Friday, March 18, 2011

აფროქართველის ჩანაწერები - 9 (37) - სუვენირები

სუვენირები


ჩემი ცოლი ისევ ფრიტაუნშია. გამგზავრების დღე ახლოვდება და საჩუქრებისა და სუვენირების თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. წარმოგიდგენიათ აფრიკიდან ჩამოსული უსუვენიროდ! ნამდვილი ბოდვაა.

-         სად იყიდება ნამდვილი, აფრიკული რამე რუმეები, ფერადი ნაჭრები, ნახატები... ? უნდა წამიყვანო.
-         ყველაფერს თავის წესი აქვს, მთავარია მოთმინება.

ვიცი, რომ ეს გარდაუვალი ამბავია და მაინც ვერ გადავრჩები. ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო, ამბობენ. აქაური სუვენირების მოძიება მთელი თავგადასავალია. ისევ ახალი თვალით დანახული სჯობს.

ჩემი მეუღლის დღიურიდან:
”...ფრიტაუნში, განსაკუთრებით ახალი ჩამოსულისთვის დილემა ჩნდება: სად და როგორ უნდა  შეიძინოს სუვენირები ისე, რომ  კოღოებმა არ დაკბინონ, რათა სიერა ლეონეს დატოვების შემდეგ გარანტირებული მალარია არ წაიყოლოს? კმაყოფილი დარჩეს თავისი ვაჭრობა - პაექრობით ეგრეთ წოდებულ გამყიდველთან და თანაც კმაყოფილი იყოს ნაყიდით, ანუ მოტყუებული არ დარჩეს და 10 ”შემოცურებული” ყოვლად უსარგებლო ნივთის მაგივრად, მხოლოდ 2 ან 3 შერჩეს ხელში.

სულ მიკვირდა და ვფიქრობდი, როცა თორნიკე ჩამოდიოდა და ჩამოჰქონდა სხვადასხვა აფრიკული  სუვენირები: ” რით ვერ აარჩია  უფრო წესიერი ფერები, ან როგორ ვერ მოახერხა ერთხელ მაინც ოდნავ ხარისხიანი  ნივთების შეძენა. მაგ. ტყავის ნაკეთობის, რომელსაც თვეობით ჰაერზე განიავება არ დასჭირდება და ბოლოს და ბოლოს  ვინმესთვის მაინც გამოსადეგი გახდება. შეპარულ  შეკითხვებზე პასუხი ყოველთვის  ერთი იყო: - აი, როცა შენ ჩამოხვალ, წაგიყვან ”ბიგ მარკეტზე” და თვითონ აარჩევ.”

უნდა გითხრათ, დღიურის ამ მონაკვეთმა სახტად დამტოვა, ყოველ ჩატანილ ნივთს იმდენი აღტაცებული შეძახილით ხვდებოდნენ?! თავი კიტრი მეგონა. ობიექტური, მწარე სინამდვილე კი სულ სხვა ყოფილა. აღარაფერს აღარ ვიყიდი! რაღა დროს? მაგრამ, ისევ დღიურს მივუბრუნდეთ:

”...უნდა მოგახსენოთ, რომ  ჩამოსულისთვის  ფრიტაუნი სამ არჩევანს სთავაზობს: : ”ბიგ  მარკეტს, ბიჩ მარკეტს და სანაპიროზე მოხეტიალე ინდივიდუალურ გამყიდველებს.

ბიგ მარკეტი
ბიგ მარკეტი ქალაქის ცენტრში გახლავთ. ფუნდამენტური შენობის გადახურულ ნაწილში. მართალია, სანამ ბიგ მარკეტის შესასვლელს გაარკვევთ, ერთი- ორჯერ ჩვეული  ხტუნვის ილეთი უნდა მოიხმაროთ (ამჯერად კენგურუს ფართე ნახტომი) თუ არ გინდათ რომ  ფეხი დააბიჯოთ  მიწაზე გაშლილ,  კობრის, ანაკონდის, ან ალიგატორის  მზეზე მოლაპალაპე  ტყავებს.

ბიგ მარკეტში შესვლისას  სულ სხვა სამყაროში ხვდებით, სწორედ იმ სამყაროში, რომელიც აფრიკაში წამოსვლისას წარმოგედგინათ და სადაც ასე გჭირდებოდათ მოხვერდა.  

ცივილურად ჩაცმული გამყიდველები გესალმებიან თავიანთი დახლებიდან და ფიქრობთ: რა ბედნიერებაა, მარაოს სახეში არავინ არ გიფრიალებს და ეხლა რასაც მინდა, იმას ავარჩევ.

საკმარისია, მარკეტის ოდნავ სიღრმისკენ აიღოთ გეზი, გრძნობთ, რომ თქვენი  ეგრეთ წოდებული  ”თავისუფლების  სპეისის” რკალი ნელა- ნელა  ვიწროვდება, ყველა  ჯიხურიდან  თქვენი მიმართულებით გამოსული გამყიდველები თავს გეხვევიან, ზრდილობიანად, მაგრამ დაჟინებით გეპატიჟებიან თავისი ჯიხურებისკენ.

-         მემ, ამას ხომ არ ინებებთ? შეხედეთ,  ეს ნამდვილი  აფრიკული თიხისგან  არის გაკეთებული.... ეს ძვლისგან  არ არის, თვენ ეგრევე გეტყობათ რომ ძვლები არ გაინტერესებთ....
-         მემ, აქეთ მოიხედეთ,  მე სწორედ რომ ძვლის ნაკეთობები  მავს, მე თვითონ ვამუშავებ, აფრიკული თიხა ადვილად ტყდება და არაფერში არ გამოგადგებათ....
-         მე მგონი მემ,  სახეზე გეტყობათ, რომ არც ძვალი და არც თიხა გაინტერესებთ, წამომყევით, ისეთ ხის ნაკეთობებს გიჩვენებთ, რომ დარწმუნებული ვარ, აღარ მოგინდებათ  ჩემგან წასვლა...
-         არა, დიდი მადლობა, მაგრამ  ამხელა  ზომის ჰიპოპოტამს ნამდვილად ვერ  წავიღებ, პირღია ნიანგიც არ მჭირდება, ან სად უნდა ჩავდო, ან როგორ წავიღო, რომ პირი არ გაუტყდეს.....   ხის გველი ნამდვილად არ მინდა, არასასიამოვნოდ დაკლაკნილი მეჩვენება...., თანაც ხელს ვერ ვკიდებ, დიდი მადლობა, მაგრამ სპილოების მთელი ოჯახიც ალბათ არ გამომადგება, კი, ვხედავ, რომ ლამაზი  პატარა შვილები ჰყავს.. მაგრამ მე უფრო მძივები მაინტერესებს....., იქნებ რაღაცნაირად  გამატაროდ... რომ  გავიარო... გმადლობთ..
-         მძივები? აქეთ, აქეთ, მეეეემ!

5 წუთში  უკვე ახალი ეპოპეა იწყება და ვხვდები, რომ სასწრაფოდ  ახალი ტაქტიკის შემუშავება მჭირდება: ტვინში სწრაფად ვატრიალებ სელექციის  კომბინაციებს : ნამდვილი ქვები მინდა, მოკლე მძივები არა, ბრჭყვიალა ფერები არა, ბარაკუდას ძვლებისგან, აქაური თევზია, გაკეთებული მძივები არა, შუშა და პლასტიკი არა. მზად ვარ!  

-         დიდი მადლობა, მაგრამ ნუ მაკიდებთ ამ სიმძიმე მძივების აცმას, ფეხზე  დგომა მიჭირს, ვიცი, ნამდვილი ქვებია, მაგრამ ძალიან გრძელი აცმა არის, თანაც  დასაკეტი არ აქვს... არა დასაკეტს მე თვითონ ვერ გავუკეთებ და ვერც ესე დავკიდებ ვინმეს, საჩუქრად... თუ შეიძლება, მომხსენით და იქნებ ამ რამოდენიმე მძივს აფრიკული ტანსაცმელი შევურჩიო...

მართალი გითხრათ, ტანსამლის არჩევისთვის ენერგია სულ აღარ მრჩება, მაგრამ ლამაზი ნატურალური ნაჭრები გხიბლავს, ცდუნებას ვეღარ გაურბიხარ და შენთვის ფიქრობ: ამდენს გაუძელი, ამას როგორ ვერ უნდა გაუძლო - თქო... კიდევ ცოტაც.

ტანსაცმლის  ”ფრონტი” სულ სხვაა: თუ  ყელზე დაკიდებული მძივების მოხსნა მარტივია, სიცხეში თქვენზე ჩამოფხატული გრძელი აფრიკული კაბის გახდა ადვილი არ გეგონოთ, თანაც იმ დროს, როცა მეორე უკვე სხვა კაბით დგას რიგში  და გელოდებათ რომ ჩამოგაცვათ, მეორე რაუნდზე.....

-         მემ, ნახეთ  ეს ფერები როგორ უხდება თქვენს თვალებს?!! ზუსტად თქვენი თვალების ფერია, აი ჩაიხედეთ სარკეში და თვითონ დარწმუნდებით, ოღონდ ხელი არ გაიჭრათ, ფრთხილად დაიჭირეთ ეს სარკის ნატეხი, იმ დღეს ჩემმა ქმარმა ქუჩაში იპოვნა და გახარებულმა  მომიტანა, შენი კლიენტებისთვისო....
-         მემ, ესე სწრაფად ნუ ატრიალებთ!  აა, პატარაა თქვენთვის?  ვერაფერს ვერ ხედავთ?  არა უშავს, ნუ ღელავთ, მე ხომ აქ ვარ და გეუბნებით, რომ ძალიან გიხდებათ.”

მთელი ამ ვაჭრობა - თავგადასავლის მანძილზე უკან მივყვებოდი და ზურგს და ფლანგებს ვამაგრებდი, მოძალებულ გამყიდველებს ვიგერიებდი. აქ რასაც ყვება ეს ის ნაწილია, რომელიც მე გამეპარა, ან სიტყვა პასუხით ვერ მოვიგერიე. მოკლედ ეს ერთი ეტაპი მშვიდობით დავმთავრეთ.

ისევ დღიურიდან:
 ბიჩ მარკეტი
ბიჩ მარკეტი, ბიგ მარკეთთან შედარებით ზომით  პატარაა, მაგრამ ალბათ ოცამდე დახლს მაინც მოიცავს. ერთი სიტყვით, გადახურული დიდი ქოხია და  ოკეანეს ნაპირთან ახლოს მდებარეობს.  ბიჩ მარკეტი უმეტესად ერთ ოჯახს ან ნათესაობას უჭირავს, რომლებიც მარკეტის ადგილმდებარეობის ფულს ან არ იხდიან, თუ უკვე მათი საკუთარი მიწაა, ანდა გადასახდელს ერთმანეთში იყოფენ.

გამყიდველები ფაქტიურად იქ ცხოვრობენ და სულ არ აინტერესებთ ჩამოსული ტურისტი მათგან ათ ნივთს იყიდის თუ ორს. მაგრამ, მინდა ისიც გითხრათ, რომ აქ, ბიჩ მარკეტზე, უფრო მონახავთ ლამაზ და იშვიათ ნივთებს ვიდრე ბიგ მარკეტზე.  

ბიჩ მარკეტს თავისი განსაკუთრებული თავისებურება აქვს. პირველი, შეუძლებელია  მარტო წასვლა; მეორე - უნდა უკვე იცოდე ბიგ მარკეტის ფასები; მესამე  - არასდროს არ დანებდე იმ ფასს, რასაც გთავაზობენ.

აქაც თავისებური ყიდვის ტაქტიკა  გჭირდება:  იწყებ  მარცხნიდან, მიჰყვები რკალად და გამოდიხარ მარჯვენა მხრიდან. ყოველ ჯიხურთან აგროვებ ნივთებს, რაც მოგწონს, კაფავ გზას ქვიშაში, გზად აქეთ-იქით არეგულირებ უამრავი პატარა ბავშვების ”ტრაფიკს,” რომლებიც ფეხებზე გეპოტინებიან, გდორბლავენ, ფულს გთხოვენ  და ხელში ჩაბღუჯულ საჭმელს გაზილავენ....

ამასობაში თქვენი თანმხლები პირი უკან მოგყვებათ, იღებს თქვენს მიერ არჩეულ ნივთებს და  პატრონთან  ”ვაჭრობას” იწყებს.  

ერთი შეხედვით თქვენ ადვილი ”როლი” გაქვთ - თვენ მხოლოდ ირჩევთ, თქვენი თანმხლები პირი კი ვაჭრობს, მაგრამ ესეც ადვილი არ გეგონოთ.

-         შეიძლება აი, ის პერანგი ჩამომიხსნათ, სულ ზევით რომ ჰკიდია?
-         რომელი? აა, სულ ზევით? - ზლაზვნით მეკითხება გამყიდველი - რად გინდათ? თქვენს  მეუღლეს მაინც არ ჩაეტევა, ვერ ხედავთ რა ზომაა? - დარწმუნებით ამატებს.  გულში ვპიქრობ, რა ზომაა პერანგი თუ მეუღლე?
-         ჩამომიხსენით თუ შეიძლება ( მე უკვე პრინციპზე ვარ).
-         კი ბატონო, ქალბატონო, ინებეთ... აღმოჩნდა, რომ მართალია,  არა ზომის გამო, არამედ უკან მზისგან გახუნებულია და უვარგისია......
-         მემ, სულ რომ სუვენირებს ეძებთ, ამაზე კარგი სუვენირი რა უნდა იყოს: სიერა ლეონეს დროშა,  ხელით  დაქარგულია, ეროვნული ფერები შენარჩუნებულია, თანაც ტანზეც შემოხვევაც შეგიძლიათ, წყლიდან  ამოსვლის შემდეგ, შეჰედეთ, არ არის ლამაზი? -  შემომეხვივნენ ბიჭების ჯგუფი და დემონსტრირების მოწყობა უნდოდათ.

-         მთავარია, ხელი ჩემი საფულედან ამოიღეთ  და მაშინ უფრო კარგად შევხედავ - უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცა თავისუფლად ”მანიპულირებს” ჩემს ჩანთაში.

-         აქეთ მობრძანდით, მემ, აქ სიგრილეც არის და მარაოსაც მოგაშველებთ! მემ, რატომ გამოტოვეთ რამდენიმე  დახლი? იმიტომ რომ გეწყინათ? ეს ხომ ხუმრობა იყო! ჩვენ ესე ტურისტებს ვცდით ხოლმე, ბევრი თქვენსავით გამოცდილი  კი არ არის......

იშვიათი ნივთების შეძენის სურვილი, თქვენი თანამოახლის ”პროფესიონალური” ვაჭრობა და მარაოს ”სერვიზი” ( მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმეჯერ უცაბედათ აცდენილი მარაო ერთი-ორჯერ სახეშიც მიიღეთ)  უკვე  სიცხისგან გათანგული და ბუზების მოგერიებისგან დაღლილი მაინც მიიწევთ წინ, მარშრუტის შეუცვლელად,  ცდილობთ რომ არც ერთი დახლი  დაუთვალიერებელი არ დაგრჩეთ. იმიტომ რომ იცით, რომ აქ  ნამდვილად აღარასოდეს დაბრუნდებით.  აი გასასვლელიც....

-         თორნიკე რა გჭირს? ნუთუ ესე გცხელა,  ისეთი სახე გაქვს, გეგონება ჭკუაზე არ ხარ? ცოტაც და ამ სიას ბოლომდე ჩავყვები.... არა, კარგი, მგონი, მე შენზე უარესად ვარ! შეუძლებელია,  წავედით...”

მიხვდით ალბათ, თანმხლები პირი ეს მე ვარ, ვისაც გადმოაბარებენ არჩეულ ნივთებს და მტოვებენ გავეშებულ გამყიდველებთან სავაჭროდ. ამასაც გაუძელით.

ისევ დღიური:
ბიჩ-ზე  მოხეტიალე გამყიდვლები
”მესამე და ბოლო არჩევანი ბოლოსკენ მოვიტოვე, იმიტომ რომ ეს არჩევანი ერთდროულად სხვადასხვა  მნიშვნელოვან ფუნქციას  აერთიანებს. ეს არჩევანი უფრო რელაქსაციის, ყოველგვარი დაძაბულობისა და ნერვიულობის გარეშე ხდება. ბიჩ-ზე მოხეტიალე გამყიდვლები არიან ყველგან  და ყოველთვის,  დღისა და ღამის ნებისმიერ დროს.  ეს უკვე რამხელა შვებაა.

ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ყველას  ზუსტად ერთნაირი საქონელი უჭირავს და ამ  მხრივ არ უნდა იღელვოთ -  მთელი სანაპიროს გაყოლებით აქ თუ არა,რამოდენიმე მილის იქით ზუსტად იგივე ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ. ხარისხი დაბალი, მაგრამ  მაინც კმაყოფილი დარჩებით. იქვე ჩაუჯდებით ქვიშაში, გამყიდველიც ჩაგიცუცქდებათ, გაშლის მძივებს, ნაჭრებს, ათას წვრილმანს და იწყება დინჯი ვაჭრობა.”


* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ეჭვით ათვალიერებს ჩვენს ნავაჭრს.

-         ეს რა არის სერ?
-         ბიგ მარკეტი და ბიჩ მარკეტი მოვიარეთ მომო. არ იცი ქალების ამბავი.
-         ეხ, სერ! ნეტავ გეთქვათ. წარმომიდგენია როგორ გაგატყავეს. აქ, სახლში მოგიყვანდით მაგარ მოვაჭრეებს, ვისაც კარგი საქონელი აქვს. ფასიც კარგი იქნებოდა. აბა მომო რისთვისა გყავთ?

აშკარად ეწყინა.

-         კარგი მომო, მეცოდინება.
-         მე თქვენთვის ვამბობ, თორემ
-         რა ვიცოდი სუვენირებითაც თუ ვაჭრობდი?

მომომ თავი დანანებით გადააქნია.


თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
16 მარტი 2011 წელი.



No comments:

Post a Comment