Friday, May 20, 2011

ფროქართველის ჩანაწერები 13 (41) - დამოუკიდებლობა 3

დამოუკიდებლობა - 3


არ მოგეშვებით, ვიცი ”შეგაღონეთ”, მაგრამ ისევ აპრილია, სიერა ლეონე ზეიმობს. 27 აპრილი სიერა ლეონეს დამოუკიდებლობის დღეა, 2011 წლის 27 აპრილი კი სრულიად განსაკუთრებულია, თავისუფალი სიერა ლეონე 50 წლის ხდება.

ბერდება ქვეყანა, უკვე ნახევარი საუკუნე უსრულდება...

ისეთი გადარეულია ყველა, ისე ელოდება ამ 27 აპრილს, ისეთი იმედით და სიხარულით... უნებურად დაფიქრდები, მართლაც რას ნიშნავს ეს თარიღები, დაბადების დღეები, დღეები...

დამთხვევები ხდება სივრცეში, ყველა გეოგრაფიულ ადგილს აქვს თავისი ისტორია. დამთხვევები ხდება დროში, სხვადასხვა ადგილას, ერთდროულად ხდება ამბები. მაგრამ არის კიდევ სხვა განზომილებებიც.

დრო თუ სპირალურად მიიწევს წინ, მაშინ ამ წარმოსახულ სპირალზე, წარმოსახულ ვერტიკალურ წრფეებზე მძივივით იკინძება თარიღები. მაგალითად 27 აპრილი.

1961 წლის 27 აპრილს სიერა ლეონემ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, კენტის ჰერცოგმა, როგორც გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა ძალაუფლების რეგალიები საზეიმოდ გადასცა ახლად ფიც მიღებულ გენერალ გუბერნატორს, მორის დორმანს. ხოლო პირველ დამოუკიდებელ მინისტრთა კაბინეტს კი სერ მილტონ მარგაი ჩაუდგა სათავეში.

ეს არის 27 აპრილი სიერა ლეონესათვის, ამ დღის მოლოდინში რთავენ ქუჩებს, ვარჯიშობენ სიარულში, მეცადინეობენ ქუჩის ორკესტრები...

...მაგელანი ახალ საზღვაო გზებს ეძებდა ესპანეთის დიდი სამეფოსათვის, ფილიპინების არქიპელაგთან ჩააგდეს ღუზა ექსპედიციის გემებმა. კაპიტანი ლიმასავას ბელადებს რაჯა კულამბუს და რაჯა სიაგუს დაუახლოვდა, ახალი მეგობრები უხვად დაასაჩუქრა. მათ კი სანაცვლოდ სებუსაკენ მიმავალი გზა აჩვენეს. მთავრი ბელადი და მისი ცოლი კათოლიკებად მოინათლენ. ნათლობის სახელები ესპანელებმა კარლოსი და ხუანა მისცეს, ესპანეთის მეფისა და მისი დედის პატივსაცემად.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, ველურებს არჯულებდნენ, გავლენა იზრდებოდა. მეზობელ ბელადებსაც და მათ ტერიტორიებსაც ითრევდნენ ნელ-ნელა. მოკლედ, ძმაკაცური ექსპანსია.

თითქმის ყველა დამორჩილდა და შეეგუა ახალ მოსულებს. მაინც გამოჩნდა ერთი ჯიუტი. ბელად ლაპუ-ლაპუს არ მოეწონა ახალი ავტორიტეტები. მაგელანი ეცადა ლუპუ-ლუპუს მოთაფვლას, მაგრამ მაინც კონფლიქტამდე მივიდა საქმე.

ლაპუ-ლაპუ დასასჯელი იყო. მაკტანთან დაეჯახნენ ერთმანეთს. ლაპუ-ლაპუმ ათას ხუთასი მეომარი მოაგროვა. თავდაჯერებული ესპანელები უცბად ფიქრობდნენ საქმის მოყომარებას.

ბელადი ეშმაკი აღმოჩნდა, ისეთ ადგილას შეითრია მეტოქე, სადაც კლდეები ხომალდების ზარბაზნებისგან იცავდნენ.

ხელჩართული გაიმართა. ველურები გამწარებით იბრძოდნენ, შეაკვდნენ, უკან არ დაიხიეს და ესპანელი მუშკეტერები გაიქცნენ. ესპანელების კაპიტანი, ფერნანდო მაგელანი ამ ბრძოლაში ჩაჩეხეს.

ეს ამბავი 27 აპრილს მოხდა, ოღონდ 1521 წელს.

ცებუ კი 1565 წლის 27 აპრილს პირველი ესპანური დასახლება გახდა ფილიპინებზე. ეხლა ქვეყნის მეორე ქალაქია, ძალიან ლამაზი. იქვე ოცი წუთის სავალში კი პატარა ქალაქი ლაპუ-ლაპუა.

ვინ არ იცის მაგელანი. მსოფლიოს ყველა სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილი არ ჩაივლის ამ სახელის გარეშე. ლაპუ-ლაპუ კი ფილიპინების ნაციონალური გმირია, საამაყო მეომარი, რომელიც მომხვდურებს არ შეეპუა. მაკტანის კუნძულზე მისი იარაღშემართული ძეგლი დგას.

27 აპრილისათვის სიერა ლეონელები უცნაურ კონკურსს ამზადებენ. გამორჩეულები უნდა დააჯილდოვონ. ერთი ორმოცდაათი ნომინაცია მაინც არის. საუკეთესო გაზეთი, საუკეთესო რადიო, საუკეთესო ექთანი, საუკეთესო მასწავლებელი, საუკეთესო ტაქსისტი, საუკეთესო ”პოდო-პოდოს” (აქაური ”მარშრუტკაა”) მძღოლი, საუკეთესო პარლამენტარი... არა, არა ვხუმრობ. და ასეთი ორმოცდაათია.


ბეთჰოვენის საფორტეპიანო პიესა ”ელისეს” მისი სიკვდილიდან 41 წლის მერე გამოქვეყნდა. ლუდვიგ ნოლი, რომელმაც პიესა იპოვნა, ყვება რომ ავტოგრაფზე თარიღი ეწერა - 27 აპრილი, 1810 წელი. მანუსკრიპტი დაიკარგა...

27 ში ფრიტაუნში ბევრჯერ შესრულდება სიერა ლეონეს ჰიმნი, სხვადასხვა ვარიაციებით. არა ჰგავს ბეთჰოვენის დაწერილს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, მესამე რაიხის ჯარებმა აიღეს ათენი, საბერძნეთის არმიამ ფაქტიურად ვერ გაუწია წინააღმდეგობა არიელების სამხედრო მახინას. ათენში შესვლისთანავე გერმანელებმა აკროპოლისზე აღმართეს დროშა.

ასე ამბობენ აკროპოლისის ერთ ერთმა დარაჯმა, კონსტანტინოს კუკიდისმა, საბერძნეთის ალამი არავის დაანება, ტანზე შემოიხვია და აკროპოლიდან გადახტა. ესეც 27 აპრილს მოხდა, 1941 წელს.

1945 წელს კი ფაქტიურად ყველაფერი გარკვეული იყო, მესამე რაიხი და მოკავშირეები სულს ღაფავდნენ.

იტალიის ბელადი, ბენიტო მუსოლინი და მისი შეყვარებული კლარა პეტაჩი შვეიცარიაში ლამობდნენ გადაპარვას, იქ თვითფრინავი ელოდებოდათ. ეპანეთში უნდა შეეფარებინად თავი. გადაცმულები იყვნენ.

არ გაუმართლად. კომოს ტბის პირას, სოფელ დონგოსთან კომუნისტი პარტიზანების პატრულს გადაეყარნენ. გარიბალდის 52-ე ბრიგადის წევრებმა, ვალერიომ და ბელინიმ ლტოლვილები შეაჩერეს, ბრიგადის კომისარმა ურბანო ლაცანომ კი, მუსოლინი ამოიცნო... ესეც 27 აპრილს მოხდა.

დუჩე, პეტაჩი და ყველა მათი თანმხლები მეორე დღეს დახვრიტეს.                   

ძალიან უცნაური დღეა ეს 27 აპრილი, ნეტა თუ არის რამე ლოგიკა?

ისევ იტალიაში ვართ. კათოლიკურ ეკლესიას წმინდანად შერაცხული ჰყავს ზიტა. მოსამსახურეების და დამლაგებლების მფარველი. ისე თავდადებით ემსახურა ზიტა ფატინელების ოჯახს, რომ ამბობენ სამზარეულოში მის მაგივრად ანგელოზები ტრიალებდნენო. 1272 წლის 27 აპრილს მიიცვალა ზიტა და წმინდანებს შეუერთდა.

ასე რომ, 27 აპრილი სიერა ლეონეს და წმინდა ზიტას დღე ყოფილა.

რაც უფრო მეტს ვიგებ, მით უფრო ვშორდები სიერა ლეონეს და დამოუკიდებლობას, 27 აპრილი კი უფრო იდუმალი ხდება.

1960 წლის 27 აპრილს ტოგომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. საფრანგეთისგან დაიხსნა თავი. ეს კი უკვე ახლოა, თბილა. დროითაც და გეოგრაფიითაც.

აი კიდევ ერთი. სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდი დასრულდა. ლეგენდარული ტუსაღი, ნელსონ მანდელა ციხიდან გამოვიდა და პირველივე თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვა. სამხრეთ აფრიკის, ბურების მიერ აყვავებული ქვეყნის, პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. ესეც 27 აპრილს მოხდა, 1994 წელს.

ისევ აფრიკა. ერთი წლით ადრე ზამბიის საფეხბურთო ნაკრები, სენეგალში, დაკარში მიფრინავდა ფეხბურთის სათამაშოდ. მსოფლიო ჩემპიონატის შეარჩევი თამაში უნდა ყოფილიყო. თვითფრინავი ჩამოვარდა და უკლებლივ ყველა დაიღუპა. ესეც 27 აპრილს მოხდა.

როცა სიერა ლეონეში დამოუკიდებლობას ზეიმობენ, ზამბიაში ეროვნული გლოვაა.

ისე თუ დააკვირდებით 27 აპრილს სულ რაღაცის მტკიცება, ბრძოლა ან მსხვერპლშეწირვა ხდება. სადაც გამარჯვებულია ხშირად იქ დამარცხებულიც არის. ასე რომ, ვისთვის როგორია ეს დღე, საკითხავია.

1667 წლის 27 აპრილს დაბრმავებულმა ჯონ მილტონმა 10 ფუნტად გაყიდა ”დაკარგული სამოთხის” გამოცემის უფლება.

1992 წელს კი, რასაკვირველია 27 აპრილს,  ინგლისის დემოკრატიის ისტორიაში საგულისხმო ფაქტი მოხდა. 700 წლის განმავლობაში პირველად წარმომადგენლობითი პალატის სპიკერად აირჩიეს ქალი, ბეტ ბუტროიდი. მის ოჯახში ალბათ ყოველ წელს აღნიშნავენ სიერა ლეონეს დამოუკიდებლობის დღეს.

ამერიკის პრეზიდენტმა, ნიკსონმა, თავი შეირცხვინა, პოლიტიკური მეტოქეების ჩუმად მოსმენა განიზრახა. საქციელი გაუგეს და არ მოუწონეს. არაჯანმრთელი ინტერესი პრეზიდენტობის ფასად დაუჯდა.

1974 წლის 27 აპრილს ათიათასობით ამერიკელმა მარში მოაწყო ვაშინგტონში ნიქსონის გადადგომის მოთხოვნით. უცნაური ქვეყანაა ამერიკა. ათი ათასი კაცი რომ მოითხოვს , გადადექიო, მეტი რა გზა აქვს პრეზიდენტს?

საფრანგეთის მეფეს ჰენრი მესამეს და ჰერცოგ ჰენრი გიზს, რბილად რომ ვთქვათ, არ ეპიტნავებოდათ ერთმანეთი. ამ ქიშპობას ორიგინალური გადაწყვეტა მოუძებნეს და თავთავისი ფავორიტები მიუსიეს ერთმანეთს. აბა თითონ ხომ არ იკადრებდნენ მუშტი კრივს?

მეფის მინიონები (ძვირფასები), ჟან დ’არსე, ლუი მოგირონი და ჟაკ კაულუსი ერთის მხრივ და ჰერცოგის ჯილები, დე ბალზაკი, რიბერაკი და შომბერგი მეორეს მხრივ სამკვდრო სასიცოცხლოდ შეებნენ ერთმანეთს.

მერე ამას მინიონების დუელი დაარქვეს. ზოგმა იშაყირა ზოგმა ბალადები დაწერა. სასაცილო კი არაფერი მოხდა. ორი ადგილზე გარდაიცვალა, სამმა ჭრილობებისაგან სხვადასხვანაირად იწვალა და ტანჯვაში ამოხდათ სული. ერთი დე ბალზაკი გადაურჩა ჭრილობებს. ეს ის არ არის, სქელტანიან წიგნებს რომ წერდა. ”გოჭებივით დაწყვიტეს ერთმანეთიო” - შაყირობდნენ ენამწარე ფრანგები. 1578 წლის 27 აპრილს მოხდა ეს ამბავი.

მოკლედ კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი რამ მოხდა 27 აპრილს.

1987 27 აპრილს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ქვეყანაში არ შეუშვა ავსტრიის პრეზიდენტი კურტ ვალდჰაიმი. აქაოდა თავის დროზე ნაცისტებს ეხმარებოდი, ვიზას ვერ მოგცემთო.

ესტონეთში, ტალინში იდგა ”ბრინჟაოს ჯარისკაცი”. საბჭოთა მეომრის ძეგლი. ესტონელებმა დიდხანს ითმინეს და ბოლოს ვერ გაუძლეს. მაგრამ, მაინც ცივილიზებული ხალხია, არ დაანგრიეს. კულტურულად მოხსნეს და სხვა ადგილას, თვალს მოფარებულ სასაფლაოზე გადაიტანეს, აქ უფრო უპრიანიაო.

ატყდა ერთი ვაი უშველებელი. გადაირია მთელი რუსეთი, ეს რა გაგვიბედესო, შეუფითილეს ესტონეთის რუსობას, იმათაც გაიბრძოლეს. ლამის ხელახლა მოხდა ესტონეთის ოკუპაცია. მაგრამ ამჯერად ფეხი არ ჩაუვიდათ.  ეს ამბავი 2007 წელს მოხდა. 27 აპრილს - ესეც თავისებური თავისუფლების დეკლარაციაა.

რა ყოფილა ეს 27 აპრილი, არა მგონია ეს ყველაფერი ფრიტაუნში იცოდნენ.

1932 წლის 27 აპრილს დაიბადა ფრანგი მსახიობი ანუკ ემე და კიდევ ბევრი კარგი ადამიანი.


* * *


 ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომოც ემზადება 27 აპრილისთვის.

-         სერ 27-ში  შეიძლება ვერ მოვიდე, ხომ იცით რა დღეა!
-         დიდი ამბავი იქნება, მომო?
-         ძალიან დიდი, სერ.

გამახსენდა, ერთხელ მომოს სტალინზე და ლენინზე რომ ვკითხე.

-         მომო შენ იცი რომ 27 აპრილს მაგელანი და დუჩე რომ მოუკლავთ.

მომო უკვე მიჩვეულია ჩემს შეკითხვებს. თვალები ეჭვით მოჭუტა და კითხვა შემომიბრუნა.

-         ეგენი ვინ არიან, სერ? ფეხბურთელებს უგავთ სახელები.



თორნიკე ბერიშვილი

ქ.ფრიტაუნი
14 აპრილი 2011 წელი


No comments:

Post a Comment