ახალშობილს სიერა ლეონეში ხუთ წლამდე გადარჩენის  მსოფლიოში ყველაზე ნაკლები შანსი აქვს, მხოლოდ ანგოლა და ავღანეთი თუ შეედრება...”

როგორც ხედავთ საუკეთესო ადგილია სააგარაკოდ, ზაფხულობით ბავშვები თუ გინდათ რომ ზღვაზე დაასვენოთ, მობრძანდით. განსაკუთრებით ხუთ წლამდე.

ხალისიანი დასაწყისი გამომივიდა, მაგრამ, მთლად ესეც არ არის საქმე. არც ყოველთვის ყოფილა. 90-იანი წლების სამოქალაქო ომამდე სულ სხვა სიტუაცია იყო და ეხლა ნელ-ნელა მაინც სწორდება.

საშინელმა, სასტიკმა ათწლიანმა სამოქალაქო ომმა მზიმე დაღი დაასვა ქვეყანას. მოშალა ყველანაირი ინფრასტრუქტურა. 1200-ზე მეტი მარტო სკოლა დაინგრა და გაპარტახდა. დაინგრა საავადმყოფოები და სამკურნალო დაწესებულებები. ათი ათასობით ბავშვი დაობლდა, დასახიჩრდა. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი, რაც მოხდა, ის იყო რომ ”რებელები” (აჯანყებულები) ბავშვებს მასიურად იყენებდნე ჯარისკაცებად, საზარბაზნე ხორცად. ურიგებდნენ იარაღს და ნარკოტიკებს. ძალიან ბევრი არასრულწლოვანი დაიღუპა, ვინც გადარჩა ამ ჯოჯოხეთს, თქვენ განსაჯეთ რა დღეში იქნება.

მანამდე კი...

სიერა ლეონე განათლების პიონერი იყო საჰარის ქვედა აფრიკაში. პირველი უნივერსიტეტი 1827 წელს გაიხსნა. დღესაც არსებული ბიჭების სკოლა, ცნობილი ”გრამატიკის სკოლა” 1845 წელს დაარსდა, ხოლო პირველი გოგონათა სკოლა, ”ანა უოლშის მემორიალური სკოლა”  1849 წელს ჩამოყალიბდა. ქვეყანას ”დასავლეთ აფრიკის ათენი” შეარქვრეს და მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრიდან აქ მზადდებოდნენ, ლამის მთელი აფრიკისათვის, მასწავლებლები, ადმინისტრატორები, ინჟინრები... მოკლედ ალმასებთან ერთად სირა ლეონე განათლებული ხალხის საბადოდ გადაიქცა.

ხედავთ როგორი კონტრასტებია?

განათლებისადმი დამოკიდებულების კარგი მაგალითია სერ მილტონ მარგაის, სიერა ლეონეს პირველი პრემიერ მინისტრის ცხოვრება.

სერ მილტონ აუგუსტუს სტრიები მარგაი (1895 – 1964). დაიბადა გბანგბატოკეში, ბანტას ჩიფდომში, მოიამბას რეგიონში. დაწყებითი განათლება, იქვე, სოფლის სკოლაში მიიღო, ფრიტაუნის ალბერტ აკადემიაში გააგრძელა. ხარისხი ცნობილ ფორაბეი კოლეჯში დაიცვა 1921 წელს. შემდეგ ინგლისში გაემგზავრა, დურჰამში, სამეფო კოლეჯში ისწავლა და 1926 წელს ექიმი გახდა.

ასოციაციებს ვერსად გავურბივარ. 1921, 1924, ... სერ მილტონ მარგაი მეცადინეობს, შორეულ საქართველოში კი კოჯრიდან მეთერთმეტე არმია შემოდის და შემდეგ კი მეთოდურად ჟუჟავენ ყველას, ვისაც რაინდის წოდება აქვს ან განათლებული ადამიანია...

მილტონ მარგაი სიერა ლეონეში დაბრუნდა. დაარსა სკოლა, ჩამოაყალიბა წერა-კითხვის გავრცელების პროგრამა. შექმნა ჰიგიენისა და ბავშვთა მოვლის სპეციალური კურსები. მხარს უჭერდა ქალთა საიდუმლო საზოგადოება ”სანდე”-ს განვითარებას, ქალთა განათლების და დასაქმების პროქტებით. ჩამოაყალიბა ქალებისათვის ექთნების სასწავლებელი.  ეს სერ მილტონის დამსახურებების მცირე ჩამონათვალია.

ინგლისის დედოფალმა რაინდობა უბოძა და სერ მილტონ მარგაი ბოლოს სიერა ლეონეს პრემიერ მინისტრი გახდა.

ასოციაციები. ილია ჭავჭავაშე ვერ გახდა საქართველოს პრემიერ მინისტრი. ილია საგურამოს გზაზე ქართველებმა მოკლეს.

სიერა ლეონეში კი სერ მილტონი არ იყო ერთადერთი ან გამონაკლისი. კიდევ ჰყავდათ ამგვარი ბატონები. იმედია კიდევ მოგითხრობთ.

90-იან წლებში განათლების ტრადიციული ინგლისური სისტემიდან ქვეყანამ გადაწყვიტა გადასულიყო თანამედროვე ყაიდაზე. ეხლა ეგრედ წოდებული 6-3-3-4 მოქმედებს. ექვსი წელი დაწყებითი სკოლა, სამ-სამი საშუალო და დამამთავრებელი სწავლება, ხოლო ოთხი წელი უმაღლესი განათლება და ხარისხი.

ეტყობა სკოლების შენობების დანგრევასთან ერთად ომმა ტრადიცია ბოლომდე ვერ ამოძირკვა. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში დაარსებული უნივერსიტეტი გადარჩა. ხალხი განათლებას მოწყურებულია, აშკარად სჩანს, რომ ბოლოს მოიკლებენ, ოღონდ შვილები სკოლაში წაიყვანონ.

დილაობით, როცა სკოლა იწყება და ნაშუადღევს, როცა სკოლა მთავრდება, ფრიტაუნის ქუჩებში ფრიად სახალისო მოვლენას დააკვირდებით. ქუჩაში ჯგუფ-ჯგუფად მოდიან ხოლმე სხვადასხვა ასაკის ბავშვები. სკოლისაკენ ან სკოლიდან. ყველა სკოლას თავისი, გამორჩეული სამოსი აქვს. სხვადასხვა, როგორც წესი ხასხასა ფერის. უნდა ნახოთ რა სანახავი არიან პატარა, სხვადასხვა ფერებში კოხტად გამოწყობილი შავტუხა ბავშვები, განსაკუთრებით პატარები. თანაც საოცარ თვალშისაცემ კონტრასტს ქმნის ხშირად დაულაგებელი, მტვრიანი ქუჩა და გაკრიალებული, გახასხასებული ბავშვები. მუქი ფეხსაცმელი, თეთრი წინდები, მწვანე კაბა და ქათქათა თეთრი პერანგი. ან სხვა კომბინაცია, სკოლი მიხედვით. სულ ის მიკვირს ხოლმე, კარგი დილას ესე მიდიან, მაგრამ ასევე მოწესრიგებულები სკოლიდან როგორ ბრუნდებიან?! მოკლედ, ამას კარგად ვერა ვყვები, ნამდვილად სანახავია. ჩვენი სკოლა მახსენდება, ზარი რომ დაირეკებოდა და სიჩუმე რომ ერთბაშად აფეთქდებოდა. გახსოვთ სკოლის დერეფანში როგორი ყიჟინა იდგა ან რა ხდებოდა! მონგოლ-თათართა შემოსევა გეგონებოდა.

ოფიციალურ, სახელმწიფო განათლების სისტემასტან ერთად, სიერა ლეონეში ძალიან ძლიერია ტრადიციული აღზრდის კულტურა. ქვეყანაში მშვიდობიანად თანაარსებობს სახელმწიფო ადმინისტრაცია თავის ჩინოვნიკებით და ტრადიციული ჩიფდომები ბელადების მეთაურობით. ქალაქში იმდენად არა მაგრამ რეგიონებში ძირითადი მმართველი მაინც ბელადია. გამოსავალი ესეთი ნახეს, საბელადოები და მთავრობა მოლაპარაკებულია. ერთმანეთთან კოორდინაცია სავალდებულოა. მაგალითად თუ რომელიმე ჩიფდომის ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებას ან ლიცენზიას მთავრობიდან იღებ, იქვე გეუბნებიან რომ აუცილებლად უნდა მოელაპარაკო ბელადს და მისი დასტურიც მიითო თორემ ლიცენზია ფარატინა ქაღალდად დაგრჩება. ბელადები აშენებენ გზებს, სკოლებს, სამკურნალოებს... ბელადებს თავისი ადგილი აქვთ პარლამენტში.

ბავშვებთან და განათლებასთან კი ამას აი რა კავშირი აქვს.

ჯერ ბავშვები. სირა ლეონეში ცალკე თემაა ბელადების შვილები. ბელადს როგორც წესი უამრავი ცოლი ყავს. ეს უფლება ნახევრადოფიციალურად აღიარებულია, უბრალოდ ამას არავინ არ არჩევს. როგორც შედეგი ყველა ბელადს უამრავი შვილი ყავს, რამდენიმე ათეული მაინც. საინტერესო სანახავია, შედიხარ სოფელში და აშკარად ატყობ რომ რაღაც უცნაურობაა, მხოლოდ ქალები და ბავშვები არიან. ეს ბელადის ცოლების კომპაქტური დასახლებაა. ასეთი ”სოფელი” ბელადს რამდენიმე აქვს. როგორც წესი უფროს შვილებს ბელადი ჯერ კიდევ უვლის და განათლებას აძლევს ხოლმე, მომდევნოები და უმცროსები კი იჩაგრებიან, მათთვის არც დრო, არც ნერვები და არც სახსრები ჰყოფნით ხოლმე. ზოგიერთი ისე იზრდება, ბელადი მამა საერთოდ ნანახიც არა ჰყავს. ასეთი ბავშვები განსაკუთრებით ცოდოები არიან, თან ბელადის შვილია და თანაც უპატრონო.

ისე, ყველაფერი ინდივიდუალურია და ბელადს გააჩნია.

განათლება კი. ბელადები მხარს უჭერენ საიდუმლო საზოგადოებების განვითარებას. როგორც წესი ქალებისა ”სანდე”, კაცებისა კი ”პორო”. ეს საზოგადოებები სწორედ ის ადგილია სადაც ტრადიციის შენახვა და პატარების გაზრდა ხდება. მკაცრი წესები, უმკაცრესი იერარქია, ვარჯიშის და ცოდნის გადაცემის ადათი. ეს საზოგადოებებია აფრიკული ტრადიცის საყრდენი. სხვა აფრიკულ ქვეყნებში ვიცი, რომ დაუპირისპირდნენ საბელადოებსაც და საიდუმლო საზოგადოებებსაც, ფაქტიურად მოშალეს და გაანადგურეს ისინი. მაგალითად მეზობელ ლიბერიაში. სიერა ლეონეში კი პირიქით, ურთიერთობისა და თანამშრომლობის გზით წავიდნენ. სამოქალაქო ომის დროს, სწორედ ”რებელები” ებრძოდნენ ბელადებსა და ბელადების ინსტიტუტს. საბედნიეროდ ვერ დაანგრიეს. ტრადიციამ იძალა.

არ ვიცი ამის მიზეზია თუ არა, მაგრამ აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს. არაჩვეულებრივად იციან უფროს უმცროსობა. უფროსის რიდი და უპირატესობა აღიარებულია. ასაკის იერარქია მოქმედებს და ეს კარგია. ჩემთვის ნამდვილად. ქვეყანაში სადაც სიცოხლის საშუალო ხანგრძლივობა 42 წელია, შენ კი 50-ს მიატან, უკვე საპატივცემულო ბრძენ მოხუცებში გადადიხარ და შესაბამის მოპყრობასაც მოითხოვ!

ესეც ასე. პირობა შევასრულე და თქვენი კორესპონდენტობა გავწიე. რა გამოვიდა თქვენ შეაფასეთ. თუ რამე კიდევ გაინტერესებთ, მკითხეთ.

24 საათის WEEKEND – საიტზე. www.24saati.ge რომ გახსნით, იმედია ყველაფერში თვითონ გაერკვევით

აფროქართველის ბლოგზე - http://www.afrogeorgian.blogspot.com/

ან წერილი, კონვერტი და 24 საათის რედაქციის მისამართი.


* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ცვლილებებისათვის ემზადება. ახალ სახლში, სხვა უბანში გადავდივართ.

-         სერ, ჯერ მე დავათვალიერებ ყველაფერს, მივდგებ მოვდგები, მეზობლებს გავიცნობ...
-         რა ხდება, მომო?
-         არაფერი სერ. ამ სახლს რომ იღებდით ხომ არაფერი მკითხეთ. ეხლა მაცალეთ და სანამ მე არ გეტყვით ნუ დათანხმდებით. მარტო აგურები და ღობე ხომ არ არის. ვინ ცხოვრობს გარშემო, როგორი ბავშვები არიან, ბელადი ვინ არის. ხო გჯერათ ჩემი?
-         მიდი, მომო.


თორნიკე ბერიშვილი

ქ.ფრიტაუნი
27 იანვარი 2011 წელი

No comments:

Post a Comment