Friday, February 18, 2011

აფროქართველის ჩანაწერები - 5 (33)

ფრიტაუნის ტრაფიკი

ფრიტაუნში, თუ კვირის ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, დღისით,  ქალაქის ცენტრში გამოგიჩნდათ საქმე, ჩათვალეთ, რომ სერიოზულ განსაცდელში ხართ. სიერა ლეონეს დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები ნებისმიერ მეგაქალაქს გაეჯიბრება გადატვირთულობით, ერთ კვადრატულ მეტრზე ადამიანების და მანქანების კონცენტრაციით, წარმოუდგენელი საცობებით. მოკლედ ”ტრაფფიკ”, იტყვიან ხოლმე სახის ბედდთან შეგუებული  გამომეტყველებით და მრავლისმეტყველი ინტონაციით. ტრაფფიკ!

აქაურები ამბობენ, ყველაფერი ინგლისელების ბრალია, ნახეთ როგორი ვიწრო ქუჩები აგვიშენეს, ოცდამეერთე საუკუნის მოძრაობას არ შეესაბამეაო. არის სიმართლის მარცვალი, რომ არა ინგლისელები, ფრიტაუნი საერთოდ არ იარსებებდა.

მსოფლიოში ვერსად ვერ ნახავთ ასეთ მანქანებს. დედამიწის ყველა კუთხიდან მოგროვებული, მრავალ განსაცდელს გადარჩენილი, ბოლო ამოსუნთქვამდე მიყვანილი სატრანსპორტო საშუალებების უკანასკნელი და სამუდამო ნავსაყუდელი ფრიტაუნია. მანქანა, საბარგო, ავტობუსი, დადის მანამდე, სანამ სადმე უადგილო ადგილას უბრალოდ არ დაიშლება, ერთდროულად გასძვრება რამდენიმე ნაწილი და იქვე დარჩება ხოლმე, როგორც წესი შუა გზაზე, ძეგლად ქცეულ საყვედურად. რჩება როგორც წესი დიდი ხნით, წვლილი შეაქვს საერთო ”გატრაფიკების” საქმეში, სანამ ან ნაწილებად არ დაშლიან, ან გზიდან არ გადაუძახებენ.

ყველაფერს აგვირგვინებს მძღოლების ხასითი და ტემპერამენტი. ასეთი მშვიდი, უდარდელი ”შოფრები” არსად გენახოთ. სულ რომ ცარიელი იყოს გზა, წარბშეუხრელად შეუძლიათ კუს ნაბიჯით იარონ. უკან მიმყოლებიც ზუსტად ასევე ნერვის შეუტოკებლად მიყვებიან, და არავის მოუვა თავში აზრად რომ უსაყვედუროს, დაუპიპინოს, აქაოდა, გამოიღვიძე ბიჭო, ცოტა ”გაზი” მიეციო. ისევ ვინმე გადარეული ქართველი თუ აიკლებს იქაურობას, მაგრამ ასეთები საბედნიეროდ ერთეულებია.

სამაგიეროდ ქალაქიდან თუ გააღწიე, გაილაღებ. ე.წ. ტრასა, როგორც წესი ცარიელია. მოძრაობა მწირია, პოლიცია არ გაწუხებს და იქროლე როგორც გინდა.

რამდენჯერმე დავფიქრდი, მძღოლს ხომ არ ჩავაბარო საჭე და ხომ არ მოვისვენო თქო, სხვებიც ამას მირჩევდნენ. ერთი ორი წლის წინ ის ის იყო გადავწყვიტე.

სიერა ლეონეს აღმოსავლეთით მოგზაურობის შემდეგ ფრიტაუნისკენ მოვდიოდი. ასეთ კრუიზებში არასოდეს მარტო არ ვრისკავდი, ჩვენი მექანიკოსი, ერთგული აბდულა სულ თან მახლდა და ხშირადაც გამომდგომია. აბდულამ მანქანა თავის ხუთი თითივით იცის, თვალდახუჭული დაშლის და ააწყობს. შუაგულ აფრიკაში ბორბლის გამოცვლა, წვრილმანი რემონტი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი სასრგებლო სამსახური, სულ აბდულას კისერზე იყო. საჭეს კი როგორც წესი მე ვატრიალებდი.

აფრიკულ სავანაში, თითქმის ცარიელ გზაზე მოვქროდი. ვიგრძენი, რომ განსაკუთრებით დავიღალე და თავს ვეღარ ვიფხიძლებ, წარამარა ვთვლემ.

-         აბდულ, შეგიძლია ცოტა ხანს წაიყვანო მანქანა?
-         ნო პრობლემ, სერ! აბა რა! - თვალები აუციმციმდა აბდულას.

ადგილები გავცვალეთ. აბდულამ საჭე ჩაიბარა, უსაფრთხოების ღვედი გადაიკრა და მანქანა მომართა. მეც მოვკალათდი, თვალები მივლულე და ძლივს მოვდუნდი. ის ის იყო გემრიელად ჩამთვლიმა, თითქოს ნავი ქანაობს სასიამოვნოდ ტალღებზე.

რაღაც ნამეტანი მოიმატა ღელვამ. თვალები დავაჭყიტე. ტრიალ მინდორში, ლარივით სწორ გზაზე, სადაც ჰორიზონტამდე მოსახვევი არა სჩანდა, ჩვენი მანქანა რაღაც უცნაური სლალომით მიდიოდა. შუაგულ თეთრ ”ღერძულა” ხაზს ხან მარცხნივ მოვიტოვებდით და ხან მარჯვნივ. სიჩქარეც გვარიანი იყო, კიდევ კარგი არც ჩვენი მიმართულებით და არც შემხვედრი მანქანა არ ჩანდა. ამ უცნაური ვალსისაგან თვალი ამიჭრელდა და ლამის გულისრევა დამეწყო. აბდულას გავხედე. სრული სერიოზულობით ჩაფრენოდა საჭეს და ვითომც აქ არაფერი უცნაური არ ხდებაო, მიასლალომებდა.

-         რას შვები, აბდულ, გაგიჟდი?! გაასწორე საჭე!
-         სწორად მივდივარ სერ, სულ პირდაპირ?
-         მაშაყირებ? გააჩერე მანქანა!

ერთი კარგად შევუკურთხე აბდულას, საჭიდან გადმოვაგდე და ისევ მე მივუჯექი. გამებუტა აბდულა, აქაოდა მშვენივრად მიმყავდა მანქანაო. ისე აგიდგა გვერდები!

მერე გავარკვიე, ჩვენს აბდულას თურმე იშვიათი სიელმე ჰქონია, მხედველობის დეფექტი. რაღაცნაირად მხარეები ეცვლება. თურმე სრულიად გულწრფელად ჰგონებია რომ საჭეს გზის მიმართულებით ასწორებს. ბიჭოს!

არა ვარ ბოროტი, ადამიანების დაცინვაც არ მიყვარს. მაგრამ ცდუნებას ვერ ვუძლებ და აბდულას სულ ერთიდაიგივე მახეს ვუგებ. სახლში რომ ვბრუნდები, მანქანას დავაყენებ და აბდულას ვეძახი. მანქანა უნდა შეამოწმოს. მოახლოებას არ ვაცლი და გასაღებს გადავუგდებ ხოლმე.

-         დაიჭი აბდულ!

გასაღები თუ მარცხნივ მიფრინავს, აბდულა ხელს მარჯვნივ იქნევს, გასაღები მარჯვნივ, და აბდულა მარცხნივ აცეცებს ხელებს. გასაღები მიწაზე ვარდება, მე სიცილს ვიკავებ, დანანებით ვაქნევ თავს

-         ეხ, აბდულ, აბდულ...
-         ვახ, დამივარდა სერ!

ბოროტი ვარ? ეს რიტუალი რომ არ შევასრულოთ, აღარ მე გამომდის და აბდულაც გამინაწყენდება.

კიდევ რამდენიმე წლით გადაიდო პერსონალური მძღოლის ამბავი.

ამას წინათ დავიწუწუნე, აღარ შემიძლია ფრიტაუნში მანქანის ტარება, ისე გამაბეზრა ამ ტრეფიკებმა და უთავბოლობამ, რა გახდა ერთი მძღოლი?

მეორე დილას სამსახურში ადრე მივედი. იქვე დამხვდა ჩვენი კომპანიის პიარ მენეჯერი და ახალგაზრდა ბიჭი.

-         ეს თქვენი მძღოლია, უკვე მოველაპარაკე, ძალიან კარგი ბიჭია, თანაც რა მძღოლია, რომ იცოდე... მე ვუდგები თავდებად.

ჩემს უკითხავად გადაწყვიტა ყველაფერი პიარმა, და თავმომწონედ გამომხედა, ნახე როგორ ვზრუნავ შენზე, თან რა ოპერატიულადო. უარი არა ვთქვი, საცდელი ვადა გამოვუცხადე და გასაუბრებაც მომავლისათვის გადავდე.

-         რა გქვია ბიჭო?
-         ამარა ტომბოიაკე, სერ. 22 წლისა ვარ. რა აღარ მიტარებია, საბარგო, ტრაქტორი. ძალიან მაგარი ვარ. არ ინანებთ.

უკვე შევეჩვიე ტომბოიაკეს. ერთი უცნაური თვისება აქვს, არასოდეს არ აგვიანებს და რასაც დაავალებ ყველაფერს ასრულებს. როგორ? ეგ სხვა საკითხია. მამამისი დიდი პარამაუნტ ჩიფი, ბელადი, ყოფილა. ეხლა ნოემბერში გარდაცვლილა. ტომბოიაკეს ოცნებაა ისწავლოს და სამხედრო გახდეს. მამაზე ნაწყენია, განათლება არ მომცაო, და დანანებით შემომჩივლა, ბელადებს იმდენი ცოლები და შვილები ჰყავთ, უფროსი შვილები კიდევ ახსოვთ, ბოლოს პატარები კი, ნაყარ ნუყარები, ძალიან ვიუჩაგრებით. უფროს და ძმებსაც სულ ფეხებზე ვკიდივართ, არ ვენაღვლებით ოღონდ ხელი არ შევუშალოთო.

-         ბიჭო, როგორ დაგიძახო, მეგობრები რას გეძახიან.
-         ჩიფ! ასე მეძახიან სერ.
-         უყურე შენ! მაშინ მეც ეგრე დაგიძახებ, ჩიფ! მოსულა?
-         ნო პრობლემ, სერ!
-         ნო პრობლემ არა? შე მამაძაღლო. კაი, ჩიფ.

მოკლედ საჭეს აღარ ვატრიალებ, ტრეფიკებში ხან რას ვკითხულობ, ხან ტელეფონზე ვლაპარაკობ. მანქანაში ოფისი მოვიწყე. მოკლედ ბედნიერი ვარ.

ოღონდ ერთი პრობლემა გვაქვს. ღმერთმა არ ქნას მანქანა უკანა სვლით იყოს წასაყვანი. დავიღუპეთ. ორივე უკანა ”კრილო” უკვე დავფხაჭნეთ, სარკე ორჯერ მოვტეხეთ და ახალი დავაყენეთ. ამას წინათ კი ოფიციალურ შეხვედრაზე მივედით, მანქანებიდან გადმოვლაგდით და შესასვლელისკენ წავედი. უკან ჩოჩქოლი და კივილი ატყდა. მოვტრიალდი. ჩიფს მანქანის უკანა სვლით დაყენება მოუნდომებია, როგორც ყოველთვის თავგზა აებნა. უკან სვლისას თავის მფარველ და გარანტორ პიარ მენეჟერს დაეტაკა, დააგდო და ის ის იყო გადავლას უპირებდა, ბორბალი ლამის ზედ შეადგა, რომ კივილი და ერთი უბედურება ატყდა.

ერთი მოახერხა ჩიფმა, რომ მანქანა გააჩერა. ზის გაძეგლებული ჩიფი გაჩერებული მანქანის საჭესთან, უკანა ბორბალთან მისი მფარველი ანგელოზი მტვერში ამოგანგლული ფართხალებს, ჩვენ კი ოფიციალურ შეხვედრაზე გვაგვიანდება.

-         მე მგონი უნდა დავამთავროთ ეს ტანჯვა, გამოსაცდელი ვადა ვერ გაიარა.
-         არა, რა სერ! - მეუბნება პიარი - კარგი ბიჭია, ნახეთ როგორ ისწავლის. ეს იცით რა კარგი რამე მოხდა. ღმერთმა თავიდანვე გაგვაფრთხილა და ჭკუა გვასწავლა. მეც ხომ გადავრჩი? მერე ისეთი შერცხვენილი იყო. სულ ”სორი, სორის” მეუბნება, ძალიან შეწუხდა.

ჩვენი მეგობარი, პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი დოქტორი ბაბა კონდეც გამოესარჩლა.

-         მართალია, ეგრე ნუ განსჯი. აი, მე მაგალითად, ლამის დავბერდი, მთელი ქვეყანა მიცნობს, რამდენი ხანია მანქანას ვატარებ და უკანა სვლა რო მიხდება, შენ არ იცი როგორ ”მაჟიმჟიმებს”.

რაღა გვიჭირს, დოქტორ!

ერთხელ ადრე, როდესარ არც ჩიფი მყავდა მძღოლად და მანქანის ტარებაც არ მქონდა ყელში ამოსული, ფრიტაუნში, სახლში ვბრუნდებოდით. ტრადიციულად, მე საჭესთან, მექანიკოსი აბდულა გვერდით. ქალაქის საშინელი ”ტრეფიკი” რომ აგვეცილებინა, შემოსავლელი გზა ავირჩიეთ, გზა ვიწროა, გრუნტისაა, მტვრიანია. მთაში გაკვეთილი სერპანტინია, მაგრამ ”ტრეფიკი” არაა. ხოდა ვაწვები ამ გრუნტის გზაზე, მოსახვევებს ოსტატურად ვჭრი და თავი მომწონს. ერთიც მოუხვიე და წინ მიდის შავი, დაბურულ მინებიანი დიდი ტოიოტა. როგორც ნამდვილ ადგილობრივს შეეფერება, მიზოზინებს. მივყევი, ვცდილობ გასწრებას, არ მიშვებს, ვუპიპინებ, რეაქცია - ნოლი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნელა ნელა სრულ გაგიჟებამდე მივედი, ხან მარცხნიდან, ხან მარჯვნიდან, ხან მოტორი ვაბღუვლე, ვაგინე, გაბმული სიგნალი. სრულ ისტერიკაში ვარ.

ვიწრო ხიდთან ტოიოტა შეჩერდა, თან ისე, რომ მთელი გზა გადაღობა. ორივე უკანა კარი გაიღო და ორი პოლიციელი გადმოხტა. სირბილით ჩვენსკენ, ყვირილით და ხელების შლით. წინა სკამიდან მსუქანი, ძალიან სერიოზული ზანგი გადმოვიდა. გზის პირას სერის მაყურებლები შეგროვდნენ.

-         ჩიფ ჯასტის! ჩიფ ჯასტის! - გაისმა აქეთ იქიდან.

აქაური უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე! გავებით! აბდულას გავხედე, ეს შავი კაცი ისე გათეთრებულიყო მაიკლ ჟექსონს შეშურდებოდა.

-         ეხლავე ჩამოართვით მანქანა და წაიყვანეთ პოლიციაში, გავერკვიოთ!

პოლიციელი მომადგა და ჩემს კარებს წაეპოტინა. ღია ფანჯრიდან ხელში ჩავცხე და დავუღრიალე.

-         არ გაბედო ჩემი მანქანის ხელის ხლება!

დაბნეული პოლიციელი უკან გაიწია. აბდულა მანქანიდან გადავაგდე, განთავისუფლებულ ადგილზე ჩიფ ჟასტისს მოუხმე და თან ტელეფონზე ვრეკავ.

-         მოდი ერთი ჩაჯექი, სალაპარაკო მაქვს შენთან.
-         არსადაც არ ჩავჟდები.

ცოტა დაბნეული ჩიფ ჯასტისი ნელ ნელა გონს მოდის. მე ვცდილობ დოქტორ ბაბა კონდეს დავურეკო და ჩიფ ჟასტისს ტელეფონი შევაჩეჩო. ჩიფ ჟასტისი უარობს. ბაბა კონდე კი ტელეფონს არ იღებს. ცოტაც და ჩიფიც და პოლიციელებიც გონს მოვლენ და ...

ვიღაც სოფლელი მოვიდა მანქანასთან და მეუბნება.

-         ნუ უყვირით სერ, დიდი კაცია. უთხარით სორი და ყველაფერი კარგად იქნება...

დავფიქრდი, აბა ესე სორი როგორ ვუთხრა? მეკადრება?!

-         ვერ გიცანით ჩიფ, თანაც რა საშინელი მძღოლი გყავთ, მთელი გზა დაკეტა... არა ჩემი მხრივ მე თუ რამე არასწორად გამომივიდა, სორი რასაკვირველია, მაგრამ....

ვინ გაცადა გაგრძელება, თითქოს ჩასაფრებული იყოო. ეს ”სორი” როგორც კი გაიგო, მკვირცლად ”ოკეი” მითხრა, მეტი არ ქნა ესეო და ეს ძონძროხა კაცი შესაშური სისწრაფით გავარდა თავის მანქანაში, პოლოციელებიც გაყვნენ. მანქანა დაიძრა და წავიდნენ. თითქოს არცა ყოფილან.

ცოტა ხანს გავჩერდი, გაოგნებისგან გამოვერკვიე და ჩვენც დავიძარით. აბდულამაც ჩვეული შავი ფერი მოიბრუნა.



* * *


მეორე დღეს ჩვენი ფრიტაუნის კამრიდამოს ღამის დარაჯმა, პოლიციელმა მომომ ახალი ამბავი მიამბო.

-         გუშინ პოლიციაში ყვებოდნენ, სერ. ჩვენს ჩიფ ჯასტისს ვიღაც ნერვიული თეთრი გადაეყარა შემოსავლელ გზაზე, ერთი ვაი უშველებელი აუტეხავს იმ თეთრს, კაციშვილმა ვერ გაიგო რა უნდოდა.
-         ვინ იყოო, რას ამბობენ?
-         არ ვიცი, სერ - მომომ ეშმაკურად მოჭუტა თვალები - მაგრამ ნამდვილად რომ თუთიყუშები ყავდა (აქაური ოფოფები) ეგ ნაღდია.
-         მერე მომო?
-         ხომ იცით ჩვენი ჩიფ ჯასტისი, როგორი დინჯი და ბრძენია... ჭკუაც ასწავლა იმ თეთრს და მშვიდობიანადაც მოაგვარა საქმე.

კიდევ კარგი სიერა ლეონეში ვარ!



თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
16 თებერვალი 2011 წელი.

No comments:

Post a Comment