Friday, January 21, 2011

აფროქართველის ჩანაწერები 2011 - 1 (29), შეთანხმებები და მომოს წერილი

შეთანხმებები და მომოს წერილი


ესეც ასე, დადგა 2011 წელი! თქვენ წარმოიდგინეთ აქაც, აფრიკაშიც 2011 წელი დადგა, ოღონდ აქ ერთბაშად დაგდა, 1 იანვარს უკვე 2011 წელი იყო. ანუ 31 დეკემბერს ჯერ კიდევ 2010 იყო და 1 იანვარს კი უკვე 2011. ხომ არის საკვირველი? ეს იმიტომ რომ ამ დროს აქ, აფრიკაში ქრისტე უკვე დაიბადა.

ჩვენთან კი, ამჯერად საქართველოს ვგულისხმობ, 2011 ჯერ კიდევ არ დამდგარა წესიერად, ახალი წლის მოსვლა და საბოლოოდ დამკვიდრება უცნაურ, გაწელილ პროცესად ჩამოყალიბდა და უკვე მრავალი წელია ესე გრძელდება. მაგრამ იმედია ჩვენც გვეშველება, დადგება 14 იანვარი და ახალი წელიც საბოლოოდ მოვა, მოისვენებს და ჩვენც მოგვასვენებს.

ასე რომ, გილოცავთ ახალ წელს!

ფრიტაუნი ნელ ნელა დგება კალაპოტში და ცხოვრებაც ჩვეულებრივ რიტმს და სიჩქარეს უბრუნდება. წამსვლელები მიდიან, ჩამომსვლელები ბრუნდებიან, ქალაქი დამშვიდდა და შედარებით ამოისუნთქა. აღარ არის ქუჩაში კარნავალები, კოსტუმირებული მსვლელობები, ტამტამები და ქუჩის ორკესტრები. ყველა ცოტა დაიღალა და დაწყნარდა. ვიტრინებიდან ჩამოხსნეს გირლიანდები და გაიტანეს აფრიკული სიცხისაგან გათანგული თოვლის ბაბუები.

ერთ საინტერესო ამბავსაც გაგანდობთ. საქართველოში იმიტომაც სრულდება ახალი წლის მოსვლის რთული პროცესი, რომ 14 იანვარს გაზეთ 24 საათის WEEKEND - ის 2011 წლის პირველი გამოშვება გამოდის, აი სწორედ ის, რომელიც ეხლა ხელთა გაქთ და კითხულობთ კიდეც. ეს კი ნიშნავს რომ ახალი, 2011 წელი მართლაც დადგა, უტყუარი ნიშანია.

აფრიკაში კი არც ”24 საათი” აქვთ და არც WEEKEND - ი. ასე რომ ახალი წელიც მოდის მარტივად, სწრაფად და 2 იანვარს რომ ბედობაა ისიც კი არ იციან. ისე, ამბობენ ნამდვილი ბედობა 15 იანვარს არისო. ეს კიდევ რა გამახსენდა?! მოდი ესე შევთანხმდეთ, ამჯერად 15 იანვარი შაბათია, მაინც დასვენება იყო. ყოველი შემთხვევისათვის ისე მოიქეცით, რომ კარგი ამბები დაგებედოთ, თორემ მართლაც ვინ იცის? შემდეგ კვირაა. ჯანი გავარდეს, ორშაბათიდან  ხომ უკვე ნამდვილად უნდა დაიწყოს ნორმალური ცხოვრება? ასე რომ, წელს ახალი წელი 17 იანვარს დაიწყება. შევთანხმდით!

WEEKEND - ის გამოსვლა კი იმას ნიშნავს, რომ ყოველკვირეული აფრიკული ამბები განახლდება. აფრიკაში საინტერესო ამბებს და ჩვენთვის უჩვეულოს რა დალევს, მეც მოგიყვებით სანამ არ მოგბეზრდებათ.

ისე უჩვეულოც არის და უჩვეულოც. თავიდან, რომ ჩამოვედი, ეს იყო დიდი ხნის წინ, ყველაფერი მეუცნაურებოდა და მაოცებდა. გაფაციცებით ვაკვირდებოდი და ვისრუტავდი ყველაფერს. ეხლა კი ბევრი რამ ჩვეულებრივი გახდა ჩემთვის, ამას უფრო კარგად ვხვდები, როდესაც ვინმე ახალჩამოსულის რეაქციებს ვაკვირდები. თურმე, რაც ჩემთვის ყოველდღიური და ჩვეულებრივი გახდა მისთვის საინტერესო და საკვირველია.

პირველ ხანებში ადგილობრივებს ძლივს ვარჩევდი ერთმანეთისაგან. სუყველა ერთი სახისა მეგონა, სახელებიც ხშირად მერეოდა და უხერხულ სიტუაციაშიც ვვარდებოდი. 

ქართველები სულ სამნი ვიყავით, ერთხელაც დავაკვირდი რომ აქაურები ხშირად ჩვენს სახელებს ურევენ. არაერთხელ უკითხავთ, შენი ძმები სად არიანო. ბოლოს გამოვიკითხე, დამაინტერესა რა ხდება. იცით რა პასუხი მივიღე? ეს ქართველები ისე გავხართ ერთმანეთს ვერ გარჩევთ, ამიტომ ძმები გვგონიხართ, სახელებიც იმიტომ გვერევა. ჩვენი ბრალი ხომ არ არის, ასე ერთნაირები როგორ გამოხვედითო! უნდა გითხრათ, ის სამი კაცი, თავიდან რომ ვიყავით, ტყუპები ნამდვილად არა ვართ.

ეხლა იცოცხლე, ერთმანეთში როგორ ამერევიან აქაურები? ეგ კი არა ნაკვთებით იმას გეტყვით, რომელი ტომიდან არის. ლაპარაკს და კილოს თუ მოვკარი ყური, ხომ შეცდომის შანსი აღარ დარჩება. აბა მითხარით, უშგულელი სვანი, ვორონცოველი თბილისელი, გურჯაანელი კახელი ან გურული ჩოხატაურიდან აგერევათ ერთმანეთში?

ამას იმიტომ ვამბობ და თავი შეგაწყინეთ, რომ რაც თქვენთვის საინტერესოა, ის ჩემთვის ჩვეულებრივია. ხანდახან ისეთი ამბავი მოეწონება ხოლმე მკითხველს, რომ მხოლოდ მერე მახსენდება, ეს ხომ თავიდან ჩემთვისაც უცნაური იყო.

ამიტომ მინდა შეგითანხმდეთ. როგორმე გამაგებინეთ რა გაინტერესებთ ამ დალოცვილ აფრიკაში, იქნებ რამე კონკრეტული გინდათ გაიგოთ. ბუნება, ფლორა და ფაუნა, საჭმელი და კერძები, ადათები, აქაური ზღაპრები, პოლიტიკა, ბელადები, ისტორია და ვინ იცის კიდევ რა. ჩათვალეთ რომ თქვენი პირადი, როგორც ამბობენ ”საკუთარი” კორესპონდენტი გყავთ დასავლეთ აფრიკაში და მეც გპირდებით, ერთგულად გემსახურებით. გავაბათ აფრიკულ ქართული საუბარი. დამხმარე, მეგობრები და ინფორმაციის პირველწყარო, დამერწმუნეთ ბევრი მყავს. ხალისიანი ხალხია და ტყუილ-მართალს არ დამამადლიან.

დაკავშირება კი ჩვენს დალოცვილ 21-ე საუკუნეში, იცოცხლე, მარტივია. ვინც ინტერნეტს მიეჩვიეთ, მისამართებს გეტყვით, ამოირჩიეთ.

გაზეთ 24 საათის საიტი - http://www.24saati.ge/ - აბა სცადეთ. მარჯვენა ზედა კუთხეში შავად ეწერება WEEKEND. იმას რომ დააწვებით, თავად WEEKEND -ი გაიხსნება, თანაც არა მარტო ახალი, ძველ გამოცემებსაც ნახავთ, უამრავ საინტერესოს წაიკითხავთ. თუ აფრიკულ ამბებს ჩაუკირკიტებთ, ბოლოში კომენტარის დატოვების საშუალება იხსნება. აი სწორედ იქ შეგიძლიათ თქვენს პირად აფრიკულ კორესპონდენტს მისცეთ განკარგულება, ერთი ესა და ეს ამბავი გვაინტერესებს და გაგვირკვიე თუ ძმა ხარ. თქვენი აზრები და შთაბეჭდილებებიც არ იქნება ურიგო.

აფროქართველის ბლოგი - http://www.afrogeorgian.blogspot.com/ - ამას თუ გახსნით ჩემი ბლოგი გაიხსნება, სადაც ყველა აფრიკული ამბავია თავმოყრილი. აქაც ბოლოში კომენტარები და სურვილები შეიძლება დაიდოს და თქვენი კორესპონდენტი დაასაქმოს.

ფეიბუკის მეგობრები, ფრენდები ხომ ისედაც ”აკომენტებენ”.

ყველაზე ნაღდი და გამოცდილი კი, 24 საათის რედაქციასთან დაკავშირებაა. ბოლოს და ბოლოს ტრადიციული გემრიელი წერილი კონვერტში და რედაქციის მისამართზე გაგზავნა. ნეტა ფოსტა როგორ მუშაობს? რა მაგარი იქნება!

მოკლედ, მე და ჩემი მეგობრები: პოლიციელი მომო, პოლიტიკოსი დოქტორი ბაბა კონტე, ლოა ბამბარას პარამაუნტ ჩიფი, მძღოლი ამარა ტომბოიაკე, ბელადები, ტყის მჭრელები, დურგლები, იურისტები, ბიჩ-ბოები და სხვა ბევრი კეთილი მოხალისე ვიღებთ შეკვეთებს. რა გაინტერესბთ აფრიკის შესახებ ჩემო ბატონო? ბრძანეთ. პასუხები იქნება პირველწყაროდან.

ეხლა კი სიერა ლეონეში ”ჰამატანია”. ყოველ დეკემბრის ბოლოს იწყება და სადღაც თებერვლამდე გასტანს. ეს საჰარის უდაბნოდან მობერილი ქარია, რომელსაც ქვიშა მოაქვს. თითქოს მზიან დარში, ცა რაღაც უცნაური ჩრდილით არის დაფარული. მზეც ისეთი მწველი არ არის და თითქოს ყველაფერს ფერი აქვს შეცვლილი. ქუჩაში კი ხილის დახლები სავსეა - ანანასი, მანგო, ქოქოსი, ბანანი. ვის რა გიყვართ?


* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო საგანგებოდ მელოდებოდა.

-         რა ხდება მომო? მშვიდობაა?
-         დიახ სერ! უბრალოდ წერილი მინდა გადმოგცეთ.
-         ვისთვისაა, ჩემთვის?
-         დიახ სერ! ოღონდ მარტო თქვენთვის არა, ქართველებისთვის. უკვე რამდენი ნაცნობი მყავს ქართველი, თქვნ, მამუკა, ავთო, ნინო, ნუკრი, ზურა, მალხაზი, გურამი, ალეკო... ხოდა მინდა ახალი წელი მივულოცო.

მოკლედ, მომოს ღია წერილი გამოუვიდა ქართველებისადმი. აი ეს წერილიც. დედანი სჯობს, თარგმანისთვის არ დამზრახოთ...

”... ჩემო ქართველო ფრენდებო,

მე პოლიციელი მომო ვარ, მისტერ თორნიკესთან რომ ვმუშაობ ღამის სეკიურიტად. არა, პოლიციაშიც ვმუშაობ, მაგრამ პოლიციაში ხელფასს ხანდახან აგვიანებენ, რაღაც გაუთავებელს მიქვითავენ. მისტერ თორნიკე კი ხელფასს არასოდეს აგვიანებს, ფანრის ბატარეების და ტრანსპორტის ფულსაც დროზე იძლევა. ეს ძალიან კარგი თვისება გაქვთ ქართველებს, დროზე იხდით რაც გადასახდელია.

მისტერ თორნიკე რომ მიდის ხოლმე სიერა ლეონედან, სულ მიკვირს უკან რომ ბრუნდება. არა, კარგია რომ ბრუნდება, უბრალოდ მეშინია ერთხელაც მობეზრდება და აღარ ჩამოვა. ისე, ეტყობა კარგი კერპი და ჯიუტი ვინმეები ხართ, აბა თქვენი დაწყობილი და საოცნებო ქვეყნიდან ამდენ ხანს კაცი რომ სიერა ლეონეში გაჩერდება...

მინდა საქართველოში ჩამოვიდე, ცოტა ხანს იქნებ მანდ ვიმუშავო. არ მიმიღებენ პოლიციაში? მე ხომ გამოცდილი ვარ. ისე ვიცი გამიჭირდება, ქართველები ხომ დაგვიანებას ვერ იტანთ, ყველაფერი დროზე გინდათ...

სულ მიკვირს, მისტერ თორნიკე რომ ნერვიულობს ხოლმე. ვეცადე, მაგრამ ვერ ავუხსენი, რატომ უნდა გაკეთდეს დღეს ის, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს ხვალ? რაც არ გამოდის, გადავიტანოთ ხვალ, უარს ხომ არ ვამბობთ?

არა, ალბათ ისევ სჯობს პენსიაზე რომ გავალ, მერე ჩამოვიდე. გადმოვიტან ჩემს პენსიას საქართველოში და ის მაინც მეცოდინება რომ არ დამიგვიანებენ.

ფრიტაუნში ახალი წელი დადგა, მითხრეს საქართველოში ორი ახალი წელიაო. ცოტა თვლა ამერია, ორი როგორ არის? უკვე 2012 ია? მაგრამ ორი სჯობია ერთს და რადგან შუაგულ ევროპაში, საქართველოში, ესეა, ალბათ ეგრე სჯობს.

მე ძალიან მიყვარს ქართველები. ასე რომ, ორჯერ კი არა რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ მოგილოცავთ ახალ წელს!

ჩემო ქართველო ფრენდებო, არ დაივიწყოთ სიერა ლეონე, არ გაბრაზდეთ როცა რამე არ მოგეწონებათ... ეს ხომ აფრიკაა!

პატივისცემით, მომო....”


თორნიკე ბერიშვილი

ქ.ფრიტაუნი
13 იანვარი 2011 წელი

No comments:

Post a Comment