Friday, April 1, 2011

აფროქართველის ჩანაწერები 11 (39) - დამოუკიდებლობა

დამოუკიდებლობა



აპრილი განსაკუთრებული თვეა სიერა ლეონეში. 2011 წლის აპრილი კი სრულიად არაჩვეულებრივია. იმიტომ რომ სიერა ლეონე 50 წლის ხდება.

1961 წლის 27 აპრილს სიერა ლეონე დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა. 150 წლიანი ინგლისური კოლონიალური რეჟიმი დამთავრდა, სრულიად მშვიდობიანად მიიცვალა და დაიბადა ახალი, თავისუფალი ქვეყანა.

აქვე უნდა ითქვას, რომ დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოებს შორის სიერა ლეონე უკანასკნელი კოლონია იყო. იგი უკვე გაკვალულ გზას და მაგალითებს გაჰყვა და როდესაც უკვე არაფრით აღარ შეიძლებოდა ძველებურად გაგრძელება, თითქოს პატივი დასდო მსოფლიოს და მოწყალედ დათანხმდა დამოუკიდებლობა მიეღო.

დღეს კი 2011 წლის აპრილია, სიერა ლეონე 50 წლის ხდება, სერიოზული იუბილეა და ქვეყანა და განსაკუთრებით დედაქალაქი გამალებით ემზადება დაბადების დღისთვის.

სამოქალაქო ომისაგან გაპარტახებული ქვეყანა ხელახალ ცხოვრებას იწყებს. ნელ-ნელა გონს მოდის და ეს იუბილეც სიმბოლურია. ყველას უნდა რომ იგი მშვიდობიანი, წარმატებული ცხოვრების სტარტი იყოს. ხელმოკლე მთავრობა ყველა მეთოდით აგროვებს სახსრებს, რომ ერთი კარგი ქეიფი გადაიხადოს, მხიარული ზეიმი მოაწყოს და ხალხიც გაახალისოს. სტუმრებსაც ელიან, საჩუქრებით ხელდამშვენებულებს. იმასაც ამბობენ, დედოფალი ელისაბედ მეორე ჩამობრძანდებაო!

არადა, რა კარგად იწყებოდა ყველაფერი...

სანამ 1961 წელს დამოუკიდებლობას გამოაცხადებდნენ, მეთოდური მზადება მიდიოდა. ათი წლით ადრე ინგლისის ზედამხედველობით და მფარველობით დაიწყო კონსტიტუციაზე მუშაობა, ჯერ ბრიტანეთის იმპერიის ფარგლებში. არჩევნებიც ჩატარდა, მინისტრთა კაბინეტიც შეიქმნა და დედოფლის დანიშნული გუბერნატორი ადგილზე არჩეულმა პრემიერ მინისტრმა შეცვალა.

სიერა ლეონეს პირველი პრემიერ მინისტრი სერ მილტონ მარგაი გახლდა. განათლებული, უაღრესად ჭკვიანი და დარბაისელი კაცი. ინგლისში ნასწავლი ექიმი, სიერა ლეონეში დაბრუნებული მეცენატი და საზოგადო მოღვაწე. დედოფალმა მას რაინდობა უბოძა.

სერ მილტონის მთავრობამ შეამზადა სიერა ლეონე დამოუკიდებლობისათვის. მთავრობა განათლებული, ძირითადად ინგლისში ნასწავლი ხალხისგან შედგებოდა. თუმცა ფრიტაუნშიც იყო კარგი სასწავლებლები. ქვეყანას ”დასავლეთ აფრიკის ათენს” ეძახდნენ. შეიქმნა ყველა საჭირო დოკუმენტი, იურიდიულად გასწორდა გასასწორებელი, შემზადდა ხალხის განწყობილებაც და 1961 წლის 27 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებლობა.

სიერა ლეონე თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ავსტრალიის, კანადის, ინდოეთის, ახალი ზელანდიის და სხვათა და სხვათა თანასწორი მეგობარი.

1961 წლის ნოემბერში კი ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტით, სიერა ლეონეს, როგორც სუვერენულ ქვეყანას საპატიო სტუმრები ეწვივნენ - ინგლისის დედოფალი ელისაბედი და ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი. უნდა იცოდეთ რა სიხარულით, ზარ-ზეიმით და პატივისცემით მიიღო სტუმრები მასპინძელმა ქვეყანამ.

ოფიციალური პროტოკოლიდან.
ფრიატაუნის ნავსაყუდელს მოადგა სამეფო იახტა ”ბრიტანია”. პორტი  21 ქვემეხის ”სალუტით” მიესალმა.

დედოფალი ელისაბედი და ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი ნაპირზე გადმოვიდნენ. მათ დახვდათ პრემიერ მინისტრი, სერ მილტონ მარგაი და მთავრობა.

ნაპირზე ჩამწკრივებულა სიერა ლეონეს პირველი სამეფო ბატალიონი, სახელდახელო საზეიმო მუნდირებში გამოწყობილი. დედაფალმა საგანგებო ინსპექტირება ჩაატარა. გამორჩეულებს გადაეცათ სპეციალურად სიერა ლეონეს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი, დედოფლის მიერ ახლადდაარსებული მედლები.

ესკორტი ხალხით გადაჭედილ ქუჩებში დაიძრა, გახარებული ფრიტაუნელები დროშებითა და ყვავილებით შეეგებენენ  დედოფალს. ვიქტორია პარკში სტუმრებს ელოდებოდა ქალაქის მერი და ფრიტაუნის დელეგაცია.

აქვე, ვიქტორია პარკში, დედოფალი შეხვდა ბელადებს...

გადარჩენილია ამ ვიზიტის ამსახველი შავთეთრი კინო ფირები, რომლებიც სიერა ლეონეს მუზეუმში ინახება. მართლაც საოცარი სანახაობაა.

არაჩვეულებრივი დასწყისი იყო. 90-იან წლებში კი ათწლიანი სამოქალაქო ომი გაჩაღდა, უსასტიკესი, უაზრო, საძაგელი. სერ მილტონის დანატოვარი მთლიანად გაპარტახდა. ყველაფერი თავიდან იწყება.

ეხლა კი 50 წლის მერე, დამოუკიდებლობის სიკეთესა და უფრო სიმწარეს ძლივს გადარჩენილი ქვეყანა ზეიმისთვის ემზადება, და, საოცრებაა - ისევ დედოფალს ელოდება სტუმრად - იმავე დედოფალ ელისაბედ მეორეს, რომელმაც პირველ პრემიერ მინისტრს მილტონ მარგაის რაინდობა უბოძა და პირველმა მიულოცა ქვეყანას დამოუკიდებლობა. ელოდებიან დედოფალ ელისაბედ მეორეს და ედინბურგის ჰერცოგ ფილიპს. ორივე ცოცხალია, ჯანმრთელადაა. ღმერთმა მისცეს კიდევ მრავალი წელი.

ფრიტაუნში საგანგებოდ ამზადებენ ტრანსპარანტს: ”ლონგ ლივ ზე ქუინ!”

სიერა ლეონე 50 წლისაა, 20 წლის საქართველოზე 30 წლით უფროსი...

მოდი ცოტა ვიფანტაზიოროთ.

წარმოიდგინეთ რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ვართ. არც რუსეთის ავადსახსენებელი რევოლუცია მომხდარა და არც გადაჯიშებულ ქართველებს მოუკლავთ ილია.

... წლები შეალია ილიას შექმნილმა სახელმწიფოებრიბის აღდგენის დასმა კონსტიტუციისა და იურიდიული დოკუმენტაციის შექმნას.1921 წელს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და პირველ პრეზიდენტად ილია ჭავჭავაძე აირჩიეს.

სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მესამე თვეს კი პირველ ოფიციალურ ვიზიტად საქართველოს ეწვია მეზობელი ქვეყნის, რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ოჯახითურთ. მოსალოცად, საჩუქრების გადასაცემად, უბრალოდ კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის დასამყარებლად.

სტუმრებს დახვდნენ მხცოვანი პრეზიდენტი, თავადი ილია ჭავჭავაძე და ქართული საზოგადოება. ჩვეული სტუმართმოყვარეობით უმასპინძლეს.

იმპერატორი ხალხთან შესახვედრად გავიდა. ძირითადად კარგად მიიღო ქართველობამ, მხიარულად, თუმცა იყო სტვენაც. ხდება ხოლმე.

...”ღმერთო, დაიფარე მეფე!”

არა, ისევ სჯობს ფრიტაუნს დავუბრუნდეთ. სამწუხაროდ არც რუსეთია ინგლისი და არც ჩვენ ვართ სიერა ლეონელები, ისე ეს არ ვიცი სამწუხაროა თუ არა...

ფრიტაუნში კი ძალიან მაგრად ემზადებიან, უკვე გაჩნდა გასაყიდად დროშის ფერება ყელსაბამები, მაისურები, ქუდები, მანქანაზე დასაწებელი ნიშნები. ქალაქში ყოველ კვირას ”კლინინგ დეის” აცხადებენ. დღე არ გავა რომ სხვადასხვა ჯგუფები გავლა-მარშირებაში არ ემზადებოდნენ. სასულე ორკესტრები, დოლები, ტამტამები...

ეკლესიებში ყოველკვირეულ ლოცვებში მადლობას უხდიან უფალს თავისუფლებისათვის და ავედრებენ ქვეყანას. 27-სთვის უზარმაზარი საეკლესიო მსვლელობებია დაგეგმილი.

წარმოდგენაც კი მიჭირს რა ხმაური და ცეკვა თამაში იქნება 27-ში.

ყველაზე უფრო კი ინგლისის დედოფლის ჩამოსვლას ელიან. ელიან იმიტომ, რომ ეს ლამის საუკუნეს მიტანებული ქალბატონი მათთვის მშვიდობის, სიკეთის და კარგი დროის სიმბოლოა.

აკი დღევანდელი პრეზიდენტის, ერნესტ კორომას მთავარია ლოზუნგია: მთავარია ატიტუდი!

ანუ განწყობის შეცვლას მოუწოდებს სიერა ლეონელებს. ხოდა მათაც უნდათ ის განწყობა დაიბრუნონ, სერ მილტონ მარგაის დროს რომ იყო. მობეზრდათ სიერა ლეონელებს ყველაფერ კარგში მაჩანჩალობა და ყველა სიდუხჭირეში ლიდერობა. რაღაც უნდა შეცვალონ! დედოფალი ელისაბედის ხელახალი სტუმრობა კი ამისათვის ნამდვილად ზედგამოჭრილია. კარგი ნიშანია, იქნებ კიდევ ერთხელ გამოვიდეს?



* * *


ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯს, პოლიციელ მომოს კარგად ახსოვს ინგლისის დედოფლის  ნახევარ საუკუნის წინანდელი სტუმრობა.

-         მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, სერ. ვიქტორია პარკში შევძვერი, დროშაც მქონდა. ეხ, რა კარგი დრო იყო, სერ!
-         რითი სჯობდა, მომო?
-         ჯერ ერთი, მშვიდობა იყო, სერ. არავინ არ იცოდა რა არის ომი და ძალადობა. მერე გასაქცევად გაგვიხდა საქმე.
-         ბევრი წავიდა, მომო.
-         ძალიან ბევრი. ვინც მოასწრო და 61 წლამდე პასპორტი აიღო ყველას ინგლისის პასპორტი ჰქონდა. ინგლისმა, ყველა ჩემს გაცემულ პასპორტს ვცნობო. ეგ კი არა, პასპორტიანი მშობლების შვილებს აძლევდა ახალ პასპორტებს, თუ ჰქონდათ დოკუმენტები. აბა უნდა გენახათ, მერე და მერე, რა ძებნა წავიდა, ეგება სადმე ვინმეს ძველი პასპორტი იყოსო. განსაკუთრებით ”ცხვირა” პრეზიდენტის, შიაკა სტივენსის დროს გაიხსენა ხალხმა ინგლისელობა, სამოქალაქო ომზე აღარ ვლაპარაკობ.
-         მომო, ამბობენ დედოფალი ჩამოდისო.
-         აუცილებლად უნდა წავიდე დასახვედრად, სერ! ხელი მაინც დავუქნიო.


თორნიკე ბერიშვილი

ქ.ფრიტაუნი
1 აპრილი 2011 წელი







No comments:

Post a Comment