Thursday, November 3, 2011

აფროქართველის 5 (52) - სამშობლოს ძებნაში

სამშობლოს ძებნაში
 
 
მომავალ წელს სიერა ლეონეში სეირი იწყება. არჩევნები მოდის. წინა არჩევნები, 2008 - ში, პირველი იყო ათწლიანი ომის შემდეგ. ყველა შიშით ელოდა რა მოხდებოდა. არც არაფერი, მმართველმა პარტიამ წააგო და ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციამ მოიგო და გაუფროსდა. ერთი ორი კი წამოიკნავლეს ესაო, ისაო, გაყალბებაო. მაგრამ მაშინდელმა ვიცე პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დამარცხებულმა სოლომონ ბერევამ, გამოაცხადა, არავითარი დაპირისპირებაო და გამარჯვებულს მიულოცა. ასე მოულოდნელად, მშვიდობიანად მოხდა სიერა ლეონეში ხელისუფლების გადაბარება.
 
ეხლა ხელახალი სეირი მოდის და უკვე გაუფროსებულ ნაოპოზიციარს უჭირს იმის წარმოდგენა რომ შეიძლება ხელისუფლების დათმობა მოუხდეს. არადა თუ ისევ მშვიდობიანად და სამართლიანად მოხდა ყველაფერი, ეს უკვე ტრადიცია იქნება. აღდგომა და ხვალეო.
 
ეხლა კი ამჟამინდელ ოპოზიციას კოლორიტული ლიდერი გამოუჩნდა. პარტიამ წინასაარჩევნო ჩაატარა და შვიდ კანდიდატს შორის ამოირჩია მაადა ბიო. მედროშე, Flag Bearer, როგორც აქ ამბობენ.
 
მაადა ბიოს გაკანდიდატებამ შეაშინა და შეაფიქრიანა ხელისუფლება. ახალგაზრდა კაცია. კიდევ უფრო ახალგაზრდა იყო კაპიტან სტრასერთან ერთად ოთხმოცდაათიან წლებში რომ მართავდა ქვეყანას. სტრასერი უფროსი იყო, მაადა მეორე. მაშინ ძალაუფლება ძალით მოიპოვეს. ხალხს სამართლიანობას და დემოკრატიას დაპირდნენ. ოთხი წელი რომ გავიდა, სტრასერს გაუტკბა და არჩევნების გადადება მოინდომა, აქაოდა ჯერ მზად არ ვართო. მაშინ მაადამ გადატრიალება მოაწყო, სტრასერი გადააყენა, ოთხი თვე მართა ქვეყანა, არჩევნები მოამზადა და ჩაატარა კიდეც. სწორედ მაშინ მოვიდა ამის წინა პრეზიდენტი აჰმად კაბა.
 
ასე რომ მაადა აქაური დემოკრატიის მამაა. ეხლა მზად ვარ საპრზინდენტოდ და არჩევნები უნდა მოვიგოო, კორუფცია უნდა პოვსპო და წინ გავუძღვე სიერა ლეონეს ნათელი მომავლისკენო.
 
ამას წინათ მაადა ბიო პოლიტიკურ მიტინგ - შეხვედრას ატარებდა ქალაქ ბოსთან. პატარ-პატარა შეხლა შემოხლა და უმსხვერპლო ლანძღვა გინება მაინც ხდება. ბოსთან კი ყველაფერი მშვიდობიანად მიდიოდა, გახარებული მომხრეები ტაშს უკრავდნენ და სიმღერებით ეგებებოდნენ ლიდერს.
 
შუა სიმღერებში, უცბად მაადას ქვა მოხვდა და თავი გაუტეხა. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, როგორც მერე გაირკვა, ხეს ამოფარებულმა მეტოქე პოლიტიკური ძალის მომხრემ, რამდენიმე ათეული მეტრიდან მაადას შურდულით ესროლა ქვა. შურდულით! ის არ გეგონოთ ”რაგატკას” რომ ვეძახით. არა, ნამდვილი შურდულით, აი ბიბლიური დავითი რომ ებრძოდა გოლიათს, ისეთი. შეიძლება მოეკლა კიდეც. მაადა სასწრაფოდ გააცალეს იქაურობას, მერე მეზობელ განაში გადააფრინეს და თავი იქ გაუკერეს.
 
აბა ატყდა ერთი ვაი უშველებელი, ეძებენ და ამოწმებენ ყველა ოსტატ მეშურდულეს. მაადას გატეხილ თავზე კი უკვე სიმღერებს თხზავენ. მაადა მენდეს ტომის ენაზე ბაბუას ნიშნავს. ჰოდა ელოდება  სიერა ლეონე იმედით ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ დაბრძენებულ პაპა ბიოს.
 
ჩვენ კი, გადამთიელებს, გვირჩევენ, არჩევნების დროს მაინცდამაინს ქუჩა ქუჩა ნუ ისეირნებთო...
 
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, როცა ჯერ კიდევ ვფსიქოლოგობდი, ნორვეგიაში მოვხვდი კოლეგებთან. არჩვეულებრივი ქვეყანაა ნორვეგია, ხალხი კი ჩემთვის მულოდნელად თბილი და სტუმართმოყვარე. სულ შემეცვალა წარმოდგენები სამხრეთელი გულმხურვალეობისა და ჩრდილოელი გულცივობის შესახებ. სხვადასხვა ოჯახებს ვსტუმრობდი და ყველა ერთი მეორეზე უკეთესი მასპინძელი აღმოჩნდა.
 
ერთ ოჯახში ჩვენს გასართობად წვეულება მოაწყვეს და მეგობრები დაპატიჟეს. რამდენიმე ოჯახი მოვიდა. მშვენიერი საღამო იყო. არაჩვეულებრივი სუფრა გაიშალა, გავშინაურდით, დავახლოვდდით.
 
შუა ქეიფის დროს ოჯახის მამა ადგა, სუფრას ჩამოუარა, თეფშებს გამოგიცვლითო, იქვე ღია სამზარეულოს მიადგა და ჭურჭლის რეცხვას მიჰყო ხელი. ოჯახის დედამ - მადლობა ძვირფასოო, მისმა დაქალმა თავის ქმარს უჟიკავა, მიდი, მიეხმარეო.
 
უკვე შეზარხოშებულს, ორმაგად უცნაურად მეჩვენა ორი ორმეტრიანი წინსაფარაფარებული ვიკინგი თეფშებით ხელში. არც არაფერი. წარმატებით ჩაატარეს რეცხვის ოპერაცია და სუფრას დაუბრუნდნენ. გავაგრძელეთ. ერთი, ორი კიდევ რომ გადავკარი, მაინც ვერ მოვითმინე.
 
-         არა, არ გამიბრაზდეთ, მაგრამ უნდა გკითხოთ. როგორ მომწონხართ, ნამდვილი ვიკინგები ხართ, აი ზუსტად ისეთი იალქნიანი ნავებით ამერიკისკენ რომ დაცურავდნენ და მგლების ხროვას ხანჯლით რომ უმკლავდემოდნენ. ძალიან კარგები ხართ, ძალიან. ისე ვგრძნობ თავს, თითქოს სადმე კახეთში ვქეიფობდე.
 
ყველა სიამოვნებით და თავის კანტურით მისმენდა.
 
-         ხო მაგრამ, ეს ჭურჭელი და... სახლის საქმე რომ დიასახლისმა აკეთოს, რა მოხდება?
 
ამოვიბჟუტურე და ენაზე ვიკბინე, ნეტა ვისი ტიკიტომარა ვარ!
 
უხერხული პაუზა ჩამოვარდა, უცბათ ერთერთმა ვიკინგმა ოქროსფერი ლომის თავი გადააქნია, ხელი მაგიდას დაჰკრა და..
 
-         აუცილებლად ჯორჯიიდან უნდა ჩამოსულიყო კაცი, რომ ჩემი სათქმელი ეთქვა!
 
აბა იქ ამბავი ატყდა, აწივლდნენ ქალები - აი თქვე თვალთმაქცებოო, კაცები მაგრად დაუდგნენ და რაც კი რამ დაგროვილი იყო, ყველაფერმა ამოხეთქა. ლამის დაიქცა პოლიტკორეკტული ევროპა...
 
ტეხასში ძალიან ბევრი მექსიკელი ცხოვრობს, ხალხის ლამის ნახევარი ესპანურად ლაპარაკობს. მშვენივრად თანაარსებობენ ინგლისური და ესპანური. ყველაფერი ისეა აწყობილი რომ ნებისმიერ ენაზე ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებ და ნებისმიერ საქმეს, ოფიციალურს თუ კერძოს თავს გაართმევ. არავინ არ დაგაყვედრის რომელიმე ენაზე საუბარს.
 
ძალიან კარგი მექსიკური რესტორნებია, განსაკუთრებით ჰუსტონში. გურმანისა და მუცელღმერთასთვის ნამდვილი სამოთხეა. ვისაც ცხარე და ყუათიანი უყვარს, მექსიკურში უნდა წავიდეს.
 
მადას ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ როდესაც პირველად მოხვდი ჰუსტონურ მექსიკურ რესტორანში, კერძების ზომა-წონამ საგონებელში ჩამაგდო. ნამდვილი გარგანტიუების საჭმელებია! იმიტომაც ცხოვრობს ჰუსტონში ყველაზე ზორბა ხალხი.
 
სახელებიც გემრიელი ჰქვიათ: ჰალოპინო, ფახიტა, კესადია, მოკლედ ყველაფერი მექსიკურ ნაციონალური. მოიტანეს ცხელ ტაფაზე მოთუხთუხე შემწვარი ხორცი, ქოთნის ლობიო, მჭადი, წიწაკეულ მწვანილეული და დამაგვირგვინებელი კესადია - ნამდვილი ხაჭაპური! ეხლა გემოს არ იკითხავთ, - მცხეთის სალობიე...
 
2 სექტემბერი. 1991 წელი. ზემელზე, კინოს სახლთან ყოველკვირეული საინფორმაციო მიტინგია, ”ჭანტურიას მიტინგი”. ოპოზიცია საპროტესტო მოძრაობის აგორებას ცდილობს. საქართველო დამოუკიდებელია, უკრაინამ გვცნო. ცნობილი ნადისიდენტარი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ოპოზიციას ვერ იტანს. ოპოზიცია ქუჩაში მიტინგობს, აბა ტელევიზიაში არ უშვებენ...
 
რუსთაველის გამზირის მხრიდან, შავ ფორმებში, ფარებით და ხელკეტებით შეიარაღებული რაზმი გამოჩნდა. ეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეცრაზმია.
 
მიტინგს ჯერ არ სჯერა, რომ პოლიცია მოქმედებაზე გადავა. ეს ხომ თავისუფალი ქვეყანაა. მოკლე ბრძანება გაიცა, შავი რაზმი ერთ ხაზად განლაგდა და ხელკეტების ფარებზე ბრახუნით ხალხისკენ წამოვიდა. 9 აპრილის ”დეჟა ვიუა”.
 
-         არ ქნათ ბიჭო, ქართველები ხართ...
 
რაზმი მიტინგს მიაწვა და ხელკეტები აიქნია. იქ ყველას ახსოვდა 9 აპრილის სიმწარე, არც ერთი არ შეპუებია მაშინ რუსის ჯარს. გამწარებულებს ეხლა რა გააჩერებდათ. მაგარი ხელჩართული წავიდა.
 
-კამერა არ დაამტვრიოთ! ...მანქურთებო, რუსებო.... თქვენი დედაც..
 
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი ძალოვანები დაერივნენ ქართულ ოპოზიციას. ეს პირველი მერცხალი იყო, პირველი პრეზიდენტი ამაშიც პირველი აღმოჩნდა. ხომ იცით, მთავარია დაწყება! მერე კიდევ ბევრი იქნება. ბოლო ჯერაც არა ჩანს...
 
როდესაც საბჭოთა კავშირი მოსუსტდა, საზღვრები მეტ ნაკლებად გაიხსნა. მისვლა მოსვლაც ნელნელა გააქტიურდა. შვეიცარელი მთასვლელების გვესტუმრენენ. აბა გადავიკალით თავი როგორც ვიცით, სტუმარიო! ერთად ავედით იალბუზზე, მერე ყაზბეგში წავედით, მყინვარწვერის დასალაშქრად. მახსოვს, რომ ჩავედით, ნისლიანი ამინდი იყო. ორ ნაბიჯზე არაფერი ჩანდა. ყაზბეგის სასტუმროში გავჩერდით. გამოდარების იმედით დავიძინეთ. დილას ადრე გამეღვიძა, შვეიცარლებიც ფეხზე იყვნენ და საუბარ საუბარით აივანზე გავედით. უცბად სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. ცა მოწმენდილიყო, კრიალა ცისფერ ფონზე, ჩვენს წინ გერგეთის სამება მოჩანდა გენიოსი გრაფიკოსის ნახატივით და ზედ დაყუდებული ქათქათა მყინვარწვერი. ყველას ენა ჩაუვარდა, სტუმრებიც და მასპინძლებიც გაფაციცებით ვუყურებდით ამ საოცარ ბუნებრივ პანოს. მერე  ყველა ერთბაშად ფოტოაპარატების მოსატანად გაიქცა.
 
შემდეგ ჩვენ ვესტუმრეთ შვეიცარიას. ისეთი დრო ვატარეთ, შვეიცარლები აშკარად გვეჯიბრებოდნენ სტუმარმასპინძლობაში. ერთ ერთის ძმასთან წავედით. მთის ფერდობზე ვენახი გაეშენებინა, ფანატიკოსი მეღვინე იყო და ქალაქურ ცხოვრებას არ სცნობდა. დაგვგვიხვდა, გვიმასპინძლა, რაც კი რამ ჰქონდა ყველაფერი გაგვაშინჯა. მერე თავის სიამაყე გვაჩვენა, ვენახში ზვრებს შორის პატარა მონორელსი გაეკეთებინა, ზედ ვაგონეტკები მოძრაობდნენ, რთველის დროს იქ გროვდება ყურძენი და რელსით პირდაპირ მარანში იცლება. დავთვერით, მასპინძელთან ერთად ვაგონეტკებში მოვსკუპდით, ვენახი კივილ კივილით შემოვიქროლეთ და ბოლოს მარანში ყურძენივით გადმოგვცალეს კასრებში. აბა იქ უნდა გენახათ სიცილ ხორხოცი. თვალცრემლიანი მასპინძელი ვერ გველეოდა, არ წახვიდეთ, დარჩით, ჩიტის რძეს არ მოგაკლებთო, თქვენც ხელს გამიმართავთო...
 
ვერაზე, სადაც ჯავახიშვილის ქუჩა ბარნოვის ქუჩას უერთდება, უცნაური, დაქანებული სამკუთხა მოედანი იქმნება. იმ მოედანს ზევიდან სამსართულიანი აგურის სახლი ადგას, ბარნოვის 42. ფასადიდან გამართული სადარბაზოა, ორფრთიანი ხის მძიმე კარით. მარცხენა მხრიდან კი ორი სახლის კედელს შუა ვიწრო, ჩაბნელებული ასასვლელია. საცალფეხო ბილიკივით მიუყვება სიღრმეში სახლის კედელს, მერე ქვის კიბეებია და ვიწრო ხის კარი, ბარნოვის 42 -ის ეზოში შესასვლელი.
 
ამ სახლში დავიბადე და გავატარე პირველი წლები. მახსოვს ის უზარმაზარი ეზო და ბუმბერაზი თუთის ხე. დილას რომ მასაუზმებდნენ, გამომაწყობდნენ და ეზოში გამდგამდნენ, ჰარზე. იქ იწყებოდა დიდი მოგზაურობა, ეზოს მოპირდაპირე მხარეს, მეზობელთან, დეიდა მაშოსთან. მახსოვს რამსიშორე გზა იყო. კოლუმბის გამბედაობა და თავხედობა სჭირდებოდა იმ ძნელ მოგზაურობაში წასვლას. თან რამდენი განსაცდელი მსდევდა თან, მაგრამ სხვა რა გზა იყო? დეიდა მაშოსთან კარაქიანი პური და ყველი მელოდებოდა, თითქოს იმ წუთის ნასაუზმები არა ვყოფილიყავ.
 
ერთხელაც დიდობაში, ბარნოვის ქუჩაზე, დაფერდებულ სამკუთხა მოედანზე გავაჩერებინე მანქანა. მეგობარს ვთხოვე ერთი წუთი დამიცადეთქო. ჩაბნელებულ ვიწრო ასასვლელს გავუყევი კედელ კედელ, ქვის კიბეები ავიარე და ხის კარს მივადექი. ”პაპა  კარლოს” ოთახში, დახატული ბუხრის უკან დამალული კარი გამახსენდა. რაღა მე და რაღა ბურატინო. კარი შევაღე და სამშობლოში შევაბიჯე.
 
ვერაფერი ვერ ვიცანი, აღარსად იყო ბუმბერაზი თუთის ხე და ეზოც ისეთი პატარა, სულ რამდენიმე ნაბიჯი. ცოტა დაბნეულმა გამოვიხურე კარი და ქვის კიბეები ჩამოვირბინე.
 
-         სად იყავი? - მკითა მეგობარმა
-         არაფერი, ეტყობა შემეშალა რაღაც.
 
 
 
თორნიკე ბერიშვილი
ქ. ფრიტაუნი
2011 წლის 26 ოქტომბერი

No comments:

Post a Comment