Friday, April 8, 2011

აფროქართველის ჩანაწერები 12 (40) - დამოუკიდებლობა 2

დამოუკიდებლობა - 2
(მარგაები)

წინა კვირას გითხარით, აპრილი განასკუთრებული თვეა სიერა ლეონეში. დამოუკიდებლობის თვე, 27 აპრილს კი დამოუკიდებლობის დღეა. თავისუფლების თემა ტრიალებს ყველგან, ყველა ცდილობს დაადასტუროს რომ აქ არის, რომ ისიც მონაწილეობს, რომ მასაც ესმის. პოლიტიკოსები იბერებიან, ხალხი უდასტურებს, მოკლედ ყველა საქმეშია. თითქოს ვინმეს არა სჯერაო, თითქოს დასამტკიცებელიაო...
”უკრაინამ გვცნო!” - ეს ისე, ჩემი ასოციაციები ამუშავდა, ვისაც გახსოვთ, შეგერგოთ. ვისაც არა, ალბათ არც არის საჭირო...
ფრიტაუნი კი, თავისუფლების ქალაქი, ნელ-ნელა იმუხტება 27 აპრილისთვის და ამ დღეს ამოხეთქავს. აკი ინგლისის დედოფალსაც ელოდებიან სტუმრად.
ერთი გვარის ისტორიას გადავხედოთ. ეს ისტორია უკვე საუკუნეზე მეტია რაც გრძელდება. ნიშანდობლივია. თანაც სიერა ლეონეს დამოუკიდებლობასთან არის გადაჯაჭვული. სულ სამი კაცია, ახლო ნათესავები.
1.     დამოუკიდებელი სიერა ლეონეს პირველი პრემიერ მინისტრი, სერ მილტონ მარგაი.
ამონაწერი ჩემივე მონათხრობიდან: ”...სერ მილტონ აუგუსტუს სტრიები მარგაი (1895 - 1964). დაიბადა გბანგბატოკეში, ბანტას ჩიფდომში, მოიამბას რეგიონში. დაწყებითი განათლება იქვე, სოფლის სკოლაში მიიღო, ფრიტაუნის ალბერტ აკადემიაში გააგრძელა. ხარისხი ცნობილ ფორაბეი კოლეჯში დაიცვა 1921 წელს. შემდეგ ინგლისში გაემგზავრა, დურჰამში, სამეფო კოლეჯში ისწავლა და 1926 წელს ექიმი გახდა...
მილტონ მარგაი სიერა ლეონეში დაბრუნდა. დაარსა სკოლა, ჩამოაყალიბა წერა-კითხვის გავრცელების პროგრამა. შექმნა ჰიგიენისა და ბავშვთა მოვლის სპეციალური კურსები. მხარს უჭერდა ქალთა საიდუმლო საზოგადოება "სანდე"- განვითარებას, ქალთა განათლების და დასაქმების პროექტებით. ჩამოაყალიბა ქალებისათვის ექთნების სასწავლებელი. ეს სერ მილტონის დამსახურებების მცირე ჩამონათვალია.
სერ მილტონი, ინგლისური სიკეთისა და განვითარების მომხრე, პოლიტიკაში აქტიურად ჩაება. 1949 წელს ჩამოაყალიბა ”სიერა ლეონე პიპლს პარტი” ანუ სლპპ - ი, სახალხო პარტია. პარტიამ 1951 წელს საკანონმდებლო საბჭოში არჩევნები მოიგო. მილტონი მარგაი კი ჯერ ჯანდაცვის, შემდეგ სოფლის მეურნეობია მინისტრი იყო. 1954 წელს კი მთავარი მინისტრი გახდა. ეს ჯერ კიდევ კოლონიურ ადმინისტრაციაში.
1957 წელს სლპპ-იმ ისევ გაიმარჯვა არჩევნებში. თუმცა აქ მისი უმცროსი ძმა ჩაუდგა კრიჭაში და პარტიის ლიდერობას შეეცილა. ეს ჩვენი მეორე პერსონაჟი ალბერტ მარგაია, მასზე მერე მოგითხრობთ.
მილტონ მარგაი კვლავ ლიდერია და მთავრობას ხელმძღვანელობს. კონსტიტუციაც შეიმუშავეს. 1958 წლიდან სიერა ლეონე პრაქტიკულად დამოუკიდებელია. 1959 წელს მილტონ მარგაის ინგლისის დედოფალმა რაინდობა უბოძა და იგი სერ მილტონი გახდა.
სერ მილტონის ნება რომ ყოფილიყო ალბათ დამოუკიდებლობის დეკლარაციას კიდევ გადადებდა, მაგრამ პოლიტიკურმა სიტუაციამ აიძულა და 1961 წლის 27 აპრილს, დასავლეთ აფრიკაში ყველაზე ბოლომ სიერა ლეონემ გამოაცხადა, რომ ამიერიდან ქვეყანაა და თითონ, სხვის დაუკითხავად წყვიტავს საკუთარ ბედს.
სერ მილტონ მარგაი ახალი თავისუფალი ქვეყნის პირველი პრემიერ მინისტრი გახდა.
1962 წელს პირველი არჩევნები ისევ სერ მილტონის დაარსებულმა სლპპ -იმ მოიგო.
სიერა ლეონეს პირველი პრემიერ მინისტრი 1964 წელს გარდაიცვალა თავის ოფისში.
ხმელ-ხმელი, დარბაისელი რაინდი, განათლებით ექიმი, კეთილი და ჭკვიანი მილტონ მარგაი ათწლეულები მიმართავდა სიერა ლეონეს ბედს. მის დროს იყო მშვიდობა და პროგრესი.
2.     სიერა ლეონეს მეორე მმართველი, პრემიერ მინისტრი ალბერტ მარგაი.
სერ მილტონის ნახევარ ძმა, ალბერტიც იქვე  გბანგბატოკეში დაიბადა. განათლებაც კარგი მიიღო, ინგლისშიც ისწავლა. იურისტობას დაეუფლა, მაგრამ სულ სხვა ხასიათისა და ჯილაგის გამოდგა.
მეორე პრემიერ მინისტრს ხალხი ”აკპატა”-ს ეძახდა, რაც მენდეზე ნიშნავს ”...ჩვენი ველური, მსუქანი კაცი..”, ისე ”დიდ ალბერტსაც” და ”აფრიკელ ალბერტსაც” ეძახდნენ.
ასე მგონია, რომ არა უფროსი ძმა, ნიჭიერი დიპლომატი და პოლიტიკოსი, სერ მილტონი არა, მსუქან ”აკპატა”-ს აზრათაც არ მოუვიდოდა პოლიტიკოსობა. ძმის მაგალითმა კი მადა გაუღვიძა. თხა თხაზე ნაკლებიო, ამაზეა ნათქვამი.
აკი 1957 წელს პარტიის შიდა არჩევნებში საკუთარ ძმას დაუპირისპირდა, მერე სლპპ - დან გავიდა და საკუთარი პარტია შექმნა. ისევ უფროს ძმას დაეჯახა. წააგო. უფროსმა ბოლომდე არ გაწირა და კოალიციურ მთავრობაში მინისტრად შეიყვანა.
აკპატამ ჭკუა იხმარა, გაყუჩდა და მინისტრობას დასჯერდა, თითქოს დადინჯდა და უფროს ძმას ყური მიუგდო. 1962 წლიდან ფინანსთა მინისტრად დაინიშნა და პრემიერ მინისტრის მარჯვენა ხელად იქცა. მოძლიერდა და როდესაც 1964 წელს სერ მილტონი გარდაიცვალა, პრემიერ მინისტრობა იქვე გადაიბარა.
იქვე დამთავრდა რაინდობის ხანა. იმასაც ამბობდნენ ალბერტ მარგაი სხვადასვა ხერხებით ატყობინებდა ინგლისის დედოფალს, ჩემთვისაც კარგი იქნება სერობაო. წაუყრუა ელისაბედ მეორემ, თითქოს არაფერი გაუგია. რაინდობა ეტყობა ცოტა სხვა რამეა.
სიერა ლეონეში ლამის სამაგალითო დემოკრატია იყო, ალბერტ მარგაიმ ერთპარტიული მართველობის შემოღება სცადა. 1967 წელს არჩევნები მაინც წააგო, მჯობნის მჯობნს რა დალევსო. მომავალი პირველი პრეზიდენტი, შიაკა სტივენსი, ხალხმა რომ ცხვირა” შეარქვა, უფრო ფხიანი აღმოჩნდა.
ალბერტმა გაიბრძოლა, ეგრე არაო, სამხედროები მოიშველია, ძალაუფლება არ დათმო და ”ცხვირა” მოაძრო. ისევ მე ვარ უფროსიო. ამაშიც უნიჭო გამოდგა, წელი არ იყო გასული, რომ სამხედროებმა გადატრიალებული ისევ გადმოატრიალეს და ისევ შიაკა სტივენსი გამოაცხადეს პრეზიდენტად.
ეხლა კი უკვე მაგრად მოაჯდა ”ცხვირა”. ალბერტის მიერ დაწყებული ერთპარტიულობა სახელმწიფო პოლიტიკად გამოაცხა და ოცი წლით ჩაიბარა ქვეყანა.
ერთში კი გაუმართლა ალბერტ მარგაის, ეტყობა მოელაპარაკა ცხვირას, ხელი არავინ ახლო და 1980 წლის 18 დეკემბერს მშვიდად, ძილში გარდაიცვალა.
3.     პოლიტიკოსი ჩარლზ მარგაი.
ჯერ კიდევ არ დამთავრებულა მარგაების ამბავი. აკპატას, ალბერტ მარგაის შვილი, სერ მილტონის ძმისშვილი, პოლიტიკოსი და ადვოკატი ჩარლზ მარგაი დღესაც იბრძვის პრეზიდენტობისთის.
ჩარლზ მარგაი 1945 წელს დაიბადა. უკვე გავლენიანი პოლიტიკოსების ოჯახში გაიზარდა, კარგი განათლება მიიღო, იურისტი და ადვოკატი გახდა, მაგრამ ბიძის გენებს ეტყობა მამისამ აჯობა.
სამოქალაქო ომის მიწურულს, 1998 წელს, პრეზიდენტმა ახმად კაბამ ჩარლზ მარგაის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი მისცა, ეტყობა მარგაების გვარს გაუწია ანგარიში.
იმის მერე ინტრიგას ინტრიგაზე ხლართავს ჩარლზი, მრავალსვლიან კომბინაციებს აწყობს, დიდმნიშვნელოვან სვლებს აკეთებს და ყველას უმტკიცებს, ეს ქვეყანა ბოლოს და ბოლოს მაინც მარგაებს დაუბრუნდებაო.
ჯერ ჯერობით კი ერთი პარტიიდან მეორეში გადადის, ახალ პარტიებს ქმნის და მუდამ პრეზიდენტობის კანდიდატია.
ბოლო არჩევნების დროს შიდა პარტიული პრაიმერის წააგო მაშინდელ ვიცე პრეზიდენტ სოლომონ ბერევასთან. იმის მაგივრად რეალობა მიეღო და პარტიას დახმარებოდა, ბიძამისი დაარსებული სლპპ გახლიჩა, თავის მომხრეები წაიყვანა, ახალი პარტია დაარსა და თვითონ წაეპოტიანა პრეზიდენტობას. მეორე ტურში ვერ გავიდა, თავისი ყოფილი პარტიის მოწინააღმდეგეს, ეხლანდელ პრეზიდენტს შეეკრა, თავისიანებს წააგებინა. მერე ამ ახალსაც ვერ შეეწყო და ეხლა ისევ თავიდან რაღაც ახალ პარტია ქმნის და მომავალი არჩევნებისათვის ემზადება...
ნეტა ერთი დღით გააცოცხლა სერ მილტონ მარგაი და თავის ძმიშვილთან დაალაპარაკა. რაინდული საუბარი გამოვა, არა?
ისევ ჩემმა ასოციაციებმა წამიღეს - ჩვენც ხომ გამოგვადგნენ ჩვენების შვილები და შვილიშვილები. მარტო ქართული სამეფო გვარის ჯვარედინი ქორწინება რადა ღირს!
ქვეყანაც ესე ჩამოვიდა, სერ მილტონიდან ჩარლზამდე. დღევანდელი პრეზიდენტი კი გაიძახის, მთავარია ”ატიტუდი” შევიცვალოთო და დედოფალ ელისაბედ მეორეს ეპაყიჟება ქვეყნის 50 წლისთავზე. ვინ იცის, რაინდობის იმედიცა აქვს?

* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ბევრის მომსწრეა.  ყველას იცნობდა, სერ მილტონიდან დაწყებული, აკპატა, ცხვირა, სამოქალაქო ომის ლიდერები, ჩარლზ მარგაი....
-         რაო მომო, მისცემ ხმას ჩარლზ მარგაის?
-         მე პოლიციელი ვარ სერ, ბრძანებებს ვასრულებ. არჩევნები რა ჩემი საქმეა? - მოჭუტა თვალები მომომ
-         რა იყო, არავის არ ვეტყვი...
-         ეხ, სერ! 50 წელი გავიდა უკვე, ნეტავი იქამდე მიგვაღწევინა, სერ მილტონი რომ იწყებდა ნახევარი საუკუნის წინ... ისე, ხომ იცით სერ, ალბერტ მარგაი სერ მილტონის მამის შვილი არ იყო, უბრალოდ მამინაცვალმა გვარი და განათლება მისცა...
ესეც შენი დამოუკიდებელი დემოკრატია...

თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
6 აპრილი 2011 წელი

No comments:

Post a Comment