Thursday, November 3, 2011

აფროქართველის 16 (44) - ტეხასი - 2, 610

ტეხასი - 2
(აფროქართველის ამერიკა)
610
 
ვინც კი ჰუსტონში ცოტა ხანს მაინც გაჩერებულა, იმან იცის რას ნიშნავს 610, ჯადოსნური ციფრი.
 
უზარმაზარი ქალაქია ჰუსტონი, ტეხასის უდიდესი ქალაქი. მოსახლეობით ნიუ იორკის და ლონდონის მაგვარ მეგაპოლისებს ვერ შეედრება, მხოლოდ 4 მილიონია, ერთი საქართველოს ხელა. ტერიტორიით და ფართობით კი მართლაც უნიკალურია. გაშლილი, ფართო ქალაქი, სადაც ყველა სულიერს თუ მანქანას იმდენი სივრცე აქვს მოზომილი, რომ ყველა თავისუფლად სუნთქავს. არავითარი ჭეჭყვა, არავითარი ”პარკინგის”პრობლემები.
 
დაუნთაუნის და რამოდენიმე საქმიანი ცენტრის გარდა ლამის მთელი ქალაქი მწვანეში ჩაძირული ერთ მაქსიმუმ ორსართულიანი შენობებია. სახლებიც მიჯრით არა დგას, ყველა თავმოყვარე სახლს ხომ გარშემო სივრცე სჭირდება. და აბა წარმოიდგინეთ ამდენი მილიონი მოსახლე, ასე თითო სართულზე, რა ფართობზე გაიშლება! ჰუსტონს კი არ ედარდება, ადგილის და სივრცის პრობლემა არა აქვს და მიდის და მიდის განში.
 
ამიტომაც დასცინიან სხვადასხვა ”გასვეტებული ურბან-ქალაქები” და დიდ სოფელს ეძახიან. არც ეს ედარდება ჰუსტონს, ერთი შეხედვით სამხრეთულად აუჩქარებლად ირჯება და ზანტად, მაგრამ შეუჩერებლად მიიწევს წინ.
 
ერთი კია, ისეთი მანძილებია, რომ უბრალოდ პური და წყალი რომ გქონდეს საყიდელი, ფეხით ვერსად ვერ მიხვალ, უბრალოდ ვერ მიაღწევ. მხოლოდ მანქანა, მანქანას კი გზები სჭირდება.
 
ჰუსტონში უნიკალური შარა გზების - ”ჰაივეების” სისტემაა. დანარჩენი ამერიკაც არ არის ამ მხრივ ნაკლები, მაგრამ ჰუსტონში.... თანაც უცნაური კონტრასტია ხოლმე, როდესაც ზანტი და აუჩქარებელი ქუჩებიდან ”ჰაივეიზე” ავარდები, თითქოს სიზმრიდან პირდაპირ ველურ რალიზე ხვდები... აქ კი იცოცხლე, უნდო ჩაეჭიდო საჭეს.
 
” ჰაივეი 10” ახალი ორლეანიდან ჰუსტონის გავლით სან ანტონიოში მიდის, ეს კი ათასამდე კილომეტრია. მას კვეთავს 45-ე - მექსიკის ყურიდან, გალვერსტონიდან, დალასამდე. 59 - ე სამხრეთ დასავლეთიდან ჩრდილო აღმოსავლეთისკენ. 288 - ე, 90 - ე,  და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი უფრო მცირე და ლოკალური გზა. ეს ყველაფერი ჰუსტონის ცენტრში იკვეთება, ყველას ერთად კი ჰუსტონის პირველი რკალი - 610 - კრავს. ეს არის ქალაქის პირველ საზღვარი. ასე ამბობენ ”ინნერ ლუპ”, ანუ 610-ის შიდა ქალაქი და ”აუტერ ლუპ”, 610 -ს გარე ქალაქი, ან პატარ-პატარა ქალაქი სატელიტები ანუ ”გრეიტერ ჰუსტონ”, ასე ამბობენ.
 
როდესაც გზების სისტემას და პრინციპს მიეჩვევი, მიხვდები, რომ ისე რაციონალურად არის ორგანიზებული, ისეა განლაგებული, ამ უშველებელი ქალაქის ლამის ნებისმიერი ადგილიდან სასურველ მისამართამდე 15 წუთზე მეტი არ გჭირდება. ოღონდ ამას უკვე ჩვევა და თქვენ წარმოიდგინეთ ფსიქოლოგიური მზაობაც უნდა. უნდა შეგეძლოს ”ტემპო-რიტმის” უმოწყალო ცვლა, ქალაქ-სოფელ ჰუსტონის შიდა ქუჩების სამხრეთული ზანტი მოძრაობიდან უეცრად ”ჰაივეის” რალიში შევარდნა, სუნთქვის შეკვრა, კილომეტრების ერთეულ წუთებში ”შეჭმა” და რაც მთავრია საჭირო ”ექსიდ-ში” დროზე ჩამოქანება, უმალ ამოსუნთქვა და ისევ გაზანტება.
 
ამას რომ მიაღწიო, გამოცდილება უნდა დააგროვო და ჩვევებად აქციო. ამას ჩემნაირი ”აფროქართველისთვის” ვამბობ, თორემ აქ გაზრდილ დაბადებულებს ეს ყველაფერი თანშეზრდილი და ბუნებრივად თანდაყოლილი აქვთ. კარგი მუსიკოსივით, მოძრაობაში, ნოტებივით უნდა იკითხო ჰაივეის წარწერები და მინიშნებები, იქვე აქციო მოტორის ღმუილის, გაზ-მუხრუჭის და ჩქაროსნული ვირაჟების მელოდიად.
 
აკი გითხარით, 610 რკალად აკრავს ქალაქს. გზების რუქას რომ დახედოთ, ობობას ქსელის პირველი შემკვრელი რკალია, მის შიგნით კი ჰუსტონია. მთელი რკალი 61 კილომეტრია, მართლაც ”ჰაივეი”, ოჩოფეხებზე შემდგარი ”მაღალი გზა”, ცალი მიმართულებით ექვსრიგა, 56 ჩასასვლელ ამოსასვლელით, ”ექსიდით”, ნომერ 1 დან დაწყებული და ვიდრე 38ბ-მდე.
 
წამომყევით 610-ზე, ერთად დავრტყათ ერთი წრე, გადავხედოთ ჰუსტონს, პირველ ჯერზე შეიძლება ბევრი ვერაფერი შევნიშნოთ, სიჩქარეში, მიუჩვეველზე, ბევრიც გამოგვრჩება, მაგრამ წარმოდგენას მაინც შევიქმნით.
 
წამო, წავიდეთ. საათის მიმართულებით შევეჭიდოთ რკალს.
 
ჩემი სტარტი, როგორც წესი სამხრეთ ჰუსტონიდან იწყება, ოლდ სპენიშიდან ალმედას ქუჩაზე, 610-ის შეერთებასთან. ექსიდი ნომერი 1. დამიჯერეთ, სპეციალურად არ ამირჩევია, ღმერთია მოწმე, მართლაც ესე დაემთხვა.
 
რეპორტაჟი ტრასიდან.
.... ალმედას ქუჩით ზანტად ვუახლოვდებით 610-ს. აი გამოჩნდა ესტაკადა, სიწყნარეა, არაფერი არ მოასწავებს ჩვეული რიტმის დარღვევას. მოსახვევი მარჯვნივ და იწყება შეერთება - ”მერჯი”. ჰაივეის მიუყვებით პარალელურად და უნდა შევუერთდეთ. აქ კი უკვე ცუდს გიგრძნობს გული, ტემპი ნელ ნელა მატულობს, დაწყნარებული მანქანებიც ნელ-ნელა ნერვიული პერსონაჟები ხდებიან. ბოლო მეტრები, სარკე, თავის ტრიალი, გაზი და უნდა ერთბაშად შევარდე გაქანებულ ექვსხაზიან ნაკადში. ხაზიდან ხაზში გადასვლა, ერთი, მეორე. სასიცოცხლო ადგილის მოპოვება, ტემპის მორგება, წნევის და პულსის დარეგულირება და ოდნავ დამშვიდება...
 
ერთი ორი ცდის და ვარჯიშის შემდეგ უკვე შეიძლება თავი მიატრიალ მოატრიალო და რალიში მონაწილეობასთან ერთად ქალაქსაც შეხედო, ისე ეს ისევ სჯობს მგზავრმა აკეთოს, ანუ თქვენ. მძღოლმა კი, წინ იყუროს და ყურადღებით იყოს, ის ურჩევნია.
 
მაშ ასე, გაიხედეთ მარჯვნივ...
 
პირველი, რაც თვალს მოგვტაცებს ”რელაიანტ სტადიონია” - უშველებელი სპორტული კომპლექსი. ამას კი ინდა მიეჩვიოთ. ჰუსტონში რამეს თუ აშენებენ, საშვილიშვილოდ აშენებენ. უშველებელს, არანორმალური ზომებისა და მაშტაბების. ამ კომპლექსის ტერიტორიაზე იმართება ხოლმე, ბეისბოლის, კალათბურთის, ფეხბურთის და რისიც გინდათ მატჩები ასი ათასობით გულშემატკივრების დასწრებით. აქვე არის ყოველწლიური ფესტივალები.
 
მაგალითად ტრადიციული, ყოველწლიური, მრავალდღიანი როდეო. მთელი ქვეყნიდან გროვდებიან კოვბოები და მათი გულშემატკივრები. მოჰყავთ საკონკურსე ძროხები და ნარჩევი ხარები. შეჯიბრებები, ლასოს ტრიალი, ყველაზე ლამაზი ძროხა, ყველაზე მაგარი სტეიკი, ”კანტრი” სიმღერები, სიცილი, კარგი ხასიათი...
 
წელიწადში ერთხელ საიუველირო ფესტივალია, პავილიონები დახლებით ივსება, იყიდება ბილეთები და ... სამაჯურები, საყურეები, ყელსაბამები... ინდიელები, კლასიკური, ძვირფასეულობა... თვალისმომჭრელი ფერები, ბრჭყვიალი და ზიზილ-პიპილო. მოკლედ ქალების და მათნაირების სამოთხეა.
 
ძაღლების გამოფენები, საბავშვი შეჯიბრებები და ვით მოსთვლის კიდევ რამდენი რამ.
 
რასაკვირველია 610 ზე რომ მიქრიხარ, ამას ყველაფერს ვერც დაინახავ და ვერც გაიგებ, წამებში ჩაუწუილებ უზარმაზარ კომპლექსს და წინ მიდიხარ. მაგრამ როცა ჩემისთანა მეგზური გყავს, აბა რას იზამ?
 
გაიხედეთ მარჯვნივ... ცოტა სიღრმეში ცათამბჯენები გამოჩნდება, სანტ ლუკ ჰოსპიტალის ორი გამორჩეული კოშკით. ეს მთელი ცალკე ქალაქია. ჰუსტონის სამედიცინი ცენტრი. ერთ ადგილას კონცენტრირებული უამრავი საავადმყოფო, უნიკალური აპარატურა, არაჩვეულებრივი აპარატურა, ერთ ადგილას შეკრებილი საექიმო გენია. ებრძვიან და ხშირად ამარცხებენ უამრავ სენს და სატკივარს. საავადმყოფოები ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს ჰგავს, ქვედა სართულებზე რესტორნებით, ფოიეში როიალებით, ჩამოსულებისთვის სასტუმრო ნომრებით. ღმერთმა დაგიფაროთ და ცოტა რამის წამოტკივებას ინატრებთ. არა, ისე, მსუბუქად. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან პაციენტები, ასევე მთელი მსოფლიოდანაა საუკეთესო ექიმების ნაკრები. სნეულად არა, მაგრამ, ექსკურსიაზე მისვლა კი ნამდვილად ღირს.
 
აქამდე დასავლეთით მივქროდით, იწყება დიდი ვირაჟი. 610 ჩრდილოეთისკენ იწყებს ასვლას. ტემპი არა კლებულობს, ყურადღება არ მოადუნოთ.
 
გაიხედეთ მარცხნივ. დიდი არაფერი, უბრალოდ უზარმაზარი ”პლაზა”, მეიერ პლაზა. ერთ დიდ მოედანზე შეკრებილი გიგანტური მაღაზიები, თითოეული თბილისის ”უნივერმაგის” ხელა. ”როსი”, ”მარშალი”, ”ბედ ენდ ბას”, და სხვა და სხვა. ”მეშოპინგეების” სამოთხე. ტიპიური პლაზაა, ესეთი რამდენია ”გრეითერ ჰუსტონში” ვინ მოსთვლის.
 
ჩავიარეთ. გაიხედეთ მარცხნივ. ეგრეთ წოდებული ”გალერეა”. ესეც ”შოპინგ ცენტრია”, ოღონდ ეს მართლა უნიკალურია. ერთ ადგილას შეკრებილი მაღაზიების ქალაქი. თავისი რესტორნებით, სასტუმროთი. ჭერქვეშ აშენებული ქუჩები, ბავშვების გასართობი ადგილები. სერიოზული საციგურაო მოედანი, ოლიმპიური ზომის. ყოველდღე ასეულობით ბავშვი და დიდი სრიალებს. ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანი გადი გამოდის გალერეაში. ეს უნიკალური შუშაბანდი მართლაც დიდი ინდუსტრიაა.
 
გზადაგზა გავდივართ საცხოვრებელ რაიონებს, მდიდრების უბანს, უფრო მდიდრების უბანს, უსაზღვროდ მდიდრების უბანს... გზიდან მხოლოდ მწვანეში ჩაფლული ძვირფასი სახურავები ჩანს.
 
გავიარეთ ჰაივეი 10 თან შეერთება, რომ გავყვეთ სან ანტონიოსკენ წავალთ. ჰაივეების გადაკვეთები ცალკე აღსაწერი და მოსაყოლი თემაა. მრავალიარუსიანი და მრავალსართულიანი გზების გადახლართვები. საოცარი ინჟინრული გადაწყვეტები, ზედმიწევნით გააზრებული და ორგანიზებული მიმართულებები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ინჟინერია ხელოვნებაში გადადის.
 
610 ნელ-ნელა, მოძრაობის სიჩქარეს არა ვგულისხმობ, ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთი მიმართულებისკენ გადადის. ეს ჩრდილოეთი ჰუსტონია, უფრო ინდუსტრიული. საწარმოები, საწყობები.
აქეთ არის ბუშის საკონტინენტთაშორისო უზარმაზარი აეროპორტის მიმართულება, აქეთ მიდის 45-ე დალასისკენ და 59-ე ჩრდილო აღმოსავლეთი ამერიკისკენ.
 
აღმოსავლეთის მხარეს, ანუ როცა 610 სამხრეთისკენ იღებს გეზს, ჰუსტონის პორტია. ერთ-ერთი უდიდესი პორტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფაქტიურად ძირითადი ბაზა იყო ამერიკის საზღვაო ფლოტის მომარაგებისათვის. მაშტაბების გასიგრძეგანება თქვენთვის მომინდია.
 
სამხრეთიდან ისევ აღმოსავლეთისკენ მოსახვევში, ჰუსტონის სიამაყის ”ნასა”-სკენ და კოსმოსური ცენტრისკენ მიმავალი გზა არის. არ გეგონოთ დამალული და გასაიდუმლებული ზონები იყოს. ყველაფერი ღია და ხელმისაწვდომია. ათასობით ტურისტი და ცნობისმოყვარე დადის ყოველდღე.
 
აქვე გალვერსტონისაკენ, პატარა, ისტორიული და ძალიან საინტერესო ოკეანისპირა ქალაქისაკენ. კარგი თევზი თუ გიყვართ სადილად, სწორი გეზია.
 
კიდევ ერთი აეროპორტისკენ, ”პატარა” ჰობისკენ, ყველაფერი შედარებითია, მიმავალი გზა.
 
610 ისევ დასავლეთისკენ მიტრიალდა და ლამისაა წრეს შევკრავთ, ნომერ 1 ”ექსიდს”, ალმედა როუდს მივადგებით.
 
ერთიც უნდა ვთქვათ, ამ უცნაური რკალის მოვლისას, ყველა წერტილიდან სჩანს ”დაუნთაუნი”, იქ კი ჰუსტონის ბიზნეს ცენტრია. ცათამბჯენებით, უნიკალური მიწისქვეშა ქალაქით, ”კონვენშიონ სენტრ”, სადაც ერთი დღე არ არის უქმად. მრავალათასიანი საკონცერტო დარბაზი, ”ტოიოტა სენტრ”.
 
ცალკე სახსენებელია ”ჰუსტონ სიმფონი” და ჰუსტონის ბალეტი. სეზონის ანონსი რომ ვნახე თვალებს არ დავუჯერე. რა გინდა, ჰუსტონს ბევრი ფული აქვს და მთელი წელი ვარსკვლავთცვენაა. კლასიკური მუსიკა, სიმფონია, ბალეტი, საოპერო დადგმები.
 
ოფისები, ოფისები, ოფისები. მუზეუმები, გასართობი ცენტრები და სხვა და სხვა...
 
აგერ ალმედაც. ეს ერთი წრე იყო, ზედაპირული, ჩქარი და თავბრუდამხვევი. იმდენი რამ გამომრჩა, ვერც წარმოიდგენთ. რაც ვახსენე, იმათზე კი კიდევ უამრავია მოსაყოლი. და რამდენი საინტერესო დეტალია?
 
ესეც თქვენი ”სოფელ-ჰუსტონი”
 
ეხლა კი ყურადღება მოვიკრიფოდ, ”ექსიდში” გავიდეთ, ჩვეულებრივ ქუჩაზე გავუხვიოთ, პულსი და ნერვები დავიწყნაროდ და ამ გიჟური რბოლიდან შიდა ქალაქურ, სამხრეთულად ზანტ ტემპს დავუბრუნდეთ. ერთ ჯერზე საკმარისია, დანარჩენი მერე იყოს.

თორნიკე ბერიშვილი
25 მაისი 2011 წელი

No comments:

Post a Comment