Friday, October 29, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (20) - ”პაპიროსი” აფრიკაში

”პაპიროსი” აფრიკაში


ამ ბოლო დროს გააქტიურდა ინტერნეტი სიგარეტის და მოწევის თემაზე, ზოგმა მავნეაო და მეცნიერულ-სტატისტიკური არგუმენტები ”გვაჯახა”. ზოგმა, რა ვქნა, არ ვარგა, მაგრამ ეგ ერთი სიხარული დამრჩაო!  

თომას მანიც კი მოიშველიეს - ”არასოდეს მესმოდა, როგორ შეუძლია ადამიანს არ მოსწიოს - ეს ხომ კაცს ცხოვრების საუკეთესო წუთებს ართმევს. კარგი სიგარით პირში ადამიანი იდეალურადაა დაცული, მას იმ დროს ვერაფერი შეეხება...”

შეენც თომას?! მე კი ასე დავიწყებდი - ”არასოდეს მესმოდა, როგორ შეუძლია ადამიანს მოსწიოს...”

ეს კამათი უკვე საუკუნეები გრძელდება. მას მერე, რაც კოლუმბის ექსპედიცია ამერიკას მიადგა და ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, თამბაქოსაც ეზიარა. ამბობენ პირველი ევროპელი მწეველი, კოლუმბის მეზღვაური, ესპანელი როდრიგო დე ხერესიაო. პიველი ”ნაპასის” თარიღსაც ამბობენ  - 1492. და დაიწყო, მარა რა დაიწყო!

1604 - მწეველებით შეწუხებულმა მეფე ჯეიმს IV შოტლანდიისა და I ინგლისისა, დაწერა თავისი ”A Counterblaste to Tobacco”, მგონი პირველი თამბაქოს საწინააღმდეგო ტრაქტატი.

1650 - თამბაქოს მოწევა აიკრძალა ბავარიაში, საქსონიაში, ციურიხში. სულთანმა მურად IV მწეველთათვის სიკვდილით დასჯა გამოაცხადა.

1682 - დამასკელი იურისტი აბდ ალ-განი ალ-ნაბულსი წერს: ”თამბაქო ფრიად გავრცელდა მუსლიმანურ ქვეყნებში... ყველა ჯურის ხალხი მიეძალა მას... მე ხუთი წლის ბავშვებიც კი მინახავს, რომ ეწეოდნენ... ქალებიც კი არას დაგიდევენ და ეძალებიან...”

1691 - გერმანიაში, ლიუნებერგში - სიკვდილით დასჯა მწეველთათვის.

აკძალული - ტკბილიაო (თუნდაც მწარე კვამლი იყოს!). გადაირია მსოფლიო, ვეღარაფერმა შეაჩერა თამბაქოს ძლევამოსილი მარში. მილიარდობით მწეველი, ტრილიონობით დოლარის ბრუნვა. მოკლედ, წაგვლეკა. აფრიკასაც მოაღწია.

მაგრამ ისტორიის სპირალი შემოტრიალდა, და მგონი დაიწყო უკანდახევა თამბაქომ!

არა, მთელ აფრიკაზე ნამდვილად ტყუილად გავიქაჩე!  აი სიერა ლეონეზე კი მოგახსენებთ.

უცნაური ქვეყანაა სიერა ლეონე. სიტყვა ”განვითარებადი”-ც კი არ ემეტებათ საერთაშორისო ექსპერტებს. პირდაპირ ვთქვათ - ჩამორჩენილი. ბევრ რამეში მართლაც მაჩანჩალაა ეს ქვეყანა, მოსახლეობის სიღარიბით, ბავშთა სიკვდილიანობით, განათლების დონით, ეკონომიკით, კორუფციით...

მაგრამ ყველას და ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე. საქართველოდან ევროპაში ან ამერიკაში მოხვედრილს ბევრს გაკვირვებია, როგორი მომღიმარია გამვლელ გამომვლელი. ჩვენი დაბღვერილ-ეროვნული ქუჩის გადამკიდე გვიკვირს ხოლმე გაღიმებული ევროამერიკა. მაგრამ სიერა ლეონესთან ვერც ერთი ვერ მოვა. ვერსად ვერ ნახავთ ამდენ მოცინარ და კარგ ხასიათზე მყოფ ხალხს. უკანასკნელი ჩამოძონძილი მათხოვარი ან ხეიბარი ისე გულღიად და ხალისიანად შემოგცინებს ხოლმე, ისე გაკრიჭავს კბილებს, რომ მაშინვე უფასურდება ევროამერიკული პოლიტკორეკტული ღიმილი. სად საპასპორტო სურათისთვის სახეზე მიყინული ”სმაილ” და სად ამ დალოცვილი ბუნების შვილების გულიანი გაცინება! მოკლედ, არც კი შემედავოთ, ღიმილში სიერა ლეონე ჩემპიონია! ბღვერაში - საქართველო.

ეს ერთი, ბატონო! ეხლა მეორე.

თამბაქო სიერა ლეონეში ინგლისელებმა მოიტანეს, პლანტაციებიც გააშენეს ერთ დროს სარფიანი ექსპორტიც გახურდა. მერე 90-იანი წლების სამოქალაქო ომმა ყველაფერი მოსპო და თამბაქოს წარმოებაც გაქრა. მაგრამ ყველაზე საკვირველი ის არის, რომ სიერა ლეონეში პრაქტიკულად არ ეწევიან.

პირველად რომ ჩამოვედი, საოცარი კონტრასტი იყო საქართველოსთან შედარებით. თბილისის შემდეგ, სადაც ეწეოდნენ ყველგან, შენობაში, ქუჩაში, ოფისში, სასწავლებელში სკოლის ტუალეტში. სადაც ქართული უშუალობით, არავის აზრად არ მოუვა მოწევის ნებართვა ითხოვოს, თუ ქალს არ ეპრანჭება და ზედმიწევნით ზრდილობიანად არ უნდა რომ გამოჩნდეს. სადაც არამწეველი ბოლით მქშინავი მაჯლაჟუნების ალყაშია და არ მოწევა ლამის ”გრეხია”, სიერა ლეონე სუფთა ჰაერის სამოთხედ მეჩვენა!

აქ პრაქტიკულად არავინ არ ეწევა. ეწევიან ჩამოსული ქართველები, რუსები, უკრინლები. ისევ ჩამოსული ზოგიერთი ”ნჯო”-შნიკი. ადგილობრივებიდან კი ზოგიერთი დასავლეთში განათლებამირებული ”გასვეტებული”, აქაური ქუჩის ბიჭები - ”ბიჩ-ბოები” და მეძავები. თანას ეს დედაქალაქში, ფრიტაუნში. ფრიტაუნს გარეთ კი მწეველს სანთლით ვერ იპოვნი.

სიგარეტი იყიდება მხოლოდ იქ სადაც შეიძლება თეთრი კაცი გამოჩნდეს, ერთი-ორ სუპერმარკეტში და ქალაქის ცენტრში ერთადერთ ადგილას, ქუჩაში იმ რესტორნის ახლომახლოს სადაც როგორც წესი თეთრები იკრიბებიან ”სალანჩაოდ”. ეს არის და ეს.

წარმოგიდგენიათ, რა ბრძოლა მიდის ევროამერიკაში. საუკუნეები გავიდა, საჭირო გახდა საკანონმდებლო შეტაკებები, პროპაგანდა, დრაკონული აკრძალვები და უდიდესი ძალდატანება. მილიონობით დოლარის დახარჯვა, მეცნიერული დასაბუთება, ხალხის პირდაპირი დაშინება - ჩონჩხების ხატვა სიგარეტის კოლოფებზე და წარერები - ”მოწევა კლავს”, იმისათვის რომ მწეველების რიცხვი შემცირდეს.

აქ, ამ დალოცვილ სიერა ლეონეში, ეს ყველაფერი ბუნებრივად არის. არავის არაფერი არ აუკრძალავს, არც გაყიდვა, არც მოწევა. რაც გინდა ის ქენი, კაციშვილი არაფერს გეტყვის და არავის არ დასცდება საყვედური. აქ უბრალოდ არ ეწევიან! არ უნდათ და ”ვსიო”!

ესეც მეორე, სადაც სიერა ლეონე კონკურსგარეშეა, ევროამერიკა უკან მოჩანჩალებს. აბა სად პასტერიზებული პლასმასის ღიმილი და სად გულიანი გაცინება!

მაგრამ! 2009 წლის 22 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროამერიკული დონორების დახმარებით სიერა ლეონეში სტარტი აიღო თამბაქოსა და მოწევის საწინააღმდეგო მძლავრმა კამპანიამ. შეადგინეს პროექტი, მრავალმილიონიანი ბიუჯეტით. ჩამოვიდნენ მაღალხელფასიანი ექსპერტ-სპეციალისტები. სიერა ლეონეს უნდა გაუზიარონ თამბაქოსთან ბრძოლის მოწინავე გამოცდილება!

დიდი ზარზეიმით გაიხსნა პროექტი, ჩატარდა შეკრებები სტადიონზე, კონფერენციები, გასვლები რეგიონებში, მუსიკალურ-პროპაგანდისტული შოუები. მხიარულობს ხალხი, ებრძვიან თამბაქოს.

პარლამენტში ჩატარდა სპეციალური დებატები, პრეზიდენტს ხელმოსაწერად შეუტანეს კანონპროექტების პაკეტი. პრეზიდენტმა მოიწონა, დიდის ამბით მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების დელეგაცია, დიდი მადლობა გადაუხადა და დაფინანსების გაზრდა და პროექტის რამდენიმე წლით გახანგრძლივება სთხოვა - შუა გზაში ნუ მიგვატოვებთ და კარგად დაწყებულ საქმეს მარილი მოვაყაროთო. სხვა რა ჩარა იყო ექსპერტებმაც დააკანტურეს თავები და წლიური ანგარიშების და მომავალი წლის ბიუჯეტების შესადგენად გაიქცნენ.

ამას წინათ ფრიტაუნის მთავრობის სასახლეში მომიწია ჩვენს საქმეებზე მისვლა. დერეფანში ჩემი კარგი ნაცნობი, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი შემხვდა. აბა წავიდა სალამ-ქალამი და ურთიერთმოკითხვა. კედელზე უშველებელი პლაკატი გაეკრათ, მოწევის საწინააღმდეგოდ. ცდუნებას ვერ გაუძელი და ვკითხე, რას აკეთებთ, ვის ებრძვით მეთქი. ეშმაკურად შემომხედა

-         სერიოზული პროექტია, დაფინანსებაც კარგია, შედეგები? ჩვენზე ნაკლები სიგარეტი არც ერთ ქვეყანაში არ იყიდება და ყველაზე ნაკლები მწეველი გვყავს მსოფლიოში. აბა, ეგრეა ძმაო, ვმუშაობთ. ყველა კმაყოფილია.

დერეფნის ბოლოს, ტუალეტიდან ანტი-თამბაქოს პროექტის ხელმძღვანელი გამოვიდა, პარიზელი ექსპერი მიშელი, ფრიად მხიარული და სასიამოვნო ვინმე. რომ დაგვინახა, ჩვენსკენ წამოვიდა. უცნაურად ჰქონდა პირი მოკუმული თითქოს სული ეგუბებაო, ხელს კი ცხვირთან იქნევდა, თითქოს რაღაცას იქარვებსო...

ერთმანეთს გადავხედეთ, მაღალჩინოსანმა ჯერ ზევით აღაპრო მზერა, მერე ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.
* * *


ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯ პოლიციელ მომოს ერთი ნაკლი აქვს. მოიმარაგებს ხოლმე სპეციალურ პატარა ცელოფნის პაკეტებში დალუქულ ადგილობრივი წარმოების უიაფეს არაყს, იპოვნის ხოლმე მყუდრო ადგილს. ჩაკვნიტავს ცელოფანს, ჩაყლურწავს არაყს და ამოუშვებს ხვრინვას...

-         მომო! აღარ დავინახო ეს საზიზღარი საწამლავი!
-         გეფიცებით ბოლოა სერ! რომ მინდოდეს, მაინც ვეღარ ვიშოვი.
-         ”პაპიროსს” ეწევი, მომო
-         რას ამბობთ სერ! სულელი ხომ არა ვარ!

იცინის მომო - ისე, როგორც მხოლოდ სიერა ლეონელები იკრიჭებიან.


თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
28 ოქტომბერი 2010 წელი

No comments:

Post a Comment