Friday, March 25, 2011

აფროქართველის ჩანაწერები 10 (38) - ფრიტაუნის გეოგრაფიულ-ისტორიული

ფრიტაუნის გეოგრაფიულ-ისტორიული


სიერა ლეონეს დედაქალაქი, ფრიტაუნი, ატლანტიკის ოკეანეში ღრმად შეჭრილი დიდი ნახევარკუნძულის უკიდურეს დასავლეთ ნაწილშია განლაგებული. ქალაქი ოკეანესკენ დაქანებულ უსწორმასწორო ფერდებზეა გაშენებული, ქუჩები ტერასებად ჩადიან წყლისკენ.

ქალაქის ცენტრი, ქალაქის გული და ათვლის წერტილი ”კოტონ ტრი”-ა. რამდენიმე საუკუნის წლოვანების უშველებელი ხე, უზარმაზარი ფესვებით რომ ეჭიდება მიწას. ახლოს რომ  მიხვალ, ისეთი განცდაა, რომ დედამიწა ჰკიდია ამ უშველებელი ხის ფესვებზე.

მოკლედ ეს კოტტონ თრია ფრიტაუნის ნულოვანი კილომეტრი. კოტტონ თრისთან დგას ჯერ კიდევ ინგლისელების აშენებული ულამაზესი, მდიდრული ბარელიეფებით მორთული შენობა, ეს აქაური სასამართლოა. აქ წყდება სიერა ლეონელების ბედი.

აქედან იწყება ფრიტაუნის ”დაუნტაუნი”, საქმიანი ქალაქი - ბანკები, კომპანიები, სახელმწიფო დაწესებულებები, მუდამ მოფუთფუთე ხალხით გადაჭედილი ქუჩები.

ეს კოტტონ ტრია კომუნისტების დროიდელი თბილისის ”ლენინის მოედაზე”  დაკოსებული ულიანოვის მონუმენტის ანდა დღევანდელი თბილისის თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ანალოგი. ეს არის ფრიტაუნის სიმბოლო და მისი სული.

-         სადა ხარ?
-         ქალაქში ვარ
-         კოტტონ თრიდან შორსა ხარ? რომელ მხარეს?

რამდენი რამ უნახავს ამ მცენარეს, და თუ მეხსიერება აქვს, ისე ეტყობა რომ აქვს, ახსოვს პორტუგალიელები, მონობა, ფრანგებთან ბრძოლები, სანიმუშო სასამართლოები, გადატრიალებები, სამოქალაქო ომები, ჯადოქრები, მსხვერპლშეწირვა, ინგლისელების წასვლა მოსვლები, დამოუკიდებლობის გამოცხადება და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი რამ.

ერთი ამბავი გამახსნდა. ამ რამდენიმე წლის წინ ამერიკიდან უკვე ხანშიშესული ვიეტნამის ვეტერანები გვეწვივნენ. ათას უბედურება გამოვლილი, თავგადასავლებმოლეული მაგარი კაცები. როგორც გვეკადრებოდა, ისე ვუმასპინძლეთ, ერთმანეთს გავუგეთ და მაგრად დავძმაკაცდით.  ერთი გასვლა და კარგი პურმარილი თელავშიც გვქონდა. იქაური უძველესი და უძლეველი მუხაც მოვინახულეთ. მონუსხულივით უცქერდნენ დაბერებული ამერიკელი ჯარისკაცები მუხას და მისი ასაკის გასიგრძეგანებას ცდილობდნენ.

-         ეს მუხა იცით რამდენი ხნისაა? აი სანამ კოლუმბი თქვენსკენ, ამერიკისკენ წამოვიდოდა, მანამდე უკვე აქ იდგა ეს დალოცვილი...

ასე ხატოვნად აუხსნა ერთ-ერთმა ჩვენგანმა საქმის ვითარება სტუმრებს.

ფრიტაუნის კოტტონ თრიც ასეა. უნდა მიეახლო, მის ენაზე გამოესაუბრო და უამრავ საინტერესო ამბავს გაიგებ.

კოტტონ თრის გარშემო გრანიტის ზღუდეები დაუდიათ, შადრევანი გაუშენებიათ, მანქანები მთელი დღე მის გარშემო წრეზე ტრიალებენ. ტრიალებენ და სხივებივით გასულ ქუჩებზე ნაწილდებიან.

ამ ქუჩებიდან ორი ნამდვილად საგულისხმოა. ერთი, მთავარი, შიაკა სტივენს სტრიტ, ხესთან მოდის გარს უვლის და უკვე დაუნთაუნში გრძელდება. ეს ფრიტაუნის მთავარი ქუჩაა, აქაური რუსთაველის გამზირია.

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი კოტტონ თრიმდე მოდის და იქ თავდება, ეს პადემბა როუდია.

შიაკა სტივენს სტრიტ ქალაქის მთავარი არტერიაა, ცენტრალური ძარღვია. ღმერთმა არა ქნას შიაკა სტივენსი გაიჭედოს. ჩათვალეთ ქალაქი პარალიზებული იქნება. ქალაქის ერთი მხარიდან მერეზე თუ გინდა მოხვდე, შიაკას გვერდს ვერ აუვლი, გინდ მათხოვარი და გინდ პრეზიდენტის ესკორტი.

პადემბა როუდი ქალაქში მოსახვედრი ლამის ერთადერთი შემოსავლელი ქუჩაა, ნაწილობრივ რომ განტვირთავს შიაკას, თუმცა მის შუაგულს უერთდება ბოლოს. ერთი თავისებურებაც აქვს. შუაგულ ქუჩაზე დგას აქაური ციხე. ყველა ჯურის პატიმარი აქ არის მოგროვებული. თუ სასამართლოზეა ვინმე მისაყვანი, სპეციალური მანქანები ქუჩას განუსაზღვრელი ვადით კეტავენ და სრულიად უიმედო და უპერსპექტივო ავტო-”საცობს” ქმნიან.

ეს უცნაური სახელებიც ამ ქუჩებს შემთხვევით არა ჰქვიათ.

შიაკა პრობინ სტივენსი დამოუკიდებელი სიერა ლეონეს (კინაღამ დავწერე საქართველოსი-თქო) პირველი პრეზიდენტი იყო. სწორედ მის საპატივსაცემოდ ჰქვია ფრიტაუნის ცენტრალურ და ყველაზე მნიშვნელოვან ქუჩას მისი სახელი.

საინტერესო და უცნაური კაცი იყო სიერა ლეონეს პირველი პრეზიდენტი. დიდი ცხვირის გამო ”ცხვირა ”შეარქვეს. პრეზიდენტობისას შიშის ზარს სცემდა გარშემო და არაერთი კაცი იმსხვერპლა.

1905 წელს დაიბადა, ლიმბას ტომელი მშობლებისაგან, გაგანია ინგლისის კოლონიაში. ისწავლა, კოლეჯი ინგლისში დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნდა და ინგლისელ კოლონიზატორებს კარგა ხანს ემსახურა.

საიდან სადაო, პოლიციის სერჟანტამდე იმსახურა, პროფკავშირების ლიდერი გახდა, მერე პოლიტიკოსად გადაიქცა, ჩამოაყალიბა ჯერ ერთი მერე მეორე პატია.

1962 წელს ქალაქ ფრიტაუნის მერი გახდა.

რიგით მესამე პრემიერ მინისტრი იყო, მანვე შექმნა პრეზიდენტის ინსტიტუტი და პირველმა თითონვე მოირგო ეს თანამდებობა.

სასტიკად იბრძოდა ადგილისათვის. რამდენჯერმე იძალეს მოწინააღმდეგეებმა. გაქცეულიც კი იყო, ისევ მობრუნდა ზოგი დახვრიტა, ზოგი ჩამოახრჩო. ერთპარტიულობა ყველაზე კარგიო, განაცხადა.

ამბობენ ეკონომიკა არ ესმოდა ქვეყანა გაძარცვაო. ”მანო რივერ” ალმასების მომპოვებელი უდიდესი კომპანია კი შექმნა.

ინგლისელების მიერ დამუშავებული რკინის მადნის საბადოების ნაციონალიზაცია გამოაცხადა და კარგა ხანს არავის არ აკარებდა.

ფული რომ შემოაკლდა, ერთი გენიალური ოპერაცი გააკეთა. ინგლისელების გამართული რკინიგზის სისტემა აითვალწუნა, ჩვენს ხალხს ეს არ სჭირდებაო. ასეულობით კილომეტრები რელსები ააყრევია და უბრალოდ... ჯართში ჩააბარა. მილიონები აიღო. რკინიგზის არსებობას დღესაც ლეგენდად ჰყვებიან მოხუცები.

შიაკამ 1971 წლიდან 1985 წლამდე იპრეზიდენტა. მერე დიდხანს და ფრთხილად ირჩევდა მემკვიდრეს. გენერალი ჯოზეფ საიდუ მომო წინ გამოსწია და გააპრეზიდენტა.

შიაკა 1988 წელს 82 წლისა გარდაიცვალა, მისი ხელდასმული პრეზიდენტი გენერალი ჯოზეფ საიდუ კი 1991 წელს გააქციეს აჯანყებულებმა.

-         ნეტა ”ცხვირა” შიაკას რაც ალმასები ჰქონდა, იმისი მეათასედი მოგცა!

ასე უსურვებს ხოლმე სიერა ლეონელი ახლობელს. დღესაც პრეზიდენტი სტივენსის დამალული განძის ძიებაშია ბევრი.

აი ასეთი კაცის ქუჩა გადის ზედ კოტტონ თრიზე. ხეს კი შიაკა კარგად ახსოვს, მისი დაბადება, აღზევება დაცემა, გაპრეზიდენტება და გამდიდრება. ყველაფერი მის თვალწინ მოხდა.

მეორე ქუჩა კი სულ სხვაგვარი კაცის სახელობისაა. პადემბა როუდ.

პა დემბა ერთი სოფლის თავკაცი იყო. სოფელი სწორედ იქ ყოფილა სადაც ეხლა პადემბა როუდია. მაშინ ფრიტაუნი პატარა იყო და იქამდე ვერა წვდებოდა.

1794 წელს ფრანგების გემები მოადგა ფრიტაუნს. ვითომ სავაჭროდ მოსული ფრანგები, ვერაგულად შეიჭრენ ახლადდაარსებულ ფრიტაუნში და ძარცვა მარადიორობა ატეხეს. ახალი სქოთიის კოლონიას ფიზიკური განადგურების საფრთხე დაემუქრა. საშველი არსაიდან არ იყო.

ქალაქს პა დემბას სოფელთან და ტემნეს ბელადებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ბელადები ბოროტი სიხარულით შესცქეროდნენ კოლონიის დაქცევას და ფრანგებს საქციელს უქებდნენ.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა სოფლის თავკაცი, პა დემბა. თავისი ტომისა და ბელადების განწყობა არაფრად ჩააგდო და აოხრებული კოლონიის ბავშვები და ქალები შეიფარა, გადამალა. სოფლის ისედაც მწირი საკვების მარაგი გადაანაწილა, თავისიანებს მოაკლო და გაჭირვებულებს გაუზიარა. ეს უამრავი უნებლიე სტუმარი მანამ შეინახა, სანამ საფრთხემ არ გადაიარა. მომხვდურსაც მაგრად დაუდგა და თავისიანსაც.

სიერა ლეონეში დღესაც მოწიწებით ამბობენ ”პა დემბა”, ისე, როგორც წმინდანს მოიხსენიებენ. თუმცა ახალი თაობისათვის ეს ბგერები სულ უფრო და უფრო ციხის, კრიმინალის და პოლიციის ასოციაციას იწვევს. აკი გითხარით, შუაგულ ქუჩაზე, სიერა ლეონეს ლამის ერთადერთი ციხეა გაშენებული და ყველა ვიგინდარა და ღვთის გარეგანი იქ არის მოკრებილი.

უცნაურად იკვეთება ეს ორი ქუჩა სიერა ლეონეს მთავარ ხესთან. ეს ამბებიც მშვენივრად იცი კოტტონ თრიმ.


* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯს, პოლიციელი მომოს ვუზიარებ ხოლმე ახლად გაგებულ სიერა ლეონურ ამბებს.  ტყუილ მართალსაც ვამოწმებ. აბა ვის ეცოდინება უკეთ, თუ არა ნამდვილ ფრიტაუნელს და თანაც პოლიციელს.

-         აბა, სერ! ”ცხვირა” შიაკა სტივენს კარგად ვიცნობდი, მაგასთან ყარაულშიც ვმდგარვარ, ცხვირი კი ჰქონდა დიდი, მაგრამ დიდი უცხვირპირო ვინმე იყო.
-         პა დემბაზე რა იცი, მომო.
-         პა დემბა წმინდანია, მაგრამ აბა რა გითხრათ, ერთად მივიდეთ კოტტონ თრისთან, ამბობენ, მის ძირში თუ დაჯდები, თვალებს დახუჭავ და მოინდომებ, ამბებსაც მოგიყვებაო.


თორნიკე ბერიშვილი

ქ.ფრიტაუნი
24 მარტი 2011 წელი




No comments:

Post a Comment