Thursday, November 3, 2011

აფროქართველის 1 (48) - წვიმის სეზონი

წვიმის სეზონი
 
 
ვინც სიერა ლეონეში არ ყოფილხართ წვიმის სეზონის დროს, არა სთქვათ რომ წვიმა გამოგიცდიათ. ყველაფერი შედარებითია, ჩვენებური თავსხმა აქაური ჟუჟუნა წვიმაა.
 
სიერა ლეონემ არ იცის ზამთარი და ზაფხული, არ იცის სეზონების ცვლა. მთელი წელი ერთი და იგივე ტემპერატურაა. მთელი წელი მზე დილას შვიდ საათზე ამოდის და საღამოს შვიდ საათზე ჩადის. შესაშური სტაბილურობაა. ერთადერთი რაც ყოველ წელს გარდაუვალია, ეს წვიმის სეზონია. ივლისის შუა რიცხვებში რომ მოიქუფრება ცა და წამოვა წვიმა, ოქტომბრამდე არ გადაიღებს. სხვა დანარჩენი უცვლელია, უბრალოდ ყველაფერი სველია.
 
წვიმის სეზონი მართლაც სერიოზული მოვლენაა სიერა ლეონესთვის. არა მარტო კლიმატური, არამედ სოციალური და პოლიტიკური.
 
ყველაფერი ასე ლაგდება - წვიმის სეზონამდე და წვიმის სეზონის შემდეგ. თუ რამე მოსასწრებია, წვიმის სეზონამდე უნდა მოესწროს. თუ არ ესწრება უნდა გადაიდოს და წვიმის სეზონის შემდეგ უნდა დაიწყოს.
 
არა, რა სოციალურ - პოლიტიკური?! წვიმის სეზონი - ”რეინი სიზონ” - ქვეცნობიერი ფსიქოლოგიური ქვაკუთხედია, ათვლის წერტილია, სიცოცხლის აზრის მიმცემი, ყველაფრის ამხსნელი და გამამართლებელი ცნებაა.მშვენიერი საბაბია, არაფერი არ აკეთო, ყველაფერი გაჩერდეს და ყველაფერზე ერთი პასუხი გაიცეს - ”წვიმის სეზონია და რა ვქნათ”.; ”აი წვიმის სეზონის მერე ვნახოთ”. ყველა ”ითესება” ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, ყველა სადღაც იმალება. მაგრამ სად დაიმალები, სისველე და ნესტია ყველგან. კარადაში შენახული, საკიდებზე კოხტად მოთავსებული ტანსაცმელი ისეთივე სველია, როგორც ახლად გარეცხილი, ოღონდ კარგად გაწურული. ერთის მხრივ მოსახერხებელია, გარეცხე, კარგად გაფერთხე, ერთი ორჯერ მოგრიხე, ჩაიცვი და წადი, ეწიე საქმეს.
 
კიდევ კარგი წვიმა თბილია, როგორც შხაპში. თორემ ზედ კიდევ სიცივე და ქარი რომ დაეყოლებინა სულიერი აღარ გადარჩებოდა.
 
წვიმის სეზონზე ქორწილი არ ხდება. ჩვენთანაც ასე არ არის? მაისში რომ მიეყრება ხოლმე ჯვრისწერა - ქორწილები, აქაოდა მერე აღარ შეიძლებაო. ჩვენი წინაპრები ხომ აფრიკიდან გადმოსახლებულან.
 
სიკვდილს ვერ დაუშლი კაცს, მაგრამ ასე იტყვიან: ”წვიმის სეზონამდე მოასწრო და მოკვდაო” ან ”წვიმის სეზონს გაუძლო და მერე გარდაიცვალაო”
 
უნდა ნახოთ როგორ ხურდება ხოლმე პოლიტიკური ბატალიები არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. ვისაც ეშმოკობა და მაიმუნობა უნდა, ცდილობს არჩევნები გაგანია ”რეინი სეზონში” ჩატარდეს, იმასაც მნიშვნელობა აქვს თურმე როდის იქნება ეს ამბავი, წვიმის სეზონის თავში, შუაში თუ მიწურულს. სამართლის მოყვარულები, უფლებების დამცველები, აქაური ”საია” და მისნაირები კი ცდილობენ არჩევნები ”დრაი სიზონ”- ისკენ გადაქაჩონ. ხოდა მიდის იწილო ბიწილო. რომ ამბობენ ”მშრალზე დატოვაო” - აქა აქვს, თუ აქვს ამ გამოთქმას აზრი.
 
აბა თუ მიხვდებით რა არის ყველაზე პოპულარული საგანი ამ დროს. ვიცოდი რომ გაარტყამთ - ქოლგა! აბა რა! ანუ როგორც ნამდვილი ქართველი იტყოდა ”ზონტიკი”.
 
დიდიან პატარიანა ყველა ქოლგით დადის. თავმოყვარე სიერა ლეონელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რამდენიმე ქოლგა, ყველა ამბისთვის თავისი შესაბამისი. საყოველდღიო ქოლგა, საზეიმო - გასაპრანჭი ქოლგა, ეკლესიაში მისასვლელი ქოლგა, საპანაშვიდე - სატირალში წასასვლელი ქოლგა.  
 
ყოველ წელს ჩავუთქვამ ხოლმე ჩემს თავს, წვიმის სეზონი სიერა ლეონეში არ გავატარო. როგორც წესი არ გამოდის, წელსაც ადრე მომიწია დაბრუნება. გაგანია ”რეინი სიზონ”-ია.
 
”..ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ...” წვიმს, მაგრამ რას წვიმს! ცა ფეხად ჩამოვიდაო, რომ იტყვიან. თავშესაფრიდან გარეთ რომ გაიხედო წვეთები კი არ მოდის, ერთი უსასრულო  წყლის კედელია, უსასრულო ნიაგარას ჩანჩქერივით. ნეტა ვინ მოაგროვა ერთბაშად ამდენი წყალი?
 
ეხლა ხმის გაფორმებას არ იტყვით, ანუ ”საუნდი” ქართულად. ფონად წვიმის ხმა, ორონდ თქვენ რომ წარმოგიდგენიათ კაპა-კუპი კი არა, ერთი გაუთავებელი ჩახლეჩილი, ყოვლისმომცველი გუგუნი. რომ არ იცი საიდან მოდის ან სად მთავრდება. ამ ფონზე კი ჭექა ქუხილი. გაბმული კანონადა, თითქოს ყველა სუპერ-სახელმწიფოს მილიტარისტებმა ერთად მოაგროვეს რაც კი ქვემეხები ჰქონდათ და ერთდროულად დასცხეს.
 
ზედ კიდევ ელვა, ერთი მეორეს მიყოლებით, თითო გასროლა დღესავით ანათებს გარემოს. წამიერი სრული ჩაბნელება და ისევ დასცხებს. ეტყობა სიერა ლეონეს ყველაზე მაღალ, ბინტუმანის მთაზე დგას ზევსი, ოღონდ ძალიან გაბრაზებულია.
ფრიტაუნი გორაკებზეა გაშენებული, ყველა ფერდი ოკეანესთან ჩადის. ქუჩები, ზოგი ნაკადულად, ზოგი მდინარედ არის ქცეული, სიდიდის მიედვით. სადრენაჟო სისტემაზე უკაცრავად ვართ, ხოდა რეცხავს მთელს ქალაქს, მოაგორებს ქვა-ღორღს, ნაგავს, სილას და ჩააქვს ყველაფერი ოკეანეში.
 
ფრიტაუნში არის მუდმივი სახლები და სეზონური. სეზონური ხუხულები ისინია, ყველა რომ შეგუებულია, მოვა ”რეინი სიზონ”-ი და მაინც წაიღებს. მთელი უბნებია ესეთი ”წყალწაღებული”. ასე რომ ქალაქიც ყოველ წელს ახლდება წვიმის სეზონის შემდეგ.
 
ერთი ძველი ამბავი მინდა მოგიყვეთ. ჯერ ახალი გასიერალეონებული ვიყავი და წვიმის სეზონიც არ გამომეცადა. ბევრს დავდიოდი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საქმისა და ინტერესის გამო.
 
ქვეყნის ჩრდილო მხარეს არის ქალაქი კაბალა. ჩვენი პროექტის გამო კაბალის მხარეს გვქონდა საქმე. აუცილებლად უნდა შევხვედროდით იმ მიდამოს ბელადს. ბელადი კი ტრასიდან შორს ჯუნგლების სიღრმეში ცხოვრობდა საბელადო სოფელში. ცენტრალური ტრასიდან სოფლამდე, 60 კილომეტრი ჯუნგლებში გაკაფული გრუნტის გზა მიდის. უკვე ვიცოდი ეს რასაც ნიშნავს და სახელდახელოდ ავარჩიეთ ერთი ძველი მაგრამ ყოჩაღი ”ტოიოტა ფორანერი”.
 
ექსპედიციის შემადგენლობაც სამაგალითო იყო: მე - ახალი ქართველი ავანტიურისტი, შეთავსებით მძღოლი; ჩვენი მოლდაველი ბუღალტერი, ფოტოგრაფირებაზე გადარეული იური ტოფანი და ჩვენი ადგილობრივი მეგობარი და მფარველი, პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი, დოქტორი ბაბა კონტე.
 
მოვიმარაგეთ საგზალი, გავმართეთ მანქანა. მე მძღოლის ადგილას მოვსკუპდი. ჩემი მგზავრები უცნაურად შეფერხდნენ. დოქტორი ბაბა და მოკლე ბუღალტერი მანქანასთან დგანან. დოქტორი ბაბა აშკარად ნერვიულობს წინა ადგილს დაუთმობენ თუ არა. ”შენძრეულმა” ტოფნამ უცბად იყიდა, წინა კარი გაუღო და - ”დაბრძანდით თქვენო მაღალაღმატებულებავო!”. უნდა გენახათ როგორ გაიბღინძა დოქტორი ბაბა. ტოფანამ სამუდამოდ მოიგო მისი გული.
 
მშვიდობიანად და რესპექტაბელურად დაიწყო ჩვენი მგზავრობა. არავითარი თავგადასავალი არა სჩანდა ჰორიზონტზე.
 
ჯუნგლების გზა ზუსტად ის აღმოჩნდა რცა მეგონა, ოღროჩოღრო, აღმადაღმა. გვერდებიდან სამმეტრიანი ბალახი, უშველებელი ხეები. ამ სიმწვანეში გზას ხანდახან მხოლოთ გუმანით ვგრძნობდი. მაგრამ ხალისიანი მზე და არაჩვეულებრივი დარი გვიმსუბუქებდა მგზავრობას.
 
გათვლილზე ორჯერ მეტი დრო დაგვჭირდა საბელადომდე. გვიან ჩავედით. იქაური კოლორიტული შეხვედრა, ბელადთან და მთელს სოფელთან ურთიერთობა და მოლაპარაკება ცალკე მოთხრობის თემაა და ალბათ როდისმე მოგიყვებით, თუ ისურვებთ. შეგვაგვიანდა, შებინდდა და ჩვენც ავჩქარით, იქნებ ტრასამდე მაინც გაგვეღწია დროზე.
 
ბელადმა დარჩითო, თანც რაღაცას გამალებით უხსნიდა დოქტორს. დოქტორმა ერთი კი მოშინჯა, ხომ არ დავუჯეროთო, მაგრამ ჩემგან ისეთი ცივი უარი მიიღო, აღარ გაუგრძელებია. რაღაც გადაულაპარაკა ბელადს, იმან დანანებით გადაიქნია თავი და დავიძარით. მთელი სოფელი გვიქნევდა ხელს.
 
-         დამპირდნენ რომ ილოცებენ ჩვენთვის - ჩაილაპარაკა დოქტორმა
 
გამიკვირდა, არ მესიამოვნა, მაგრამ მაინცდამაინც ყურადღება არ მივაქციე.
 
ათი წუთის შესულები ვიყავით ჯუნგლებში, რომ უცბათ ერთბაშად დაბნელდა, კინო რუსთაველში რომ შუქს ჩააქრობდნენ ხოლმე, ისე. ჩავრთეთ ფარები და მივაწექით.
 
უცბათ გავარდა მეხი, ელვამ გაანათა ყველაფერი და ერთბაშად დაგვეცა ნიაღვარი.
 
-         ეს რა ღვთის რისხვაა?
-         წვიმის სეზონი დაიწყო - სევდიანად თქვა დოქტორამ
-         ეხლა დაიწყო დოქტორ? ამ წუთას? როდის გადაიღებს ეს წვიმა?
-         სექტემბერში
 
უნდა გითხრათ, რომ ზუსტად 16 ივლისი იყო.
 
თავგადასავალია, აზარტია. საჭე მაგრად ჩავბღუჯე, მანქანას ჩავურთე ყველაფერი რისი ჩართვაც შეიძლებოდა და გაზს მივაწექი. აბა შენ იცი. ტოიოტა!
 
ის 60 კილომეტრი მთელი ღამე ვიარეთ. ყოველ აღმართს მეორე ან მესამე ცდაზე თუ ავდიოდით. ტოიოტა მიღოღავდა ტალახში, იქნევდა კუდს, ებღაუჭებოდა ქვებს. იაპონელი სამურაის შეუდრეკელობით ღმუოდა მოტორი.
 
წვიმამ თავისი ქნა, ეტყობა რაღაც ელექტროკონტაქტები დაასველა და ჯერ გამოირთო შუშის საწმენდები, მერე ჩაქრა ფარები. სრული უკუნეთი იყო.
 
გაჩერებას არ ჰქონდა აზრი, მოძრაბით კი როგორ გვემოძრავა? ჩიფი ტოფანს მოუბრუმდა და წინ გადმოჯექი, იქნებ მძღოლს მოეხმაროვო. მე კიდევ უკან გადმოვალ, ქვეყანას კიდევ ვჭირდებიო. ტოფანა წინ გადმოჯდა, გამიღიმა და მითხრა -”მი, სოვეტსკიე, ნიჩეგო ნე ბოიმსია!”
 
ტოფანამ ჩანთიდან ხელის ფარანი ამოიღო, გამჭვირვალე ცელოფანის პარკში გაახვია, ფანჯარა გააღო და ფარანი გზას მიუშვირა. ტოფანას ღია შუშიდან წყალი ასხამდა, ფარანი თავის თავს ძლივს ანათებდა.
 
გალუმპულმა ტოფანამ სიმღერა დასცხო: ”კტო პრივიკ ზა პაბედუ ბოროტსია, ტოტ პუსკაი ს ნამი ვმესტე ზაპაიოტ!...”
 
უკანა სკამზე დოქტორა ლოცულობდა გულმხურვალედ.
 
მე კი საჭეს აზარტულად ჩაფრენილი, ტოიოტასთან ერთად ვღმუოდი და ვებრძოდი გზას. ელვისგან განათებულ გზას ვიმახსოვრებდი და მივიწევდით წინ. მადლობა ღმერთს ხშირ ხშირად ელავდა.
 
ახალი ამბავი, ბენზინი თავდებოდა. ნეტავ რამდენი დარჩა ტრასამდე?
 
-         შენ იცი ჭკვიანმა თეთრმა ადამიანებმა რატომ გაუკეთეს მანქანას ერთადერთი სათადარიგო დეტალი, ბორბალი? - უეცრად მეკითხება დოქტორა
-         ???
-         იმიტომ რომ ბორბალი ხშირად ფუჭდება...
-         გენიოსი ხარ დოქტორ!!!
 
იმ დღეს, ეტყობა ახალბედა შევეცოდე, ”რეინი სიზონ”-მა ბოლომდე არ გაგვწირა. ტრასამდე გამთენიისას მივაღწიეთ და გასამართ სადგურამდე უკვე ასფალტის გზით დავგორდით.
 
ტოფანა რამდენიმე წლის წინ დაიღუპა ავტოავარიაში, დოქტორა დღესაც პრეზიდენტობას აპირებს.
 
ისევ წვიმს...
 
 
* * *
 
ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, ექსპერტი და მრჩეველი, პოლიციელი მომო ამდენი წვიმისა და მისთვის უჩვეულო სუსხისგან გაცივდა. სახლში წევს მაღალი სიცხით და ახველებს. ამიტომ ვერაფერი ვერ ვკითხეთ და დავრჩით ასე, ტრადიციული ექსპერტული დასკვნის გარეშე.
 
წამლებს და მოსაკითხს ვუგზავნით რასაკვირველია, იმედია მალე დადგება ფეხზე.
 
 
თორნიკე ბერიშვილი
 
ქ. ფრიტაუნი
21 სექტემბერი 2011 წელი

No comments:

Post a Comment