Saturday, October 16, 2010

აფროქართველის ჩანაწერები (18) - მენდე

მენდე

არა, ბატონო! არავის ნდობას არ ვითხოვ. მენდე - ეს ტომია სიერა ლეონეში. ყველაზე მრავალრიცხოვანი ტომი. სიერა ლეონეს 5 მილიონი მოსახლედან მილიონზე მეტი მენდეა. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთი სულ მენდეები არიან. მენდე, ტემნე, მადინგო, შერბრო, ლიმბა,სუსუ... ეს სულ სიერა ლეონეს ტომებია. სულ თოთხმეტი ეთნიკური ჯგუფია. ყველა თავ თავის ენაზე ლაპარაკობს და რომ არა კრიო (გაფუჭებული ინგლისური), ერთმანეთს ვერც გაუგებენ. მაგრამ მენდეები ყველაზე მეტნი არიან და როგორც თითონ ამბობენ, ეგენი არიან, რაც არიან.

მენდეებს კვალში მისდევს ტემნეს ტომი. კვალში მისდევს რაოდენიბითაც და მუდვივად ეჯიბრება და ეცილება ქვეყნის მართვაში და საერთო გავლენაში. ტემნეები ქვეყნის ჩრდილოეთით ცხოვრობენ. ტემნე და მათი მოსაზღვრე ლიმბა ტრადიციულად ერთიანდებიან ხოლმე და გაშმაგებით ებრძვიან მენდეების გავლენას.

ოფიციალური ენა ქვეყანაში ინგლისურია, პარლამენტი ამ ენაზე მუშაობს და გაზეთებიც ინგლისურად გამოდის. საერთო საურთიერთო ენა კი, თუმცა არაოფიციალური,  უფრო კრიოა. მონების განთავისუფლების შემდეგ ინგლისმა ყველა ჯურის მონა ათასობით ჩამიყვანა და  ერთად დაასახლა, ამ ადგილს ფრიტაუნი ეწოდა და სწორედ ამ სხვადასხვა ჯურისა და ტომის განთავისუფლებულმა მონებმა, კრიოებმა, მოიტანეს ეს ”გაფუჭებული ინგლისური” - კრიო. ეს გახდა გამაერთიანებელი ენა სიერა ლეონესთვის, ფრიტაუნი კი დედაქალაქი.

კრიოები ცალკე თემაა, რადგან ცოტანი არიან (ამბობენ ქვეყნის ათი პროცენტიო), სულ უფრო და უფრო კარგავენ გავლენას, მაგრამ თავი ამაყად უჭირავთ. ეს არის სიერა ლეონეს ”ნამდვილი ინტელიგენცია” და ნამდვილი ქალაქელები, ფრიტაუნელები. ასე თუ ისე ზევიდან უყურებენ დანარჩენებს და ძველ დროს მისტირიან.  ხშირად გაიგებთ მათგან: ”...გუუდ, ოლდ კოლონიალ ტაიმს! (ძველი, კარგი კოლონიური ჟამი!)” - ამბობენ ხოლმე ამოოხვრით.

საზღვრები ხელოვნურად ყოფს ერთი და იგივე ტომის ხალხს. სიერა ლეონეს ორი ქვეყანა ესაძღვრება, გვინეა და ლიბერია. ორივეს საზღვრის აქეთ იქით ხელოვნურად გაყოფილი ერთი ეთნოსის ტომები ცხოვრობენ. ლიბერიაში ისევე როგორც სიერა ლეონეში ინგლისურია ოფიციალური ენა, გვინეაში კი ფრანგული. სახელმწიფო საზღვრებიც მოსული ხალხის მოგონილია და მეტროპოლიებს შორის გაყოფისა და პოლიტიკის შედეგია.

ქვეყნის სახელიც კი პირველად პორტუგალიელმა მოგზაურმა პედრო და სინტრამ წარმოთქვა 1462 წელს იმ მიწის აღსაწერად - სიერრა დე ლეაო - ლომის მთები...
1492 წელს კი ასევე პორტუგალიელი, ქრისტოფერ კოლუმბი მიადგა ამერიკას...

რამ განაპირობა რომ ყველა ჯურის ავანტურისტი, ავაზაკი თუ იმედის და ახალი ცხოვრების მაძიებელი მაინც ამერიკას მიაწვა და არა თუნდაც დასავლეთ აფრიკას? თუ ოქრო და ალმასი უნდოდათ ინდიელების მითიურ საგანძურთან შედარებით აქ არის თუ არის ოქრო და ალმასი, მაგრამ ეტყობა გულმა იქით გაუწიათ. შედეგად ამერიკაში ინდიელების ნარჩენები რეზერვაციებში ცხოვრობენ, სიერა ლეონეში კი მენდე და ტემნე ეცილება ერთმანეთს გავლენასა და პოლიტიკურ თანამდებობებს.

ისტორიულად ყველაზე მეტი პოლიტიკოსი, ვინც კი ქვეყანას მართავდა - მენდეა, მაღალ მაღალი თანამდებობებიც სულ მენდეებს უჭირავთ. თუმცა ეხლა, ბოლო არჩევნების შემდეგ,  ისტორიაში პირველად, პრეზიდენტი ერნესტ კორომა - ტემნეა. შემდეგი არჩევნები მოდის და პრეზიდენტის ერთ ერთი მთავარი საზრუნავი მენდეების მოთაფვლაა. თუმცა რა მოთაფვლა, წინააღმდეგობის შერბილება.

მენდეები და ტემნეები ხასიათითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ტემნე უფრო მებრძოლი და აგრესიული ტომია. მენდეები უფრო მშვიდობისმოყვარე, განათლებისა და კულტურისაკენ მიდრეკილები.

ინგლისელების მოსვლამდე ტემნეს ტომს მეფე ყავდა, მეფე ბაი. 1898 წელს კი ტემნეები აუჯანყდნენ ინგლისელებს, ბაი ბურეს ხელმძღვანელობით და კარგა ხანს იომეს. დასავლეთ აფრიკის ისტორიაში ეს იყო ყველაზე სისხლიანი და ხანგრძლივი წინააღმდეგობის მაგალითი. სწორედ იმ დროს, როდესაც კრწანისის ომგადახდილი მეფე ერეკლე მიაბარეს მიწას... მას მერე საქართველოც და სიერა ლეონეც კოლონია იყო. სიერა ლეონე 1960 წელს განთავისუფლდა, საქართველო სამი ათეული წლის მერე, 1991 - ში...

რა კრავს ამ თოთხმეტ ეთნოსს ერთ ქვეყნად ძნელი სათქმელია. რატომ თვლიან თავს სიერა ლეონელებად? ერთი კი უნდა გითხრათ, არც მენდეს და არც ტემნეს არასოდეს გამოუხატავთ სურვილი ცალკე ყოფილიყვნენ, დამოუკიდებელი ქვეყანა შეექმნათ ან ამით ესპეკულანტათ. თავშიც არ მოსვლიათ!

დანარჩენი თორმეტი ტომი კი  უფრო ამ ორ ლიდერს მიყვება ფარვატერში. სწორეთ მათი გადაბირებისა და მხარდაჭერისათვის იბრძვის ეხლა პრეზიდენტი კორომა. ამის გამო სულ ხაზს უსვამს რომ ტომობრიობა და ტრაიბალისტული ჩვევები უკან უნდა გაიწიოს, რადგან ერთი  ერი, ერთი ქვეყანაა და ყველა თანაბარია. ეს არის მისი იარაღი მენდეების გავლენასთან. ვნახოთ რა გამოუვა.

აქ კი ისევ კრიოები, ამპარტავანი ქალაქელები და მათი ენა - კრიო (”გაფუჭებული ინგლისური”), გამოდის წინა პლანზე, როგორც გაერთიანების დროშა.

არის კიდევ ერთი ძალიან ძველი და ფესვგამდგარი ტრადიცია, რომელსაც ყველა ტომი მისდევს. ეს არის ”სიკრიტ სოსაიტი” (საიდუმლო საზოგადოებები), რომლებიც მრავლადაა ყველა ტომში.

ასეთი საზოგადოება არის ძველი აფრიკული კილტურის, ტომობრივი ტრადიციების დამცველი და გადამცემი შემდეგი თაობებისათვის. სიერა ლეონეში ძირითადი მოსახლეობა მუსლიმანია, ძალიან დიდი ნაწილი სხვადახვა კონფესიების ქრისტიანი. საიდუმლო საზოგადოებებში კი ეს რელიგიები კარგავს მნიშვნელობას, მათ მიუხედავად არიან გაერთიანებულები და ეს ერთგვარი თავდაცვაა დასავლური თუ აღმოსავლური ცივილიზაციების გავლენისაგან.

საიდუმლო საზოგადოებები ძალიან გავლენიანია. ვერანაირ პოლიტიკურ თუ სხვა საზოგადოებრივ წარმატებას ვერ მიაღწევ, თუკი საიდუმლო საზოგადოებასთან არა გაქვს მოგვარებული საქმე. ყველას უმკაცრესი შიდა სტრუქტურა და იერარქია აქვს. აწყობილია სზაოგადოებებს შორის ურთიერთობის პრინციპებიც.

საიდუმლო საზოგადოებამ შეიძლება ტაბუ დაადოს რამე მოვლენას ან ვინმე პიროვნებას. ეს თუ მოხდა, დამთავრებულია მისი ამბავი, ვერაფერი ვეღარ უშველის.

ეს სისტემა ძალიან ჩაკეტილია, ძალიან ძნელია შიგნით შეღწევა ან შიდა ამბების გაგება. უდიდეს ცოდვათ ითვლება და მკაცრად ისჯება საზოგადოების შიდა ამბების გატანა და უცხოებისთვის განდობა. უცხოელებზე ხომ საერთოდ ლაპარაკი არ არის.

ძალიან ხშირად რაიმე მოვლენა ან ამბავი სრულიად უაზროდ ან ალოგიკურად ჩანს გარედან. საქმეში ჩაუხედავი გაკვირვებული იკითხავს ეს ასე რატომ მოხდაო? მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და სადღაც საიდუმლო საზოგადოებების სიღრმეებში დაფარული ლოგიკა.

უცხოელისათვის ძალიან ძნელია მათი მხარდაჭერის და კეთილგანწყობის მოპოვება. თავიდან ყველა ჩამოსულს ზედაპირულად უყურებენ, როგორც დროებითს. თუ რატომღაც ზომაზე მეტ ხანს შერჩა ქვეყანაში, ძალიან დიდხანს აკვირდებიან. მხადაჭერას და მოწონებას ვინ ჩივის! თუკი უცხოელმა ის მოახერხა, რომ მისი საქმიანობა წინააღმდეგობას არ იწვევს უკვე ძალიან დიდი მიღწევაა. მაგრამ დგება მომენტი, თუკი დაიმსახურე, როდესაც გრძნობ რომ უთქმელად ვიღაც იდუმალი გფარველობს და ხელს გიწყობს... უცნაური გრძნობაა.

საიდუმლო საზოგადოებები გაყოფილია, კაცების ცალკეა და ქალების ცალკე. მენდეების კაცების საიდუმლო საზოგადოებას პორო ჰქვია, ქალებისას სანდე. ტემნეების კაცებისაც პოროა, ქალებისა კი ბონდო.

საზოგადოება ფხიზლად უყურებს ბავშვების გაზრდას, მათთვის ადათ წესების სწავლას. კაცებს თავისას ასწავლიან, ქალებს თავისას.

მენდეს ტომის, ქალების საიდუმლო საზოგადოების - სანდეს წესებიდან:

სანდე ამზადებს ქალწულებს ქალობისათვის, ასწავლის მათ ქალის პასუხისმგებლობას. ისინი უნდა გახდნენ ძალიან მშრომელები და უნდა ესმოდეთ სწორი საქციელი, განსაკუთრებით უფროსების მიმართ. მათ უნდა ჩამოუყალიბდეთ პიროვნულობა და სიამაყე. უნდა გახდნენ სიყვარულის, სათნოების და სიკეთის წყარო. სადაც ორი ან სამი ქალი შეიკრიბება, იქ უნდა გაჩნდეს სანდეს სული.

სანდეს ძალიან მკაცრი იერარქია აქვს. ლიდერები უნდა თავის ცხოვრებით იყვნენ მაგალითი დანარჩენებისათვის. სოუი - ეს არის იერარქიაში ყველაზე მაღალი წოდება, სოუის აქვს სპეციალური საიდუმლოებების ცოდნა, რაც მას აძლევს გავლენას ინდივიდის წარმატებასა და ბედნიერებაზე, მასზეა დამოკიდებული საზოგადოების ბედიც. მათზე გადმოდის წინაპრების ცოდნა და ძალა, მათ ეხმარებიან ბუნების ძალებიც.

შემდეგი იერარქიაში არის ლიგბა. ლიგბა ორნაირია. ლიგბა უა (უფროსი) და ლიგბა ვულო (უმცროსი). თითეულ ჯგუფს მხოლოდ ერთი ლიგბა უა შეიძლება ყავდეს. ჩვეულებრივ წევრს ნიაჰა-ს ეძახიან. ვინც საზოგადოების წევრი არ არის, მისი სახელია - კპოუა. ეს სიტყვა ნიშნავს უცხოს, სულელს, სისულელეს.

ცეკვა და სიმღერა რა არის, ამასაც სწავლა და უფლების მოპოვება უნდა. ქალმა ცეკვა რომ წამოიწყოს ან სიმღერა შემოსძახოს მინიმუმ ლიგბა ვულო უნდა იყოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ სხვებს აყოლა.

ბავშვებს ბევრი ვარჯიში სჭირდებათ და დიდი ჯაფა ადგებათ, ასაკი რომ მოუწევთ საზოგადოების წევრები რომ გახდნენ. ბიჭები პოროს წევრები ხდებიან, მენდე გოგოები - სანდეს, ტემნესი კი - ბონდოს.

მაგ. მენდე გოგოებს საათობით ავარჯიშებენ ცეკვაში, ბოლოს უნდა მიაღწიონ იმას რომ 48 საათი გაუჩერებლად შეეძლოთ ცეკვა, დავარდნაბდე. ხანდახან შუაღამისას წამოაგდებენ ხოლმე და მაშინვე ცეკვა უნდა დაიწყონ.

ასეთი ნებისყოფიანი და თავისებურად მკაცრად ორგანიზებული ხალხი რთულია საურთიერთობოდ. კარგად თუ დააკვირდები, მიხვდები რომ ორი შრეა. ერთი გარეგნული, ფსევდო დასავლური, რომელსაც ყველა თამაშობს (თანაც კარგად), ურთიერთობს პიროვნულ და სახელმწიფო დონეზე. ხარკს უხდის ყველა წესს და რიგს, რომელიც უცხო ცივილიზაციამ მოიტანა და თავს მოახვია. არ ეწინააღნდეგება. მაგრამ როგორც ჩანს არც ღრმად უშვებს. საიდუმლო საზოგადოებებში ასწავლიან, როგორ მოხერხდეს რომ ამ წესებმა სულში არ შეაღწიონ და ბუნება არ შეცვალონ.

ხანდახან მომეჩვენება ხოლმე, რომ თვალს მოვკრავ უცნაურ ღიმილს, არა ბოროტსა და აგრესიულს. მაგრამ ამ ღიმილში გამოჩნდება უპირატესობისა და ღირსების დიდი განცდა - შენ რომ გგონია, არც ისე არის საქმე ძმობილოო!

* * *
ჩვენი ფრიტაუნის ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო გამოცდილი კაცია. ბევრიც გადახდენია და ბევრიც უნახავს. მასთან ვეძებ ხოლმე გაუგებარის ახსნას...

-         მომო!
-         სერ!
-         მომო, შენ სადაური ხარ?

მომო წელში გაიმართა და უცნაური სერიოზულობით მიპასუხა

-         მე სერ! აი ემ ე ბლექ მენ (მე შავი კაცი ვარ)!

კარგი კაცი ხარ, მომო.


თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
14 ოქტომბერი, 2010 წელი

No comments:

Post a Comment