Friday, March 11, 2011

აფროქართველის ჩანაწერები - 8 (36) - აფროქართველის ცოლის ჩანაწერები

აფროქართველის ცოლის ჩანაწერები


ჩემს ყოველდღიურობაში დიდი ცვლილებები და აურზაურია. ჩემი მეუღლე გვეახლა ფრიტაუნში. დიდი ხანია ემზადება და ბოლოს როგორც იქნა გადაწყდა. გადაწყდა მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ არის თავგადასავლების მაძიებელი, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს არკვევდა შეხვდებიან თუ არა ქვეწარმავლები  და სხვა მცოცავები ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ უყვარს ოკეანის თავზე ფრენა. მიუხედავად იმისა, რომ ვინც კი გაიგო მისი მომავალი მოგზაურობის შესახებ, ყველამ შეიცხადა  და ათასი სისულელით ”დაგრუზა”.

ერთხელ, აბერდინის გასაოცარ სანაპიროზე მზეს მიფიცხებული ლუდს მივირთმევდი და ოკეანის შრიალით ვტკბებოდი. ”რელაქს!” - როგორც აქაურები იტყვიან. აწკრიალდა ტელეფონი, საერთაშორისო ზარია. ზანტად ვუპასუხე - დიახ! ბიჭოს! ჩემი მეორე ნახევრის სასოწარკვეთილი ხმა:

-         ეხლავე მითხარი სიმართლე, რა ხდება მანს, არ დამიმალო, ხომ არაფერი არ გემუქრება!?
-         რა ხდება? ოკეანის ნაპირზე ვუსაქმურობ და ლუდსა ვსვამ!
-         არა, შენ სულ ესე იცი. მე ყველაფერი გავიგე, მანდ ძალიან საშიშია. ეხლავე აიღე ბილეთი და წამოდი, არავის არ სჭირდება ეს შენი აფრიკა.
-         რა საშიში? ლუდი, ოკეანე, მზე და ოქროს ქვიშა!

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქუჩაში დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შეხვედრია. როგორც ქალებმა იციან, დაუქაქანებიათ. ლაპარაკში ჩემს ცოლს უთქვამს, ჩემი ქმარი აფრიკაში, სიერა ლეონეში მუშაობსო.

-         დედა, ეს რა მითხარი! - იტკიცა ნაცნობმა - ეს რა დაგმართნიათ, ეხლავე უნდა წავიდე ეკლესიაში, სანთლები უნდა დავანთო და ვილოცო თქვენთვის.

სახტად, მარტოდ დარჩენილი ჩემი მეუღლე ტელეფონს ეცა.

მაგრამ მაინც გადაწყდა! იმიტომ რომ ქმარი ქმარია. ამ თავგანწირვის არდაფასება შეუძლებელია და მეც გაფაციცებული და მონატრებული ველოდები. ბოლოს და ბოლოს ლუნგის აეროპორტში დაჯდა რეისი ლონდონი - ფრიტაუნი.

მხოლოდ ერთი კვირა გავიდა, მინდა ერთბაშად გავუზიარო ყველა შთაბეჭდილება რაც ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვდა. საინტერესოა როგორ აღიქვამს ახალი თვალი.

ჩემი მეუღლის დღიურიდან:
”.. მე და აფრიკა! რას წარმოვიდგენდი, რომ როდესმე ქმრის სანახავად აფრიკაში მომიხდებოდა ჩამოსვლა...”

ეხლა უკვე გვიანია, ავანტიურისტს და მომავალ აფროქართველს რომ მიყვებოდი ცოლად, მაშინ უნდა დაფიქრებულიყავ.

დღიურიდან. ჩამოსვლა.
ლუნგის საერთაშორისო აეროპორტი... 18 საათი ფრენის შემდეგ როგორც იქნა დავჯექით, უმალვე სიბნელე და ხალხის ფუსფუსი გზარავს... ფარნების სინათლისგან  ისედაც ფრენისგან დაღლილს თვალები სულ გებნევა, ერთი სული გაქვს რომ სადმე ჩამოჯდე....  ”ელენე” -  უცებ მოვკარი თვალი ხელით დაწერილ ტაბლოს და დავადასტურე თუ არა ჩემი ვინაობა, წამში უკვე  რაღაც რიგში ვიდექი და  უნებურად ვასრულებდი მითითებებს - ” პასპორტი მოამზადეთ, ნურაფერზე ნუ იდარდებთ, რასაც გკითხავენ, ყველაფერზე  დაეთანხმეთ”....სიბნლეში თორნიკეს ვეძებ,  -- -  ”მემ, თქვენი მეუღლე ტელეფონზე გირეკავთ, აბა  დაელაპარაკეთ...” ჩემი მეგზური მაწოდებს მობილურს....

-         აქეთ წამოდით, მემ! მაგ რიგს ავცდეთ, აი აქ დადექით.

ჯიხურს აშკარად აწერია ”დიპლომატიური პასპორტები”. გულში ვფიქრობ, ნეტა მე რა შუაში ვარ. ვცდილობ ვიკითხო, - ცსს - პასუხად - გვაცალეთ, მემ!

ხალჰი გაწვება, ვიღაცა რაღაცას გეკითხება, კონტროლის ჯიხურში მგონი უფრო მეტი ხალხია შეკრებილი, ვიდრე რიგში... ვინ რას აკონტრროლებს, ვინ  ვის რა დოკუმენტებს აწვდის, ვინ რას ამოწმებს, ნეტავ პასპორტი არ დამიკარგონ!... როგორც აქ იტყვიან, აქ ყველაფერი უპრობლემოდ კეთდება, ” აცრები გაქვთ გაკეთებული? ყვითელი ციების ფურცელი გააქვთ?,  კერძოდ რა გიდევთ ჩემოდანში?... პასუხის გაცემას ვერ ასწრებ , იმიტომ რომ უკვე გარეთ გაგიტანა ხალხის ტალღამ, გასაკვირად ყველა დოკუმენტი ხელში მაქვს და აი, დავინახე, თორნიკეც იქ დგას.....”

არა, ვიცოდი, რომ ჩემს მეუღლე გაეხარდებოდა ჩემი ნახვა, მაგრამ ასე! მაინც რა არის ეს აფრიკული ჰავა!

დღიურიდან.
”...ქვეყანაზე ვინმეს თუ  ოდესმე  უნახავს  მწვანე მთვარე? ეს სიერა ლეონე გახლავთ....” 

ფრიტაუნი.
”...თითმის ყველა ცენტრალურ ქუჩას კანალიზაციის  ღია, თავდაუხურავი არხი გასდევს, რაც ქუჩაში გასულ მგზავრს  არასასიამოვნო კომფორტის შთაბეჭდილებას უქმნის, მაგრამ ამავე დროს ერთგვარი ვარჯიშის შანსს აძლევს, რომ ჩქარ - ჩქარა, გადარბენით ანდა  გადახტომ -  გადმოხტომით შეიგრძნოს ფრიტაუნი ქუჩები.

...ხალხი, ხალხი, ხალხი, ყველგან, არც ერთი შუქნიშანი, რა შუქნიშანი უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც  ვიცე პრეზიდენტი დილაობით ოფისში მიდის და გენერატორს ქოქავს, თავისთვის და პრეზიდენტისთვის.

...მაგრამ არა უშავს.... ქალაქში  ტრანსპორტის ნაკადი არ წყდება ..  იქ სადაც ძალიან გაჭედილია, მკითხაობაც არ უნდა, ესე იგი პოლიციელი იქვეა სადმე და  თავის ჭკუაში რაღაცას არეგულირებს. ასე რომ მანქანით რომ მიდიხარ, ერთს ნატრობ -  გზაჯვარედინზე პოლიციელი არ დაგხვდეს, თორემ ნამდვილად 3 – 4 საათის ამბავია...

...ფრიტაუნი,  ტერასების ქალაქი, ოკეანეს მხიდან ისეთი უჩვეულო და საინტერესოა! თითქმის მთელი ქალაქი  რამდენიმე მთაზეა გაწოლილი,  გზები კლაკნილია და არასდროს  არ იცი, რომელი მხრიდან ჩაგიფრენს ისარივით რომელიმე ”მარჯვე” მოტოციკლეტისტი თუ ტაქსის მძღოლი. ღამე განსაკუთრებით საშიშია. ახალგაზრდები, ალბათ როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, უდარდელად უმატებენ სიჩქარეს, გზად მიმავლები ღამის კლუბებისკენ და კაფეებისკენ...

...ქალაქი  არქიტექტურით ჭრელია, უფრო სწორედ არქიტექტურის ნიმუში აქ  თითზე დასათვლელად თუა, სამწუხაროდ  უმთავრესი ლამაზი შენობები თითქმის განადგურებულია ქვეყანაში  11 წლიანი  სამოქალაქო ომის  შედეგად.”

ნეტა რომელ ქალაქზე ჰყვება? მე კი თვალი მივაჩვიე ფრიტაუნს და არაფერი აღარ მიკვირს.

მეუღლის დღიურიდან. ხალხი და ჩაცმულობა.
”...ერთი კვირაა ფრიტაუნში  ვარ და ასე მგონია, რომ დიდი ხანია აქ ვცხოვრობ, ეს ალბათ აქაურების გულღიაობის გამოა ჩამოსულების მიმართ. მომწონს მათი დამოკიდებულება - უშუალო, უზომოდ მოკრძალებული, დინჯი და საოცრად მეგობრული.

ხალხს, რომელსაც დღემდე  სახლ - კარი არ აქვს, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გასაცოდავებული საჰურავით დაფარულ ჯოხებისა და ფიცრებისგან შეკრულ ქოხებში ცხოვრობს,  რომ არ ავღნიშნოთ ანტისანიტარია, უწყლობა და უსინათლობა, სულ არ არის ან გაღიზიანებული, ან აგრესიული ან გაბოროტებული... ისე მოგესალმებიან, გაგიღიმებენ და ტრაგიკული სახეების გარეშე გთხოვენ ფულს... ერთდაერთი შემზარავი ადგილი ის დიდი მოედანი არის, ქალაქის ცენტრში, მის ერთ - ერთი  კედლის გაყოლებაზე, სადაც ჩამწკრივებული  ხეიბრები და უსინათლოები ელოდებიან გამვლელ მანქანებს; ოდნავ თუ შეჩერდი, გირჩევთ არ გაიხედოთ, ყველას მაინც ვერ დაეხმარებით, იმდენ  ბავშვს, ქალს და მოხუცს დაინახავთ თკვენსკენ დაძრულს, თავისი საინვალიდო სკამებით... გული შეგეკუმშებათ....

 ...ამ ყველაფრის ფონზე ხალხის ჩაცმულობა და მათი სამოსის სისუფთავე  ნადვილად თვალში  საცემია, ისე  გამოეწყობიან და შვილებსაც გამოპრანჭავენ. განსაკუთრებით დილას ადრე უნდა ნახოთ სკოლაში მიმავალი ბავშვები როგორ აკურატულად გამოიყურებიან, გაქაქათებული წინდები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს თავის სპეციალური უნიფორმები აცვიათ, თმები აფრიკულ მოდაზე პატარა ნაწნავებით შეკრული სხვადასხვა ფერის ბაფთებით.... გულში ფიქრობ, ნეტა როდის ასწრებენ ან როგორ ახერხებენ ამას?

დღიურიდან. ჩიფი.
”...თორნიკეს მზღოლი - ჩიფი, 22 წლის არის, პარამაუნტ ჩიფის შვილია. მამამისი ერთ დროს ასი ათასზე მეტი ადამიანის ბელადი იყო.  ბავშვობიდან პატარა ბიჭს უკვე გაჯმდარი აქვს დისციპლინა,  სიმამაცე და ამავე დროს უზომო სიდინჯე, მაგრამ ისიც ახსოვს, რომ იმის გამო, რომ მამამისს დაახლოებით 50 შვილი ჰყავდა,  ხშირად ვერ ხვდებოდა მამას.

-         ჩიფ, გახსოვს ბოლოს როდის შეხვდი მამაშენს?  -  ვეკითხები მანქანაში სანამ თორნიკეს ველოდებით.
-         როგორ არა, მემ, ბოლოს მისი სიკვდილის წინ ერთი კვირით ადრე ვნახე და არასდროს დამავიწყდება მისი დარიგება: მითხრა სიტყვა მომეცი, რომ განათლებას უსათუოდ გააგრზელებ, იმიტომ რომ განათლება შენი ცხოვრების წარმატების საფუძველია,  მხოლოდ განათლებით შეიძლება წინ წასვლა და იმ ცხოვრების შექმნა, რაც შენ ხალხს და შენ  ბედნიერებას მოუტანს.
-         იცით  კიდევ რა მითხრა?   მთავარია ხალხთან საერთო ენა გამონახო,  შეიძლება იყო პარლამენტში და ხატოვნად და კარგად ლაპარაკობდე, მაგრამ უბრალო ხალხი ვერ გიგებდეს... 
-          კიდევ რა გახსოვს შენი ბავშვობიდან? 
-         კიდევ მახსოვს, რომ დედაჩემი მამის სხვა  ცოლებთან შედარებით ყველაზე მეტს შრომობდა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი იყო, ვერ მოხვდა პირველი ცოლების რიგში. დედა  სულ ჩვენთან, შვილებთან იყო, ჩემს ძმასთან და ორ დასთან, მაგრამ მე არასდროს არ მახსოვს  მისგან ცუდი სიტყვა მამაჩემზე, ეს კი არა, წინა თვეს ჩემი  ერთ - ერთი ნახევარი ძმის ქორწილში ვიყავით ერთად..... თუ  გინდათ, მემ, ფოტოს მოვიტან და გაჩვენებთ... მამაჩემის  ფოტოც მაქვს, იმასაც მოვიტან..
-         უსათუოდ, ჩიფ, არ დაგავიწყდეს.”

მართლაც მოიტანა სურათები. ერთზე მექადან ახალდაბრუნებული მამამისი მკაცრად შემოგვცქეროდა სურათიდან. მეორეზე კი თავად ჩიფი და მოოქროვილ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მის დას უფრო მიამგვანებდი, ვიდრე დედას.

დღიურიდან. ჰავა.
”... ჰავა   სიანტერესო პერსონაჟია, ყოველ დილას მოადგება სახლს  და  ხუთ  წუთში უკვე  იატაკის ჯოხითა და გაქათქათებული ჩვრით ხელში კარიდანვე იწყებს წმენდასა და დალაგებას. ჰავას თავის სისტემა აქვს, მთავარია გზად არავინ არ შემოეგებოს, მაშინ ყველაფერი რიგზე დალაგდება, იქ ჭურჭელი აქვს დასარეცხი, იქ ცოტა სარეცხი, ნაგვის გატანა, ლოგინების გაწყობა თავის გემოვნებაზე, ბალიშებს რომ დააწყობს ერთი დღე ხან ერთ რიგში და მეორე დღე სხვანაირი დიზაინით - ერთმანეთის  თავზე მთასავით.

მუშაობისას მღერის სულ ერთ  მელოდიას, სასიამოვნო მელოდიას.   ჩემი ჩამოსვლა გაეხარდა, ალბათ გაიფიქრა, ეხლა ყველაფერი წესრიგში იქნებაო, მაგრამ ვინ გაძლევს ამის საშუალებას, უნდა გააკეთო ისე და დააწყო ისეთი მიმდევრობით, როგორც მას უნდა.

-         ჰავა,  რამდენი წლის ხარ? გათხოვილი ხარ?
-         დიახ, მემ,  12  წლის  ბიჭი მყავს, ქმარი  დავკარგე.  დამეღუპა, ფული მჭირდება და  ბედნიერი ვარ, რომ სამუშაო მაქვს,  დასთან ერთად ვცხოვრობ, იმასაც პატარა შვილი ჰყავს, ჩვენი  ბავშვებისთვის უკეთესია....
-         რა დიდი ბიჭი გყავს!
-         ჰო, მინდა განათლება მივცე, არ მინდა ქუჩაში გაატაროს მთელი ცხოვრება, ეხლა იმდენი პროგრამებია, მჯერა, თუ კარგად ისწავლის, აუცილებლად მოხვდება საზგვარგარეთ. სადმე  წავა სასწავლებლად.
-         იქ რომ ისწავლის და მერე აგარ მოუნდეს  დაბრუნება?
-         არავინ არ იცის... შეიძლება დაბრუნდეს კიდეც.... ერთი ვიცი, არ მინდა ჩემსავით გაწვალდეს....”

ჰავა და ჩემი მეუღლე დიდ ოთახში სავარძლებში მოკალათებულან, ყავას სვამენ და ”სვეცკად” ბაასობენ. აბა წავედი საქმეებზე.

ჩემი ცოლი ახალ ახალ სიტყვებს იგონებს ხოლმე, არა კი არ იგონებს, რაღაც უცნაურ გიბრიდებს წარმოთქვამს ხოლმე ბუნებრივად, მერე თითქმის ყველა გარშემო მყოფი აიტაცებს და მიდის ხოლმე უცნაური ლაპარაკი ჩიტის ენაზე. ეხლაც, ეტყობა აფრიკაში ჩამოსვლამ და კრიომ იმოქმედეს - ემეიზინგები!

-         ჰავა, შაბათ კვირას ბიჩზე ყოფილხარ, კარგი დრო გაატარე?
-         ემეიზინგები!

შენც, ჰავა?


* * *

ამასობაში მოსაღამოვდა. ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო მოვიდა და პოსტი ჩაიბარა. საპეციალურად ჩავედიტ და ჩემი მეუღლე დიდის ამბით წარვადგინე.

-         მომო, ეს ჩემი მეუღლეა, დღეს ჩამოვიდა.
-         რა ბედნიერებაა, მემ! როგორ მოგწონთ ფრიტაუნი?
-         გადასარევია, მომო. უჩვეულო.

მომომ ერთი კრიტიკულად შემათვალიერა. გაპარსული პირისახე მომიწონა. ახლადდაუთოებული პერანგის გამო კმაყოფილმა გააქანა თავი და გაიღიმა.

-         რა კარგია რომ ჩამოხვედით, მემ! რა კარგია.


თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი

10 მარტი 2011 წელი

No comments:

Post a Comment