Friday, May 20, 2011

აფროქართველის ჩანაწერები 14 (42) - ვიჩ გან

ვიჩ გან

თქვენ იცით რა არის ვიჩგანი? ალბათ არა. ეს სპეციფიკურად აფრიკული რამ არის.
ამას წინათ ჩვენი მექანიკოსი აბდულა გამოცხადდა სამსახურში, არა ამას გამოცხადება არ ერქვა, ან შეიძლება სწორედაც რომ ერქვა, რამე არაამქვეყნიური უხორცო სულის გამოცხადებას თუ ვიგულისხმებთ.
ეს მუგუზალივით შავი კაცი აშკარად ფერდაკარგული და გაფითრებული იყო, ყოველთვის ენერგიული და ხალისიანი, ამჯერად ძლივს მოალასლასებდა ფეხებს. პირისახეც დამბლადაცემულივით ცალ მხარეს მოქცეოდა. ძლივს  წარმოთქვამდა სიტყვებს. შემოეხვია ხალხი.
-         რა გჭირს აბდულ? ექიმთან იყავი?
აბდულამ თავი გადააკანკალა უარის ნიშნად. სხვამ მიპასუხა მის ნაცვლად.
-         ამას ექიმი არ უშველის, ვიჩგანი ესროლეს, რამდენიმე ტყვია აქვს სხეულში, ტრადიციულ მკურნალთან უნდა წავიდეს, ის თუ უშველის..
-         ვერ გავიგე?! დაჭრილი ხარ?
-         არა სერ ჭრილობებს ვერ ნახავთ, ეს უხილავი ტყვიებია, აკი გითხარით ვიჩგანი ესროლესთქო!...
ვიჩ - ნიშნავს გრძნეული, ჯადოსნური, ალქაჯი, კუდიანი, რუსები ”ვედმა”-ს რომ იტყვიან, გან კიდევ თოფია. მოკლედ ვიჩგან - ანუ ”ვიჩ”- თოფი. აფრიკულ ჯადოსნობასთან გვაქვს საქმე, ”ბლექ მეჯიკ”! ვაი შენს თავს, აბდულ!
ამას წინათ საჯაროდ გამოვიდა სიერა ლეონეს ადგილობრივ ტრადიციულ მკურნალთა ნაციონალური ასოციაციის პრეზიდენტი, დოქტორი ალაჯი სულეიმან კაბბა. ფრიტაუნში, კალაბა თაუნში განლაგებულ ოფისში პრესკონფერენცია მოაწყო და სპეციალური განცხადება გააკეთა ვიჩგანების  მოხმარების გამძაფრებულ საშიშროებასთან დაკავშირებით.
დოქტორ ალაჯი სულეიმან კაბბას განცხადებიდან:
 ”...პიროვნება რომელიც ვიჩგანს იყენებს, როგორც წესი უხილავია ჩვეულებრივი თვალისათვის. ისინი თავის ბოროტების აქტებს მხოლოდ მაშინ ჩადიან როდესაც უჩინარები არიან...
... ადრე, ძველ დროს, ვიჩგანები სიდუმლო საზოგადოების წევრების იარაღი იყო. ამ იარაღით ისინი წესის დამრღვევებს და უკაუღმართებს სჯიდნენ. დღეს ეს იარაღი ფულის შოვნის წყაროდ იქცა. დასავლურმა ცივილიზაციამ ყველაფერი გააუკუღმართა. მოიტანა შური, სამსახურის კარიერა, პოლიტიკა, მოხვეჭის სურვილი. ფაქტია, რომ რამდენიმე ათასი ლეონისათვის ვიჩგანის მსხვერპლი შეიძლება გახდეს მეგობარი, ძმა ან ოჯახის სხვა წევრი...
... ადრე ვიჩგანებისსათვის ბრინჯის კანს ხმარობდნენ, ეხლა ათასი ახალი ნივთიერება შემოვიდა, გაძნელდა საქმე...
...ვიჩგანის მსხვერპლი გრძნობს ციებას, სისუსტეს, სახსრებში ტკივილებს. ამ დროს ინგლისური მედიცინა უსუსურია. დროზე უნდა მიმართოთ ტრადიციულ, ადგილობრიც მკურნალებს. თუ მოესწრო ვიჩგანით ნასროლი უხილავი ტყვიების ამოღება ორგანიზმიდან, შეიძლება გეშველოთ...
...იცოდეთ ერთ ჯერზე მკურნალს მხოლოდ ოთხი ტყვიის ამოღება შეუძლია.
... ჩვენ მრავალი ვიჩგანიანი აღმოვაჩინეთ და ჩავაბარეთ პოლიციას. დღეს და ღამეს ვასწორებთ, ამიტომაც შევქმენით ჩვენი ასოციაცია. იმედი გვაქვს მთავრობის დახმარების და მხარდაჭერის. ჩვენ თქვენთან ვართ!”
ვაიმე, აბდულ!
საერთოდ ჯადოსნობის, შელოცვის და სხვა მისთანა რამე-რუმეების თემა ძალიან აქტუალურია სიერა ლეონეში.
ჩვენს სამსახურში დიდი საწარმოო ეზოა. წარმოებას წყალი სჭირდება. წყლის მოწოდება პრობლემაა და ჩვენც ჭების ამოღებას მივყავით ხელი.
ჭების დიდოსტატი ბაბაჯოა. ვინ იცის მერამდენე ჭას თხრის. ბაბაჯო  ჯერ გულდასმით ეძებს ჭის ადგილს. რომ იპოვნის და მონიშნავს, იწყებს, მაგრამ რას იწყებს. ბურღივით ტრიალებს და ჩვეულებრივი ძალაყინით და ნიჩბით საოცარი სისწრაფით მიიწევს დედამიწის გულისკენ. ათეულობით მეტრებს ჩადის მიწის სიღრმეში.
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ყველა თავის საქმე აკეთებდა. ბაბაჯო სადღაც მიწის ქვეშეთში ეძებდა წყალს. უცბად ატყდა აურზაური, მიწის სიღრმიდან საზარელი ღრიალი და სასოწარკვეთილი კივილი მოისმა. ყველა ჭის თავთან შეგროვდა. იყოჩაღეს, თოკი ჩააგდეს, მაშველი ჩაუშვეს და ბაბაჯო რის ვაი ვაგლახით ამოიყვანეს.
ამოცდა თუ არა მიწის პირს, ბაბაჯო მშველელებს დაუსყლდა, ბნედიანივით, კივილით  გაგორდა მიწაზე. დაესივნენ, ხელ ფეხი გაუკავეს, წყალი დაასხეს. როგორც იქნა დაამშვიდეს, გააჩერეს. სული რომ მოითქვა, ალაპარაკდა.
-         ეშმაკი გამოძვრა, ”დევილი”, დამიჭირა, პირძე ხელი ამაფარა და მახრჩობდა, თან ჩემი წათრევა უნდოდა მიწაში. ყვითელი თვალები და გაფარჩხული ხელები აქვს - დეტალებს აზუსტებდა ბაბაჯო.
ყველა თავზარდაცმული უსმენდა.
-         მორჩა, მე იქ აღარ ჩავალ. მიწის ეშმაკმა აგვიგრძალა ჭების თხრა!
მუშები ჩუმჩუმად გაიძურწნენ, ყველამ თავის ნივთების მოგროვება დაიწყო, თან ალაყაფისკენ ეჭირათ თვალი.
-         რას შვებით?
-         აქედან უნდა წავიდეთ, სერ! ყველა უნდა წავიდეთ! ამ ადგილას მუშაობა აღარ შეიძლება.
-         გაგიჟდით? ამდენი დამონტაჟებული აპარატურა!
-         არა სერ, დევილია! დევილი!
-         რა დევილი?! გააფრინეთ? არავითარი დევილები არ არსებობს, ბაბაჟოს ჟანგბადის უკმარობა ჰქონდა....
აპა! ვინ გისმენს!
-         არა სერ! ბაბაჯომ ნახა. დევილი მიათრევდა, სასწაულით გადაურჩა, ეტყობა გაბრაზებულია.
-         არ გაინძრეთ! - დაიკივლა ქარხნის მენეჯერმა.
ყველა გაშეშდა. მენეჯერი ჭასთან მივიდა. ჭის გარშემო ჯოხით მიწაზე რკალი მოხაზა. მერე იქვე ფიცრებისგან სახელდახელოდ ჯვარი შეკრა და მიწაში ჩაარჭო. თეთრიან შავიანა, ყველა მონუსხულივით უმზერდა. თოკი აიღო და წელძე შემოირტყა, ჭის პირთან მივიდა, თვალები მილულა, რაღაც ჩაიბუტბუტა, გულზე დაკიდებულ ჯვარს ემთხვია.
-         რაღას უცდით? თოკი დაიჭირეთ. ქვევით უნდა ჩავიდე. დევილი უნდა გავაგდო!
ხალხმა ამოიგმინა. მაინც ცნობიმოყვარეობამ დასძლია, თეთრი კაცი დევილთან საბრძოლველად მიდის! როგორია? აჯაჯღანდნენ, ჭასთან მოგროვდნენ, თოკი ჩაბღუჯეს. მენეჯერი ჭაში გაუჩინარდა. კარგა ხანს ისმოდა ქვესკნელიდან უცნაური ხმები, ბოლოს ყველაფერი მიჩუმდა. ხომ წარმოგიდგენიათ რა სიჩუმე და დაძაბულობა იყო მიწის ზევით.
-         თოკი მოქაჩეთ! ამოვდივარ - გაისმა ქვევიდან.

საღსალამათი, ცოტა დაღლილი, მაგრამ ბედიერი მენეჯერი ჭიდან ამოძვრა.
-         გაიქცა! შეეშინდა, აქეთ აღარასოდეს მობრუნდება... შეგვიძლია მშვიდად ვიმუშავოთ.
ისე, კაი გაფითრებული კი იყო ჩვენი მენეჯერი.
მეორე დღეს მუშებმა თხა მოიყვანეს, დაბანეს, კისერზე ზანზალაკი შეაბეს. კი გავაგდეთ და დავამარცხეთ დევილი, მაგრამ ეს თხა აუცილებელია, ამის ეშინია დევილს, აღარ მობრუნდებაო. იყოს მაინცო. იყოს და იყოს!
იმ დღის მერე დაცერცეტობს თხა თავის ჭკუაზე, უბატონოდ ხმას არავინ სცემს. ვიღაც ბედოვლათმა ავრჯიშა და თუკი ვინმე უკნიდან დაიხელთა გამოქანდება და პირდაპირ დუნდულებში ურქენს. ხოდა დადის მთელი ქარხანა კედელ კედელ.
ხმა გავარდა ინფორმაციის მინისტრი ვიჩგანების მსხვერპლი გახდაო. სულ დაუცხრილავთ უჩინარი ტყვიებით, იმდენი ესროლეს, რომ ერთი მკურნალი აბა რას გახდებოდა. მთელი ბრიგადა დაეხვია, ასოციაციის პრეზიდენტის დოქტორ ალაჯი სულეიმან კაბას მეთაურობით. კარგ ხელშია ინფორმაციის მინისტრი, ნამდვილად გადაარჩენენ.
იაპონიაში რომ დატრიალდა უბედურება, ფრიტაუნელებმა ძალიან უთანაგრძნეს იაპონელებს. ახსნაც მოძებნეს. იაპონიის კუნძულებთან წყლის დევილი და მიწის დევილი დაეჯახნენ ერთმანეთს, სასტიკი ბრძოლა გამართეს. ეს საცოდავი ხალხი მაგათ კინკლაობას ემსხვერპლაო.
ჩვენთან, საქართველოში, კი უთქვამთ, იაპონელები ცოდვებისთვის ისჯებიან, მართმადიდებლობას რომ არ მისდევენო.

* * *
ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ძალიან შეწუხდა ინფორმაციის მინისტრის გამო.
-         ვიცნობ სერ, ძალიან კარგი კაცია. როგორ გამიეტეს ვიღაც ნაძირლებმა!
-         რას ამბობ მომო? რა ვიჩგანები, ბავშვი ხომ არა ხარ?
მომომ იწყინა, თავი დანანებით გადააქნია.
-         რა ურწმუნო ხართ სერ! რად არა გჯერათ, ეგეთი ჭკვინი და განათლებული ხართ და უბრალო ამბები კი არ გესმით.
-         აბა, ესე იგი საშიშია? მე რომ გადამემტეროს ვინმე?
-         რას ამბობთ სერ! თქვენ რა გიჭირთ, არ იცით რომ თეთრ ხალხზე ვერ მოქმედებს ვიჩგანი? მაგაზე არ იდარდოთ - გამამხნევა მომომ და გულიანად გამიღიმა.

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
21 აპრილი 2011 წელი

No comments:

Post a Comment