Thursday, November 3, 2011

აფროქართველის 2 (49) - მფრინავი ასოციაციები

მფრინავი ასოციაციები
 
 
გახსოვთ თამაში ასოციაციობანა? ერთ დროს პოპულარული, სააგარაკო საღამოების ხალისიანად გასატარებელი გართობა.
 
ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს ხანგრძლივი, მრავალსაათიანი საავიაციო რეისებით მგზავრობა. ბოინგის სავარძელში დიდი ხნით დატყვევებული, ასობით ყველა ჯურის თანამგზავრთან ერთად, მაგრამ მაინც ეულად მყოფი, საკუთარ თავს ვეთამაშები ხოლმე ასოციაციობანას.
 
ამერიკის კონტინენტიდან აფრიკისკენ მიმავალ, ან პირიქით, ლაინერში, ატლანტიკის ოკეანის თავზე, ათასობით კილომეტრზე ზღვის დონიდან, ეტყობა განსაკუთრებით  ნოყიერი ნიადაგია ასოციაციებისთვის, მეხსიერებაში ჩარჩენილი მოზაიკის ნაწილებისათვის, დიდი ხნით მივიწყებული კარგი, ცუდი, სამარცხვინო თუ საამაყო ემოციებისთვის...
 
როცა ასოციაციობანას თამაშობ, მაინც წესებს იცავ და შეთანხმებულ ლოგიკას ემორჩილები. მე კი ჩემს უწესო, არეულ და ულოგიკო, სათვითვფრინავო ასოციაციებში გეპატიჟებით.
 
ამას წინათ რუსი ქართველი მწერლის ბორის აკუნინის ნარკვევი წავიკითხე. იაპონელი გრაფი ნოგის შესახებ. იმოქმედა ჩემზე. არ ვიცოდი მის შესახებ. გამიკვირდა, რომ ბავშვობაში ისტორიით გატაცებულს, გამომრჩა ესეთი საგულისხმო ამბავი. იმის იმედად რომ ზოგ თქვენგანსაც გამორჩა, მინდა გაგიზიაროთ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით.
 
ნარკვევიც საინტერესო იყო და თავად ავტორიც, ქართული სახელი გრიგორი ჩხარტიშვილია, საინტერესო ადამიანია. როგორც მისი საქციელიდან და ნაწერებიდან სჩანს წესიერი, პრინციპული და გაბედული კაცია. არც რუსულ კონიუნქტურას ეპუება და არც საშიშ პრეზიდენტ პუტინს. ქართველობით არ ქართველობს, მაგრამ როდესაც მოსკოვმა იქაურ ქართველებზე ოფიციალური ნადირობა, დევნა გამოაცხადა, გამოვიდა და თქვა, ძალით გამახსენეთ რომ ქართული ძირები მაქვს და თქვენც აღარ დაივიწყოთო. წარმატებულ მწერალს რთულ დროს და რთულ ადგილას უწევს ცხოვრება, ფანდორინიადის ავტორი, იაპონიაზეა შეყვარებულია. უცხოვრია და უმუშავია იქ, კარგად იცნობს ამომავალი მზის ქვეყანას და მთხრობელიც ხომ შესანიშნავია.
 
ზღვის დონიდან თერთმეტი ათას კილომეტრზე, საათში 800 მილის სიჩქარეზე, ღრუბლების თავზე, ხვდები, გგონია ან გეჩვენება რომ დროსა და სივრცეს სრულიად პირობითი მნიშვნელობა აქვს და ამ ერთი ციდა დედამიწაზე ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმულ, გადაჯაჭვულია. გადაასოციაციებულია.
 
ეტყობა რაღაც აქვს იაპონიას ისეთი, რაც მართლაც ბევრ რამეს აერთიანებს, ამართლებს და შესაბამისად გიზიდავს.
 
ქართველი, ამჯერად მართლა ქართველი მწერლის, ირაკლი ლომოურის ნაწერები თუ წაგიკითხავთ? მისი პარალელური საქართველოს ქრონიკაში თუ ჩაძირულხართ? ჯორჯოპონიაზე გვიყვება, იაპონურ - ქართულ უცნაურ სამყაროზე. იქ არარსებული, მოგონილი. გამოთვითფრინავებული ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ არაჩვეულებრივად რეალური, მართალი ამბებია. იქ არიან კომუნისტებიც, ბელადებიც, სამურაებიც, იმპერიის ოფიცრებიც, ლამაზი შეყვარებულებიც და თავგანწირული ფანატიკოსებიც.
 
ჯორჯოპონია! როგორი სახელია? იტყვით ხელოვნურიო! არადა, მართლაც ჯორჯოპონიაა ყველაფერი. ჯორჯოპონიის ამბავი ბორის აკუნინმა რომ იცოდეს, ალბათ გადაირევა კიდეც!
 
ისე ეს გრიგორი ჩხარტიშვილი რამ გააბორისაკუნინა? სახელს კი ხმარობს რუსულ ყაიდაზე, გრიგორი, ქართულად ”გრიგოლ” იქნებოდა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? ნურას უკაცრავად!
 
დედაჩემს საბჭოთა სკოლაში მავნებლის შვილს ეძახდნენ. იმიტომ რომ იმ დროს, როცა დედაჩემი სკოლაში დადიოდა, ჩვენს ქვეყანაში დამპალი კომუნისტები მძვინვარებდნენ. არ დამიწყოთ ეხლა, ესე არ შეიძლება, არაპოლიტკორექტულია, ადამიანის უფლებებიო, დემოკრატიაო. გიპასუხებთ. კომუნისტები ან ფაშისტები ადამიანები არ არიან, არც არასოდეს ყოფილან! ამიტომ კამათი უადგილოა. ჩემი ასოციაციები კი არ მატყუებენ. სიტყვაზე კომუნისტი, ეგრევე ცუდი სუნი მცემს და სიტყვა ”დამპალი” მოსრიალებს...
 
ხოდა ნუ გადავყვებით სუბიექტივიზმს. მოკლედ ამ კომუნისტებმა ვერ აიტანეს პარიზში ნასწავლი ჩემი ბაბუა, მოძალებულ ემოციებს ვერ გაუმკლავდნენ და დახვრიტეს. დახვრიტეს და შვებით ამოისუნთქეს. ბებიაჩემი კი, ჯენტლმენობა გამოიჩინეს და არ დახვრიტეს, გადაასახლეს. სკოლაშიც მეტი რა გზა ჰქონდათ, აიღეს და დაობლებულ დედაჩემს აღზრდის მიზნით ხალხის მტრის შვილი შეარქვეს.
 
მაგრამ გავიდა დრო, მიიწურა მეოცე საუკუნე და სამართალმა პური ჭამა. დედაჩემს ჯერ რეპრესირებულების შვილის სტატუსი მიანიჭეს. ამას წინათ კი ტელეფონით საუბრისას მომიყვა რომ დაწინაურებას უპირებენ და თავად რეპრესირებულის სტატუსს და ერთჯერად დახმარებასაც კი დაჰპირდნენ.
 
როგორც მოწესრიგებულ ქვეყანას ეკადრება, აბა ვინმე ვანუატუ ხომ არა ვართ, საბუთები მოიტანეთ და მიირთვით რეპრესირებულის სტატუსიო.
 
აი რას ნიშნავს ასოციაცია! დედაჩემის დედა ხომ გრიგოლის ასული იყო. გასული საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიაში დაბადებული ჩემი ბებია, იმპერიულ რუსულ დოკუმენტებში სწერია როგორც ”გრიგორიევნა” ანუ გრიგორი...  ქართულ ქაღალდებში კი გრიგოლის ასული ყოფილა, ეკლესიის ნათლობის ფურცელიც იგივეს ამბობს. ანუ გრიგოლი!
 
გაოგნებულ დედაჩემს ასე უთხრეს, ვერ ამტკიცებთ რო ხალხის მტრის შვილი ხართო. იქნებ გრიგო-რ-ი სხვა იყო და გრიგო-ლ-ი კი სხვაო. ანეკდოტია!
 
არადა როგორი იმედი გვქონდა რომ დედა გამდიდრდებოდა, კომპესაციას თითონ აბა რას დახარჯავდა და შვილთაშვილებსაც ასარგებლებდა. მაინც არ ჰკარგავს იმედს და ებრძვის ბიუროკრატიას.
 
მოწესრიგებული ქვეყნის ჩინოვნიკები კი სახელმწიფო ქონებას უფრთხილდებიან. ვერ გაიგეს ვინ გამოზარდა ხალხის მტერი, გრიგორიმ თუ გრიგოლმა. რა იცი მაინც, ყოფილი ხალხის მტრის შვილი რას არ იკადრებს და იქნებ სხვისი კუთვნილი კომპენსაცია მიითვისოს და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრდეს...
 
ჩემს ხალხის მტრის შვილ დედას გეფიცებით, არაფერი არ მომიგონია! რით არ არის ჯორჯოპონია?
 
ეხლა ხომ ხვდებით რომ ყველაფერი რუსული იმპერიისა და დამპალი კომუნისტების ბრალი არა ყოფილა, ჩვენც ხომ მანდა ვართ? თანაც მთავარი ხომ საამაყო ქართველია. ჩვენს კობას გაუმარჯოს!
 
ულვაშა ნაბოზვარმა (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) და მისმა ბანდამ, ვინც ვერ შეაშინეს ყველა დახვრიტეს! ვინც ვერ დახვრიტეს კი ყველას შეეშინდა. დღესაც ეშინიათ და გრიგორი და გრიგოლი ვერ გაურჩევიათ.
 
ძალიან პირადულ, გაბოროტებული ასოციაცია გამომივიდა, ეტყობა თვითფრინავმა მაგნიტურ ველში გაიარა.
 
გრიგორი ჩხარტიშვილი კი გრაფ ნოგიზე გვიყვება...
 
1849 წლის ქრისტეშობას, 25 დეკემბერს იაპონელი სამურაის ოჯახში დაიბადა ნოგი მარესუკე, მომავალი გრაფი ნოგი.
 
ბავშვობიდან ჯარისკაცად გაზრდილი, სამაგალითო იაპონელი სამურაი, ევროპულად განათლებული ნოგის კარიერა მართლაც სამაგალითოა. ნოგი სპეციალურად გაემგზავრა გერმანიაში, რათა სამხედრო ხელოვნება ესწავლა. უკან დაბრუნებული ბაბუაჩემივით კი არ დახვრიტეს, ინფანტერიის მეთერთმეტე ბრიგადა ჩააბარეს და გენერალ მაიორობა უბოძეს.
 
სულ ქვეყნისა და იმპერატორის სამსახურშია. ზედიზედ იღებს სამხედრო წოდებებს და ჯილდოებს. 1986 წელს დანშაკუს (ბარონის) წოდებას ანიჭებენ და ტაივანის გენერალ გუბერნატორი ხდება. ტაივანმა ნოგის დედა იმსხვერპლა, მალარია დაემართა და ვერ გადაარჩინეს.
 
აქ კი ხელოვნურად უნდა ჩავკლა ჩემი ასოციაციები, თორემ ჩემს დღევანდელ სამყოფელში, სიერა ლეონეში, მალარია მთავარი თემაა და თუ ჩავეფლეთ, ვეღარ ამოვალთ...
 
ნოგიმ კი მწარე გამოცდილება საქმედ აქცია და ტაივანის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა სერიოზულად გააუმჯობესა. მიუხედავად ყველა პერსპექტივისა, პოლიტიკურმა კარიერამ არ მოხიბბლა და დიდად არ უცდია დაწინაურება.
 
ამასობაში კი 1904 წელი დადგა და რუსეთ იაპონიის ომი დაიწყო, გენერალი ნოგი იმპერატორს დასჭირდა და იაპონიის მესამე არმია ჩააბარა, დაახლოებით
ოთხმოცდაათი ათასი ჯარისკაცი. ამ არმიამ იბრძოლა მანჯურიაში, ამ არმიას ეჭირა ცნობილი პორტ არტურის ალყა.
 
ეს სწორედ ის პორტ არტურია, ჩვენი პიპინია რომ გამოიქცა.
 
ეს იყო ნოგის კარიერის მწვერვალი და ამავე დროს ყველაზე მძიმე მომენტიც.
 
გენერალ ნოგის მეთაურობით იაპონელებმა დაამარცხეს რუსები პორტ არტურთან და შემდეგ მუკდენის ბრძოლაში. ნოგი იაპონიის ეროვნული გმირი გახდა.
 
ამ ბრძოლაში გაწყდა მესამე არმიის უმრავლესობა, 56 000 რჩეული ჯარისკაცი. აქ დაიღუპა ნოგი მარესუკეს ორი ვაჟიშვილი, მამაცი ოფიცრები.
 
გენერალმა ნოგიმ პირადად ჩააბარა გამარჯვების პატაკი იმპერატორს. პატაკის დროს ტირილი აუვარდა, მრავალი ათასი ჯარისკაცის სიკვდილი თავის დანაშაულად ჩათვალა და ხელმწიფეს თვითმკლელობის უფლება სთხოვა.
 
იმპერატორმა დატუქსა, თავის მოკვლა სასტიკად აუკრძალა. ბებერი ჯარისკაცი ბრძანებას უხმოდ დაემორჩილა. იმპერატორმა მას გრაფობა უბოძა და ამომავალი მზის ორდენით დააჯილდოვა. გრაფი ნოგი 1908 წლიდან 1912 წლამდე მომავალი იმპერატორის, ჰიროჰიტოს აღმზრდელი იყო. მისი ინიციატივით პორტ არტურში დაღუპული რუსი ჯარისკაცების მემორიალი დაიდგა.
 
1911 წელს გრაფი ინგლისში გააგზავნეს, როგორც იაპონიის წარმომადგენელი მეფე გეორგ მეხუთის კორონაციაზე დასასწრებად.
 
1912 წელს იმპერატორი გარდაიცვალა. გრაფი ნოგი შვიდი წლით ადრე, 1905 წელს მიცემული პირობისაგან განთავისუფლდა. იმპერატორის დასაფლავების შემდეგ გრაფი და მისი მეუღლე საზეიმოდ გამოეწყვნენ, სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.  შემდეგ კი სამურაი ნოგი მარესუკემ და მისმა მეუღლემ თავი მოიკლეს. სამურაიმ სეპუკო გაიკეთა, მისმა ცოლმა კი ყელი გამოიჭრა. გენერალმა წერილი დატოვა და იაპონიას ბოდიში მოუხადა ათასობით რჩეული ჯარისკაცის მისი ხელმძღვანელობით დაღუპვის გამო.
 
გრაფი ნოგი იაპონიის ლეგენდაა.
 
არა მგონია იაპონიაში როდესმე შეშინებოდათ ვინმე ულვაშასი, ან რითი უნდა შეეშინებინა?
 
პოლიტკორექტულობა და დემოკრატია მოითხოვს რომ ერთნაირად მოვეპყრად და მოვიხსენიოთ ჩემი ბებია და ბაბუა, ირაკლი ლომოური და აკუნინ-ჩხარტიშვილი, პუტინი და ჰიროჰიტო, ხალხის მტერი დედაჩემი და გრაფი ნოგი, სხვა ვიღაცეების ბაბუა და ბებია კომუნისტები და დამოუკიდებელი საქართველოს მოხელეები, ულვაშა ნაბოზვარი და პორტ არტურში დაღუპული ჯარისკაცები...
 
ქართულ სუფრაზე კი პერსონალური სადღეგრძელოების დროს, რასაკვირველია ფეხზე ადგომით...
 
ოკეანის თავზე, თერთმეტი ათასი კილომეტრის სიმაღლეზე, როდესაც თვითმფრინავი სიერა ლეონესკენ მიქრის, ერთ-ერთი მგზავრის თავში ჯორჯოპონია მძვინვარებს.
 
აი ესეთი თამაშია ასოციაციობანა. ისევ სჯობს მალე დაიწყოს დაშვება ლაინერმა.
 
 
თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
26 სექტემბერი 2011 წელი

No comments:

Post a Comment