Friday, February 11, 2011

აფროქართველის ჩანაწერები 4 (32) - მამმი იოკო

მამმი იოკო

სიერა ლეონეს დედაქალაქი, ფრიტაუნი, ქვეყნის დასავლეთ წვერზე ატლანტიკის ოკეანეში შეჭრილ ნახევარკუნზულზეა. უფრო სწორედ ამ ნახევარკუნზულის ყველაზე დასავლეთ ნაპირზე. თავად ფრიატაუნის ყველაზე დასავლეთი წერტილი კი, დიდი ნახევარკუნზულის წვერი, აბერდინის პატარა ნახევარკუნძულია.

აბერდინის ნახევარკუნზული ფაქტიურად ერთი გრძელი სანაპიროს ზოლია, ოქროსფერი ქვიშით, ქვიშის უკან მოასფალტებული გზით, იმ გზის გადაღმა კი ბარებით, სასტუმროებით და ფრიტაუნის გოლფკლუბით.

ამ სანაპიროს ერთ ერთი საუკეთესო ადგილი მამმი იოკოა. მამმი იოკო დიდი შემოღობილი ბაღნარია, შიგნით სასტუმრო დგას. ამ სასტუმროს პატრონი ხნიერი ტეხასელი ამერიკელია. უკვე დიდი ხანია სიერა ლეონეში საქმოსნობს. ეს გადასარევი ადგილი და სასტუმროც უკვე დიდი ხნის წინ დაუსაკუთრებია, ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლების სამოქალაქო ომამდე. თავიდან სამი ძმა იყვნენ.

გაცხარებული სამოქალაქო ომის დროს, ”რებელები”, აჯანყებულები, ფრიტაუნს მოადგნენ და ნახევარი ქალაქი დაიკავეს. ვისაც კი შეეძლო ყველა გაიქცა ფრიტაუნიდან.

ტეხასელი, რის ტეხასელი იქნებოდა, თავისი ქონება მიეტოვებინა. თითონაც დარჩა, ამერიკიდან ძმები ჩამოცვივდნენ საშველად, ადგილობრივი თავისი ხალხიც შემოიკრიბა და ”მამმი იკოში” გამაგრდა. სასტუმროს ტერიტორია ალყაში მოექცა. ტეხასელები გაჯიქდნენ, არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავიდნენ. გახარბებულმა აჯანყებულებმა, აქაოდა მილიონერი ამერიკელები ჩაგვივარდნენ ხელშიო, მოთმინება დაკარგეს და შეტევა დაიწყეს. ბოლომდე იბრძოლეს ტეხასელებმა, არც ქონება დათმეს და არც ღირსება, იმდენ ხანს გაუძლეს სანამ გაეროს ჯარმა არ დაიკავა აბერდინის ნახევარკუნძული და ”რებელები” გაყარა.

ბრძოლის დროს ტეხასელს ყუმბარმტყორცნი ესროლეს, გადარჩა მაგრამ ცალ ყურში დაყრუვდა. დღესაც, რომ გიმენს, თავს რაღაც უცნაურად ატრიალებს.

როგორც კი საშიშროებამ გადაირა, ისევ ბიზნესის ხასიათზე მოვიდა. მარიფათიანმა ტეხასელმა, შემოსულ გაეროს ნაწილებს უმასპინძლა, ხელმძღვანელობას დაუახლოვდა. იქვე გაჩარხა საქმე. გაეროს სასტუმროს რემონტი და გრძელვადიანი ხელშეკრულება შეტენა.

მართლაც გარემონტდა ”მამმი იოკო”, წლების განმავლობაში იქ იყო გაეროს მთავარი ბაზა სიერა ლეონეში. უზარმაზარ ფულს იხდიდნენ. ნახევრად დაყრუებული ტეხასელი კი მათი მასპინძელი იყო.

ორი წელია რაც გაერო წავიდა, აქაოდა სიერა ლეონეში მშვიდობაა და აღარ ვართ საჭიროო. ერთი ძმა ჭლექით გარდაიცვალა, უფროსი იშვიათად ჩამოდის ხოლმე ფრიტაუნში, ცალყურა კი თითქმის მუდმივად აქ არის. ხელახლა არემონტებს ”მამმი იოკოს”, ”რედისონთან” დადო ხელშეკრულება და ამ წლის ბოლოს ”მამმი იოკო” ისევ გაივსება სტუმრებით...

...1849 წელს სიერა ლეონეს აღმოსავლეთით, სადაც მენდეების ძლევამოსილი ტომის სამფლობელოა, დაიბადა პატარა გოგონა. დაარქვეს სომა. რომ წამოიზარდა და ქალთა საიდუმლო საზოგადოების ”სანდე”-ს წევრად მიიღეს, როგორც აქაური წესია, სახელი შეუცვალეს და იოკო უწოდეს. იოკომ სახელი გაითქვა არაჩვეულებრივი სილამაზით, ხასიათით და საოცრად გრაციოზული ცეკვით. სახარბიელო საპატარძლო დადგა.

პირველი ქორწინება უიღბლო გამოდგა. შემდეგ ტაიამას დიდმა ბელადმა, გბენჯეიმ დაადგა თვალი და ცოლად წაიყვანა. იოკო უშვილო იყო, ასეთ ქალს ნახევარ ადამიანად თვლიან სიერა ლეონეში. მიუხედავად ამისა გბენჯეიმ იოკო თავის მთავარ ცოლად გახადა. გბენჯეი მალე გარდაიცვალა და იოკო დაქვრივდა.

მომხიბლავი იოკო დიდხანს არ დარჩენილა ქვრივად. სენეჰუნის ბელადი, განთქმული მეომარი, ბელადი გბანია ლანგო ბევრს ეცადა მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და ბოლოს ცოლად შეირთო.

1875 წელს მეომარი გბანია ბრიტანელებს შეება და ტყვედ ჩავარდა, დიდი ხნის პატიმრობა ან სულაც სიკვდილით დასჯა ელოდა. იოკომ იმდენი მოახერხა ინგლისელ გუბერნატორთან აუდენციაზე მოხვდა, სილამაზითა და ქალურობით მოხიბლა, არაჩვეულებრივი დიპლომატიური ნიჭი და მოლაპარაკების უნარი გამოიჩინა, ქმარი დაიხსნა, ბრიტანელებთან ზავი გაახერხა და მშვიდობა დაამყარა. ამის შემდეგ ბელადი გბანია მხოლოდ იოკოს ანდობდა დიპლომატიურ მისიებს, გინდა ინგლისელებთან და გინდა სხვა ბელადებთან.

1884 წელს გბანია ლანგო გარდაიცვალა. უბელადოდ დარჩენილმა ხალმა სხვა აღარავინ ინდომა და იოკო სენეჰუნის დედოფლად გამოაცხადა. ასე გახდა იოკო მადამ იოკო, ანუ მამმი იოკო, სენეჰუნის პარამაუნტ ჩიფი.

დიპლომატიით, ჭკუით, ბრიტანელებთან კარგი ურთიერთობით და მათი მხარდაჭერით მამმი იოკომ რამდენიმე წელიწადში თოთხმეტი ჩიფდომი, საბელადო, გააერთიანა და ამასაც არ დასჯერდა, აგრძელებდა თავის ექსპანსიას.

მამმი იოკომ ქალთა საიდუმლო საზოგადოება ”სანდე” არაჩვეულებრივად გააძლიერა, გოგონების სასწავლებელი შექმნა. იქ ასწავლიდნენ ყველაფერს, რაც ქალს უნდა სცოდნოდა, საოჯახო საქმეს, ცეკვა - სიმღერას, მოქცევას, მედიცინას და როგორც ამბობენ ჯადოსნობას. მამმი იოკოს გაზრდილები ხდებოდნენ თურმე ცნობილი მეომრების, გავლენიანი ხალხის, გამორჩეული ბელადების ცოლები. თავის აღმზრდელ მამმისთან კავშირს კი არასოდეს არ სწყვეტდნენ.

1898 წელს ბრიტანეთმა პოლიტიკა შეცვალა და მთელი დღევანდელი სიერა ლეონეს ტერიტორია პროტექტორატად გამოაცხადა, რაც მოსახლეობისათვის გადასახადის გადახდას აუცილებელს ხდიდა.

მამმი იოკო დათანხმდა ახალ წესებს და თავის ტერიტორიაზე გადასახადების ახალი სისტემა შემოიტანა. დიდი ხნის ჩასაფრებული ბელადები აჯანყდნენ, მამმის ქვეყნის გახრწნა დააბრალეს და გადაგდება მოუნდომეს. მადამ იოკომ ყველაფერს გაუძლო. ხალხი ისევ მოიმხრო და აჯანყებულ ბელადებს სასტიკად გაუსწორდა. ვინც ემხრობოდა იმათ თვალში საყვარელი მამმი ორჯერ ძლევამოსილი გახდა, დანარჩენებს კი შეეშინდათ და გაიყურსნენ. ინგლისელებმა დაუფასეს მამმის საქციელი და დედოფალმა ვიქტორიამ ვერცხლის მედლით დააჯილდოვა.

მადამ იოკო, სენეჰუნის დედოფალი, პარამაუნ ჩიფი, უზარმაზარ ტერიტორიას მართავდა 1906 წლამდე. მერე კი მოულოდნელად თავი მოიკლა. დღემდე არავინ იცის რატომ ჩაიდინა ეს მამმიმ.

ბრიტანელები ამბობენ, ყველაფერი მოილია, სიყვარული, სიმდიდრე, ძალაუფლება. წინ ახალი ვერაფერი დაინახა და სიცოცხლე აღარ ინდომაო.

ადგილობრივები ამბობენ, ბრიტანელების გამოყენების პოლიტიკამ არ გაამართლა, მშობლიური ხალხის ნდობა დაკარგა და გული აუცრუვდაო.

არავინ იცის სიმართლე, რა სადარდებელი წაიღო იმ ქვეყნად მადამ იოკომ. საიდუმლოა.

ფრიტაუნის დასავლეთი ნაწილი, აბერდინის ნახევარკუნძული, აბერდინ ბიჩი, სიერა ლეონეს ტურიზმის მომავალია, ასე ამბობენ გაზეთები და ასეთია აქაური სამთავრობო სტრატეგია.

აქ, აბერდინ ბიჩზეა მოგროვებული ღამის კლუბები, რამდენიმე კაზინო, სასტუმროები... ისე არ წარმოიდგინოთ, თითქოს მონტე კარლოა. ყველაფერი მიფახფახებული და გაცვეთილია, მარამ ღამის ცხოვრება მაინც მიდის, ბიჩ-ბოები, მეძავები, ათასი ჯურის ავანტიურისტები, უბრალოდ ოკეანისა და ”პლიაჟის” მოყვარულები აქ იკრიბებიან და მხიარულად ატარებენ დროს. ნელ ნელა ახალი მშენებლობებიც ჩნდება, ძველ გაქუცულ სასტუმროებსა და კაზინოებს ახლები ეპატრონებიან და გარემონტება გადაკეთებას იწყებენ. ყველაზე დიდი სასტუმრო ჩინელებმა აიღეს, ამბობენ ჰილტონიც მოდისო.

მაგრამ აბერდინის, ყველაზე მაგარი ადგილი, მაინც ”მამმი იოკოს” ბაღნარია. შიგნით დაბერებული, ნახევრადდაყრუებული ტეხასელი ზის და ყველაზე თანამედროვე, ყველაზე მაგარ პროექტს აკეთებს, რედისონიც მოჰყავს და ამ წლის ბოლოს საზეიმო გახსნასაც გეგმავს.

სიერა ლეონეს პრეზიდენტიც, ერნესტ ბაი კორომა, კმაყოფილია, საჯაროდ განაცხადა, ”რედისონ - მამმი იოკოს” გახსნა სიერა ლეონეს პროგრესის დასაწყისიაო და სახელდახელოდ ემზადება ლენტის საზეიმოდ გასაჭრელად.

წინ! სიერა ლეონე!

* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო, მამმი იოკოს გვერდით ცხოვრობს. ცალყურა ტეხასელსაც კარგად იცნობს. მომოს შვილიშვილები მამმი იოკოს ღობის იქით მიძვრებიან ხოლმე და ბანანებს და მანგოებს იპარავენ. ტეხასელი ამას მშვიდად ეგუება და ხელყუმბარებს არ ისვრის, სხვა შემთხვევისთვის აქვს შემონახული.

პოლიციელი მომო ახალგაზრდობაში სიერა ლეონეს სახელით გოლფს თამაშობდა. თავის სადარაჯოშიც მუდამ შენახული აქვს გაცვეთილი გოლფის ჩანთა უცნაური ყვანჯებით. ტეხასელიც გოლფის მოყვარულია, ფრიტაუნის გოლფკლუბის წევრი და ხშირი სტუმარია.

-         სერ - მეუბნება მომო - ხვალ გოლკლუბში საწევრო მაქვს შესატანი და იქნებ ხელფასიდან ცოტა წინასწარ მომცეთ? თანაც ხვალ გუნდი გუნდზე, მაზიანი გვაქვს სათამაშო.
-         ვისთან, მომო? რომ წააგო?
-         მე და ტეხასელი ვიქნებით აქაური ლიბანელი ბობოლების წინააღმდეგ. ასე მითხრა თუ წავაგებთ მე გადავიხდი, შენ დარდი ნუ გაქვსო, მაგრამ, ეგ რას წააგებს, უნდა ნახოთ თამაშისას როგორ აბრიალებს თვალებს.
-         აბა თქვენ იცით მომო. გუდ ლაქ!



თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
9 თებერვალი 2011 წელი


No comments:

Post a Comment